საქმე №ას-977-2021 18 თებერვალი, 2022 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – სს "ე -პ ჯ.გ–ია" (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს "ე. ი.ჯ–ა" (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 2 აგვისტოს განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით - სს „ე-პ. ჯ.გ–იის“ (შემდეგში - მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) წინააღმდეგ თანხის დაკისრების თაობაზე შპს „ე. ი.ჯ–ას“ (შემდეგში - მოსარჩელე) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ - 30 000 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა, ხოლო 27 897.51 აშშ დოლარის დაკისრებაზე უარი ეთქვა.
2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 2 აგვისტოს განჩინებით სააპელაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად.
4. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში – სსსკ) 369-ე, 2591-ე, მე-60 და 61-ე მუხლებით იხელმძღვანელა და აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს 2021 წლის 23 აპრილს გამართულ სხდომაზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას, ესწრებოდა როგორც მოსარჩელე, ისე - მოპასუხე მხარე. შესაბამისად, მხარეს გადაწყვეტილება უნდა ჩაებარებინა სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 20-დან 30 დღის განმავლობაში. გადაწყვეტილების ჩაბარებიდან მხარეს სააპელაციო საჩივარი 14 დღის ვადაში უნდა წარედგინა, თუმცა 2021 წლის 27 ივლისს წარადგინა. შესაბამისად, აპელანტმა გასაჩივრების კანონით დადგენილი 14 -დღიანი ვადა დაარღვია, რის გამოც სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა მოითხოვა.
6. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სადავო არაა, რომ მოპასუხე პირველი ინსტანციის სასამართლოში გადაწყვეტილების გამოცხადებიდან, 2021 წლის 23 აპრილიდან, 24-ე დღეს - 17.05.2021 წელს გამოცხადდა გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით, თუმცა, სსსკ-ის 2591-ე მუხლის დარღვევით, სასამართლომ მხოლოდ 2021 წლის 16 ივლისს ჩააბარა გასასაჩივრებელი აქტი; შესაბამისად, 14- დღიანი ვადის ათვლა სწორედ ამ დროიდან უნდა დაიწყოს. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების, კანონით დადგენილი მოთხოვნებისა და დამკვიდრებული პრაქტიკის უგულებელყოფით, დაუსაბუთებელ ვარაუდებზე დაყრდნობით, მიიჩნია, რომ გასაჩივრების ვადის ათვლა გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს უნდა დაწყებულიყო. მიუხედავად იმისა, მხარემ კანონით დადგენილ ვადაში მოითხოვა მისი გადაცემა, სასამართლომ 2021 წლის 16 ივლისამდე ვერ უზრუნველყო ჩაბარება. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, მოპასუხე გადაწყვეტილების გამოცხადებას არ ესწრებოდა, თუმცა მისთვის ცნობილია გამოცხადების თარიღი, შესაბამისად, არასწორია სასამართლოს მსჯელობა, თითქოს მოპასუხე გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრებოდა. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო საჩივარი ვადის დაცვით წარადგინა, სწორედ ამიტომ უსაფუძვლო იყო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება. შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპზე, საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ნოემბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
8. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
9. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმებისა და აღნიშნულის შედეგად მისი განუხილველად დატოვების კანონიერება წარმოადგენს. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი საპროცესო ვადა დაარღვია.
10. სსსკ-ის 369-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა 14 დღეა. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591-ე მუხლის შესაბამისად, ასევე - 2591-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
11. სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან, თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელდება და აღდგენა დაუშვებელია.
12. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადის მიხედვით სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.
13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, სსსკ-ის 2591-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების ჩაბარება, გასაჩივრების მსურველი მხარის ვალდებულებას წარმოადგენს. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე. სსსკ-ის 2591-ე მუხლის შინაარსი არ შეიძლება, გაგებულ იქნეს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების გარეშე.
14. განსახილველი ნორმა აწესრიგებს გასაჩივრების უფლების წარმოშობის წინაპირობებს, ხოლო გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას კი, იმავე კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის დანაწესი, რომლის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი (იხ. დიდი პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის განჩინება Nას-1161-1106-2014წ).
15. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის პრეტენზიას, რომ სასამართლომ სსსკ-ის 2591-ე მუხლის დარღვევით, მხოლოდ 2021 წლის 16 ივლისს ჩააბარა გადაწყვეტილება. საქმის მასალებით დასტურდება პირველი ინსტანციის სასამართლოდან მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის სააპელაციო სასამართლოში 2021 წლის 9 ივნისს გაგზავნა და საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის მეშვეობით 2021 წლის 11 ივნისს მოსამართლისათვის განსახილველად გადაცემა (იხ. ტომი 2, ს.ფ 146-147), რაც იმას ნიშნავს, რომ საქალაქო სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება 2021 წლის 9 ივნისს მზად ჰქონდა. შესაბამისად, გადაწყვეტილების კანონით დადგენილი ვადის დარღვევის თაობაზე კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტი უარყოფილია, ისევე, როგორც მეორე არგუმენტი, თითქოს მოსარჩელე მხარე გადაწყვეტილების გამოცხადებას არ ესწრებოდა. საქმის მასალებიდან, აგრეთვე, დასტურდება, რომ საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში 2021 წლის 23 აპრილს გაიმართა და იმავე დღეს ორივე მხარის, მათ შორის, მოსარჩელის წარმომადგენელ ც.ჩ–ის დასწრებით, სასამართლომ სათათბირო ოთახში გაუსვლელად მიღებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა (იხ. ტომი 2, სასამართლო სხდომი ოქმი ს.ფ 88, 97-98). ამასთან, კერძო საჩივრის არგუმენტი, რომ გადაწყვეტილება მხოლოდ 2021 წლის 16 ივლისს ჩაჰბარდა, ქარწყლდება ამავე წლის 15 ივლისს მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის ფოსტის მეშვეობით მისთვის გადაცემითაც, რის საპასუხოდაც 2021 წლის 23 ივლისს სააპელაციო შესაგებელი წარადგინა (იხ. ტომი 2, ს.ფ 189-190). აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის არც ერთი არგუმენტი არ არის გამყარებული 2021 წლის 26 ივლისს ფოსტისთვის ჩაბარების, ხოლო სააპელაციო სასამართლოში 2021 წლის 27 ივლისს რეგისტრირებული სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის გათვალისწინებით, ანუ 14-დღიანი ვადის დაცვით. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებით, სსსკ-ის 374-ე მუხლის საფუძველზე, სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად.
16. სსსკ-ის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, დარჩება განუხილველად (შდრ. სუსგ-ები: N ას-790-757-2016, 2016 წლის 18 ოქტომბრის განჩინება; #Nას-221-208-2015, 2015 წლის 29 მაისის განჩინება).
17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს "ე-პ. ჯ.გ–იის" კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 2 აგვისტოს განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 2 აგვისტოს განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური