Facebook Twitter

საქმე №ას-1075-2021 25 თებერვალი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - სს „დ.ს.კ.ი–ო“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ნ.ს–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად უარყოფა

დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტის გადახდა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ნ.ს–ძემ (შემდგომ - დასაქმებული, მოსარჩელე, აპელანტი) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „დ.ს.კ.ი–ოს“ (შემდგომ - კომპანია, დამსაქმებელი, მოპასუხე, კასატორი) მიმართ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენის, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებისა ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტის გადახდის მოთხოვნით.

სარჩელის საფუძვლები

2. მოსარჩელე 2010 წლის სექტემბერში დაინიშნა მოპასუხის აჭარის ფილიალის მმართველად. 2013 წლის 31 დეკემბერის ხელშეკრულებით კი - აჭარის რეგიონული გაყიდვების კოორდინატორად. მისი ყოველთვიური ანაზღაურება განისაზღვრა 1000 ლარით საშემოსავლო გადასახადის გამოკლებით. მოსარჩელე პირნათლად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს და ხელფასთან ერთად იღებდა პრემიას. 2016 წლის 31 ოქტომბერს მოსარჩელეს ფოსტის მეშვეობით ჩაჰბარდა 2016 წლის 26 ოქტომბრის ბრძანება ამავე წლის 27 ოქტომბრიდან სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე და ეცნობა, რომ აიღებდა ოქტომბრის ხელფასის მხოლოდ ნახევარს. ბრძანებაში გათავისუფლების საფუძვლად მითითებულ იქნა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები. მოსარჩელეს მოპასუხისგან არ მიუღია შინაგანაწესის დარღვევის ან ვალდებულების არაკეთილსინდისიერად შესრულების თაობაზე რაიმე გაფრთხილება და გათავისუფლებამდე ნაკისრ ვალდებულებებს ჩვეულებრივად ასრულებდა. მოსარჩელის მტკიცებით, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება უკანონოა.

მოპასუხის შესაგებელი

3. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელე არღვევდა შრომითი ხელშეკრულებითა და შინაგანაწესით დაკისრებულ ვალდებულებებს. 2016 წლის 20 ივლისის ბრძანებით გაფრთხილების მიუხედავად, იგი აგრძელებდა ვალდებულების დარღვევას. მოსარჩელემ 2016 წლის 28 აგვისტოდან ისე ისარგებლა შვებულებით, რომ არ შეათანხმა ეს საკითხი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსთან - მოპასუხის რეგიონული ფილიალის მმართველთან. თვითნებური შვებულების ამოწურვის შემდეგ მოსარჩელე არ ცხადდებოდა სამსახურში. 2016 წლის 22 ოქტომბერს მოპასუხის გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორთან შეხვედრისას მოსარჩელემ ნაწილობრივ დაადასტურა საპატიო მიზეზის გარეშე სამსახურში გამოუცხადებლობის ფაქტი. მოსარჩელე უხეშად არღვევდა ხელშეკრულებითა და შინაგანაწესით დაკისრებულ ვალდებულებებს (უკვე შეფარდებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის პირობებში), რაც სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ და თ“ ქვეპუნქტების თანახმად, წარმოადგენს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით - მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება.

კასატორის მოთხოვნა:

7. ზემოაღნიშნული განჩინება მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საკასაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 6 ნოემბრის განჩინებით - საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებით - სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის 2016 წლის 26 ოქტომბრის ბრძანება; მოპასუხეს დაეკისრა 20 000 ლარის (ხელზე ასაღები) გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ; სამუშაოზე აღდგენის, განაცდურის ანაზღაურების პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის მიერ საპროცესო ხარჯის სახით გაღებული 550 (100+150+300) ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

10. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, დადგენილი იყო, რომ დასაქმებულმა საშვებულებო განაცხადი 2016 წლის 14 აგვისტოს შეავსო, შემცვლელი პირიც დაასახელა და ელექტრონული ფოსტით გაგზავნა სათაო ოფისში. შვებულების მოთხოვნის შესახებ მან აცნობა უშუალო ხელმძღვანელსაც, რომელმაც ეს გარემოება დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლოში 2019 წლის 19 თებერვლის სხდომაზე. მხარეებმა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე ისიც დაადასტურეს, რომ შვებულების გაცემის რიგითობა მოპასუხე კომპანიაში დადგენილი არ იყო. სტრუქტურული ხელმძღვანელისგან მოსარჩელემ დაუსაბუთებელი სიტყვიერი უარი მიიღო (შვებულებაზე უარის თქმის შესახებ წერილობითი დოკუმენტი საქმეში წარმოდგენილი არ არის). პალატის მოსაზრებით, შვებულებაზე უარის თქმის შემთხვევაში (შინაგანაწესის 10.3.), მოპასუხე ვალდებული იყო, წერილობით ეცნობებინა დასაქმებულისთვის, რომ არ იყო თანახმა, მოსარჩელეს შვებულებით ესარგებლა, რადგან დამსაქმებელი გადაუდებელი აუცილებლობის წინაშე იდგა და დასაქმებულისათვის მიმდინარე წელს ანაზღაურებადი შვებულების მიცემას შეიძლება უარყოფითად ემოქმედა სამუშაოს ნორმალურ მიმდინარეობაზე. ამასთან, დასაქმებულისგან უნდა მიეღო წერილობითი თანხმობა შვებულების მომდევნო წლისთვის გადატანის თაობაზე. უდავოა, რომ მსგავსი ფაქტობრივი გარემოება საქმის მასალებით არ დასტურდება. ასეც რომ არ ყოფილიყო, დადგენილია, მოსარჩელეს წინა წელს შვებულებით არ უსარგებლია (რასაც მოპასუხე არ შესდავებია). შესაბამისად, შრომის კოდექსის იმ დანაწესიდან გამომდინარე, რომლითაც დაუშვებელია შვებულების გადატანა ზედიზედ 2 წლის განმავლობაში, მოპასუხეს არ ჰქონდა შინაგანაწესის 10.3 მუხლით გათვალისწინებული უარის თქმის საფუძველი. მოსარჩელეს შვებულებით სარგებლობის უფლება წარმოეშვა იმ მომენტიდან, როდესაც დამსაქმებელს მიუვიდა დასაქმებულის მოთხოვნა შვებულების თაობაზე. ნების მისვლა კი, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელმა დაადასტურა.

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს (15.06.2021წ.) სხდომაზე მოპასუხის მითითება, შვებულების უფლების გამოყენებაზე დამსაქმებლის მხრიდან სიტყვიერი უარის თქმის თაობაზე (რომც ყოფილიყო გაცხადებული ასეთი უარი, რასაც მოსარჩელე უარყოფს), რომ თითქოს ეს განპირობებული იყო კომპანიის ახალ ოფისში გადასვლის დაგეგმვით, რადგან მხარეთა განმარტებით, 2016 წლის ოქტომბრის ბოლოს დამსაქმებელი ჯერ კიდევ ძველ ოფისში აგრძელებდა საქმიანობას.

12. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის არც ის მტკიცება, რომ შვებულების ამოწურვის შემდეგ მოსარჩელე არ ცხადდებოდა სამსახურში. მოპასუხე კომპანიაში დასაქმებულ მოწმეთა ჩვენებები, რომლითაც ისინი ადასტურებენ, რომ მოსარჩელე არ დადიოდა სამსახუში, პალატამ არ მიიჩნია სანდო სამართლებრივი ღირებულების მქონე მტკიცებულებად, რადგან ეს მოწმეები მოპასუხესთან დასაქმებული პირები იყვნენ, შესაბამისად, სამსახურებრივ დაქვემდებარებაში მყოფნი. გარდა ამისა, ისინი კონკრეტულად ვერ უთითებენ, თუ რომელ დღეს არ გამოცხადებულა მოსარჩელე სამსახურში. ისიც ფაქტია, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს ოქტომბრის თვის ხელფასი (მართალია, ნაკლები, 50%, მაგრამ მაინც ჩაურიცხა) 50%, მოპასუხისვე განმარტებით, დაუქვითა. თუ ოქტომბრის თვეში მოსარჩელე საერთოდ არ ცხადდებოდა სამსახურში, მაშინ ლოგიკურია კითხვა ნახევარი თვის ხელფასის ჩარიცხვასთან დაკავშირებით. საგულისხმოა მოსარჩელის მითითებებიც იმასთან დაკავშირებით, რომ, თუ იგი შვებულების შემდეგ სამსახუში არ დადიოდა, საიდან ეცოდინებოდა 2016 წლის 22 ოქტომბრის შეხვედრაზე მისულს, რა მდგომარეობა დახვდებოდა ოფისში, გამოსწორებული იყო თუ არა სამუშაო გარემო, რის საფუძველზე გააკეთებდა ახსნა-განმარტებას იმის შესახებ, რომ ოფისში ისევ არ იყო სამუშაო პირობები. ამდენად, პალატამ გაიზიარა მოსარჩელის მითითება (და არც მოპასუხეს წარმოუდგენია საწინააღმდეგო მტკიცებულება), რომ არც სიტყვიერი, არც წერილობითი გაფრთხილება, სამსახურში გამოუცხადებლობის თაობაზე მოპასუხისგან არ მიუღია (მათ შორის - არც ელ.ფოსტით) ამის საჭიროების არარსებობის გამო, ვინაიდან იგი სამსახუში დადიოდა და მხოლოდ, 2016 წლის 11 ოქტომბერს საპატიო (შინაგანაწესის 12.1.-12.4 მუხლები) მიზეზის გამო, ვერ გამოცხადდა სამსახურში.

13. პალატის მითითებით, დადგენილი იყო, რომ მოპასუხემ 2016 წლის 3 ნოემბერს, მოსარჩელეს ანგარიშზე ჩაურიცხა 425.00 ლარი. სხდომაზე მოპასუხის განმარტების თანახმად, ეს თანხა გათავისუფლებამდე (26.10.2016წ), მოსარჩელის ოქტომბრის თვის ხელფასია, რომელიც კომპანიის შინაგანაწესის 13.8 მუხლით გათვალისწინებული წესით (ს.ფ.63), ამავე შინაგანაწესით გათვალისწინებული დარღვევებისათვის დაექვითა (ერთჯერადად არაუმეტეს ხელფასის 50%-ისა). გამომდინარე აღნიშნულიდან, რომც ჩავთვალოთ დადასტურებულად, მოსარჩელე ოქტომბერში აცდენდა სამუშაოს (რაც პალატის აზრით, არ დასტურდება), ამ დარღვევისათვის მის მიმართ მოპასუხემ გამოიყენა სანქცია - ნახევარი თვის ხელფასი დაუქვითა, რაც შინაგანაწესის მე-17 მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის სახე იყო. იმავე გადაცდომისთვის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემა მოპასუხის მხრიდან სრულიად არაადეკვატური და უკანონო ქმედებაა და არ შეესაბამება არც თავად მოპასუხის შინაგანაწესს და არც მოქმედ კანონმდებლობას, ვინაიდან დაუშვებელია პირისთვის ორი სხვადასხვა სახდელის დაკისრება ერთი და იმავე გადაცდომებისთვის.

14. რაც შეეხება გათავისუფლების ერთ-ერთ ფაქტობრივ საფუძვლად მითითებულ დასაქმებულის მხრიდან ე.წ. გეგმის შეუსრულებლობას, მხარეთა შორის არსებული შრომითი ხელშეკრულებით, ასევე, 2016 წლის 22 ოქტომბრის შეხვედრის ოქმზე თანდარული მოსარჩელის განცხადებითა და სააპელაციო სასამართლოს (15.06.2021წ.) სხდომაზე მოსარჩელისა და მისი წარმომადგენლის განმარტებებით, პალატამ დადგენილად მიაჩნია, რომ ხელშეკრულებით მოსარჩელეს (რომლის მოვალეობას გაყიდვების მენეჯერების ხელმძღვანელობა წარმოადგენდა) რაიმე გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებლობა არ აუღია. დასაქმებულის გამარტებით, მართალია, იგი სადაზღვევო პროდუქტებსაც ყიდდა, მაგრამ ეს არ იყო მისი სახელშეკრულებო ვალდებულება, ამისთვის იგი დამატებით იღებდა ანაზღაურებას ე.წ. ,,ბონუსების“ (საკომისიოს) სახით.

15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიაჩნია, რომ არ დგინდებოდა მოსარჩელის მხრიდან რომელიმე იმ გადაცდომის ჩადენის ფაქტი, რაც მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებისა და შინაგანაწესით დადგენილი ვალდებულებების დარღვევას დაადასტურებდა. შესაბამისად, დამსაქმებლის 2016 წლის 26 ოქტომბრის ბრძანება, როგორც უკანონო, პალატამ ბათილად ცნო.

