Facebook Twitter

საქმე № ას-650-2021 26 იანვარი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – მ.ფ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ.შ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ნ.შ–ძესა (შემდეგში: მოსარჩელე, გამსესხებელი) და შპს „ს.კ.ს–ოს“ (შემდეგში: მსესხებელი, კომპანია) შორის 2016 წლის 30 აგვისტოს სესხის ხელშეკრულება N11709 დაიდო, რომლის მიხედვითაც მოსარჩელემ 5 000 აშშ დოლარი 12 თვის ვადით, წლიური 33 %-ის დარიცხვით, ასესხა კომპანიას.

2. მხარეთა შორის, 2016 წლის 3 სექტემბერს დაიდო სესხის N11753 ხელშეკრულება, 34 000 აშშ დოლარზე, 6 თვის ვადით, წლიური 25% სარგებლის დარიცხვით.

3. დასახელებული თანხების შეტანა კომპანიაში დასტურდება სალაროს შემოსავლის ორდერებით, კერძოდ, 5 000 აშშ დოლარის N12947 სალარო შემოსავლის ორდერით და 34 000 აშშ დოლარის - N13010 სალარო შემოსავლის ორდერით.

4. გადაცემული სესხი მოვალეს არ დაუბრუნებია.

5. შეტანილი თანხები, კომპანიის დირექტორმა - თ.ლ–ძემ, მ.ფ–ძის (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) წაქეზებითა და თ.მ–ის (შემდეგში: მოპასუხეები) დახმარებით ერთობლივად მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგეს.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის განაჩენით მოპასუხეები ცნობილი არიან დამნაშავედ წარდგენილ ბრალში, ხოლო მოსარჩელის მიმართ მიყენებული ზიანი კიდევ ერთხელ დადასტურდა აღნიშნული განაჩენით, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელე მოხსენიებულია 979-ე დაზარალებულად. დასახელებული განაჩენი კანონიერ ძალაშია შესული.

7. გამსესხებლის სასარჩელო მოთხოვნა

7.1. გამსესხებელმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოითხოვა მოპასუხეებისთვის 39 000 აშშ დოლარის დაკისრება.

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

8.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 ივლისის, მოპასუხეთა გამოუცხადებლობის საფუძვლით მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს, მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ ზიანის ანაზღაურება - 39 000 აშშ დოლარით.

9. აპელანტის საჩივარი

9.1. აპელანტმა, საჩივარი წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 ივლისის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება

10.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ზიანის ანაზღაურების თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

11. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა

11.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 ოქტომბრის განჩინება და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 ივლისის დაუსწრებელ გადაწყვეტილება, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების/გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.

12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

12.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 ოქტომბრის განჩინება და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 ივლისის დაუსწრებელ გადაწყვეტილება.

12.2. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 ივნისის განჩინებით საქმის განხილვის მიზნით სასამართლოს მთავარი სხდომა 2019 წლის 16 ივლისს 15:00 საათზე დაინიშნა. სხდომაზე მოპასუხეები, რომლებსაც 2019 წლის 16 ივლისის სასამართლოს სხდომის თაობაზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ეცნობათ და ასევე განემარტათ სხდომაზე გამოუცხადებლობის იურიდიული შედეგები, არ გამოცხადდნენ და არც საპატიო მიზეზებზე მიუთითებიათ სასამართლოსთვის (ტ. 1 ს.ფ. 427, 430 და 433, 264-272).

12.3. სასამართლოში, საბადრაგო სამსახურის მიერ წარდგენილია მოპასუხე თ.ლ–ძისა და თ.მ–ის განცხადებები, რომლის თანახმადაც ისინი აღნიშნულ პროცესში მონაწილეობაზე უარს აცხადებდნენ და მიუთითებდნენ რომ მათ ინტერესებს ნდობით აღჭურვილი ადვოკატები დაიცავდნენ (ტ. 1, ს.ფ. 14; 441). საქმის მასალებით, აგრეთვე ირკვეოდა, რომ აპელანტმა, უარი განაცხადა სხვა მსჯავრდებულებთან ერთად მანქანაში განთავსებაზე სასამართლოში გადასაყვანად (ტ.1,ს.ფ.442-444).

12.4. სასამართლოს სხდომაზე 2016 წლის 16 ივლისს გამოცხადებულმა მოსარჩელემ, დაუსწრებელი გადაწყვტილების გამოტანისა და სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ იშუამდგომლა, შუამდგომლობა დაკმაყოფილდა (ტ. 2. ს.ფ. 1-4).

12.5. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით წარდგენილ საჩივარში მოპასუხე, ბადრაგირების წესის დარღვევაზე უთითებდა, რის გამოც უარი განაცხადა სასამართლოში გადაყვანაზე და რაც საპატიო მიზეზად უნდა ჩათვლილიყო, ამასთან, განმარტავდა რომ მოსარჩელეს ზიანის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარუდგენია, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ და მატერიალურ წინაპირობებს ქმნიდა.

13. აპელანტის საკასაციო მოთხოვნა

13.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

13.2. კასატორის განმარტებით, არ არის დადგენილი მიზეზობრივი კავშირი. განაჩენის მიხედვით, აპელანტმა ისესხა თანხა კომპანიისგან, რაც სასამართლომ მიიჩნია დანაშაულად, რითაც დააზარალა კომპანია. საფინანსო კომპანია დაზარალებულად ცნობილი არ არის და მას გააჩნია შესასრულებელი ფულადი ვალდებულება კრედიტორების წინაშე.

13.3. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ ერთ ცნებაში გააერთიანა სასესხო ურთიერთობა და დელიქტური ვალდებულება. არ გამიჯნა ზიანის მიყენებამდე ურთიერთობები ზიანის მიყენების შემდგომ არსებული მდგომარეობისგან, არ იმსჯელა სათანადო მოპასუხეზე, მაშინ როდესაც სამართლებრივი ურთიერთობა დაიწყო იურიდიულ პირთან. არ გამიჯნა ფიზიკური პირის ქმედება იურიდიული პირის ქმედებისგან. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არ აკმაყოფილებენ დელიქტიდან გამომდინარე დავებისათვის დადგენილ ოთხ სტანდარტულ კომპონენტს.

13.4. განაჩენის მიხედვით, კასატორის მხრიდან კომპანიაში სესხის თანხის დაბრუნების პირობებშიც, იურიდიული პირი ვერ გადაურჩებოდა გაკოტრებას. აღნიშნული ადასტურებს, რომ კასატორის ქმედებას არ გააჩნია მიზეზობრივი კავშირი მოსარჩელის მიმართ მიყენებულ ზიანთან. კომპანიის კრედიტორების მოთხოვნა უნდა დაეყრდნოს მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ნორმებს და ზიანის დაკისრება გამჭოლი პასუხისმგებლობით უნდა დაეკისროს მხოლოდ კომპანიის ხელმძღვანელობას, დანარჩენ მოპასუხეებს და არა კასატორს.

14. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

14.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ივნისის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

15. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

17. საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მათ არა აქვთ წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

19. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სრულად გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და სათანდოდ შეაფასა ისინი, ამასთან, კასატორს არ წარმოუდგენია არსებითად დასაბუთებული შედავება, რომლითაც გააქარწყლებდა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებსა თუ მსჯელობას.

20. საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების დასაბუთების სამართლებრივ შემოწმებამდე, წინამდებარე განჩინებაში ასახულ და დადგენილ გარემოებებზე გაამახვილებს ყურადღებას და განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში უდავოა, რომ კასატორი, სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა, ამასთან მისთვის კანონით დადგენილი წესით იყო ცნობილი სხდომის თარიღი, დრო და ადგილი. უდავოა, რომ მას არც კანონით გათვალისწინებული ფორმით უცნობებია სასამართლოსთვის სხდომაზე გამოუცხადებლობის შესახებ საპატიო მიზეზები, აგრეთვე, არც სხდომის მის გარეშე ჩატარება მოუთხოვია.

21. კასატორის პრეტენზია, რომ ბადრაგირების წესი დაირღვა და მისთვის შეუძლებელი იყო სასამართლო სხდომაზე გამოცხადება დაუსაბუთებელია.

22. საქართველოს კანონი „პატიმრობის კოდექსის“ მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სპეციალური პენიტენციური სამსახური არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღმასრულებელი ორგანოები არიან სამსახური და მისდამი დაქვემდებარებული პენიტენციური დაწესებულებები. ამავე კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, სამსახურის სპეციალური დანაყოფები აერთიანებს პენიტენციურ დაწესებულებებს და იმ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს, რომელთა საქმიანობაც უშუალოდ მიმართულია პენიტენციურ დაწესებულებათა ერთიანი მართვის, პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებების რეალიზაციის, მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის, სამართლებრივი რეჟიმის დაცვის, უსაფრთხოების დაცვის, უსაფრთხოების დაცვის, უსაფრთხოების სპეციალური ღონისძიებების განხორციელების, ბრალდებუთა/მსჯავრდებულთა გაყვანის/გადაყვანის და ექსტრადიციის, ბრალდებულთა/მჯავრდებულთა პირადი საქმეებისა და რეესტრების წარმოების, შესაბამისი მონაცემების დამუშავებისა და ანალიზის უზრუნველყოფისაკენ.

23. დადგენილი პრაქტიკის თანახმად, მსჯავდებულების სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას პენიტენციური სამსახურის სპეციალური დანაყოფები უზრუნველყოფენ, რომლებიც ამავდროულად პასუხისმგებელნი არიან მსჯავდებულთა უსაფრთხო გადაადგილებაზე. საქართველოში მოქმედი არცერთი ნორმატიული აქტით ყველა პატიმრის სასამართლო დაწესებულებაში იზოლირებულად გადაყვანის ვალდებულება არ არის გაწერილი, პატიმრის იზოლირებულად გადაყვანის შესაძლებლობა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გარემოებების გათვალისწინებით (ჯანმრთელობის მდგომარეობა, საჯარო ინტერესი და სხვა) შესაძლოა პენიტენციური დაწესებულების დისკრეციის ფარგლებში მოექცეს, თუმცა პატიმრის მხოლოდ ზეპირსიტყვიერი მითითება, რომ იგი უარს აცხადებს მაღალი რისკის მატარებელ პატიმრებთან ერთად გადაადგილებაზე, არ შეიძლება ცალსახად მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების ან/და პროცესზე გამოუხადებლობის საპატიო მიზეზად ჩაითვალოს.

24. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც კასატორმა ვერც წინასწარ მიუთითა სხდომაზე გამოუცხადებლობის შესახებ და მისი განმარტებით, ბადრაგირების დაწყებისას გამოვლენილი მიზეზით სხდომაზე დასწრების შეუძლებლობაზე მითითების გამო უნდა გაუქმებულიყო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, დაუსაბუთებელია და ვერ მტკიცდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით.

25. საკასაციო სასამართლო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობასა და დასკვნებს და დამატებით განმარტავს, რომ სსსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მხარე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში/საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი არ დაკმაყოფილდება. ამავე კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის. გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები.

26. სსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

27. სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. განსახილველი მუხლი, მართალია, იმპერატიული არ არის და საპატიო მიზეზების აბსოლუტურ ჩამონათვალს არ განსაზღვრავს, თუმცა აკეთებს სავალდებულო დათქმას, რომლის თანახმად, მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის ან/და სხვა საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობას საფუძვლად განსაკუთრებული ობიექტური გარემოება უნდა დაედოს.

28. ამდენად, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მტკიცებას დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების საფუძვლების დაუსაბუთებლობაზე, ამასთან, განმარტავს, რომ სარჩელი იურიდიულად ამართლებდა წარდგენილ მოთხოვნას, რის გამოც დასაბუთებულად დაკმაყოფილდა.

29. კასატორის გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 47-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.ფ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე