Facebook Twitter

3გ-ად-10-გ-02 31 მაისი 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

ნ. სხირტლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მესამე ნაწილის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლისა და 26-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოსა და თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას შორის განსჯადობის შესახებ დავა.

აღწერილობითი ნაწილი:

1996 წლის 30 აგვისტოს ერთი პირის საწარმო ფირმა «თ-მ» სასარჩელო განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს საარბიტრაჟო სასამართლოს თბილისის მერიის მშენებლობისა და კეთილმოწყობის დეპარტამენტისა და სკბ «ი-ის» მიმართ 1163525 ლარის დაკისრების თაობაზე.

საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 1997 წლის 24 ნოემბრის განჩინებით საქმის მასალები ქვემდებარეობისამებრ განსახილველად საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადაეგზავნა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ გ.დ-მა 1998 წლის 9 მარტს ¹01გ წერილის შესაბამისად, ერთი პირის საწარმო ფირმა «თ-ის» სასარჩელო განცხადება, თბილისის მერიის მშენებლობისა და კეთილმოწყობის დეპარტამენტის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე, «საერთო სასამართლოების შესახებ» კანონის 88-ე მუხლის თანახმად, განსახილველად თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს გადაუგზავნა.

2002 წ. 26 თებერვალს შპს «თ-მ» (ერთი პირის საწარმო «თ-ის» სამართალმემკვიდრე) დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოს და მიუთითა, რომ მასა და მოპასუხე თბილისის მერიის კაპიტალური მშენებლობის საქალაქო სამსახურს (ყოფილი მერის კაპიტალური მშენებლობისა და კეთილმოწყობის დეპარტამენტი) შორის 1994 წლის 15 აგვისტოს გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც მერიის შეკვეთით თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე ¹1 საშუალო სკოლაზე შპს «თ-ის» მიერ სამხატვრო გაფორმებითი სამუშაოების ნატურაში შესრულებას ითვალისწინებდა. მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ მოპასუხეს _ ქ.თბილისის მერიის შესაბამის სამსახურს _ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა შპს «თ-ისათვის» არ აუნაზღაურებია. ამდენად, მოსარჩელე 3507936 ლარის ანაზღაურებას ითხოვდა.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002 წ. 14 მარტის სასამართლო სხდომაზე მოპასუხე – თბილისის მერიის კაპიტალური მშენებლობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე, საქმეში თანამოპასუხედ ჩაბმულ იქნა ქ. თბილისის მერია.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 1 მარტის განჩინებით, მოპასუხეთა შუამდგომლობის საფუძველზე, საქმე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, განსჯადობით განსახილველად თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას გადაეგზავნა.

სასამართლომ აღნიშნა, რომ დავის საგანს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის «გ» პუნქტში მითითებული ზიანის ანაზღაურება შეადგენდა, სარჩელის ფასი კი 3507936 ლარი იყო, ამდენად, რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმე საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის განსჯადი იყო.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ 2002 წლის 3 აპრილის განჩინებით სადავო გახადა მოცემული საქმის განსჯადობა და მიუთითა, რომ საქმე თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს განსჯადი იყო, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, განსჯადობის წესით წარმოებაში მიღებული საქმე იმავე სასამართლომ უნდა განიხილოს არსებითად და გადაწყვიტოს დავა, თუნდაც იგი შემდგომში სხვა სასამართლოს განსჯადი გახდეს.

საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ საქმე განსჯადობის საკითხის გასარკვევად საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადმოუგზავნა.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ განიხილა სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა და მიიჩნევს, რომ მოცემული საქმე თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის განსჯადია შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის I ნაწილის «დ» პუნქტის თანახმად, საოლქო სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ საქმეს წარმოადგენს ადმინისტრაციული გარიგების დადების ან შესრულების, აგრეთვე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ზიანის ანაზღაურების შესახებ დავა, თუ სარჩელის ფასი 500 000 ლარს აღემატება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დავის საგანს ქ. თბილისის მერიის კაპიტალური მშენებლობის საქალაქო სამსახურისაგან შპს «თ-ის» სასარგებლოდ 3507936 ლარის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოადგენს და მისი განხილვა, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, თბილისის საოლქო სასამართლოს კოლეგიის განსჯადია.

რაც შეეხება, საოლქო სასამართლოს მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლზე მითითებას, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმეთა განხილვისას ამ კოდექსით დადგენილი ნორმები მოქმედებს. კონკრეტულ შემთხვევაში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი სამოქალაქო საპროცესო კოდექსთან მიმართებაში სპეციალურ კანონს წარმოადგენს და მისი მოთხოვნები უნდა გავრცელდეს შპს «თ-სა» და თბილისის მერიის კაპიტალური მშენებლობის საქალაქო სამსახურს შორის წარმოშობილ დავაზეც.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საქმე თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის განსჯადია.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი და მე-6 მუხლებით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს «თ-სა» და თბილისის მერიის კაპიტალური მშენებლობის საქალაქო სამსახურს შორის წარმოშობილი დავა განსახილველად თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას დაექვემდებაროს.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და გასაჩივრდება.