Facebook Twitter

საქმე №ას-1865-2018 04 თებერვალი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ი.მ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა(ა)იპ „საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი _ ა(ა)იპ “საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის” 2016 წლის 23 დეკემბრის საანგარიშო-საარჩევნო სესიის ოქმის მე-3 საკითხის - არჩევნების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. 2017 წლის 23 იანვარს ი.მ–მა (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „კასატორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ა(ა)იპ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „სეოკი“) მიმართ და მოითხოვა სეოკის 2016 წლის 23 დეკემბრის საანგარიშო-საარჩევნო სესიის ოქმის (შემდგომში - „სადავო ოქმი“) მე-3 საკითხის - არჩევნების ბათილად ცნობა.

2. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

4.1. 1993 წლის 23 სექტემბერს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 101-ე სესიამ სეოკი სრულუფლებიან წევრად მიიღო. იგი არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი;

4.2. 2011 წლის 8 ივლისიდან ამოქმედდა ოლიმპიური ქარტია, რომლითაც განისაზღვრა ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების დანიშნულება და როლი, სეოკის წესდებაც მოწონებულ იქნა, რადგან იგი ქარტიის მოთხოვნებს შეესაბამებოდა და შემდგომ დამტკიცდა;

4.3. 2014 წლის 22 დეკემბერს სეოკის აღმასკომმა დაამტკიცა წესდების ახალი რედაქცია, რომელმაც ექსპერტიზა გაიარა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში და იგი სრულად შეესაბამება ოლიმპიური ქარტიის მოთხოვნებს;

4.4. სეოკის წესდება განსახილველად და დასამტკიცებლად წარედგინა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს, რომელმაც 2015 წლის 16 იანვარს ოლიმპიური ქარტიის (წესი 3.2) თანახმად დაამტკიცა განახლებული წესდება;

4.5. 2013 წლის 28 ივნისის კრების ოქმით დაფუძნდა სეოკის რეგიონალური ორგანიზაციები და დამტკიცდა მათი წესდებები, კერძოდ: ა(ა)იპ „საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გურიის რეგიონალური ორგანიზაცია“, ა(ა)იპ „საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონალური ორგანიზაცია“, ა(ა)იპ „საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონალური ორგანიზაცია“ და სხვა (სულ 7 ორგანიზაცია);

4.6. სადავო ოქმის მიხედვით, რომელიც წარდგენილ იქნა სასამართლოს სხდომაზე, 136 დელეგატიდან სესიას დაესწრო 135, დელეგატებმა დაამტკიცეს სესიის მუშაობის დღის წესრიგი: 1. სეოკის 2016 წლის საქმიანობის ანგარიში; 2. აუდიტის ინფორმაცია; 3. არჩევნები: ა) სეოკის პრეზიდენტის; ბ) სეოკის აღმასკომის წევრების, ვიცე-პრეზიდენტების, გენერალური მდივნის. ოქმის მიხედვით, სესიის მონაწილეებს წინასწარ დაურიგდათ სეოკის აღმასკომის 2016 წლის 4 ოქტომბრის სხდომაზე დამტკიცებული სეოკის პრეზიდენტის არჩევნების დებულება-რეგლამენტი, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ოლიმპიურ ქარტიასა და სეოკის მოქმედ წესდებასთან;

4.7. საქმეში წარმოდგენილია ამონაწერები სამეწარმეო რეესტრიდან, რომელთა თანახმად, ორგანიზაციები, რომლებიც მონაწილეობდნენ სესიის მუშაობაში, რეესტრში რეგისტრირებულნი არიან როგორც არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები.

5. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ზოგიერთი ორგანიზაციის შესახებ სარეგისტრაციო მასალები არ მოიპოვება. სასამართლომ გამოიყენა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომელიც მოპასუხის საჩივრის საფუძველზე გაუქმდა, რადგან სადავო ოქმის რეგისტრაციის შეჩერების საფუძველი მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მასალებით აღმოიფხვრა.

6. საქალაქო სასამართლომ მიუთითა მოპასუხის განმარტებაზე, რომ განისაზღვრა სეოკის სესიაზე წარდგენილი დელეგატების ვინაობა, კერძოდ, სპორტსმენთა კომისიის სხდომამ საანგარიშო-საარჩევნო სესიაზე ორი დელეგატი წარადგინა.

7. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა ასევე მოპასუხის იმ განმარტებაზე, რომ მოსარჩელე 2005 წლიდან 2008 წლამდე წარმოადგენდა სეოკის აღმასკომის წევრს. 2008 წელს ჩატარდა საანგარიშო-საარჩევნო სესია, რომელშიც იგივე სუბიექტები მონაწილეობდნენ იმავე დასახელებით, მაგრამ მოსარჩელეს აღნიშნული გარემოება სადავოდ არ გაუხდია, სესიის მოწვევა ამ ფორმით ხორციელდებოდა. მოსარჩელემ აღნიშნული მხოლოდ მას შემდეგ გახადა სადავო, როდესაც პრეზიდენტის თანამდებობაზე არ აირჩიეს. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ სესიის დაწყებამდეც მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია მოწვევის წესი.

8. საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეზე წარმოდგენილია 2012 წლის 3 სექტემბრის აღმასკომის სხდომის ოქმი საანგარიშო-საარჩევნო სესიის მოწვევისა და დღის წესრიგის შესახებ და 2012 წლის 3 ოქტომბრის სესიის დელეგატთა კვოტა, სადაც ასევე ის ორგანიზაციები და საზოგადოებებია მითითებული, რომელთა ლეგატიმურობასაც სადავოდ ხდის მოსარჩელე.

9. პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ მოსარჩელემ საქმეზე წარმოადგინა ფაქტების კონსტატაციის მასალები, სეოკის წევრთა ამონაწერები სამეწარმეო რეესტრიდან და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური აკადემიის, საქართველოს ოლიმპიური მუზეუმის, საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის, საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის, საქართველოს ოლიმპიური ფედერაციის ასოციაციისა და საქართველოს კულტურული ოლიმპიადის ეროვნული ასოციაციის წესდებები, რომლებითაც იმ ფაქტობრივ გარემოებებს ასაბუთებს, რომ ამ სუბიექტების სეოკში გაწევრიანება ოლიმპიური ქარტიის 28.2.2. პუნქტის დარღვევით მოხდა, ვინაიდან აღნიშნული ორგანიზაციები არ წარმოადგენდნენ არც სპორტულ ჯგუფებს და არც სპორტული ორგანიზაციის ორგანიზატორებს. ასევე საქმეზე წარმოდგენილია სეოკის 2010 წლის 27 დეკემბრის წესდების ახალი რედაქცია, რეგიონალური ორგანიზაციების წესდებები, ამონაწერები სამეწარმეო რეესტრიდან. სასამართლოს აზრით, ყველა აღნიშნული დოკუმენტი ქარტიის წესების შესაბამისად არის შედგენილი და, თუ ყველა არჩევნები ამ დადგენილი წესებით ტარდებოდა, 2016 წლის არჩევნების დაწყებამდე მოსარჩელეს, გაცნობილი იყო რა დებულება-რეგლამენტს, შეეძლო მონაწილეთა ლეგიტიმურობა და ხმის მიცემის წესი წინასწარ სადავოდ გაეხადა, რაც მას არ განუხორციელებია და მხოლოდ არჩევნებიდან დროის გასვლის შემდეგ აღძრა დავა სასამართლოში.

10. საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლოს სხდომაზე მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელისათვის ცნობილი იყო კომიტეტის საწესდებო დებულებები, 2012 წლის არჩევნების შემდეგ კომიტეტის პრეზიდენტმა გასცა სერთიფიკატი, რომლის თანახმად, მოსარჩელე 2013 წლის იანვრიდან წარმოადგენდა სეოკის ოფიციალურ დესპანს ევროპის ოლიმპიურ კომიტეტებთან და ევროპის ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან ურთიერთობაში.

11. საქალაქო სასამართლომ მიუთითა სეოკის წესდების IV თავის პირველ მუხლსა [სეოკ-ის წევრი შეიძლება გახდეს საქართველოს ნებისმიერი იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომლებიც აღიარებენ ოლიმპიურ ქარტიას, წინამდებარე წესდებას, განსაკუთრებულ სამსახურს უწევენ მაღალი მიღწევების სპორტსა და ოლიმპიზმს. კანდიდატზე რეკომენდაცია სეოკ-ის წევრად მიღების შესახებ წარედგინება სპორტის ეროვნულ ფედერაციებს, სეოკ-ის რეგიონალურ ორგანიზაციებს, ასოციაციებსა და სეოკ-ის მიერ აღიარებულ სხვა ორგანიზაციებს. სეოკ-ის პრეზიდენტს, აღმასკომის წევრს უფლებამოსილება ენიჭებათ (აღმასკომის სხდომაზე, სესიაზე) წარადგინონ კანდიდატი სეოკ-ის წევრობაზე] და 1.1.1. მუხლზე [სეოკ-ის შემადგენლობაში არიან სეოკ-ის წევრები ხმის უფლებით, კერძოდ, ყველა ის ეროვნული სპორტული ფედერაცია, რომლებიც აღიარებულია შესაბამისი საერთაშორისო ფედერაციის მიერ და რომელთა სახეობებიც შეტანილია ოლიმპიური თამაშების პროგრამაში. აღნიშნული ფედერაციები ან მათი წარმომადგენლები ყოველთვის უნდა შეადგენდნენ სეოკ-ის კენჭისყრაში მონაწილე ხმათა უმრავლესობას; ოლიმპიური ქარტიის შესაბამისად, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრი საქართველოში (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც წარმოადგენს სოკ-ს, ითვლება როგორც სეოკ-ის, ისე მისი აღმასკომის წევრად და გააჩნია ხმის უფლება სეოკ-ის სესიაზე და მის აღმასკომის სხდომებზე; საქართველოს ოლიმპიელთა ასოციაცია; საქართველოს ოლიმპიელთა კლუბი; სეოკ-ის სპორტსმენთა კომისია წარმოდგენილი მინიმუმ ორი სპორტსმენით; სეოკ-ის რეგიონური ორგანიზაციები; საქართველოს ოლიმპიური აკადემია; საქართველოს ოლიმპიური მუზეუმი; საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი; საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია; ოლიმპიური ფილატელიის ასოციაცია; საქართველოს კულტურული ოლიმპიადის ეროვნული ასოციაცია; საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტი; საქართველოს ანტიდოპინგური ეროვნული კომიტეტი; საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაცია; საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაცია; საქართველოს ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“; ქართულ ოლიმპიურ მოძრაობაში განსაკუთრებული დამსახურების მქონე ფიზიკური და იურიდიული პირები; სეოკ-ის აღმასკომის წევრები; საქართველოსთვის სპორტის ტრადიციულ სახეობათა არაოლიმპიური ფედერაციები (ასოციაციები)] და აღნიშნა, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სუბიექტი სარგებლობს სავალდებულო ხმის უფლებით. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ორგანიზაციები უფლებამოსილნი იყვნენ წარედგინათ დელეგატები სესიაზე მონაწილეობის მისაღებად.

12. პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, წესდების VIII თავი განსაზღვრავს სესიის დანიშვნისა და მოწვევის პროცედურებს და დელეგატთა წარდგენის წესს, რომლის თანახმად, სესიის მუშაობაში ხმის უფლებით წარმომადგენელთა (დელეგატთა) პერსონალური სია განისაზღვრება სეოკ-ის სუბიექტთა მართვის უმაღლესი ორგანოების მიერ. VIII თავის მე-8 მუხლის თანახმად, სეოკ-ის პრეზიდენტი, გარდა საპრეზიდენტო არჩევნებისა, ადგენს რეგლამენტს ყველა სესიის ჩასატარებლად. სესიის უფლებამოსილებაში შედის აგრეთვე სეოკ-ის მიერ წარდგენილი ფინანსური ანგარიშისა და აუდიტის დასკვნის მოსმენა და მასზე რეაგირება.

13. საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში სესიაზე პირველ-მეორე საკითხად მოისმინეს 2016 წლის ანგარიში და აუდიტის დასკვნა, მაგრამ მოსარჩელეს აღნიშნული სადავოდ არ გაუხდია, ასევე გაეცნო იმ რეგლამენტს, რომელიც დარიგდა სესიის დაწყებამდე. მხარემ სადავო გახადა მესამე საკითხი, წესდების X თავი კი ამომწურავად განიხილავს პრეზიდენტის არჩევის წესს. სასამართლომ მიიჩნია, რომ სესია მოწვეული იქნა წესდების სრული დაცვით. ამასთან, წინა წლებში არსებული წესდებაც, ისევე როგორც ახალი მოქმედი წესდება, სრულ შესაბამისობაში იყო ოლიმპიურ ქარტიასთან, მით უფრო, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ამოწმებს წესდების თითოეულ ცვლილებას.

14. საქალაქო სასამართლოს მითითებით, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ მიღებული ოლიმპიური ქარტიის მე-4 თავი განსაზღვრავს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების საქმიანობას. სასამართლომ აღნიშნა, რომ სეოკის წესდებამ ექსპერტიზა გაიარა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში და შენიშვნების გათვალისწინებით მიიღო მოქმედი წესდება.

15. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, წესდების თანახმად, არ არის დადგენილი სუბიექტების სავალდებულო რეგისტრაცია, ასევე მიუთითა „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლსა [1. საზოგადოებრივი და სხვა არასახელმწიფო სპორტული ორგანიზაცია არის სპორტული ფედერაცია, ასოციაცია, კლუბი და სხვა გაერთიანება, რომელიც მიზნად ისახავს სპორტის განვითარებას. 2. სახელმწიფო ხელს უწყობს საზოგადოებრივი და სხვა არასახელმწიფო სპორტული ორგანიზაციების აქტივობის განვითარებას და იზიდავს მათ სპორტის მართვის საქმეში. 3. აუცილებლობის შემთხვევაში საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეუძლია საზოგადოებრივ და სხვა არასახელმწიფო სპორტულ ორგანიზაციებს გადასცეს ცალკეული უფლებამოსილებანი და გააკონტროლოს მათი განხორციელება. 4. საზოგადოებრივი და სხვა არასახელმწიფო სპორტული ორგანიზაციები თავიანთ საქმიანობაში ხელმძღვანელობენ ამ კანონით და სპორტის სფეროში მოქმედი სხვა ნორმატიული აქტებით] და მე-9 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე [1. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი (სეოკი) არის დამოუკიდებელი საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც კოორდინაციას უწევს ოლიმპიურ მოძრაობას საქართველოში. სეოკი იურიდიული პირია. 2. სეოკი ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით, ამ კანონით, ოლიმპიური ქარტიითა და საკუთარი წესდებით], აგრეთვე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 31.1. მუხლსა [რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების საფუძველია უფლებამოსილი პირის/ორგანოს სათანადო წესით მიღებული და დამოწმებული გადაწყვეტილება ან უფლებამოსილი პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით შედგენილი გარიგება] და ამავე კოდექსის 35.3. მუხლზე [3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ორგანიზაციული სტრუქტურა უნდა მოწესრიგდეს მისი წესდებით (დამფუძნებელთა/წევრთა შეთანხმებით), რომელიც საჭიროებს სათანადო წესით დამოწმებას]. სასამართლომ მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სეოკის წესდება შესაბამისობაშია ოლიმპიური ქარტიის მოთხოვნებთან, ყველა არჩევნები ტარდებოდა მითითებული კანონით და არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია, რომ დაირღვა წესდებით გათვალისწინებული არჩევის წესი.

16. საქალაქო სასამართლომ სსსკ-ის 180-ე მუხლზე დაყრდნობით იმსჯელა მოცემული აღიარებითი სარჩელის იურიდიულ ინტერესზე და აღნიშნა, რომ მოსარჩელეს არჩევნების დაწყებამდე სადავოდ არ გაუხდია სეოკის პრეზიდენტის არჩევნების დებულება-რეგლამენტი, ხოლო არჩევნების შემდეგ მხოლოდ იმაზე მითითება, რომ სესია კანონისა და წესდების დარღვევით ჩატარდა, ვერ ასაბუთებდა სადავო ოქმის ბათილად ცნობის იურიდიულ ინტერესს, რის გამოც სარჩელი არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას.

17. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

18. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 აპრილის საოქმო განჩინება (მტკიცებულებათა გამოთხოვის თაობაზე უარის თქმის შესახებ), ასევე - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 აპრილის საოქმო განჩინება (მოწმე ი.ხ–ის დაკითხვაზე უარის თქმის შესახებ).

19. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასებები.

20. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა მოსარჩელის განმარტებაზე, რომ მისი იურიდიული ინტერესის დასაბუთება შესაძლებელი გახდა მხოლოდ არჩევნების დასრულების შემდეგ. არჩევნებამდე დებულების თუ წესდების ნებისმიერი ნორმის სადავოდ გახდომა, თუნდაც სასამართლო წესით, ვერ დაასაბუთებდა მის იურიდიულ ინტერესს. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე იურიდიულ ინტერესს იმით ასაბუთებდა, რომ არჩევნების შედეგების გაბათილების შემთხვევაში, სეოკის წესდების თანახმად, დაინიშნებოდა ახალი არჩევნები, რომელშიც მოსარჩელეს გამარჯვების უფრო მეტი შანსი ექნებოდა, თუკი დაკმაყოფილდებოდა შემდეგი წინასაარჩევნო პირობები: ა) ხელახლა გადამოწმდებოდა დელეგატების წარმდგენი ორგანიზაციების წევრობა სეოკში, რაც დადასტურებული უნდა ყოფილიყო სეოკის სესიის ოქმებით; ამით განისაზღვრებოდა არჩევნებში მონაწილე უფლებამოსილი სუბიექტების ლეგიტიმურობა; ბ) მოთხოვნილი იქნებოდა სეოკის წევრი ორგანიზაციების მიერ წარდგენილი დელეგატების შესახებ ყველა განაცხადი, რაც შესაძლებლობას მისცემდა მოსარჩელეს მოეხდინა დელეგატების იდენტიფიცირება დელეგატების წარმდგენ ორგანიზაციებთან; გ) მოთხოვნილი იქნებოდა სეოკის წევრ ორგანიზაციებში დელეგატების არჩევის შესახებ შესაბამისი ორგანოების კრების ოქმები, რითაც დაცული იქნებოდა წესდების VIII თავის 3.1. პარაგრაფის მეორე აბზაცი.

21. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ზემოთ მითითებული გადაწყვეტილებების მიღების პირობებში სადავო ოქმის გაუქმებით მიღწეული ვერ იქნებოდა მოსარჩელის იურიდიული ინტერესი. სადავო ოქმის მიხედვით, სესიის მონაწილეებს წინასწარ დაურიგდათ აღმასკომის 2016 წლის 4 ოქტომბრის სხდომაზე დამტკიცებული სეოკის პრეზიდენტის არჩევნების დებულება-რეგლამენტი, რომელიც ოქმის მიხედვით სრულ შესაბამისობაში იყო ოლიმპიურ ქარტიასა და სეოკის მოქმედ წესდებასთან. გამომდინარე აქედან, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ მოსარჩელეს არჩევნების დაწყებამდე სადავოდ არ გაუხდია დებულება-რეგლამენტი და არჩევნების შემდეგ მხოლოდ მითითება სესიის კანონისა და წესდების დარღვევით ჩატარებაზე ვერ ასაბუთებდა სადავო ოქმის ბათილად ცნობის იურიდიულ ინტერესს.

22. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება, ასევე მტკიცებულებათა გამოთხოვის თაობაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 აპრილის საოქმო განჩინების გაუქმება.

23. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:

23.1. ორივე ინსტანციის სასამართლომ კანონიერად მიიჩნია ყველა ის უკანონოდ რეგისტრირებული სუბიექტი (რეგიონალური ორგანიზაციები, არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე რეგისტრირებული სუბიექტები, არასპორტული ორგანიზაციები), რომლებიც რეგისტრირებული იყვნენ წესდებისა და ოლიმპიური ქარტიის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ;

23.2. სასამართლოს უნდა შეემოწმებინა და ცალ-ცალკე გამოეკვლია არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტი, არჩევნებზე წარდგენილი დელეგატები. თუმცა, პირველი ინსტანციის სასამართლო მხოლოდ ზოგადი განცხადებებით შემოიფარგლა, თითქოს ყველა სუბიექტი კანონიერად იყო რეგისტრირებული და ყველა მათგანს გააჩნდა ხმის უფლება. ხოლო, სააპელაციო სასამართლომ დამატებით მხოლოდ ის განმარტა, რომ თურმე მოსარჩელეს არ ჰქონდა იურიდიული ინტერესი დავის მიმართ;

23.3. მოსარჩელემ დეტალური კვლევა ჩაატარა თითოეულ სუბიექტთან დაკავშირებით და სასამართლოს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, თუ რომელი სუბიექტის შექმნისას რა წესი და კანონი დაირღვა. თუმცა, სასამართლომ საერთოდ არ გამოიკვლია მოსარჩელის მიერ მიწოდებული მტკიცებულებები;

23.4. მოსარჩელეს გააჩნდა ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის მიმართ. ფაქტობრივი გარემოებების ანალიზი იძლევა იმის დადასტურების შესაძლებლობას, რომ სეოკის 2016 წლის 23 დეკემბრის სესიაში მონაწილე 38 დელეგატის ხმა უკანონო იყო ანუ მათ არ ჰქონდათ სეოკის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლება. საარჩევნო ოქმის გაბათილებით, ხელახლა ჩატარდებოდა არჩევნები და მასში მონაწილეობას მიიღებდნენ უფლებამოსილი სუბიექტები, რაც მოსარჩელის გამარჯვების საფუძველი გახდებოდა. 38 დელეგატი, რომლებმაც უკანონოდ მიიღეს მონაწილეობა სეოკის პრეზიდენტის არჩევნებში, ლ.ხ–ს უჭერდნენ მხარს და მათი ხმებიც შესაბამისად ლ.ხ–ის მიერ მიღებულ ხმებს უნდა გამოაკლდეს. აღნიშნულ არჩევნებში უკანონო დელეგატების მიერ ხმის მიცემა ზოგადად არჩევნების შედეგებზე ზემოქმედების მიზანს ემსახურებოდა. თუ ლ.ხ–ის ხმებს გამოაკლდება უკანონო დელეგატების 38 ხმა, მოსარჩელე დააგროვებს 57 ხმას, ხოლო ლ.ხ–ი - 40 ხმას;

23.5. პრეზიდენტის არჩევის რეგლამენტი (დებულება), რომელიც არჩევნებამდე 2 თვით ადრე დამტკიცდა, არ შეიცავდა ისეთ ნორმებს, რომლებსაც შეეძლო დასაწყისშივე აღეძრა ეჭვი მომავალში (ანუ 2 თვის შემდეგ) ჩასატარებელი არჩევნების დარღვევებთან დაკავშირებით. რეგლამენტი შეიცავს ნორმებს პრეზიდენტობის კანდიდატურების წამოყენების, კანდიდატურის წარმდგენი ორგანოს განაცხადის სეოკის შტაბ-ბინაში გაგზავნის, ვებგვერდზე ინფორმაციის განთავსების, საარჩევნო კომისიისა და ხმის დამთვლელი კომისიის შემადგენლობის, კანდიდატების მიერ პროგრამების წარუდგენლობის, კენჭისყრის ფარულობის, კანდიდატის პრეზიდენტად არჩევისათვის საკმარისი ხმების რაოდენობის, მეორე ტურის, ბიულეტენში სასურველი კანდიდატის აღნიშვნისა და მისი გაფორმების წესის, ხმების დათვლის წესისა და ხმის მიცემის შედეგების დამტკიცების შესახებ. შესაბამისად, გაუგებარია ამ ჩამოთვლილი წესებიდან რომელი მათგანი უნდა გაეხადა მოსარჩელეს სადავოდ. რეგლამენტის ნორმები არ ეწინააღმდეგება არც მოქმედ კანონმდებლობას, არც მოქმედ წესდებას და არც ოლიმპიურ ქარტიას;

23.6. მოსარჩელე წინასწარ ვერ დაასაბუთებდა მის იურიდიულ ინტერესს, ვინაიდან სარჩელის აღძვრამდე, ბუნებრივია, ჯერ კიდევ არ არსებობდა დავა მასსა და მოპასუხეს შორის და მისთვის თავიდანვე უცნობი იყო, დარღვევით ჩატარდებოდა თუ არა არჩევნები. მას შემდეგ, რაც დაირღვა მოსარჩელის უფლებები, მას უკვე წარმოეშვა იურიდიული ინტერესი. მოსარჩელეს კანონისა და წესდების დარღვევით ჩატარებული არჩევნების შემდეგ გაუჩნდა იურიდიული ინტერესი ანუ მაშინ, როცა მისთვის ცნობილი გახდა, რომ არჩევნებში დელეგატები წარგზავნეს იმ ორგანიზაციებმა, რომლებიც გაწევრიანების ნაკლის გამო არ წარმოადგენდნენ სეოკის წევრებს, დარღვევით იქნენ სეოკში გაწევრიანებულნი, დარღვევებით იყვნენ რეესტრში რეგისტრირებულნი და სხვ.; შესაბამისად, სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ სახეზე არ იყო მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რადგან გადაწყვეტილების შედეგად მოსარჩელისთვის ნამდვილად დგება გარკვეული შედეგი. ხელახალი არჩევნების ჩატარების შემდეგ, იგი კვლავ შეძლებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას და გამარჯვებას;

23.7. სასამართლომ მოსარჩელეს მოუსპო პროცესუალური შესაძლებლობა დაესაბუთებინა სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა. მოსარჩელე მოითხოვდა, რომ სასამართლოს გამოეკვლია 2016 წლის 23 დეკემბერს ჩატარებული არჩევნების შემაჯამებელი ოქმი და შეეფასებინა მისი ნამდვილობა და ლეგიტიმურობა. კერძოდ, აუცილებელი იყო ისეთი პროცედურების შემოწმება, როგორიცაა: ა) გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ორგანო მოწვეული იყო თუ არა კანონითა და წესდებით გათვალისწინებული წესით; ბ) კენჭისყრაში მონაწილე სუბიექტთა უფლებამოსილება; გ) კენჭისყრაში მონაწილე დელეგატთა დელეგირების სისწორე; დ) კენჭისყრის სწორად ორგანიზება (ფარული თუ ღია) და სხვ.;

23.8. მოსარჩელემ სესიის ოქმის ნამდვილობა სადავო გახადა რამდენიმე კუთხით. კერძოდ, სადავო იყო კენჭისყრაში მონაწილე სუბიექტთა უფლებამოსილება და დელეგატთა დელეგირების მართლზომიერება. იმისათვის, რომ მოსარჩელეს დაესაბუთებინა კენჭისყრაში მონაწილე სუბიექტთა ლეგიტიმურობა, სასამართლოს უნდა გამოეკვლია, რომელი ორგანიზაციების მიერ იყვნენ დელეგატები წარდგენილნი. ამ ფაქტის გამოკვლევა დაეხმარებოდა დელეგატი ფიზიკური პირების იდენტიფიცირებაში. იდენტიფიცირება გულისხმობს მათ მიკუთვნებას კონკრეტული ორგანიზაციისადმი;

23.9. სეოკის ვებგვერდზე განთავსდა მხოლოდ დელეგატ-ფიზიკურ პირთა გვარ-სახელები, რაც საკმარისი არ იყო წარმომგზავნ ორგანიზაციებთან მათი იდენტიფიცირებისთვის. მოსარჩელე თავად შეეცადა დელეგატების იდენტიფიცირებას, რისთვისაც არაერთხელ მიმართა სეოკს ინფორმაციის გამოთხოვნის მოთხოვნით, თუმცა სეოკმა მას უარი უთხრა, ხოლო სასამართლომ კი არ დააკმაყოფილა მისი შუამდგომლობა აღნიშნული დოკუმენტების გამოთხოვის თაობაზე. ამით პირველი ინსტანციის სასამართლომ დაარღვია შეჯიბრებითობის პრინციპი, ხოლო სააპელაციო პალატამ სასამართლოს აღნიშნული ქმედება მართლზომიერად მიიჩნია. იდენტიფიცირების შემთხვევაში გაადვილდებოდა კენჭისყრისას მიცემული თითოეული ხმის დათვლა, ვინაიდან დელეგატების წარმდგენ ორგანიზაციებს სხვადასხვა რაოდენობის დელეგატების წარგზავნის უფლება ჰქონდათ 1-დან 5-მდე. წინამდებარე დავაში ხმების დათვლას არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან სწორედ ხმების დათვლის შედეგად ვლინდება არჩევნებში გამარჯვებული;

23.10. სასამართლომ არასწორად განმარტა სეოკის წესდების IV თავის პირველი მუხლი, რომელიც განსაზღვრავს, თუ ვინ შეიძლება გახდეს სეოკის წევრი. სასამართლოს სწორედ ის გარემოებები უნდა გამოეკვლია, თუ რამდენად სწორად იყვნენ პირები სეოკში გაწევრიანებული. სეოკში გაწევრიანება არის ერთ-ერთი ძირითადი გარემოება, რაც კონკრეტულ სუბიექტს ანიჭებდა სეოკის წევრის სტატუსს, ხოლო ამ სტატუსის მეშვეობით - არჩევნებში მონაწილეობის უფლებამოსილებას. სასამართლოზე არ იქნა წარმოდგენილი წევრად მიღების შესახებ არც აღმასკომის პირობითი გადაწყვეტილებები და არც სესიების სხდომის ოქმები. სასამართლომ კვლევის გარეშე განმარტა და დაადგინა ამ სუბიექტების უფლებამოსილება და არჩევნებში ხმის უფლება;

23.11. სეოკის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობისათვის სეოკის წევრებმა აღმასკომს უნდა წარუდგინონ მათი დელეგატების სია. შესაბამისად, ორგანიზაციების მიერ დელეგატების წარდგენის დოკუმენტებიც უნდა ინახებოდეს სეოკში, თუმცა მოპასუხეს არც ეს დოკუმენტები წარუდგენია. მოსარჩელის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მოპასუხემ არ გადასცა მას სადავო ორგანიზაციებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და არც სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელის შუადგომლობა ამ მტკიცებულებების გამოთხოვის შესახებ. შესაბამისად, სრულიად დაუსაბუთებელია სასამართლოს განჩინება მტკიცებულებათა გამოთხოვის თაობაზე უარის თქმის შესახებ. ამდენად, სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები;

23.12. მოსარჩელე შუამდგომლობით დამატებით ითხოვდა შემდეგი ინფორმაციის შემცველი დოკუმენტების გამოთხოვას: 1. არჩევნებში მონაწილე დელეგატების წარმდგენი ორგანიზაციების ჩამონათვალი; 2. არჩევნებში მონაწილე დელეგატების წარმდგენი ორგანიზაციების განცხადებები დელეგატების წარდგენის შესახებ, დელეგატების რაოდენობის მითითებით; 3. დამოუკიდებელი ფიზიკური პირების მონაცემები; 4. დამოუკიდებელი ფიზიკური პირების გაწევრიანების დოკუმენტები. სააპელაციო სასამართლომ, საქალაქო სასამართლოს მსგავსად, ისე დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, რომ არ გააჩნდა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან დაკავშირებით სათანადო დოკუმენტაცია და ამ მტკიცებულებების გამოთხოვის შესახებ მოსარჩელის კანონიერი შუამდგომლობაც არ დააკმაყოფილა;

23.13. წესდებაში ნომინირებას (ანუ იმას, რომ წესდებაში წევრი ორგანიზაციები ჩამოთვლილი არიან) არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხის გადასაწყვეტად. მაგალითად, წესდებაში ხმის უფლების მქონე სეოკის წევრებად მითითებული არიან ასევე აღმასკომის წევრებიც. მათი რიცხვი სულ 17-ია ანუ საარჩევნო სესიაში მათაც მიიღეს მონაწილეობა. მაგრამ ოლიმპიური ქარტიის 28.1.1.1. მუხლის თანახმად, ადგილობრივი ეროვნული კომიტეტის შემადგენლობაში სავალდებულო წევრად (და ხმის უფლებით) მიიჩნევა მხოლოდ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრი ადგილობრივ ქვეყანაში. სასამართლოებმა არ გამოიკვლიეს ის გარემოება, აღმასკომის 17 წევრიდან რომელი იყო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პირდაპირი წევრი, რომელიც ხმის უფლებას მიიღებდა სეოკის სესიებზე. ამდენად, სადავოა აღმასკომის 17 წევრის ხმაც;

23.14. 2016 წლის 23 დეკემბრის არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა აკადემიამ, საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციამ, საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ, საქართველოს ოლიმპიურმა მუზეუმმა, საქართველოს ოლიმპიური ფილატელიის ასოციაციამ და საქართველოს კულტურული ოლიმპიადის ეროვნულმა ასოციაციამ, რომელთა სავარაუდო გაწევრიანება მოხდა ოლიმპიური ქარტიის მოთხოვნების დარღვევით. კერძოდ, დაირღვა ქარტიის 28.2.2. პუნქტის მოთხოვნა, ვინაიდან აღნიშნული ორგანიზაციები არ წარმოადგენენ არც სპორტულ ჯგუფებს და არც სპორტული ორიენტაციის ორგანიზაციებს;

23.15. სეოკის რეგიონალური ორგანიზაციების სამართლებრივი სტატუსი არ შეესაბამება სეოკის წესდების მოთხოვნებს. არც მოქმედი და არც 2008 წლის წესდებები, ასევე არც ოლიმპიური ქარტია ითვალისწინებს რეგიონალური ორგანიზაციების შექმნას იურიდიული პირების სახით, მით უმეტეს, მათ შექმნას ისეთი სამართლებრივი ფორმით, როგორიცაა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. სეოკის რეგიონალური ორგანიზაციები შეიქმნენ არა სეოკში და არა როგორც მისი სტრუქტურული ერთეულები, არამედ - სეოკის გარეთ, თანაც როგორც დამოუკიდებელი იურიდიული პირები. თუ რეგიონალური ორგანიზაციები უნდა შექმნილიყვნენ სეოკის მიერ, მათ ერთადერთ დამფუძნებლად უნდა გამოსულიყო თავად სეოკი. თუმცა რეგიონალური ორგანიზაციების დამფუძნებელი სეოკთან ერთად არის ფიზიკურ პირთა ჯგუფი, ხოლო მათი დაფუძნების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია სეოკის წარმომადგენლისა და ფიზიკურ პირთა ერთობლივ სადამფუძნებლო შეკრებაზე. ზოგიერთი რეგიონალური ორგანიზაცია შექმნილია მხოლოდ გარეშე პირთა მიერ. შესაბამისად, ამ სახით შექმნილ რეგიონალურ ორგანიზაციებს საერთოდ არ უნდა ჰქონოდათ სეოკის სესიებში, მათ შორის, საარჩევნო სესიებში მონაწილეობისა და ხმის უფლება. თუ სეოკის რეგიონალური ორგაზაციები უნდა შექმნილიყვნენ დამოუკიდებელი იურიდიული პირის სტატუსით, მაშინ ისინი როგორც დამოუკიდებელი იურიდიული პირები სეოკში მაინც უნდა გაწევრიანებულიყვნენ, სეოკის წესდებისა და ოლიმპიური ქარტიის წესების თანახმად. ფაქტია, რომ არ არსებობს არც აღმასკომის დროებითი გადაწყვეტილება და არც გენერალური სესიის ოქმი მათი გაწევრიანების შესახებ;

23.16. სადავო არჩევნებში მონაწილეობდა „კ.კ–ის სახელობის ოლიმპიელთა კლუბი“. წესდების მიხედვით, საქართველოს ოლიმპიელთა კლუბს 5 დელეგატის წარდგენის უფლება ჰქონდა. 2014 წლის წესდებაში ასეთი დასახელების ორგანიზაცია („კ.კ–ის სახელობის ოლიმპიელთა კლუბი“) არ არსებობს. წესდებაში მითითებულია ორგანიზაცია „საქართველოს ოლიმპიელთა კლუბი“. ასეთი დასახელების ორგანიზაცია რეესტრში რეგისტრირებული არ არის. სასამართლოს არ გამოუკვლევია, წარმოადგენდა თუ არა ერთსა და იმავე ორგანიზაციას „კ.კ–ის სახელობის ოლიმპიელთა კლუბი“ და „საქართველოს ოლიმპიელთა კლუბი“ და რატომ არ იყო ნომინირებული 2014 წლის წესდებაში „კ.კ–ის სახელობის ოლიმპიელთა კლუბი“, ასევე, როგორ მიიღო სადავო არჩევნებში მონაწილეობა იმ ორგანიზაციამ, რომელიც საერთოდ არ არსებობდა ბუნებაში და ვინ იყო ის 5 დელეგატი, ვინც გაურკვეველი ოლიმპიელთა კლუბის სახელით მონაწილეობდა კენჭისყრაში;

23.17. ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ არჩევნებში მონაწილეობისა და ხმის მიცემის უფლება არ გააჩნდა 34 ორგანიზაციას/პირს: 6 არასპორტული ორგანიზაცია, 10 რეგიონალური ორგანიზაცია, კ.კ–ის სახელობის ოლიმპიელთა კლუბი - 5 ხმა და 17 აღმასკომის წევრი, სულ 38 ხმა;

23.18. წესდების მე-4 და მე-5 პუნქტების ანალიზიდან ირკვევა, რომ სეოკის წევრის სტატუსის მისაღებად ყველა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს (მათ შორის, მე-4 პუნქტის პირველი ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებს, რომელთა მიღებაც სავალდებულოა) ესაჭიროება სეოკის გაწევრიანების პროცედურის გავლა ანუ გაწევრიანების განაცხადის წარდგენა და ა.შ.; მართალია, სეოკში გაწევრიანების გადაწყვეტილებას იღებს გენერალური ასამბლეა, თუმცა, სხვა პირებისა თუ ორგანიზაციებისაგან განსხვავებით, სეოკის წესდების მე-4 პუნქტის პირველ ქვეპუნქტში ჩამოთვლილი ორგანიზაციების/პირების მიღებასთან დაკავშირებით გენერალური ასამბლეა შეზღუდულია ანუ მათთან დაკავშირებით მხოლოდ დადებითი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, თუმცა ეს არ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ გაწევრიანების განაცხადის წარდგენა და გადაწყვეტილების მიღების პროცესი არ უნდა იქნეს დაცული. თუ სეოკისთვის უცნობი არის მისი წევრების რაოდენობა და ვინაობა, შეუძლებელია იმის განსაზღვრა, არის თუ არა სესია უფლებამოსილი, განიხილოს საკითხი და მიიღოს გადაწყვეტილება.

24. მოსარჩელის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი განხილულ იქნა მხარეთა დასწრებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 დეკემბრისა და 2022 წლის 28 იანვრის სასამართლო სხდომებზე, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 იანვრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

25. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, აგრეთვე - იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 აპრილის საოქმო განჩინება მტკიცებულებათა გამოთხოვის თაობაზე უარის თქმის შესახებ და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

26. საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში [სსსკ-ის 404.1. მუხლის პირველი წინადადება]. საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407-ე მუხლი].

27. საკასაციო სასამართლო სადავო ოქმის ბათილად ცნობის საკითხის არსებით განხილვამდე ვალდებულია შეამოწმოს მოცემული დავის მიმართ მოსარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესის არსებობა [სსსკ-ის 180-ე მუხლი: სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს], ვინაიდან სეოკის წევრთა მიერ გამოვლენილი ნება წარმოადგენს მრავალმხრივ გარიგებას, რომლის ბათილად ცნობის, როგორც აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილების, წინაპირობად უნდა იკვეთებოდეს მოსარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესი.

28. იურიდიული ინტერესი არის ის ფაქტობრივი და სამართლებრივი შედეგი, რომლის მიღწევასაც ცდილობს მხარე აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით. აღიარებითი სარჩელის შემთხვევაში, იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. აღიარებითი სარჩელი უნდა ემსახურებოდეს მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას. სსსკ-ის 180-ე მუხლი ადგენს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს, კერძოდ: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა. აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით, მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების აღიარებასთან. სხვა საკითხია იურიდიული შედეგის არსებობის ან არარსებობის დადგენის სურვილი. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის უპირატესად უნდა გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განჩინება საქმე №ას-121-117-2016, 17 მარტი, 2016 წელი).

29. იურიდიული ინტერესი ნამდვილია იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობიდან გამომდინარე, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, შეიძლება დადგეს ის შედეგი, რასაც მხარე ისახავს მიზნად. აღნიშნული პირობა ობიექტური გარემოებაა და არ აქვს მნიშვნელობა, თავად მხარე რა სამართლებრივი შედეგის დადგომას უკავშირებს საქმეზე გადაწყვეტილების მიღებას (იხ. სუსგ საქმე №ას-148-139-2014, 26 თებერვალი, 2015 წელი).

30. მოსარჩელე სარჩელის იურიდიულ ინტერესად უთითებდა იმაზე, რომ სადავო ოქმის ბათილად ცნობის შემთხვევაში, მას შესაძლებლობა ექნებოდა მონაწილეობა მიეღო ხელახლა ჩატარებულ არჩევნებში, რომლის სამართლიანად და მიუკერძოებლად ჩატარების შემთხვევაში მას ექნებოდა გამარჯვების რეალური შანსი (იხ. ტ. I, განცხადება იურიდიული ინტერესის დასაბუთების შესახებ, ს. ფ. 93-94).

31. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია, რომ წინამდებარე დავის მიმართ მას გააჩნდა იურიდიული ინტერესი. აღნიშნული დასკვნა სააპელაციო პალატამ დააფუძნა ორ არგუმენტს:

31.1. მოსარჩელის მოსაზრებით, უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი წინასაარჩევნო პირობები: ა) ხელახლა გადამოწმდება დელეგატების წარმდგენი ორგანიზაციების წევრობა სეოკში, რაც დადასტურებული უნდა იქნას სეოკის სესიის ოქმებით; ამით განისაზღვრება არჩევნებში მონაწილე უფლებამოსილი სუბიექტების ლეგიტიმურობა; ბ) მოთხოვნილი იქნება სეოკის წევრი ორგანიზაციების მიერ წარდგენილი დელეგატების შესახებ ყველა განაცხადი, რაც შესაძლებლობას მისცემს მოსარჩელეს მოახდინოს დელეგატების იდენტიფიცირება დელეგატების წარმდგენ ორგანიზაციებთან; გ) მოთხოვნილი იქნება სეოკის წევრ ორგანიზაციებში დელეგატების არჩევის შესახებ შესაბამისი ორგანოების კრების ოქმები, რითაც დაცული იქნება წესდების VIII თავის 3.1. პარაგრაფის მეორე აბზაცი. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ზემოთ მითითებული გადაწყვეტილებების მიღების პირობებში სადავო ოქმის გაუქმებით ვერ მიიღწეოდა მოსარჩელის იურიდიული ინტერესი;

31.2. სადავო ოქმის მიხედვით, სესიის მონაწილეებს წინასწარ დაურიგდათ აღმასკომის 2016 წლის 4 ოქტომბრის სხდომაზე დამტკიცებული სეოკის პრეზიდენტის არჩევნების დებულება-რეგლამენტი, რომელიც ოქმის მიხედვით სრულ შესაბამისობაში იყო ოლიმპიურ ქარტიასა და სეოკის მოქმედ წესდებასთან. გამომდინარე აქედან, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება, რომ მოსარჩელეს არჩევნების დაწყებამდე სადავოდ არ გაუხდია დებულება-რეგლამენტი და არჩევნების შემდეგ მხოლოდ მითითება სესიის კანონისა და წესდების დარღვევით ჩატარებაზე ვერ ასაბუთებდა სადავო ოქმის ბათილად ცნობის იურიდიულ ინტერესს.

32. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დავის მიმართ მოსარჩელის იურიდიული ინტერესის არსებობა არ შეიძლება გამოირიცხოს სადავო არჩევნების ჩატარებამდე მოსარჩელის უმოქმედობით. კერძოდ, ის ფაქტი, რომ მოსარჩელემ სესიის უკანონოდ ჩატარებაზე მხოლოდ არჩევნების შემდეგ მიუთითა, მოსარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესის არარსებობას ვერ ასაბუთებს, პირიქით, სწორედ მაშინ წარმოეშვა მას იურიდიული ინტერესი სადავო ოქმის ბათილად ცნობის მიმართ. მოსარჩელის მითითება სესიის კანონდარღვევით ჩატარებაზე, რომლის შედეგად შეილახა მისი უფლება არჩეულიყო სეოკის პრეზიდენტად, საკმარისია მისი იურიდიული ინტერესის დასასაბუთებლად. ამასთან, ორივე ინსტანციის სასამართლოს მითითება სეოკის პრეზიდენტის არჩევნების დებულება-რეგლამენტზე, რომელიც მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია, არ არის შემხებლობაში მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლებთან. მოსარჩელე სადავო ოქმის ბათილობას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ დარღვეულია წესდებისა და ქარტიის მოთხოვნები.

33. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს მიერ დასახელებულ პირველ არგუმენტს, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს მხედველობაში აქვს სადავო ოქმის გაბათილების შემთხვევაში ხელახალი არჩევნების ჩატარებისას ამჟამად სადავოდ გამხდარი საკითხების შემოწმების შესაძლებლობა, რაც მის უფლებას წარმოადგენს და კავშირში არ არის დავის საგანთან. საკასაციო პალატისთვის გაუგებარია აღნიშნული დასაბუთებით მოსარჩელის იურიდიული ინტერესის არსებობის გამორიცხვა.

34. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის მიერ სარჩელის უარყოფა იურიდიული ინტერესის არარსებობის საფუძვლით დაუსაბუთებელია. წინამდებარე დავის მიმართ მოსარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესის არსებობა ცალსახად გამოკვეთილია, რადგან აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება განაპირობებდა ახალი სესიის კანონით დადგენილი წესით ჩატარებას, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფდა მოსარჩელის უფლებას არჩეული ყოფილიყო სეოკის პრეზიდენტად.

35. რაც შეეხება სადავო ოქმის ბათილობის საკითხს [სსკ-ის 54-ე მუხლი: ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს], საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული საკითხის შემოწმება მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების პირობებში შეუძლებელია. საკასაციო სასამართლო არ არის ფაქტების დამდგენი სასამართლო. მას შეუძლია იმსჯელოს მხოლოდ იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რაც დადგენილია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით და შეამოწმოს ეს განჩინება მხოლოდ სამართლებრივი თვალსაზრისით. ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ კი სათანადოდ არ არის გამოკვლეული და დადგენილი ის მთავარი ფაქტობრივი გარემოებები, რაც მნიშვნელოვანია აღნიშნული დავის გადასაწყვეტად.

36. მოსარჩელე სადავო ოქმის ბათილობას რამდენიმე საფუძვლით ითხოვს: ა) კენჭისყრაში მონაწილე სუბიექტთა უფლებამოსილება; ბ) კენჭისყრაში მონაწილე დელეგატთა დელეგირების მართლზომიერება. კერძოდ, მოსარჩელემ სადავო გახადა რამდენიმე საკითხი: სეოკის წესდებით განსაზღვრული ზოგიერთი ორგანიზაცია არ არის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული; სეოკის ზოგიერთ რეგისტრირებულ რეგიონალურ ორგანიზაციას არ ჰყავს სეოკისა და რეგიონალური ორგანიზაციის წესდებით გათვალისწინებული ის მმართველი ორგანო, რომელიც სეოკის სესიისთვის შესაბამისი პროცედურული ნორმების დაცვით დელეგატის დამტკიცებისა და წარდგენისთვის იმოქმედებდა; სამი ორგანიზაცია რეესტრში რეგისტრირებულია 2016 წლის 15 დეკემბერს, შესაბამისად, შეუძლებელია ერთი კვირის ვადაში ისინი სეოკის წევრები გამხდარიყვნენ წესდებით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით (იხ. სარჩელი, ტ. I, ს.ფ. 1-17); აღმასკომის 17 წევრის სეოკის წევრებად მიჩნევა ეწინააღმდეგება ოლიმპიურ ქარტიას; ზოგიერთი ორგანიზაცია არ წარმოადგენს არც სპორტულ ჯგუფს და არც სპორტული ორიენტაციის ორგანიზაციას, რის გამოც დაირღვა ოლიმპიური ქარტიის 28.2.2. პუნქტის მოთხოვნა; რეგიონალური ორგანიზაციების სამართლებრივი სტატუსი არ შეესაბამება სეოკის წესდების მოთხოვნებს, ვინაიდან სეოკის წესდების თანახმად, ისინი უნდა შექმნილიყვნენ, როგორც სეოკის ფილიალები და არა ცალკე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახით; თუ სეოკის ზემოაღნიშნული რეგიონალური ორგანიზაციები უნდა შექმნილიყვნენ დამოუკიდებელი იურიდიული პირის სტატუსით, მაშინ ისინი, როგორც დამოუკიდებელი იურიდიული პირები სეოკში უნდა გაწევრიანებულიყვნენ სეოკის წესდებისა და ოლიმპიური ქარტიის წესების თანახმად, თუმცა არ არსებობს არც აღმასკომის დროებითი გადაწყვეტილება და არც გენერალური სესიის ოქმი მათი გაწევრიანების შესახებ; გაურკვეველია კ.კ–ის სახელობის ოლიმპიელთა კლუბის სეოკში გაწევრიანების თარიღი და წესი (იხ. მოსარჩელის ახსნა-განმარტება (თეზისები), ტ. II, ს.ფ. 351-365).

37. საკასაციო პალატა იზიარებს მოსარჩელის პოზიციას, რომ არჩევნებში მონაწილე სუბიექტთა უფლებამოსილების შესამოწმებლად, პირველ რიგში, გამოსაკვლევია, რომელი ორგანიზაციების მიერ იყვნენ დელეგატები წარდგენილნი 2016 წლის 23 დეკემბრის არჩევნებზე, ვინაიდან სეოკის წესდებით გათვალისწინებულია სხვადასხვა წევრის მიერ სხვადასხვა რაოდენობის წარმომადგენელთა განსაზღვრის შესაძლებლობა [სეოკის წესდების VIII თავის 3.1. ქვეპუნქტის თანახმად, სეოკის ყველა სესიაზე (ყოველწლიური საანგარიშო, საანგარიშო-საარჩევნო ან რიგგარეშე) შესაბამის საერთაშორისო ფედერაციებში გაწევრიანებული სპორტის ოლიმპიურ სახეობათა ფედერაციები წარმოდგენილნი იქნებიან ორი დელეგატით (თითოეული ერთი ხმის უფლებით), ისე რომ სპორტის ოლიმპიური სახეობების ფედერაციების დელეგატები, ოლიმპიური ქარტიის შესაბამისად, წარმოადგენდნენ სესიაზე კენჭისყრაში მონაწილე ხმათა უმრავლესობას. საქართველოს ოლიმპიელთა ასოციაციასა და საქართველოს ოლიმპიელთა კლუბს შეუძლიათ სეოკის სესიებზე წარმოადგინონ ხმის უფლების მქონე 5-5 წარმომადგენელი (დელეგატი). IV მუხლის 1.1.1. პარაგრაფში აღნიშნული დანარჩენი სუბიექტები, რომლებსაც განსაზღვრული არ აქვთ წარმომადგენელთა რაოდენობა, წარმოდგენილნი იქნებიან ერთი დელეგატით (ერთი ხმის უფლებით). სესიის მუშაობაში ხმის უფლებით წარმომადგენელთა (დელეგატთა) პერსონალური სია განისაზღვრება სეოკის სუბიექტთა (პარაგრაფი 1.1.1.) მართვის უმაღლესი ორგანოების მიერ]. აღნიშნული საკითხი ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ არ არის გამოკვლეული. დადგენილია მხოლოდ ის, რომ სადავო ოქმის მიხედვით, 136 დელეგატიდან სესიას დაესწრო 135 (იხ. წინამდებარე განჩინების 4.6. ქვეპუნქტი), ხოლო სპორტსმენთა კომისიის სხდომამ საანგარიშო-საარჩევნო სესიაზე ორი დელეგატი წარადგინა (იხ. წინამდებარე განჩინების მე-6 პუნქტი). რაც შეეხება არჩევნებში მონაწილე სხვა დელეგატებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ არ არის დადგენილი, თუ რომელი ორგანიზაციების მიერ იყვნენ ისინი წარდგენილნი, შესაბამისად, გაურკვეველია, რომელმა ორგანიზაციამ რამდენი დელეგატი წარგზავნა. აღნიშნული საკითხის გამოკვლევის გარეშე შეუძლებელია ხმების დათვლისა და არჩევნების შედეგების შემოწმება.

38. ამასთან, საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ, როგორც სააპელაციო პალატას, ისე პირველი ინსტანციის სასამართლოს, რომლის ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება სრულად გაიზიარა სააპელაციო სასამართლომ, არ აქვს სათანადოდ გამოკვლეული და შესწავლილი მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი საკითხები.

39. საკასაციო სასამართლო იზიარებს ასევე კასატორის პრეტენზიას, რომ დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს განჩინება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 აპრილის საოქმო განჩინების (მტკიცებულებათა გამოთხოვის თაობაზე უარის თქმის შესახებ) უცვლელად დატოვების ნაწილშიც.

40. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, 2017 წლის 16 მარტს მოსარჩელის წარმომადგენელმა შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა სეოკიდან შემდეგი სახის ინფორმაციისა და დოკუმენტების გამოთხოვა:

40.1. არჩევნებში მონაწილე, დელეგატების წარმდგენი ორგანიზაციების ჩამონათვალი (მათი მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით: საიდენტიფიკაციო კოდი, მისამართი და ხელმძღვანელი);

40.2. არჩევნებში მონაწილე, დელეგატების წარმდგენი ორგანიზაციების განცხადებები დელეგატების წარდგენის შესახებ, ასევე, მათ მიერ წარდგენილი დელეგატების რაოდენობა;

40.3. სეოკის გენერალური ასამბლეის (სესიის) ყველა ის ოქმი (2016 წლის ჩათვლით), რომლის საფუძველზეც არჩევნებში მონაწილე, დელეგატების წარმდგენი ორგანიზაციები გაწევრიანდნენ საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში, სეოკის წესდების შესაბამისად;

40.4. რომელი ფიზიკური პირი მონაწილეობდა არჩევნებში დამოუკიდებლად (მათი მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით: სახელი და გვარი, პირადი ნომერი, საცხოვრებელი მისამართი);

40.5. როდის გაწევრიანდნენ აღნიშნული ფიზიკური პირები სეოკში, ასევე, მათი გაწევრიანების დამადასტურებელი დოკუმენტები (იხ. ტ. I, ს.ფ. 286-287).

41. შუამდგომლობის ავტორი უთითებდა, რომ აღნიშნული ინფორმაციისა და დოკუმენტების წარმოდგენით დადასტურდებოდა სეოკის წესდებისა და ოლიმპიური ქარტიის წესების უხეში დარღვევით არჩევნების ჩატარების ფაქტობრივი გარემოება, რაც საარჩევნო ოქმის გაბათილების საფუძველს წარმოადგენდა.

42. საქალაქო სასამართლომ მოსარჩელის ზემოაღნიშნული შუამდგომლობა დაუსაბუთებლად მიიჩნია, რადგან სხდომის ოქმში განსაზღვრულ დღის წესრიგში მითითებული იყო თვით დებულება-რეგლამენტის საკითხის განხილვა. მოსარჩელე მონაწილეობდა საარჩევნო კენჭისყრაში, როგორც სეოკის პრეზიდენტობის კანდიდატი, მისთვის ცნობილი იყო მთელი კრების განმავლობაში და წინასაარჩევნო ეტაპზე მონაწილეობას იღებდა იმ დებულება-რეგლამენტითა და წესდებით, რომელიც არსებობდა მანამდე, სანამ სადავო გახდებოდა აღნიშნული სესიის ოქმი [იხ. ტ. II, ს. ფ. 97-106, 269, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 აპრილის სასამართლოს მოსამზადებელი სხდომის ოქმი CD დისკი: 16:24:42-16:28:22].

43. სააპელაციო პალატამ პირველი ინსტანციის სასამართლოს ზემოაღნიშნული საოქმო განჩინება ფაქტობრივ-სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებულად და კანონიერად მიიჩნია, რასაც ვერ გაიზიარებს საკასაციო პალატა.

44. განსახილველ შემთხვევაში მტკიცებულებათა გამოთხოვის თაობაზე უარის თქმის შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული საოქმო განჩინება კანონით გათვალისწინებულ საფუძველს არ ემყარება [სსსკ-ის 103.2. მუხლის თანახმად, თუ მხარეებმა ამა თუ იმ მიზეზით ვერ შეძლეს მტკიცებულებების უშუალოდ მიღება და სასამართლოში წარდგენა, მხარეთა შუამდგომლობით სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები, ვისთანაც უნდა იყოს ისინი. სსსკ-ის 104.1. მუხლის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ]. მსგავსი სახის შუამდგომლობის განხილვისას არსებითია საკითხი იმის შესახებ, რამდენად არის საქმისთვის მნიშვნელოვანი ის მტკიცებულებები, რომელთა გამოთხოვასაც მხარე შუამდგომლობს. საქალაქო სასამართლოს ფაქტობრივად არც უმსჯელია, რამდენად იყო საქმესთან შემხებლობაში აღნიშნული მტკიცებულებები და რამდენად დაეხმარებოდა ისინი სასამართლოს ფაქტობრივი გარემოებების დადგენაში. გამომდინარე აქედან, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 აპრილის საოქმო განჩინება მტკიცებულებათა გამოთხოვის თაობაზე უარის თქმის შესახებ, დაუსაბუთებელია და უნდა გაუქმდეს. ამასთან, საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო პალატამ წინამდებარე განჩინებაში ასახული მითითებების გათვალისწინებით უნდა იმსჯელოს საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნული საოქმო განჩინების კანონიერებაზე.

45. საკასაციო პალატა იზიარებს ასევე კასატორის პრეტენზიას სააპელაციო სასამართლოს განჩინების დაუსაბუთებლობასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ მართლმსაჯულება სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანით ხორციელდება. სასამართლო გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება დაკავშირებულია სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპთან. სამართლებრივი სახელმწიფოს ნებისმიერი მოქმედება, რომელიც მიმართულია პირის რომელიმე უფლების შეზღუდვისკენ, საჭიროებს დასაბუთებას. თუ სასამართლო არ ასაბუთებს თავის გადაწყვეტილებას ან ასაბუთებს არასაკმარისად, მაშინ შეუძლებელია მიღებული გადაწყვეტილების გადამოწმება. ამასთან, აღნიშნული გადაწყვეტილება ფაქტობრივადაც და იურიდიულადაც დასაბუთებული უნდა იყოს. უპირველეს ყოვლისა კი, წაგებულმა მხარემ უნდა იცოდეს, თუ რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ მის წინააღმდეგ და რა საფუძვლით, რა კონკრეტულ ფაქტებზე, მტკიცებულებებსა და არგუმენტებზე დაყრდნობით, სხვაგვარად მის მიმართ არ იქნება განხორციელებული ეფექტიანი მართლმსაჯულება (იხ. სუსგ №ას-730-698-2016, 7 აპრილი, 2017 წელი).

46. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი არგუმენტების ძირითად ასპექტებს (იხ. გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, §§ 29-30). შესაბამისად, უფლება მოსმენაზე მოიცავს არა მხოლოდ სასამართლოს წინაშე არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობას, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გადაწყვეტილების დასაბუთებაში მიუთითოს მიზეზები, რომელთა საფუძველზეც გაიზიარა ან უარყო შესაბამისი არგუმენტები. სასამართლომ შეიძლება აუცილებლად არ მიიჩნიოს იმგვარ არგუმენტებზე პასუხის გაცემა, რომლებიც აშკარად არარელევანტური, დაუსაბუთებელი ან სხვაგვარად დაუშვებელია, მსგავსი არგუმენტების მიმართ არსებული სამართლებრივი დებულებების ან მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, თუმცა, ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს ნათელი და საქმეში მონაწილე მხარეებს შესაძლებლობას უნდა აძლევდეს გაიგონ, თუ რატომ გაითვალისწინა სასამართლომ მხოლოდ კონკრეტული გარემოებები და მტკიცებულებები (იხ. გადაწყვეტილება საქმეზე Seryavin and Others v. Ukraine §§ 55-62). სასამართლოს აქვს ვალდებულება, სათანადოდ იმსჯელოს მხარეთა მიერ წარდგენილ დოკუმენტებზე, არგუმენტებსა და მტკიცებულებებზე (იხ. Kraska v. Switzerland, §30; Van de Hurk v. the Netherlands, §59; Perez v. France, §80) (იხ. სუსგ №ას-930-2019, 3 ოქტომბერი, 2019 წელი).

47. სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზეა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი.

48. სსსკ-ის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სახეზეა მტკიცებულებათა ხელახალი გამოკვლევის აუცილებლობა, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას თავად მიიღოს გადაწყვეტილება დავაზე, ხოლო სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას, მტკიცებულებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად უნდა დაადგინოს დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება.

49. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით [სსსკ-ის 53.4 მუხლი]. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას, სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ი.მ–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ივნისის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ი.მ–ის სააპელაციო საჩივარი; აგრეთვე იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 აპრილის საოქმო განჩინება მტკიცებულებათა გამოთხოვის თაობაზე უარის თქმის შესახებ და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი