23 მარტი 2022 წელი
საქმე№ ა-1086-შ-34-2022 ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – გ.გ–ი
მოწინააღმდეგე მხარე – ე.ე.
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – ჰააგის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება (საქმე №C/09/611706)
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ჰააგის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით განქორწინებულად გამოცხადდნენ გ.გ–ი და ე.ე, რომლებიც დაქორწინდნენ 2006 წლის 02 ივნისს საქართველოში ქ. ხაშურში.
ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ გადაწყვეტილების სამოქალაქო რეესტრში გატარებისთანავე ცოლი გატარდა, როგორც მოქირავნე საცხოვრებელი სახლისა, მდებარე ქ. ჰააგაში მისამართზე (Hoefkade .... (.... HS) Den Haag) და საცხოვრებელ სახლში არსებული მოძრავი ქონება ერგო ცოლს. გადაწყვეტილება, განქორწინების ნაწილის გარდა მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა საქმეში არსებული მასალებით, კერძოდ, ქმრის განცხადება განქორწინების შესახებ და ცოლის განცხადება.
ჰააგის სასამართლოს მიერ 2022 წლის 14 იანვარს გაცემული ცნობით დასტურდება, რომ 2021 წლის 13 დეკემბერს ჰააგის სასამართლომ განქორწინებულად გამოაცხადა მხარეები. აღნიშნული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა. შესაბამისად აღნიშნულ გადაწყვეტილებას აქვს შეუქცევადი ხასიათი. მხარეებს შორის ქორწინება ითვლება გაუქმებულად 2021 წლის 13 დეკემბრიდან, როცა განქორწინების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება გატარდა ჰააგის სამოქალაქო რეესტრში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 მარტის განჩინებით გ.გ–ის შუამდგომლობა ჰააგის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილების (საქმე №C/09/611706) განქორწინების ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ, მიღებული იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს, მიაჩნია, რომ გ.გ–ის შუამდგომლობა ჰააგის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილების (საქმე №C/09/611706) განქორწინების ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
დადგენილია, რომ ჰააგის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით (საქმე №C/09/611706) განქორწინებულად გამოცხადდნენ გ.გ–ი და ე.ე, რომლებიც დაქორწინდნენ 2006 წლის 02 ივნისს საქართველოში ქ. ხაშურში.
ჰააგის სასამართლოს მიერ 2022 წლის 14 იანვარს გაცემული ცნობით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2021 წლის 13 დეკემბრიდან.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტში მოცემულია უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობაზე უარის თქმის საფუძვლები, კერძოდ, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტის მიხედვით, ქორწინებასთან დაკავშირებულ საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ ერთ-ერთი მეუღლე საქართველოს მოქალაქეა ან ქორწინებისას საქართველოს მოქალაქე იყო. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ქორწინებასთან დაკავშირებულ საქმეებში იგულისხმება განქორწინება, ქორწინების შეწყვეტა ან ბათილად ცნობა, ქორწინების ან მეუღლეთა თანაცხოვრების ფაქტის დადგენა.
საქმეში წარმოდგენილი ქორწინების მოწმობის ასლით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი _ გ.გ–ი ქორწინებისას საქართველოს მოქალაქე იყო.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ჰააგის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილების (საქმე №C/09/611706) განქორწინების ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, რაც აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე და 285-ე მუხლებით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ.გ–ის შუამდგომლობა ჰააგის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილების (საქმე №C/09/611706) განქორწინების ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. ცნობილი იქნას საქართველოს ტერიტორიაზე ჰააგის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება (საქმე №C/09/611706), რომლითაც განქორწინებულად გამოცხადდნენ გ.გ–ი და ე.ე. (დაქორწინების თარიღი:02 ივნისი 2006 წ. ქ.ხაშური).
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი