საქმე №ას-670-2021 28 თებერვალი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - შპს „ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–ი" (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ნ.გ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ნ.გ–ძემ (შემდგომ - მოსარჩელე, პირველი აპელანტი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–ის" (შემდგომ - მოპასუხე, კომპანია, მეორე აპელანტი, კასატორი) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის 30 465.86 ლარის დაკისრება.
სარჩელის საფუძვლები
2. მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - საცხოვრებელი სახლი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ......., მოპასუხის მიერ სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის დროს დაზიანდა. დაზიანება გამოიწვია მრავალჯერადმა აფეთქებებმა. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 18 მაისის დასკვნის მიხედვით, მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის დაზიანდა სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში აფეთქებითი სამუშაოების შედეგად. მოსარჩელის მტკიცებით, მოპასუხის ქმედებით მიყენებული ზიანი 30 465.86 ლარია, რასაც ადასტურებს ინდმეწარმე ზ.გ–ძის მიერ შედგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია. დასკვნის მიხედვით, მოსარჩელის სახლის რეაბილიტაციისათვის საჭიროა სწორედ ეს თანხა.
მოპასუხის შესაგებელი
3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, მოსარჩელის სახლის დაზიანება არ არის გამოწვეული მოპასუხის ბრალით. ამასთან, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა დაუსაბუთებელია, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში ასახული ხარჯები არ გამომდინარეობს ექსპერტიზის დასკვნიდან. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი საპირისპირო დასკვნით დგინდება, რომ სახლის აღდგენისათვის საჭიროა 5 440 ლარი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს 15 000 ლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ.
5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით - მეორე აპელანტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს დაეკისრა 20 310 ლარის გადახდის ვალდებულება მოსარჩელის სასარგებლოდ; მოპასუხეს დაეკისრა ექსპერტიზის დასკვნის საფასურის - 233 ლარის, ხარჯთაღრიცხვის მომზადების საფასურის - 233 ლარისა და წარმომადგენლისთვის გადახდილი თანხის - 200 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ; გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
7. სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე მიიჩნია, რომ მოსარჩელის უძრავ ქონებაზე მიყენებული ზიანი ნაწილობრივ და ძირითადად მოპასუხის ქმედებებითაც იყო გამოწვეული.
8. საქმის მასალებში არსებული სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 18 მაისის დასკვნის თანახმად, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის ახალი ბზარები სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში მრავალჯერადი აფეთქებით არის გამოწვეული. დეფორმაციათა მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით საცხოვრებელ სახლზე წარმოქმნილი დაზიანებები მეორე ხარისხისაა. ამასთან, საქმის მასალებში წარმოდგენილი 2017 წლის 20 სექტებრის ცნობის თანახმად, სადავო პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე მცირე მაგნიტუდის მიწისძვრები ფიქსირდებოდა, თუმცა სერიოზული ზიანის ან ნგრევის გამომწვევი მიზეზი ვერ იქნებოდა.
9. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა იმპერატიული ხასიათისაა, კერძოდ, მართალია, ერთმნიშვნელოვნად არ განსაზღვრავს სადავო დაზიანების აფეთქების შედეგად წარმოშობის ფაქტს, თუმცა ასახელებს ორ კუმულაციურ წინაპირობას, რომელთაც შეიძლებოდა სადავო სახლის დაზიანება გამოეწვია და დაზიანების გამომწვევ ძირითად მიზეზად მაინც გვირაბის მშენებლობისას აფეთქებით სამუშაოებს ასახელებს. ამასთან, პირველი მიზეზის გავლენა ნგრევაზე, სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ცნობით, უმეტესად გაქარწყლებულია.
10. პალატის დასკვნით, უძრავი ქონების დაზიანება 2012 წლის ექსპერტიზის დასკვნის შემდგომ ნელ-ნელა პროგრესირებს, რაც არა მხოლოდ 2012 წლისა და 2018 წლის ექსპერტიზის დასკვნების შეპირისპირებით (2012 წელს უძრავ ქონებას პირველი ხარისხის დაზიანება აღენიშნებოდა, ხოლო 2018 წელს უძრავი ქონების დაზიანების ხარისხი კლასიფიკაციის მეორე დონით განისაზღვრა), არამედ 2020 წლის მარტსა და 2020 წლის ივნისის ექსპერტიზის დასკვნებითაც კი თვალსაჩინოა (სასადილო ოთახში არსებული ბზარები გაიზარდა).
11. პალატის მითითებით, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი „ა.ს.ც–ის“ დასკვნა უძრავი ნივთის დაზიანების რამოდენიმე სავარაუდო მიზეზზე მიუთითებს და მოსარჩელის სახლის ექსპლუატაციისათვის საჭირო აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოების აღწერას ზუსტად არ ასახავს. ეს კი ნიშნავს, რომ იგი არც ამომწურავია და, მითუმეტეს, არც იმპერატიული, რაც საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, მტკიცებულებისთვის სამართლებრივი ძალის მინიჭების უმთავრესი წინაპირობაა. იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებით ისეთი მიწისძვრის არსებობა სადავო პერიოდში, რომელსაც მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება შეეძლო, გამოირიცხა, ექსპერტი ვერ მიუთითებს, თუ კონკრეტულად რომელი კვლევისა და დასკვნების საფუძველზე გამორიცხა დაზიანებების მიზეზად დინამიკური აფეთქებათა დასახელება.
12. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 24 მარტის N57-ე დადგენილების თანახმად (მასში შემდგომში განხორციელებული შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით), ყველა ორგანიზაციას, რომელიც მსგავსი მასშტაბური ხასიათის მშენებლობებს წარმოებას დაიწყებდა, უნდა გამოეკვლია რისკის ზონაში მყოფი მოსახლეობის სახლების მდგომარეობა, რათა შემდგომ მარტივად ყოფილიყო აღქმადი, თუ რა დაზიანებები გამოიწვია წარმოებულმა მშენებლობამ ან საერთოდ გამოიწვია, თუ არა ის. საქმის მასალებით კი, მსგავსი კვლევა არ დასტურდება, აღნიშნული მოპასუხის მტკიცების ტვირთზე ნეგატიურ გავლენას ახდენს და წარდგენილი ზოგადი ხასიათის დასკვნებით კომპენსირებული ვერ იქნება. რაც შეეხება მოპასუხის აპელირებას შპს „ე–ის“ დასკვნებთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, როგორც საქმეში არსებული წერილობითი დოკუმენტაციით დგინდება, გვირაბის მშენებლობის სამუშაოები 2012 წლის ივლისში დაიწყო, თუმცა, კომპანიამ მონიტორინგი 2012 წლის ოქტომბერში დაიწყო და ფართომასშტაბიანი მონიტორინგი მხოლოდ 2013 წლის მარტში აწარმოა. ამასთანავე, საქმის მასალებში არსებული „ე–ის“ დასკვნები 2017 წლითაა დათარიღებული, შესაბამისად, სასამართლოს ვერ ექმნება გონივრული ვარაუდი იმისა, რომ აღნიშნული დასკვნა გვირაბის მშენებლობის დაწყებამდე ან მისი დაწყებიდან მოკლე ვადაში მოსახლეობის სახლების მდგომარეობის ან/და მოსარჩელის სახელზე რიცხული კონკრეტული ქონების დაზიანებების კვლევას სრულად ასახავს.
13. რაც შეეხება ზიანის ოდენობას, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ლევან სამხარაულის სახელობის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლის თანახმად, ზიანის ოდენობის განსაზღვრა მხოლოდ აღდგენა-გაძლიერების პროექტის მიხედვით, შესაბამისი ხარჯთაღრიცხვის შედგენის შემდეგ არის შესაძლებელი. ამ მიზნით მოსარჩელემ წარადგინა ინდმეწარმე „ზ.გ–ძის“ მიერ შესრულებული სადავო საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც მოსარჩელის უძრავი ქონების აღდგენა-რეაბილიტაციას, ჯამურად, 30 465.86 ლარი ესაჭიროება. ამ მტკიცებულების საპირისპიროდ, მოპასუხემ სასამართლოს წარუდგინა შპს „ა.ს.ც–ის“ დასკვნა, სადაც მითითებულია, რომ გამოვლენილი დაზიანებების აღმოსაფხვრელად 5 440 ლარია საჭირო. სააპელაციო პალატამ მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერების შედეგად, მათი შინაარსის სანდოობის გათვალისწინებით, გადაწყვეტილებას საფუძვლად სწორედ მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები დაუდო, ვინაიდან მოპასუხის მიერ წარდგენილმა დოკუმენტაციამ მტკიცებულებათა სანდოობისა და განკუთვნადობის სტანდარტი ვერ გადალახა.
14. ამდენად, რაკი ექსპერტიზის დასკვნით იმპერატიულად დადგინდა, რომ სახლზე არსებული დაზიანებები უმეტესად მოპასუხის მოქმედებების შედეგად იყო გამოწვეული, ასევე, ინდმეწარმე ზურაბ გოგოლაძის დეტალური ხარჯთაღრიცხვით დადგინდა, რომ ზიანის აღმოსაფხვრელად 30 465.86 ლარი იყო საჭირო, ამასთან, იკვეთებოდა შერეული ბრალი, ამავდროულად, არ დგინდებოდა არსებულ დაზიანებაში მოპასუხის ბრალეულობის ზუსტი წილობრივი მონაცემი თუმცა, მის გამომწვევ ძირითად მიზეზად სწორედ აფეთქებებია მითითებული, პალატამ მიიჩნია, რომ, თანასწორობისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით, მოპასუხეს ზიანის აღმოსაფხვრელად ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი თანხის ნაწილი - 20 310 ლარი უნდა დაჰკისრებოდა.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
15. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სარჩელის სრულად უარყოფა მოითხოვა.
16. კასატორის მტკიცებით, სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და არასწორად დაადგინა, რომ მოსარჩელის სახლის დაზიანება გამოწვეულია მოპასუხის ბრალით. არ დაასაბუთა, რატომ გაიზიარა მხოლოდ ერთი მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები.
17. სასამართლომ მოპასუხის მიერ წარდგენილი შპს „ა-ს-ც–ის“ დასკვნა სავარაუდო ხასიათის დასკვნად მიიჩნია იმ საფუძვლით, რომ მასში ექსპერტი დაზიანების რამდენიმე მიზეზს ასახელებდა. კასატორის მტკიცებით, აღნიშნულ დასკვნაში კატეგორიულად არის მითითებული თითოეული დაზიანების წარმოქმნის მიზეზზე, რასაც სასამართლომ გვერდი აუარა.
18. სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია კომპანია „ე–ის“ დასკვნას იმის შესახებ, რომ გვირაბის მშენებლობის ადგილიდან მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის დაშორების გათვალისწინებით, მოპასუხის საქმიანობას არ შეეძლო, ზემოქმედება მოეხდინა და დაეზიანებინა მოსარჩელის ქონება. დასკვნას თან ერთვის რუკა, რომლის მიხედვით დადგენილია გვირაბის მშენებლობის ირგვლივ აფეთქებასაშიში ზონა, ხოლო აფეთქებით სამუშაოებიდან დაკავშირებული მონიტორინგის ანგარიშში მოცემულია ამ ზონაში ბიძგების სიძლიერე და მათი გავრცელების არეალი (ადგილი), რომელზეც პირდაპირ გავლენას ახდენდა სამშენებლო სამუშაოები და იმ სახლების რაოდენობა, რომლებსაც შეიძლება ზიანი მართლაც მიადგა, მაგრამ კონკრეტული სახლი მდებარეობს საშიში ზონის გარეთ, რასაც ადასტურებს ამ საცხოვრებელი სახლის მახლობლად მდებარე სეისმოგრაფების ციფრული მონაცემები, რომლის მიხედვითაც აფეთქებითი სამუშაოები მიმდინარეობდა ნორმის ფარგლებში და ეს სახლი არ მოქცეულა დასაშვებ ლიმიტზე მაღალი ვიბრაციის არეალში.
19. სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა მოპასუხის მიერ საქმეზე წარმოდგენილი შპს „ა.ს.ც–ის“ დასკვნით განსაზღვრული მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის აღდგენითი-სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება რომ 5 440 ლარი იყო და არასწორად დააკისრა მოპასუხეს 20 310 ლარის მოსარჩელისათვის ანაზღაურება. კასატორი არ ეთანხმება ინდმეწარმე „ზ.გ–ძის“ მიერ მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას და მიიჩნევს, რომ მასში გაზრდილია შესასრულებელ სამუშაოთა მოცულობა, რითაც მომატებულია სამშენებლო მასალებისა და შრომითი რესურსის ოდენობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
20. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
21. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
22. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
23. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
24. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
25. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ ისინი სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.
26. მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების თაობაზე გამომდინარეობს სსკ-ის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლებიდან.
27. სსკ-ის 992-ე მუხლით მინიჭებული უფლების რეალიზაცია დამოკიდებულია ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოებების არსებობაზე, კერძოდ, ამ მუხლით გათვალისწინებულ შემადგენლობაზე. განსხვავებით სახელშეკრულებო ვალდებულებისგან, რომელიც წარმოიშობა პირის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობიდან, დელიქტური ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება და მისი წარმოშობისათვის უნდა არსებობდეს: ზიანი, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი შედეგსა და ქმედებას შორის. აღნიშნული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, პირს (ზიანის მიმყენებელს) უნდა დაეკისროს, დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურება (იხ. სუსგ: №ას-1570-2019, 2020 წლის 29 მაისი). მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული წინაპირობები შესრულებულია.
28. კასატორი სადავოდ ხდის დელიქტური ვალდებულების ოთხივე წინაპირობას, თუმცა ძირითადი საკასაციო პრეტენზია უკავშირდება მიზეზობრივ კავშირს თავის ქმედებასა და ზიანს შორის. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მტკიცების ტვირთის განაწილების ფარგლებში საქმეზე წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნაზე აპელირებით, მოსარჩელემ წარმატებით უზრუნველყო თავის მტკიცების საგანში შემავალი გარემოების, შენობაზე გვირაბის აფეთქების ზემოქმედების, დადასტურება. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 18 მაისის დასკვნის თანახმად, „მოსარჩელის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის საერთო ტექნიკური მდგომარეობა, მიუხედავად არსებული დაზიანებებისა, ძირითადად, დამაკმაყოფილებელია. შენობაზე განვითარებული ძველი ბზარები გამოწვეულია ექსპლუატაციის მანძილზე გადატანილი სხვადასხვა ინტენსივობის მიწისძვრებით, ახალი ბზარები კი, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში მრავალჯერადი აფეთქებით. დეფორმაციათა მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით საცხოვრებელ სახლზე წარმოქმნილი დაზიანებები მეორე ხარისხისაა. ამ ხარისხით დაზიანებული შენობა შემდგომი ექსპლუატაციისათვის ვარგისია, თუმცა დაკვირვებას საჭიროებს. ამ მიზნით ბზარწარმოქმნის ადგილებზე, შენობის შიგა სივრცეში თაბაშირის, ხოლო გარეთ ქვიშა-ცემენტის ხსნარის ყალაურები უნდა გაიკრას“. ამასთან, საქმის მასალებში წარმოდგენილი 2017 წლის 20 სექტებრის ცნობის თანახმად, სადავო პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე მცირე მაგნიტუდის მიწისძვრები ფიქსირდებოდა, თუმცა იგი სერიოზული ზიანის გამომწვევი მიზეზი ვერ იქნებოდა.
29. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის მიერ თავისი პოზიციის დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცება მოპასუხის ვალდებულებაა, რისი შეუსრულებლობაც მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (იხ. სუსგ №ას-1127-1047-2017, 18.10.2017წ.). ამდენად, მოსარჩელის სამართლებრივი პრეტენზიის დასადასტურებლად მითითებული მტკიცებულების საპირწონე ფაქტების დადასტურების ვალდებულება მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა, კერძოდ, მას უნდა გაექარწყლებინა დინამიკური დატვირთვის პირობებში კომპანიის ქმედების მიზეზშედეგობრიობა ზიანთან მიმართებით, თუმცა მოცემული დავის ფარგლებში მოპასუხემ ვერ უზრუნველყო იმგვარ გარემოებებზე მითითება და მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელიც სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას გააქარწყლებდა.
30. მოსარჩელის მტკიცებულების საწინააღმდეგოდ მოპასუხემ სასამართლოს საერთაშორისო კომპანია „ე–ის“ დასკვნები წარუდგინა. დასახელებული კომპანიის 2017 წლის კვლევა უკავშირდება ზოგადად გვირაბის მშენებლობისას აფეთქებითი სამუშაოების მონიტორინგს, სამუშაოების წარმოების კონსულტაციას. ამ დასკვნით არ შეფასებულა, მოსარჩელის შენობის მდგომარეობის/სეისმომედეგობის გათვალისწინებით, ზიანის მიყენებასთან აფეთქების მიზეზშედეგობრივი კავშირი. შესაბამისად, მოპასუხის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სსსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად, არ გამოდგება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის გასაბათილებლად.
31. რაც შეეხება მართლწინააღმდეგობას, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მითითებით, მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედება თავის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის დაზიანებით გამოიხატა, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასებით, საკუთრების უფლების ხელყოფად კვალიფიცირდება, რამდენადაც ნივთის სუბსტანციისათვის ზიანის მიყენება (მაგ. დაზიანება, განადგურება) საკუთრების უფლების დარღვევად მიიჩნევა სსკ-ის 992-ე მუხლის გაგებით. სხვისი საკუთრების დაზიანება, როგორც აბსოლუტურად დაცული სიკეთის ხელყოფა, შედეგის მართლწინააღმდეგობიდან გამომდინარე, თავისთავად მართლსაწინააღმდეგოდ მიიჩნევა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქმედების ჩამდენმა პირმა უნდა ამტკიცოს თავისი მოქმედების მართლზომიერება. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის ქმედების მართწინააღმდეგობას მოსარჩელის მხრიდან ცალკე მტკიცება არ სჭირდება (შდრ. სუსგ. №ას-751-751-2018, 15 ოქტომბერი, 2020 წელი; ასევე, №ას-201-201-2018, 8.10. 2018 წელი, პუნქტი 28, სადაც საკასაციო სასამართლომ სსკ-ის 992-ე მუხლიდან გამომდინარე მოთხოვნისას, რომელიც საკუთრების უფლების მართლსაწინააღმდეგოდ ხელყოფას ეფუძნებოდა, ქმედების მართლზომიერად წარმართვის მტკიცების ტვირთი მოპასუხეს დააკისრა).
32. ასეც რომ არ იყოს და თავად ქმედება (და არა შედეგი) შევაფასოთ მართლწინააღმდეგობის თვალსაზრისით, პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხის ქმედება მაინც მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულია, რამდენადაც საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოპასუხემ დაარღვია ვალდებულება, რომელიც ეკისრებოდა სადავო პერიოდში მოქმედი „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის №57 დადგენილებით (2009 წლის 24 მარტი), კერძოდ, მოპასუხეს ევალებოდა, გაეტარებინა სპეციალური ღონისძიებები, რომელიც უზრუნველყოფდა შენობა-ნაგებობის არსებული მდგომარეობის შენარჩუნებას. კასატორმა ვერ დაადასტურა, რომ მისი მხრიდან დაცული იყო საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით, ახალი მშენებლობის დაწყებამდე აუცილებელია მიმდებარედ არსებული შენობა-ნაგებობების ტექნიკური გამოკვლევა, არსებული დაზიანებების დაფიქსირება და მშენებლობის პროცესში ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი. ნორმატიული აქტით განსაზღვრული ვალდებულების დარღვევა კი, პირდაპირ მიუთითებს მართლწინააღმდეგობაზე და, სხვა წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, იწვევს დამრღვევის დელიქტურ პასუხისმგებლობას.
33. მოცემულ შემთხვევაში, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში მრავალჯერადი აფეთქება რომ საფრთხის შემცველი იყო, მოპასუხემ წინმსწრებად იცოდა. რისკი უნდა მართოს მან, ვისი კონტროლის სფეროშიც არის მისი წარმოშობის წყარო და, შესაბამისად, ყველაზე მეტადაც ხელეწიფება ამ რისკის მართვა. მოპასუხემ სათანადოდ არ მართა ის რისკი, რაც გვირაბის დემონტაჟიდან მომდინარეობდა. შესაბამისად, მან დაარღვია მოსარჩელის უფლებებისა და ინტერესებისადმი ზრუნვის სტანდარტიც.
34. სსკ-ის 412-ე მუხლის (ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს) თანახმად, ზიანი ანაზღაურდება, თუ ის ქმედების ეკვივალენტური, ადეკვატური და უშუალო შედეგია. პალატა ასკვნის, რომ ურთიერთკავშირი ვალდებულების დარღვევასა და უფლების მართლსაწინააღმდეგო შელახვას (შედეგს) შორის იმდენად ცალსახაა, რომ მოპასუხის ქმედება ზიანის კაუზალურია.
35. ამასთან, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთის დაზიანებაში ბრალი, მოპასუხესთან ერთად, მოსარჩელესაც მიუძღვის, თუმცა დაზიანებაში ბრალეულობის წილი შედარებით მცირეა, რამდენადაც დადგინდა, რომ ზიანის გამომწვევ ძირითადი მიზეზი სწორედ აფეთქებებია. შესაბამისად, სსკ-ის 415-ე მუხლის დანაწესზე (თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ, ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული) დაყრდნობით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად გაზარდა ზიანის ანაზღაურების ანგარიშში მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხა 20 310 ლარამდე. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, ზიანის ოდენობის მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე დაანგარიშების თაობაზე, ვინაიდან მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, სადაც მოსარჩელის საცხოვრებელ სახლზე არსებული დაზიანების აღმოსაფხვრელად გასაწევი ხარჯის სხვა ოდენობაა მითითებული, მტკიცებულების სანდოობის კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს. ამასთან, საკასაციო პალატის განსჯით, დავაზე არ იკვეთება მოპასუხის პასუხისმგებლობის უფრო მეტად შემცირების სამართლებრივი საფუძვლები, ვინაიდან ზიანი უმეტესწილად სწორედ მოპასუხის ბრალეულმა ქმედებამ გამოიწვია.
36. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას დაკისრებული ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოების პროცესში განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპისა და მტკიცების ტვირთის განაწილების ფარგლებში მოსარჩელეს ევალებოდა მისი მტკიცების საგანს მიკუთვნებული გარემოების - მოპასუხის მიერ მისთვის ზიანის მიყენებისა და მისი ფარგლების დამდგენი მტკიცებულებების წარმოდგენა, ხოლო მოპასუხეს - მოსარჩელის ამ მტკიცების ქმედითად უარყოფა. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე არ ეთანხმებოდა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვას სახლზე არსებული დაზიანებების აღმოფხვრის თაობაზე, სწორედ მას უნდა წარმოედგინა საპირწონე მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს დაარწმუნებდა საქმეში წარმოდგენილი ზიანის ოდენობის დამდგენი დოკუმენტის სიმცდარეში. მოპასუხეს ამ დავის ფარგლებში ამ სახის მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
37. ამდენად, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ კასატორმა ვერ წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია სააპელაციო პალატის იმ მსჯელობის საწინააღმდეგოდ, რომ მოსარჩელე მხარემ ნაწილობრივ შეძლო მის მიერ სარჩელში მითითებული სადავო გარემოებების მტკიცების ვალდებულება და შესაბამისი მტკიცებულებების – ექსპერტების დასკვნის წარდგენის გზით დაადასტურა მისთვის მიყენებული ზიანის არსებობა და მოსარჩელეთა კუთვნილი უძრავი ნივთის დაზიანების ხარისხი. მოპასუხემ კი წარადგინა ზოგადი შინაარსის მქონე დოკუმენტი, რომელიც ვერ აქარწყლებს მოსარჩელის არგუმენტებს. შესაბამისად, საკასაციო პალატა მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და შეპირისპირების საფუძველზე ასკვნის, რომ საქმეზე გამოკვლეული გარემოებები ქმნის სსკ-ის 992-ე მუხლის შემადგენლობას, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელის სახლის დაზიანება ძირითადად მოპასუხის მიერ ნაწარმოები გვირაბის აფეთქების ფაქტობრივი ნეგატიური შედეგია. ქონების დაზიანებასა და მოპასუხის სარკინიგზო გვირაბის მშენებლობას შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა, მოპასუხის ბრალეულ, მართლსაწინააღმდეგო ქმედებასთან კავშირში, მისთვის დელიქტური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია.
38. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის შედეგადაც მიიღო კანონიერი და უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისი გადაწყვეტილება.
39. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
40. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
41. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ: №ას-1907-2018, 2019 წლის 6 ივნისის განჩინება; №ას-482-2019, 2019 წლის 31 მაისის განჩინება, №ას-280-280-2018, 2018 წლის 18 ივლისის განჩინება).
42. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
43. სსსკ-ის 401.4-ე მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, კასატორს დაუბრუნდება 1015.5 ლარის 70% – 710.85 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–ის" საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. შპს „ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–ს" (ს/კ .........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1015.5 ლარის (საგადასახადო დავალება №938 / გადახდის თარიღი 5.07.2021) 70% - 710.85 ლარი.
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე