Facebook Twitter

საქმე №ას-1285-2018 1 აპრილი, 2022 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ტ.გ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ.ო–ძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით ტ.გ–ძის (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) სარჩელი მ.ო–ძისათვის (შემდეგში: მოპასუხე) 8481 აშშ დოლარის ეკვივალენტის ეროვნულ ვალუტაში გადახდის დაკისრების მოთხოვნით არ დაკმაყოფილდა;

2. პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემულ საქმეზე შემდეგ უდავო ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითა:

2.1. მოსარჩელე და გ.კ–ი (შემდეგში: მოსარჩელის მეუღლე ან მოპასუხის დედა) 1983 წლიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში;

2.2. მოსარჩელის მეუღლემ ბორჯომის კომუნალურ საწარმოო კომბინატის სახლმმართველობისგან 1996 წლის 23 აგვისტოს საკუთრებაში უსასყიდლოდ მიიღო საცხოვრებელი ბინა მდებარე ქ. ბორჯომში, ..... ფართი - 35.8 კვმ (იხ. ტ.1, ს.ფ. 21-26);

2.3. მოსარჩელის მეუღლემ, მისი კუთვნილი საცხოვრებელი ბინიდან ორი ოთახი, ფართით 25.80 კვმ., მდებარე ბორჯომში, ....., 2009 წლის 3 ივლისს თავის შვილს (მოპასუხეს) აჩუქა;

2.4. მოპასუხემ 2009 წლის 1 სექტემბერს განცხადებით მიმართა ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელს და მოითხოვა ქ. ბორჯომში, ..... მდებარე საცხოვრებელ ბინაზე უკანონოდ მიშენებული ფართის დაკანონება;

2.5. ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2009 წლის 21 ოქტომბერს მიიღო ბრძანება №558 მოპასუხის უნებართვო მშენებლობის ლეგალიზებისა და ექსპლუატაციაში მიღების შესახებ, რომლითაც ლეგალიზებული და ექსპლუატაციაში მიღებული იქნა ბორჯომში, ...... არსებულ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე მოპასუხის კუთვნილი მიშენება საერთო ფართით 19,4 კვ.მ. მათ შორის დამხმარე ფართი - 17.2 კვმ. საზაფხულო ფართი - 2.2 კვმ;

2.6. ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2009 წლის 21 ოქტომბრის ბრძანება №558 მოპასუხის უნებართვო მშენებლობის ლეგალიზებისა და ექსპლუატაციაში მიღების შესახებ, არ გასაჩივრებულა და კანონიერ ძალაშია.

2.7. 2013 წლის 13 აპრილს მოპასუხის დედა, რომელიც მოსარჩელის მეუღლეა, გარდაიცვალა;

2.8. საჯარო რეესტრიდან 2014 წლის 23 მაისის ამონაწერით დადგენილია, რომ ქ. ბორჯომში, ....... მდებარე უძრავი ქონების (45.2. კვ.მ. ფართი, ს/კ ......)- იხ.მტკიცებულებები: ქორწინების მოწმობა N291030; მოპასუხის დედის გარდაცვალების მოწმობა N20137000481; 1996 წლის 23 აგვისტოს N183 ხელშეკრულება; 03.07.2009წ. ჩუქების ხელშეკრულება; 23.05.2014წ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; მოპასუხის 12.08.2009წ. განცხადება; ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2009 წლის 21 ოქტომბრის N558 ბრძანება უნებართვო მშენებლობის ლეგალიზების და ექსპლუატაციაში მიღების შესახებ;

2.9. ზემოხსენებული გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

2.10. პირველი ინსტანციის სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 316-ე მუხლის პირველ ნაწილზე „ვალდებულების ძალით, კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება,“ 317-ე მუხლის პირველ ნაწილზე „ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან“ და 992-ე მუხლზე „პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი“ დაყრდნობით განმარტა, რომ დავის გადაწყვეტისათვის, პირველ რიგში, უნდა შეფასებულიყო მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსი. არ არსებობს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთობაში იყოს მოპასუხესთან, ანუ, მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან;

2.11. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხის უკანონო ქმედებით მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება. კერძოდ, მოსარჩელის მეუღლემ (რომელიც მოპასუხის დედა იყო) უკანონოდ გადასცა მოპასუხეს უძრავი ქონება, რომელიც ასევე მოსარჩელის საკუთრებაა, ხოლო თავად მოპასუხემ მოსარჩელის მიერ მიშენებული ფართი, როგორც საკუთარი, არამართლზომიერად დაიკანონა. მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია 2009 წლის 3 ივლისს მის მეუღლესა და მოპასუხეს დადებული ჩუქების ხელშეკრულება (იხ. 2.2 ქვეპუნქტი), ასევე ძალაშია და მოქმედებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2009 წლის 21 ოქტომბრის N558 ბრძანება უნებართვო მშენებლობის ლეგალიზების და ექსპლუატაციაში მიღების შესახებ (იხ. 2.4-25. ქვეპუნქტები); ამასთან, 23.05.2014წ. მდგომარეობით მომზადებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დადგენილია, რომ მოპასუხეს საკუთრებაში გააჩნია ქ. ბორჯომი, ....... მდებარე უძრავი ქონება (ს/კ .......). ამდენად, სადავო არ არის ჩუქების ხელშეკრულების კანონიერება, ასევე უნებართვო მშენებლობის ლეგალიზების და ექსპლუატაციაში მიღების შესახებ ბრძანების კანონიერება. წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მოპასუხის მხრიდან რაიმე უკანონო ქმედება, რომლითაც შესაძლებელია ზიანი მისდგომოდა მოსარჩელეს;

2.12. პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ დელიქტური ვალდებულება წარმოიშობა დაზარალებულის სამოქალაქო უფლებების დარღვევის შედეგად, ატარებს არასახელშეკრულებო ხასიათს და მიმართულია მიყენებული ქონებრივი ან მორალური ზიანის ანაზღაურებისკენ. სასამართლომ სსკ-ის 992-ე მუხლის (ნორმის დეფინიცია იხ. 2.9 ქვეპუნქტში) შემადგენელ ელემენტებზე- მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი და მიზეზობრივი კავშირის არსებობა ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის- მიუთითა და დაასკვნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელისა და მოპასუხის ახსნა-განმარტებებით, წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით ვერ იქნა დადასტურებული მოპასუხის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისა და ამ ქმედების შედეგად მოსარჩელისათვის მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტი. შესაბამისად, არ არსებობდა მოპასუხე მხარისათვის, მოსარჩელის სასარგებლოდ, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრების საფუძველი, რაც სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთების უარყოფას ნიშნავს.

2.13. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 თებერვლის განჩინებით.

2.14. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასება, ამასთან, მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 178-ე მუხლით მოსარჩელისათვის განსაზღვრულ ვალდებულებაზე, თავისი დარღვეული თუ სადავოდ გამხდარი უფლების დასაცავად სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობის თაობაზე. მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა არ არის აბსტრაქტული უფლება, რადგან იმავდროულად იზღუდება განმცხადებლის ვალდებულება, დაიცვას სსსკ-ით გათვალისწინებული პირობები, რაც სარჩელის განსახილველად მიღებისა თუ საქმის არსებითი განხილვისათვის აუცილებელ გარემოებას წარმოადგენს.

2.15. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, განსახილველ საქმეზე მოსარჩელის სტადია არსრულყოფილად არის განხორციელებული, რადგან სსსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელში უნდა აღინიშნოს კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. მოსარჩელემ სასამართლოს უნდა მიუთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლებიც კანონის მიხედვით ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნას. თუ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნას, მაშინ სარჩელი უკვე ამის საფუძველზევე არ უნდა დაკმაყოფილდეს (მოსარჩელის სტადია). დისპოზიციურობის პრინციპი უზრუნველყოფს დავის საგანზე მხარეთა ბატონობას და მხარეებს ანიჭებს შესაძლებლობას, თვითონ გადაწყვიტონ, თუ რომელი ფაქტები დაურთონ მოთხოვნას საფუძვლად, თუმცა, მისი შინაარსი იმგვარად უნდა იქნეს ჩამოყალიბებული, რომ სრულყოფილად განსაზღვროს მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის ნორმატიული შინაარი. ამ პირობას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ფუნქცია გააჩნია, რადგან შესაძლებლობას ანიჭებს სასამართლოს, შეამოწმოს იურიდიული კავშირი მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ფაქტებსა და მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს შორის. სასამართლო აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება არ უნდა იყოს მხარისათვის მოულოდნელი. მოთხოვნის ადრესატმა უნდა იცოდეს მის მიმართ არსებული პრეტენზიის, როგორც ფაქტობრივი, ისე - სამართლებრივი შინაარსი. მოპასუხე ასევე სარგებლობს პროცესუალური უფლებით, დაეთანხმოს ან სადავოდ გახადოს მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები;

2.16 სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული წინაპირობები უნდა განსაზღვრავდეს მოთხოვნის სამართლებრივი ნორმის დისპოზიციურ მხარეს. სასამართლოს კვლევა ფაქტობრივი შემადგენლობის ნაწილში მიმდინარეობს იმ ნორმების ფარგლებში, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის საფუძველს. თუ მოსარჩელის მიერ ფაქტობრივი მხარე არასრულყოფილად არის მითითებული, იმთავითვე გამოირიცხება უფლების რეალიზაცია კონკრეტული ნორმატიული შინაარსის ჭრილში. „...მოთხოვნა არსებობს მაშინ, როდესაც მოცემულია კანონით გათვალისწინებული წინაპირობანი, ანუ ნორმის შემადგენელი ელემენტები“ (იხ. თომას ჰერმანი, მტკიცებულებითი სამართალი).

2.17 სააპელაციო სასამართლოს განსჯით მოსარჩელემ სათანადო წესით ვერ მიუთითა, თუ რაში გამოიხატა მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება, მით უფრო იმ პირობებში, რომ მოსარჩელეს (აპელანტს) სადავოდ არ გაუხდია მისი მეუღლის მიერ შვილისათვის (მოპასუხისათვის) უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების კანონიერება; დადგენილია, რომ მოპასუხე ნამდვილი ჩუქების ხელშკრულების საფუძველზე წარმოადგენს სადავო უძრავი ნივთის, მათ შორის, მიშენებული ფართის მესაკუთრეს და მისთვის, მოსარჩელის სასარგებლოდ არ არსებობს ზიანის ანაზღაურების დაკისრების სამართლებრივი წინაპიროებები, რაც სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმისა და პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.

3. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

3.1. მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 თებერვლის განჩინება, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა შემდეგ ძირითად პრეტენზიებზე დაყრდნობით (იხ. საკასაციო საჩივარი- ტ.2);

3.1.1. კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ის გარემოება, რომ მოსარჩელემ დააზუსტა თავისი სასარჩელო მოთხოვნა, ამასთან, სააპელაციო სასამართლო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებით, გასცდა პირველად სასარჩელო მოთხოვნას და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას;

3.1.2. სასამართლომ აპელანტს დააკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა იმ პირობებში, როდესაც ის გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, თანაც სასამართლოს გარეშე ხარჯი დაეკისრა, რაც სასამართლო ხარჯში შემავალი ცნებაა;

3.1.3. მოსარჩელეს არც ერთი ინსტანციის სამართალწარმოების ეტაპზე არ მიეცა მხარესთან მოლაპარაკების წარმოების უფლება;

3.1.4. სასამართლო უთითებს სსკ-ის 992-ე მუხლზე, თუმცა ვერ ხედავს სარჩელში მის წინაპირობებს, რაც ალოგიკურია.

3.2. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო განაცხადი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

3.3. კასატორმა და მოწინააღმდეგე მხარემ უზენაესი სასამართლოს შეატყობინეს, რომ ისინი მორიგებით აპირებდნენ საქმის დასრულებას, ამის დასტურად, კასატორმა და მოპასუხის წარმომადგენელმა 2019 წლის 1 ივლისს წარმოადგინეს ერთობლივად ხელმოწერილი საჩივარი, სადაც მიუთითეს, რომ სასამართლოს მიეცა გონივრული ვადა მორიგების მიზნით, ხოლო, თუ ვერ მიაღწევდნენ მორიგებას, ამის შესახებ აცნობებდნენ სასამართლოს; საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი 2019 წლის 1 ივლისის განცხადებაზე მხარეთა ხელმოწერა არ არის ნოტარიულად დადასტურებული;

3.4.კასატორმა 2019 წლის 16 აგვისტოს, იმავე წლის 11 ნოემბერს, ასევე 2020 წლის 2 ივნისს წერილობითი განცხადებებით მომართა უზენაეს სასამართლოს, სადაც მიუთითა, რომ მოდავე მხარეებმა ნოტარიულად დამოწმებული განცხადებით მიმართეს „საქმის გამოხმობაზე“ და მოითხოვა საქმის მასალები.

3.5. კასატორის ადვოკატმა 2021 წლის 30 ივნისს წარმოადგინა წერილობითი განცხადება, რომელსაც ერთვის მორიგების აქტის პროექტი და მიუთითა, რომ მხარეები აპირებდნენ მორიგებას და ამ მიზნით სარჩელის გამოხმობას, თუმცა, მოწინააღმდეგე მხარემ უარი განაცხადა მორიგებაზე, შესაბამისად, მორიგება ვერ შედგა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის ასრებითად განხილვის შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი საკასაციო განაცხადი არ უნდა დაკმაყოფილდეს და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.

4. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). სსსკ-ის 410-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. მოცემულ შემთხვევაში სსსკ-ის 410-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე უცვლელად რჩება გასაჩივრებული განჩინება.

5. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში უთითებს, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას. საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში; მოთხოვნის საფუძველი სამოქალაქო სამართალში, ზოგადად არის სამართლის ის ნორმა, რომელიც დამოუკიდებლად ან სხვა მოთხოვნის საფუძვლებთან ერთობლიობაში აფუძნებს ამა თუ იმ მოთხოვნას ანუ სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა კონკრეტულ უფლება-მოვალეობებს (იხ. ბოელინგი/ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, მეორე გამოცემა, თბ., 2004, 38.) კერძო-სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების დანიშნულებაა ურთიერთობაში მონაწილე სუბიექტების უფლებების განსაზღვრა და მათი განხორციელების უზრუნველყოფა. მოთხოვნა უფლების რეალიზაციის კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობაა.

6. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნა პირის ნებას დაქვემდებარებული და სხვა პირისაკენ მიმართული უფლებაა, რომელიც მისი პროცესუალური განხორციელებისაგან მკვეთრად იმიჯნება. მოთხოვნა ძირითადად მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობის მატარებელია. მოთხოვნა, საპროცესო-სამართლებრივი გაგებით, ყოველთვის მიმართულია სასამართლო გადაწყვეტილების დადგომისაკენ. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი არის სამართლის ნორმა, რომლის სამართლებრივი შედეგით გათვალისწინებულია სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის მიერ რაიმე მოქმედების განხორციელებისა თუ მოქმედების შესრულებისაგან თავის შეკავების ვალდებულება. თითოეული მოთხოვნის დამფუძნებელი სამართლის ნორმა განსაზღვრავს მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს, თუმცა მისი განმარტება და ფაქტობრივ გარემოებებზე მისადაგება სასამართლოს უფლებამოსილება. მოთხოვნის საფუძველი ორი ნაწილისაგან შედგება: ა) ნორმის შემადგენლობა, რომელიც მოიცავს ცალკეულ წინაპირობას და ბ) სამართლებრივი შედეგი, რომელიც კანონის საფუძველზე დადგება იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა ნორმის შემადგენლობით განსაზღვრული ყველა წინაპირობა.

7. მოთხოვნა და მოთხოვნის საფუძველი სხვადასხვა ცნებებია და მათი აღრევა არიდებული უნდა იქნეს. ამ გამიჯვნას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმის გათვალისწინებით, რომ მოთხოვნათა შორის არჩევანის უფლება, მოსარჩელის უფლებამოსილებაა, ხოლო მოსარჩელის მიერ წარდგენილი მოთხოვნის დამფუძნებელი მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველთა შორის ერთ-ერთის მისადაგება სასამართლოს უფლებამოსილება და ვალდებულებაცაა (იხ. ბოელინგი /ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, მეორე გამოცემა, თბ., 2004, 42.)

8. მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან თუ სხვა ვალდებულებითი ურთიერთობებიდან.

9. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი. სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ სარჩელი შედგება ორი ელემენტისგან: სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი – კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). მოსარჩელის სტადიის შემდეგ, სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოპასუხის სტადია, რაც მოსაჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების პასუხად შესაგებელში შედავებული გარემოებების კვალიფიციურობაზეა დამოკიდებული. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის დიდი პალატის გადაწყვეტილებაში (საქმეზე N ას-664-635-2016; პუნქტი 201) მითითებულია: „2007 წლის 28 დეკემბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების მიხედვითთ, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარდგენა სავალდებულო ხასიათს ატარებს (საქართველოს 28.12.2007წ.-ის კანონი N5669-სსმ), რაც იმაში გამოიხატება, რომ აღნიშნული საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობა მხარისათვის უარყოფით საპროცესოსამართლებრივ შედეგებს იწვევს. კერძოდ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ითვლება შეუდავებლად და, შესაბამისად, დამტკიცებულად. სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შესაგებლის წარუდგენლობის ფაქტი თავისთავად განსაზღვრავს მტკიცების საგანს, რადგანაც მოსარჩელე თავისუფლდება სარჩელში მითითებული ფაქტების მტკიცებისაგან. აღნიშნული გარემოება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობაცაა. საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება“.

10. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ (კასატორმა) სარჩელით მოითხოვა ჩუქების ხელშეკრულების (იხ. წინამდებარე განჩინების 2.2 ქვეპუნქტი), ნაწილობრივ ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრში მოპასუხის საკუთრებად რიცხული უძრავი ქონების (მდებარე ქ. ბორჯომი, ....... ) ნაწილზე მესაკუთრედ ცნობა, თუმცა, პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე (29.05.2017წ. - იხ. სხდომის ოქმი, ტ.1, ს.ფ.76-113), მოსარჩელის წარმომადგენელმა- გ.გ–ძემ მიუთითა, რომ ვინაიდან მოპასუხემ უარი განაცხადა მორიგების ყველა პირობაზე, მოსარჩელე შუამდგომლობდა სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტებას. საბოლოოდ, სასარჩელო მოთხოვნა შემდეგი სახით ჩამოყალიბდა: სადავო ბინის გამიჯვნის შეუძლებლობიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ფართის მიკუთვნების ნაცვლად, მოითხოვა სადავო ფართის ღირებულების მიკუთვნება, აუდიტის დასკვნის გათვალისწინებით, რაც 8 481 აშშ დოლარის ეკვივალენტურია ლარში; ეს თანხა მოიცავს მოსარჩელის მეუღლის მიერ მოპასუხისათვის გაჩუქებული უძრავი ქონების ღირებულებას- 3 008 აშშ დოლარს, ასევე, ლეგალიზებული ქონებიდან მოსარჩელის კუთვნილი წილის - 14.55 კვმ-ის ღირებულებას, რაც 5 472 აშშ დოლარია; შუამდგომლობას სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტებაზე დაეთანხმა მოპასუხის წარმომადგენელი, რის შემდეგაც პირველი ინსტანციის სასამართლომ დააკმაყოფილა მოსარჩელის შუამდგომლობა დაზუსტებული მოთხოვნის წარდგენაზე და მოსამზადებელი სხდომა მთავარ სხდომაში გადაიზარდა (იხ. ახალციხის რაიონული სასამართლოს 29.05.2017წ. სხდომის ოქმი - 12:04:32-დან 12:18:08-მდე).

11. მოსარჩელის მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი იმას ემყარება, რომ მისი აწ გარდაცვლილი მეუღლის მიერ ჩუქების ხელშეკრულებით შვილისათვის (მოპასუხისათვის) ქონების ნაწილის გადაცემა უკანონოა, რადგან მოსარჩელის თანხმობა არ ყოფილა ასეთ განკარგვაზე, ხოლო უძრავი ქონება, როგორც რეგისტრირებული ქორწინების განმავლობაში მიღებული, მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს, შესაბამისად, მისი წილი ქონებაც შვილს აჩუქა მოსარჩელის მეუღლემ და ამჟამად ამ ნაწილის ფულად კომპენსაციას ითხოვს კასატორი; ასევე, მოსარჩელის მტკიცებით, მოპასუხე 1992 წლიდან საბერძნეთში სამუშაოდ იყო წასული, მას არც წილი ეკუთვნოდა და არც თვითნებურ მიშენებაში მიუღია მონაწილეობა; მოსარჩელემ გასული საუკუნის 90-იან წლებში სადავო ბინა 19.4 კვმ ფართი მიაშენა, თუმცა, მოპასუხემ შეცდომაში შეიყვანა გამგებელი და 2009 წელს ლეგალიზაციის გზით დაიკანონა ეს მიშენება (იხ. სარჩელი - ტ.1, ს.ფ. 2-14; მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტება პირველი ინსტანციის სასამართლოს 29.05.2017წ. სხდომაზე- 12:22:27-დან);

12. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, მიუთითა, რომ მას უკანონო ქმედება არ განუხორციელებია და, შესაბამისად, არც მოსარჩელისათვის მიუყენებია ზიანი;

13. წინამდებარე განჩინების 5-9 პუნქტებში მითითებული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმაზე, რომ მოსარჩელე სსკ-ის 1160-ე მუხლიდან „ 1. იმ ქონების განკარგვა, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებაშია, ხდება მეუღლეთა შეთანხმებით, მიუხედავად იმისა, თუ რომელი მეუღლე განკარგავს ამ ქონებას. 2. მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების განკარგვასთან დაკავშირებით ერთის მიერ დადებული გარიგება ვერ იქნება ბათილად ცნობილი მეორის მოთხოვნით იმ საფუძველზე, რომ: ა) მან არ იცოდა გარიგების შესახებ; ბ) ის არ ეთანხმებოდა გარიგებას. 3. მეუღლეს, როგორც თანამესაკუთრეს, უფლება აქვს, მოითხოვოს ქონების განკარგვით მიღებული სარგებელი” გამომდინარე ითხოვს მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებას. მოსარჩელის (კასატორის) მტკიცებით, მეუღლეთა თანასაკუთრებიდან მისი წილი ქონების განკარგვაც მოხდა მისი აწ გარდაცვლილი მეუღლის მიერ მოპასუხისათვის ქონების ნაწილის ჩუქებით (იხ. წინამდებარე განჩინების 2.1-2.3 და 2.6 ქვეპუნქტები), რითაც მან ზიანი განიცადა. მოსარჩელის ეს მტკიცება არ არის გაზიარებული, რადგან, სსკ-ის 1160-ე მუხლის საფუძველზე დადგენილია, რომ მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების განკარგვა მეუღლეთა შეთანხმებით ხდება, ამასთან არ აქვს მნიშვნელობა, რომელი მეუღლე განკარგავს მას. რაც შეეხება ერთ-ერთი მეუღლის მიერ ქონების განკარგვასთან დადებული გარიგების ბათილად ცნობას მეორე მეუღლის მოთხოვნის საფუძველზე, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, თუ ქონების განმკარგავი მეუღლე არ იყო საამისოდ უფლებამოსილი და დამტკიცდება, რომ მან იცოდა ან უნდა სცოდნოდა, რომ ასეთი განკარგვის უფლება არ ჰქონდა;

14. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის მეუღლემ 2009 წელს თავის შვილს- მოპასუხეს აჩუქა ქონების ნაწილი და არა მთლიანი ქონება, მოსარჩელის მეუღლე 2013 წლის 13 აპრილს გარდაიცვალა, 2009 წლიდან 2013 წლამდე, ანუ მეუღლის გარდაცვალებამდე მოსარჩელეს (კასატორს) სადავოდ არ გაუხდია თანასაკუთრებაში არსებული ქონების ნაწილის განკარგვა, რაც ქმნის პრეზუმფციას, რომ მოსარჩელის თანხმობა არსებობდა ქონების ასეთ განკარგვაზე (იხ. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი - 1160-ე მუხლი; გვ.111; მთ. რედ. ჭანტურია ლ; 2000წ;). მოსარჩელე ვერ ადასტურებს, რომ მის მეუღლეს არ ჰქონდა თანასაკუთრებაში არსებული ქონების ნაწილის განკარგვის უფლებამოსილება, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მეუღლემ ქონების ნაწილი თავის შვილს- მოპასუხეს აჩუქა;

15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ასევე სამართლებრივად უვარგისია მოსარჩელის მტკიცება, რომ მოპასუხე 1992 წლიდან საბერძნეთში იყო სამუშაოდ წასული და მას თვითნებურ მშენებლობაში არავითარი მონაწილეობა არ მიუღია. იმ ფაქტობრივი გარემოების დასამტკიცებლად, რომ მოსარჩელემ მიაშენა უძრავ ნივთს გარკვეული ფართი, საქმეში არც ერთი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი, ხოლო სარჩელზე თანდართული მტკიცებულებები კასატორის საწინააღმდეგოა, რადგან მის მიერ საჯარო რეესტრიდან გამოთხოვილი დოკუმენტაციის მიხედვით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილია, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელს 2009 წლის 31 აგვისტოს განცხადებით მიმართა მოპასუხემ და განხორციელებული მშენებლობის დაკანონება მოითხოვა. მოპასუხემ გამგეობისადმი წარდგენილ განცხადებას თან დაურთო მისივე დაკვეთით 2009 წლის 27 ივლისს მომზადებული შიდა საკადასტრო აზომვითი ნახაზი; მოპასუხის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლის გზით მოხდა მიშენების დაკანონება (იხ. ტ.1, ს.ფ. 27-34); სადავო არაა, რომ მოპასუხე 2009 წლის 13 ივლისიდან აღრიცხულია, როგორც დედის (მოსარჩელის მეუღლის) მიერ ნაჩუქარი, ისე მიშენებული და დაკანონებული ფართის- 45,20 კვ.მ მესაკუთრედ. საქმის მასალებში არც ერთი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი, რომელიც სადავო ქონებაზე მოსარჩელის რესურსებით ფართის მიშენებას დაადასტურებდა.

16. საქმის მასალებში თვითონ მოსარჩელისავე მიერ წარმოდგენილი სამკვიდრო მოწმობით დასტურდება, რომ კასატორმა, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, ამ უკანასკნელის პირველი რიგის მემკვიდრემ საკუთრებაში მიიღო მამკვიდრებლის საკუთრებად რიცხული ქონება (მდებარე ბორჯომში, ....... ქ. 35, სართული 3) 9.80 კვ.მ; ასევე დასტურდება, რომ კასატორმა მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, 2014 წელს მიმართა საჯარო რეესტრს და გამოითხოვა მის მიერ სადავოდ ქცეული ჩუქების ხელშეკრულება და საჯარო რეესტრის ამონაწერები(იხ. ტ.1, ს.ფ. 35-39).

17. საქმეზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან და მათ ფარგლებში საკასაციო საჩივრის პრეტენზიების არსებითად განხილვის გზით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი სსკ-ის 1160-ე, 408.1-ე “იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება” და 409-ე “თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება’“, 992-ე მუხლების თანახმად არ ვლინდება, რადგან მოსარჩელის მეუღლის მიერ თანასაკუთრების ნაწილის განკარგვასთან მოპასუხის რაიმე კავშირი და მისი ბრალეული, არამართლზომიერი ქმედებები არ ვლინდება, ისევე, როგორც სადავო ქონებაზე განხორციელებული მიშენებით მოსარჩელისათვის ზიანის მიყენება არ დასტურდება, რაც გამორიცხავს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებას;

18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება (შეად. სუსგ-ებს: N ას- 475-2019, 15.04.2021წ; N ას-1065-2020, 08.04.2021წ; N ას- 338-2019, 22.03.2021წ; N ას-1433-2021, 06.08.2021წ; N ას-754-2021, 02.12.2021წ; N ას-524-2021, 08.12.2021წ.).

19. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

20. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).

21. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალნი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან.

22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა – სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურ სამართლებრივი ნორმა. მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი – მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხემოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64).

23. კასატორის პრეტენზია იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლო გასცდა სასარჩელო მოთხოვნას გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებით სრულიად დაუსაბუთებელია (იხ. წინამდებარე განჩინების მე-10 პუნქტი); ასევე დაუსაბუთებელია საკასაციო საჩივრის ის არგუმენტი, რომ მოსარჩელეს არ უნდა დაკისრებოდა სასამართლოს გარეშე ხარჯის გადახდა (იხ. წინამდებარე განჩინების 3.1.3 ქვეპუნქტი), რადგან სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა მოპასუხის მოთხოვნაზე სააპელაციო სასამართლოში იურიდიული დახმარებისათვის გაწეული ხარჯის 840 ლარის აპელანტისათვის დაკისრების თაობაზე, რაც, სსსკ-ის 37-ე მუხლის საფუძველზე, 300 ლარის ოდენობით დაკმაყოფილდა.

24. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო საჩივრის ავტორმა, რომელიც მოსარჩელეა, ვერ შეძლო მისი სასარჩელო მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლების დამაჯერებლად მითითება და შესატყვისი მტკიცებულებების წარდგენა, რომ მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით (ან მოპასუხისა და მოსარჩელის მეუღლის შეთანხმებული ქმედებით) მას ზიანი მიადგა, რის გამოც მისი საკასაციო განაცხადი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება.

25. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ტ.გ–ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 თებერვლის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

მ. ერემაძე