საქმე №ას-1307-2020 4 მარტი, 2022 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ნ.რ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს ბ.ბ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 2 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოში
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სს „ბ–ის“ (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი ნ.რ–ის (შემდეგში: პირველი მოპასუხე, პირველი აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) და ვ.ჭ–ის (შემდეგში: მეორე მოპასუხე ან მეორე აპელანტი) წინააღმდეგ, თანხის დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდა, მოპასუხეთა მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო.
2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 ნოემბრის განჩინებით მოპასუხეთა საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 ნოემბრის განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება, საქმის ხელახლა განსახილველად ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დაბრუნება და შესაგებლის წარსადგენად საპროცესო ვადის განსაზღვრა.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 დეკემბრის განჩინებით პირველი მოპასუხის სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად და პირველ აპელანტს დაევალა, 10 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში წარედგინა სახელმწიფო ბაჟის 2 280.73 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 იანვრის განჩინებით პირველი მოპასუხის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მას ხარვეზის გამოსწორების ვადა 10 დღით გაუგრძელდა.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 თებერვლის განჩინებით, მეორე მოპასუხის გარდაცვალების გამო, საქმის წარმოება 10 თვით შეჩერდა.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 6 თებერვლის განჩინებით საქმის წარმოება განახლდა.
8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 6 თებერვლის განჩინებით პირველი მოპასუხის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მას ხარვეზის გამოსწორების ვადა 15 დღით გაუგრძელდა.
9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 2 მარტის განჩინებით პირველ მოპასუხეს ხარვეზის გამოსწორების ვადა 10 დღით გაუგრძელდა.
10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 26 მარტის განჩინებით პირველ მოპასუხეს ხარვეზის გამოსწორების ვადა 10 დღით გაუგრძელდა.
11. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 23 აპრილის განჩინებით პირველ მოპასუხეს ხარვეზის გამოსწორების ვადა 1 თვით გაუგრძელდა.
12. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 29 მაისის განჩინებით პირველ მოპასუხეს ხარვეზის გამოსწორების ვადა 10 დღით გაუგრძელდა.
13. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 2 ივლისის განჩინებით პირველი აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული. პირველ აპელანტს დაუბრუნდა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარი.
14. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პირველ აპელანტს, ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა გაუგრძელდა ექვსჯერ, თუმცა მის მიერ ხარვეზი სრულად შევსებული არ ყოფილა და სახელმწიფო ბაჟის 2280,73 ლარის სრულად გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი არ ყოფილა.
15. სააპელაციო სასამართლოს, 2020 წლის 22 ივნისს, პირველი აპელანტის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა და მიუთითა რომ ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში სადავოა დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონიერება და მხარეთა შორის დავა არსებითად განხილული და გადაწყვეტილი არ ყოფილა სახელმწიფო ბაჟის ოდენობა 150 ლარით უნდა განსაზღვრულიყო. თუკი, სააპელაციო სასამართლო მის მსჯელობას არ გაიზიარებდა, ასეთ შემთხვევაში, პანდემიის გამო, ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა 300 ლარამდე უნდა შემცირებულიყო.
16. სახელმწიფო ბაჟის შემცირების თაობაზე, აპელანტის შუამდგომლობასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 48-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება სასამართლო ხარჯების შემცირების თაობაზე, თუ მხარის მიერ წარდგენილი მძიმე ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს შეექმნება შინაგანი რწმენა მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, რომ მას არ შეუძლია სახელმწიფო ბაჟის გადახდა, ხოლო ოდენობის შემცირების ღონისძიების გამოუყენებლობა მხარეთა სადავოდ ქცეულ უფლებას სასამართლო წესით დაცვის მიღმა დატოვებს.
17. განსახილველ შემთხვევაში, პირველ აპელანტს მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი რაიმე სახის მტიცებულება სასამართლოსათვის არ წარუდგენია. მხოლოდ მითითება პანდემიის გამო, ქვეყანაში არსებულ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე, სახელმწიფო ბაჟის გადახდაზე შეღავათის გაწევის საფუძველი ვერ გახდება.
18. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 დეკემბრის განჩინებით, პირველი აპელანტის სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად და დაევალა აპელანტს, ამ განჩინების მისთვის გადაცემიდან 10 დღის ვადაში გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი 2280,73 ლარი. მასვე განემარტა, რომ, თუ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსებდა ხარვეზს, სასამართლო გამოიტანდა განჩინებას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
19. დადგენილია, რომ პირველ აპელანტს, მისივე შუამდგომლობის საფუძველზე, ხარვეზის შევსებისათვის ვადა ექვსჯერ გაუგრძელდა.
20. საქმეზე წარმოდგენილი სასამართლოს გზავნილით ირკვევა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 29 მაისის ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება პირველი აპელანტის, წარმომადგენელს - ა.თ–ს გაეგზავნა სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, რომელიც 2020 წლის 11 ივნისს პირადად ჩაჰბარდა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 29 მაისის განჩინების შესაბამისად, პირველ მოპასუხეს, ხარვეზის სრულად შევსებისათვის ვადა ჰქონდა 2020 წლის 22 ივნისის 24:00 საათამდე, რაც არ შეუვსია. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სსსკ-ის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 29 მაისის ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება პირველი აპელანტისათვის ჩაბარებულად ითვლება 2020 წლის 11 ივნისს, რომლის შესაბამისადაც, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი სრულად შევსებული არ ყოფილა.
21. სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება.
22. პირველმა მოპასუხემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 2 ივლისის განჩინება გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის განხილვის განახლების მოთხოვნით.
23. კერძო საჩივრის ავტორის განცხადებით, სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არ უნდა ყოფილიყო გამოანგარიშებული დავის საგნის ღირებულების შესაბამისად, რადგან არაქონებრივ დავებთან დაკავშირებით სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა 150 ლარს შეადგენს.
24. კერძოს საჩივრის ავტორის განმარტებით, პანდემიის პერიოდში ახალი კორონა ვირუსის გამო სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ექვემდებარება შემცირებას ან/და გადაუხდელი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის გადახდის გადავადებას, რაც სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ პირველი მოპასუხის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
25. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
26. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება.
27. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
28. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.
29. სამართალწარმოების განხორციელების დროს სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შეიმუშავა ზოგადი ხასიათის სახელმძღვანელო პრინციპები და განმარტა შემდეგი: „უფლება სასამართლოზე“ არ არის აბსოლუტური უფლება, იგი შეიძლება სახელმწიფოს მიერ შეიზღუდოს. არც შეუზღუდავი უფლების არარსებობა უფასო სამართლებრივ დახმარებაზე და არც უფასო სამართალწარმოების არარსებობა სამოქალაქო საქმეებზე არ არღვევს კონვენციის დებულებებს. უფრო მეტიც, სასამართლო ვერ ხედავს ვერაფერს უჩვეულოს იმაში, რომ სასამართლო ხარჯები ქონებრივ მოთხოვნებში დამოკიდებული იყოს დავის საგნის (მოთხოვნის) ოდენობაზე.
30. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება (შდრ. სუსგ Nას-1397-2019, 21.11.2019 წ.).
31. კერძო საჩივრის ავტორი ადასტურებს, რომ ხარვეზის შესახებ განჩინების თაობაზე მისთვის ცნობილი იყო (იხ. ამ განჩინების მე-20 პუნქტი), თუმცა ხარვეზის გამოუსწორებლობის მიზეზად სასამართლოს განჩინებაზე უთითებს, რომლის საფუძველზე მას უარი ეთქვა სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირების თაობაზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირველმა მოპასუხემ სააპელაციო საჩივარი 2018 წლის 26 ნოემბერს წარადგინა, სააპელაციო საჩივარს ხარვეზი 2018 წლის 10 დეკემბერს დაუდგინდა, ამის შემდეგ კი პირველ აპელანტს ექვსჯერ გაუგრძელდა ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადა, რაც თითქმის 1 წელსა და 6 თვეს გაგრძელდა. აპელანტს ხარვეზი არ აღმოუფხვრია და სასამართლოს წინაშე კვლავ სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირება იშუამდგომლა. შუამდგომლობას კი არ ერთვოდა მისი ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი არც ერთი მტკიცებულება (სსსკ-ის 48-ე მუხლი), რის საფუძველზეც სასამართლო შეძლებდა, ემსჯელა აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟის სრულად გადახდის შეუძლებლობის დასაბუთებულობაზე.
32. მოცემულ შემთხვევაში, პირველ მოპასუხეს სააპელაციო სასამართლოსათვის არ წარუდგენია მძიმე მატერიალური მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც შესაძლოა კვლავ გამხდარიყო სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძველი. ეს გარემოება სასამართლოს უქმნის დასაბუთებულ ეჭვს, რომ აპელანტი მხარე ცდილობს სასამართლო პროცესის გაჭიანურებას, რის გამოც ხელი ეშლება სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას და ირღვევა მეორე მხარის უფლებები. მით უფრო, რომ ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე ყველა განცხადება იდენტური შინაარსისაა და არ შეიცავს ისეთ გარემოებაზე მითითებას, რაც სასამართლოს ხარვეზის ვადის გაგრძელების შესაძლებლობას მისცემდა. საქმის მასალებიდან გამომდინარე გასათვალისწინებელია ისიც, რომ აპელანტს ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა ექვსჯერ გაუგრძელდა, თუმცა მის მიერ ხარვეზი სრულად შევსებული არ ყოფილა.
33. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მეორე პრეტენზიას, სახელმწიფო ბაჟის ოდენობის არასწორად განსაზღვრასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე მითითებით განმარტავს, რომ ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელის დავის საგნის ფასი გადასახდელი თანხით განისაზღვრება. სსსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი სააპელაციო საჩივრისათვის სახელმწიფო ბაჟის ოდენობა დავის საგნის ღირებულების 4 %-ია. კერძო საჩივრის ავტორი, მიიჩნევს, რომ ვინაიდან იგი დაუსწრებელ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, სახეზეა არაქონებრივი დავა და ბაჟის ოდენობა 150 ლარით უნდა განისაზღვროს (სსსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტი).
34. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დავის საგანს განსაზღვრავს ის, რაზეც მხარეები დავობენ და არა ის, თუ რომელი საპროცესო დოკუმენტის მიღებით გადაწყდება იგი. დაუსწრებელი გადაწყვეტილება არის გადაწყვეტილების ერთ-ერთი სახე, რომელიც კონკრეტული, კანონით გათვალისწინებული წინაპირობების საფუძველზე მიიღება, განსახილველ შემთხვევაში ასეთი გახდა მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგებლობა (სსსკ-ის 2321-ე მუხლი). დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი, თანხის დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდა, შესაბამისად დავა ქონებრივია და დავის საგნის ღირებულებაც მოთხოვნილი თანხის იდენტურია.
35. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 2 ივლისის განჩინება კანონიერია, ხოლო მოპასუხის კერძო საჩივარი დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.რ–ის კერძო საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 2 ივლისის განჩინებაზე, რომლითაც განუხილველად დარჩა ნ.რ–ის სააპელაციო საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 სექტემბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე და, მისი უცვლელად დატოვების შესახებ, იმავე სასამართლოს 2018 წლის 5 ნოემბრის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 2 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური