Facebook Twitter

საქმე№ას-87-2021 20 იანვარი, 2022 წელი ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – მ.გ–ძე, ე.მ–ი (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – ხ.ფ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ნოემბრის განჩინება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უფლებამონაცვლედ ცნობა, თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ხ.ფ–ძეს (შემდეგში: მოსარჩელე, მეორე აპელანტი, გამსესხებელი) რ.მ–სა (შემდეგში: მსესხებელი) და გ.მ–ს (შემდეგში: მესაკუთრე, მამა) შორის 2014 წლის 30 სექტემბერს გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: მსესხებელზე გაიცა სესხი 9 000 აშშ დოლარი. სესხის დაბრუნების ვადად განისაზღვრა 2015 წლის 30 სექტემბერი. სარგებელი - ყოველთვიურად 3.68%, პირგასამტეხლო (ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში) - 0,13% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, იპოთეკის საგანი: მესაკუთრის უძრავი ქონებები, მდებარე გურჯაანის რაიონი სოფელი ........., ს/კ: ....... და ს/კ: ......;

2. მსესხებელი გარდაიცვალა 2016 წლის 23 ივლისს, ხოლო მესაკუთრე - 2017 წლის 6 აპრილს.

3. ე.მ–ი და მ.გ–ძე (შემდეგში: მოპასუხეები, უფლებამონაცვლეები, პირველი აპელანტები, კასატორები) არიან მსესხებლის დები და იპოთეკის საგნის მესაკუთრის შვილები.

4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის არქივის მონაცემების მიხედვით, რეესტრში არ არის რეგისტრირებული ჩანაწერი 2016 წლის 25 ივლისს გარდაცვლილი მსესხებლის სამკვიდრო ქონების თაობაზე.

5. საჯარო სამართლის იურიდიული პირის, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის არქივის მონაცემების მიხედვით, 2017 წლის 6 აპრილს გარდაცვლილი იპოთეკის საგნის მესაკუთრის სამკვიდრო ქონების თაობაზე რეესტრში მოიძებნა შემდეგი ჩანაწერები: 2018 წლის 3 დეკემბერს ნოტარიუს ე. კ–ძის მიერ გაცემულია სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ დადგენილება. 2018 წლის 3 დეკემბერს ნოტარიუს ე. კ–ძის მიერ გაცემულია სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ დადგენილება. 2018 წლის 3 დეკემბერს ნოტარიუს ე. კ–ძის მიერ დამოწმებულია სამკვიდროს მიღების/სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ განცხადება. 2018 წლის 3 დეკემბერს ნოტარიუს ე. კ–ძის მიერ დამოწმებულია სამკვიდროს მიღების/სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ განცხადება.

6. ნოტარიუს ნ.კ–ის 2016 წლის 27 სექტემბრის №161114294 დადგენილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა სანოტარო მოქმედების შესრულებაზე მსესხებლის, გარდაცვალების გამო. აღნიშნული დადგენილების მიხედვით, 2016 წლის 27 სექტემბერს ნოტარიუს ნ.კ–ს მიმართა მოსარჩელემ, რომელმაც წერილობით მოითხოვა სააღსრულებო ფურცლის გაცემა 2014 წლის 30 სექტემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. ნოტარიუსმა დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ უარი უთხრა განმცხადებელს სააღსრულებო ფურცლის გაცემაზე შემდეგ გარემოებათა გამო: სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოვალე გარდაცვლილია, მისი მემკვიდრეობა არ მიუღია არცერთ მემკვიდრეს, რაც დადგინდა სანოტარო მოქმედებათა რეგისტრაციის ელექტრონული ბაზიდან.

7. ნოტარიუს ნ.კ–ის 2019 წლის 20 აგვისტოს №190984245 დადგენილებით ცვლილება შევიდა სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ 2016 წლის 27 სექტემბრის №161114294 დადგენილებაში, რომლის მიხედვით, 2019 წლის 20 აგვისტოს ნოტარიუსს მიმართა მოსარჩელემ (წარმომადგენელი გ.ჟ–ა) და მოითხოვა 27.09.2016წ. სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის დადგენილების დუბლიკატის გაცემა. ნოტარიუსმა ნ.კ–მა საბუთების შესწავლის შემდეგ დაადგინა აღნიშულ დადგენილებაში შეეტანა შემდეგი ცვლილება: 2017 წლის 06 აპრილს გარდაიცვალა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მესაკუთრე, ხოლო მისმა მემკვიდრეებმა, უფლებამონაცვლეებმა 2018 წლის 3 დეკემბერს განცხადებით მიმართეს ნოტარიუს ე. კ–ას სამკვიდროს მიღების თაობაზე, მაგრამ დღეის მდგომარეობით სამკვიდრო მოწმობა არ აუღიათ. 2016 წლის 27 სექტემბერს გაცემული №161114294 დადგენილების სხვა პირობები დარჩა უცვლელი.

8. სარჩელის მოთხოვნა

8.1. გამსესხებელმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოითხოვა:

8.1.1. გარდაცვლილი მესაკუთრის ქალიშვილების, მსესხებლისა და იპოთეკის საგნის მესაკუთრის უფლებამონაცვლეებად ცნობა;

8.1.2. უფლებამონაცვლეებისთვის 9 000 აშშ დოლარის დაკისრება;

8.1.3. უფლებამონაცვლეებისთვის, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 9 535.5 აშშ დოლარის დაკისრება;

8.1.4. დავალიანების დაფარვის მიზნით იპოთეკის საგნად გამოყენებული უძრავი ქონებების მდებარე გურჯაანის რაიონი სოფელი ........., ს/კ: ..... და ს/კ: ....... სარეალიზაციოდ მიქცევა;

9. მოპასუხეთა პოზიცია

9.1. მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ არც მამის და არც ძმის უფლებამონაცვლეებს არ წარმოადგენენ, ამასთან, მათთვის არ იყო ცნობილი რეალურად არსებობდა თუ არა სესხის ხელშეკრულება მხარეთა შორის.

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

10.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხეები ცნობილ იქნენ გარდაცვლილი მსესხებლისა და მათი მამის უფლებამონაცვლედ და დაევალათ იპოთეკით დატვირთული, მათ ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების, საკუთარ სახელზე რეგისტრაცია.

10.2. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაევალათ სოლიდარულად 10 467 აშშ დოლარის გადახდა;

10.3. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებები;

11. მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი

11.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

12. მოსარჩელის სააპელაციო მოთხოვნა

12.1. მოსარჩელემ, წარდგენილი სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკნვები

13.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ნოემბრის განჩინებით მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

13.2. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს (სსსკ-ის 390.3.-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტი).

13.3. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტების პრეტენეზია, რომ სასამართლომ იმსჯელა ისეთ საკითხზე, რომელიც მხარის მოთხოვნის საგანი არ ყოფილა. სარჩელის შინაარსის, მხარის მიერ აღწერილი დავის ფაქტობრივი გარემოებების, სასარჩელო მოთხოვნისა და მისი სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებით, სასამართლომ მესაკუთრედ ცნობასთან მიმართებით იმსჯელა.

13.4. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების სწორადაა დადგენილი, რომ სასარჩელო მოთხოვნა არ იყო ხანდაზმული, ვინაიდან მოსარჩელემ სამოქალაქო წესით სარჩელის წარდგენამდე, ჯერ კიდევ 2016 წლის 27 სექტემბერს მიმართა სანოტარო ორგანოს სააღსრულებო ფურცლის გაცემის მიზნით, რითიც სცადა თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება კანონით დადგენილი სხვა საშუალებით. ამდენად, სსკ-ის 138-ე მუხლის შესაბამისად, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, წინამდებარე სასარჩელო მოთხოვნაზე ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილად ჩაითვალა 2016 წლის 27 სექტემბერს ნოტარიუსისათვის მიმართვით, ხოლო სსკ-ის 141-ე მუხლის საფუძველზე, 2019 წლის 2 ოქტომბერს წარდგენილი სარჩელი, სამწლიან ვადაშია წარდგენილი, რაც გამორიცხავს ხანდაზმულად მიჩნევას.

13.5. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელემ მოითხოვა სესხის ძირითადი თანხის და პირგასამტეხლოს დაკისრება. პირველი აპელანტები სადავოდ ხდიდნენ გადაწყვეტილებას სესხის ძირი თანხის ნაწილში და მათი განმარტებით დავალიანება დაფარულია სრულად. პალატა განმარტავს, რომ გამსესხებლის მიერ სესხის ხელშეკრულების ნამდვილობის დადასტურების შემთხვევაში და ვალდებულების შეუსრულებლობის თაობაზე მისი მითითების პირობებში, მოქმედებს პრეზუმფცია, რომ მსესხებელს ვალდებულება (სესხის დაბრუნება) შესრულებული არ აქვს. ამ პრეზუმფციის გაქარწყლების ტვირთი (ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი) კი მსესხებელს (მოცემულ შემთხვევაში - მოპასუხეებს აკისრიათ. ამდენად, ვალდებულების შესრულების დადასტურება მოპასუხეებმა სცადეს მხოლოდ ახსნა-განმარტებით, რაც არასაკმარისი მტკიცებულება მითითებული გარემოების დასადასტურებლად.

13.6. სააპელაციო სასამართლომ, გამსესხებლის სააპელაციო საჩივრის პრეტენზიის პასუხად პირგასამტეხლოს მარეგულირებელ კანონმდებლობასა, აღნიშნულის შესახებ სამართლებრივ პრაქტიკაზე მიუთითა და განმარტა, რომ ქვემდგომმა სასამართლომ პირგასამტეხლოს განაკვეთი გონივრულ ოდენობამდე - 0,02%-მდე შეამცირა, ამგვარად, დაცული და შენარჩუნებული იყო როგორც მოვალის უფლებები, ისე - კრედიტორის ინტერესები და პირგასამტეხლოს იურიდიული ბუნება. შესაბამისად, არ არსებობდა მეორე აპელანტის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

14. მოპასუხეთა საკასაციო მოთხოვნა

14.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს უფლებამონაცვლეემა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვეს.

14.2. კასატორების განმარტებით, მოსარჩელეს საერთოდ არ მოუთხოვია მათი სადავო ქონების მესაკუთრეებად ცნობა, თუმცა, სასამართლომ თავისი ინიციატივით დაავალა იპოთეკით დატვირთული, მათ ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული უძრავი ქონებების საკუთარ სახელზე რეგისტრაცია.

14.3. კასატორების მტკიცებით სასამართლომ არ შეაფასა სათანადოდ თანხების გადახდის ფაქტი, რეალურად დასტურდება, რომ მოსარჩელეს იმაზე მეტი თანხა ჰქონდა მიღებული ვიდრე ეკუთვნოდა.

14.4. კასატორების პრეტენზიით გასაჩივრებული განჩინებით არასწორადაა დადგენილი აგრეთვე ხანდაზმულობის შესახებ მათი სააპელაციო პრეტენზიები.

15. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

15.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 5 აპრილის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

16. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

18. საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მათ არა აქვთ წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სრულად გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და სათანდოდ შეაფასა ისინი, ამასთან, კასატორს არ წარმოუდგენია არსებითად დასაბუთებული შედავება, რომლითაც გააქარწყლებდა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებსა თუ მსჯელობას.

21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დადგენილია განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელესა და მოპასუხეების ძმას და მამას შორის არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა, კერძოდ, მოსარჩელემ სესხად გადასცა თანხა მოპასუხეთა ძმას, რომლის უზრუნველსაყოფადაც იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხეთა და მსესხებლის მამის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონებები.

22. დადგენილია აგრეთვე, რომ მოპასუხეების სახელზე შედგენილია სამკვიდრო მოწმობა, რომელიც მათ არ აუღიათ, აგრეთვე, არ დაურეგისტრირებიათ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებები, ამდენად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი გარემოებები და ვალდებულება რომ მოპასუხეებმა საკუთრების უფლება დაარეგისტრირონ იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე დასაბუთებულია, ვინაიდან, მხარეთა შორის არსებობდა ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ფარგლებში არსებული მოთხოვნის უზრუნველსაყოფადაც გამოყენებულია უძრავი ქონება, ამენად, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებული მოთხოვნის ნამდვილობისას, იპოთეკის საგანზე მოთხოვნა ავტომატურად არსებობს ნებისმიერ მესაკუთრის მიმართ, ასევე, მათი უფლებამონაცვლეების მიმართაც, მიუხედავად მათი ნებისა.

23. სსკ-ის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა). ამავე კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე კოდექსის 295-ე მუხლის თანახმად, იპოთეკა და მის საფუძვლად არსებული მოთხოვნა მხოლოდ ერთდროულად და ერთობლივად შეიძლება იქნეს სხვა პირისათვის გადაცემული. მოთხოვნის გადაცემასთან ერთად ახალ კრედიტორზე გადადის იპოთეკაც. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ კრედიტორის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა გარდაცვლილის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული უძრავი ქონება, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მართებულად დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა უძრავი ქონების სარეალიზაციოდ მიქცევის თაობაზე.

24. საკასაციო სასამართლო ვალდებულების დაფარვის შესახებ კასატორის პრეტენზეიის პასუხად სსკ-ის 429-ე მუხლის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით, შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია, გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. ამ შემთხვევაში, კანონმდებლის პრინციპული დამოკიდებულება იმითაა განპირობებული, რომ მაქსიმალურად აღმოიფხვრას ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა არაკეთილსინდისიერება. თუმცა კანონი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ, კერძოდ, ამგვარი საბუთის გამოთხოვაზე რაიმე ვალდებულება მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით მოვალეს არ ეკისრება. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება კი, განპირობებულია მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესით, რაც იმაში მდგომარეობს, რომ შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან საპროცესოსამართლებრივი თვალსაზრისით, ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი სწორედ მას ეკისრება. განსახილველ შემთხვევაში კი მსესხებლის უფლებამონაცვლეებს რაიმე დოკუმენტი სესხის დაფარვის თაობაზე ან ვალდებულების შესრულების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნის გამორიცხვის შესახებ სასამართლოსთვის არ წარუდგენიათ, ხოლო, მხოლოდ მათი ახსნა-განმარტება ვერ გახდება აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულება.

25. საკასაციო სასამართლო მოპასუხეთა პრეტენზიაზე, მოსარჩელის მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ განმარტავს, რომ მოსარჩელეს არ დაურღვევია ხანდაზმულობის ვადა, ვინაიდან მან დროულად მიმართა პირველ რიგში ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის გაცემის მიზნით, შემდეგ კი სასამართლოს, მსგავს საქმეებზე დადგენილი ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადის დაცვით. გასათვალისწინებელია, რომ მოთხოვნის კანონით გათვალისწინებული და მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფორმით შესრულების მიზნით, მოსარჩელემ, 2015 წლის 30 სექტემბრიდან წარმოშობილ ვალდებულებაზე, 2016 წელს მიმართა ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის გაცემის მიზნით, ხოლო, ასეთი მოქმედების სანოტარო წესით განხორციელებაზე უარის მიღების შემდეგ, რომლითაც ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილად ჩაითვალა (იხ. სსკ-ის 138-ე მუხლი) სასამართლოს.

26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისა და დაკმაყოფილების კანონისმიერი საფუძველი. ამასთან, დაუსაბუთებელია საკასაციო პრეტენზია პირველი ინსტანციის საოქმო განჩინების გაუქმებისა და მტკიცებულებების დართვის თაობაზე, შესაბამისად საკასაციო სასამართლო არ იმსჯელებს მსგავს მტკიცებულებებზე.

27. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.გ–ძისა და ე.მ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. მ.გ–ძესა (......) და ე.მ–ს (.......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე მ.გ–ძის (.......) მიერ გადახდილი (საგადახდო დავალება №1, გადახდის თარიღი 2021 წლის 22 მარტი), 1 744 ლარის 70% - 1 220.8 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე