საქმე №ას-907-2021 28 თებერვალი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - სსიპ ქ. თბილისის №139 საჯარო სკოლა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ნ.ხ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ნ.ხ–ი (შემდგომ - მოსარჩელე, დასაქმებული, მოწინააღმდეგე მხარე) 2007 წლიდან - 2018 წლის 24 აპრილამდე დასაქმებული იყო სსიპ №139 საჯარო სკოლაში (შემდგომ - დამსაქმებელი, სკოლა, აპელანტი, კასატორი) დაწყებითი კლასის პედაგოგად და მისი ყოველთვიური ხელფასი შეადგენდა 987.95 ლარს.
2. 2015 წლის 2 ნოემბერს, მხარეთა შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების 3.3.1 მუხლით განსაზღვრულია, რომ დასაქმებული ვალდებულია, შეასრულოს საჯარო სკოლის შინაგანაწესითა და წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული მოთხოვნები; მოემზადოს თოთოეული გაკვეთილისათვის და ეფექტიანად წარმართოს სასწავლო პროცესი (3.3.3. მუხლი); დაიცვას მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი (3.3.10. მუხლი); შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებები (3.3.20 მუხლი). ამავე ხელშეკრულების 9.1 პუნქტით, მისი მოქმედების ვადა განისაზღვრა 2020 წლის 1 სექტემბრამდე.
3. სკოლის დირექტორის 2018 წლის 19 მარტის №1/კ-18 ბრძანებით, ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, სკოლის შინაგანაწესის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ჟ“ ქვეპუნქტის, მე-3 პუნქტის ,,ბ“ და მე-5 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოსარჩელეს შინაგანაწესის დარღვევის გამო, კერძოდ, სამუშაოს გაუფრთხილებლად გაცდენისათვის დისციპლინური სახდელის სახით მიეცა გაფრთხილება. დისციპლინური სახდელის საფუძველია სკოლის 2018 წლის 15 მარტის დისციპლინური კომიტეტის №7 სხდომის ოქმი.
4. სკოლის დისციპლინური კომიტეტის 2018 წლის 20 აპრილის №14 სხდომის ოქმის საფუძველზე, სკოლის დირექტორის 2018 წლის 24 აპრილის №1/კ-32 ბრძანებით, ,,ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, სკოლის შინაგანაწესის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოსარჩელეს, შინაგანაწესის დარღვევის გამო, დასაქმებულის მიმართ ფსიქიკური ზეწოლისათვის გამოეცხადა სასტიკი საყვედური.
5. სასტიკი საყვედურის გამოცხადების შესახებ ბრძანების გამოცემის დღესვე - 2018 წლის 24 აპრილს, სკოლის დირექტორმა გამოსცა კიდევ ერთი №1/კ-33 ბრძანება, რომლითაც, ,,ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს შრომის კოდექსის (შემდგომ - სშკ) 21-ე მუხლის მე-4 ნაწილის, 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტისა და სკოლის შინაგანაწესის, სკოლასა და მოსარჩელეს შორის 2015 წლის 22 ნოემბერს გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.3 პუნქტის, 3.3.1 ქვეპუნქტის, 3.3.3 ქვეპუნქტის, 3.3.10 ქვეპუნქტის, 3.3.20 ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 ივლისის №57/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის, მე-3 მუხლის მე-8 და მე-10 ნაწილების, მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის, სკოლის შინაგანაწესის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ „ბ“ „ე“ და „ს“ ქვეპუნქტების შესაბამისად, სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულების, შრომითი ხელშეკრულებითა და სკოლის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების არაერთგზის დარღვევის გამო (ფსიქიკური ზეწოლა დისციპლინური კომიტეტის მშობელ წევრსა და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურზე, გაკვეთილის ჩაშლა/ჩაშლის მცდელობა, პროფესიული ეთიკის კოდექსის დარღვევა) მოსარჩელესთან №5-34 შრომითი ხელშეკრულება 2018 წლის 24 აპრილიდან შეწყდა.
6. ზემოაღნიშნული ბრძანების თანახმად, მოსარჩელეს სკოლის დირექტორის 2018 წლის 19 მარტის №1/კ-18 ბრძანებით, სამუშაოს გაუფრთხილებლად გაცდენისათვის გამოცხადებული აქვს გაფრთხილება და 2018 წლის 24 აპრილს №1/კ-32 ბრძანებით, სკოლის დისციპლინური კომიტეტის 2018 წლის 20 აპრილის №14 სხდომის ოქმის საფუძველზე დასაქმებულის მიმართ ფსიქიკური ზეწოლისათვის გამოეცხადა სასტიკი საყვედური.
სარჩელის საფუძვლები:
.
7. დასაქმებულმა სარჩელი აღძრა დამსაქმებლის წინააღმდეგ და მოითხოვა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის - ყოველთვიურად 987.95 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება სამსახურიდან გათავისუფლებიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
8. მოსარჩელე დისციპლინური სახდელების კანონიერების შემოწმებასაც მოითხოვს და განმარტავს, რომ მათი დაკისრების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.
მოპასუხის პოზიცია:
9. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ დასაქმებულისათვის უკვე დაკისრებული დისციპლინური სახდელების გათვალისწინებით, ამ უკანასკნელის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერი საფუძვლები ვლინდებოდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
10. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ სკოლის 2018 წლის 24 აპრილის №1/კ-133 ბრძანება; დამსაქმებელს დასაქმებულის სასარგებლოდ დაეკისრა - კომპენსაცია ერთი წლის განმავლობაში მისაღები ხელფასი, თანამდებობრივი სარგოს - თვეში 987.95 ლარის გათვალისწინებით.
11. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ (დამსაქმებელმა) სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ივნისის განჩინებით, აპელანტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
13. სააპელაციო სასამართლომ შრომითსამართლებრივ დავებზე მტკიცების ტვირთის განაწილების თავისებურებაზე მიუთითა და განმარტა, რომ მოსარჩელის გათავისუფლების მოტივად მითითებული გარემოებები არ წარმოადგენდა იმგვარი სახის დარღვევას, რომ მას შედეგად გამოეწვია დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა.
14. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სშკ-ს 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის შინაარსიდან გამომდინარე, არა ნებისმიერი ხასიათის დისციპლინური გადაცდომა შეიძლება დაედოს საფუძვლად შრომის ხელშეკრულების შეწყვეტას, არამედ მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკვე გამოყენებული ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური დარღვევისათვის პასუხისმგებლობის ზომა და დასაქმებულის მიერ ჩადენილი დარღვევა უნდა შეფასდეს მისი ჩადენის სიხშირის, სიმძიმის და რაც მთავარია, შედეგობრივი თვალსაზრისით.
15. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, აპელანტი მოსარჩელის გათავისუფლების საფუძვლად მიუთითებს ერთი წლის განამვლობაში ორი სახის დისციპლინური გადაცდომას: 2018 წლის 19 მარტის №1/კ-18 ბრძანებით გამოყენებულ გაფრთხილებას - სამუშაოს გაუფრთხილებლად გაცდენისათვის და 2018 წლის 24 აპრილის №1/კ-32 ბრძანებით გამოყენებულ სასტიკ საყვედურს - დირექტორის მოადგილის მიმართ ფსიქიკური ზეწოლისათვის.
16. სასამართლოს განმარტებით, აპელანტის მიერ მითითებული ფაქტების დადასტურების შემთხვევაშიც კი, დარღვევის ხასიათის არაერთგვაროვნებიდან გამომდინარე, სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი არ არსებობდა, რის გამოც, მოპასუხის მიერ 2018 წლის 24 აპრილს გამოცემული №1/კ-133 სადავო ბრძანება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია.
17. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, მოსარჩელის პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის შეუძლებლობასთან მიმართებით და დაასკვნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოსარჩელისათვის მიკუთვნებული კომპენსაცია გონივრულია.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
18. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ საკასაციო საჩივარი წარადგინა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
19. კასატორის განმარტებით, სკოლას კანონით დადგენილი წესი და მოთხოვნები არ დაურღვევია, შესაბამისად, მის მიერ მიღებული ბრძანების კანონიერება ეჭვს არ უნდა იწვევდეს.
20. კასატორის მითითებით, სკოლას უფლება აქვს, შესაბამისი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, დასაქმებული სამსახურიდან გაათავისუფლოს. ამ უფლებაზე ყურადღებას ამახვილებს უზენაესი სასამართლოც (საქმე №ას-1120-1040-2017), რომელიც განმარტავს, რომ შრომითი ურთიერთობის მონაწილეებს შეუძლიათ, შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევისას შეწყვიტონ შრომითი ხელშეკრულება.
21. კასატორის მითითებით, ერთი მხრივ, დასაქმებულს უსაფუძვლოდ არ უნდა შეუწყდეს შრომითი ხელშეკრულება და ამით არ მოესპოს საარსებო საშუალება, ხოლო, მეორე მხრივ, დამსაქმებელს არ უნდა შეეზღუდოს შრომითი მოვალეობების დამრღვევი მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების უფლება და მისთვის მიუღებელი მუშაკის სამუშაოზე დატოვებით, არ უნდა შეექმნას გარკვეული რისკები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
22. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
23. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
24. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:
25. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
26. სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, პირველ რიგში, სასამართლო ამოწმებს, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. ამ საკითხის გამორკვევა კი, შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (შდრ. სუსგ №ას-235-2021, 18 ივნისი, 2021 წელი; №ას-151-147-2016, 19 აპრილი, 2016 წელი). მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლებას საფუძვლად სშკ-ის 37-ე მუხლის (მოქმედი რედაქციის 47-ე მუხლის) პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტი დაედო, (შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა, თუ დასაქმებულის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკვე გამოყენებულ იქნა ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა), შესაბამისად, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანს მითითებული ნორმის წინაპირობების არსებობის შემოწმება და ამ ნორმის დანაწესის სამართლებრივად სწორი ინტერპრეტაციის შედეგად, სადავო საკითხის სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია წარმოადგენს.
27. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია შრომითსამართლებრივ დავებთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, რომელიც დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომითი დავის განხილვისას მტკიცების ტვირთის განაწილებას შეეხება და განპირობებულია მტკიცებულებების წარდგენის თვალსაზრისით დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობების არსებობით (საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შრომით დავასთან დაკავშირებულ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ,,ამ სახის დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს იმ ძირითადი პრინციპიდან, რომ დამსაქმებელს დასაქმებულთან შედარებით გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები (შდრ სუსგ. №ას-922-884-2014, 16.04.2015; №ას-483-457-2015, 07.10.2015; №ას-182-171-2017, 27.12.2019წ.)“.
28. მოცემულ შემთხვევაში, სკოლის დირექტორის №1/კ-33 ბრძანებით, სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულების, შრომითი ხელშეკრულებითა და სკოლის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების არაერთგზის დარღვევის გამო, დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულება 2018 წლის 24 აპრილიდან შეწყდა. ამავე ბრძანებით, დაკისრებული ვალდებულების არაერთგზის დარღვევა მოიცავდა - ფსიქიკურ ზეწოლას დისციპლინური კომიტეტის მშობელ წევრსა და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურზე, გაკვეთილის ჩაშლა/ჩაშლის მცდელობას, პროფესიული ეთიკის კოდექსის დარღვევას. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელმა გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოსარჩელეს, სკოლის დირექტორის 2018 წლის 19 მარტის №1/კ-18 ბრძანებით, სამუშაოს გაუფრთხილებლად გაცდენისათვის გამოეცხადა გაფრთხილება და 2018 წლის 24 აპრილს №1/კ-32 ბრძანებით დასაქმებულის მიმართ ფსიქიკური ზეწოლისათვის - სასტიკი საყვედური.
