28 თებერვალი 2022 წელი
საქმე №ას-18-2022 ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი - შ.პ.ს. „ს–სი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - თ.მ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ოქტომბრის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა
დავის საგანი - გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით თ.მ–ის (შემდეგში: „მოსარჩელე“) სარჩელი შ.პ.ს. „ს–სის“ (ს/კ ......) (შემდეგში: „მოპასუხე“) მიმართ, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, კომპენსაციის დაკისრების, სახელფასო დავალიანების ანაზღაურებისა და პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხის 2020 წლის 11 მაისის NHR/ADM-20-08 ბრძანება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბათილად იქნა ცნობილი. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის ანაზღაურება - 24 000 ლარის ოდენობით. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების ანაზღაურება დაბეგრილი 711 ლარისა და 48 თეთრის ოდენობით. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ანგარიშსწორების დაყოვნებისათვის კანონისმიერი პირგასამტეხლო 711 ლარისა და 48 თეთრის 0.07 %-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2020 წლის 01 მაისიდან სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.
3. 2021 წლის 22 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა მოსარჩელემ და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა, კერძოდ: მოსარჩელის კუთვნილ ყველა საბანკო დაწესებულებაში არსებულ საბანკო ანგარიშებზე განთავსებული (არსებული ან მომავალში ჩარიცხული) თანხების 50% -ის დაყადაღება 27 025,98 ლარის ფარგლებში იმ პირობით, რომ მოპასუხემ გამოიყენოს ყადაღისაგან თავისუფალი 50%.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელის განცხადება დაკმაყოფილდა. ყადაღა დაედო ყველა საბანკო დაწესებულებაში არსებულ მოპასუხის კუთვნილ საბანკო ანგარიშებზე განთავსებული (არსებული ან მომავალში ჩარიცხული) თანხების 50%-ს, მაგრამ საერთო ჯამში არაუმეტეს 27 025,98 ლარისა.
5. აღნიშნული განჩინებაზე საჩივარი წარადგინა მოპასუხემ და მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით მოითხოვა:
5.1. განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობდა გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წინაპირობები. მოსარჩელეს სარწმუნოდ არ დაუსაბუთებია უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება და სასამართლოსთვის არ წარუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, რაც გონივრული განსჯის შედეგად წარმოშობდა დასაბუთებულ ვარაუდს, რომ საპროცესო ღონისძიების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება. შუამდგომლობაში მითითებული ზოგადი მსჯელობა ვერ იქნება მიჩნეული საკმარისად სასამართლო პრაქტიკით დადგენილი სტანდარტის დასაკმაყოფილებლად, რადგან სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.
5.2. მოსარჩელემ არასწორად მიუთითა, რომ მოპასუხეს სხვა საწარმოებში წილები აქვს დაყადაღებული, რაც მისი მოსაზრებით გადაწყვეტილების აღსრულების შემაფერხებელი გარემოებაა. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის 2021 წლის 6 ოქტომბრის ამონაწერით ცხადია, რომ მოპასუხის წილები შ.პ.ს. „ბ.ჯ“-ს (ს/ნ: ......) კაპიტალში არ არის დაყადაღებული, არამედ რეგისტრირებულია გირავნობის/ლიზინგის რეესტრში, რაც სამართლებრივი ბუნების გათვალისწინებით, არსებითად განსხვავდება ყადაღისგან და არ შეიძლება, განიხილებოდეს, როგორც გადაწყვეტილების აღსრულების შემაფერხებელი გარემოება. ამასთან, საჩივარზე წარმოდგენილი მეწარმეთა შესახებ რეესტრის ამონაწერებით დასტურდება, რომ მოპასუხე სხვადასხვა კომპანიებში ფლობს წილებს. წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება კომპანიის აქტიური ჩართულობაც სამოქალაქო ბრუნვაში და შემოსავლის არსებობა, კერძოდ: კომპანიის მოგების გადასახადისა და ყოველთვიური დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციები 2021 წლის აპრილი-ოქტომბრის პერიოდისთვის. აღნიშნულ მტკიცებულებებს საქართველოს უზენაესი სასამართლო განიხილავს საკმარისად სამოქალაქო ბრუნვაში კომპანიის ჩართულობისა და შემოსავლის მიღების არსებობის ფაქტების დასადასტურებლად, რაც გამორიცხავს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის გამოყენების საჭიროებას.
5.3. გარდა ზემოაღნიშნულისა, მოპასუხე არის საქართველოში მშენებლობის მენეჯმენტის პირველი და ყველაზე დიდი კომპანია. მისი ისტორია უკვე ათწლეულს ითვლის და კომპანიის პორტფელიო 77 დასრულებულ და 18 მიმდინარე პროექტს მოიცავს, რომელთა ჯამური საინვესტიციო მოცულობა 2 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს. კომპანიაში დასაქმებულია 80 ადამიანი.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ნოემბრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
9. წინამდებარე საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატის შეფასების საგანია სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მართლზომიერება.
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფაზე მსჯელობისას სასამართლო ხელმძღვანელობს სარჩელის უზრუნველყოფის მარეგულირებელი საპროცესო ნორმებით.
11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXIII თავით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სწრაფ და ეფექტურ საპროცესო-სამართლებრივ გარანტიას. სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის, მოცემულ შემთხვევაში, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის გამოყენებას საფუძვლად უდევს ვარაუდი, რომ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება შესაძლოა ვერ აღსრულდეს ან აღსრულება მნიშვნელოვნად დაბრკოლდეს. თუმცა მხედველობაშია მისაღები, რომ სამოქალაქო პროცესი თანაბარ მდგომარეობაში აყენებს პროცესის ორივე მხარეს – მოსარჩელესა და მოპასუხეს, შესაბამისად, მხარეთა თანასწორობის უმნიშვნელოვანესი პრინციპიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ინსტიტუტის შეფასება უნდა მოხდეს როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის პოზიციიდან. ამგვარი შეფასებისას გასათვალისწინებელია, რომ დაცული იყოს თანაზომიერების პრინციპი, კერძოდ, ერთი მხარის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება ამ მოთხოვნის პროპორციული (ადეკვატური) უნდა იყოს და აშკარა შეუსაბამობა არ უნდა იკვეთებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, უზრუნველყოფის გამოყენება ვერ გაამართლებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანს. ამიტომ სასამართლომ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების საკითხის გადაწყვეტის დროს, ყოველთვის უნდა შეაფასოს, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად მის მიერ შერჩეული ღონისძიება არის თუ არა შესაბამისობაში მოსარჩელის იმ მოთხოვნასთან, რომლის უზრუნველყოფასაც იგი ემსახურება.
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება, ასევე, უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.
13. ამრიგად, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელე მხარეს, საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით მოითხოვოს ჯერ კიდევ აღუსრულებელი გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ. აღნიშნული მნიშვნელოვანია, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას, სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება (იხ. სუსგ საქმე №ას-939-2019, 15 ივლისი, 2019 წელი).
14. სარჩელის/გადაწყვეტილების უზრუნველყოფა წარმოადგენს სამოქალაქო სამართალწარმოების მნიშვნელოვან ინსტიტუტს და ემსახურება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფას. იმის გათვალისწინებით, რომ ხშირად სამოქალაქო პროცესი საკმაოდ ხანგრძლივ პროცედურებთან არის დაკავშირებული, არსებობს რისკი, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დავის საგანი განადგურდეს, გასხვისდეს, უფლებრივად დაიტვირთოს ან სხვაგვარად შეეშალოს ხელი საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულებას. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება სწორედ ამ საფრთხეების პრევენციას ემსახურება. სამოქალაქო საქმეზე მართლმსაჯულების ეფექტიანად განხორციელება მნიშვნელოვან საჯარო ინტერესს წარმოადგენს, ამავე დროს, მართლმსაჯულების ეფექტიანობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებაზე, შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული მექანიზმები, რომლებიც ემსახურება სამოქალაქო საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების უზრუნველყოფას, ემსახურება უმნიშვნელოვანეს ლეგიტიმურ მიზანს - მართლმსაჯულების ეფექტიანად განხორციელების უზრუნველყოფას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2016 წლის 30 სექტემბრის №1/5/675,681 გადაწყვეტილება).
15. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მოპასუხის ბრძანება, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის - 24 000 ლარის, სახელფასო დავალიანების დაბეგრილი - 711,48 ლარისა და ანგარიშსწორების დაყოვნებისათვის კანონისმიერი პირგასამტეხლოს - 711,48 ლარის 0.07 %-ის ანაზღაურება, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2020 წლის 01 მაისიდან სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
მოსარჩელის განცხადების საფუძველზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით ყადაღა დაედო ყველა საბანკო დაწესებულებაში არსებულ მოპასუხის კუთვნილ ანგარიშებზე განთავსებული (არსებული ან მომავალში ჩარიცხული) თანხების 50%-ს, მაგრამ საერთო ჯამში არაუმეტეს 27 025,98 ლარისა.
16. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ განჩინებაში განმარტა, რომ მეწარმე სუბიექტის საბანკო ანგარიშების დაყადაღებას განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მიუდგეს სასამართლო, რამდენადაც პრეზუმირებულია, რომ ეკონომიკურ მოგებაზე ორიენტირებული იურიდიული პირი, სამეწარმეო თავისუფლების ფარგლებში, მისი საბანკო ანგარიშების დაყადაღებისას იზღუდება ისეთ ქმედებებში, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია მისი ფუნქციონირებისათვის (მაგალითად, საკუთარ თანამშრომლებთან, სხვა კონტრაჰენტებთან არსებული ვალდებულებები და ა.შ.). საბანკო ანგარიშების დაყადაღებით, ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება ფულადი სახსრების განკარგვა, რაც მეწარმეობის ხელისშემშლელი გარემოებაა (იხ. სუსგ საქმე №ას-956-921-2016, 02/11/2016). მეწარმე სუბიექტის ანგარიშზე ყადაღის დადებისას სასამართლო უნდა დარწმუნდეს სარჩელის უზრუნველყოფის ამგვარი ღონისძიების საჭიროებასა და დასაბუთებულობაში.
17. იურიდიული პირის საბანკო ანგარიშების დაყადაღება უნდა განხორციელდეს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც სახეზეა ორი პირობა: არსებობს უზრუნველსაყოფი მოთხოვნის დაკმაყოფილების ვარაუდი და საბანკო ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებზე ყადაღის დადების გარეშე, გადაწყვეტილების აღსრულება გაძნელდება ან/და შეუძლებელი გახდება.
საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადება, როგორც უზრუნველყოფის ღონისძიების უკიდურესი ზომა, სასამართლომ უნდა გამოიყენოს იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მიიღებს ყველა ზომას მოპასუხის ქონების მოსაძიებლად და მოპასუხეს იმავდროულად არ აღმოაჩნდება სხვა ქონება. ამდენად, მოსარჩელისა და მოპასუხის უფლებების თანაზომიერად დაცვის მიზნით, მოსარჩელემ ყველა ზომა უნდა მიიღოს მოპასუხის ქონების მოსაძიებლად, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდა, რომ მოპასუხეს ქონება არ გააჩნია, სწორედ ასეთ ვითარებაში შეიძლება დადგეს მოპასუხის ანგარიშზე არსებულ თანხაზე ყადაღის სახით, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა.
18. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოპასუხის საკუთრებაშია კაპიტალის მქონე არაერთი კომპანიის წილი, რომელზეც რეგისტრირებული არ არის რაიმე ვალდებულება ან უფლებრივი შეზღუდვა. ასევე, საგადასახადო დეკლარაციით დგინდება, რომ მოპასუხე ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას და აქვს მოგება. ყოველივე ამ გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია მოპასუხის საბანკო ანგარიშებზე არსებული ფულადი სახსრების ნებისმიერ მოცულობაზე ყადაღის დადება, კერძოდ მაშინ, როდესაც კომპანიას გარდა საბანკო ანგარიშისა, აქვს სხვა ქონებაც და კომპანიის ანგარიშებზე ყადაღის დადება არ არის ერთადერთი და უკიდურესი ზომა გადაწყვეტილების აღსასრულების უზრუნველსაყოფად. კომპანიის ანგარიშებზე ყადაღის დადებამ შესაძლოა შეაფერხოს საწარმოს, როგორც მოგებაზე ორიენტირებული სუბიექტის საქმიანობა და არათანაბრად შეზღუდოს მხარის უფლება.
19. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და უნდა მოეხსნას ყადაღა მოპასუხის საბანკო ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ.პ.ს. „ს–სი“-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ოქტომბრის განჩინება.
3. არ დაკმაყოფილდეს თ.მ–ის განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის თაობაზე.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები : ლაშა ქოჩიაშვილი
თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია