Facebook Twitter

საქმე №ას-1001-2021 11 მარტი, 2022 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - გ.ჩ–ძე, თ.ს–ძე (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ბ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება

დავის საგანი – უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ავტომანქანის რეგისტრაციის გაუქმება, თანხის დაბრუნება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ.ბ–ძის (შემდეგში: მოსარჩელე, სარჩენი, პირველი აპელანტი) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

1.1.ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელესა და გ.ჩ–ძეს (შემდეგში: პირველი მოპასუხე, მარჩენალი, მეორე აპელანტი ან კასატორი) შორის 2013 წლის 18 მარტს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. ბათუმი, ......, ს/კ N .... და მხარეებს შორის დადებული გარიგება აღიარებული იქნა სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებად, რაც ასევე ჩაითვალა ბათილად. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 45 000 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა;

1.2. ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი პირველ მოპასუხესა და თ.ს–ძეს (შემდეგში: მეორე მოპასუხე, მესამე აპელანტი ან მეორე კასატორი) შორის 2018 წლის 22 იანვარს დადებული ჩუქების ხელშეკრულება, უძრავ ქონებაზე, მდებარე ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი ....., ს/კ N ....., და უძრავი ქონების ½ ნაწილი საჯარო რეესტრში აღირიცხა პირველი მოპასუხის საკუთრებად;

1.3. მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა;

1.4. პირველ მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით3000 ლარის გადახდა დაეკისრა;

1.5. მოპასუხეებს, მოსარჩელის სასარგებლოდ, საადვოკატო ხარჯის - 1045 ლარის ანაზღაურება სოლიდარულად დაეკისრათ;

1.6. საქმეზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 17.07.2018 წლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფა, რომლითაც მეორე მოპასუხეს (პირადი N .....) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების უძრავი ქონების, მდებარე - ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი ....., ს/კ N ........, - გასხვისება საშუალების, რომლის რეკვიზიტებია: სანომრე ნიშანი - ...., მარკა/მოდელი ლექსუს GX470, ფერი ყავისფერი 1/8, გამოშვების წელი - 2005, საიდენტიფიკაციო ნომერი ....., სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა - BV2648248 გაცემული 26/01/2018წ. - გასხვისება და სამართლებრივად დატვირთვა, - გაუქმდა.

2. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. პირველი მოპასუხე არის ნ.ბ–ძის ნათესავი-ძმისშვილი, ხოლო მეორე მოპასუხე პირველი მოპასუხის მეუღლეა;

2.2. მოსარჩელეს საკუთრებაში გააჩნდა ქ. ბათუმში, .......... მდებარე, საკადასტრო კოდით N ...... რეგისტრირებულ უძრავ ქონება (დაზუსტებული ფართობი 242 კვ.მ, ერთი შენობა-ნაგებობა საერთო ფართი 48.83 კვ.მ.).

2.3. მოსარჩელის ძმისშვილს (პირველ მოპასუხეს) და რ.დ–ძეს შორის 2016 წლის 25 მაისს დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. ბათუმში, ......, ს/კ ......, დაზუსტებული ფართობი 242 კვ.მ., ერთი შენობა-ნაგებობა, საერთო ფართი 48.83 კვ.მ., ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 45 000 აშშ დოლარით, რაც რ.დ–ძის მიერ სრულად იქნა გადახდილი, უძრავი ქონება კი საჯარო რეესტრში აღირიცხა რ.დ–ძის საკუთრებად.

2.4. მხარეებს შორის სადავო არაა ის გარემოება, რომ უძრავ ქონება, მდებარე ქ. ბათუმში, ........., ს/კ N ......., სადაც მოსარჩელე ცხოვრობდა, ხის ფიცრული სახლი იყო და დემონტაჟს ექვემდებარებოდა;

2.5. პირველ მოპასუხესა და ზურაბ ნანობაშვილს შორის 2016 წლის 7 ივნისს დაიდო უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ამ უკანასკნელისაგან პირველმა მოპასუხემ 31 450 აშშ დოლარად შეიძინა უძრავი ქონება/საცხოვრებელი ბინა, მდებარე, ქ. ბათუმი, ....... (ს/კ N ......), უძრავი ქონება საჯარო რეესტრში პირველი მოპასუხის საკუთრებად აღირიცხა;

2.6. მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის 2018 წლის 18 მარტს სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების დადების შემდეგ, მოსარჩელე ცხოვრობდა უძრავ ქონებაში (საცხოვრებელი სახლი), მდებარე ქ. ბათუმში, ........ (ს/კ N ......), ასევე სადავო არაა ის გარემოება, რომ 2016 წლის 7 ივნისს მოსარჩელის ძმისშვილის (პირველი მოპასუხის) მიერ შეძენილ საცხოვრებელ ბინაში, მდებარე, ქ. ბათუმი, ...... (ს/კ N .......), საცხოვრებლად გადავიდა მოსარჩელე და დღეის მდგომარეობითაც ამავე მისამართზე ცხოვრობს;

2.7. პირველი მოპასუხის საკუთრებად საჯარო რეესტრში 2018 წლის 22 იანვრამდე რეგისტრირებული იყო უძრავი ქონება, მდებარე ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი ....., ს/კ N ..... და უძრავი ქონება 2018 წლის 22 იანვრის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე აღირიცხა მეორე მოპასუხის (რომელიც პირველი მოპასუხის მეუღლეა) საკუთრებად;

2.8. საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 20 სექტემბრის №49/7/5-01651963 ცნობის თანახმად, სატრანსპორტო საშუალება, რომლის რეკვიზიტებია: სანომრე ნიშანი - ......, მარკა/მოდელი ლექსუს GX470, ფერი ყავისფერი 1/8, გამოშვების წელი - 2005, საიდენტიფიკაციო ნომერი ....., სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა - BV2648248 გაცემული 26/01/2018წ., შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში 01.12.2016 წლიდან 26.01.2018 წლამდე ირიცხებოდა პირველი მოპასუხის სახელზე, 2018 წლის 26 იანვრიდან კი მისი მეუღლის (მეორე მოპასუხის) სახელზეა რეგისტრირებული;

2.9. ორთოპედიის და ტრავმატოლოგიის ცენტრის შპს „ნ.ჰ–ის“ მიერ გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ N7765 ცნობის თანახმად, მოსარჩელეს 2017 წლის 19 ივნისს ჩაუტარდა ოპერაცია - მარჯვენა მენჯ-ბარძაყის სახსრის ტოტალური უცემენტო ენდოპროტეზირება. იმავე ცნობის თანახმად, მოსარჩელეს გაეწია სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციები, ესაჭიროება ხელჯოხ- ყავარჯენი ან ორთოპედიული ჩარჩო (ჭოჭინა), დაენიშნა სხვადასხვა სამკურნალო საშუალებები, სხვადასხვა სარეაბილიტაციო კურსები, ექიმთან ვიზიტები და სხვა. მოსარჩელე არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რომელიც საჭიროებს მოვლა-პატრონობას. მოსარჩელეს უკმაყოფილება აქვს თავის ორ შვილთან, რის გამოც შვილებმა მიატოვეს და დარჩა მომვლელის გარეშე.

2.10. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რომ მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის 2013 წლის 18 მარტს დაიდო სამისდღეშიო ხელშეკრულება, რომლითაც მარჩენალმა იკისრა სარჩენის რჩენის ვალდებულება, ხოლო სარჩენი მარჩენალს გადასცემდა საკუთრებაში უძრავ ქონებას, მდებარე ქ. ბათუმი, ....... (ს/კ N ....), მარჩენალი ვალდებული იყო, სარჩენი მთელი სიცოცხლის განმავლობაში ერჩინა.

2.11. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ პირველ და მეორე მოპასუხეებს (მეუღლეებს) შორის 2018 წლის 22 იანვარს დადებული ჩუქების ხელშეკრულება წარმოადგენს მოჩვენებით დადებულ გარიგებას. მოპასუხეებს შორის მოსაჩელის მიერ სადავოდ ქცეული ჩუქების ხელშეკრულება გაფორმდა სარჩენის მიერ სარჩელის აღძვრის შემდეგ, სამოქალაქო დავის მიმდინარეობის დროს. დადგენილია, რომ ჩუქების ხელშეკრულების მხარეები არიან ცოლ-ქმარი, ამ პირობებში დასაჩუქრებულისთვისაც ცნობილი იყო მისი მეუღლის მიმართ არსებული დავის შესახებ ფაქტები;

2.12. მარჩენალსა (პირველ მოპასუხეს) და რ.დ–ძეს შორის 2016 წლის 25 მაისს დაიდო უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. ბათუმში, ....., ს/კ ........, დაზუსტებული ფართობი 242 კვ.მ, ერთი შენობა-ნაგებობა საერთო ფართი 48.83 კვ.მ, ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 45 000 აშშ დოლარით, რაც რ.დ–ძის მიერ სრულად იქნა გადახდილი, უძრავი ქონება კი საჯარო რეესტრში აღირიცხა შემძენის საკუთრებად. მხარეებს შორის სადავოდ არ გამხდარა ასევე მყიდველის რ.დ–ძის კეთილსინდისიერება, შესაბამისად ვერ მოხდება მიღებულის უკან დაბრუნება;

2.13. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მარჩენალი რამდენიმე წლის განმავლობაში ასრულებდა სარჩენის რჩენის ვალდებულებას;

2.14. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მარჩენალსა და მის მეუღლეს (მოპასუხეებს) შორის 2018 წლის 22 იანვარს სადავო უძრავ ქონებაზე (მდებარე ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი ....., ს/კ N .......) დადებული ჩუქების ხელშეკრულება მოჩვენებით დადებულ გარიგებას წარმოადგენს;

2.15. აჭარის ა/რ პროკურატურის სატაჟიორ-პროკურორის მიერ 2018 წლის 7 მაისს შედგენილი გასაუბრების ოქმში, მარჩენალის (პირველი მოპასუხის) განმარტებებით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2013 წლის მარტის თვეში მამიდამისმა (სარჩენმა, მოსარჩელემ), რომელიც მეორე ჯგუფის ინვალიდი არის და რომელსაც დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა შვილებთან, შესთავაზა, რომ მის საკუთრებაში არსებულ სახლს და მიწის ნაკვეთს ძმისშვილს გაუფორმებდა იმ პირობით, თუ მარჩენალი სიცოცხლის ბოლომდე მას მოუვლიდა; მარჩენალი ასევე მიუთითებს, რომ მასსა და სარჩენს შორის გაფორმდა ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულება, ასევე განმარტავს, რომ შეთანხმებისამებრ სარჩენს 2013 წლიდან 2016 წლამდე უვლიდა.

2.16. საქმეზე მოწმის სახით დაკითხული რ.ჩ–ძის განმარტებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სარჩენ პირს ჰქონდა თავისი შემოსავალი და სწორედ მისი სახსრებით მოხდა როგორც მისი ოპერაციის დაფინასება, ასევე მედიკამენტების შეძენაც. სასამართლოს განმატებით, პირველმა მოპასუხემ (მარჩენალმა) ვერ შეძლო იმის დამტკიცება, რომ მისი ფულადი სახსრებით მოხდა როგორც ოპერაციის, ასევე სხვა სამკურნალო პროცედურების და მედიკამენტების საფასურის დაფარვა. სარჩენმა სარჩელი აღძრა მარჩენალის წინააღმდეგ, რაც ადასტურებს მის უარყოფით დამოკიდებულებას მარჩენალისადმი და სარჩენი პირის ნებას ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე.

2.17. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისას პირველი ინსტანციის სასამართლომ იხელმძღვანელა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-17 მუხლით; ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის N 1 დამატებითი ოქმის პირველი მუხლით; საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 317-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლის პირველი ნაწილით, 941-ე, 949-ე, 942-ე მუხლებით და 949-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 59-ე მუხლის პირველი ნაწილით, 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 979-ე მუხლის მეორე ნაწილით, 524-ე, 50-ე, 56-ე მუხლებით, 312-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1158-ე მუხლით.

3. სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპი

3.1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ;

3.2. სარჩენმა ( პირველმა აპელანტმა) გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება: კერძოდ, - მოპასუხეებს (მეუღლეებს) შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების მთლიანად ბათილად ცნობა და ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე მეორე მოპასუხეზე (მარჩენალის მეუღლეზე) გასხვისებული მთლიანი ქონების მარჩენალის საკუთრებად აღრიცხვა; აპელანტმა მოითხოვა "ლექსუსის" მარკის სატრანსპორტო საშუალებაზე მეორე მოპასუხის (მარჩენალის მეუღლის) საკუთრების რეგისტრაციის გაუქმება და ავტომანქანის მესაკუთრედ კვლავ მარჩენალის (პირველი მოპასუხის) რეგისტრაცია; მოპასუხეებისათვის, მოსარჩელის სასარგებლოდ, დამატებით საადვოკატო ხარჯის - 1800 ლარის, ჯამში - 2845 ლარის ანაზღაურების სოლიდარულად დაკისრება, საქმეში წარმოდგენილი ქვითრების მიხედვით;

3.3. მოპასუხეებმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

4.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებით მოპასუხეების (მეორე აპელანტი) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

4.1.1. მოსარჩელის (პირველი აპელანტის) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

4.1.2. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი სარჩენსა და მარჩენლას შორის 2013 წლის 18 მარტს დადებული სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება, უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. ბათუმი, ....., ს/კ.: #... და, ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით, ეს ხელშეკრულება შეწყვეტილად იქნა აღიარებული;

4.1.3. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება სარჩენის სასარჩელო მოთხოვნის დანარჩენ ნაწილში დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და ავტომანქანის ნაწილში გამოყენებული უზრუნველყოფის ღონიძიების გაუქმების ნაწილში (გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 და მე-9 პუნქტები) და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;

4.1.4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა: სატრანსპორტო საშუალების ½ წილზე (სანომრე ნიშანი: ......, მარკა/მოდელი: ლექსუს GX470, ფერი: ყავისფერი 1/8, გმოშვების წელი: 2005, საიდენტიფიკაციო ნომერი: ......, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა: BV2648248, გაცემული 26/02/2018წ.) მესაკუთრედ დარეგისტრირდეს მარჩენალი (პირველი მოპასუხე; პ/ნ. .......); ბათუმის საქალაქო სასამართლოს 25.09.2018 წლის განჩინებით (საქმე N 2-5055/2017) გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მეორე მოპასუხეს (მარჩენალის მეუღლეს) აეკრძალა მის საკუთრებაში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალების (სანომრე ნიშანი: ......, მარკა/მოდელი: ლექსუს GX470, ფერი: ყავისფერი 1/8, გმოშვების წელი: 2005, საიდენტიფიკაციო ნომერი: ......, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა: BV2648248, გაცემული 26/02/2018წ.) - გასხვისება და სამართლებრივად დატვირთვა - დარჩეს ძალაში;

4.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 18 დეკემბერს სარჩენმა სარჩელი აღძრა მარჩენალის წინააღმდეგ, ხოლო 2018 წლის 12 ივლისს წარდგენილი დაზუსტებული სარჩელის თანახმად მოსარჩელემ მოთხოვნები შემდეგნაირად განსაზღვრა:

4.2.1.ბათილად იქნეს ცნობილი მოსარჩელესა (სარჩენსა) და პირველ მოპასუხეს (მარჩენალს) შორის 2013 წლის 18 მარტს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. ბათუმი, .........., ს/კ N ...... და ეს ხელშეკრულება აღიარებული იქნას სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებად;

4.2.2. პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 45 000 აშშ დოლარის გადახდა;

4.2.3. ბათილად იქნას ცნობილი პირველ და მეორე მოპასუხეებს (მეუღლეებს) შორის 2018 წლის 22 იანვარს დადებული ჩუქების ხელშეკრულება, უძრავ ქონებაზე, მდებარე ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი ....., ს/კ N ...... და უძრავი ქონება კვლავ აღირიცხოს მარჩენალის (პირველი მოპასუხის) საკუთრებად;

4.2.4. სატრანსპორტო საშუალებაზე (სანომრე ნიშანი - ....., მარკა/მოდელი ლექსუს GX470, ფერი ყავისფერი 1/8, გამოშვების წელი - 2005, საიდენტიფიკაციო ნომერი ......, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა: BV2648248, გაცემული 26/01/2018წ.) გაუქმდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში მეორე მოპასუხის (მარჩენალის მეუღლის) საკუთრების რეგისტრაცია და ავტომანქანის მესაკუთრედ დარეგისტრირდეს მარჩენალი;

4.2.5. მოსარჩელისათვის (სარჩენისათვის) მიყენებული ზიანის - 45 000 აშშ დოლარის ანაზღაურების მიზნით დადგინდეს შემდეგი ქონებების აუქციონზე რეალიზაცია: ა) უძრავ ქონებაზე, მდებარე ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი ....., ს/კ N .....; ბ) სატრანსპორტო საშუალება (რეკვიზიტები: სანომრე ნიშანი: ....., მარკა/მოდელი ლექსუს GX470, ფერი ყავისფერი 1/8, გამოშვების წელი: 2005, საიდენტიფიკაციო ნომერი ......, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა: BV2648248 გაცემული 26/01/2018წ);

4.2.6. პირველი მოპასუხის (მარჩენლის) მიერ 2016 წლის 7 ივნისს 31 450 აშშ დოლარად შეძენილი უძრავი ქონება, მდებარე - ქ. ბათუმი, ......, ს/კ N ...... აღიარებულ იქნას სარჩენის საკუთრებად და შესაბამისი ცვლილებები შევიდეს საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ან დადგინდეს აღნიშნული უძრავი ქონების აუქციონზე რეალიზაცია და რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხა გადაეცეს მოსარჩელეს (იხ. ტ.1, ს.ფ. 1-16, 116-135).

4.3. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე (იხ. წინამდებარე განჩინების 2.1-2.8 ქვეპუნქტები). ასევე დადგენილია, რომ 2003 წლის 10 აგვისტოდან სარცენი პირი არის მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი და ეს სტატუსი მას უვადოდ აქვს განსაზღვრული (იხ. ტ.1, ს.ფ.32-34). ორთოპედიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრის შპს „ნ.ჰ–ის“ მიერ გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ N7765 ცნობის თანახმად, სარჩენს 2017 წლის 19 ივნისს ჩაუტარდა ოპერაცია - მარჯვენა მენჯ-ბარძაყის სახსრის ტოტალური უცემენტო ენდოპროტეზირება. ამავე ცნობის თანახმად, სარჩენს გაეწია სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციები, ესაჭიროება ხელჯოხ - ყავარჯენი ან ორთოპედიული ჩარჩო (ჭოჭინა), დაენიშნა სხვადასხვა სამკურნალო საშუალებები, სხვადასხვა სარეაბილიტაციო კურსები, ექიმთან ვიზიტები და სხვა (ტ. 1, ს.ფ. 35-36). დადგენილია და მხარეები არ დავობენ, რომ სარჩენი არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რომელიც საჭიროებს მოვლა-პატრონობას. მოსარჩელეს უკმაყოფილება აქვს თავის ორ შვილთან, რის გამოც შვილებმა მიატოვეს და დარჩა მომვლელის გარეშე

4.4. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ (სარჩენმა) და პირველმა მოპასუხემ (მარჩენალმა) გამოხატეს სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების დადების ნება, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების გადაცემის გარეშე. მოპასუხის მტკიცება იმის თაობაზე, რომ მხარეებს შორის ნასყიდობის ნება იყო გამოხატული, წინააღმდეგობაში მოდის მისსავე მტკიცებასთან იმის თაობაზე, რომ იგი თავისი ხარჯებით ახორციელებდა მზრუნველობას მოსარჩელეზე (გაუკეთა ოპერაცია და სხვა; იხ. ტ. 1, ს.ფ. 57), რომ მან, თავისი საკუთრების (უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმში, ......... (ს/კ N .......) გასხვისების შემდეგ შეიძინა უძრავი ნივთი (უძრავი ქონება/საცხოვრებელი ბინა, მდებარე, ქ. ბათუმი, ......... (ს/კ #.....), სადაც საცხოვრებლად გადაიყვანა და დღემდე ცხოვრობს სარჩენი (ტ.1, ს.ფ. 57);

4.5. საპელაციო სასამართლოს შეფასებით, საქმეში წარდგენილი მასალებითა და მხარეთა განმარტებებით დგინდება, რომ მოსარჩელეს უძრავი ქონების გასხვისების ნება არ გამოუხატავს. მოსარჩელის მტკიცებით, მარჩენალმა ისარგებლა მისი ნდობით, უმწეო მდგომარეობით, ცრუ დაპირებებით და მისი ნამდვილი ნების საწინააღმდეგოდ, გადაიფორმა საკუთრებაში უძრავი ქონება. პირველ მოპასუხეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რაც გააქარწყლებდა მოსარჩელის მიერ მითითებულ ამ გარემოებებს (იხ. გამოკითხვის ოქმები- ტ. 1, ს.ფ. 261-262, 263-264) და დაადასტურებდა მოსარჩელის მიერ ქონების გასხვისების ნების გამოხატვას;

4.6. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მტკიცება მოსარჩელის მიერ გასხვისების ნების გამოხატვასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება სარჩენის მიერ სხვა ქონებების გასხვისების თაობაზე დადებულ ხელშეკრულებებს, რადგან ამ ფაქტებს მხარეთა შორის სადავოდ ქცეულ საკითხთან კავშირი არ აქვს. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2013 წლის 18 მარტს მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის მოტუებით დაიდო სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება, წერილობითი ფორმით, უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. ბათუმში, ..... (ს/კ N .....; ტ.1, ს.ფ. 17), თუმცა სარჩენის კუთვნილი უძრავი ქონების გასხვისება არ შეესაბამებოდა მის ნამდვილ ნებას, მოსარჩელეს მიაჩნდა, რომ ხელი მოაწერა სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებას და სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ქონების გადაცემას იმის მიხედვით განახორციელებდა, რამდენად შეასრულებდა მოპასუხე სამისდღეშიო ხელშეკრულებისთვის შეთანხმებულ პირობას - მის მოვლა-პატრონობას, მაგრამ მარჩენალმა ისარგებლა მოსარჩელის ნდობითა და უმწეობით, ცრუ დაპირებებით მიისაკუთრა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით ეს გარემოება იმითაც დასტურდება, რომ უძრავი ნივთის გასხვისების შემდეგ, ახალშეძენილი საცხოვრებელი ბინის მოსარჩელის (სარჩენის) საკუთრებად რეგისტრაცია მოსთხოვა მოსარჩელემ მოპასუხეს, რაც ამ უკანასკნელმა არ განახორციელა და მარჩენალმა თავის საკუთრებად გააფორმა შეძენილი უძრავი ქონება (იხ.გამოკითხვის ოქმი- ტ.1, ს.ფ. 261-262).

4.7. მოპასუხეს/აპელანტს არ წარუდგენია დასაბუთებული მტკიცება იმის თაობაზე, თუ რის საფუძველზე ცხოვრობს მოსარჩელე მარჩენალის მიერ, მისივე განმარტებით, მართლზომიერი ქმედებით (სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების შედეგად) მოპოვებული სახსრებით შეძენილ უძრავ ქონებაში, შეძენის დღიდან - დღემდე ან რა მოტივით აიღო საბანკო კრედიტი (მისივე განმარტებით) მამიდის - მოვლა-პატრონობისა და მკურნალობისთვის. საქმის განხილვის არც ერთ ეტაპზე საქმეში არ იკვეთება მოპასუხის პოზიცია (ან მტკიცებულება), რაც სამართლებრივად და ლოგიკურად ახსნიდა მხარეთა შორის არსებულ ასეთ მზრუნველ ურთიერთობას და საფუძველს გამოაცლიდა სასარჩელო მოთხოვნას, მათ შორის, სასამართლოს შინაგან რწმენას, რომ მხარეთა შორის რეალურად, არა ნასყიდობის, არამედ სამისდღეშიო რჩენის შესახებ სამართლებრივი ურთიერთობა არსებობდა, რაც, ნების გამოვლენის მომენტში არ მოიცავდა უძრავი ნივთის გადაცემის ნამდვილ ნებას. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის 2013 წლის 18 მარტს დაიდო სამისდღეშიო ხელშეკრულება და მარჩენალმა იკისრა სარჩენის რჩენის ვალდებულება; მხარეთა შორის დავა გამოწვეულია სწორედ მხარეთა მიერ სამისდღეშიო რჩენის შესახებ გამოვლენილი მხარეთა ნამდვილი ნების (ვალდებულების) შეუსრულებლობით და არა ნასყიდობის ხელშეკრულების შეუსრულებლობით გამოწვეული ურთიერთობებიდან;

4.8. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება ბათილია სავალდებულო, რთული წერილობითი ფორმის დაუცველობის გამო (სსკ-ის 941-ე მუხლი), ვინაიდან, სადავო (ნასყიდობის) ხელშეკრულება, რომელიც მხარეთა ნამდვილი ნების შესაბამისად, იურიდიული ბუნებით სამისდღეშიო ხელშეკრულებაა, ფორმის დაცვითაა (წერილობით) დადებული, სადაც მოსარჩელის მხრიდან უძრავი ქონების გასხვისების გამოვლენის ნება არ დგინდება, შესაბამისად, ასეთი ნების გამოვლენისთვის, რთული სანოტარო ფორმა არ იყო სავალდებულო;

4.9. დადგენილია, რომ მარჩენალის (პირველი მოპასუხის) საკუთრებად საჯარო რეესტრში 2018 წლის 22 იანვრამდე რეგისტრირებული იყო უძრავი ქონება, მდებარე ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი ....., ს/კ N ..... და უძრავი ქონება 2018 წლის 22 იანვრის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე (სარჩელის აღძვრის შემდეგ) აღირიცხა მარჩენალის მეუღლის (მეორე მოპასუხის) საკუთრებად. სასამართლომ დაასკვნა, რომ პირველ და მეორე მოპასუხეებს (მეუღლეებს) შორის 2018 წლის 22 იანვარს დადებული ჩუქების ხელშეკრულება წარმოადგენს მოჩვენებით გარიგებას, რომლის მიზანია მოსალოდნელი პასუხისმგებლობისგან თავის არიდება;

4.10. დადგენილია, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 20 სექტემბრის N49/7/5-01651963 ცნობის თანახმად, სატრანსპორტო საშუალება (სანომრე ნიშანი - ....., მარკა/მოდელი ლექსუს GX470, ფერი ყავისფერი 1/8, გამოშვების წელი - 2005, საიდენტიფიკაციო ნომერი ....., სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა - BV2648248 გაცემული 26/01/2018წ.) შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში 01.12.2016 წლიდან 26.01.2018 წლამდე ირიცხებოდა მარჩენალის სახელზე, ხოლო 2018 წლის 26 იანვრიდან (სარჩელის აღძვრის შემდეგ) რეგისტრირებულია მისი მეუღლის - მეორე მოპასუხის სახელზე;

4.11. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ მეორე და მესამე აპელანტებს (მოპასუხეებს, რომლებიც მეუღლეები არიან) შორის 2018 წლის 22 იანვარს დადებული ჩუქების ხელშეკრულების მოჩვენებით გარიგებად შეფასების ნაწილში, თუმცა არ იზიარებს სასამართლოს დასკვნას სატრანსპორტო საშუალების ½ ნაწილზე პირველი მოპასუხის საკუთრების უფლების რეგისტრაციის აღდგენაზე უარის თქმის ნაწილში, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სატრანსპორტო საშუალების მთლიან წილზე მარჩენალის მეუღლის (მეორე მოპასუხის) საკუთრების უფლების რეგისტრაცია არასწორად განხორციელდა, ვინაიდან ეს ნივთი შეძენილია მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში, ამასთან ერთ-ერთ მეუღლეს გააჩნია ფულადი ვალდებულება, რომელიც მან უნდა გადაიხადოს კრედიტორის წინაშე, ხოლო ასეთ ვითარებაში, მოწინააღმდეგე მხარე/აპელანტი - მარჩენალი მის მიერ შეძენილ ავტოსატრანსპორტო საშუალების მთლიან წილზე საკუთრების უფლებას გადასცემს მეუღლეს, რათა თავი აარიდოს მოსარჩელის (სარჩენის) წინაშე არსებული ვალდებულების შესრულებას. აღნიშნულის გამო, შესასრულებელი ვალდებულების აღსრულების მიზნით, მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ნივთის - სატრანსპორტო საშუალების (რეკვიზიტები: სანომრე ნიშანი - ....., მარკა/მოდელი ლექსუს GX470, ფერი ყავისფერი 1/8, გამოშვების წელი - 2005, საიდენტიფიკაციო ნომერი ....., სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა - BV2648248 გაცემული 26/01/2018წ.) ½ ნაწილზე მარჩენალის საკუთრების უფლების რეგისტრაცია, რაც დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს;

4.12. დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 იანვრის საოქმო განჩინებით აჭარის ა/რ პროკურატურიდან გამოთხოვილ იქნა სარჩენის განცხადებისა გამო მარჩენალის მიმართ წინასაგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნაწარმოების საქმის მასალების ასლები. აჭარის ა/რ პროკურატურის სატაჟიორ- პროკურორის მიერ 2018 წლის 7 მაისს შედგენილი გასაუბრების ოქმში მარჩენალი მიუთითებს, რომ 2013 წლის მარტის თვეში მამიდამისმა, რომელიც მეორე ჯგუფის ინვალიდია და რომელსაც დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა შვილებთან, შესთავაზა, რომ მის საკუთრებაში არსებულ სახლს და მიწის ნაკვეთს ძმისშვილს (პირველ მოპასუხეს) გაუფორმებდა იმ პირობით, თუ მას მოუვლიდა სიცოცხლის ბოლომდე; ასევე მარჩენალი მიუთითებს, რომ მასსა და სარჩენს შორის გაფორმდა ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულება, ასევე განმარტავს, რომ შეთანხმებისამებრ მამიდას (სარჩენს) უვლიდა 2013 წლიდან 2016 წლამდე (იხ.ტ.1, ს.ფ. 265-266). მოწმის გამოკითხვის ოქმის თანახმად, მარჩენალი განმარტავს, რომ მასსა და სარჩენს შორის არ იყო შეთნხმება ამ უკანასკნელის მოვლა-პატრონობის თაობაზე, მისი უძრავი ქონების სანაცვლოდ. ძმისშვილი მამიდას უძრავი ქონების საკუთრებაში გადმოფორმებამდეც უვლიდა (ტ.1, ს.ფ. 278-280);

4.13. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა პირებმა თ.ჩ–ძემ (ბათუმის საქალაქო სასამართლოს 14.11.19წ ოქმი, 11:28:56) და რ.ჩ–ძემ (ბათუმის საქალაქო სასამართლოს 14.11.19წ ოქმი, 11:54:46), რომლებიც არიან მოსარჩელის ძმები (მოპასუხე გ.ჩ–ძე არის მათი ძმისშვილი), დაადასტურეს ფაქტობრივი გარემოება, რომ სიცოცხლის ბოლომდე მოსარჩელის მოვლა-პატრონობის პირობით, პირველ საკუთრებაში გადასცემდა მის კუთვნილ უძრავ ქონებას. მოწმე რ.ჩ–ძის ჩვენებიდან დგინდება, რომ მარჩენალი როცა აღარ ზრუნავდა სარჩენზე, მოწმე პირადად ესაუბრა მარჩენალს და მოსთხოვა მოსარჩელის უძრავი ქონების გაყიდვით მიღებული თანხით შეძენილი უძრავი ქონების სარჩენისათვის გადაფორმება, რადგან მარჩენალი აღარ უვლიდა სარჩენს და უთანხმოება ჰქონდათ (იხ. ტ.2 ს.ფ. 5-17);

4.14. მოპასუხემ/აპელანტმა ვერ დაამტკიცა, რომ მოსარჩელის ოპერაციის ხარჯი მის მიერ იქნა ანაზღაურებული, მისი სახსრებით იძენდა მედიკამენტებს და აფინანსებდა სხვადასახვა სახის სამედიცინო პროცედურებს, რომ ამ მიზნით მოპასუხემ სესხად 3000 ლარი აიღო. მარჩენალმა სასამართლოს წარუდგინა 2016 წლის 30 ნოემბრის N1189246 სალომბარდე სესხის ხელშეკრულება, იმის დასტურად, რომ ეს ვალდებულება მან სარჩენისათვის 2016 წლის ივნისის თვეში ჩატარებული ოპერაციისთვის საჭირო ხარჯების დასაფარად აიღო. საქმეში წარდგენილი ნასყიდობის ხელშეკრულებებით დგინდება, რომ სარჩენი სხვადასხვა პერიოდში ასხვისებდა უძრავ ქონებებს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გამოსყიდვის უფლებით და ღებულობა შემოსავალს;

4.15. საქართველოსნ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (სსსკ-ის) 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით; სსსკ-ის 105-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ;

4.16. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის/აპელანტის ძირითადი პრეტენზია ეხება იმას, რომ სარჩენსა და მარჩენალს შორის დადებული სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება თვალთმაქცურია და სინამდვილეში მხარეებს სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების დადების მიზანი ამოძრავებდათ. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მხარეთა სურვილს წარმოადგენდა იმგვარი გარიგების დადება, რომლის ფარგლებშიც მოპასუხეს საკუთრების უფლებით გადაეცემოდა მოსარჩელის კუთვნილი საცხოვრებელი სახლი (სადაც ფაქტობრივად ცხოვრობდა მოსარჩელე), მოსარჩელის გარდაცვალების შემდეგ, ამის სანაცვლოდ კი მოპასუხე აიღებდა ვალდებულებას სიცოცხლის ბოლომდე ეზრუნა მასზე. თუმცა, მხარეებმა გააფორმეს ნასყიდობის ფიქტიური ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მოპასუხის საკუთრებად აღირიცხა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება, მისი რეალიზაციის ღირებულებით შეძენილი საცხოვრებელი ბინა კი მოსარჩელის ნების საწინააღმდეგოდ აღირიცხა არა მოსარჩელის, არამედ მარჩენალის საკუთრებად.

4.17. თავის მხრივ, მოპასუხე უარყოფს სარჩელში მითითებულ გარემოებებს, მხარეთა შორის გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ მისთვის უძრავი ქონების ნასყიდობის გზით საკუთრებაში გადაცემა მოსარჩელის ნამდვილ ნებას წარმოადგენდა და ხელშეკრულება გაფორმდა ყოველგვარი სამომავლო დაპირების გარეშე და იგი ამ ხელშეკრულების დადებამდეც უვლიდა და პატრონობდა მოსარჩელეს.

4.18. ამრიგად, მოსარჩელე მიუთითებს სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებისთვის დამახასიათებელ ფაქტებზე, რაც დასტურდება საქმის გარემოებებით, ხოლო მოპასუხე უთითებს ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მხარეთა შორის არსებულ სამართლებრივ ურთიერთობაზე, რომლის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ არის წარმოდგენილი;

4.19. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, დავის საგნისა და სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოწმებას ექვემდებარება სსკ-ის 56-ე მუხლის წინაპირობები. დასახელებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება); 56-ე მუხლის ნორმატიული ანალიზიდან გამომდინარე, თვალთმაქცური გარიგების დროს, მართალია, ნების გამოვლენა მიმართულია სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ, თუმცა არა იმ ხელშეკრულების შესაბამისად, რომელზეც მხარეები თანხმდებიან. ამგვარი გარიგების მიზანს წარმოადგენს იმ გარიგების დაფარვა, რომლის მიღწევის სურვილი მხარეებს რეალურად გააჩნიათ. ამ შემთხვევაში, არსებობს ორი გარიგება, ერთი თვალთმაქცური და მეორე – რომელიც მხარეებმა უშუალოდ გაითვალისწინეს. ამდენად, თვალთმაქცური გარიგება ერთგვარად ფარავს ნამდვილ გარიგებას, შესაბამისად, მას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი და იგი ბათილია. თუმცა, ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას გარკვეული სპეციფიკურობა ახასიათებს. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია მხარეთა რეალური ნების გათვალისწინებით. ხშირ შემთხვევაში, მხარეები ვერ ერკვევიან, რა შინაარსის ხელშეკრულების გაფორმება სურთ ან კიდევ ვერ ასხვავებენ ერთმანეთისაგან გარიგების სხვადასხვა ტიპებს. სამოქალაქო კოდექსი შესაძლებლობას ანიჭებს ხელშეკრულების სუბიექტებს, გამოასწორონ დაშვებული შეცდომები თვალთმაქცური გარიგების ბათილად ცნობით და მხარეთა შეთანხმების მიმართ გამოიყენონ ის მოთხოვნები, რაც დამახასიათებელია იმ გარიგებისათვის, რომლის მიღწევაც მხარეებს სურდათ (შეად. სუსგ-ები N ას-487-461-2015, 17.06.2015; N ას-1382-2018, 25.01.2019წ; N ას-3-2020, 16.06.2020, პ.12);

4.20. თვალთმაქცური გარიგების დროს ნების გამოვლენის სუბიექტების ნება შეთანხმებულია და მათ განზრახული აქვთ განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დადგომა, თუმცა, მათი შინაგანი ნება და გამოვლენილი ნება არ ემთხვევა ერთმანეთს. დადებული გარიგებით ისინი ფარავენ სხვა გარიგებას, რომლის დადების ნებაც რეალურად გააჩნიათ. ამ შემთხვევაში, დგება ამ ნორმის საფუძველზე ნების გამოვლენის ბათილობის საკითხი. თვალთმაქცური გარიგების დროს განხილვის საგანია გარიგების მხარეთა მიერ შინაგანი და გარეთ გამოვლენილი ნების ურთიერთმიმართება, ვინაიდან მათ შორის არსებობს შეუსაბამობა (სუსგ N ას-1142-1088-2014, 23.01.2015წ.); ამდენად, თვალთმაქცური გარიგების დროს უნდა დადასტურდეს გარემოებები, რომლებიც მიუთითებენ სხვა გარიგების დადების სურვილზე და ამ დაფარული გარიგებისათვის აუცილებელ ყველა წინაპირობის არსებობაზე. ამ შემთხვევაში გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები. ასეთ შემთხვევაში, მოსარჩელის მტკიცების საგანს შეადგენს იმ ფაქტობრივი შემადგენლობის დადასტურება, რაც თვალთმაქცური გარიგების ყველა წინაპირობას მოიცავს;

4.21. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია და დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით დაიფარა სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება. სარჩენი (მოსარჩელე) 2013 წელს გაურიგდა მარჩენალს (პირველ მოპასუხეს) სამისდღეშიო რჩენის შესახებ, ხოლო რაც შეეხება ბინაზე საკუთრების უფლების გადაცემას, მოსარჩელეს ხელშეკრულების დადების მომენტში ეს ნება არ გამოუვლენია, ამას ადასტურებს მისი კუთვნილი საცხოვრებელი სახლის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხით მოპასუხის მიერ შეძენილი საცხოვრებელი ბინის სარჩენის საკუთრებად რეგისტრაციის მოთხოვნა, სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო, რაც მოპასუხის მიერ არ იქნა შესრულებული;

4.22. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საქმეში წარმოდგენილი არ არის სათანადო სახის მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებული ნასყიდობის საგნის თუნდაც შეუსაბამო ღირებულების - 1000 ლარის მოსარჩელისათვის გადახდა. ამასთან, დადგენილია ის გარემოება, რომ სარჩენი ახალი საცხოვრებელი ბინის შეძენამდე ცხოვრობდა სადავო უძრავ ქონებაში;

4.23. ყოველივე ზემოაღნიშნულისა და დავის სხვა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ არ არსებობდა ბინის გაყიდვის შესახებ მოსარჩელის ინტერესი, რადგანაც სადავო ბინა მის ფაქტობრივ საცხოვრებელს წარმოადგენდა, საცხოვრებელი ბინა არასოდეს ყოფილა მოპასუხის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. შესაბამისად, სადავო ბინის გაყიდვის განზრახვის არსებობაზე მოპასუხის (მარჩენალის) მითითება არ შეესაბამება რეალობას. სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელეს საცხოვრებელი ბინის გაყიდვის რეალური ნება-სურვილი არ ჰქონია. მისი სურვილი იყო დაედო სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება და არა ნასყიდობის ხელშეკრულება; მხარეთა რეალურ მიზანს წარმოადგენდა სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების დადება. სახეზეა გასაჩივრებული გარიგების სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებად კვალიფიკაციის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მხარეებს არ სურდათ ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იურიდიული შედეგის დადგომა და მათი მიზანი მოცემული გარიგებით სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგების დადგომა წარმოადგენდა; სსკ-ის 50-ე მუხლის როგორც სიტყვა-სიტყვითი, ასევე სისტემური განმარტებდან გამომდინარე ნათელია, რომ სამოქალაქო-სამართლებრივი გარიგების ამოსავალი პრინციპი ნების გამოვლენაა, ხოლო თუ ნების გამოვლენა ხარვეზიანია, კანონმდებელი ასეთი შემთხვევებისათვის შესაბამის იურიდიულ შედეგებს ითვალისწინებს. ამავე კოდექსის 56-ე და 327-ე მუხლების შესაბამისად, თვალთმაქცური გარიგების დროს ნების გამოვლენის სუბიექტების ნება შეთანხმებულია და მათ განზრახული აქვთ განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დადგომა, თუმცა მათი შინაგანი ნება და გამოვლენილი ნება არ ემთხვევა ერთმანეთს. დადებული გარიგებით ისინი ფარავენ სხვა გარიგებას, რომლის დადების ნებაც რეალურად გააჩნიათ. ამ შემთხვევაში დგება ამ ნორმის საფუძველზე ნების გამოვლენის ბათილობის საკითხი. თვალთმაქცური გარიგების დროს განხილვის საგანია გარიგების მხარეთა მიერ შინაგანი და გამოვლენილი ნების ურთიერთმიმართება, ვინაიდან მათ შორის არსებობს შეუსაბამობა;

4.24. მოცემულ შემთხვევაში მხარეებმა წერილობით გამოავლინეს ნება იმ გარიგების დადებასთან დაკავშირებით, რომელიც სინამდვილეში მათ შორის არ დადებულა, ე.ი. მხარეებმა წერილობითი გამოვლენილი ნებით დაფარეს სხვა გარიგება. ეს ნიშნავს, რომ მხარეებს არ სურდათ ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იურიდიული შედეგის დადგომა. მათი მიზანი იყო გარიგებით დამდგარიყო სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგები. სსკ-ის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილია, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, გარიგების მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს დაფარული გარიგების, ანუ სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების მიმართ მოქმედი ნორმები (იხ. სუსგ №ას-1126-1082-2016, 10.02.2017წ.);

4.25. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება; მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხემ (მარჩენალმა) ისარგებლა მისი ნდობითა და უმწეო მდგომარეობით, მოატყუა იგი და ნაცვლად სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებისა ფიქტიურად ნასყიდობის ხელშეკრულება გაუფორმა, ხოლო ამის შემდეგ, კეთილსინდისიერ შემძენზე გასხვისებით მიღებული თანხით, შეძენილი ბინა თავის (მარჩენალის) და არა სარჩენის საკუთრებად გააფორმა, ამ უკანასკნელის ნების საწინააღმდეგოდ. გარდა ამისა, მარჩენალს არ შეუსრულებია მის მიერ აღებული ვალდებულებები, უფრო მეტიც, მოპასუხემ მიუთითა, რომ მას ასეთი ვალდებულებები არ გააჩნდა. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან და მხარეთა მიერ გამოვლენილი ნებიდან გამომდინარე, სასამართლომ დაასკვნა, რომ მარჩენალმა არ შეასრულა სარჩენის წინაშე აღებული ვალდებულებები, რის გამოც მხარეთა შორის დადებული გარიგება უნდა შეწყდეს;

4.26. პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა განმარტებებითაც უდავოდ დგინდება, რომ მარჩენალი (პირველი მოპასუხე) არ ასრულებდა სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, მხარეებს შორის ურთიერთობა შეწყვეტილია და მიმდინარეობს დავა გასხვისებული ქონების ან მისი ღირებულების დაბრუნების მოთხოვნით. შესაბამისად, სასამართლომ დაასკვნა, რომ 2013 წლის 18 მარტს მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება შეწყვეტილად უნდა იქნეს აღიარებული და ამ კუთხით უნდა შეიცვალოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება (გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესაბამისად ,,.. მხარეებს შორის დადებული გარიგება აღიარებულ იქნა სამისდღეშიო ხელშეკრულებად, რაც ასევე ჩაითვალა ბათილად“);

4.27. საპელაციო სასამართლომ, სამართლებრივი შედეგის შეფასების კუთხით, მართებულად მიიჩნია საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მარჩენალისათვის სარჩენის სასარგებლოდ 45 000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება. სსკ-ის 941-ე მუხლის შესაბამისად, პირი, რომელიც კისრულობს სამისდღეშიო სარჩოს გადახდას (მარჩენალი), მოვალეა გადაუხადოს იგი სარჩოს მიმღებს (სარჩენს) მთელი სიცოცხლის მანძილზე, თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს. სამისდღეშიო სარჩო შეიძლება დადგინდეს ფულადი ან ნატურალური სახით (ბინით, კვებით, მოვლით და სხვა აუცილებელი დახმარებით). ამავე კოდექსის 949-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, როგორც მარჩენალს, ისე სარჩენს შეუძლიათ უარი თქვან სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებაზე, თუკი სახელშეკრულებო მოვალეობათა დარღვევის შედეგად მხარეთა შორის ურთიერთობა აუტანელი გახდა, ანდა სხვა არსებითი მიზეზები უკიდურესად აძნელებს ან შეუძლებელს ხდის მის გაგრძელებას;

4.28. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 941-ე, 949-ე მუხლებით, სსსკ-ის მე-4, 102-ე მუხლებით და განმარტა, რომ სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება მხარეებს აქვთ იმ შემთხვევაში, თუ მეორე მხარე არღვევს ამ ხელშეკრულებით დაკისრებულ ვალდებულებებს, რის გამოც მხარეთა შორის ურთიერთობა აუტანელი გახდა ან სხვა არსებითი მიზეზები უკიდურესად აძნელებს ან შეუძლებელს ხდის ხელშეკრულების გაგრძელებას. სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან ჩუქების ხელშეკრულების მხარეები არიან ცოლ-ქმარი, ეს ქონება შეძენილია მეუღლეთა ერთად ცხოვრების პერიოდში. ამასთან ჩუქების თაოობაზე დადებული გარიგება ეჭვს ბადებს მხარეთა კეთილსინდისიერების კუთხით და ემსახურებოდა სარჩენის მიმართ არსებული ვალდებულებების შეუსრულებლობიდან გამომდინარე პასუხისმგებლობისთავიდან არიდებას. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სარჩენის მიერ უკვე აღძრული იყო სარჩელი მარჩენალის წინააღმდეგ და დასაჩუქრებულისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო მისი მეუღლის მიმართ წამოწყებული დავის არსი. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ ჩუქების ხელშეკრულება უნდა გაუქმდეს და უძრავი ქონების (მდებარე ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი ....., ს/კ N .....) ½ ნაწილი, სსკ-ის 1158-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, მარჩენალის სახელზე უნდა აღირიცხოს, ისევე როგორც - ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, რადგან ორივე შემთხვევაში, საკუთრების უფლების გადაცემას ერთი და იგივე მოტივი - იმ ვალდებულებისგან თავის არიდება იყო, რაც სარჩენის მიერ აღძრული სარჩელიდან გამომდინარეობდა. დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 20 სექტემბრის №49/7/5-01651963 ცნობის თანახმად, სატრანსპორტო საშუალება (სანომრე ნიშანი - ....., მარკა/მოდელი ლექსუს GX470, ფერი ყავისფერი 1/8, გამოშვების წელი - 2005, საიდენტიფიკაციო ნომერი ......, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა - BV2648248 გაცემული 26/01/2018წ.) შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში 01.12.2016 წლიდან 26.01.2018 წლამდე ირიცხებოდა მარჩენალის სახელზე, ხოლო სარჩელის აღძვრის შემდეგ, 2018 წლის 26 იანვრიდან რეგისტრირებულია მისი მეუღლის - მეორე მოპასუხის სახელზე. ამდენად, სსკ-ის 1158-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ზემოხსენებული სატრანსპორტო საშუალების ½ წილზე, მესაკუთრედ მარჩენალი უნდა დარეგისტრირდეს;

4.29. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ქვემდგომი სასამართლოს მსჯელობა სატრანსპროტო საშუალებაზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე და დაადგნია, რომ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ძალაში უნდა დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 25.09.2018 წლის განჩინებით (საქმე N2-5055/2017) გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მეორე მოპასუხეს (მარჩენალის მეუღლეს) აეკრძალა მის საკუთრებაში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალების (იხ. 4,28 ქვეპუნქტი) გასხვისება და სამართლებრივად დატვირთვა;

5. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

5.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, რომელთაც მოსარჩელის სასარგებლოდ და შესაბამისად, მოპასუხეთა საწინააღმდეგოდ დაკმაყოფილებულ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვეს და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5.2. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 იანვრის განჩინებით მოპასუხეთა საკასაციო განაცხადი წარმოებაში იქნა მიღებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხეთა საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

7. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად აქვს გამოკვლეული საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება.

8. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი შედავება არ წარმოუდგენია.

9. სააპელაციო სასამართლომ სავსებით დასაბუთებულად გაამახვილა ყურადღება მხარეთა მტკიცების ტვირთზე, რადგან საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში უთითებს, რომ საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში უთითებს, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას. საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში;

10. მოთხოვნის საფუძველი სამოქალაქო სამართალში, ზოგადად არის სამართლის ის ნორმა, რომელიც დამოუკიდებლად ან სხვა მოთხოვნის საფუძვლებთან ერთობლიობაში აფუძნებს ამა თუ იმ მოთხოვნას ანუ სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა კონკრეტულ უფლება-მოვალეობებს (იხ. ბოელინგი/ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, მეორე გამოცემა, თბ., 2004, 38.) კერძო-სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების დანიშნულებაა ურთიერთობაში მონაწილე სუბიექტების უფლებების განსაზღვრა და მათი განხორციელების უზრუნველყოფა. მოთხოვნა უფლების რეალიზაციის კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობაა.

11. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნა პირის ნებას დაქვემდებარებული და სხვა პირისაკენ მიმართული უფლებაა, რომელიც მისი პროცესუალური განხორციელებისაგან მკვეთრად იმიჯნება. მოთხოვნა ძირითადად მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობის მატარებელია. მოთხოვნა, საპროცესო-სამართლებრივი გაგებით, ყოველთვის მიმართულია სასამართლო გადაწყვეტილების დადგომისაკენ. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი არის სამართლის ნორმა, რომლის სამართლებრივი შედეგით გათვალისწინებულია სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის მიერ რაიმე მოქმედების განხორციელებისა თუ მოქმედების შესრულებისაგან თავის შეკავების ვალდებულება. თითოეული მოთხოვნის დამფუძნებელი სამართლის ნორმა განსაზღვრავს მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს, თუმცა მისი განმარტება და ფაქტობრივ გარემოებებზე მისადაგება სასამართლოს უფლებამოსილება. მოთხოვნის საფუძველი ორი ნაწილისაგან შედგება: ა) ნორმის შემადგენლობა, რომელიც მოიცავს ცალკეულ წინაპირობას და ბ) სამართლებრივი შედეგი, რომელიც კანონის საფუძველზე დადგება იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა ნორმის შემადგენლობით განსაზღვრული ყველა წინაპირობა.

12. მოთხოვნა და მოთხოვნის საფუძველი სხვადასხვა ცნებებია და მათი აღრევა არიდებული უნდა იქნეს. ამ გამიჯვნას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმის გათვალისწინებით, რომ მოთხოვნათა შორის არჩევანის უფლება, მოსარჩელის უფლებამოსილებაა, ხოლო მოსარჩელის მიერ წარდგენილი მოთხოვნის დამფუძნებელი მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველთა შორის ერთ-ერთის მისადაგება სასამართლოს უფლებამოსილება და ვალდებულებაცაა (იხ. ბოელინგი /ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, მეორე გამოცემა, თბ., 2004, 42.)

13. მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან თუ სხვა ვალდებულებითი ურთიერთობებიდან.

14. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი. სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ სარჩელი შედგება ორი ელემენტისგან: სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი – კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). მოსარჩელის სტადიის შემდეგ, სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოპასუხის სტადია, რაც მოსაჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების პასუხად შესაგებელში შედავებული გარემოებების კვალიფიციურობაზეა დამოკიდებული. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის დიდი პალატის გადაწყვეტილებაში (საქმეზე N ას-664-635-2016; პუნქტი 201) მითითებულია: „2007 წლის 28 დეკემბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების მიხედვითთ, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარდგენა სავალდებულო ხასიათს ატარებს (საქართველოს 28.12.2007წ.-ის კანონი N5669-სსმ), რაც იმაში გამოიხატება, რომ აღნიშნული საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობა მხარისათვის უარყოფით საპროცესოსამართლებრივ შედეგებს იწვევს. კერძოდ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ითვლება შეუდავებლად და, შესაბამისად, დამტკიცებულად. სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შესაგებლის წარუდგენლობის ფაქტი თავისთავად განსაზღვრავს მტკიცების საგანს, რადგანაც მოსარჩელე თავისუფლდება სარჩელში მითითებული ფაქტების მტკიცებისაგან. აღნიშნული გარემოება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობაცაა. საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება“. სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელისა და მოპასუხის სტადიებზე წარდგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების ერთობლივად შესწავლისა და გაანალიზების გზით სავსებით დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო, რომლის საკასაციო წესით გასაჩივრების გზით მოპასუხე ნხარემ ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობა და დასკვნები და ვერ გააქარწყლა დასაბუთებული საკასაციო შედავებით.

15. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალნი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან.

16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა – სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურ სამართლებრივი ნორმა. მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი – მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64)- შეად. სუსგ-ებს: N ას-124-116-2017, 23.07.2020წ; N ას-1166-2019, 06.04.2020წ: N ას-559-2019, 04.12.2019წ.

17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

18. განსახილველ შემთხვევაში მხარეთა მიერ სარჩელსა და მის პასუხად წარდგენილ შესაგებელში, ასევე მხარეთა მტკიცების ტვირთის ფარგლებში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად დაასკვნა, რომ მოსარჩელემ ნება გამოავლინა სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების დადებაზე, რომელიც სარჩენის მოვლისა და ზრუნვის სანაცვლოდ, მარჩენალისათვის უძრავი ქონების გადაცემას უკავშირდებოდა, მხოლოდ მას შემდეგ, თუ მარჩენალი სარჩენისადმი სათანადო ზრუნვას გამოიჩენდა, ანუ სარჩენს უძრავი ქონების გადაცემის ნება არ გამოუვლენია. ამ მიმართებით, მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ მხარეთა მიერ მითითებული და დამტკიცებული გარემოებების შეჯერების გზით მართებულად დაადგინა სადავო ფაქტობრივი გარემოებები და სწორი იურიდიული კვალიფიკაცია მიანიჭა მათ (იხ. წინამდებარე განჩინების 4.3-4.13 და 4.15-4.27 ქვეპუნქტები). წინამდებარე განჩინების 4.14 ქვეპუნქტში ასახულ მსჯელობასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხეს არ მოეთხოვებოდა იმის დამტკიცება, რომ მოსარჩელის ოპერაციის ხარჯი მის მიერ იქნა ანაზღაურებული, მისი სახსრებით იძენდა მედიკამენტებს და აფინანსებდა სხვადასახვა სახის სამედიცინო პროცედურებს, რომ ამ მიზნით მოპასუხემ სესხად 3000 ლარი აიღო, პირიქით, მოპასუხე სასამართლოს დარწმუნებას ცდილობდა, რომ მხარეთა შორის უძრავი ქონების ნასყიდობის ნება გამოვლინდა და არ ყოფილა სამისდღეშიო რჩენაზე შეთანხმება. თუმცა, 4.14. ქვეპუნქტში ასახული გარემოება ვერ იქონიებს გავლენას საქმის იურიდიულ შედეგზე, რომელიც სწორია და დასაბუთებული.

19. საკასაციო სასამართლო წინამდებარე განჩინების 9-16 პუნქტებში მითითებული მსჯელობის გარდა, საკასაციო სასამართლოს პრაქტიკას მოიხმობს, რომლის მიხედვით სსკ-ის 56-ე მუხლის შესაბამისად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება). აღნიშნული ნორმის მიხედვით, თვალთმაქცური გარიგების დროს, მართალია, ნების გამოვლენა მიმართულია სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ, თუმცა არა იმ ხელშეკრულების შესაბამისად, რომელზეც მხარეები თანხმდებიან. ამგვარი გარიგების მიზანს წარმოადგენს იმ გარიგების დაფარვა, რომლის მიღწევის სურვილი მხარეებს რეალურად გააჩნიათ. ამ შემთხვევაში არსებობს ორი გარიგება, ერთი თვალთმაქცური და მეორე – რომელიც მხარეებმა უშუალოდ გაითვალისწინეს. ამდენად, თვალთმაქცური გარიგება ერთგვარად ფარავს ნამდვილ გარიგებას, შესაბამისად, მას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი და იგი ბათილია. თუმცა, ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას გარკვეული სპეციფიკურობა ახასიათებს. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია მხარეთა რეალური ნების გათვალისწინებით. ხშირ შემთხვევაში, მხარეები ვერ ერკვევიან, რა შინაარსის ხელშეკრულების გაფორმება სურთ ან კიდევ ვერ ასხვავებენ ერთმანეთისაგან გარიგების სხვადასხვა ტიპებს. სამოქალაქო კოდექსი შესაძლებლობას ანიჭებს ხელშეკრულების სუბიექტებს, გამოასწორონ დაშვებული შეცდომები თვალთმაქცური გარიგების ბათილად ცნობით და მხარეთა შეთანხმების მიმართ გამოიყენონ ის მოთხოვნები, რაც დამახასიათებელია იმ გარიგებისათვის, რომლის მიღწევაც მხარეებს სურდათ.

20. მოსარჩელის მტკიცების საგანს შეადგენს იმ ფაქტობრივი შემადგენლობის დადასტურება, რაც თვალთმაქცური გარიგების ყველა წინაპირობას მოიცავს. ამგვარ ვითარებაში, მხარეთა მტკიცებითი ფორმა, როგორც წესი, ორიენტირებულია მხოლოდ მოწმეთა ჩვენებაზე და, მეტი დამაჯერებლობისათვის, მათ მიერ დასახელებულ მოწმეთა თანაფარდობაზე. სასამართლო მიიჩნევს, რომ თუ მოსარჩელის არგუმენტაცია გამყარებულია მოწმეთა ჩვენებებით, ამ მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს ყველა იმ გარემოების არსებობა, რომელიც თვალთმაქცური გარიგების შემადგენლობას ქმნის, ხოლო დასკვნა იმის შესახებ ჩაითვალოს თუ არა თვალთმაქცურად გარიგება, უნდა გამოიტანოს სასამართლომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე. ამდენად, მოწმეთა მიერ ხდება არა გარიგების თვალთმაქცურობის დადასტურება ან უარყოფა, არამედ – იმ გარემოებებისა, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ შესაბამისი დასკვნა უნდა გააკეთოს (იხ. სუსგ-ები N ას-1126-1082-2016, 10.02.2017წ; N ას-1142-1088-2014, 23.01.2015წ; N ას-863-1174-07, 02.04.2008წ.). საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მართებულია და დასაბუთებული სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ მხარეებმა წერილობით გამოავლინეს ნება იმ გარიგების დადებასთან დაკავშირებით, რომელიც სინამდვილეში მათ შორის არ დადებულა, ე.ი. მხარეებმა წერილობითი გამოვლენილი ნებით დაფარეს სხვა გარიგება. ეს ნიშნავს, რომ მხარეებს არ სურდათ ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იურიდიული შედეგის დადგომა. მათი მიზანი იყო გარიგებით დამდგარიყო სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგები. სსკ-ის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილია, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, გარიგების მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს დაფარული გარიგების, ანუ სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების მიმართ მოქმედი ნორმები მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით დაიფარა სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება. სარჩენი (მოსარჩელე) 2013 წელს გაურიგდა მარჩენალს (პირველ მოპასუხეს) სამისდღეშიო რჩენის შესახებ, ხოლო რაც შეეხება ბინაზე საკუთრების უფლების გადაცემას, მოსარჩელეს ხელშეკრულების დადების მომენტში ეს ნება არ გამოუვლენია, ამას ადასტურებს მისი კუთვნილი საცხოვრებელი სახლის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხით მოპასუხის მიერ შეძენილი საცხოვრებელი ბინის სარჩენის საკუთრებად რეგისტრაციის მოთხოვნა, სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო, რაც მოპასუხის მიერ არ იქნა შესრულებული; სწორედ ამიტომ უსაფუძვლოა კასატორის მტკიცება, რომ უძრავი ქონების გადაცემა სანოტარო წესით უნდა დადასტურებულიყო, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, უძრავი ქონების გადაცემის ნება არ გამოუვლენია მოსარჩელეს და ამის საწინააღმდეგოდ მოპასუხემ ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი არ არის სათანადო სახის მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებული ნასყიდობის საგნის თუნდაც შეუსაბამო ღირებულების - 1000 ლარის მოსარჩელისათვის გადახდა. ამასთან, დადგენილია ის გარემოება, რომ სარჩენი ახალი საცხოვრებელი ბინის შეძენამდე ცხოვრობდა სადავო უძრავ ქონებაში;

21. საკასაციო სასამართლო კასატორის არც იმ პრეტენზიას იზიარებს, რომ სააპელაციო სასამართლო გასცდა სასარჩელო მოთხოვნას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სასარჩელო მოთხოვნად ტრანსფორმირების სახით, რადგან სარჩელის უზრუნველყოფა, როგორც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების დაცვის მექანიზმი, ის სამართლებრივი ბერკეტია, რომელიც სამართლიანი სასამართლოს უფლებას განეკუთვნება (იხ. წინამდებარე განჩინების 4.29 ქვეპუნქტი). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXIII თავით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სწრაფ და ეფექტურ საპროცესო-სამართლებრივ გარანტიას. სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის, ასევე, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის გამოყენებას საფუძვლად უდევს ვარაუდი, რომ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება შესაძლოა ვერ აღსრულდეს ან აღსრულება მნიშვნელოვნად დაბრკოლდეს. სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. სარჩელის/გადაწყვეტილების უზრუნველყოფა წარმოადგენს სამოქალაქო სამართალწარმოების მნიშვნელოვან ინსტიტუტს და ემსახურება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფას. იმის გათვალისწინებით, რომ ხშირად სამოქალაქო პროცესი საკმაოდ ხანგრძლივ პროცედურებთან არის დაკავშირებული, არსებობს რისკი, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დავის საგანი განადგურდეს, გასხვისდეს, უფლებრივად დაიტვირთოს ან სხვაგვარად შეეშალოს ხელი საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულებას. სარჩელის/გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიება სწორედ ამ საფრთხეების პრევენციას ემსახურება. სამოქალაქო საქმეზე მართლმსაჯულების ეფექტიანად განხორციელება მნიშვნელოვან საჯარო ინტერესს წარმოადგენს, ამავე დროს, მართლმსაჯულების ეფექტიანობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებაზე, შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული მექანიზმები, რომლებიც ემსახურება სამოქალაქო საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების უზრუნველყოფას, ემსახურება უმნიშვნელოვანეს ლეგიტიმურ მიზანს - მართლმსაჯულების ეფექტიანად განხორციელების უზრუნველყოფას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2016 წლის 30 სექტემბრის №1/5/675,681 გადაწყვეტილება).

22. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება დასაბუთებულია და კანონიერი, შესაბამისად, არ არსებობს მოპასუხეთა საკასაციო განაცხადის არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

23. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ.ჩ–ძის და თ.ს–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. გ.ჩ–ძეს (პ/ნ .....) და თ.ს–ძეს (პ/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე, ვ.ლ–ას (პ/ნ ......) მიერ, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 6000 ლარის (საგადახდო დავალება N0, გადახდის თარიღი 2021 წლის 21 დეკემბერი; საგადახდო დავალება N0, გადახდის თარიღი 2022 წლის 10 იანვარი;), 70% – 4200 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური