Facebook Twitter

08 თებერვალი 2022 წელი №ას-912-2021 ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თამარ ზამბახიძე,

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - შ.პ.ს. „დ–ი“

მოწინააღმდეგე მხარე - გ.კ–ძე

მოპასუხე - კერძო საწარმო „პ-ს–ი“

მესამე პირი - ს.ს.ი.პ. „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი“

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. გ.კ–ძემ (შემდეგში: „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ამხანაგობა „დ–ი-ს–ის“ წევრების: შ.პ.ს. „დ–ის“ (შემდეგში: „პირველი მოპასუხე“ ან „კასატორი“) და კერძო საწარმო - „პ-ს–ის“ (შემდეგში: „მეორე მოპასუხე) მიმართ, ზიანის - 70 620,81 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით.

2. მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს.

3. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 02 ოქტომბრის გადაწყვეტილებით - სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 67402.66 ლარის გადახდა.

4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა პირველმა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

5.1. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

5.1.1. მოსარჩელე საკუთრების უფლებით ფლობს ქ. ჭიათურაში, ...... 34- ში მდებარე უძრავ ქონებას, საკადასტრო კოდით ....., მიწის ნაკვეთის დაზუსტებული ფართობი - 400 კვ.მ, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი N01/2, N02/1.

5.1.2. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2016 წლის 24 ივნისის ხელშეკრულების შესაბამისად, სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი“ და ამხანაგობა „დ–ი-ს“ შეთანხმდნენ შემდეგზე: შემსყიდველმა გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი ჭიათურის მუნიციპალიტეტში არსებული ძველი საბაგირო სადგურებისა და საბაგირო-სატრანსპორტო სისტემების სადემონტაჟო სამუშაოებისა და ახალი რევერსული გონდოლებიანი საბაგირო-სატრანსპორტო სისტემების სამონტაჟო და შესაბამისი ინფრასტრუქტურული ობიექტების სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით. ტენდერში გამარჯვების შედეგად მიმწოდებელმა იკისრა ვალდებულება მიეწოდებინა შემსყიდველისათვის ზემოაღნიშნული სამუშაო. მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულება სამუშაოს მიწოდებასთან დაკავშირებული

ყველა ხარჯისა და მიმწოდებლისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით შეადგენდა 7 728 678.86 ლარს. ხელშეკრულების მე-5 პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებელი ვალდებული იყო შემსყიდველისა და მიმწოდებლის სასარგებლოდ, საკუთარი ხარჯებით უზრუნველეყო მითითებული ობიექტების დაზღვევა, კერძოდ, მესამე პირთა საკუთრების დაზიანების ან/და განადგურების რისკის დაზღვევა. კომპენსაციისათვის მინიმალური სადაზღვევო დასაფარი თანხა ერთი მილიონი ლარი იყო. ფრანშიზა ყველა ტიპის რისკისათვის თითო და ყოველივე ზარალზე განისაზღვრა არაუმეტეს ზარალის ღირებულების 1%-სა. დაზღვევის მოქმედების ვადა დაფარავდა ხელშეკრულების გაფორმების თარიღის მომდევნო დღიდან სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების დასრულების ვადას.

5.1.3. 2018 წლის 12 მარტს გაცემული შენობის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ N053/3 დასკვნის თანახმად, ქ. ჭიათურაში ....... მდებარე საცხოვრებელი სახლის დეფორმაციის გამომწვევ მიზეზთა შორის მითითებულია გარემოს ფაქტორი: გამოსაკვლევი ობიექტის მიმდებარედ ბოლო ხანებში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების შედეგად გამოწვეული იყო ძალური (ვიბრაციული) ბიძგები. შენობაზე არასწორი და არასრულფასოვანი საექსპლუატაციო პირობები: არ იყო ცნობილი; შენობაზე ადრე განხორციელებული გამაგრება-გაძლიერებითი სამუშაოები: ჩატარებული არ იყო; მოცემული პერიოდისათვის საცხოვრებელ სახლს მიყენებული ჰქონდა შემდეგი დაზიანებები: საცხოვრებელი შენობა განივ პერიმეტრებზე და უკანა მხარეს და ასევე, უკანა კუთხის ნაწილები მწვავედ ავარიული იყო. დეფორმირებული და დამჯდარი იყო მზიდი კედლები, ჰქონდა სხვადასხვა ხასიათის ბზარები რამდენიმე სანტიმეტრამდე გახსნით. ლამინატის იატაკი გრეხილი და ჩაქცეული იყო დამჯდარი მზიდი კედლების მიმართულებით, ნალესი ცვიოდა. მათ მიერ დაყენებული იქნა დაზიანებების პროგრესირების გამოსაკვლევი ინდიკატორები. აღნიშნულ საკითხზე გაიცა დასკვნა-რეკომენდაციები ჩატარებულიყო კომპეტენტური პირის მიერ გეოლოგიური გამოკვლევა და გაცემულიყო სათანადო დასკვნა; სახლის გამაგრების კონსტრუქციული პროექტის შესამუშავებლად და კონსტრუქტორის მიერ კონსტრუქციული გადაწყვეტილებების მიღების მიზნით შესწავლილიყო ავარიულ სახლთან მიმართებაში არსებული მდგომარეობა და მის საფუძველზე გაცემულიყო სათანადო ტექნიკური დავალება.

5.1.4. 2018 წლის 28 აპრილს გაცემული შენობის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ N067/3 დასკვნის თანახმად, ქ. ჭიათურაში, ...... მდებარე საცხოვრებელი სახლის დეფორმაციის გამომწვევ მიზეზთა შორის მითითებული იყო გარემოს ფაქტორი: გამოსაკვლევი ობიექტის მიმდებარედ ბოლო ხანებში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების შედეგად გამოწვეული ძალური (ვიბრაციული) ბიძგები. შენობაზე არასწორი და არასრულფასოვანი საექსპლუატაციო პირობები: არ იყო ცნობილი; შენობაზე ადრე განხორციელებული გამაგრება-გაძლიერებითი სამუშაოები: ჩატარებული არ იყო. მოცემული მომენტისათვის სახეზე იყო დაზიანებები: საცხოვრებელი შენობა ჩრდილო-დასავლეთით მიშენების მხარე და კუთხის ნაწილები მწვავედ ავარიული იყო, განსაკუთრებით განივი მზიდი კედლების ზონა და სახლის უკანა მხარის კუთხის ჩრდილო-აღმოსავლეთის ნაწილი 4,5-5,30 გრძივი მეტრის მანძილზე, ჩრდილო-დასავლეთის კუთხის ნაწილი მთლიანად. მათ შორის საცხოვრებელი კორპუსის განივი მზიდი კედლების თავში და ბოლოში საძირკველი მთელ სიგრძეზე, სამხრეთის ფასადის (ქუჩის მხარე) ფუნდამენტის შუა ნაწილის რამდენიმე მცირე ადგილი სუსტად დაზიანებული იყო. ჩრდილო დასავლეთის ფასადისა და ჩრდილოეთით იმ ზონაში, რომლის ახლოს განთავსებული იყო საბაგირო ხაზოვანი ნაგებობის რკინაბეტონის საფუძველზე დამონტაჟებული ლითონის სვეტი, დეფორმირებული და დამჯდარი იყო მზიდი კედლები, ჰქონდა სხვადასხვა ხასიათის მწვავე ბზარები ბეწვისოდენიდან რამდენიმე სანტიმეტრამდე გახსნით. საძირკვლებში არ ფიქსირდებოდა ნესტის კაპილარული შეწოვა, რაც გამორიცხავდა საძირკვლის ჯდენის მიზეზს. შესამჩნევი ქანობები იყო მიშენების გადახურვებში. საცხოვრებელი სახლის დასავლეთით განივ მზიდ კედლებზე და ჩრდილო-დასავლეთით კუთხის ბოლოში ფუნდამენტი მოცემულ ეტაპზე არ განიცდიდა დეფორმაციების პროგრესირებას, მაგრამ მზიდ კედლებზე მწვავე ბზარები გაჩენილი იყო და შეიმჩნეოდა ფასადის დეფორმაციები გადახრით ფორმით. სახლის დასავლეთით შუალედში, საბაგირო ლითონის სვეტის განთავსების ზონის მიმდებარედ შეიმჩნეოდა ფუნდამენტის ჯდენა. აღნიშნული დროისათვის გაცემული დასკვნა-რეკომენდაციების მიხედვით, ქ. ჭიათურაში ..... მდებარე შენობა ავარიულობის ხარისხის მიხედვით განეკუთნებოდა დაზიანებების II და III კატეგორიას. აღნიშნული შენობის საძირკვლის ჩაქცევისა და დეფორმაციის, ასევე კედლების გაბზარვისა და დეფორმაციის გამომწვევ სავარაუდო მიზეზს წარმოადგენდა საცხოვრებელი საძირკვლის ჯდენა ფუძე-გრუნტში, ასევე საცხოვრებელი შენობის დაზიანების სავარაუდო მიზეზი იყო მიწისძვრის დროს გამოწვეული ძალური ბიძგები, რასაც ხელი შეუწყო საბაგირო ხაზოვანი ნაგებობის მშენებლობის პერიოდში გამოყენებული მძიმე ტექნიკის ვიბრაციულმა ძალურმა ბიძგებმა.

5.1.5. 2018 წლის 8 ივნისს გაცემული შენობის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ N093/3 დასკვნის თანახმად, ქ. ჭიათურაში ....., მდებარე საცხოვრებელი სახლის დეფორმაციის გამომწვევ მიზეზთა შორის მითითებული იყო გარემოს ფაქტორი: გამოსაკვლევი ობიექტის მიმდებარედ ბოლო ხანებში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების შედეგად გამოწვეული ძალური (ვიბრაციული) ბიძგები. შენობაზე არასწორი და არასრულფასოვანი საექსპლუატაციო პირობები: არ იყო ცნობილი; შენობაზე ადრე განხორციელებული გამაგრება-გაძლიერებითი სამუშაოები ჩატარებული არ იყო; შენობის დაზიანებები იყო: საცხოვრებელი შენობა განივ პერიმეტრებზე და უკანა მხარეს და ასევე, უკანა კუთხის ნაწილები მწვავედ ავარიული იყო. დეფორმირებული და დამჯდარი იყო მზიდი კედლები, ჰქონდა სხვადასხვა ხასიათის ბზარები რამდენიმე სანტიმეტრამდე გახსნით. ლამინატის იატაკი გრეხილი და ჩაქცეული იყო დამჯდარი მზიდი კედლების მიმართულებით. ბზარებს ახასიათებდა ახლო პერიოდში მომხდარი გახსნადობა, რაც გამოწვეული იყო შენობაზე მიყენებული ძალური ბიძგებით. ფუნდამენტს ახასიათებდა ჯდენა ხოლო ბზარების გახსნადობის სიმწვავე ყველაზე მეტად ფიქსირდებოდა საცხოვრებელი სახლის ზედა ნაწილში, რაც შენობაზე მიყენებული ვიბრაციული ძალური ბიძგების მიმანიშნებელი იყო. ნალესი ხელის ოდნავ შეხებითაც ცვიოდა. 2018 წლის 26 თებერვალს, მათ მიერ დაყენებულ იქნა დაზიანებების პროგრესირების გამოსაკვლევი ინდიკატორები, რომლებსაც დაყენების მომენტიდან დღემდე არ განუცდია გაბზარვის მაფიქსირებელი ნიშნები. აღნიშნული იმის მიმანიშნებელი იყო, რომ არ ფიქსირდებოდა ბზარების პროგრესირება და დღეისთვის მდგომარეობა სტაბილური იყო.

5.1.6. შპს „გ–ის“ დასკვნის თანახმად, შენობა აიგო გასული საუკუნის 50-იან წლებში, ხოლო 70-იან წლებში მოხდა მასზე ჩრდილოეთის მხრიდან მიშენება. შენობის მოსახლის ცნობით, გასულ წლამდე სახლს აღენიშნებოდა მცირე დაზიანებები, მაგრამ სახლის მდგომარეობა არ იყო დარღვეული; ამჟამად სახლი ძლიერ დაზიანებული იყო, კედლებზე ფიქსირდებოდა მრავლობითი, სხვადასხვა მიმართულების ნაპრალები, როგორც ვერტიკალური, ასევე ჰორიზონტალური და ირიბი მიმართულებით, განსაკუთრებით დაზიანებული იყო სახლის დასავლეთი და აღმოსავლეთი ექსპოზიციის კედლებისა და შენობის უკან მდებარე ბაქნის ჩრდილო-დასავლეთი კუთხე; შენობის მძიმე დაზიანებები ემთხვეოდა გასულ წელს საბაგირო გზის საყრდენის მშენებლობის დროს შესრულებულ სამუშაოებს, ასევე, ვარაუდს ადასტურებდა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ მომზადებული დასკვნა. დაზიანებულ უბნებში გაჩენილ ნაპრალებში 2018 წლის 17 თებერვალს მათ მიერ დაყენებულ იქნა ყალაურები, მათი ხელმეორედ შემოწმებისას (26 აპრილი), მათზე დეფორმაციები არ აღინიშნებოდა. ამჟამად შენობა იმყოფებოდა სტაბილურ მდგომარეობაში და მასზე არავითარი ჯდენები არ მიმდინარეობდა. მოცემული მომენტისათვის შენობა იმყოფებოდა სუსტად მდგრადი სტაბილურ მდგომარეობაში, მაგრამ შესაძლოა სუსტ ეგზოგენურ მაპროცირებელ ფაქტორებს გამოეწვია კატასტროფული შედეგები, ამიტომ საჭირო იყო შენობის დაზიანებულ უბნებში, როგორც კედლებზე, ასევე საძირკველზე გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება. გრუნტის დამუშავების სიძნელის ს.ნ. და წ. IV-5-82-ის მიხედვით: მსხვილნატეხობანი თიხნარი გრუნტი მიეკუთვნებოდა 33დ რიგს, დამუშავების სამივე ხერხით III კატეგორიას.

5.1.7. შ.პ.ს. დ.ს.ე–ის დასკვნით, ქ. ჭიათურაში, ..... მდებარე საცხოვრებელი სახლის მზიდი ელემენტების მდგომარეობა კრიტიკული იყო თავიდან წარმოქმნილი ექსპლუატაციური (ხანდაზმულობის) სუსტი ბზარებისა და შემდეგ საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ ძველის საბაგირო სადგურებისა და საბაგირო-სატრანსპორტო სისტემის სადემონტაჟო და შესაბამისი ინფრასტრუქტურული ობიექტების სამშენებლო სამუშაოების წარმოების პერიოდში გამოყენებული სამშენებლო მძიმე ტექნიკის რეზონანსული ბიძგებით მიყენებული დაზიანებების გამო. ხოლო კითხვას, იყო თუ არა დაცული აღნიშნული ნაგებობის დემონტაჟისა და მშენებლობის პერიოდში „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 35-ე მუხლის მოთხოვნები“, აღნიშნულთან დაკავშირებით თუ რა ღონისძიებები ტარდებოდა საბაგირო ნაგებობის სამუშაოების შემსრულებელი ორგანიზაციის მიერ, ასეთზე ინფორმაცია არ მოიპოვებოდა, რაც შეეხებოდა ფაქტს ავარიულ სახლთან მიმართებით, სახეზე იყო. საცხოვრებელი სახლის მზიდ ელემენტებში (საძირკვლებსა და კედლებში) მსხვილი და წვრილი დეფექტების ზომები და მათი დისლოკაციის ხასიათი მეტყველებდა, რომ დაზიანებები უმეტესად შეძენილი იყო ახლო და უახლოეს პერიოდში. ამასთან: 1. მოცემულ ეტაპზე აღნიშნული საცხოვრებელი ნაგებობის ტექნიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, არსებულ დაზიანებებს შემდგომში კიდევ უფრო მწვავე განვითარება ემუქრებოდა, თუ საცხოვრებელ ნაგებობას დროულად არ ჩაუტარდებოდა გამაგრებითი სამუშაოები; 2. აღნიშნული სახლის სიცოცხლის უნარიანობის გასახანგრძლივებლად საცხოვრებელ შენობას, რომელიც მოცემული მომენტისათვის მწვავე ავარიულ მდგომარეობაში იყო, გამაგრება-გაძლიერების მიზნით ესაჭიროებოდა კაპიტალური რემონტის ჩატარება, მასზე შედგენილი საპროექტო დოკუმენტაციის მოთხოვნების გათვალისწინებით.

5.1.8. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 13.12.2018წ. N008340218 დასკვნით, ქ. ჭიათურაში ....... ქ. N34-ში მდებარე მოსარჩელის კუთვნილი სახლის ტექნიკური მდგომარეობა ვიზუალური დათვალიერებით არადამაკმაყოფილებელი იყო, მისი შემდგომი ექსპლუატაცია საფრთხის შემცველი. ქ. ჭიათურაში ....... ქ. N34-ში მდებარე მოსარჩელის კუთვნილ სახლზე მიყენებული გარკვეული დაზიანებები, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ N006001217 დასკვნის თანახმად, მიღებული იყო სამუშაოების დაწყებამდე, 2016 წლის 24 ივნისის ხელშეკრულების გათვალისწინებით, ამხანაგობა „დ–ი-ს–ის“ მიერ მიმდებარე ტერიტორიაზე შესრულებულმა სამშენებლო სამუშაოებმა უარყოფითი ზეგავლენა მოახდინეს შენობაზე და გააუარესეს მისი მდგომარეობა. ამხანაგობა „დ–ი-ს“-ს მიერ მიყენებული ზიანის დადგენა ტექნიკურად შეუძლებელი იყო. მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის აღდგენის ღირებულება მოცემული იყო N1 დანართში და საორიენტაციოდ შეადგენდა - 67402.66 ლარს. ქალაქ ჭიათურაში, ....... ქ. N34-ში მდებარე უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრა დაზიანებამდე ვერ მოხერხდა, რადგანაც ექსპერტიზისთვის უცნობი იყო, თუ რა მდგომარეობაში იყო სახლი დაზიანებამდე.

5.1.9. 2016 წლის 02 ივნისის ხელშეკრულების მიხედვით, პირველ და მეორე მოპასუხეს შორის დაიდო ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულება. ამხანაგობის დასახელებაა „დ–ი-ს–ი“, რომელიც ექვემდებარება საგადასახადო აღრიცხვის ერთიან რეესტრში გადასახადის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციას. ამხანაგობის ერთობლივი საქმიანობის სახეობა და მიზანი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში (SPA160013879) მონაწილების მიღება, ტენდერში ამხანაგობის გამარჯვების შემთხვევაში, შესყიდვის ობიექტის - კაბინებიანი საბაგირო-სატრანსპორტო სისტემის მშენებლობა. ამხანაგობის მართვის უმაღლესი ორგანოა საერთო კრება. საერთო კრება გადაწყვეტილებაუნარიანია თუ მას ესწრება, როგორც პირველი, ასევე მეორე მოპასუხე. ამხანაგობის წევრის წილი მისი შენატანის პროპორციული იყო. პირველი მოპასუხის წილი განისაზღვრა 97,82 პროცენტით, ხოლო მეორე მოპასუხის - 2,18 პროცენტით.

5.2. სააპელაციო პალატამ დამატებით მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:

5.2.1. სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა“ და ამხანაგობა „დ–ი-ს–ის“ შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2016 წლის 24 ივნისის ხელშეკრულების შესაბამისად, ამხანაგობამ იკისრა ვალდებულება უზრუნველეყო ჭიათურის მუნიციპალიტეტში არსებული ძველი საბაგირო სადგურებისა და საბაგირო-სატრანსპორტო სისტემების სადემონტაჟო სამუშაოებისა და ახალი რევერსული გონდოლებიანი საბაგირო-სატრანსპორტო სისტემების სამონტაჟო და შესაბამისი ინფრასტრუქტურული ობიექტების სამშენებლო სამუშაოების წარმოება.

5.2.2. ამხანაგობა „დ–ი-ს–ი“ (პირველი და მეორე მოპასუხე), სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდთან“ 24.06.2016 წელს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, ქ. ჭიათურაში, რამდენიმე ადგილზე აწარმოებდა ძველი საბაგირო სადგურებისა და საბაგირო-სატრანსპორტო სისტემების სადემონტაჟო და ახალი საბაგირო-სატრანსპორტო სისტემების სამონტაჟო - სამშენებლო სამუშაოებს.

5.2.3. საბაგირო გზის ერთ-ერთი საყრდენი ანძა, რომლის მშენებლობასაც ზემოაღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში ახორციელებდა მოპასუხე მხარე, მდებარეობს მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ქ. ჭიათურში, ....... ქუჩა 34-ში მდებარე უძრავ ქონების - საცხოვრებელი სახლისა და საკარმიდამო მიწის ნაკვეთის, საკადასტრო კოდი -......, მიმდებარედ (დაახლოებით 6-7 მეტრის დაშორებით).

5.2.4. სააპელაციო სასამართლომ, დავის არსის გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ განსახილველი დავა დელიქტური სამართლით მოსაწესრიგებელ საკითხთა წრეს მიეკუთვნებოდა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილისა (ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან) და 992-ე მუხლის (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), თანახმად, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია დელიქტური ვალდებულება, რაც გულისხმობს, რომ პირს ვალდებულება ზიანის მიყენების (დელიქტის) შედეგად წარმოეშობა. განსხვავებით სახელშეკრულებო ვალდებულებისგან, დელიქტური ვალდებულების წარმოშობისთვის შემდეგი ელემენტების კუმულაციური არსებობაა საჭირო: ზიანი, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა და ქმედებას შორის. აღნიშნული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, პირს (ზიანის მიმყენებელს), დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურება უნდა დაეკისროს. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები აღნიშნული ნორმის დისპოზიციას უნდა შეესაბამებოდეს. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას გამორიცხავს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 15.02.2018წ. განჩინებაში მოცემული მსჯელობა საქმეზე №ას-72-72-2018).

5.2.5. სააპელაციო სასამართლო საქმეში არსებული მტკიცებულებების, მათ შორის მხარეთა მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნების ერთობლივად შეფასებით, მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების – საცხოვრებელი სახლის დაზიანება და მასზე აღდგენით-გამაგრებითი სამუშაოების წარმოება განაპირობა სწორედ მოპასუხის მიერ განხორციელებულმა ქმედებებმა - სადემონტაჟო და საბაგირო სისტემის სამონტაჟო სამუშაოების წარმოებამ.

5.2.6. დადგენილი იყო და მხარეთა შორის დავას არ იწვევდა ის გარემოება, რომ სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა“ და ამხანაგობა „დ–ი-სკის“ სადემონტაჟო და სამონტაჟო-სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე, არ უწარმოებიათ კვლევა მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის მიმდებრედ, (ქ. ჭიათურა, ....... ქუჩა), სამშენებლო ტერიტორიის არეალში არსებული შენობა-ნაგებობების მდგრადობაზე, შესაბამისად, შემუშავებული არ ყოფილა კონკრეტული რეკომენდაცია სამშენებლო სამუშაოების იმგვარად წარმოების შესახებ, რაც მაქსიმალურად გამორიცხავდა მოსაზღვრე ნაგებობათა დეფორმაცია-დაზიანების ფაქტს.

5.2.7. სადავო არ იყო, რომ ამგვარი კვლევა საბაგირო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოთა წარმოებამდე, სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის“ დაკვეთით ნაწარმოები იქნა შპს „რ–ის“ მიერ, ქ. ჭიათურაში, ....... ქუჩა №21-ის, ....... ქუჩა №7-ის, ....... ქუჩა №5-ის და ა. შ. მიმდებარე ტერიტორიებზე. რაც შეეხებოდა სადავო ტერიტორიაზე არსებულ ნაგებობათა (მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორია) მდგრადობის საკითხსა და მშენებლობის ზემოქმედების შედეგად გამოწვეული ზიანის რისკს, ის სათანადო წესით არ გამოკვლეულა.

5.2.8. პალატამ მიუთითა სადავო პერიოდში მოქმედ, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილებაზე, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ (ძალადაკარგულია საქართველოს მთავრობის 03/02/2020 წლის #139 დადგენილებით) და აღნიშნა, რომ ამ დადგენილების 35-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ახალი მშენებლობისა და არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციისას უნდა შეფასებულიყო დ–ეგმილი მშენებლობის მომიჯნავე შენობა-ნაგებობის მდგრადობა. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ჩამოყალიბებული განაშენიანებით შეზღუდულ პირობებში მშენებლობის განხორციელებისას დამკვეთმა, დამპროექტებელმა და მშენებელმა უნდა უზრუნველყონ ყველა საჭირო ღონისძიების განხორციელება, რათა გამოირიცხოს მათი მიზეზით მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე შენობა-ნაგებობების კონსტრუქციების დეფორმაცია და დაზიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში, დამკვეთი ვალდებულია ასეთი ფაქტის დადასტურებისას: ა) საკუთარი ხარჯებით გამოასწოროს მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე შენობა-ნაგებობების კონსტრუქციების დეფორმაცია და დაზიანება;

5.2.9. მოპასუხეს რაიმე კვლევა, მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის მდგრადობის, არსებული მდგომარეობის ფიქსირების, ობიექტზე სამშენებლო სამუშაოების შესაძლო ზემოქმედების შესახებ არ უწარმოებია. აღნიშნული კი, მოპასუხის მტკიცების ტვირთზე ნეგატიურ გავლენას ახდენდა და ის კომპენსირებული ვერ იქნებოდა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ამხანაგობა მშენებლობის პროცესს აწარმოებდა სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის“ მიერ მიწოდებული პროექტის სრული დაცვით.

5.2.10. წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასების შედეგად, პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ შეძლო მისი მტკიცების ტვირთის რეალიზება, რაც სარწმუნო მტკიცებულებით ვერ გააბათილა მოპასუხემ. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნია მოპასუხის მიერ განხორციელებული სამშენებლო-სადემონტაჟო სამუშაოების შედეგად, მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების - საცხოვრებელი სახლის დაზიანებით, მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტი.

5.2.11. მიყენებული ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით პალატამ მიუთითა საქმეში წარმოდგენილ, ზემოაღნიშნულ ექსპერტიზის დასკვნებზე, რომელთა მიხედვით, დგინდებოდა, რომ შენობის დაზიანებულ უბნებში, როგორც კედლებზე, ასევე საძირკველზე საჭიროა გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება; მოცემულ ეტაპზე აღნიშნული საცხოვრებელი ნაგებობის ტექნიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, არსებულ დაზიანებებს შემდგომში კიდევ უფრო მწვავე განვითარება ემუქრება, თუ საცხოვრებელ ნაგებობას დროულად არ ჩაუტარდება გამაგრებითი სამუშაოები; აღნიშნული სახლის სიცოცხლისუნარიანობის გასახანგრძლივებლად საცხოვრებელ შენობას, რომელიც დღეის მდგომარეობით მწვავე ავარიულ მდგომარეობაშია, გამაგრება-გაძლიერების მიზნით ესაჭიროება კაპიტალური რემონტის ჩატარება მასზე შედგენილი საპროექტო დოკუმენტაციის მოთხოვნების გათვალისწინებით; საცხოვრებელი სახლის აღდგენითი ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენდა 67 402.66 ლარს (სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 13.12.2018წ. დასკვნა; ტ. 1, ს. ფ. 353-371);

5.2.12. სააპელაციო პალატამ სამოქალაქო კოდექსის 326-ე, 408-ე-409-ე, 411-ე-412-ე მუხლებზე მიუთითა და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ მოპასუხის მიერ განხორციელებული სამუშაოს შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლი გადაუდებლად საჭიროებდა აღდგენითი სამუშაოების განხორციელებას, რომლის ღირებულება - 67 402.66 ლარია, სადავო არ იყო, რომ სამშენებლო სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, მოპასუხისათვის იმთავითვე ცხადი, ნათელი და მოსალოდნელი უნდა ყოფილიყო ის ზიანი, რაც საცხოვრებელი სახლის დაზიანებით უძრავი ქონების მესაკუთრეს მიადგებოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ სახეზე იყო დელიქტური ვალდებულების წარმოშობისა და ზიანის ანაზღუარების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილების ყველა კომპონენტი, რაც მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი იყო.

5.2.13. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, რაიონული სასამართლოს მხრიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის მოთხოვნების დარღვევის ფაქტი არ დასტურდებოდა. ამ მხრივ პალატამ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის მოთხოვნის საგანი ზიანის ანაზღაურება იყო. დადგენილი იყო, რომ ზიანი გამოიწვია უშუალოდ ამხანაგობა „დ–ი-ს–ის“ (პირველი და მეორე მოპასუხე) მიერ განხორციელებულმა სამშენებლო-სადემონტაჟო სამუშაებმა. ამდენად, მოსარჩელემ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მეორე მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, სწორად განსაზღვრა მის სარჩელზე პასუხისმგებელ პირთა წრე.

6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა პირველმა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი საფუძვლებით:

6.1. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის № 57 დადგენილების 35-ე მუხლის თანახმად, ახალი მშენებლობის წარმოებისას დაარსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციისას მოსაზღვრე შენობა-ნაგებობის დაზიანებაზე პასუხისმგებელ პირს წარმოადგენს მშენებლობის შემკვეთი, მოცემულ შემთხვევაში კი, სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი“. შესაბამისად, კასატორი არასათანადო მოპასუხეს წარმოადგენდა და ის სათანადო მოპასუხით უნდა ჩანაცვლებულიყო.

6.2. კასატორმა სამშენებლო სამუშაოები განახორციელა არსებული პროექტისა და სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნათა სრული დაცვით. აღნიშნული პროექტი შესწავლილი იყო სსიპ „ტ. და ს. ზ. ს–ოს“ მიერ და გაცემული იყო მშენებლობის ნებართვა. კასატორის მიერ შესრულებული სამუშაოები აკმაყოფილებდა ხელშეკრულების პირობებს, რის გამოც შემკვეთის მიერ მიღებულ იქნა ყველა სამუშაო.

6.3. ააიპ „საქართველოს გეოფიზიკური ასოციაციის“ 2020 წლის 04 აგვისტოს დასკვნით, ცალსახად დასტურდება, რომ საბაგირო სადგურის ანძის საძირკვლის კონსტრუქცია გავლენას არ ახდენს მოსარჩელის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის საძირკველის ჩაჯდომით დეფორმაციებზე. შენობის ტექნიკური მდგომარეობის შესწავლის მიზნით ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ იგი აშენებულია სეისმომედეგი მშენებლობის რეკომენდაციების დარღვევით, რაც დასტურდება მზიდ კედლებში მრავლობითი ძველი და ახალი წარმოშობის ბზარებით. შენობაში შეინიშნება უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები და დაზიანებები ლითონის კონსტრუქციებში, რომლებიც დაკავშირებულია ლითონისა და რკინა ბეტონის ელემენტების უხარისხოდ შესრულებულ კვანძებთან, ლითონის კოროზიასთან, ბეტონის განშრევებასთან და არმატურის დამცავი ფენის დაშლასთან, რაც ბუნებრივია არ უნდა ყოფილიყო დაკავშირებული ანძის მშენებლობასთან.

6.4. მოსარჩელის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი დასკვნები დაუსაბუთებელია, რასაც მოწმობს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2019 წლის 8 იანვრის წერილიც, რომლის მიხედვითაც, დაზიანებული მზიდი კონსტრუქციების მქონე საცხოვრებელი სახლის აღდგენითი სამუშაოების ღირებულების დადგენა წინასწარ დამუშავებული პროექტის გარეშე შეუძლებელია.

6.5. კასატორის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნით ცალსახად დგინდება, რომ ანძისა და საცხოვრებელი სახლის საძირკვლებს შორის არის უსაფრთხო დისტანცია, რაც არსებული გეოლოგიური კვლევების გათვალისწინებით გამორიცხავს მშენებლობის ზეგავლენას სახლზე. თავად მოსარჩელის მიერ წარდგენილი დასკვნებით დგინდება, რომ სახლი აშენებულია გასული საუკუნის 50-იან წლებში, მასზე განხორციელებულია მიშენება, არ ჩატარებია გამაგრებითი სამუშაოები. 2018 წლის 12 მარტიდან 8 ივნისამდე პერიოდში შენობის კედლების ბზარებზე მოწყობილი ყალაურები არ პროგრესირებდა მიუხედავად ამხანაგობის მხრიდან სამუშაოების წარმოებისა, დაზიანების შესაძლო გამომწვევი მიზეზებია: ქარი, მიწისძვრა, ნიაღვრები. საცხოვრებელი სახლი აშენებულია სეისმომედეგი მშენებლობის რეკომენდაციების დარღვევით.

6.6. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია მოსარჩელის ბრალზე ზიანის დადგომაში, სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლის საფუძველზე.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებელია შემდეგი გარემოებების გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

10. განსახილველ შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნა გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) და 937.1 (ხელშეკრულების მონაწილეები ერთობლივი საქმიანობიდან წარმოშობილი ვალებისათვის პასუხს აგებენ სოლიდარულად. ერთმანეთთან ურთიერთობაში პასუხისმგებლობის ოდენობა განისაზღვრება მონაწილეთა წილის შესაბამისად, თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს) მუხლებიდან.

11. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით გათვალისწინებული დელიქტური ვალდებულების წინაპირობებია: მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის, ზიანის მიმყენებლის ბრალი. პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ არსებობს ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული ოთხივე წინაპირობა (გენერალური დელიქტი) (სუსგ №ას-751-751-2018, 15.10.2020წ) „გენერალური დელიქტის“ ერთ-ერთი მთავარი პირობა მოვალის მართლსაწინააღმდეგო ქმედებაა. თუკი ასეთი ქმედება არ არსებობს, მაშინ დელიქტის შემადგენლობის სხვა წინაპირობების შემოწმება ზედმეტია. მართლსაწინააღმდეგო მოქმედება არამართლზომიერი მოქმედებაა. მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედებს ის, ვინც არღვევს სამართლებრივ დანაწესებს, სამართლის ნორმათა მოთხოვნებს. არის თუ არა მოქმედება მართლსაწინააღმდეგო, ეს საკითხი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეამოწმოს სასამართლომ. მოქმედება შეიძლება ჩაითვალოს მართლსაწინააღმდეგოდ, თუ: ა. იგი ობიექტურად მიმართულია რომელიმე კანონისმიერი ამკრძალავი ნორმის წინააღმდეგ; ბ. თუ მოქმედება არღვევს სხვა ვალდებულებებს, მათ შორის, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს; გ. თუ მოქმედება არღვევს საგანგებოდ დაცულ უფლებებს (სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრების, პირად უფლებებს) (იხ. სუსგ Nას-506-480-2015, 29.07.2016წ; Nას-150-2019, 8.06.2020წ).

12. ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არსებობის შემთხვევაში ნავარაუდები სამართლებრივი მდგომარეობის აღდგენის შესაძლებლობა განმტკიცებულია სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლში, რომლის ნორმატიული მიზნიდან გამომდინარეობს, რომ აღდგეს ვითარება, რომელიც არსებობდა ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელ გარემოებამდე, ე.ი. ვალდებულების დარღვევამდე. ნორმიდან გამომდინარე დასკვნის თანახმად, ზიანი არის ის ქონებრივი დანაკლისი, რომელიც არ დადგებოდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა. აღნიშნული მუხლის თანახმად, ზიანის გამომწვევმა პირმა უნდა აღადგინოს ის თავდაპირველი ვითარება, რომელიც ზიანის გამომწვევი მოვლენის გარეშე იარსებებდა (შდრ. სუსგ №ას-1570-2019, 29.05.2020წ.).

13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლში მოწესრიგებულია ფულადი ანაზღაურების ფორმით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება. 408.1 და 409-ე მუხლების სისტემური ანალიზი ცხადყოფს, რომ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა უწინარესად მიმართულია შელახული სამართლებრივი სიკეთის ან დარღვეული უფლების აღდგენისა და შენარჩუნების ინტერესისაკენ. გამონაკლისის სახით, ანუ როდესაც რესტიტუციის გზით შელახული სამართლებრივი სიკეთის, ან დარღვეული უფლების აღდგენა და შენარჩუნება შეუძლებელია, ან არათანაზომიერად დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, შესაძლებელია, კრედიტორს მიეცეს ფულადი ანაზღაურება, ანუ ზიანი ანაზღაურდეს მატერიალური ბალანსის აღდგენის გზით (იხ. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, გვ.712-713, თბილისი 2019).

14. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ს.ს.ი.პ. „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა“ და ამხანაგობა „დ–ი-ს–ის“ შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2016 წლის 24 ივნისის ხელშეკრულების შესაბამისად, ამხანაგობა „დ–ი-ს–იმ“ იკისრა ვალდებულება უზრუნველეყო ჭიათურის მუნიციპალიტეტში არსებული ძველი საბაგირო სადგურებისა და საბაგირო-სატრანსპორტო სისტემების სადემონტაჟო სამუშაოებისა და ახალი რევერსული გონდოლებიანი საბაგირო-სატრანსპორტო სისტემების სამონტაჟო და შესაბამისი ინფრასტრუქტურული ობიექტების სამშენებლო სამუშაოების წარმოება. ამხანაგობა „დ–ი-ს–ის“ წევრებს წარმოადგენენ პირველი და მეორე მოპასუხე.

15. მოპასუხეებმა, გონდოლებიანი საბაგიროს მშენებლობისას, ერთ-ერთი საყრდენი ანძა დაამონტაჟეს მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ (დაახლოებით 6-7 მეტრის დაშორებით).

16. საქმეში წარმოდგენილ „შენობის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ“ დასკვნებზე და შ.პ.ს. „გ–ის“, შ.პ.ს. „დ.ს.ე–ის“, ს.ს.ი.პ. „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ექსპერტიზის დასკვნებზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოსარჩელის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის დაზიანება - მწვავე ავარიულ მდგომარეობამდე მიყვანა გამოიწვია მოპასუხეთა მხრიდან საბაგირო გზის საყრდენის მშენებლობის დროს შესრულებულმა სამუშაოებმა.

17. საკასაციო პალატა, საწინააღმდეგო მტკიცებულების საქმეში არარსებობის პირობებში, 2018 წლის 13 დეკემბრის N008340218 ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით დადგენილად მიიჩნევს, რომ დაზიანებული სახლის აღდგენითი ღირებულება შეადგენს 67402.66 ლარს. კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა მოსარჩელის ბრალზე ზიანის დადგომაში სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლიდან გამომდინარე. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მიუხედავად ექსპერტიზის დასკვნებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებისა, რომ მოსარჩელის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის დაზიანება - მწვავე ავარიულ მდგომარეობამდე მიყვანა გამოიწვია მოპასუხეთა მხრიდან საბაგირო გზის საყრდენის მშენებლობის დროს შესრულებულმა სამუშაოებმა, რომლის აღდგენის ღირებულება შეადგენს 67402.66 ლარს, კასატორი ვერ მიუთითებს ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი დაზიანებული სახლის აღდგენითი ღირებულებიდან რა მოცულობის შეიძლება იყოს დადასტურების შემთხვევაში მოსარჩელის ბრალით გამოწვეული ზიანი.

18. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მტკიცებას „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაზე მითითებით, მისი არასათანადო მოპასუხეობის თაობაზე, გამომდინარე იქიდან, რომ მითითებულ კანონქვემდებარე აქტთან შედარებით უპირატესი იურიდიული ძალის მქონე საკანონმდებლო აქტი - საქართველოს სამოქალაქო კოდექსი (992-ე მუხლი) ცალსახად განსაზღვრავს უშუალოდ ზიანის მიმყენებელი პირის სამოქალაქო პასუხისმგებლობას მიყენებული ზიანის გამო. ასევე, ს.ს.ი.პ. „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა“ და ამხანაგობა „დ–ი-ს–ის“ შორის 2016 წლის 24 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების 5.1.3 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში პირთა საკუთრების დაზიანების ან/და განადგურების რისკის დაზღვევის ვალდებულება იკისრა ამხანაგობამ (კასატორმა). შესაბამისად, ვინაიდან მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების დაზიანება გამოიწვია კასატორის მიერ წარმოებულმა სამუშაოებმა, ეს უკანასკნელი წარმოადგენს მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ პირს.

19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

20. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

22. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა საკასაციო საჩივრისთვის შეადგენს დავის საგნის ღირებულების 5%-ს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა. განსახილველ შემთხვევაში, დავის საგნის ღირებულება 67402.66 ლარია, შესაბამისად, წინამდებარე საკასაციო საჩივარზე გადასახდელი სახელწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 3370.13 ლარს. ვინაიდან, კასატორის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია 3737 ლარის ოდენობით, მას უკან უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი 366.87 ლარი, ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 3370,13 ლარის 70% – 2359,09 ლარი, საერთო ჯამში – 2725,95 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შ.პ.ს. „დ–ი“-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. შ.პ.ს. „დ–ი“-ს დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 3737 ლარიდან (საგადახდო დავალება №1628251575, გადახდის თარიღი 06.08.2021წ.) ზედმეტად გადახდილი 366 ლარი და 87 თეთრი, ასევე დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში გადახდილი 3370 ლარის და 13 თეთრის 70% – 2359 ლარი და 09 თეთრი, საერთო ჯამში – 2725 ლარი და 95 თეთრი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები : ლაშა ქოჩიაშვილი

თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია