Facebook Twitter

საქმე №ას-677-2021 5 აპრილი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი – თ.ჯ–ი (მოპასუხე, მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში)

მოწინააღმდეგე მხარე – ჯ.კ–ი (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელში)

განმცხადებლის მოთხოვნა – სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ჯ.კ–მა (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში თ.ჯ–ის (შემდგომში - „მოპასუხე“) მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. ამასთან, წარადგინა შეგებებული სარჩელი და მოითხოვა ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

3. მოსარჩელემ შეგებებული სარჩელი არ ცნო.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 მაისის განჩინებით მოსარჩელის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

4.1. სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონებების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა: ა) ქ. თბილისი, ქუჩა ......, კომერციული ფართი №4 (მშენებარე), სართული 1, ფართი: 86,83 კვ.მ. საკადასტრო კოდი - .....; ბ) ქ. თბილისი, ქუჩა ....., კომერციული ფართი №7 (მშენებარე), სართული 2, ფართი: 177,17 კვ.მ. საკადასტრო კოდი - .....; გ) ქ. თბილისი, ქუჩა ......№29, ავტოსადგომი №.. (მშენებარე), ფართი: 52,78 კვ.მ. საკადასტრო კოდი - .....; დ) ქ. თბილისი, ქუჩა ......, ავტოსადგომი №.. (მშენებარე), ფართი: 19,34 კვ.მ. საკადასტრო კოდი - .....; ე) ქ. ხობი, ქუჩა ......, საკადასტრო კოდი - ....... ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 13121.00 კვ.მ.;

4.2. სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული შემდეგი წილების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა: 25% წილის შპს „ს “-ში; 100% წილის შპს „ L. C.”-ში; 100% წილის შპს „ O.G.”-ში; 50 წილის შპს „რ.გ“-ში; 60% წილის შპს „ე.დ.კ“-ში; 50% წილის შპს „ბ.ო.კ“-ში; 100% წილის შპს „ფ“-ში; 50% წილის შპს „ჰ.მ.ე“-ში; 100% წილის შპს „ბ.კ“-ში; 40% წილის შპს „ვ“-ში; 3% წილის შპს „ბ-ი“-ში; 100% წილის შპს „ე.ო “-ში;

4.3. სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო მოპასუხის სახელზე რეგისტრირებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებას, რომლის რეკვიზიტებია: მარკა/მოდელი - „ლექსუს LX 570”, სანომრე ნიშანი - ....., სარეგისტრაციო მოწმობა - AQ0264967, გამოშვების წელი - 2014, საიდენტიფიკაციო ნომერი - ....., ფერი - შავი.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით ძირითადი სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 474 856,64 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 450 000,00 აშშ დოლარი, პროცენტი - 16 875,00 აშშ დოლარი და ჯარიმა - 7981,64 აშშ დოლარი; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2019 წლის 8 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ზიანის სახით 466 875,00 აშშ დოლარის წლიური 2 პროცენტის ანაზღაურება; შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

6. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება.

8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

10. 2022 წლის 31 მარტს საკასაციო სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის შესახებ განცხადებით მომართა მოპასუხის წარმომადგენელმა და მოითხოვა სსსკ-ის 1961 მუხლის თანახმად, მოსარჩელის მიერ მოპასუხის მიმართ აღძრული სარჩელის უზრუნველყოფის საგნად მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების: 1. ს/კ: .......; 2. ს/კ: .......: 3. ს/კ: ........; 4. ს/კ: ......., ასევე შპს „ზ ბ“-ის (საიდენტიფიკაციო ნომერი: ..........) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, ს/კ: .........., განსაზღვრა და ამ საქმეზე 2018 წლის 25 მაისის განჩინებით გამოყენებული ყველა სხვა უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება.

11. მოპასუხის განმარტებით:

11.1. გადაწყვეტილებით დაკისრებული დავალიანების უზრუნველსაყოფად ყადაღა ადევს ქონებას, რომლის ღირებულებაც აღემატება 8 000 000 ლარს და დაახლოებით 4-5-ჯერ მეტია გადაწყვეტილებით დაკისრებული დავალიანების ოდენობასთან, რაც დაუშვებელია;

11.2. მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების ღირებულება არის 347 000 აშშ დოლარი, რაც დასტურდება შუამდგომლობაზე დართული ავტორიტეტული კომპანიის სს „ფ-ქ. ე. კ.“-ის შეფასების ანგარიშით (ამჟამად აღნიშნული ნივთების მდგომარეობა გაუმჯობესებულია და გაზრდილია მათი საბაზრო ფასი); ასევე კომპანია შპს „ზ ბ“-ის საკუთრებაშია უძრავი ქონება, რომლის ღირებულება არის 167 700 აშშ დოლარი, რაც დასტურდება ასევე შუამდგომლობაზე თანდართული სს „ფ-ქ. ე. კ“-ის შეფასების ანგარიშით. შუამდგომლობას თან ერთვის შპს „ზ ბ“-ის დირექტორის - მოპასუხის თანხმობა აღნიშნული ქონების მიმართ მოსარჩელის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების/აღძრული სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით გასხვისების და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვის გამოყენებაზე.

12. მოპასუხის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის შესახებ გაეგზავნა მოსარჩელე მხარეს, რომელმაც საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა მოსაზრება და არ დაეთანხმა მოპასუხის განცხადებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

13. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.

14. საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს [სსსკ-ის 399-ე მუხლი]. საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით [სსსკ-ის 372-ე მუხლი]. ამდენად, საკასაციო სასამართლო საქმის განხილვის ამა თუ იმ ეტაპზე უფლებამოსილია, იხელმძღვანელოს ქვემდგომ ინსტანციებში დადგენილი საქმის განხილვის მარეგულირებელი ყველა იმ ნორმით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვის მარეგულირებელ წესებს.

15. სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად [სსსკ-ის 271-ე მუხლი]. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფისას XXIII თავით მოწესრიგებული სარჩელის უზრუნველყოფის ნორმების გამოყენებას.

16. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია სარჩელის/გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის საგნის შეცვლა [სსსკ-ის 1961 მუხლის პირველი ნაწილი: ყადაღადადებული ქონების ღირებულება არსებითად არ უნდა აღემატებოდეს სარჩელის ფასს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოპასუხე ერთადერთი ნივთის მესაკუთრეა. ასეთ შემთხვევაში მოპასუხეს შეუძლია სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის მიზნით სასამართლოს სარჩელის ფასის ტოლფასი სხვა ქონება შესთავაზოს].

17. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 მაისის განჩინებით (რომელიც უცვლელი დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 დეკემბრის განჩინებით) მოსარჩელის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული 5 უძრავი ნივთის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, აგრეთვე, აეკრძალა 12 კომპანიაში მის საკუთრებაში არსებული წილების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა, ასევე ყადაღა დაედო მოპასუხის სახელზე რეგისტრირებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებას.

18. მოპასუხე წარმოდგენილი განცხადებით ითხოვს უზრუნველყოფის საგნის შეცვლას, სარჩელის უზრუნველყოფის საგნად მოპასუხის საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ნივთების: 1. ს/კ: ......; 2. ს/კ: ........: 3. ს/კ: .....; 4. ს/კ: ......, ასევე შპს „ზ ბ“-ის (საიდენტიფიკაციო ნომერი: ......) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, ს/კ: ...... , განსაზღვრას და ამ საქმეზე 2018 წლის 25 მაისის განჩინებით გამოყენებული ყველა სხვა უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებას.

19. საკასაციო სასამართლო, უპირველესად, აღნიშნავს, რომ მოპასუხე ითხოვს მესამე პირის ქონებაზე შეზღუდვის დაწესებას, რაც დაუშვებელია. შპს „ზ ბ“-ი განსახილველ საქმეში არ წარმოადგენს მხარეს.

20. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირისათვის, რომელიც საქმეში მხარეს არ წარმოადგენს, საკუთრების თავისუფლად განკარგვის უფლების შეზღუდვა, მაშინ, როდესაც არც თავად უზრუნველყოფის საგანი წარმოადგენს დავის საგანს, ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ მოპასუხის მიმართ და/ან მის წინააღმდეგ, რათა მოსარჩელის კანონიერი ინტერესები მოპასუხის არაკეთილსინდისიერი ქმედებისგან იყოს დაცული. უზრუნველყოფის ობიექტი არ შეიძლება იყოს სხვა პირის მატერიალური და/ან არამატერიალური სიკეთე. ამ დასკვნის საფუძველს იძლევა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა (იხ. სუსგ საქმე №ას-1222-2019, 18 ნოემბერი, 2019 წელი).

21. მოპასუხის მიერ წარმოდგენილ შეფასების ანგარიშს თან ახლავს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის თანახმად, ქალაქ თბილისში, ..... ქუჩა №29-ში მდებარე საოფისე ფართი (211.41 კვ.მ.) შპს „ზ ბ“-ის საკუთრებაა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შპს „ზ ბ“-ის ქონებაზე აღსრულება ვერ მიექცევა, რადგან განსახილველ საქმეში ეს უკანასკნელი მოპასუხეს არ წარმოადგენს. გადაწყვეტილების აღსრულების/სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიზანი კი სწორედ სასამართლო გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილებაა.

22. რაც შეეხება მოპასუხის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთებს: 1. ს/კ: .....; 2. ს/კ: .....: 3. ს/კ: .....; 4. ს/კ: ....., საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 მაისის განჩინებით მოპასუხეს უკვე აეკრძალა აღნიშნული უძრავი ნივთების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა. შესაბამისად, ამ ნაწილში მოპასუხეს არ შემოუთავაზებია სასამართლოსთვის 1961 მუხლით განსაზღვრული სხვა ქონება.

23. ამასთან, ასეც რომ არ იყოს, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი შეფასების ანგარიშის თანახმად, აღნიშნული უძრავი ნივთების ჯამური საბაზრო ღირებულება 347 000 აშშ დოლარია, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით, რომელიც უცვლელი დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მარტის განჩინებით, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 474 856,64 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 450 000,00 აშშ დოლარი, პროცენტი - 16 875,00 აშშ დოლარი და ჯარიმა - 7981,64 აშშ დოლარი; ასევე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2019 წლის 8 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ზიანის სახით 466 875,00 აშშ დოლარის წლიური 2 პროცენტის ანაზღაურება.

24. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1961 მუხლი დასაშვებად მიიჩნევს უზრუნველყოფის საგნის შეცვლას და ნორმის სისტემური ანალიზი მოთხოვნის წინაპირობად ამ საგანთა უზრუნველყოფილ მოთხოვნასთან ტოლფასოვნებას განიხილავს. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის საკუთრებაში არსებული ზემოაღნიშნული უძრავი ნივთები, მათი საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით, სრულად ვერ უზრუნველყოფს სასამართლოს გადაწყვეტილების ეფექტურ და დაუბრკოლებელ აღსრულებას.

25. გარდა ამისა, საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ განცხადებაზე თანდართული შეფასების ანგარიში მომზადებულია 2019 წელს. მოპასუხის მითითება, რომ ამჟამად აღნიშნული ნივთების მდგომარეობა გაუმჯობესებულია და გაზრდილია მათი საბაზრო ფასი, წარმოადგენს მხოლოდ ვარაუდს. მხარემ სათანადო მტკიცებულებებით უნდა დაადასტუროს მის მიერ მითითებული თითოეული გარემოება [სსსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით].

26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 1961 და 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. თ.ჯ–ის წარმომადგენლის გ.ყ–ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი