Facebook Twitter

საქმე №ას-538-2020 23 თებერვალი, 2022 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ა.ჯ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 20 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და განაცდური ხელფასის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ა.ჯ–მა (შემდგომ - დირექტორი, მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ა(ა)იპ თბილისის ბაგა-ბაღების (შემდგომ - სააგენტო, დამსაქმებელი, მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) მიმართ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და განაცდური ხელფასის (ყოველთვიურად 1000 ლარის) ანაზღაურების მოთხოვნით.

სარჩელის საფუძვლები

2. 2007 წლის 24 სექტემბერს მოსარჩელე დაინიშნა ქ.თბილისის №131 ბაგა-ბაღის დირექტორად. 2018 წლის 7 ნოემბერს ბაგა-ბაღში კომპლექსური შემოწმების მიზნით იმყოფებოდა ა(ა)იპ ,,თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“ მონიტორინგის განყოფილების ჯგუფი, რომელთა მიერ შედგენილ აქტში აღინიშნა გარკვეული დარღვევები, კერძოდ: ა) მენიუფაქტურით წახემსებაზე გათვალისწინებული იყო 160 აღსაზრდელზე 24 კგ ბანანი, გაიცა 21.53 კგ, ხოლო გაუცემელი დარჩა 2.470 კგ; ბ) მენიუფაქტურით გასაცემი იყო 1.600 კგ ქიშმიში, კვების ბლოკში გასაცემად გამზადებული ქიშმიშის რაოდენობა აღმოჩნდა - 1.320 კგ, ხოლო დანაკლისი შეადგენს 0.280 კგ ქიშმიშს; გ) მენიუფაქტურით გაწერილი ზეთის დღიური რაოდენობა შეადგენდა - 1.670 კგ-ს; კვების ბლოკში სადილის მომზადების შემდეგ, ზედმეტად აღმოჩნდა 1.810 კგ ზეთი. მონიტორინგის განყოფილების უფროსმა მიზანშეწონილად მიიჩნია ბაგა-ბაღის სამეურნეო ნაწილის კოორდინატორის, უფროსის მზარეულისა და დირექტორის მიმართ დისციპლინური სასჯელის გამოყენება. მონიტორინგის დღესვე - 2018 წლის 7 ნოემბერს, სააგენტოს დირექტორმა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოსარჩელე გაათავისუფლა დირექტორის თანამდებობიდან. მოსარჩელე დაკისრებულ მოვალეობებს ჯეროვნად ასრულებდა, ვალდებულება არ დაურღვევია, რის გამოც უკანონოდ გამოცემული ბრძანება უნდა გაუქმდეს და მოსარჩელე აღდგეს დირექტორის თანამდებობაზე.

მოპასუხის შესაგებელი

3. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელე დაკისრებული მოვალეობის უხეში დარღვევის გამო კანონიერად გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან სააგენტოს მონიტორინგის შედეგების საფუძველზე.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით - სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მოპასუხის 2018 წლის 7 ნოემბრის ბრძანება; მოსარჩელე აღდგა ბაგა-ბაღის დირექტორის თანამდებობაზე; მოპასუხეს დაეკისრა იძულებით განაცდური ხელფასის გადახდა, 2018 წლის 8 ნოემბრიდან სამსახურში აღდგენის დღემდე, თვეში 1000 ლარი (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) მოსარჩელის სასარგებლოდ.

5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 20 თებერვლის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

7. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელე არ უარყოფდა შემოწმების აქტში აღწერილ ფაქტებს, თუმცა მიუთითებდა მათი არსებობის ობიექტურ გარემოებებზე. ასეთ შემთხვევაში დამსაქმებლი ვალდებულია, ადასტუროს, რომ მან სადავო ბრძანების გამოცემამდე გამოიკვლია დასაქმებულის მიერ მითითებული გარემოებები და მხოლოდ ამ გარემოებათა ობიექტური კვლევის შემდეგ გამოსცა ბრძანება. აღნიშნული მნიშვნელოვანი იყო, რამდენადაც, თავად აქტის თანახმად, ბაღის თანამშრომლები უარყოფენ ბანანის, ქიშმიშისა და ზეთის მისაკუთრების მიზნით „გადამალვის“ ფაქტს. თანამშრომელთა განმარტებით (მნის, სამეურნეო ნაწილის კოორდინატორის განმარტებით), ზეთი მომწოდებელს 5-ლიტრიანი ჭურჭლით შეაქვს ბაღში, სადილის მომზადების მიზნით კვების ბლოკში შეიტანეს მთლიანად, ხოლო სადილის მომზადების შემდეგ გამოუყენებელი ზეთის ნაწილს საწყობში შეინახავდნენ. რაც შეეხება ბანანს - მთავარი მზარეულის განმარტებით, ბანანი მიეწოდათ დაგვიანებით, რამაც გამოიწვია აქტში აღნიშნული ფაქტი. ქიშმიშთან დაკავშირებით მოსარჩელე განმარტავს, რომ ქიშმიში გათვალისწინებული იყო საღამოს მენიუში და, ბუნებრივია, ამ დროისთვის გამოიტანდნენ. პალატამ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ მონიტორინგის ჯგუფის წევრების მიერ არ გამოკვლეულა და, შესაბამისად, არ გაქარწყლებულა, რამდენად იქნებოდა ბაღის თანამშრომელთა ახსნა-განმარტებებში გადმოცემული ფაქტები სინამდვილე. ამასთან, პალატამ მიიჩნია, რომ ბაღში ერთი დღის მენიუთი გათვალისწინებული კვებისათვის განკუთვნილ პროდუქტზე მეტი პროდუქტის არსებობა, ისეთ პირობებში, როდესაც დასრულებული არ იყო საკვების ბავშვებისათვის მიწოდების პროცესი, უპირობოდ არ ნიშნავდა, ბაღის თანამშრომლების მიერ პროდუქტის მითვისების განზრახვას. შესაბამისად, პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ საქმეში არ მოიპოვებოდა მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა გარემოებას, რომ მონიტორინგის სამსახურმა დასკვნის შედგენამდე, გამოარკვია ბაღის თანამშრომელთა ახსნა-განმარტება პროდუქციის ზედმეტობასთან დაკავშირებით.

8. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დამსაქმებელმა ვერ შეძლო, ემტკიცებინა მოსარჩელის მიერ მისთვის დაკისრებული ვალდებულებების „უხეში“ დარღვევის ფაქტი, რომელიც ამ უკანასკნელისათვის სამსახურიდან დათხოვნის საფუძველი გახდა. სააპელაციო პალატამ მოსარჩელის მოთხოვნას 2018 წლის 7 ნოემბრის ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე საფუძვლიანად მიიჩნია და, საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, მოსარჩელე აღადგინა დირექტორის თანამდებობაზე.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

9. ზემოაღნიშნული განჩინება მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

10. კასატორის მტკიცებით, ბაგა-ბაღის დირექტორის გათავისუფლების საფუძველი გახდა სააგენტოს მონიტორინგის განყოფილების თანამშრომლების მონიტორინგის შედეგები. მოსარჩელეს, როგორც ბაგა-ბაღის დირექტორს, ევალებოდა დაქვემდებარებული საბავშვო ბაგა-ბაღის ყველა მიმართულების კონტროლი. მისი პირდაპირი ვალდებულება იყო, ეკონტროლებინა სამზარეულოში თანამშროლები, რატომ არ გასცემდნენ პროდუქტებს ბავშვებზე.

11. ბაგა-ბაღის თანამშრომლებმა ბიუჯეტის სახსრებით შეძენილი ბავშვების საკვები გამოიყენეს პირადი სარგებლობისთვის, რაც ნათლად ჩანს საქმეში წარმოდგენილი მონიტორინგის აქტიდან, რომელსაც მოსარჩელე აწერს ხელს, ე.ი. ეთანხმება მასში ასახულ დარღვევებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

12. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიაჩნია, რომ იგი ცნობილ უნდა იქნას დასაშვებად შემდეგ გარემოებათა გამო: სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხ-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

13. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წინამდებარე საკასაციო საჩივარი დასაშვებია სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

14. სსსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს.

15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი განხილულ უნდა იქნეს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 401-ე, 408-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნას დასაშვებად;

2. სამოქალაქო საქმეთა პალატის კოლეგიური შემადგენლობა საკასაციო საჩივარს არსებითად განიხილავს ზეპირი მოსმენით, რის შესახებაც დამატებით ეცნობებათ მხარეებს.

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე