Facebook Twitter

საქმე №ას-474-2019 16 ივლისი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – დ.ა–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „კ.ბ–ი“ (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხეები – ქ.თ–ძე, ნ.მ–ი, ვ.ტ–ძე, კ.კ–ძე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 იანვრის განჩინება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 27 თებერვლის დამატებითი განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. შპს „მ.ო.კ–სა“ (უფლებამონაცვლე - სს „კ.ბ–ი“) (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „ბანკი“) და დ.ა–ძეს (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“, „მსესხებელი“ ან „კასატორი“) შორის 2015 წლის 16 ოქტომბერს გაფორმდა სესხის ხელშეკრულება (შემდგომში - „სესხის ხელშეკრულება“) შემდეგი პირობებით: სესხის თანხა 19 000 ლარი; ვადა - 36 თვე; თვიური საპროცენტო სარგებელი - 1,03%; სესხი უნდა გაცემულიყო ორ ეტაპად - პირველ ეტაპზე გაიცემოდა 15 000 ლარი, ხოლო მიზნობრიობის შესრულების შემდეგ, მეორე ეტაპზე 4000 ლარი (ხელშეკრულების 3.2. პუნქტი); სესხის მიზნობრიობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, სესხი მეორე ეტაპად აღარ გაიცემოდა, შედგებოდა ახალი გადახდის გრაფიკი და კლებადი წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრებოდა 34,4%-ით (ხელშეკრულების 3.8. პუნქტი); მსესხებელი ვალდებული იყო გადაეხადა სიცოცხლის დაზღვევის თანხა; სესხის დაფარვა უნდა მომხდარიყო სესხის გადახდის გრაფიკის შესაბამისად.

2. სესხის ხელშეკრულების 3.15. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ მსესხებლის მიერ გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ჯარიმის დარიცხვის შემდეგ წესზე: ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, ან თუ გადაუხდელი ძირი თანხის 5% იქნებოდა 2 ლარზე ნაკლები, მაშინ ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2 ლარი, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0,27%, არა უმეტეს 150 დღისა.

3. სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელესა და ქ.თ–ძეს (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“ ან „თავდები“), ნ.მ–ს (შემდგომში - „მესამე მოპასუხე“ ან „თავდები“), ვ.ტ–ძესა (შემდგომში - „მეოთხე მოპასუხე“ ან „თავდები“) და კ.კ–ძეს (შემდგომში - „მეხუთე მოპასუხე“ ან „თავდები“) შორის 2015 წლის 16 ოქტომბერს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები, რომელთა საფუძველზეც თავდებებმა მსესხებელთან ერთად სესხის სოლიდარულად დაფარვის ვალდებულება იკისრეს.

4. მოპასუხეებს გაფრთხილების წერილებით ეცნობათ დავალიანებისა და მისი დაუყოვნებლივ დაფარვის მოთხოვნის შესახებ, თუმცა მათ ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებიათ.

5. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების მიმართ და მოითხოვა მათთვის დავალიანების 17 752,75 ლარის სოლიდარულად გადახდის დაკისრება, საიდანაც 12 744,01 ლარი არის სესხის ძირითადი თანხა, 4288,26 ლარი პროცენტი, 506,25 ლარი სიცოცხლის დაზღვევისთვის გადასახდელი თანხა, 46,35 ლარი ერთჯერადი ჯარიმა (0,27%), 30,07 ლარი 5%-იანი ჯარიმა, 137,81 ლარი საკომისიო; ასევე, პირველი მოპასუხისათვის დავალიანების 2680,58 ლარის გადახდის დაკისრება, საიდანაც 2123,50 ლარი არის სესხის ძირითადი თანხა, 252,82 ლარი პროცენტი, 64,05 ლარი სიცოცხლის დაზღვევისთვის გადასახდელი თანხა, 185,27 ლარი და 54,95 ლარი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმა (ეს უკანასკნელი დავალიანება გამომდინარეობს მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის 2015 წლის 16 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულებიდან - განვადების ბარათის მეშვეობით სესხად აღებული თანხებით ნივთების შეძენის შესახებ).

6. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

7. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ 17 752,75 ლარის სოლიდარულად გადახდა; პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2015 წლის 16 ოქტომბერს გაფორმებული განვადების ბარათის მეშვეობით სესხად აღებული თანხის - 2680,58 ლარის გადახდა.

8. მოპასუხეებმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინეს სააპელაციო საჩივრები. მათ მოითხოვეს გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 იანვრის განჩინებით პირველი მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება.

10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 თებერვლის დამატებითი განჩინებით მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე მოპასუხეების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება.

11. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-4 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

12. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სესხის ხელშეკრულების 5.1. პუნქტის თანახმად, სესხი გამოყენებულ უნდა იქნეს შემდეგნაირად: პირველ ეტაპზე გაცემული თანხა გამოყენებულ უნდა იქნეს საქ. ბანკის დავალიანების დასაფარად მიზნობრიობით, მისი გადაცემიდან 3 (სამი) კალენდარული დღის განმავლობაში. მსესხებელი ვალდებულია მიზნობრიობის შესრულება დაადასტუროს შესაბამისი დოკუმენტაციით, მისთვის სესხის პირველი ნაწილის გადაცემიდან 3 (სამი) კალენდარული დღის განმავლობაში. ხელშეკრულების ზემოაღნიშნულ პუნქტში, ასევე, 3.2. და 3.8. პუნქტებში და სესხის გადახდის თავდაპირველ გრაფიკში (იხ. ტ. I, ს.ფ. 25) გამოხატული ნების შეფასების საფუძველზე, დასტურდება, რომ მსესხებელზე გაცემული სესხის პროცენტის ოდენობა დამოკიდებული იყო ამ უკანასკნელის მიერ სესხის ნაწილის, 15 000 ლარის მიზნობრივად გამოყენებაზე. თუკი, მსესხებლის მიერ ეს პირობა შესრულდებოდა, სესხს ყოველთვიურად დაერიცხებოდა სარგებელი 1,03%-ის ოდენობით, რაც წლიურად შეადგენს 12,36%-ს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სესხს დაერიცხებოდა წლიური 34,4%.

13. სააპელაციო პალატის მითითებით, პირველი მოპასუხის შესაგებლით, შესაგებელზე დართული მტკიცებულებებით: საქართველოს ბანკში მეორე მოპასუხის სესხის გადახდის გრაფიკითა და შპს „ო–ის“ ანგარიშიდან ამონაწერით (იხ. ტ. I, ს.ფ. 104-106), ასევე, თავად აპელანტის განმარტებით ირკვევა, რომ შპს „ო–ი“ წარმოადგენდა მეორე მოპასუხის მიერ დაფუძნებულ საწარმოს. ამასთან, მეორე მოპასუხე არის პირველი მოპასუხის დედა და მისი ოჯახის წევრი, რომელსაც გააჩნდა სესხი საქართველოს ბანკში და რომლის გადაფარვის მიზნითაც იქნა სესხი მოსარჩელე ბანკიდან აღებული. შპს „ო–ის“ ამონაწერის თანახმად, საქართველოს ბანკის მიმართ მისი სასესხო დავალიანება სრულად დაიფარა 2015 წლის 20 ოქტომბერს, რისთვისაც გადახდილ იქნა 5403,27 ლარი.

14. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში იმ გარემოების მტკიცება, რომ მსესხებელმა სესხის სახით მისთვის გადაცემული 15 000 ლარი გამოიყენა მიზნობრივად - სამი დღის ვადაში (19.09.2015წ.) დაფარა საქართველოს ბანკის მიმართ არსებული მისი ოჯახის დავალიანება და იმავე ვადაში მოსარჩელეს წარუდგინა თანხის მიზნობრივად გამოყენების დამადასტურებელი დოკუმენტი, პირველი მოპასუხის ვალდებულებას წარმოადგენდა, თუმცა მას სასამართლოსთვის ამის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარუდგენია. შესაგებელზე დართული მტკიცებულებებით დასტურდება მხოლოდ მსესხებლის დედის, მეორე მოპასუხის საკრედიტო ვალდებულება საქართველოს ბანკში, ასევე, 2015 წლის 20 ოქტომბერს (და არა 19 სექტემბერს) შპს „ო–ის“ სესხის დაფარვის ფაქტი.

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხემ ვერ დაადასტურა სესხის პირველი ნაწილის, 15 000 ლარის შეთანხმებულ ვადაში მიზნობრივად გამოყენება, რაც წარმოადგენდა სესხზე სარგებლის ოდენობად 34,4%-ის განსაზღვრისა და სესხის მეორე ნაწილის, 4000 ლარის გადაცემაზე უარის თქმის საფუძველს. შესაბამისად, დასაბუთებული იყო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის დაკისრების ნაწილში.

16. სააპელაციო პალატამ, ასევე, დასაბუთებულად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხეებისთვის სიცოცხლის დაზღვევისთვის გადასახდელი თანხის, ჯარიმისა და საკომისიოს დაკისრების ნაწილში, ვინაიდან აღნიშნული გადასახდელები გათვალისწინებულ იქნა მხარეთა შეთანხმებით, ხოლო პირველმა მოპასუხემ ვერ წარადგინა ხელშეკრულების მოტყუებით დადებისა და მასში გამოვლენილი ნების ნაკლის დამადასტურებელი მტკიცებულება.

17. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში თავდებებმა იკისრეს ვალდებულება მსესხებელთან ერთად სოლიდარულად გადაეხადათ სესხის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავალიანება, მათთვის განსაზღვრული ლიმიტის, 26 931,78 ლარის ფარგლებში. შესაბამისად, ვინაიდან სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტების მოთხოვნა დავალიანების შემცირების თაობაზე, არ არსებობდა სოლიდარულად დაკისრებული თანხის ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

18. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე პირველმა მოპასუხე წარადგინა საკასაციო საჩივარი.

19. კასატორმა საკასაციო საჩივარში მიუთითა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:

19.1. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მსესხებელმა საქართველოს ბანკის წინაშე არსებული საკრედიტო ვალდებულება დაფარა 2015 წლის 20 ოქტომბერს და არა 19 სექტემბერს, რითაც დაარღვია სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. შესაბამისად, სესხზე სარგებელი განისაზღვრა 34,4%-ით ნაცვლად 12,36%-ისა. აღნიშნული მსჯელობა სინამდვილეს არ შეესაბამება, ვინაიდან სესხის ხელშეკრულება მოსარჩელესთან გაფორმდა 2015 წლის 16 ოქტომბერს, ხოლო თანხა კასატორმა მიიღო 19 ოქტომბერს. სასამართლომ შესაძლოა დაუშვა ტექნიკური შეცდომა, რომელმაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა საქმის განხილვის შედეგზე;

19.2. სარჩელში და სასამართლოს გადაწყვეტილებებში მითითებული არ არის კონკრეტულად რომელი ვალდებულება უნდა დაეფარა მსესხებელს და ხელშეკრულების რომელი პუნქტი იქნა მის მიერ დარღვეული. მსესხებელმა შეასრულა ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულება მიზნობრიობასთან დაკავშირებით. მას სხვა ვალდებულება საქართველოს ბანკის მიმართ არ გააჩნდა. სასამართლოს მიერ მოსარჩელის პოზიციის გაზიარების შემთხვევაში, კონკრეტულად უნდა ყოფილიყო ხელშეკრულებაში მითითებული რა ვალდებულება უნდა დაეფარა მსესხებელს მიზნობრიობის შესასრულებლად;

19.3. მსესხებელს, ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე, სურდა სესხის აღება 6000 ლარის ოდენობით. მოსარჩელემ შესთავაზა სხვა ბანკიდან სესხის პორტირება უკეთესი პირობებით, კერძოდ, ყოველწლიური 12,36% საპროცენტო სარგებლის ოდენობით. შესაბამისად, ვინაიდან მისი სესხი საქართველოს ბანკში იყო წლიური 15% საპროცენტო სარგებლით, პორტირებას დასთანხმდა. კასატორის განმარტებით, მას მხედველობაში აქვს შპს „ო–ის“ სესხი, რომლის დამფუძნებელი და დირექტორი იყო მისი დედა, მეორე მოპასუხე და რომლის სესხის დაფარვის მიზნითაც ხდებოდა უკეთესი პირობების გათვალისწინებით მოსარჩელისგან სესხის აღება. თუმცა, მოსარჩელემ უხეშად დაარღვია შეთანხმებით გათვალისიწინებული პირობები და მოტყუებით ხელშეკრულებაში სულ სხვა საპროცენტო განაკვეთი მიუთითა;

19.4. მსესხებლის მიერ გადახდილი სარგებელი გაცილებით მეტია, ვიდრე ეს ხელშეკრულებაში და სარჩელშია მითითებული. ხელშეკრულება ითვალისწინებდა სარგებელს წლიური 12,36%-ის ოდენობით, თუმცა მოსარჩელეს დაანგარიშებული აქვს წლიური 34%, თუმცა რატომ არის 34% გაურკვეველია, ვინაიდან განმეორებით მოტყუებით დადებულ ხელშეკრულებაში მითითებულია 40,4%;

19.5. რეალურად მსესხებლის დავალიანება შეადგენს 9379,46 ლარს, საიდანაც 7525,46 ლარი არის სესხის ძირითადი თანხა, ხოლო 1854 ლარი პროცენტი.

20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 12 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

21. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 იანვრის განჩინება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 27 თებერვლის დამატებითი განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

22. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია შეასრულა თუ არა მსესხებელმა სესხის ხელშეკრულების 5.1. პუნქტით გათვალისწინებული პირობა და პირველ ეტაპზე ბანკის მიერ გაცემული სესხი, 15 000 ლარი გამოიყენა თუ არა მიზნობრივად, საქართველოს ბანკში არსებული დავალიანების დასაფარად.

23. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე, ანუ ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს (იხ. სუსგ საქმე №ას-1117-1074-2016, 06 მარტი, 2017 წელი).

24. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

25. ამრიგად, ქართული კანონმდებლობის მიხედვით, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. კანონი არ ახარისხებს მტკიცებულებათა სახეებს სანდოობის ხარისხის მიხედვით. მტკიცებულების ყველა სახე თანაბარი რანგისაა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით. თუმცა, შინაგანი რწმენის ჩამოყალიბებას საფუძვლად უნდა ედოს მტკიცებულებათა ობიექტური და სრული განხილვა. შესაბამისად, სასამართლო მტკიცებულებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად, თავად წყვეტს, თუ რომელი მტკიცებულება არის სარწმუნო და რომელ მათგანს უნდა დაეყრდნოს იგი. მტკიცებულების შეფასების მთავარი კრიტერიუმი არის ობიექტურობა. მტკიცებულება ობიექტურად უნდა ასახავდეს ამა თუ იმ მოვლენას, ან/და ადასტურებდეს ამა თუ იმ ფაქტის არსებობას. შესაბამისად, აღნიშნულ მტკიცებულებაზე დაყრდნობით, ობიექტურად, ყოველი გონიერი ადამიანი ერთი და იმავე დასკვნამდე უნდა მიდიოდეს (იხ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარი, რჩეული მუხლები, თბილისი 2020, გვ. 544-555).

26. მტკიცებულებათა შეფასება სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს. მტკიცებულებათა შეფასება ეფუძნება შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას და არა - სასამართლოს სუბიექტურ მოსაზრებებს.

27. სასამართლოს, როგორც ნეიტრალური არბიტრის როლი მტკიცების პროცესში შემოიფარგლება მტკიცების საგნის სწორად განსაზღვრით, მხარეთა შეჯიბრებითობის ხელმძღვანელობით, წარმოდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობა-განკუთვნადობის შემოწმებითა და შეკრებილ მტკიცებულებათა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით შესწავლა-ანალიზით, სწორედ მათ საფუძველზე ყალიბდება მოსამართლის შინაგანი რწმენა და იგი საფუძვლად დაედება მიღებულ გადაწყვეტილებას (იხ. სუსგ საქმე №ას-839-805-2016, 06 მარტი, 2017 წელი).

28. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მის უფლებამოსილებაში არ შედის ფაქტების დადგენა, არამედ იგი ამოწმებს მხოლოდ იმას, თუ რამდენად სწორად განახორციელა ეს პროცესი სააპელაციო სასამართლომ.

29. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაასკვნა, რომ პირველმა მოპასუხემ ვერ დაადასტურა სესხის პირველი ნაწილის, 15 000 ლარის შეთანხმებულ ვადაში მიზნობრივად გამოყენების ფაქტი. აღნიშნული დასკვნა არ ეფუძნება საქმეში არსებული მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას.

30. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2015 წლის 16 ოქტომბერს მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელს ბანკისგან სესხის სახით 19 000 ლარი უნდა მიეღო, 36 თვის ვადით, თვიური - 1,03% საპროცენტო სარგებლის დარიცხვის პირობით. ხელშეკრულების თანახმად, სესხი უნდა გაცემულიყო ორ ეტაპად - პირველ ეტაპზე გაიცემოდა 15 000 ლარი, ხოლო მიზნობრიობის შესრულების შემდეგ, მეორე ეტაპზე 4000 ლარი (ხელშეკრულების 3.2. პუნქტი). მიზნობრიობის პირობის შესრულებისთვის მსესხებელს პირველ ეტაპზე გაცემული თანხით უნდა დაეფარა საქართველოს ბანკში არსებული დავალიანება მისი გადაცემიდან სამი კალენდარული დღის განმავლობაში (ხელშეკრულების 5.1. პუნქტი), წინააღმდეგ შემთხვევაში, სესხი მეორე ეტაპად აღარ გაიცემოდა, შედგებოდა ახალი გადახდის გრაფიკი და კლებადი წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრებოდა 34,4%-ით (ხელშეკრულების 3.8. პუნქტი). სადავო არ არის, რომ მსესხებელმა ბანკისგან სესხის სახით მიიღო მხოლოდ 15 000 ლარი. მოსარჩელის განმარტებით, მსესხებელს არ შეუსრულებია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობა და პირველ ეტაპზე მიღებული თანხა შეთანხმებული მიზნობრიობით არ გამოუყენებია. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ კასატორი მიუთითებს, რომ მან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სესხის მიზნობრიობასთან დაკავშირებით შეასრულა.

31. სადავო საკითხთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: სესხის პირველი ნაწილის მიზნობრიობას წარმოადგენდა საქართველოს ბანკში არსებული დავალიანების დაფარვა, თუმცა ხელშეკრულება არ შეიცავს დათქმას და არც მოსარჩელეს მიუთითებია, კონკრეტულად რა ოდენობის და საიდან წარმოშობილი დავალიანება უნდა ყოფილიყო დაფარული თავდაპირველად გაცემული 15 000 ლარით ან/და უნდა მომხდარიყო თავად მსესხებლის თუ სხვა პირის დავალიანების დაფარვა; პირველი მოპასუხე როგორც შესაგებელში, ისე სააპელაციო და საკასაციო საჩივრებში განმარტავს, რომ მას სესხის აღება ესაჭიროებოდა მისი ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე. კერძოდ, მის ოჯახს გააჩნდა 15%-იანი ბიზნეს სესხი საქართველოს ბანკში და უკეთესი პირობების, დაბალი საპროცენტო განაკვეთის გამო სესხი გადაიტანა მოსარჩელე ბანკში. აღნიშნულის დასადასტურებლად პირველმა მოპასუხემ წარადგინა საქართველოს ბანკში მეორე მოპასუხის (დედის) კრედიტის დაფარვის გრაფიკი (იხ. ტ. I, ს.ფ. 104-105), საიდანაც დასტურდება, რომ სესხის ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის მეორე მოპასუხეს მართლაც გააჩნდა სასესხო ვალდებულება საქართველოს ბანკის მიმართ. ასევე, შპს „ო–ის“ ამონაწერი პირადი ანგარიშიდან (იხ. ტ. I, ს.ფ. 106), რომლის თანახმად, შპს „ო–ის“ სასესხო დავალიანება საქართველოს ბანკში სრულად დაიფარა 2015 წლის 20 ოქტომბერს, რისთვისაც გადახდილ იქნა 5403,27 ლარი; სააპელაციო სასამართლომ გამოარკვია, რომ შპს „ო–ი“ წარმოადგენდა მეორე მოპასუხის მიერ დაფუძნებულ საწარმოს. ამასთან, მეორე მოპასუხე არის პირველი მოპასუხის დედა, რომელსაც გააჩნდა სესხი საქართველოს ბანკში და რომლის გადაფარვის მიზნითაც იქნა მოსარჩელისგან სესხი აღებული; მოპასუხე მიუთითებს, რომ მან მოსარჩელისგან სესხი მიიღო 2015 წლის 19 ოქტომბერს, საქმეში არ მოიპოვება ამ გარემოების საწინააღმდეგო მტკიცებულება, უფრო მეტიც, საქმეში არსებული 26.10.2016წ. სესხის „რეპორტის“ თანახმად (იხ. ტ. II, ს.ფ. 21), სესხის გაცემის თარიღია 2015 წლის 09 ნოემბერი.

32. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები და მოპასუხის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, სააპელაციო სასამართლოს დასკვნის საწინააღმდეგოდ, საკასაციო სასამართლოს უქმნის დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს, რომ მსესხებელმა შეასრულა მასსა და მოსარჩელეს შორის დადებული სესხის ხელშეკრულების პირობა და პირველ ეტაპზე მიღებული სესხი გამოიყენა მიზნობრივად - დაფარა საქართველოს ბანკში არსებული დავალიანება, რაც სესხზე საპროცენტო სარგებლის 12,36%-ით განსაზღვრის წინაპირობას წარმოადგენდა.

33. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც სესხის ხელშეკრულებით კონკრეტულად არ იქნა განსაზღვრული რა სახის და რა ოდენობის დავალიანება უნდა დაფარულიყო პირველ ეტაპზე გაცემული სესხით, ხოლო სააპელაციო სასამართლომ გამოარკვია, რომ უნდა მომხდარიყო პირველი მოპასუხის დედის სასესხო ვალდებულების დაფარვა, არაფერი აფიქრებინებს სასამართლოს, რომ 2015 წლის 20 ოქტომბერს პირველი მოპასუხის დედის მიერ დაფუძნებული საწარმოს, შპს „ო–ის“ დავალიანების სრულად დაფარვა სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნობრიობის შესრულებას არ ემსახურებოდა.

34. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოპასუხეს არ წარუდგენია პირველ ეტაპზე მიღებული სესხის მიზნობრივად გამოყენების დამადასტურებელი მტკიცებულება.

35. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. იმავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

36. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. იმავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

37. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

38. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო მტკიცებულებების არასათანადო შეფასების შედეგად მივიდა საქმის არასწორ გადაწყვეტამდე, რაც გასაჩივრებული განჩინებების გაუქმების საფუძველია, თუმცა ვინაიდან არ არის დადგენილი დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე რიგი ფაქტობრივი გარემოებები, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას განსახილველ საქმეზე თავად მიიღოს გადაწყვეტილება. კერძოდ, არ არის დადგენილი მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის დადებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მსესხებელს ბანკისთვის რა ოდენობის თანხა აქვს გადახდილი და აღნიშნული თანხიდან რა ნაწილით დაიფარა სესხის ძირითადი თანხა და რა ნაწილით პროცენტი; ასევე, წლიური 12,36% საპროცენტო სარგებლის დარიცხვის პირობებში რა ოდენობის სარგებლის გადახდა მოუწევდა მსესხებელს. შესაბამისად, შეუძლებელია იმის დადგენა რა ოდენობის დავალიანება გააჩნია მსესხებელს ბანკის მიმართ.

39. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, მართალია, მოცემულ შემთხვევაში კასატორს მხოლოდ პირველი მოპასუხე წარმოადგენს, თუმცა, ვინაიდან სახეზეა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლით გათვალისწინებული მოპასუხეთა სოლიდარული ვალდებულება მოსარჩელის მიმართ, უნდა გაუქმდეს არა მხოლოდ პირველი მოპასუხის მიმართ გამოტანილი სააპელაციო სასამართლოს განჩინება, არამედ დანარჩენ მოპასუხეთა მიმართ გამოტანილი დამატებითი განჩინებაც.

40. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. იმავე კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

41. მოცემული ნორმების ანალიზისა და წინამდებარე განჩინებაში ჩამოყალიბებული დასაბუთების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას თავად მიიღოს გადაწყვეტილება დავაზე, ვიდრე საქმეზე არ დადგინდება დავის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება (წინამდებარე განჩინების 38-ე მუხლში მითითებული გარემოებები), რაც საქმის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნების საფუძველია.

42. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით.

43. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. დ.ა–ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 იანვრის განჩინება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 27 თებერვლის დამატებითი განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი