საქმე №ას-1850-2021 1 ივნისი, 2021 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი – ქ.მ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს "ჰ.ს–ი" (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩნება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 18 დეკემბრის განჩინება
განმცხადებლის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებით განაცდურის ანაზღაურება, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება, პირგასამტეხლოს დაკისრება, გამოუყენებელი საშვებულებო თანხის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით ქ.მ–ის სარჩელი, მოპასუხე შპს "ჰ.ს–ის" მიმართ, ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენის, იძულებით განაცდურის ანაზღაურების, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების, პირგასამტეხლოს დაკისრების და გამოუყენებელი საშვებულებო თანხის ანაზღაურების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 9 დეკემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 18 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
აღნიშნული განჩინება ქ.მ–ის წარმომადგენელს ს.მ–ძეს გაეგზავნა, მის მიერ, საქმეში მითითებულ მისამართზე (ქ. თბილისი, ......, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება) და აღნიშნულ მისამართზე ჩაბარდა იურისტს, თ.ს–ას 2021 წლის 5 მარტს.
2021 წლის 12 აპრილს, ფოსტის მეშვეობით, უზენაეს სასამართლოს მომართა, კასატორის წარმომადგენელმა ს.მ–ძემ, მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 18 დეკემბრის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 425-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა და მისი განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით, იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რომლებიც ამ თავშია დადგენილი. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს.
განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელი მოითხოვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 18 დეკემბრის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისთვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა.
განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 18 დეკემბრის განჩინების ასლი ქ.მ–ის წარმომადგენელს ს.მ–ძეს გაეგზავნა, მის მიერ, საქმეზე მითითებულ მისამართზე (ქ. თბილისი, ........, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება) და აღნიშნულ მისამართზე ჩაბარდა იურისტს, თ.ს–ას 2021 წლის 5 მარტს.
2021 წლის 12 აპრილს, ფოსტის მეშვეობით, უზენაეს სასამართლოს მომართა, კასატორის წარმომადგენელმა ს.მ–ძემ, მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 18 დეკემბრის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
ამდენად, განცხადების ფორმალურ-პროცესუალური საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად პალატა მიიჩნევს, რომ განცხადება წარმოდგენილია ერთ თვიანი ვადის დარღვევით, რაც განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი, რომლის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.
განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 18 დეკემბრის განჩინების ასლი ქ.მ–ის წარმომადგენელს ს.მ–ძეს გაეგზავნა მის მიერ საქმეზე მითითებულ მისამართზე (ქ. თბილისი, .........., საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება) და აღნიშნულ მისამართზე ჩაბარდა იურისტს თ.ს–ას 2021 წლის 5 მარტს.
შესაბამისად აღნიშნულ განჩინებაზე განცხადების წარდგენის ერთ თვიანი ვადის ათვლა დაიწყო განჩინების ასლის ჩაბარების მომდევნო დღიდან ანუ 2021 წლის 6 მარტიდან და ამოიწურა 2021 წლის 5 აპრილს (ორშაბათი), შესაბამისად, განცხადება წარდგენილი უნდა ყოფილიყო 2021 წლის 5 აპრილის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ განცხადება წარმომადგენელმა ს.მ–ძემ, ფოსტის მეშვეობით, წარმოადგინა 2021 წლის 12 აპრილს ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიაციტივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ.მ–ის წარმომადგენლის ს.მ–ძის განცხადება წარმოდგენილია კანონით განსაზღვრული ვადის დარღვევით და უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 396-ე, 425-ე, 426-ე, 429-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ.მ–ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 18 დეკემბრის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე მიჩნეულ იქნას დაუშვებლად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ე. გასიტაშვილი