29. საკასაციო პალატის განმარტებით, ნიშანდობლივია, რომ დამსაქმებელმა დასაქმებულს სასტიკი საყვედური გამოუცხადა და სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო ერთსა და იმავე დღეს, 2018 წლის 24 აპრილს და ორივე დისციპლინურ სახდელს საფუძვლად დაედო 2018 წლის 20 აპრილის №14 სხდომის ოქმი, რაც დამსაქმებლის ქმედებების კანონიერების მიმართ კითხვას ბადებს, კერძოდ, მაშინ, როდესაც დამსაქმებელმა ზემოაღნიშნულ დისციპლინური კომიტეტის სხდომის ოქმზე მითითებით დასაქმებულის მიმართ გამოიყენა დისციპლინური სახდელი - სასტიკი საყვედური, ბუნდოვანია, იმავე სხდომის ოქმის საფუძველზე, დისციპლინური სახდელის დადების დღესვე კიდევ ერთი დისციპლინური ღონისძიების (სამსახურიდან გათავისუფლების) გამოყენება რა მიზანს ემსახურებოდა, რაც ეჭვის საფუძველს ქმნის დამსაქმებელმა ფორმალურად ხომ არ წარმოშვა შრომითი ხელშეკრულების განმეორებით ქმედებაზე მითითებით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი.
30. პალატის განმარტებით, ერთი და იმავე დისციპლინური კომიტეტის სხდომის ოქმის საფუძველზე დასაქმებულისათვის ორი დისციპლინური სახდელის ერთი და იმავე დღეს დაკისრება (სასტიკი საყვედურისა და შემდგომ უკიდურესი ღონისძიების - სამსახურიდან გათავისუფლება) დასაქმებულის ორმაგად დასჯის სტანდარტს ქმნის, რაც ეწინააღდეგება შრომის კანონმდებლობას.
31. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს წინმსწრებ დისციპლინურ სახედლებზეც და მიუთითებს, რომ სკოლის დირექტორის 2018 წლის 24 აპრილის №1/კ-32 ბრძანების გამოცემის კანონიერებაც დამსაქმებელმა ვერ დაადასტურა, ვინაიდან არც დისციპლინური კომიტეტის 2018 წლის 20 აპრილის №14 სხდომის ოქმით და არც საქმის მასალებით არ ირკვევა, კონკრეტულად რა სახის მიმართვა შეფასდა სკოლის დირექტორის მოადგილის მიმართ ფსიქიკურ ზეწოლად.
32. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, საკასაციო პალატას შეექმნა რწმენა, რომ დამსაქმებელი არამართლზომიერად მოქმედებდა მოსარჩელესთან მიმართებით. ამგვარ რწმენას კიდევ უფრო აძლიერებს დამსაქმებლის სამსახურის გაცდენისათვის დაკისრებული დისციპლინური სახდელი (მიუხედავად იმისა, რომ ქმედების არაერთგვაროვნებიდან გამომდინარე, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს სამსახურის გაცდენისათვის დაკისრებულ დისციპლინური სახდელის კანონიერებას), რომლითაც დამსაქმებელმა არასაპატიოდ, მოსარჩელის დისციპლინურ გადაცდომად მიიჩნია 2017 წლის 8 დეკემბერს სამსახურის გაუფრთხილებლად გაცდენა როდესაც უდავოა, რომ 6 და 7 დეკემბერს მისი გამოცხადების შეუძლებლობა და ამასთან მიზეზი, რაც შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით იყო გამოწვეული, ცნობილი იყო მოპასუხისათვის, შესაბამისად, მომდევნო დღეს გამოუცხადებლობის მიზეზიც, მის შესახებ დამატებითი შეუტყობინებლობის შემთხვევაშიც, მოპასუხისათვის სავარაუდო უნდა ყოფილიყო. ამასთან, დისციპლინური მოკვლევის დაწყების მომენტისათვის და სახდელის დაკისრების დროს, დამსაქმებლისათვის უკვე საავადმყოფო ფურცელიც წარდგენილი იყო, რომელიც 8 დეკემბრის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზს უტყუარად ადასტურებდა.
33. საკასაციო პალატის მითითებით, სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დასაქმებულისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრების მართლზომიერების შეფასების მიზნებისთვის, განმსაზღვრელია დასაქმებულის მიერ ვალდებულების განმეორებით დარღვევის ფაქტის გამოვლენა. მოცემულ შემთხვევაში კი, ვინაიდან სამართალწარმოების პროცესში განხორციელებული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის ფარგლებში დადგენილია, რომ წინამდებარე განჩინების მე-6 პუნქტში მითითებული დისციპლინური სახდელების დაკისრების ფაქტობრივი საფუძველის არსებობა დამსაქმებელმა ვერ დაადასტურა, ისევე როგორც - ერთი და იმავე დისციპლინური კომიტეტის სხდომის ოქმის საფუძველზე, ერთი და იმავე დღეს დასაქმებულისათვის ორი დისციპლინური სახდელის შეფარდების კანონიერება, სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით დასაქმებულის გათავისუფლების მართლზომიერი საფუძველიც არ იკვეთება.
34. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ დასაქმებულს ხანგრძლივი პედაგოგიური გამოცდილება აქვს, გავლილი აქვს გადამზადების კურსი და სერტიფიცირებულია. აღსანიშნავია, რომ სადავო ბრძანებების გამოცემამდე, მოსარჩელის მიმართ მოვალეობების დარღვევის გამო, რაიმე სახის დისციპლინური ღონისძიებების გამოყენების შესახებ მხარეები არ მიუთითებენ. ყოველივე ეს კი მეტყველებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე ჯეროვნად ასრულებდა შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებულ მოვალეობებს.
35. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა დამსაქმებლის მიერ დასაშვები უნდა იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაუმართლებელია ამ უკანასკნელის უფლების დაცვის სხვა საფუძვლების გამოყენება, მაშასადამე, არასათანადო მოქმედებები, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გახდეს დასაქმებულის სამუშაოდან დათხოვნის საფუძველი, როცა იგი მიაღწევს მნიშვნელოვან დონეს. სამართლიანი ბალანსი შრომის უფლებასა და დამსაქმებლის უფლებას შორის გონივრული სტანდარტიდან უნდა გამომდინარეობდეს. საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტია, რომ დასაქმებულის სამუშაო ადგილიდან დათხოვნისას, მათ შორის, სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ“ ქვეპუნქტით (მოსარჩელის გათავისუფლების დროისათვის მოქმედი ორგანული კანონის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტი) ხელშეკრულების შეწყვეტისას, გათავისუფლების გონივრული საფუძველი უნდა არსებობდეს (იხ. საქმე №ას-221-2021, 2021 წლის 28 მაისის განჩინება), რაც მოცემულ შემთხვევაში, დამსაქმებელმა ვერ დაადასტურა.
36. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება სამართლიანობის, კანონიერებისა და მხარეთა კეთილსინდისიერების პრინციპების, შრომითი დავის განხილვისას მხარეთა შორის თანაზომიერი ბალანსის დაცვის გათვალისწინებით, დასაბუთებულია და კანონიერი, შესაბამისად, არ არსებობს დამსაქმებლის საკასაციო განაცხადის არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
37. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
38. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
39. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
40. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: №; №ას-1529-2019, 2020 წლის 30 სექტემბრის განჩინება, №ას-597-2019, 2020 წლის 20 მარტის განჩინება; საქმე №ას-221-2021, 2021 წლის 28 მაისის განჩინება).
41. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
42. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ ქ. თბილისის №139-ე საჯარო სკოლის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. სსიპ ქ. თბილისის №139-ე საჯარო სკოლას (ს/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო დავალება 1 / გადახდის თარიღი 02.08.2021), 70% - 210 ლარი, ასევე სახელმწიფო ბაჟის 293 ლარის (საგადახდო დავალება 45 / გადახდის თარიღი 24.09.2021), 70% - 205.1 ლარი.
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე