საქმე №ას-1075-2021 24 მარტი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ნ.ს–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - სს „დ.ს.კ.ი–ო“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტის გადახდა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ნ.ს–ძემ (შემდგომ - დასაქმებული, მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „დ.ს.კ.ი–ოს“ (შემდგომ - კომპანია, დამსაქმებელი, მოპასუხე) მიმართ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენის, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებისა ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტის გადახდის მოთხოვნით.
სარჩელის საფუძვლები
2. მოსარჩელე 2010 წლის სექტემბერში დაინიშნა მოპასუხის აჭარის ფილიალის მმართველად. 2013 წლის 31 დეკემბერის ხელშეკრულებით კი - აჭარის რეგიონული გაყიდვების კოორდინატორად. მისი ყოველთვიური ანაზღაურება განისაზღვრა 1000 ლარით საშემოსავლო გადასახადის გამოკლებით. მოსარჩელე პირნათლად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს და ხელფასთან ერთად იღებდა პრემიას. 2016 წლის 31 ოქტომბერს მოსარჩელეს ფოსტის მეშვეობით ჩაჰბარდა 26.10.2016 წლის Nპ153/16 ბრძანება ამავე წლის 27 ოქტომბრიდან სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე და ეცნობა, რომ აიღებდა ოქტომბრის ხელფასის მხოლოდ ნახევარს. ბრძანებაში გათავისუფლების საფუძვლად მითითებულ იქნა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები. მოსარჩელეს მოპასუხისგან არ მიუღია შინაგანაწესის დარღვევის ან ვალდებულების არაკეთილსინდისიერად შესრულების თაობაზე რაიმე გაფრთხილება და გათავისუფლებამდე ნაკისრ ვალდებულებებს ჩვეულებრივად ასრულებდა. მოსარჩელის მტკიცებით, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება უკანონოა.
მოპასუხის შესაგებელი
3. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელე არღვევდა შრომითი ხელშეკრულებითა და შინაგანაწესით დაკისრებულ ვალდებულებებს. 2016 წლის 20 ივლისის ბრძანებით გაფრთხილების მიუხედავად, იგი აგრძელებდა ვალდებულების დარღვევას. მოსარჩელემ 2016 წლის 28 აგვისტოდან ისე ისარგებლა შვებულებით, რომ არ შეათანხმა ეს საკითხი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსთან - მოპასუხის რეგიონული ფილიალის მმართველთან. თვითნებური შვებულების ამოწურვის შემდეგ მოსარჩელე არ ცხადდებოდა სამსახურში. 2016 წლის 22 ოქტომბერს მოპასუხის გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორთან შეხვედრისას მოსარჩელემ ნაწილობრივ დაადასტურა საპატიო მიზეზის გარეშე სამსახურში გამოუცხადებლობის ფაქტი. მოსარჩელე უხეშად არღვევდა ხელშეკრულებითა და შინაგანაწესით დაკისრებულ ვალდებულებებს (უკვე შეფარდებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის პირობებში), რაც სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ და თ“ ქვეპუნქტების თანახმად, წარმოადგენს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით - მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება.
კასატორის მოთხოვნა:
7. ზემოაღნიშნული განჩინება მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საკასაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 6 ნოემბრის განჩინებით - საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:
9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებით - სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის 2016 წლის 26 ოქტომბრის ბრძანება; მოპასუხეს დაეკისრა 20 000 ლარის (ხელზე ასაღები) გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ; სამუშაოზე აღდგენის, განაცდურის ანაზღაურების პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის მიერ საპროცესო ხარჯის სახით გაღებული 550 (100+150+300) ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
10. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, დადგენილი იყო, რომ დასაქმებულმა საშვებულებო განაცხადი 2016 წლის 14 აგვისტოს შეავსო, შემცვლელი პირიც დაასახელა და ელექტრონული ფოსტით გაგზავნა სათვაო ოფისში. შვებულების მოთხოვნის შესახებ მან აცნობა უშუალო ხელმძღვანელსაც, რომელმაც ეს გარემოება დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლოში 2019 წლის 19 თებერვლის სხდომაზე. მხარეებმა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე ისიც დაადასტურეს, რომ შვებულების გაცემის რიგითობა მოპასუხე კომპანიაში დადგენილი არ იყო. სტრუქტურული ხელმძღვანელისგან მოსარჩელემ დაუსაბუთებელი სიტყვიერი უარი მიიღო (შვებულებაზე უარის თქმის შესახებ წერილობითი დოკუმენტი საქმეში წარმოდგენილი არ არის). პალატის მოსაზრებით, შვებულებაზე უარის თქმის შემთხვევაში (შინაგანაწესის 10.3.), მოპასუხე ვალდებული იყო, წერილობით ეცნობებინა დასაქმებულისთვის, რომ არ იყო თანახმა, მოსარჩელეს შვებულებით ესარგებლა, რადგან დამსაქმებელი გადაუდებელი აუცილებლობის წინაშე იდგა და დასაქმებულისათვის მიმდინარე წელს ანაზღაურებადი შვებულების მიცემას შეიძლება უარყოფითად ემოქმედა სამუშაოს ნორმალურ მიმდინარეობაზე. ამასთან, დასაქმებულისგან უნდა მიეღო წერილობითი თანხმობა შვებულების მომდევნო წლისთვის გადატანის თაობაზე. უდავოა, რომ მსგავსი ფაქტობრივი გარემოება საქმის მასალებით არ დასტურდება. ასეც რომ არ ყოფილიყო, დადგენილია, მოსარჩელეს წინა წელს შვებულებით არ უსარგებლია (რასაც მოპასუხე არ შესდავებია). შესაბამისად, შრომის კოდექსის იმ დანაწესიდან გამომდინარე, რომლითაც დაუშვებელია შვებულების გადატანა ზედიზედ 2 წლის განმავლობაში, მოპასუხეს არ ჰქონდა შინაგანაწესის 10.3 მუხლით გათვალისწინებული უარის თქმის საფუძველი. მოსარჩელეს შვებულებით სარგებლობის უფლება წარმოეშვა იმ მომენტიდან, როდესაც დამსაქმებელს მიუვიდა დასაქმებულის მოთხოვნა შვებულების თაობაზე. ნების მისვლა კი, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელმა დაადასტურა.
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს (15.06.2021წ.) სხდომაზე მოპასუხის მითითება, შვებულების უფლების გამოყენებაზე დამსაქმებლის მხრიდან სიტყვიერი უარის თქმის თაობაზე (რომც ყოფილიყო გაცხადებული ასეთი უარი, რასაც მოსარჩელე უარყოფს), რომ თითქოს ეს განპირობებული იყო კომპანიის ახალ ოფისში გადასვლის დაგეგმვით, რადგან მხარეთა განმარტებით, 2016 წლის ოქტომბრის ბოლოს დამსაქმებელი ჯერ კიდევ ძველ ოფისში აგრძელებდა საქმიანობას.
12. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის არც ის მტკიცება, რომ შვებულების ამოწურვის შემდეგ მოსარჩელე არ ცხადდებოდა სამსახურში. მოპასუხე კომპანიაში დასაქმებულ მოწმეთა ჩვენებები, რომლითაც ისინი ადასტურებენ, რომ მოსარჩელე არ დადიოდა სამსახუში, პალატამ არ მიიჩნია სანდო სამართლებრივი ღირებულების მქონე მტკიცებულებად, რადგან ეს მოწმეები მოპასუხესთან დასაქმებული პირები იყვნენ, შესაბამისად, სამსახურებრივ დაქვემდებარებაში მყოფნი. გარდა ამისა, ისინი კონკრეტულად ვერ უთითებენ, თუ რომელ დღეს არ გამოცხადებულა მოსარჩელე სამსახურში. ისიც ფაქტია, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს ოქტომბრის თვის ხელფასი (მართალია, ნაკლები, 50%, მაგრამ მაინც ჩაურიცხა) 50%, მოპასუხისვე განმარტებით, დაუქვითა. თუ ოქტომბრის თვეში მოსარჩელე საერთოდ არ ცხადდებოდა სამსახურში, მაშინ ლოგიკურია კითხვა ნახევარი თვის ხელფასის ჩარიცხვასთან დაკავშირებით. საგულისხმოა მოსარჩელის მითითებებიც იმასთან დაკავშირებით, რომ, თუ იგი შვებულების შემდეგ სამსახუში არ დადიოდა, საიდან ეცოდინებოდა 2016 წლის 22 ოქტომბრის შეხვედრაზე მისულს, რა მდგომარეობა დახვდებოდა ოფისში, გამოსწორებული იყო თუ არა სამუშაო გარემო, რის საფუძველზე გააკეთებდა ახსნა-განმარტებას იმის შესახებ, რომ ოფისში ისევ არ იყო სამუშაო პირობები. ამდენად, პალატამ გაიზიარა მოსარჩელის მითითება (და არც მოპასუხეს წარმოუდგენია საწინააღმდეგო მტკიცებულება), რომ არც სიტყვიერი, არც წერილობითი გაფრთხილება, სამსახურში გამოუცხადებლობის თაობაზე მოპასუხისგან არ მიუღია (მათ შორის - არც ელ. ფოსტით) ამის საჭიროების არარსებობის გამო, ვინაიდან იგი სამსახურში დადიოდა და მხოლოდ, 2016 წლის 11 ოქტომბერს საპატიო (შინაგანაწესის 12.1.-12.4 მუხლები) მიზეზის გამო, ვერ გამოცხადდა სამსახურში.
13. პალატის მითითებით, დადგენილი იყო, რომ მოპასუხემ 2016 წლის 3 ნოემბერს, მოსარჩელეს ანგარიშზე ჩაურიცხა 425.00 ლარი. სხდომაზე მოპასუხის განმარტების თანახმად, ეს თანხა გათავისუფლებამდე (26.10.2016წ), მოსარჩელის ოქტომბრის თვის ხელფასია, რომელიც კომპანიის შინაგანაწესის 13.8 მუხლით გათვალისწინებული წესით (ს.ფ.63), ამავე შინაგანაწესით გათვალისწინებული დარღვევებისათვის დაექვითა (ერთჯერადად არაუმეტეს ხელფასის 50%-ისა). გამომდინარე აღნიშნულიდან, რომც ჩავთვალოთ დადასტურებულად, მოსარჩელე ოქტომბერში აცდენდა სამუშაოს (რაც პალატის აზრით, არ დასტურდება), ამ დარღვევისათვის მის მიმართ მოპასუხემ გამოიყენა სანქცია - ნახევარი თვის ხელფასი დაუქვითა, რაც შინაგანაწესის მე-17 მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის სახე იყო. იმავე გადაცდომისთვის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემა მოპასუხის მხრიდან სრულიად არაადეკვატური და უკანონო ქმედებაა და არ შეესაბამება არც თავად მოპასუხის შინაგანაწესს და არც მოქმედ კანონმდებლობას, ვინაიდან დაუშვებელია პირისთვის ორი სხვადასხვა სახდელის დაკისრება ერთი და იმავე გადაცდომებისთვის.
14. რაც შეეხება გათავისუფლების ერთ-ერთ ფაქტობრივ საფუძვლად მითითებულ დასაქმებულის მხრიდან ე.წ. გეგმის შეუსრულებლობას, მხარეთა შორის არსებული შრომითი ხელშეკრულებით, ასევე, 2016 წლის 22 ოქტომბრის შეხვედრის ოქმზე თანდარული მოსარჩელის განცხადებითა და სააპელაციო სასამართლოს (15.06.2021წ.) სხდომაზე მოსარჩელისა და მისი წარმომადგენლის განმარტებებით, პალატამ დადგენილად მიაჩნია, რომ ხელშეკრულებით მოსარჩელეს (რომლის მოვალეობას გაყიდვების მენეჯერების ხელმძღვანელობა წარმოადგენდა) რაიმე გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებლობა არ აუღია. დასაქმებულის გამარტებით, მართალია, იგი სადაზღვევო პროდუქტებსაც ყიდდა, მაგრამ ეს არ იყო მისი სახელშეკრულებო ვალდებულება, ამისთვის იგი დამატებით იღებდა ანაზღაურებას ე.წ. ,,ბონუსების“ (საკომისიოს) სახით.
15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიაჩნია, რომ არ დგინდებოდა მოსარჩელის მხრიდან რომელიმე იმ გადაცდომის ჩადენის ფაქტი, რაც მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებისა და შინაგანაწესით დადგენილი ვალდებულებების დარღვევას დაადასტურებდა. შესაბამისად, დამსაქმებლის 2016 წლის 26 ოქტომბრის ბრძანება, როგორც უკანონო, პალატამ ბათილად ცნო.
16. პალატის მითითებით, მოსარჩელესთან 2013 წლიდან გაფორმებული იყო შრომითი ხელშეკრულება, რომელიც შეწყდა 2016 წლის 26 ოქტომბრიდან. სამსახურიდან გათავისუფლებიდან გასული იყო, თითქმის, 5 წელი. პალატამ დაადგინა, რომ გათავისუფლებამდე მოსარჩელის მიერ დაკავებული - გაყიდვების რეგიონული კოორდინატორის თანამდებობა ბათუმის ფილიალში აღარ არსებობდა (22.06.21წ სხდომის ოქმი 14:40:37). კომპანიას ჰქონდა მხოლოდ შემდეგი პოზიციები: ფილიალის მმართველი, რეგიონალური გაყიდვების უფროსი მენეჯერი, გაყიდვების მენეჯერი და სერვის ცენტრის ადმინისტრაციული მენეჯერი. პალატამ დაადგინა, რომ მოპასუხე კომპანიაში არც ტოლფასი ვაკანტური თანამდებობა არ არსებობდა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა დასაქმებულის პირვანდელ ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის წინაპირობები. რაკი იძულებითი განაცდურის ანაზღაურება საქართველოს შრომის კოდექსის 32.1. მუხლის თანახმად, წარმოადგენს სამსახურში აღდგენის თანმდევ სამართლებრივ შედეგს, პალატამ დაასკვნა, რომ ამ ნაწილში არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და მოპასუხისათვის იძულებითი განაცდურის დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი წანამძღვრები. პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის დარღვეული უფლება დამსაქმებლისათვის კომპენსაციის დაკისრების გზით უნდა აღდგენილიყო.
17. პალატამ გაითვალისწინა, რომ მხარეებს ხანგრძლივი შრომითი ურთიერთობა აკავშირებდათ და შრომითი ხელშეკრულება დადებული იყო განუსაზღვრელი ვადით, ასევე, მოსარჩელე არ იყო დასაქმებული, სამსახურიდან გათავისუფლებით მისი ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა, თუმცა ის ახალგაზრდა, კვალიფიციური კადრი იყო დასაქმების პერსპექტივით. დადგენილი იყო ისიც, რომ მოსარჩელის ყოველთვიური ანაზღაურება რეგიონული გაყიდვების კოორდინატორის თანამდებობიდან გათავისუფლებამდე თვეში 1000 ლარი იყო. შესაბამისად, პალატამ გონივრულად და სამართლიანად მოსარჩელისათვის კომპენსაციის - 20 000 ლარის ანაზღაურება მიიჩნია.
18. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ორივე მხარემ გაასაჩივრა.
19. მოპასუხის საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 თებერვლის განჩინებით, დაუშვებლობის გამო, დარჩა განუხილველად.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
20. მოსარჩელემ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
21. კასატორის მტკიცებით, სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. სასამართლომ გამოკვლევის გარეშე დაადგინა, რომ მოპასუხეს არ ჰქონდა თანამდებობა, რომელიც იყო მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობის იდენტური ანდა ისეთი, რომელზე მუშაობასაც მოსარჩელე დასთანხმდებოდა. კასატორი, თავისი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მნიშვნელობას არ ანიჭებს, რომელ ქალაქში ან რომელ ფილიალში დასაქმდება.
22. გარდა ამისა, სასამართლოს მსჯელობა, რომ მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლებიდან 5 წლის გასვლა დამაბრკოლებელი გარემოებაა მოსარჩელის სამსახურში აღსადგენად, დაუსაბუთებელია. 5 წელი გასულია არა მოსარჩელის ბრალით, არამედ მოპასუხის რისკით, მათ აირჩიეს სასამართლოში დავა და ისიც იცოდნენ, რომ სასამართლოში საქმის განხილვა რამდენიმე წელი გრძელდება და სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, იძულებითი განაცდული სოლიდურ თანხას შეადგენდა.
23. სასამართლოს მსჯელობა, რომ მოსარჩელისათვის ზიანის ანაზღაურების სახით განაცდურის დაკისრება შეუძლებელია, დაუსაბუთებელია. მოპასუხე კომპანიას რომ ასეთი სახსრები არ აქვს, თავად მოწინააღმდეგე მხარეს არ გაუჟღერებია და არც შესაბამისი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. შესაბამისად, სასამართლოს მიერ კომპენსაციის განსაზღვრის კრიტერიუმად კომპანიის ლიკვიდურობის მითითება არარელევანტური იყო.
24. სასამართლომ კომპენსაციის განსაზღვრისას მიუთითა, რომ მოსარჩელის ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა. იმ შემთხვევაში, თუ ამ გარემოებას მნიშვნელობა ჰქონდა საქმის გადაწყვეტისათვის, მაშინ სასამართლო ვალდებული იყო, ზუსტად გამოერკვია, თუ რამდენად შეიცვალა მოსარჩელის ეკონომიკური მდგომარეობა, რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის სამუშაოზე აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება. მოსარჩელე ორი შვილის მარტოხელა დედაა, ჰყავს მოხუცი, ავადმყოფი დედა და 5 წლის მანძილზე ოჯახის შენახვის მიზნით უამრავი ნივთი გაყიდა. ამასთან, გათავისუფლების შემდეგ მოსარჩელემ უხელფასობის გამო ბანკის წინაშე ვალდებულება ვეღარ შეასრულა და იპოთეკით დატვირთული ბინები დაკარგა. ამდენად, თუ სასამართლო კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრას მოსარჩელის ეკონომიკურ მდგომარეობას უკავშირებდა, მას საკითხი, თუ რა მატერიალური ზიანი გამოიწვია მოსარჩელის სამსახურიდან უკანონო გათავისუფლებამ, უფრო საფუძვლიანად უნდა გამოეკვლია,
25. კასატორი შუამდგომლობს საქმისათვის საჯარო რეესტრის ამონაწერის დართვას, რომელიც ადასტურებს მოსარჩელის ქონების ბანკის საკუთრებად აღრიცხვას. ამ მტკიცებულებათა წარმოდგენის საჭიროება გასაჩივრებული გადაწყვეტილებაში ზემოაღნიშნული მსჯელობის გამო წარმოიშვა. მტკიცებულებებით დასტურდება, თუ რა მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში ჩააყენა კომპანიამ თანამშრომელი უკანონო გათავისუფლებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
26. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
27. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
28. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბრძანების ბათილად ცნობისა და უფლებრივი რესტიტუციის შესახებ მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს შრომის კოდექსის (შემდგომ - სშკ, განჩინებაში მითითებულია და შეფასებულია სშკ-ის ნორმები დასაქმებულის გათავისუფლებისას მოქმედი რედაქციით), 38-ე მუხლის მე-8 პუნქტი (სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით) და 44-ე (შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით) მუხლი, ასევე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება) და 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლები.
29. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დასაქმებული უკანონოდ გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის ბრძანება ბათილად ცნო და მოსარჩელის უფლებრივი რესტიტუციის სახედ კომპენსაციის გადახდა დაადგინა. კასატორის პრეტენზიის მიხედვით, სასამართლო ვალდებული იყო, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღედგინა დასაქმებული ან უზრუნველყო მოპასუხე კომპანიაში ტოლფას სამუშაოზე დასაქმებით.
30. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ 38-ე მუხლის მე-8 პუნქტში მითითებულია დამსაქმებლის ვალდებულება, რომელიც რამდენიმე შესაძლებლობას მოიცავს, კერძოდ, ნორმა დამსაქმებელს ავალდებულებს, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. მითითებული რეგულაციით დამსაქმებლისათვის დადგენილია უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ხოლო, თუკი შეუძლებელია, მაშინ მომდევნო რიგითობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება (სუსგ Nას-1135-2018 31.05.2019წ.; სუსგ №ას-951-901-2015, 29.01.2016).
31. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოსარჩელის მიერ დაკავებულ თანამდებობას ახალი საშტატო ნუსხა აღარ ითვალისწინებს. რაც შეეხება ტოლფას თანამდებობას, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ აღარ არსებობს ის თანამდებობა, რომელზე აღდგენასაც ითხოვს მოსარჩელე, კონკრეტული საშტატო ერთეულის არარსებობის მტკიცება ეკისრება დამსაქმებელს, აღნიშნულის დამტკიცების შემთხვევაში კი, მოსარჩელე მხარეზე გადადის იმის მტკიცების ტვირთი, რომელია ტოლფასი (ფუნქციის, სამუშაოს აღწერილობისა და ხელფასის მიხედვით) თანამდებობა, რომელზეც მისი დასაქმება არის შესაძლებელი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკით, სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სწორედ მოსარჩელემ უნდა მიუთითოს, კონკრეტულად რომელია მანამდე არსებული თანამდებობის შესაბამისი თანამდებობა. აღნიშნული შესაძლებელია გაირკვეს მოპასუხე საზოგადოების საშტატო ნუსხისა და შესაბამისი თანამდებობების ფუნქციური დატვირთვის გამოკვლევის შედეგად (სუსგ Nას-890-857-2016, 09.10.2017წ.; Nას-475-456-2016, 24.06.2016წ.).
32. პალატა განმარტავს, რომ სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიზნებისთვის ტოლფასი სამუშაო ნიშნავს, როგორც ფუნქციური დატვირთვით, ისე - შრომის ანაზღაურების მხრივ მსგავს თანამდებობას. სააპელაციო სასამართლომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი საშტატო ნუსხის საფუძველზე დაადგინა, რომ მოპასუხე კომპანიაში ტოლფასი თანამდებობა არ არსებობდა. ამ დადგენილი ფაქტობრივი გარემოების წინააღმდეგ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია. კასატორს არც კი მიუთითებია წარმოდგენილი საშტატო ნუსხიდან რომელი თანამდებობის ფუნქციური დანიშნულება და დასაქმებულის უფლება-მოვალეობები იყო მოსარჩელის პირვანდელი სამუშაოს მსგავსი. მხოლოდ ზოგადი მითითება, რომ სასამართლომ სათანადოდ არ გამოიკვლია არსებობდა თუ არა ტოლფასი თანამდებობა, არასათანადო შედავებაა.
33. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატის განსჯით, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ არ არსებობს მოსარჩელის სამსახურში აღდგენის წინაპირობა. გასაჩივრებული გადაწყვეტილება სამუშაოზე აღდგენაზე უარის თქმის ნაწილში კანონიერია და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს (სსსკ-ის 410-ე მუხლი).
34. რაც შეეხება კომპენსაციის განსაზღვრის საკითხს, პალატა განმარტავს, რომ სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტით არ ადგენს კომპენსაციის გამოანგარიშების წესსა და კრიტერიუმებს. კომპენსაციის, როგორც დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის საშუალების, დადგენა და მისი ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს დისკრეციაა, როდესაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ შრომითსამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი საშუალოდ შესატყვისი სამსახურის მოძებნამდე განიცდის, ასევე - იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა. ამავდროულად, გასათვალისწინებელია უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტის ასაკი, კომპეტენცია, სამსახურის შოვნის პერსპექტივა, ოჯახური მდგომარეობა, სოციალური მდგომარეობა, ასევე, დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა, კომპანიის ლიკვიდურობა, გადახდისუნარიანობა და ა.შ. (სუსგ Nას-1540-2019, 30.09.2020წ.).
35. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კომპენსაცია შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოფდეს სამართლიანი ბალანსის აღდგენას გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მხარეებს ხანგრძლივი შრომითი ურთიერთობა აკავშირებდათ; შრომითი ხელშეკრულება დადებული იყო განუსაზღვრელი ვადით და ამ კონტექსტით, მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლებით მიღებული მორალური წნეხის სიმძიმეს; მოსარჩელეების გათავისუფლებიდან დავის საბოლოო გადაწყვეტამდე განვლილ ხანგრძლივ პერიოდს (გასულია 5 წელზე მეტი); საქართველოში შრომის ბაზარზე არსებულ მწვავე გამოწვევებს - და, რადგანაც შეუძლებელია დასაქმებულთა აღდგენა, მიიჩნევს, რომ კომპენსაციის სამართლიანი და გონივრული ოდენობა მოსარჩელის სამი წლის ხელფასით უნდა განისაზღვროს. ამდენად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს კომპენსაციის - 36 000 ლარის (დაბეგრილი) გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ (შდრ. სუსგ Nას-1339-1259-2017, 30.07.2018წ.; Nას-1540-2019, 30.09.2019წ.).
36. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე, კერძოდ, პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, კომპენსაციის დაკისრების ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილების შეცვლით (სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტი) მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს კომპენსაციის - 36 000 (დარიცხული) ლარის გადახდა. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.
37. რაც შეეხება საქმეზე ახალი მტკიცებულებების დართვის თაობაზე კასატორის შუამდგომლობას, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს მტკიცებულებების წარდგენის მკაცრად გაწერილ პროცედურას და საქმის საკასაციო სასამართლოში განხილვისას, კანონმდებლობით მხარე ასეთ შესაძლებლობას მოკლებულია - საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ სასამართლოს. შესაბამისად, არ არსებობს შუამდგომლობის საკასაციო სასამართლოს მიერ დაკმაყოფილების საფუძველი და მტკიცებულებები უნდა დაუბრუნდეს შუამდგომლობის ავტორს.
38. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. სსსკ-ის 53-ე მუხლის დანაწესის შესაბამისად, მოპასუხეს დაეკისრება მოსარჩელის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 850 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 411-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ.ს–ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტი და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. სს „დ.ს.კ.ი–ოს“ ნ.ს–ძის სასარგებლოდ დაეკისროს 36 000 ლარის (დაბეგრილი) გადახდა;
4. დანარჩენ ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;
5. სს „დ.ს.კ.ი–ოს“ ნ.ს–ძის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 850 ლარის ანაზღაურება;
6. ნ.ს–ძის შუამდგომლობა საქმეზე ახალი მტკიცებულებების დართვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს და მტკიცებულებები დაუბრუნდეს შუამდგომლობის ავტორს;
7. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე