Facebook Twitter

საქმე №ას-258-2020

11 მაისი, 2020 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს ,,ი.“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – იბა ,,ყ. გ. ...“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 21 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა, უძრავი ნივთის დაბრუნება

აღწერილობითი ნაწილი:

იბა ,,ყ. გ. ...“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს ,,ი.“ მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა საკუთრების უფლების დაბრუნება უძრავ ქონებაზე: მდებარე: ქ. თბილისი, ყ. გამზირი N..., დაზუსტებული ფართობი 919,00 კვ.მ, საკადასტრო კოდი 01. 14. 03. ....

მოპასუხეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით იბა ,,ყ. გ. ...“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 დეკემბრის განჩინებით იბა ,,ყ. გ. ...“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 დეკემბრის განჩინება საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით გაასაჩივრა შპს ,,ი.’’.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 11 მარტის განჩინებით შპს ,,ი.“ დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 26 მარტის განჩინებით შპს ,,ი.“ სამი დღით გაუგრძელდა საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 8 აპრილის განჩინებით შპს ,,ი.“ საკასაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო დარჩა განუხილველად. შესაბამისად კანონიერ ძალაში შევიდა სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 18 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა პირველი ინტანციის სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2019 წლის 20 ივნისს მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და იბა ,,ყ. გ. ...“ სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა შპს ,,ი.“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 სექტემბრის განჩინებით შპს ,,ი.“ საჩივარი დაუსაბუთებლობისა და უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 ივნისის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 სექტემბრის განჩინებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა შპს ,,ი.“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 21 ნოემბრის განჩინებით შპს ,,ი.“ სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 13 დეკემბრის განჩინებით შპს ,,ი.“ გაუგრძელდა სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 31 იანვრის განჩინებით შპს ,,ი.“ კვლავ გაუგრძელდა სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 21 თებერვლის განჩინებით შპს ,,ი.“ სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 ივნისის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინებაზე, ხარვეზის შეუვსებლობის გამო, დარჩა განუხილველად.

თბილისის საააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 21 თებერვლის განჩინებაზე შპს ,,ი.“ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 26 მარტის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს დაუდგინდა ხარვეზი კერძო საჩივარზე და დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოსათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო/კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

მოცემულ შემთხვევაში უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 26 მარტის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს დაუდგინდა ხარვეზი კერძო საჩივარზე და დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

ხარვეზის შესახებ განჩინება კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელს გიორგი ყავლაშვილს ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით 2020 წლის 3 აპრილს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგაზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანმიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.

საკასაციო პალატა ყურადღებას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. აღნიშნული ნორმით განსაზღვრულია საკასაციო პალატის უფლებამოსილება, იხელმძღვანელოს ქვემდგომ სასამართლოში დადგენილი სამართალწარმოების მარეგულირებელი იმ ნორმებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მეცხრე კარით განსაზღვრულ საკასაციო სამართალწარმოების თავისებურებებს.

ზემოთ აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია შემდეგი: სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესახებ შეტყობინება მხარეებს (მათ წარმომადგენლებს) აცნობოს ტელეფონით, თუ ხარვეზი შეეხება ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“−„გ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით, ასევე მე-2−მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ სააპელაციო საჩივრის ფორმალურ (და არა შინაარსობრივ) მხარეს, ან თუ სააპელაციო საჩივარს არ ერთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. ასეთი წესით ინფორმირების შემთხვევაში ხარვეზის შესახებ განჩინება სატელეფონო შეტყობინების განხორციელების დღეს ჩაბარებულად ითვლება.

იმის გათვალისწინებით, რომ კერძო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის განჩინება სახელმწიფო ბაჟს შეეხებოდა, შეტყობინების ტექნიკური საშუალებით (ტელეფონით) ჩაბარება კანონით დადგენილ შესაბამის ქმედებას წარმოადგენს და ეს შეტყობინება, კანონის ძალით, მისი განხორციელების დღეს - 2020 წლის 3 აპრილს ითვლება მხარისათვის ჩაბარებულად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60-ე და 61-ე მუხლების შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორისათის ხარვეზის შევსების 7 დღიანი ვადის დენა დაიწყო შპს ,,ი.“ წარმომადგენლისათვის სასამართლო გზავნილის ჩაბარების მომდევნო დღიდან. კერძოდ, 2020 წლის 4 აპრილიდან და დასრულდა 2020 წლის 10 აპრილს.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით არ მოუმართავს სასამართლოსთვის.

სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედება, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

განსახილველი საქმის შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია, ამიტომ შპს ,,ი.“ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 368-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე და 420-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. შპს ,,ი.“ კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე