Facebook Twitter

საქმე №ა-6353-შ-177-2021 29 მარტი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

ზურაბ ძლიერიშვილი ( თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვა

სხდომის მდივანი – ლელა სანიკიძე

შუამდგომლობის ავტორი – შპს „G-A-E“

მოწინააღმდეგე მხარე – ი/მ ჯ.ჩ–ძე

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს – უზბეკეთის რესპუბლიკის ჯიზაკის ეკონომიკურ საქმეთა რაიონული სასამართლოს 2021 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. უზბეკეთის რესპუბლიკის ჯიზაკის ეკონომიკურ საქმეთა რაიონული სასამართლოს 2021 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „G-A-E”-ის (შემდეგში: მოსარჩელე ან შუამდგომლობის ავტორი) სარჩელი ი/მ ჯ.ჩ–ძეს (შემდეგში: მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) წინააღმდეგ, თანხის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, ძირითადი დავალიანების - 13 032,45 აშშ დოლარისა და ჯარიმის - 5 734 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა; მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის სახით 3800 აშშ დოლარის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ხოლო მოთხოვნაზე მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე, საქმის წარმოება შეწყდა.

2. 2021 წლის 30 დეკემბერს მოსარჩელის წარმომადგნელმა შალვა გიორგაძემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა უზბეკეთის რესპუბლიკის ჯიზაკის ეკონომიკურ საქმეთა რაიონული სასამართლოს 2021 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება თანხის დაკისრების ნაწილში. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ ზემოთმითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2021 წლის 16 მარტს და უზბეკეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 10 იანვრის განჩინებით შუამდგომლობა მიღებული იქნა წარმოებაში. ამავე განჩინებით მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 5 დღის ვადა წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად, ასევე განემარტა მისი უფლების შესახებ, მოეთხოვა საქმის ზეპირი ფორმით განხილვა. განჩინება შუამდგომლობასა და თანდართულ დოკუმენტებთან ერთად მოწინააღმდეგე მხარეს გადაეგზავნა 2022 წლის 11 იანვარს და ჩაბარდა 2022 წლის 28 იანვარს.

4. 2022 წლის 01 თებერვალს შუამდგომლობის ავტორის მოწინააღმდეგე მხარემ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა თავისი წერილობითი მოსაზრება და მიუთითა, რომ უზბეკეთის რესპუბლიკის ჯიზაკის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2021 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება არ უნდა იქნეს ცნობილი და აღსრულებული საქართველოს ტერიტორიაზე, რადგან იგი ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, დაუშვებელია ისეთი გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულება საქართველოს ტერიტორიაზე, რომელიც ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს. განსახილველ შემთხვევაში დაკისრებული თანხა მხარის მიმართ ანაზღაურებული იყო ვადაში (იგულისხმება ძირითადი თანხა, რაც გამორიცხავს პირგასამტეხლოს არსებობას და დაკისრების საფუძველს) უზბეკეთის სასამართლოსათვის მიმართვამდე. შესაბამისად, ანაზღაურებული თანხის დაკისრება, ამასთან მისი ცნობა-აღსრულება საქართველოს ტერიტორიაზე, სამართლებრივად დაუშვებელია და იგი ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს. შუამდგომლობის ავტორის მოწინააღმდეგე მხარემ მიუთითა, რომ რადგან 5 დღის ვადაში ვერ მოხერხდა შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენა, ამიტომაც სასამართლოსათვის უახლეს პერიოდში იქნება წარმოდგენილი აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება, აგრეთვე მოითხოვა საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე საქმის ზეპირი განხილვა. ( იხ. წერილობითი მოსაზრება).

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 15 მარტის განჩინებით მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე დაკმაყოფილდა და საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა საკასაციო სასამართლოში დაინიშნა 2022 წლის 29 მარტს, რის შესახებაც მხარეებს ეცნობათ კანონით დადგენილი წესით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

6. საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, თანდართულ მასალებს, მოისმინა მოწინააღმდეგე მხარის ახსნა-განმარტებები, რომელიც ადვოკატთან ერთად მონაწილეობდა სხდომაზე და მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, რის გამოც უნდა დაკმაყოფილდეს და საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ უნდა იქნეს და მიექცეს აღსასრულებლად უზბეკეთის რესპუბლიკის ჯიზაკის ეკონომიკურ საქმეთა რაიონული სასამართლოს 2021 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება.

7. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უცხო სახელმწიფოს სასამართლო გადაწყვეტილებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა/აღსრულება სხვა ქვეყანაში ამ უკანასკნელის საჯარო ხელისუფლების მიერ განხორციელებული აქტია, რომელთა მიმართებით ეს სახელმწიფო სრული სუვერენიტეტითა და თავისუფლებით სარგებლობს. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

8. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა/აღსრულების საკითხის განხილვამდე აუცილებელია, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შეამოწმოს მისი დასაშვებობა, კონკრეტულ შემთხვევაში კი, შედის თუ არა შუამდგომლობაში დასმული საკითხის განხილვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციაში, გააჩნია თუ არა შუამდგომლობის ავტორს იურიდიული ინტერესი და ა.შ.

9. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ გადაწყვეტილების აღიარების (ცნობის) საგანს წარმოადგენს არა ზოგადად კონკრეტული სასამართლო გადაწყვეტილება, როგორც მართლმსაჯულების აქტი, არამედ მისი გარკვეული სამართლებრივი თვისების მოქმედების გავრცელება უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე. ( იხ. დამატებით: თ. ლილუაშვილი, ბ. ლილუაშვილი, საქართველოს საერთაშორისო კერძო სამართალი, თბ., 2020, გვ.178).

10. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „გათანაბრების თეორიის“ თანახმად, უცხოური აქტი უნდა აღქმულ იქნეს და იურიდიულად გაუთანაბრდეს შიდასახელმწიფოებრივ სასამართლო გადაწყვეტილებას. შესაბამისად, ამ სახის სასამართლო გადაწყვეტილებების საპროცესო შედეგებიც შიდასახელმწიფოებრივი სამართლის მიხედვით უნდა გადაწყდეს. ეს კონცეფცია ნოსტრიფიკაციის სახელით არის ცნობილი და ემყარება ყველა სახელმწიფოს სამართლებრივი სისტემის თანასწორუფლებიანობის მოსაზრებას. ამიტომაც უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის და აღსრულების საკითხის გადაწყვეტისას მნიშვნელოვანია, თუ რა კრიტერიუმების არსებობას უკავშირებს გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებას შესაბამისი ქვეყნის სასამართლო. ამგვარ კრიტერიუმებს შესაძლებელია მოცემული ქვეყნის კანონმდებლობა ან მის მიერ გაფორმებული ორმხრივი თუ მრავალმხრივი საერთაშორისო შეთანხმება პირდაპირ ჩამოთვლიდეს. გარდა ზემოაღნიშნულისა, ამ საკითხთან მიმართებით საერთაშორისო სამოქალაქო პროცესში გავრცელება ჰპოვა ე.წ. „სარკისებური ასახვის პრინციპმა“, რომლის მიხედვითაც, გადაწყვეტილების მცნობ სასამართლოს სარკისებურად გადააქვს თავისი ქვეყნის წესები გადაწყვეტილების მიღების კომპეტენციის შესახებ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებაზე.

11. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს მხოლოდ მისი ცნობა/აღსრულებასთან დაკავშირებული სამართლებრივი წინაპირობების თვალსაზრისით. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების იურიდიული ძალის სხვა ქვეყანაში გავრცელებისათვის უნდა არსებობდეს ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. ფაქტობრივ საფუძველში იგულისხმება უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების შედეგების გავრცელება იმ ქვეყნის ტერიტორიაზე, რომელმაც უნდა სცნოს ეს გადაწყვეტილება, ხოლო სამართლებრივ საფუძველში მოიაზრება საერთაშორისო კერძო სამართლის ნორმები, რომლითაც ხორციელდება ცნობა/აღსრულების შემოწმება/განხილვა. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების აღიარებით ახდენს ამ გადაწყვეტილებით დაცული მხარის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ცნობას, რომლის რეალიზაციის იურიდიული შედეგი უნდა გავრცელდეს საქართველოში.

12. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის არის გაფორმებული საერთაშორისო ხელშეკრულება „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ (შემდეგში - „საერთაშორისო ხელშეკრულება“) ამიტომ წინამდებარე განჩინების დასაბუთებისას დაეყრდნობა ამ ხელშეკრულებისა და „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში: „სპეციალური კანონი“) მოთხოვნებს.

13. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციითა და „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვით ძალაში შესულ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებასა და შეთანხმებას, თუ ისინი არ ეწინააღმდეგებიან საქართველოს კონსტიტუციასა და კონსტიტუციურ კანონს, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.

14. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურებულია, რომ მოპასუხე ჯეროვნად და სათანადო წესით იყო ინფორმირებული სასამართლო სხდომის ადგილის, დროის, მხარეებისა და დავის საგნის შესახებ. მოწინააღმდეგე მხარე გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებაზე უარის თქმას უკავშირებს მხოლოდ იმ საფუძვლს, რომ იგი ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საჯარო წესრიგს, რადგან დაკისრებული თანხა მხარის მიმართ ანაზღაურებული იყო ვადაში ( იგულისხმება ძირითადი თანხა, რაც გამორიცხავს პირგასამტეხლოს არსებობას და დაკისრების საფუძველს) უზბეკეთის სასამართლოსათვის მიმართვამდე.

15. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „საერთაშორისო ხელშეკრულების“ პირველი მუხლის პირველი ნაწილით, ერთი მხარის მოქალაქეები, აგრეთვე, მის ტერიტორიაზე მცხოვრები პირები, მეორე მხარის ტერიტორიაზე სარგებლობენ თავიანთი პირადი და ქონებრივი უფლებების ისეთივე სამართლებრივი დაცვით, როგორითაც ამ მხარის მოქალაქეები. დასახელებული ნორმის მე-2 ნაწილით კი, ერთი მხარის მოქალაქეებს, აგრეთვე სხვა პირებს, რომლებიც ცხოვრებენ მის ტერიტორიაზე, უფლება აქვთ, თავისუფლად და დაუბრკოლებლად მიმართონ მეორე მხარის სასამართლოებს, პროკურატურას, სანოტარო ორგანოებს (შემდეგში - იუსტიციის დაწესებულებები) და სხვა დაწესებულებებს, რომელთა კომპეტენციასაც განეკუთვნება სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეები, შეუძლიათ გამოვიდნენ მათ წინაშე, აღძრან შუამდგომლობა, წარადგინონ სარჩელი, განახორციელონ სხვა პროცესუალური მოქმედებანი ისეთივე პირობებით, როგორც საკუთარმა მოქალაქეებმა. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად ამ ხელშეკრულების დებულებანი, გამოიყენება აგრეთვე იურიდიული პირების მიმართ, რომლებიც შექმნილია მხარეთა კანონმდებლობის შესაბამისად.

16. ამავე „საერთაშორისო ხელშეკრულების“ 50-56-ე მუხლებით დადგენილია გადაწყვეტილებათა ცნობისა და იძულებითი აღსრულების და ასეთზე უარის თქმის სამართლებრივი წინაპირობები, შესაბამისად, სწორედ ამ ფარგლებით განისაზღვრება საკასაციო სასამართლოს მსჯელობა, რადგან უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვა კანონის ფორმალურ დანაწესებთან ამ გადაწყვეტილების შემოწმების გზით ხორციელდება იმგვარად, რომ საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, ჩაერიოს, რაიმე ფორმით განმარტოს ან შესწორება შეიტანოს თავად გადაწყვეტილებაში ან მისი სარეზოლუციო ნაწილის რომელიმე პუნქტში.

17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შუამდგომლობას ერთვის საერთაშორისო ხელშეკრულების 52-ე მუხლით დადგენილი ყველა ის ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც საჭიროა საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების წინაპირობების შემოწმების საკითხის გადასაწყვეტად, ასევე, არ არსებობს ამავე ხელშეკრულების 56-ე მუხლით დადგენილი რომელიმე წინაპირობა წარმოდგენილი შუამდგომლობით მოთხოვნილი სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და მის აღსრულებაზე უარსაყოფად.

18. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დავის საგანზე, რომელიც, მოცემულ შემთხვევაში, ფულადი თანხის გადახდის დაკისრებას შეეხება, ამასთან საქართველოს უზენაესი სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ საცნობი გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და უზბეკეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა. მოპასუხემ საკასაციო სასამართლოს წინაშე დაადასტურა, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობა ჰქონდა მოსარჩელესთან, მასთან წარმოეშვა უთანხმოება, თუმცა აღნიშნა, რომ სახელსეკრულებო ვალდებულება სრულად ააქვს ჯეროვნად შესრულებული შუამდგომლობის ავტორის მიერ უზბეკეთის სასამართლოსათვის მიმართვამდე. სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის შეკითხვაზე, თუ რა ზომებს მიმართა მოპასუხემ მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ მის წინააღმდეგ არსებობდა გადაწყვეტილება, განაცხადა, რომ ამ ეტაპისთვის რეაგირების გარეშეა დატოვებული, თუმცა სამომავლოდ აპირებს მიმართოს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს და მოითხოვოს საქმის წარმოების განახლება.

19. საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს „საერთაშორისო ხელშეკრულებისა“ და „სპეციალური კანონის“ ზემოხსენებული ნორმებით და აკმაყოფილებს შუამდგომლობას, ვინაიდან მოწინააღმდეგე მხარემ ვერ დასძლია მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი, შესაბამისად, უზბეკეთის რესპუბლიკის ჯიზაკის ეკონომიკურ საქმეთა რაიონული სასამართლოს 2021 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება შუამდგომლობის ფარგლებში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უნდა იქნეს ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ ხელშეკრულების“ 50-ე, 52-ე, 54-ე, 56-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის“ 68-ე და 70-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „G – A –E “-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და მიექცეს აღსასრულებლად უზბეკეთის რესპუბლიკის ჯიზაკის ეკონომიკურ საქმეთა რაიონული სასამართლოს 2021 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ი/მ ჯ.ჩ–ძეს შპს „G – A –E ” -ის სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი დავალიანების -13032, 45 აშშ დოლარისა და ჯარიმის სახით - 5734 აშშ დოლარის გადახდა.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი

მირანდა ერემაძე