საქმე №ა-4-ბ-2020 11 ივნისი, 2020 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი _ გ.ტ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს "ი–ი"(მოსარჩელე)
განმცხადებლის მოთხოვნა - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 6 დეკემბრის განჩინების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 იანვრის განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება თბილისის სააპელაციო სასამართლოში
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - განცხადების განუხილველად დატოვება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით შპს "ი–ის" სარჩელი მოპასუხის გ.ტ–ძის წინააღმდეგ, თანხის დაკისრების თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. დასახელებული განჩინება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 6 დეკემბრის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
4. საქართველოს უზენაეს სასამართლოს, 2020 წლის 3 იანვარს, განცხადებით მომართა გ.ტ–ძემ და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 6 დეკემბრის განჩინების გაუქმება და, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 იანვრის განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება თბილისის სააპელაციო სასამართლოში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გ.ტ–ძის განცხადების საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აღნიშნული განცხადება განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგი არგუმენტაციით:
5. სსსკ-ის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (სსსკ-ის 422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (სსსკ-ის 423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.
5. სსსკ-ის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.
5. განსახილველ შემთხვევაში განმცხადებელი თხოვს როგორც გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, ასევე - ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებას. თუმცა, წარმოდგენილი განცხადება არ არკმაყოფილებს, არც სსსკ 422-ე მუხლით დადგენილ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და არც სსსკ 423-ე მუხლის ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო წარმოების განახლების კანონით განსაზღვრულ პირობებს. განმცხადებელი განცხადებაში წარმოადგენს მის, როგორც მხარის, პოზიციას საქმესთან დაკავშირებით და უთითებს მხოლოდ საქმის არსებითად განსახილველ გარემოებებზე, რომელთაგან არც ერთი წარმოადგენს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ წინაპირობებს.
5. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს განცხადების განმხილველი სასამართლოს ვალდებულება, საქმის განსახილველად მომზადების ეტაპზე საკუთარი ინიციატივით შეამოწმოს ფორმალური თვალსაზრისით შეესაბამება თუ არა განცხადება კანონის მოთხოვნებს.
5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ.ტ–ძის განცხადება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 6 დეკემბრის განჩინების გაუქმების და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე, უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 422-ე,423-ე, 429-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ.ტ–ძის განცხადება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 6 დეკემბრის განჩინების გაუქმებისა და, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე, დარჩეს განუხილველი;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე ე. გასიტაშვილი