16. პალატის მითითებით, მოსარჩელესთან 2013 წლიდან გაფორმებული იყო შრომითი ხელშეკრულება, რომელიც შეწყდა 2016 წლის 26 ოქტომბრიდან. სამსახურიდან გათავისუფლებიდან გასული იყო, თითქმის, 5 წელი. პალატამ დაადგინა, რომ გათავისუფლებამდე მოსარჩელის მიერ დაკავებული - გაყიდვების რეგიონული კოორდინატორის თანამდებობა ბათუმის ფილიალში აღარ არსებობდა (22.06.21წ. სხდომის ოქმი 14:40:37). კომპანიას ჰქონდა მხოლოდ შემდეგი პოზიციები: ფილიალის მმართველი, რეგიონალური გაყიდვების უფროსი მენეჯერი, გაყიდვების მენეჯერი და სერვის ცენტრის ადმინისტრაციული მენეჯერი. პალატამ დაადგინა, რომ მოპასუხე კომპანიაში არც ტოლფასი ვაკანტური თანამდებობა არ არსებობდა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა დასაქმებულის პირვანდელ ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის წინაპირობები. რაკი იძულებითი განაცდურის ანაზღაურება საქართველოს შრომის კოდექსის 32.1. მუხლის თანახმად, წარმოადგენს სამსახურში აღდგენის თანმდევ სამართლებრივ შედეგს, პალატამ დაასკვნა, რომ ამ ნაწილში არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და მოპასუხისათვის იძულებითი განაცდურის დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი წანამძღვრები. პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის დარღვეული უფლება დამსაქმებლისათვის კომპენსაციის დაკისრების გზით უნდა აღდგენილიყო.

17. პალატამ გაითვალისწინა, რომ მხარეებს ხანგრძლივი შრომითი ურთიერთობა აკავშირებდათ და შრომითი ხელშეკრულება დადებული იყო განუსაზღვრელი ვადით, ასევე, მოსარჩელე არ იყო დასაქმებული, სამსახურიდან გათავისუფლებით მისი ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა, თუმცა ის ახალგაზრდა, კვალიფიციური კადრი იყო დასაქმების პერსპექტივით. დადგენილი იყო ისიც, რომ მოსარჩელის ყოველთვიური ანაზღაურება რეგიონული გაყიდვების კოორდინატორის თანამდებობიდან გათავისუფლებამდე თვეში 1000 ლარი იყო. შესაბამისად, პალატამ გონივრულად და სამართლიანად მოსარჩელისათვის კომპენსაციის - 20 000 ლარის ანაზღაურება მიიჩნია.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

18. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად უარყოფა მოითხოვა.

19. კასატორის მტკიცებით, საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობით ცალსახად დასტურდება, რომ 2016 წლის 28 აგვისტოდან მოსარჩელემ ისე ისარგებლა შვებულებით, რომ არ შეასრულა შრომითი ხელშეკრულებითა და შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულება, კერძოდ, საკითხი არ შეათანხმა სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსთან. ამასთან, ამ უკანასკნელისაგან მიიღო უარყოფითი პასუხი შვებულებით სარგებლობასთან დაკავშირებით, იმავდროულად, დამსაქმებელმა დასაქმებული საგანგებოდ გააფრთხილა თვის ჭრილში ანგარიშების წარდგენის დასრულებამდე ("თვის დახურვა"), (მომდევნო თვის დასაწყისი) შვებულების საკითხის გადადების შესახებ.

20. საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება ისიც, რომ თვითნებური შვებულების ვადის ამოწურვის შემდეგ, დასაქმებული არ ცხადდებოდა სამსახურში და კომპანიისათვის უცნობი იყო გამოუცხადებლობის მიზეზი, ვიდრე დამსაქმებელი არ დაუკავშირდა მას დირექტორატის წევრთან აუცილებელი შეხვედრის შესახებ. საყურადღებოა, რომ 2016 წლის 22 ოქტომბერს მოპასუხე კომაპანიის გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორთან შეხვედრისას დასაქმებულმა დაადასტურა როგორც თვითნებურად, სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსთან შეუთანხმებლად შვებულებაში გასვლის, ასევე, საპატიო მიზეზის დამადასტურებელი დოკუმენტის (სამედიცინო ცნობა) გარეშე სამსახურში გამოუცხადებლობის ერთ-ერთი ფაქტი (2016 წლის 11 ოქტომბერი).

21. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების და 105-ე მუხლის დებულებანი, როდესაც ზემოხსენებულ ფაქტობრივ გარემოებათა დასადასტურებლად წარდგენილი მოწმეთა ჩვენებები აუხსნელად შეფასდა, როგორც არასანდო "სამართლებრივი ღირებულების მქონე მტკიცებულებად". ამასთან, მტკიცებულებები ერთობლივად არ შეფასდა.

22. საყურადღებოა ისიც, რომ სამსახურებრივ ვალდებულებებთან დაკავშირებით მხარეთა შორის შეუთანხმებლობა წარმოიშვა ჯერ კიდევ 2016 წლის ივლისში, რაც იმ დროისათვის ყველაზე მსუბუქი ზომის სახდელის დადებით (გაფრთხილებით) გამოიხატა, რის შემდგომაც, დასაქმებულმა, შესაბამისი თანხმობის არარსებობისა და გაფრთხილების მიუხედავად, როგორც აღინიშნა, თვითნებურად „ისარგებლა“ შვებულებით. შინაგანაწესით დადგენილი შვებულების მაქსიმალური ვადის გასვლის შემდგომ კი, სამსახურში არ ცხადდებოდა. ამდენად, იბადება კითხვა - დამატებით რა უნდა გაეკეთებინა დასაქმებულს, რომ მისი ქმედება შეფასებულიყო "უხეშ დარღვევად"?

23. სასამართლომ ისე მიიჩნია დადგენილად ფაქტი, სამსახურში სიარულის დასადასტურებლად მოსარჩელეს არ მიეწოდა ვიდეოჩანაწერები, რომ არ შეუსწავლია მითითებული საკითხი. წინააღმდეგ შემთხვევაში, დადგინდებოდა, რომ არათუ არ მიეწოდა ვიდეოჩანაწერები, არამედ ვერ მიეწოდა, ვინაიდან ეს მონაცემები დაარქივებული არ იყო.

24. სასამართლომ ყოველგვარი დასაბუთებისა და ახსნის გარეშე დაადგინა კომპესაციის ოდენობა (20 000 ლარი).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

25. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

26. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

27. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

28. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

29. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

30. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბრძანების ბათილად ცნობისა და უფლებრივი რესტიტუციის შესახებ მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს შრომის კოდექსის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია, შემდგომ - სშკ) 38-ე მუხლის მე-8 პუნქტი (სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით) და 44-ე (შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით) მუხლი, ასევე, სსკ-ის 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება) და 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლები.

31. სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, პირველ რიგში, სასამართლო ამოწმებს, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. ამ საკითხის გამორკვევა კი, შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (შდრ. სუსგ №ას-235-2021, 18 ივნისი, 2021 წელი; №ას-151-147-2016, 19 აპრილი, 2016 წელი). მოცემულ შემთხვევაში, დამსაქმებლის სადავო ბრძანების მიხედვით, მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება შეწყდა სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტისა (შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა, თუ დასაქმებულის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკვე გამოყენებულ იქნა ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა) და „ზ“ ქვეპუნქტის (შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველია, დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა) საფუძველზე. ხელშეკრულების შეწყვეტის ფაქტობრივ საფუძველად დამსაქმებელი უთითებს: ა) დასაქმებულის სტრუქტურული ქვეგანყოფილების უფროსთან შეუთანხმებლად შვებულებაში გასვლას; ბ) მოსარჩელის მიერ საპატიო მიზეზის გარეშე სამუშაოს გაცდენასა და გ) გეგმის შეუსრულებლობას.

32. პალატა მიუთითებს, რომ ვიდრე სასამართლო შეამოწმებს, იყო თუ არა დარღვევები ხელშეკრულების შეწყვეტის თანაზომიერი, მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს თავად ხელშეკრულების დარღვევის ფაქტები. საპროცესო სამართალწარმოებაში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი). ნიშანდობლივია, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება მასზე, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას. აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს შემდეგი ძირეული პრინციპიდან, კერძოდ, დამსაქმებელს გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ მისმა თანამშრომელმა შრომითი მოვალეობები დაარღვია, რაც კონკრეტული ქმედებებით გამოიხატა, ვიდრე დასაქმებული, რომელიც ობიექტურად ვერ შეძლებს მტკიცებულებების წარდგენას მასზე, რომ იგი ვალდებულებას ჯეროვნად ასრულებდა (შდრ: სუსგ. №ას-630-630-2018, 6 ივლისი, 2018 წელი; №ას-151-147-2016, 19 აპრილი, 2016 წელი; №ას-483-457-2015, 7 ოქტომბერი, 2015 წელი). ამდენად, შრომითსამართლებრივი ურთიერთობებში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების ფარგლებში, პალატის განმარტებით, სწორედ სადავო სამართალურთიერთობის ძლიერი მხარე - დამსაქმებელი იყო ვალდებული, სასამართლოს წინაშე დაემტკიცებინა ფაქტი, რომელიც დამსაქმებელმა უხეშ დარღვევად შეაფასა. აქვე, ამ საკითხთან დაკავშირებით, პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საკასაციო სამართალწარმოების დროს პალატა ხელმძღვანელობს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტებით (სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) და სამართლებრივი კონტექსტით აფასებს, დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტები, რამდენად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობას.

33. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ მითითებული დასაქმებულის მხრიდან ხელშეკრულების (შინაგანაწესის) დარღვევის ფაქტები არ დასტურდება. პალატა აქვე აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ერთ-ერთ დარღვევასთან - გეგმის შეუსრულებლობასთან დაკავშირებით დაადგინა, რომ მოსარჩელეს ხელშეკრულებით არავითარი გეგმის შესრულება არ ევალებოდა. ამ დადგენილი ფაქტობრივი გარემოების წინააღმდეგ კასატორს შედავება არ წარმოუდგენია. შესაბამისად, პალატა, კასატორის პრეტენზიას შეამოწმებს ხელშეკრულების შეწყვეტის დანარჩენ ორ საფუძველთან - დასაქმებულის სტრუქტურული ქვეგანყოფილების უფროსთან შეუთანხმებლად შვებულებაში გასვლასა და მოსარჩელის მიერ საპატიო მიზეზის გარეშე სამუშაოს გაცდენასთან მიმართებით.

34. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დასაქმებულმა კუთვნილი შვებულებით სშკ-ის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის, 22-ე მუხლისა და 25-ე მუხლის შესაბამისად მართლზომიერად ისარგებლა. კასატორმა დასაბუთებული პრეტენზია ვერ წარმოადგინა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი იმ ფაქტობრივი გარემოებათა წინააღმდეგ, რომ დასაქმებულს წარმოეშვა შვებულების მოთხოვნის უფლება (ანუ ფაქტობრივად ნამუშევარი ჰქონდა 11 თვე); დამსაქმებელს არ ჰქონდა დადგენილი დასაქმებულთათვის წლის განმავლობაში ანაზღაურებად შვებულებათა მიცემის რიგითობა; დამსაქმებელს შვებულებით სარგებლობის შესახებ დასაქმებულის ნება მიუვიდა; ამასთან, დამსაქმებელს სათანადო წესით (შინაგანაწესით დადგენილი ფორმით - წერილობით) არ უცნობებია მოსარჩელისათვის, რომ იგი არ იყო თანახმა დასაქმებულის მიერ შვებულებით სარგებლობისა, რადგან დამსაქმებელი გადაუდებელი აუცილებლობის წინაშე იდგა და დასაქმებულისათვის მიმდინარე წელს ანაზღაურებადი შვებულების მიცემას შეიძლება უარყოფითად ემოქმედა სამუშაოს ნორმალურ მიმდინარეობაზე. კასატორის მითითება, რომ დამსაქმებელმა დასაქმებული გააფრთხილა თვის ჭრილში ანგარიშების წარდგენის დასრულებამდე ("თვის დახურვა") არ ესარგებლა კუთვნილი შვებულებით და, მაგალითად, შემდეგ თვეს გასულიყო შვებულებაში, არ დასტურდება არცერთი მტკიცებულებით. ასეც რომ ყოფილიყო, შვებულებაზე უარი მაინც დაუსაბუთებელი იქნებოდა, რადგან მოპასუხემ ვერ დაამტკიცა, რომ გადაუდებელი საოპერაციო მოთხოვნების წინაშე იყო და დასაქმებულისათვის 2016 წლის 28 აგვისტოდან ანაზღაურებადი შვებულების მიცემას შეიძლება უარყოფითად ემოქმედა სამუშაოს ნორმალურ მიმდინარეობაზე.

35. რაც შეეხება მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლად მითითებულ მეორე გარემოებას - საპატიო მიზეზის არარსებობის პირობებში სამუშაოს გაცდენას, მოპასუხე ამ ფაქტის დადასტურებას მხოლოდ მოპასუხე კომპანიაში დასაქმებულ მოწმეთა ჩვენებებით ცდილობდა, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ არც ეს ფაქტობრივი გარემოება არ მიიჩნია დამტკიცებულად . აღნიშნულთან დაკავშირებული კასატორის პრეტენზია ისაა, რომ მოწმეთა ჩვენებები არასანდო „სამართლებრივი ღირებულების მქონე მტკიცებულებად“ ისე შეფასდა, რომ სააპელაციო სასამართლოს არ დაუსაბუთებია, რატომ იყო მათი ჩვენებები არასანდო. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის ამ პრეტენზიას და მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ მოპასუხე კომპანიაში დასაქმებულ პირთა თავიანთი დამსაქმებლის სასარგებლოდ მიცემული ჩვენებები სამსახურებრივად დაქვემდებარებულობის მოტივით სანდო მტკიცებულებებად არ მიიჩნია.

36. პალატა მიუთითებს სსსკ-ის 105-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე, რომლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას, ინდივიდუალურად და ერთობლივად აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. „მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტი მიუთითებს სასამართლოსათვის არა სუბიექტურ მოსაზრებებზე დაყრდნობით მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადგენილად მიჩნევაზე, არამედ მოსამართლის შინაგან რწმენაზე, რომელიც შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმრივ, სრულ და ობიექტურ შეფასებაზეა დაფუძნებული“ (იხ.სუსგ Nას-279-264-17, 21.04.17 წელი).

37. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ იმ მოწმეთა ჩვენება, რომლებიც დამსაქმებლის შუამდგომლობის საფუძველზე დაიკითხნენ და დამსაქმებლის სასარგებლოდ ჩვენება მისცეს, ვერ იქნება განხილული სათანადო და საკმარის მტკიცებულებად, რადგან ის არ არის გამყარებული საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, მით უფრო, რომ ჩვენებებს შინაარსობრივადაც აკლდა დამაჯერებლობა (მოწმეები კონკრეტულად ვერ უთითებენ, თუ რომელ დღეს არ გამოცხადდა მოსარჩელე სამსახურში). ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ამ კუთხით დასაბუთებისა და მტკიცების ტვირთის მქონე დამსაქმებელმა სანდო და სარწმუნო მტკიცებულებების წარდგენის გზით ერთმნიშვნელოვნად და დამაჯერებლად ვერ შეძლო სადავო ფაქტობრივი გარემოების დამტკიცება.

38. ვინაიდან, მიმდინარე სამართალწარმოების პროცესში არ დადგინდა მოსარჩელის მხრიდან მოპასუხის მიერ მითითებული შინაგანაწესით დადგენილი მოვალეობების დარღვევა, სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა ამ დარღვევისათვის დასაქმებულის წინააღმდეგ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების მიღებას. შესაბამისად, მოპასუხის მიერ გამოვლენილ ცალმხრივ ნებას (მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ ბრძანებას) სამართლებრივი შედეგი ვერ მოჰყვებოდა (სსკ-ის 51-ე მუხლი).

39. საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლობის მოტივით არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას არც დაკისრებული კომპენსაციის შემცირების კუთხით და ამ მიმართებით მიუთითებს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკაზე (შდრ. სუსგ №ას-1339-1259-2017, 30 ივლისი, 2018 წელი; №ას-1540-2019, 30 სექტემბერი, 2019 წელი).

40. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

41. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

42. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ: №ას-1124-2019, 30 სექტემბერი, 2020 წელი; №ას-597-2019, 20 მარტი, 2020 წელი).

43. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

44. სსსკ-ის 401.4-ე მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, კასატორს დაუბრუნდება 1000 ლარის 70% – 700 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „დ.ს.კ.ი–ოს“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. სს „დ.ს.კ.ი–ოს“ (ს/კ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1000 ლარის (საგადასახადო დავალება №11434/ გადახდის თარიღი 25.10.2021) 70% - 700 ლარი.

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე