საქმე №ას-1001-2020 20 იანვარი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ქ.კ.კ–ა“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (შემდეგში: მოსარჩელე, სამინისტრო) სარჩელი აღძრა სასამართლოში, შპს „ქ.კ.კ–ის“ (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, კომპანია, საჩივრის ან საკასაციო საჩივრის ავტორი) წინააღმდეგ, მოითხოვა მიღება-ჩაბარების აქტების დანართებში დანაკლისის სახით მითითებული ფასგარეშე სამზარეულოს ინვენტარის სამინისტროსთვის გადაცემა/დაბრუნება ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო მდგომარეობაში.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება
3.1. გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს დაევალა, სამინისტროსთვის, მიღება-ჩაბარების აქტების დანართებში დანაკლისი სახით მითითებული ფასგარეშე სამზარეულოს ინვენტარის უნაკლო მდგომარეობაში დაბრუნება.
4. კომპანიის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა
4.1. გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა კომპანიამ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით კომპანიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
5.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის განსახილველად სხდომა დაინიშნა 2019 წლის 20 სექტემბერს 15:00 საათზე, რის თაობაზეც, აპელანტს უწყებით ეცნობა. სასამართლო უწყება სხდომის დანიშვნის შესახებ ჩაიბარა მ.მ–მა 2019 წლის 21 აგვისტოს. უკუგზავნილის მიხედვით ირკვევა, რომ აღნიშნული პირი კომპანიის წარმომადგენელია.
5.3. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით 2019 წლის 20 სექტემბერს 15:00 საათზე დანიშნულ სხდომაზე აპელანტი არ გამოცხადდა, რის გამოც მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა დაუსწრებელი გადწყვეტილების გამოტანის შესახებ იშუამდგომლა, რაც დაკმაყოფილდა.
6. აპელანტის საჩივარი
6.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრა კომპანიამ, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა მოითხოვა.
7. სააპელაციო სასამართლო განჩინება და დასკვნები
7.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 ნოემბრის განჩინებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
7.2. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია, რომ უნებურად და გაუფრთხილებლობით სხდომაზე გამოუცხადებლობა არ უნდა გამხდარიყო დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი, იმ პირობებში, როდესაც მხარემ თავად წარადგინა სააპელაციო საჩივარი, ამასთან, დადგენილი ხარვეზიც გამოასწორა.
7.3. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, იმ პირობებში, როდესაც აპელანტის უფლებამოსილ წარმომადგენელს კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა უწყება სასამართლო სხდომის თაობაზე, ხოლო, კომპანიის წარმომადგენელი არც სხდომაზე გამოცხადებულა და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის, ამასთან, მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებით სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა, არ არსებობდა ასეთი გადაწყვეტილების მიღების დამაბრკოლებელი გარემოებები.
8. აპელანტის საკასაციო საჩივარი
8.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა კომპანიამ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
8.2. კასატორის განმარტებით სასამართლომ არ გაითვალისწინა მისი პოზიცია და დაუსაბუთებლად გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ფაქტი იყო, რომ მხარემ თავად წარადგინა სააპელაციო საჩივარი, ამასთან, დადგენილი ხარვეზიც ვადაში შეავსო, რაც საქმის მიმართ მის იურიდიულ ინტერესზე მიუთითებდა.
9. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
9.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 26 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო ამავე პალატის 2021 წლის 15 დეკემბრის განჩინებით დასაშვებად იქნა ცნობილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, საქმის მასალები, შეამოწმა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების სამართლებრივი დასაბუთება და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
11. სასამართლოში საქმის განხილვისას დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წესსა და წინაპირობებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლი განსაზღვრავს. ამ ნორმით გაუთვალისწინებელ შემთხვევებში კი გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. ნორმის პირველი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრულია აპელანტის ან მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგები, ხოლო მე-3 ნაწილით დადგენილია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მარეგულირებელი ყველა იმ წესის გამოყენების აუცილებლობა, რაც სპეციალურ მოწესრიგებას (სსსკ 387-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები) არ ეწინააღმდეგება.
12. იმისათვის, რათა სააპელაციო სასამართლოში აპელანტის გამოუცხადებლობისას გამოტანილ იქნას დაუსწრებელი გადაწყვეტილება, უნდა შემოწმდეს, არსებობს თუ არა 387-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წინაპირობები: ა) საქმის ზეპირ განხილვაზე არ უნდა გამოცხადდეს სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი; ბ) გამოცხადებული მოწინააღმდეგე მხარე უნდა შუამდგომლობდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. ამ გარემოებათა ერთობლივად არსებობა წარმოადგენს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას, თუმცა ზემოაღნიშნული ნორმის მე-3 ნაწილის დათქმიდან გამომდინარე, სასამართლო ყოველთვის არის ვალდებული, შეამოწმოს, ხომ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ სახეზე ხომ არ არის შემდეგი: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები (სსსკ 233.1 მუხლი).
13. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ წარდგენილ საჩივარსა და საკასაციო საჩივარში მხარე, გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და ამავე გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმებას იმ მოტივით ითხოვს, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა მხარის იურიდიული ინტერესი დავის მიმართ, რაც სააპელაციო საჩივრის შეტანასა და დადგენილი ხარვეზის გამოსწორებაში გამოიხატებოდა.
14. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მარეგულირებელ ნორმას წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლი, რომლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსთვის.
15. თავის მხრივ, იმას, თუ რა განიხილება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიზნებისათვის საპატიო მიზეზად, განსაზღვრავს ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
16. დასახელებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ სასამართლომ პროცესზე მხარის გამოუცხადებლობა ან სასამართლოსთვის შუამდგომლობისა და განცხადების წარუდგენლობა საპატიოდ მიიჩნიოს, უნდა არსებობდეს სამი წინაპირობა: 1. გამოუცხადებლობა გამოწვეული უნდა იყოს ავადმყოფობით ან განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით; და 2. აღნიშნული ავადმყოფობა ან განსაკუთრებული ობიექტური გარემოება მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს უნდა ხდიდეს მხარის პროცესზე გამოცხადებას ან/და გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ სასამართლოსთვის შეტყობინებას (ეს უკანასკნელი შეფასების ობიექტს განეკუთვნება და იმისათვის, რათა სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მიზეზი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიიჩნიოს, უნდა შეექმნას მხარის გამოცხადების ობიექტური შეუძლებლობის მყარი შინაგანი რწმენა); 3. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. აღნიშნული ჩანაწერი იმპერატიულია და სასამართლოს ავალდებულებს გამოიკვლიოს გამოუცხადებლობის დამადასტურებელ დოკუმენტზე ხელმომწერი პირისა და მასში გამოუცხადებლობის შეუძლებლობაზე მითითების არსებობა.
17. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 2 აგვისტოს განჩინებით, სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებისა და მთავარი სხდომის დანიშვნის შესახებ, სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა 2019 წლის 20 სექტემბერს, 15:00 საათზე. აღნიშნულის შესახებ სათანადო წესით ეცნობა აპელანტს. უწყებაში აღნიშნულია, რომ ადრესატი მთავარ სხდომაზე იყო დაბარებული, ამასთან, უკუგზავნილით ირკვევა, რომ გზავნილი კომპანიის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა ჩაიბარა. ამდენად, კასატორის პრეტენზიებისა და დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით არ არსებობს გასაჩივრებული განჩინებისა თუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
18. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება აპელანტის პროცესზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის მოტივით და მართებულად დატოვა იგი ძალაში. კასატორს კი არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც სასამართლოს მითითებული ქმედების მიზანშეუწონლობას დაადასტურებდა. ამრიგად, საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და მას უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „ქ.კ.კ–ის“ საკასაციო საჩივარი, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 ნოემბრის განჩინება და იმავე სასამართლოს 2019 წლის 20 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე