საქმე № ას-444-2021 2 მარტი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები - ა(ა)იპ თბილისის #137 საბავშვო ბაგა-ბაღი, ა(ა)იპ თბილისის #107 საბავშვო ბაგა-ბაღი, ა(ა)იპ თბილისის დიდი ლილოს საბავშვო ბაგა-ბაღი (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ე–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შპს „ე–მა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე; შეგებებული მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა ააიპ ,,თბილისის N27 საბავშვო ბაგა-ბაღის’’, ააიპ ქ. თბილისის #37-ე საბავშვო ბაგა-ბაღის, ააიპ ქ. თბილისის #109-ე საბავშვო ბაგა-ბაღის, ააიპ ქ. თბილისის #112-ე საბავშვო ბაგა-ბაღის, ააიპ ქ. თბილისის #156-ე საბავშვო ბაგა-ბაღის, ააიპ ქ. თბილისის 167-ე საბავშვო ბაგა-ბაღის, ააიპ ქ. თბილისის #192-ე საბავშვო ბაგა-ბაღის, ააიპ ქ. თბილისის #197-ე საბავშვო ბაგა-ბაღის, ააიპ თბილისის #198-ე საბავშო ბაგა-ბაღის, ააიპ თბილისის #215-ე საბავშვო ბაგა-ბაღის (შემდეგში ტექსტში ერთობლივად მოხსენიებული, როგორც, მოპასუხეები, შეგებებული მოსარჩელეები ანაპელანტები) ააიპ ,,თბილისის #137 საბავშვო ბაგა-ბაღის“, ააიპ ,,თბილისის N107 საბავშვო ბაგა-ბაღისა’’ და ააიპ და ,,თბილისის დიდი ლილოს საბავშვო ბაგა-ბაღის’’ (შემდეგში ტექსტში ერთობლივად მოხსენიებული, როგორც მოპასუხეები, შეგებებული მოსარჩელეები ან კერძო საჩივრის ავტორები) წინააღმდეგ თანხის დაკისრების მოთხოვნით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით შპს "ე–ის" სარჩელი მოპასუხეების მიმართ დაკმაყოფილდა სრულად; მათ შორის ააიპ "თბილისის #137-ე საბავშვო ბაგა ბაღს" მთლიანობაში დაეკისრა 11366,5 ლარი, ააიპ "თბილისის #107-ე საბავშვო ბაგა ბაღს" 23659,5 ლარი დაეკისრა ხოლო ააიპ "თბილისის დიდი ლილოს საბავშვო ბაგა ბაღს" დაეკისრა 7059,05 ლარი. ზიანის ანაზღაურების თაობაზე შეგებებული სარჩელი შპს "ე–ის" მიმართ უარყოფილ იქნა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 თებერვლის განჩინებით, დაუშვებლობის გამო, მოპასუხეების/კერძო საჩივრის ავტორების სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 60-ე, 61-ე, 70-ე, 369-ე, 2591 და 374-ე მუხლებით.
4.1. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ, მოპასუხეები/კერძო საჩივრის ავტორები ესწრებოდნენ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 31 მარტის გადაწყვეტილების გამოცხადებას, ამასთან, საქმეში წარდგენილი იყო სასამართლო გადაწყვეტილების ვადის დარღვევით მომზადების შესახებ აქტი, გზავნილი კერძო საჩივრის ავტორების წარმომადგენლისათვის გადაწყვეტილების ასლის გაგზავნის და მისი ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათი, რომლის თანახმად გასაჩივრებული გადაწყვეტილება წარმომადგენელს ჩაჰბარდა 2020 წლის 21 სექტემბერს, შესაბამისად, გასაჩივრების 14 - დღიანი ვადის ათვლა დაიწყო - 2020 წლის 22 სექტემბრიდან და 2020 წლის 5 ოქტომბერს ამოიწურა. სააპელაციო საჩივარი წარდგენილ იქნა 2020 წლის 9 ოქტომბერს, დადგენილი ვადის დარღვევით, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
5. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა მისი გაუქმებისა და ქვემდგომი სასამართლოსთვის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
5.1. კერძო საჩივრის ავტორთა მტკიცებით, ვინაიდან, პირველი ინსტანციის სასამართლომ დასაბუთებული გადაწყვეტილება კანონით დადგენილი ვადის დარღვევით მოამზადა, 2020 წლის 13 მაისს სასამართლოს ფორმალური ხასიათის სააპელაციო საჩივარი წარედგინა, სადაც მოხდა ტექნიკური შედომა და აპელანტებად 10 საბავშვო ბაღი მიეთითა, ხოლო კერძო საჩივრის ავტორები ტექნიკური შეცდომის გამო არ ფიქსირდებიან აპელანტთა სიაში.
5.2. კერძო საჩივრის ატორების მითითებით, დასაბუთებული გადაწყვეტილება ჩაჰბარდა ძველ წარმომადგენელს, რა დროს ხდებოდა წარმომადგენლის ცვლილება და მონაცემთა ბაზების ახალ წარმომადგენელზე გადაბარება. რის შემდგომაც მომზადდა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი და მასში უკვე ცამეტივე ბაგა-ბაღი დაფიქსირდა.
5.3. გარდა ამისა, კერძო საჩივრის ატორების მოსაზრებით, გასაჩივრების ვადა უმნიშვნელოდ (3 დღე) დაირღვა.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 მაისის განჩინებით, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად დარჩეს.
7. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის ავტორების არგუმენტების ანალიზის შედეგად, მიიჩნევს, რომ მათ დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენიათ.
8. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის განხილვის საგანია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების მართლზომიერების საკითხი. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტებმა დაარღვიეს სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი საპროცესო ვადა. კერძო საჩივრის ავტორების განმარტებით, სააპელაციო საჩივარი მხოლოდ 3 - დღის დაგვიანებით წარადგინეს, სწორედ ამიტომ, უსაფუძვლო იყო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.
9. სსსკ-ის 369-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა 14 დღეა. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591-ე მუხლის შესაბამისად, ასევე - 2591-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
10. სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან, თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელდება და აღდგენა დაუშვებელია.
11. სსსკ-ის 2591-ე მუხლი აწესრიგებს გასაჩივრების უფლების წარმოშობის წინაპირობებს, ხოლო გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას კი, იმავე კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის დანაწესი, რომლის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი (შდრ. სუს დიდი პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის განჩინება #ას-1161-1106-2014).
12. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილ ვადაში ვერ შეძლო დასაბუთებული გადაწყვეტილების მომზადება (იხ. აქტი), მაგრამ მისი მომზადებისთანავე სასამართლომ მოპასუხეების წარმომადგენელს (იხ. მინდობილობა) საქმეში მითითებულ მისამართზე გაუგზავნა დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი (იხ. გზავნილი) რომელიც მას ჩაჰბარდა 2020 წლის 21 სექტემბერს (იხ. ჩაბარების დასტური).
13. ვინაიდან, საქმეში არსებული მასალებით დასტურდება გზავნილის/სასამართლო გადაწყვეტილების წარმომადგენლისათვის 2020 წლის 21 სექტემბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარება, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 259.1, 59.1, მე-60 და 61-ე მუხლებიდან გამომდინარე, მხარისათვის გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მომდევნო დღიდან, 2020 წლის 22 სექტემბერს და ამოიწურა ამავე წლის 5 ოქტომბერს.
14. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოპასუხეებმა/კერძო საჩივრის ავტორებმა სააპელაციო საჩივარი ფოსტას კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, 2020 წლის 9 ოქტომბერს ჩააბარეს, ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივარი, სსსკ-ის 374-ე მუხლის საფუძველზე, მართებულად დარჩა განუხილველად.
15. სსსკ-ის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, დარჩება განუხილველად (შდრ. სუსგ-ები: # ას-790-757-2016, 2016 წლის 18 ოქტომბრის განჩინება; # ას-221-208-2015, 2015 წლის 29 მაისის განჩინება).
16. კერძო საჩივრის ავტორების პრეტენზია ისაა, რომ ისინი ტექნიკური შეცდომის გამო არ ფიქსირდებიან აპელანტთა სიაში, ამასთან მხარეები გასაჩივრების ვადის დარღვევას (3 დღის ვადით) არ უარყოფენ რის შესახებაც კერძო საჩივრის დასაბუთებაშიც არის მითითებული.
16.1. კერძო საჩივრის ავტორების ამ პრეტენზიას საკასაციო სასამართლო უარყოფს და მათ ყურადღებას მიაქცევს საქართვერლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368.1 მულის „ბ“ პუნქტის (სააპელაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს იმ პირის დასახელებასა და მისამართს, რომელსაც შეაქვს საჩივარი) შინაარსზე, რომლის მიხედვით, სააპელაციო საჩივარში თავად აპელანტის მიუთითებლობა, ტექნიკური ხასიათის შეცდომად ვერ განიხილება. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მხოლოდ მოგვიანებით წარდგენილ დაზუსტებულ სააპელაციო საჩივარში, აპელანტებად კერძო საჩივრის ავტორების მითითება, დასაშვებად ვერ აქცევს მათ მიერ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით წარდგენილ სააპელაციო საჩივარს.
17. ამრიგად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ აპელანტებმა/კერძო საჩივრის ავტორებმა სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილი ვადის დარღვევით წარადგინეს, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
18. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა(ა)იპ თბილისის #137 საბავშვო ბაგა-ბაღის, ა(ა)იპ თბილისის #107 საბავშვო ბაგა-ბაღისა და ა(ა)იპ თბილისის დიდი ლილოს საბავშვო ბაგა-ბაღის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 თებერვლის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე