3გ-ად-10-გ-03 24 აპრილი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
ნ. ქადაგიძე,
გ. ქაჯაია
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის და ამავე სასამრთლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას შორის განსჯადობის შესახებ დავა მ. გ-ისა და დ. ჭ-ის სააპელაციო სარჩელთან დაკავშირებით გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2002წ. 19 ივლისის გადაწყვეტილებაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 16 აგვისტოს გურჯაანის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა სახელმწიფო ქონების მართვის გურჯაანის სამმართველომ, რომლითაც მოითხოვა გურჯაანის კულტურის სახლიდან უნებართვოდ შეჭრილი მოქალაქეების დ. ჭ-ის და მ. გ-ის გამოსახლება.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2002წ. 19 ივლისის გადაწყვეტილებით სახელმწიფო ქონების მართვის გურჯაანის სამმართველოს და გურჯაანის საკრებულოს გამგეობის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეები დ. ჭ-ი და მ. გ-ი თანმხლებ პირებთან ერთად გამოსახლებული იქნენ სოფ. გურჯაანის ...... სახლის შენობიდან.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრებული იქნა დ. ჭ-ისა და მ. გ-ის მიერ – თბილისის საოლქო სასამართლოში.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 10 თებერვლის საოქმო განჩინებით, საქმე, განსჯადობით, განსახილველად გადაეცა ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას, რასაც საფუძვლად დაედო იმაზე მითითება, რომ დავაში მონაწილე ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენდა ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც ასრულებდა საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაცი პალატამ იმ მოტივით, რომ საქმეში მარტოოდენ ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილეობა, არ ცვლის დავის შინაარს და არ ხდის მისი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის ნორმათა გამოყენებით განხილვის აუცილებლობას, საქმე, განსჯადობის საკითხის გადაწყვეტის მიზნით, გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და თბილისის საოლქო სასამართლოს განჩინებების საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. გ-ისა და დ. ჭ-ის სააპელაციო საჩივარი გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2002წ. 19 ივლისის გადაწყვეტილებაზე, განსახილველედ უნდა დაექვემდებაროს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას შემდეგ მოსაზრებათა გამო.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის შესაბამისად, იმისათვის, რომ დავა მიჩნეულ იქნას ადმინისტრაციული კატეგორიის დავად, აუცილებელია ორი ძირითადი პირობის არსებობა:
ა) სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან ან ადმინისტრაციული დავის საგანს უნდა წარმოადგენდეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევა;
ბ) სადავო სამართალურთიერთობაში მონაწილე ერთ-ერთ მხარეს უნდა წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ორგანო.
განსახილველ შემთხვევაში სახეზეა მე-2 პირობა, კერძოდ მოსარჩელე მხარეს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანო, მაგრამ საქმეში მარტოოდენ ამ უკანასკნელის მონაწილეობა, თავისთავად არ ქმნის დავის ადმინისტრაციული სამართალწარმოების ჩარჩოებში მოქცევის საფუძველს.
იმისათვის, რომ დავა გახდეს ადმინისტრაციული სასამართლოს განსჯადი, აუცილებელია, იმავდროულად მეორე პირობის არსებობაც. კერძოდ, როგორც აღვნიშნეთ დავა უნდა გამომდინარებდეს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან (რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არა აქვს) ან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილიდან.
საქმეში წარმოდგენილი მასალების შესაბამისად, სახეზეა ვინდიკაციური სარჩელის ტიპიური მაგალითი, რომლის შედეგადაც, ადმინისტრაციული ორგანოს მოთხოვნა მიმართულია ფიზიკური პირის წინააღმდეგ. ამ უკანასკნელთა მხრიდან ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ მოთხოვნას ადგილი არა აქვს. საქმის განხილვის არცერთ სტადიაზე მ. გ-ისა და დ. ჭ-ის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა შეგებებული სარჩელი, რომელიც მიმართული იქნებოდა ადმინისტრაციული ორგანოსადმი.
შესაბამისად, ადგილი არა აქვს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ არცერთ პირობას, რის გამოც, ამ ეტაპზე, განსახილველი დავა ექვემდებარება საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. გ-ისა და დ. ჭ-ის სააპელაციო საჩივარი გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2002წ. 19 ივლისის გადაწყვეტილებაზე განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.