გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ბს-534-5-ბ-03 14 ნოემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
გ. ქაჯაია
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილისა და სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის ანალოგიით განიხილა ბ. გ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2003წ. 2 ივლისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 29 აგვისტოს თავდაცვის სამინისტრომ სარჩელი აღძრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების: სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს, მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის და შპს “ა.” მიმართ.
სარჩელის საფუძვლად მოსარჩელემ შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:
1997წ. 18 ივნისს რუსეთის ფედერაციის ჯარების დაჯგუფების სარდლობამ თავდაცვის სამინისტროს ბალანსიდან ბალანსზე გადასცა ქ. თბილისში, ... განლაგებული სამხედრო ქალაქი ¹194.
2001წ. 18 მაისს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ, თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე, გასცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ¹871-კ ქ. თბილისში, ... მდებარე შპს “ფ.” 100%-იან წილზე და 1655 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. იმავე სამინისტროს 2001წ. 9 მარტის ¹1-3/136 და 2001წ. 17 მაისის ¹1-3/335 ბრძანებების საფუძველზე შპს “ფ.” 100%-იანი წილი და 1655 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი გადაეცა მოქალაქეებს: ბ. გ-ეს, ა. წ-ას, ბ. გ-ას და ა. გ-ს.
შპს “ფ.”, დამფუძნებელ პარტნიორთა 2001წ. 25 მაისის გადაწყვეტილებით, შეეცვალა სახელი და ეწოდა შპს “ა.”, რომელიც ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 20 ივნისის დადგენილებით რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში.
მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2001წ. 4 ივლისს გასცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ¹15207/2001 იმის შესახებ, რომ ... მდებარე შენობა-ნაგებობა 1655 კვ. მეტრი მიწის ფართობით ეკუთვნის შპს “ალბას”, რომლის 100%-იანი წილის მესაკუთრეები არიან მოქალაქები: ბ. გ-ე, ა. წ-ე, მ. გ-ა და ა. გ-ი (საჯარო რეესტრი უძრავი ქონების შესახებ, განაცხადის რეგისტრაციის ¹15207/2001 წელი).
მოსარჩელის მოსაზრებით, პრივატიზებული ობიექტი ირიცხებოდა თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე და მისი პრივატიზება მოხდა თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე, რითაც უხეშად დაირღვა საქართველოს კანონის “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის მოთხოვნები, რის გამოც პრივატიზება ექვემდებარება ბათილად ცნობას.
მოსარჩელემ ზემოაღნიშნული ბრძანებების, საკუთრების მოწმობისა და თანმდევი შედეგების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 8 ნოემბრის განჩინებით თავდაცვის სამინისტროს სარჩელი განსჯადობით განსახილველად თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას გადაეცა.
საოლქო სასამართლოს 2003წ. 17 თებერვლის მთავარ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა ნაწილობრივ უარი თქვა სარჩელზე. კერძოდ, სადავო დატოვა ქ. თბილისში, ... განთავსებული შენობის მიმდებარე 795 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი, რომელიც სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2001წ. 17 მაისის ¹1-3/335 ბრძანებით დამატებით მიეკუთვნა ფიზიკურ პირთა ჯგუფს: ბ. გ-ეს, ა. წ-ას, მ. გ-ას და ა. გ-ს, ასევე, აღნიშნული შენობის პირველ სართულზე განლაგებული ოთხი ოთახი, რომელიც თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის მოსაზრებით, მათ ბალანსზე იმყოფებოდა და მათი თანხმობის გარეშე, სხვა პირს არ შეიძლება გადასცემოდა. ამდენად, მოსარჩელემ სადავო ბრძანებებისა და საკუთრების მოწმობის ბათილად ცნობა მხოლოდ ამ ნაწილში მოითხოვა.
მოპასუხეებმა: სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და შპს “ა.” წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ შპს “ა.” დამფუძნებლებმა, ფიზიკურმა პირებმა: ბ. გ-ემ, ა. წ-ემ, მ. გ-ამ და ა. გ-მა კანონით დადგენილი წესით შეიძინეს შპს “ფ.” 100%-იანი წილი და ის მიწის ნაკვეთი, რომელიც ამ იურიდიულ პირს ჰქონდა დაკავებული. შესაბამისად, აღნიშნული მიწის ნაკვეთი და მთელი შენობა შეტანილია შპს “ფ.” სამართალმემკვიდრის – შპს “ა.” საწესდებო კაპიტალში და ამ უკანასკნელის საკუთრებას წარმოადგენს. მოპასუხეთა განმარტებით, პრივატიზაცია კანონის შესაბამისად განხორციელდა და მისი ბათილად ცნობის საფუძვლები არ არსებობს.
მოპასუხე – მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი არცერთ პროცესზე არ გამოცხადდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 20 თებერვლის გადაწყვეტილებით თავდაცვის სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. საოლქო სასამართლომ მიიჩნია, რომ შენობის სადავო ფართი ისევ თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე იმყოფებოდა, ხოლო 795 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი, საოლქო სასამართლოს მოსაზრებით, თავდაცვის სამინისტროს რუსეთის ფედერაციის ჯარების დაჯგუფების სარდლობის მიერ არ გადასცემია და ამდენად, მისი პრივატიზაციით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი ინტერესი.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 20 თებერვლის გადაწყვეტილება თავდაცვის სამინისტრომ საკასაციო წესით გაასაჩივრა.
კასატორის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას საოლქო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი.
კასატორი თვლის, რომ საოლქო სასამართლომ ტენდენციურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, მათ შორის შპს “ფრინველმრეწვსერვისის” საპრივატიზაციო მასალები და მიიღო იურიდიულად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება.
საკასაციო საჩივრის განხილვისას სასამართლოს სხდომაზე კასატორის წარმომადგენლებმა დააზუსტეს საბოლოო მოთხოვნები და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილებით სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს სადავო ბრძანებებისა და საკუთრების მოწმობის ბათილად ცნობა მოითხოვეს ქ. თბილისში, ... მდებარე შენობის პირველი სართულის სადავო 198,8 კვ. მ ფართის შესაბამისი წილისა და მიმდებარე 795 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლებით ფიზიკურ პირთა ჯგუფზე გადაცემის ნაწილში.
საკასაციო სასამართლოს 2003წ. 2 ივლისის გადაწყვეტიებით თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა.
საკასაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1953წ. 30 იანვრის ¹2248 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის შუამდგომლობა და მას გამოეყო ქ.თბილისში მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობებით, კერძოდ, ... მდებარე 1, 33 ჰა მიწის ფართობი.
სსრ მინისტრთა საბჭოს 1975წ. 3 თებერვლის ¹75 R განკარგულების მე-5 პუნქტის თანახმად, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ბალანსიდან ბალანსზე გადაეცა ქ. თბილისში, ... მდებარე შენობა 829 კვ.მ ფართით, საიდანაც შენობის 541 კვ. მეტრი ფართი მე-2 სართულზე უნდა გამოეყენებინა სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ხოლო შენობის 288 კვ. მეტრი ფართი პირველ სართულზე იჯარით უნდა გადაეცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი სოციოლოგიის კათედრის სისხლის სამართლის სოციოლოგიის ლაბორატორიისათვის. აღნიშნულ განკარგულებაში მიწის ფართობის გადაცემის შესახებ მითითებული არ არის.
1987წ. 20 აპრილის ¹002634 B სახელმწიფო აქტის საფუძველზე სამხედრო ქ.¹194-ზე მიწათსარგებლობის გეგმის თანახმად გაიცა 1,33 ჰა მიწის ფართობი უვადო და უსასყიდლო სარგებლობაში.
აღნიშნულ სამხედრო ქ.¹194-ის 1,33 ჰა მიწის ფართობზე განლაგებულია შენობა-ნაგებობები, რომელთაგან ერთ-ერთი შენობის 829 კვ. მეტრი ფართი ბალანსიდან ბალანსზე გადაეცა სოფლის მეურნეობის სამინისტროს.
1997 წელს სამხედრო ქალაქი ¹194-ის 1,33 ჰა და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობები რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბალანსიდან ბალანსზე გადაეცა თავდაცვის სამინისტროს.
სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის მოადგილე გ. დ-ე 1998წ. 19 თებერვლის ¹3-1-3/3284 წერილით ატყობინებს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრს ა. ს-ეს, რომ კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე სამინისტრო თანახმაა შპს “ფ.” პრივატიზებულ იქნეს იჯარა-გამოსყიდვის ფორმით. ამავე წერილში აღნიშნულია, რომსახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ, უძრავი ქონების აღრიცხვისა და განკარგვის წესის შესაბამისად, უნდა მიიღოს გადაწყვეტილება შპს “ფ.” ბალანსზე რიცხული ქ. თბილისში, ... მდებარე შენობის პირველი სართულის თაობაზე (288 მ2 ოდენობით), რომელიც საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1975წ. 3 თებერვლის განკარგულებით არენდითაა გადაცემული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი სოციოლოგიის კათედრის სისხლის სამართლის სოციოლოგიის ლაბორატორიაზე (შემდგომში დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლის პრობლემათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი).
შპს “ფ.” დირექტორის ბ. გ-ის 1998წ. 16 ივლისის ¹07 წერილში სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსადმი ნათქვამია, რომ შპს “ფ.” დაფუძნებულია ყოფილი მეფრინველობის სახელმწიფო კორპორაციის ბალანსზე რიცხული ქონების ბაზაზე და 1992-1997 წლებში ძირითადი ფონდების მოძრაობაში რაიმე ცვლილება არ მომხდარა.
1999წ. 17 მარტის ¹7/99 წერილით დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლის პრობლემათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცნიერ-ხელმძღვანელი ა. გ-ი ატყობინებს საქართევლოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს, რომ ცენტრს უვადო სარგებლობაში უკავია აღნიშნული შენობის პირველი სართული “მთლიანად” და ცენტრი თანახმაა აღნიშნული შენობის პრივატიზაცია მოხდეს იმ პირობით, რომ მისი ახალი მესაკუთრე ცენტრს დაუტოვებს ფუნქციონირების უფლებას და ამისათვის გაუფორმებს იჯარის ხელშეკრულებას 10 წლის ვადით.
სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო აღნიშნულს საკონკურსო პირობად დებს 1999წ. 19 ივლისის ¹1-3/396 ბრძანებაში “შპს “ფ.” საწესდებო კაპიტალის 100% სახელმწიფო წილის გასხვისების შესახებ”. ამასთან, ყოველგვარი კანონიერი საფუძვლის გარეშე, ზრდის ცენტრის მიერ დაკავებული ფართის ოდენობას 600 კვ. მეტრამდე (ბრძანების მე-4 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი).
თითქმის ორი თვის შემდეგ, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო 1999წ. 23 სექტემბრის ბრძანებით ამცირებს შპს “ფ.” საწესდებო კაპიტალის 100% სახელმწიფო წილისა და საპრივატიზაციო ობიექტის მიერ დაკავებული 860 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის საწყის გასაყიდ ფასს 104100 აშშ დოლარიდან 54100 დოლარამდე.
2000წ. 12 მაისს ჩერდება პრივატიზაციის პროცესი დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლის პრობლემათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის უფროსის ლ. ღ-ის განცხადების საფუძველზე.
2000წ. 29 აგვისტოს უქმდება სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი და პრივატიზაცია გრძელდება საკონკურსო პირობის გარეშე.
სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2001წ. 9 მარტის 1-3/136 ბრძანებით შპს “ფ.” სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100% წილზე და საზოგადოების მიერ დაკავებულ 860 კვ. მეტრ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება უდასტურდება ფიზიკურ პირებს: ა. გ-ს, ბ. გ-ეს, ა. წ-ას და მ. გ-ას).
სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2001წ. 17 მაისის ¹1-3/335 ბრძანებით წინამდებარე ბრძანებაში შედის ცვლილება. ნაცვლად 860 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთისა, შედის 1655 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი, შპს “ფ.” ფაქტობრივად დაკავებული მიწის ნაკვეთი.
2001წ. 18 მაისის მიღება-ჩაბარების აქტით სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ ფიზიკურ პირებს გადასცა ქ. თბილისში, ქეთევან ... მდებარე, შპს “ფ.” მიერ ფაქტობრივად დაკავებული 1655 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი და მთლიანი შენობა.
ამის შემდგომ აღნიშნული სადავო ქონების მესაკუთრედ ცხადდება შპს “ფ.” სამართალმემკვიდრე შპს “ალბა”, ხოლო შპს “ა.” დამფუძნებლად ფიზიური პირები: ა. გ-ი, ბ. გ-ე, ა. წ-ა და მ. გ-ა.
საკასაციო სასამართლომ ზემოთმითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ აღნიშნული პრივატიზაცია განხორციელდა “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” და “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ”კანონების უხეში დარღვევით.
საკასაციო სასამართლო სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს (ამჟამად,ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს) ყურადღებას მიაქცევდა იმ გარემოებას, რომ თავის დროზე (1975 წელს) სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბალანსიდან ბალანსზე გადაეცდა ქ. თბილისში, ... მდებარე შენობის მე-2 სართულზე მდებარე 541 კვ. მეტრი და პირველ სართულზე მდებარე 288 კვ. მეტრი ფართი. ამასვე ადასტურებდა სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის მოადგილის გ. დ-ის წერილი, რომელიც შპს “ფ.” დაფუძნების შემდეგ 1998წ. 19 თებერვალსაა შედგენილი. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ კი სადავო შენობის პირველ სართულზე მდებარე 288 კვ. მეტრი ფართი ისე გახადა 600 კვ. მეტრი, რომ ამის კანონიერი საფუძველი, არც მოუთხოვია და არც დაუდგენია.
საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გადაწყვეტილების გამოტანისას საოლქო სასამართლომ არ გამოიყენა “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი და მე-3 მუხლის პირველი პუნქტი.
მოგვიანებით, ბ. გ-ემ, შპს “ა.” ერთ-ერთმა პარტნიორმა, განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
განმცხადებელმა შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:
აღნიშნული საქმის განხილვაში იგი, როგორც დაინტერესებული მხარე, არ იყო მიწვეული არც პირველი ინსტანციისა და არც საკასაციო სასამართლოში, რაც სსკ-ს 422-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველია.
განმცხადებელი ბ. გ-ის მოსაზრებით, მართალია საქმეში მოპასუხედ ჩაბმული იყო შპს “ა.”, რომლის საკუთრებასაც სადავო ქონება წარმოადგენს და რომლის დამფუძნებელ-პარტნიორიც ის არის, მაგრამ შპს “ა.” პრივატიზების ობიექტია და არა მხარე.
ბ. გ-ე, ამასთან, მიიჩნევს, რომ საქმე განიხილა არაგანსჯადმა სასამართლომ, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ, მაშინ როცა დავა ადმინისტრაციულ გარიგებას ეხებოდა, სარჩელის ფასი 500000 ლარს არ აღემეტებოდა და შესაბამისად, საქმეც რაიონული სასამართლოს განსახილველი იყო.
განმცხადებლის მოსაზრებით, საქმის განხილვა არაგანსჯადი სასამართლოს მიერ, როგორც შედეგი, იწვევს სასამართლოს უკანონო შემადგენლობას.
საბოლოოდ, ბ. გ-ე უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2003წ. 2 ივლისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვს იმის გამო, რომ იგი მიწვეული არ ყოფილა საქმის განხილვაში და მისთვის ცნობილი არ ყოფილა აღნიშნული პროცესის მიმდინარეობის შესახებ.
მოწინააღმდეგე მხარემ, თავდაცვის სამინისტრომ წარმოდგენილი განცხადება უსაფუძვლოდ მიიჩნია და თავის შესაგებელში განმარტა, რომ უძრავი ქონება, რომელსაც ღავდაცვის სამინისტრო სადავოდ ხდიდა, შპს “ა.” საკუთრებას წარმოადგენდა და ისინი ამ ქონების ამორიცხვას შპს “ა.” მოითხოვდნენ, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელ-პარტნიორი განცხადების ავტორი ბ. გ-ეა. ბ. გ-ეს შპს “ა.” წილზე უფლება გააჩნია და იგი სადავო ქონების მესაკუთრე არ არის.
რაც შეეხება, განცხადებაში მოყვანილ მეორე არგუმენტს, არაგანსჯადი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე, თავდაცვის სამინისტროს მოსაზრებით, იგი არ უნდა იქნეს გაზიარებული, რადგან გასაჩივრებული ბრძანებები სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ მიღებული ადმინისტრაციული აქტებია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თავდაცვის სამინისტრომ ბ. გ-ისთვის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო ბ. გ-ის განცხადებას, შეამოწმა მისი დასაშვებობა და საფუძვლიანობა და თავლის, რომ წარმოდგენილი განცხადება 2003წ. 2 ივლისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს დაუშვებლობისა და უსაფუძვლობის გამო შემდეგი მოტივებით:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თავდაცვის სამინისტროს სარჩელი მოპასუხეების: სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს, მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტისა და შპს “ა.” მიმართ, ადმინისატრციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით, თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს წარედგინა.
2002წ. 8 ნოემბრის მოსამზადებელ სხდომაზე შპს “ა.” დირექტორმა ა. გ-მა და წარმომადგენელმა თ. რ-ემ შუამდგომლობით საქმის თბილისის საოლქო სასამართლოში გადაგზავნა მოითხოვეს, რასაც მოსარჩელე თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები: გ. ქ-ი და ნ. რ-ი, ასევე, მოპასუხე სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს წარმომადგენელი ს. თ-ი დაეთანხმნენ.
ამდენად, საქმე მხარეთა მოთხოვნით გადაეგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოს. საკასაციო სასამართლო განმცხადებლის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ განსჯადობის შესახებ უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატაში არც მხარეებისა და არც სასამართლოების მიერ დავა არ დაწყებულა. ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს განმცხადებლის მოსაზრებას, რომ უზენაესი სასამართლო ყოველთვის თავისი ინიციატივით აუქმებდეს ასეთ გადაწყვეტილებებს. როდესაც განსჯადობაზე ვდავობთ, უნდა განვასხვავოთ დარგობრივი და ინსტანციური განსჯადობა. უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა დამკვიდრებული პრაქტიკით თავისი ინიციატივით აუქმებს იმ გადაწყვეტილებებს, რომლებშიც დარღვეულია დარგობრივი განსჯადობა, მაგალითად, სამოქალაქო ან სისხლის სამართლის საქმე განხილულია ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით ან პირიქით.
აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის სასამართლოს არაკანონიერი შემადგენლობა.
საკასაციო სასამართლო იზიარებს თავდაცვის სამინისტროს მოსაზრებას, რომ თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 20 ივნისის დადგენილებით ცვლილებები განხორციელდა შპს “ფ.” სამეწარმეო რეესტრში, რომლითაც შპს “ფ.” სამართალმემკვიდრედ გამოცხადდა შპს “ა.”, დამფუძნებელ პარტნიორებად: ა. გ-ი, ბ. გ-ე, ა. წ-ა, მ. გ-ა და თავდაცვის სამინისტროს მიერ სადავოდ გამხდარი ქონება ამ საზოგადოების საწესდებო კაპიტალში შევიდა. ამასთან, მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2001წ. 4 ივლისს გასცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ¹152 07/2001 იმის შესახებ, რომ თბილისში ... მდებარე შენობა-ნაგებობა 1655 კვ. მეტრი მიწის ფართობით ეკუთვნის შპს “ა.”, რომლის დამფუძნებელ-პარტნიორები არიან ფიზიკური პირები: ბ. გ-ე, ა. წ-ე, მ. გ-ა და ა. გ-ი (საჯარო რეესტრი უძრავი ქონების შესახებ).
აქედან გამომდინარე, სადავო ქონების მესაკუთრეს შპს “ა.” წარმოადგენს. შესაბამისად, თავდაცვის სამინისტროს ძირითადი მოთხოვნაც სადავო ქონების დაბრუნების შესახებ სწორედ შპს “ა.”-კენ” იყო მიმართული.
უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2003წ. 2 ივლისის გადაწყვეტილებით შპს “ა.” საწესდებო კაპიტალიდან ამოირიცხა როგორც სადავო 795 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი, ისე 198, 8 კვ. მეტრი არასაცხოვრებელი ფართი.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს განმცხადებელ ბორის გ-ის მოსაზრებას, რომ მისთვის ცნობილი არ ყოფილა აღნიშნული პროცესის მიმდინარეობის შესახებ, რადგან საქმის მასალებით დადგენილია, რომ ორიწ. მანძილზე შპს “ა.” დირექტორი (ერთ-ერთი დამფუძნებელ-პარტნიორი ა. გ-ი) სისტემატურად იღებდა სასამართლო პროცესებში მონაწილეობას სხვადასხვა წარმომადგენლებთან ერთად და საფუძველს მოკლებულია, რომ ამ დავის შესახებ დანარჩენი დამფუძნებელ-პარტნიორებისათვის ცნობილი არ ყოფილიყო.
ამასთან, საკასაციო სასამართლო განცხდების ავტორის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ შპს “ა.” დირექტორს აღნიშნული საფუძვლები საქმის განხილვისას არ წამოუყენებია არც პირველი ინსტანციისა და არც საკასაციო ინსტანციის სასამართლოში. მით უმეტეს, რომ დირექტორი საზოგადოების ხელმძღვანელი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირია, რომელიც შესაბამისად, არა მარტო საზოგადოების, არამედ დამფუძნებელ- პარტნიორთა ინტერესებსაც უზრუნველყოფს მესამე პირებთან ურთიერთობაში და სასამართლოში (“მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლი). აქედან გამომდინარე, სსკ-ს 422-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ბ. გ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2003წ. 2 ივლისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არამარტო უსაფუძვლო, დაუშვებელიცაა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 430-ე მუხლის მეორე ნაწილით, 408-ე მუხლის მესამე ნაწილის ანალოგიით (მე-7 მუხლი) და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბ. გ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2003წ. 2 ივლისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოა და არ საჩივრდება.