Facebook Twitter

საქმე №ას-1055-2021 24 თებერვალი, 2022 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები (შეგებებული სარჩელის ავტორები) – ა(ა)იპ „ქ. თბილისის №28 საბავშვო ბაგა-ბაღი“, ა(ა)იპ „ქ. თბილისის №21 საბავშვო ბაგა-ბაღი“, ა(ა)იპ „ქ. თბილისის №22 საბავშვო ბაგა-ბაღი“, ა(ა)იპ „ქ. თბილისის №123 საბავშვო ბაგა-ბაღი“, ა(ა)იპ „ქ. თბილისის №176 საბავშვო ბაგა-ბაღი“

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – შპს „ე–ი“

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება, ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 14 ივლისის განჩინება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

შპს „ე–მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების მიმართ და მოითხოვა:

ა(ა)იპ „თბილისის №28 საბავშვო ბაგა-ბაღისთვის“ მოსარჩელის სასარგებლოდ გაწეული მომსახურების ღირებულების - 21 330.6 ლარის, პირგასამტეხლოს 1785 ლარის და საბანკო გარანტიის თანხის - 3234 ლარის გადახდის დაკისრება;

ა(ა)იპ „თბილისის №176 საბავშვო ბაგა-ბაღისთვის“ მოსარჩელის სასარგებლოდ გაწეული მომსახურების ღირებულების - 14231.35 ლარის, პირგასამტეხლოს - 1260 ლარის და საბანკო გარანტიის თანხის - 2804 ლარის გადახდის დაკისრება;

ა(ა)იპ „თბილისის №21 საბავშო საბავშვო ბაგა-ბაღისთვის“ მოსარჩელის სასარგებლოდ გაწეული მომსახურეობის ღირებულების 9263.7 ლარის, პირგასამტეხლოს - 720 ლარის და საბანკო გარანტიის თანხის - 1337 ლარის გადახდის დაკისრება;

ა(ა)იპ „თბილისის №22 საბავშვო ბაგა-ბაღისთვის“ მოსარჩელის სასარგებლოდ გაწეული მომსახურების ღირებულების 20786.75 ლარის, პირგასამტეხლოს - 1600 ლარის და საბანკო გარანტიის თანხის - 3226 ლარი გადახდის დაკისრება;

ა(ა)იპ „თბილისის №123 საბავშვო ბაგა-ბაღისთვის“ მოსარჩელის სასარგებლოდ გაწეული მომსახურეობის ღირებულების 16169.5 ლარის, პირგასამტეხლოს - 1232 ლარის საბანკო გარანტიის თანხის - 3564 ლარის გადახდის დაკისრება.

მოპასუხეებმა ინდივიდუალურად წარადგინეს შეგებებული სარჩელები შპს „ე–ის“ მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე და მოითხოვეს:

ა(ა)იპ „თბილისის №28 საბავშვო ბაგა-ბაღის“ სასარგებლოდ 29795.30 ლარის ოდენობით თანხის დაკისრება;

ა(ა)იპ „თბილისის №176 საბავშვო ბაგა-ბაღის“ სასარგებლოდ 24275.30 ლარის ოდენობით თანხის დაკისრება;

ა(ა)იპ „თბილისის №21 საბავშვო ბაგა-ბაღის“ სასარგებლოდ 13600.50 ლარის ოდენობით თანხის დაკისრება;

ა(ა)იპ „თბილისის №22 საბავშვო ბაგა-ბაღის“ სასარგებლოდ 30021.10 ლარის ოდენობით თანხის დაკისრება;

ა(ა)იპ „თბილისის №123 საბავშვო ბაგა-ბაღის“ სასარგებლოდ 24055.00 ლარის ოდენობით თანხის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით:

შპს „ე–ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: შპს „ე–ის“ სასარგებლოდ მოპასუხე ა(ა)იპ „თბილისის №28 საბავშო ბაგა-ბაღს“ დაეკისრა გაწეული მომსახურების ღირებულების 21330.60 ლარის და შემცირებული პირგასამტეხლოს - 178.5 ლარის გადახდა;

შპს „ე–ის“ სასარგებლოდ ა(ა)იპ „თბილისის №176 საბავშო ბაგა-ბაღს“ დაეკისრა გაწეული მომსახურების ღირებულების 14231.35 ლარის და შემცირებული პირგასამტეხლოს - 126 ლარის გადახდა;

შპს „ე–ის“ სასარგებლოდ ა(ა)იპ „თბილისის №21 საბავშვო ბაგა-ბაღს“ მოსარჩელე დაეკისრა გაწეული მომსახურების ღირებულების 9263.7 ლარის და შემცირებული პირგასამტეხლოს 720 ლარის გადახდა;

ა(ა)იპ „თბილისის №22 საბავშვო ბაგა-ბაღს“ შპს „ე–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა გაწეული მომსახურების ღირებულების 20786.75 ლარის და შემცირებული პირგასამტეხლოს 160 ლარის გადახდა;

ა(ა)იპ „თბილისის №123 საბავშვო ბაგა ბაღს“ შპს „ე–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა გაწეული მომსახურების ღირებულების 16169.5 ლარის და შემცირებული პირგასამტეხლოს 1232 ლარის გადახდა;

შპს „ე–ის“ სარჩელი მოპასუხეების მიმართ საბანკო გარანტიის თანხის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა;

შეგებებული სარჩელები მოპასუხე შპს „ე–ის“ მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

მხარეებმა გაასაჩივრეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით: მოპასუხეებმა მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო მოსარჩელემ - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 14 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 14 ივლისის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება შპს „ე–ის“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში შევიდა კანონიერ ძალაში.

კასატორების განმარტებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ სწორად განმარტა, რომ რძე და აღდგენილი რძე განსხვავებული ცნებებია. შესაბამისად, ხელშეკრულებით, რძეზე დამზადებული პროდუქტის გამოყენებით მომსახურების გაწევის მოთხოვნის თვითნებური ჩანაცვლება აღდგენილ რძეზე დამზადებული პროდუქტით, წარმოადგენდა ხელშეკრულების არაჯეროვან შესრულებას, მაშასადამე, სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობას.

კასატორების მტკიცებით, იმ პირობებში, როდესაც შეთანხმებით გათვალისწინებული ხარისხის ყველი და კარაქი არ მიუღიათ, არც საფასურის გადახდის ვალდებულება გააჩნიათ, რაც, თავის მხრივ, მათთვის ზიანის მიყენებას განაპირობებს. კასატორების განმარტებით, დაუსაბუთებელია მსჯელობა, რომ ნაკლიანი შესრულების მიღება, მხარეთა შორის ახალი გარიგების დადებას გულისხმობს. მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებისა და მიღება-ჩაბარებების აქტების გაფორმების მიუხედავად, მოწინააღმდეგე მხარე არ თავისუფლდება ნაკლიანი შესრულების პასუხისმგებლობისაგან მომსახურებისას შეთანხმებული ხარისხის ყველის და კარაქის მიუწოდებლობისთვის. ამდენად, შესრულების მიღება არ წარმოადგენს ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობის საფუძველს.

კასატორები განმარტავენ, რომ შპს „ე–ი“ მათ აწვდიდა პროდუქციას მზა სახით, იმგვარად, რომ მათ უშუალოდ პროდუქტთან შეხება არ ჰქონიათ. აქედან გამომდინარე, კასატორები განმარტავენ, რომ მათთვის უცნობია რა რაოდენობით და რა ღირებულებით იქნა გამოყენებული აღდგენილ რძეზე დამზადებული პროდუქტი ხელშეკრულებით შეთანხმებული ყველის და კარაქის ჩასანაცვლებლად. ეს ყოველივე კი, მათთვის ბუნდოვანს ხდის საკითხს თუ, რა პროდუქტზე წარმოეშვათ ანაზღაურების ვალდებულება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2021 წლის 11 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე და 401-ე მუხლების მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მიწოდებული საქონლის ღირებულების, პირგასამტეხლოს და ზიანის ანაზღაურების დაკისრების წინაპირობების არსებობა.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 488-ე მუხლის პირველი ნაწილზე რომლის თანახმადაც, ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ნაკლს უთანაბრდება, თუ გამყიდველი გადასცემს ნივთის მხოლოდ ერთ ნაწილს, სულ სხვა ნივთს, მცირე რაოდენობით ან, თუ ნივთის ერთი ნაწილი ნაკლის მქონეა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ნაკლი არსებით გავლენას ვერ მოახდენს შესრულებაზე.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 490-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ გაყიდული ნივთი ნაკლის მქონეა, გამყიდველმა ან უნდა გამოასწოროს ეს ნაკლი, ან, თუ საქმე ეხება გვაროვნულ ნივთს, შეცვალოს ნივთი საამისოდ აუცილებელ ვადაში. ამავე კოდექსის 491-ე მუხლის თანახმად მყიდველს შეუძლია ნივთის ნაკლის გამო მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა 352-ე მუხლის მიხედვით. ასეთ შემთხვევაში, გამყიდველმა უნდა აუნაზღაუროს მყიდველს გაწეული დანახარჯები. ხოლო, 492-ე მიხლის მიხედვით თუ, მყიდველი არ ითხოვს ნივთის ნაკლის გამოსწორებას ან ახლით მის შეცვლას გამყიდველისათვის საამისოდ მიცემული ვადის გასვლის შემდეგ და არც ხელშეკრულების მოშლას, მას შეუძლია მოითხოვოს ფასის შემცირება იმ ოდენობით, რაც საჭიროა ნაკლის გამოსასწორებლად. მხედველობაში მიიღება ხელშეკრულების დადების მომენტისათვის არსებული ფასი.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 490-ე, 491-ე და 492-ე მუხლები არაჯეროვან შესრულებასთან მიმართებით, რამდენიმე ალტერნატიულ მოთხოვნას განიხილავს. თუ მყიდველი დამატებითი ვადის დაწესებით პირველადი მოთხოვნის შესრულების მექანიზმს არ იყენებს, მას შეუძლია გამყიდველისგან მოითხოვოს გვაროვნული ნივთის შეცვლა, ნასყიდობის ფასის შემცირება ან სამოქალაქო კოდექსის 491-ე მუხლის პირველი ნაწილის და 405-ე მუხლების პირველი ნაწილის შესაბამისად ხელშეკრულებაზე უარის თქმა. ამასთან, 492-ე მუხლის დანაწესი მყიდველს აძლევს შესაძლებლობას მოითხოვოს ნასყიდობის ფასის შემცირება კონტრაჰენტის მხრიდან არაჯეროვანი შესრულების მიღების პირობებშიც კი (ჩაჩავა ს., საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი <www.gccc.ge>, მუხლი 492, ნაწილი 1-ელი, ველი 1 და 2).

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „ე–ის“ მიერ ხორციელდებოდა შეთანხმებული პროდუქციის (მათ შორის ყველის და კარაქის) კასატორებისთვის მიწოდება. დადგენილია, რომ შპს „ე–ის“ მიერ ბაგა-ბაღებისთვის მიწოდებული პროდუქტები - ყველი და კარაქი ნაცვლად პასტერიზებული რძისა, დამზადებული იყო აღდგენილი რძისგან. ასევე დადგენილია, რომ კასატორებმა მიიღეს ზემოაღნიშნული პროდუქცია - გააფორმეს შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტები.

ამდენად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უდავოდ დგინდება ვალდებულების ნაწილობრივ, არაჯეროვანი შესრულება, რაც გამოიხატება გარკვეული პროდუქციის (ყველი და კარაქი) ხელშეკრულებით გათვალისწინებულისგან განსხვავებული მახასიათებლებით მიწოდებაში. პალატა განმარტავს, რომ კასატორებს ჰქონდათ შესაძლებლობა ესარგებლათ რომელიმე დასახელებული სამართლებრივი მექანიზმით, რაც არ განუხორციელებიათ. ამასთან, კასატორების პრეტენზია, რომ ერთიანი ხელშეკრულების კონტექსტში არ უნდა მოხდეს ვალდებულების ნაწილობრივ შესრულების შეფასება, რადგან, კონკრეტულად ყველის და კარაქის მიწოდების ნაწილში ვალდებულება საერთოდ არ შესრულებულა, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. ერთიანი ვალდებულების, ამგვარი დაყოფის შემთხვევაში, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება ყოველთვის ვალდებულების შეუსრულებლობად იქნება განხილული, რაც ეწინააღმდეგება სამოქალაქო სამართლებრივ წესრიგს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 ოქტომბრის №ას-1056-2020 განჩინება). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორებს, დადგენილი არაჯეროვანი შესრულების გათვალისწინებით, არ წარუდგენიათ შპს „ე–თვის“ მითითებული პირველადი და მეორადი სახელშეკრულებო მოთხოვნები. ამდენად, ისინი ვალდებულნი არიან გადაიხადონ მიღებული პროდუქციის ღირებულება.

პირგასამტეხლოს დაკისრებასთან მიმართებით, საკასაციო პალატა მიუთითებს, იმ გარემოებაზე, რომ შემსყიდველმა, მიწოდებული პროდუქციის თანხა სრულად არ გადაიხადა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობაზე მართებულად მიუთითა და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, შპს „ე–ი“ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად ჯარიმის მოთხოვნას აფუძნებს გადახდის ვადების გადაცილებას, ვინაიდან მყიდველმა ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალიწინებით მოთხოვნა დაარღვია და არ გადაიხადა მიწოდებული პროდუქტის ღირებულება. ამასთან, უდავოა, რომ შემსყიდველის პრეტენზიები მიწოდებული საქონლის საფასურის უკან დაბრუნების თაობაზე, როგორც ვალდებულების გარეშე გადახდილზე დაუსაბაუთებელია, აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატის მოსაზრებით მართებულადაა დაკისრებული პირგასამტეხლო.

კასატორების შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ ვერ იქნა დადასტურებული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 408-ე მუხლის პირველის ნაწილით განსაზღვრული ზიანის მიყენების ფაქტი, ამდენად არც ამ ნაწილში უნდა იქნეს გაზიარებული კასატორების პოზიცია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველი დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. ამდენად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ა(ა)იპ „ქ. თბილისის №28 საბავშვო ბაგა-ბაღის“,ა(ა)იპ „ქ. თბილისის №21 საბავშვო ბაგა-ბაღის“, ა(ა)იპ „ქ. თბილისის №22 საბავშვო ბაგა-ბაღის“, ა(ა)იპ „ქ. თბილისის №176 საბავშვო ბაგა-ბაღის“ და ა(ა)იპ „ქ. თბილისის №123 საბავშვო ბაგა-ბაღის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 14 ივლისის განჩინება;

3. სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) ა(ა)იპ „ქ. თბილისის №28 საბავშვო ბაგა-ბაღს“ (ს.კ. 208145210) დაუბრუნდეს გადახდილი 2565.25 ლარის (საგადახდო დავალება №1635324932, გადახდის თარიღი 2021 წლის 27 ოქტომბერი) 70% - 1795.68 ლარი; ა(ა)იპ „ქ. თბილისის №21 საბავშვო ბაგა-ბაღს“ (ს.კ. 200277002) დაუბრუნდეს გადახდილი 1179.21 ლარის (საგადახდო დავალება №1635327837, გადახდის თარიღი 2021 წლის 27 ოქტომბერი) 70% - 825.45 ლარი; ა(ა)იპ „ქ. თბილისის №22 საბავშვო ბაგა-ბაღს“ (ს.კ. 200008133) დაუბრუნდეს გადახდილი 2548.39 ლარის (საგადახდო დავალება №1635326305, გადახდის თარიღი 2021 წლის 27 ოქტომბერი) 70% - 1783.87 ლარი; ა(ა)იპ „ქ. თბილისის N123 საბავშვო ბაგა-ბაღს“ (ს.კ. 209472499) დაუბრუნდეს გადახდილი 2072.85 ლარის (საგადახდო დავალება №1635325020, გადახდის თარიღი 2021 წლის 27 ოქტომბერი) 70% - 1450.995 ლარი; ა(ა)იპ „ქ. თბილისის №176 საბავშვო ბაგა-ბაღს“ (ს.კ. 208145817) დაუბრუნდეს გადახდილი 1931.63 ლარის (საგადახდო დავალება №1635329401, გადახდის თარიღი 2021 წლის 27 ოქტომბერი) 70% - 1352.14 ლარი;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ა. წულაძე

მოსარმართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. მიქაუტაძე