საქმე №ას-1307-2020 4 მარტი, 2022 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ნ.რ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს ბ.ბ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 23 სექტემბრის განჩინება, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 5 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 23 სექტემბრის განჩინების, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების და ამავე სასამართლოს 2018 წლის 5 ნოემბრის განჩინების გაუქმება, სარჩელის განუხილველად დატოვება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სს „ბ.ბ–ის“ (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი ნ.რ–ის (შემდეგში: პირველი მოპასუხე, პირველი აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) და ვ.ჭ–ის (შემდეგში: მეორე მოპასუხე ან მეორე აპელანტი) წინააღმდეგ, თანხის დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდა, მოპასუხეთა მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო.
2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 ნოემბრის განჩინებით მოპასუხეთა საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 ნოემბრის განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება, საქმის ხელახლა განსახილველად ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დაბრუნება და შესაგებლის წარსადგენად საპროცესო ვადის განსაზღვრა.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 თებერვლის განჩინებით, მეორე მოპასუხის გარდაცვალების გამო, საქმის წარმოება 10 თვით შეჩერდა.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 6 თებერვლის განჩინებით საქმის წარმოება განახლდა; მოსარჩელის შუამდგომლობა, მტკიცებულებათა გამოთხოვის თაობაზე, დაკმაყოფილდა; სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატიდან გამოთხოვილ იქნა მეორე მოპასუხის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე ინფორმაცია, თუ ვის მიერ (ვისზე) იქნა განხორციელებული სანოტარო მოქმედება და გაცემული სამკვიდრო მოწმობა, ასევე, სამკვიდრო მოწმობის ასლი.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 23 სექტემბრის განჩინებით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 სექტემბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე და ამავე სასამართლოს 2018 წლის 5 ნოემბრის განჩინებაზე, მეორე აპელანტის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა მ.კ–ი.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 23 სექტემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა პირველმა აპელანტმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
8. კერძო საჩივრის ავტორის განცხადებით, მოსარჩელემ სასამართლოს განსაზღვრულ ვადაში არ მიუთითა უფლებამონაცვლის შესახებ, ხოლო სააპელაციო სასამართლომ საქმის წარმოების განახლების და უფლებამონაცვლის დანიშვნის თაობაზე განცხადება მიიღო 2020 წლის 23 სექტემბერს, როცა 2019 წლის 18 თებევრლიდან გასული იყო ერთი წელი და შვიდი თვე.
9. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია მ.კ–ი გარდაცვლილის უფლებამონაცვლედ და ამის შესახებ მხარისათვის კანონით დადგენილი წესით არ უცნობებია, ხოლო ნოტარიუსთა პალატიდან დამატებითი ინფორმაცია არ გამოუთხოვია.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 21 დეკემბრის განჩინებით პირველი აპელანტის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ პირველი მოპასუხის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
12. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია სააპელაციო სასამართლოს მიერ მეორე აპელანტის უფლებამონაცვლედ მ.კ–ის ცნობის კანონიერება.
13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო უფლება ან მოვალეობა შეიძლება ერთი პირიდან მეორეზე გადავიდეს. იმ შემთხვევაში, როდესაც ეს უფლება თუ მოვალეობა სასამართლოს განხილვის საგანია, წარმოიშობა საპროცესო უფლებამონაცვლეობის აუცილებლობა. საპროცესო უფლებამონაცვლეობას მაშინ აქვს ადგილი, როდესაც სადავო მატერიალური ურთიერთობიდან გადის ერთ-ერთი მხარე. შესაბამისად, საპროცესო უფლებამონაცვლეობა – ესაა მხარეებისა და მესამე პირების შეცვლა იმ პირებით, რომლებზეც მათი უფლებები და მოვალეობები გადავიდა.
14. სსსკ-ის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე.
15. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საქმის განხილვისას, ისევე, როგორც მისი დასრულების შემდეგ, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზეც დასაშვებია კანონით დადგენილ შემთხვევაში ერთ-ერთი მხარის შეცვლა სხვა პირით. მოდავე მხარის ნაცვლად მისი უფლებამონაცვლის ჩაბმა დაკავშირებულია ამა თუ იმ საფუძვლით მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობიდან მის გასვლასთან, რა დროსაც მხარე კარგავს და სხვა პირს გადასცემს თავის საპროცესო სტატუსს. ამგვარი საპროცესო უფლებამონაცვლეობა მჭიდროდაა დაკავშირებული მატერიალურ-სამართლებრივ ურთიერთობებში შესაძლო უფლებამონაცვლეობასთან, კერძოდ, თუ უფლებამონაცვლეობა დასაშვებია მატერიალურ-სამართლებრივი კუთხით, იგი დასაშვებია პროცესუალურადაც. ამდენად, საპროცესო უფლემონაცვლეობა შეუზღუდავი არ არის და ხორციელდება კანონით დადგენილ ფარგლებში.
16. სხვა პირის უფლებამონაცვლედ დავაში ჩაბმულ მხარეს იგივე საპროცესო უფლებები და მოვალეობანი გააჩნია, რაც მის წინამორბედ პირს, რომლის მონაწილეობითაც მანამდე მიმდინარეობდა საქმისწარმოება. ამავდროულად, საქმისწარმოების პროცესში უფლებამონაცვლეობის დადგენამდე მხარედ ჩაბმული პირის მიერ განხორციელებული ყველა საპროცესო მოქმედება ძალაში რჩება უფლებამონაცვლის მიმართაც, ხოლო წინამორბედი მხარის მიერ შესრულებული მოქმედებები შესრულებულად ეთვლება უფლებამონაცვლესაც (შეად. სუსგ N ას-205-2021, 30.07.21 წ.).
17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მეორე მოპასუხის გარდაცვალების გამო საქმეში მის საპროცესო უფლებამონაცვლედ ჩაბმულ იქნა პირი, რომელმაც გარდაცვლილის სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადებით მიმართა ნოტარიუსს, რაც მართებულად იქნა მიჩნეული უფლებამონაცვლეობის დადგენის საფუძვლად. 2019 წლის 25 ივლისს ნოტარიუს ეთერ გზირიშვილისათვის მიმართული სამკვიდროს მიღების/სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ მ.კ–ის განცხადება სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი იქნა მას შემდეგ, რაც სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 6 თებერვლის განჩინებით ნოტარიუსთა პალატას გარდაცვლილის დანაშთ სამკვიდრო ქონებასთან დაკავშირებით ინფორმაციის წარმოდგენა დაევალა. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიები დაუსაბუთებელია და არც ერთი მათგანი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების კანონით დადგენილი საფუძველი არ არის. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 6 თებერვლის განჩინება საქმის ზეპირი მოსმენით განხილვაზე იქნა მიღებული, რაც მხარეებისათვის ცნობილი იყო, რაც შეეხება უშუალოდ უფლებამონაცვლედ პირის ჩართვის საკითხს, სასამართლო თავად წყვეტს საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე.
18. კერძო საჩივრის ავტორი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამავე სასამართლოს 2018 წლის 5 ნოემბრის განჩინების გაუქმებასაც ითხოვს კერძო საჩივრით, რაც დაუშვებელია, რადგან დასახელებული სასამართლო აქტები სააპელაციო საჩივრით საჩივრდება (სსსკ-ის 240.3-ე მუხლი) და კერძო საჩივრის ფარგლებში მათი კანონიერების შემოწმება შეუძლებელია. პირველ მოპასუხეს სააპელაციო საჩივარი წარდგენილი აქვს, თუმცა იგი განუხილველად იქნა დატოვებული, რასაც, ასევე, კერძო საჩივრით ასაჩივრებს პირველი მოპასუხე.
19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 23 სექტემბრის განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.რ–ის კერძო საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 23 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 23 სექტემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური