Facebook Twitter

საქმე №ას-1180-2020 24 მარტი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - შპს „კ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ზ.ბ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 31 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილ

ების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ზ.ბ–ძემ (შემდგომ - გამსესხებელი, მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „კ–ის“ (შემდგომ - საწარმო, მსესხებელი, მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის 26 000 ლარის დაკისრება.

სარჩელის საფუძვლები

2. მოპასუხე საწარმოს დირექტორმა დავით ბარამიამ (შემდგომ - დირექტორი) გაზგასამართი სადგურის მშენებლობისას მოსარჩელისაგან 2014 წელს ისესხა 50 000 ლარი, რომელიც, მისი განმარტებით, საჭირო იყო მშენებლობის დასრულებისათვის. მხარეთა შორის გაფორმდა ზეპირსიტყვიერი სესხის ხელშეკრულება, თანხა უნდა დაბრუნებულიყო მოსარჩელის ოფისში. 2014 წლის 25 აგვისტოს მოწვეულ იქნა პარტნიორთა კრება, რომელსაც ესწრებოდა ყველა დამფუძნებელი. კრების ოქმში მოპასუხემ აღნიშნა, რომ მოსარჩელემ ასესხა 50 000 ლარი სამშენებლო მასალების შესაძენად, რათა დროულად მიღწეულიყო ის მიზანი, რაც შპს-ს პარტნიორების ინტერესს წარმოადგენდა. იმავე კრების ოქმში, დირექტორის განცხადებით, 50 000 ლარიდან მოსარჩელეს დაუბრუნა 24 000 ლარი. საწარმოს მიერ თანხის მიღების ფაქტი დადასტურებულია უზენაესი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინებით.

მოპასუხის შესაგებელი

3. მოპასუხემ წარადგინა, როგორც მოთხოვნის გამომრიცხველი, ისე მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი, თუმცა საქმის განხილვის მოსამზადებელ ეტაპზე მოპასუხემ დააზუსტა შესაგებელი და განმარტა, რომ ადასტურებს 2014 წელს ავტოგაზგასამართი სადგურის მშენებლობის მიზნით მოსარჩელისაგან 1 წლის ვადით 50 000 ლარის მიღებას, იმ ფაქტობრივ გარემოებასაც, რომ ეს თანხა მოპასუხემ მიიღო უკან დაბრუნების პირობით, საიდანაც 24 000 ლარი დააბრუნა (იხ. ს.ფ. 183). ამასთან, მოპასუხის მტკიცებით, სარჩელი ხანდაზმულია, რადგან სესხი მოპასუხეს 2015 წელს უნდა დაებრუნებინა. შესაბამისად, სამწლიანი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა ამოიწურა 2018 წელს. სარჩელი კი აღძრულია 2019 წლის 28 მაისს. ამდენად, სარჩელის აღძვრის პერიოდისათვის სამწლიანი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა უკვე ამოწურული იყო, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხის მტკიცებით, საწარმოს დირექტორის მიმართ სარჩელის აღძვრით, ხანდაზმულობის ვადის დენა არ შეჩერებულა და არც შეწყვეტილა, რადგან საწარმო დამოუკიდებელი სამართალსუბიექტია.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით - სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს დაეკისრა 26 000 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მოპასუხემ გაასაჩივრა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 31 ივლისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

7. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა სარჩელის ხანდაზმულობის შესახებ აპელირება და აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელის ხანდაზმულობაზე მსჯელობისას სრულყოფილად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სწორად განსაზღვრა მხარეთა შორის რეალურად აღმოცენებული სამართალურთიერთობის შინაარსი, რასაც შედეგად მოჰყვა ხანდაზმულობის ვადის დაწყების მომენტის სწორად დადგენა. მოცემულ შემთხვევაში, სადავო მოთხოვნაზე ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა დაიწყო 2015 წელს, იმის გათვალისწინებით, რომ 2014 წლის სესხის ზეპირი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სესხი უნდა დაბრუნებულიყო 1 წლის შემდეგ - 2015 წელს. შესაბამისად, ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გასვლის დრო 2017 წელია. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ თავდაპირველად 2016 წელს, ხანდაზმულობის ვადაში მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, რაც სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლის თანახმად, წარმოადგენს ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძველს.

8. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელირება, რომ განსახილველი სარჩელით სასამართლოსათვის მიმართვის ხანდაზმულობის ვადა ვერ შეწყდებოდა სხვა პირის მიმართ სარჩელის შეტანით და აღნიშნა, მოსარჩელემ იმ ფაქტობრივი გარემოების შესახებ, რომ მოპასუხის დირექტორი (ფიზიკური პირი) არ წარმოადგენდა მოსარჩელისათვის თანხის გადახდაზე ვალდებულ პირს, არამედ ვალდებულების შესრულებაზე პასუხისმგებელი იყო კომპანია, შეიტყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით. სწორედ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ საწარმოს დირექტორი არ წარმოადგენდა მოსარჩელისათვის თანხის გადახდაზე ვალდებულ პირს. ვინაიდან მოსარჩელემ სადავო თანხა გადასცა კომპანიას და არა ფიზიკურ პირს - დირექტორს, სარჩელზე პასუხი უნდა ეგო არა ამ უკანასკნელს, არამედ კომპანიას, რომლის ინტერესებსაც იცავდა დირექტორი.

9. დადგენილია, რომ ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყდა 2016 წლის 12 დეკემბერს, ხოლო განახლდა 2018 წლის 27 ნოემბერს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი). შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის თავიდან დაწყების თარიღად მიჩნეულ უნდა იქნეს 2018 წლის 27 ნოემბერი, ხოლო ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადის ამოწურვის დღედ - 2021 წლის 27 ნოემბერი. მოსარჩელემ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა 2019 წლის 28 მაისს, კანონით გათვალისწინებული ხანდაზმულობის 3-წლიან ვადაში.

10. რაც შეეხება სარჩელის არსებით მხარეს, პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე სადავოდ არ ხდიდა თანხის მიღებისა და მისი ნაწილის, 24 000 ლარის, გამსესხებლისათვის დაუბრუნებლობის ფაქტს. შესაბამისად, შესრულებული იყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს, დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი) მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ელემენტი. ამდენად, პალატამ დაასკვნა, რომ მხარეთა შორის დადებული 2014 წლის სესხის ზეპირ ხელშეკრულებაზე არსებული დავალიანება შეადგენდა - 26 000 ლარს, რომლის გადახდის სამართლებრივი ვალდებულება, სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის საფუძველზე, აქვს მოპასუხე მხარეს.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

11. ზემოაღნიშნული განჩინება მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა. მან გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

12. კასატორის მითითებით, გასაჩივრებულ განჩინებაში სასამართლომ მიიჩნია, რომ კომპანიის მიმართ მოსარჩელის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილი იყო კომპანიის დირექტორის - როგორც ფიზიკური პირის (არასათანადო მოპასუხის) მიმართ შეტანილი სარჩელით. გადაწყვეტილებაში დასაბუთებული არ არის, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენა რატომ შეწყდა არასათანადო მოპასუხის მიმართ შეტანილი სარჩელით.

13. დასკვნა, რომ ფიზიკური პირის წინააღმდეგ 12.12.2016 წელს შეტანილი სარჩელით შეწყდა კომპანიის მიმართ მოთხოვნის სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა, დაუსაბუთებელია იმიტომაც, რომ განსახილველი საქმეზე წარმოება არ შეწყდა ერთი და იმავე დავის არსებობის საფუძვლით (სსსკ-ის 272. ,,ბ" მუხლი). ესე იგი წინამდებარე სარჩელი სხვა სარჩელია. სარჩელთა იგივეობა დგინდება 3 კრიტერიუმით: სასარჩელო მოთხოვნების იგივეობა, მხარეთა იგივეობა და სარჩელის საფუძვლების იგივეობა. ამ შემთხვევაში იგივეა მხოლოდ სასარჩელო მოთხოვნა. მხარეები განსხვავებული არიან და განსხვავებულია საფუძველიც: პირველი სარჩელის საფუძველი იყო თანხის ვალდებულების გარეშე გადაცემა (რადგან სესხი არ დადასტურდა), ხოლო წინამდებარე სარჩელის საფუძველია თანხის ვალდებულების ძალით (სესხად) გადაცემა. ასეც რომ არ იყოს, მხოლოდ მხარეთა არაიგივეობა საკმარისია სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის გამოსარიცხად. არ არსებობს სამართლის ნორმა, რომლის ძალით შესაძლებელია ერთი პირის მიმართ შეტანილმა სარჩელმა შეწყვიტოს სასარჩელო ხანდაზმულობა სხვა პირის მიმართ.

14. სასამართლომ განმარტა, რომ ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტისათვის აუცილებელია, მხარის მიერ არჩეული საშუალება ვარგისი იყოს შესაბამისი შედეგის მისაღწევად. ამ განმარტების საპირისპიროდ, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყვეტილად მიიჩნიეს სხვა პირის მიმართ სარჩელის შეტანით, თითქოს, არასათანადო მოპასუხის მიმართ სარჩელის შეტანა ვარგისი ყოფილიყოს შედეგის მისაღწევად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

18. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

19. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

21. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

22. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

23. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ რაკი მსესხებელი მოთხოვნის წარმოშობას დაეთანხმა (შესაგებლის მიხედვით, მოპასუხემ მოსარჩელისაგან სესხად მიიღო 50 000 ლარი 1 წლის ვადით, საიდანაც დაუბრუნა მხოლოდ 24 000 ლარი) და წარდგენილია მხოლოდ მოთხოვნის განხორციელების დამაბრკოლებელ შესაგებელი (შესაგებლის მიხედვით, სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია), პალატა მოთხოვნის საფუძვლიანობაზე ამ მიმართებით იმსჯელებს.

24. კასატორის პრეტენზიის მიხედვით, თავდაპირველად, როდესაც მოსარჩელემ სარჩელი აღძრა დირექტორის წინააღმდეგ, არ შეწყდა ხანდაზმულობის ვადის დენა, რამდენადაც აღმოჩნდა, რომ ეს უკანასკნელი არ იყო სათანადო მოპასუხე, რადგან მოსარჩელეს მოთხოვნის უფლება ჰქონდა საწარმოს მიმართ. პალატა ნაწილობრივ იზიარებს კასატორის მსჯელობას და მიუთითებს, რომ, ზოგადად, სსკ-ის 138-ე მუხლის (ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება. შესაბამისად გამოიყენება 139-ე და 140-ე მუხლები) საფუძველზე ხანდაზმულობის შეწყვეტის ერთ-ერთი წინაპირობაა, რომ სამართლებრივი საშუალების გამოყენება უნდა მოხდეს უფლებამოსილი პირის მიერ ვალდებული პირის მიმართ (იხ. 138-ე მუხლის კომენტარი: სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, სვანაძე, თბილისი, 2017). კანონმდებელი პირდაპირ მიუთითებს, რომ ვადის დენა წყდება, თუ სარჩელს შეიტანს უფლებამოსილი პირი. შესაბამისად, არასათანადო მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრა არ წყვეტს ხანდაზმულობას. როგორც წესი, არც არასათანადო მოპასუხის წინააღმდეგ სარჩელის წარდგენა არ წყვეტს ხანდაზმულობის ვადის დენას. თუმცა სასამართლო ყოველი კონკრეტულ შემთხვევაში ფაქტობრივ გარემოებათა ურთიერთჯერებით, ხანდაზმულობის დამადასტურებელ და გამომრიცხავ გარემოებათა დამდგენი მტკიცებულებების სრულყოფილი გამოკვლევით წყვეტს - ხანდაზმულია თუ არა სარჩელი. ამასთან, თუ საქმის გარემოებებით ირკვევა, რომ ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყვეტილი იყო, სასამართლომ გადაწყვეტილება აღნიშნულის გათვალისწინებით უნდა მიიღოს.

25. საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 85-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, თუ საქმის განხილვისას სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია მოსარჩელის თანხმობით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით. თუ მოსარჩელე არ არის თანახმა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე. ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის მიზნებისათვის მნიშვნელოვანია საკასაციო სასამართლოს არაერთ საქმეზე გაკეთებული განმარტება, რომ ნორმა სასამართლოს ავალდებულებს, გამოარკვიოს სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად აირჩია თუ არა მოსარჩელემ ის პირი (მოპასუხე), რომელსაც თავისი დარღვეული უფლების აღდგენა უნდა მოსთხოვოს. ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლოსმიერ საქმეში არასათანადო მოპასუხის მონაწილეობის დადგენისას, სასამართლოს შეუძლია, შეცვალოს იგი სათანადო მოპასუხით. მითითებული საპროცესო მოქმედების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო განხილვის ეკონომიასთან და მეტად ეფექტური მექანიზმია დავის სწრაფად განსახილველად. აღნიშნულ ნორმასთან დაკავშირებით ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მითითებული საპროცესო მოქმედების განხორციელება არ არის მოსამართლის არჩევანზე დამოკიდებული. ნორმაში გამოყენებული ტერმინი ,,შეუძლია“ გულისხმობს საქმის მასალებიდან გამომდინარე მოსამართლის შესაძლებლობას, შეცვალოს არასათანადო მხარე სათანადო მხარით. ამ ღონისძიებათა გატარება დაკავშირებულია საქმის დროულად განხილვასა და ასევე, სამართლიანი და კანონიერი გადაწყვეტილების მიღებასთან. მხარეთა შეცვლისას მოსამართლე უნდა მოქმედებდეს საქმის ინტერესებიდან გამომდინარე და არა მისი სურვილის შესაბამისად. შესაძლებელია, საქმის მასალებით ვერ დადგინდეს, თუ ვინ არის სათანადო მხარე. ასეთ დროს მოსამართლე მოკლებულია შესაძლებლობას, შეცვალოს არასათანადო მხარე. მაგრამ თუ საქმის მასალებით ცალსახად დგინდება სათანადო მხარის არსებობა და მისი საქმეში ჩართვა არ არის დაკავშირებული გარკვეულ პროცესუალურ სირთულეებთან, მოსამართლე ვალდებულია, საქმეში ჩართოს სათანადო მხარე (იხ. საქმე №ას-522-496-2013, 25 დეკემბერი, 2014 წელი; ასევე შდრ. №ას-825-791-2016, 12 ივნისი, 2017 წელი).

26. პალატა განმარტავს, რომ, მართალია, სსსკ-ს 85-ე მუხლის დანაწესი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მოსარჩელის თანხმობით, საქმის შეუწყვეტლად შეიცვალოს მოპასუხე, მაგრამ ასეთი შეცვლის წინაპირობაა სასამართლომ დაადგინოს, რომ მოსარჩელის მიერ დასახელებულია არასათანადო მოპასუხე, რაც ზემოხსენებულ საქმეზე ქვედა ინსტანციების სასამართლოთა მიერ არ დადგენილა. უფრო მეტიც, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ კომპანიის დირექტორს გადასცა თანხა, რის გამოც იგი სათანადო მოპასუხედ მიიჩნია და სარჩელი დააკმაყოფილა. მხოლოდ უზენაესი სასამართლოს სამართლებრივი შეფასებით დადგინდა მოპასუხის არასათანადოობა (საკასაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ სადავო თანხა კომპანიის საქმიანობისთვის გადასცა, შესაბამისად, თანხის მიღებისას მოპასუხე მოქმედებდა არა როგორც ფიზიკური პირი, არამედ კომპანიის უფლებამოსილი წარმომადგენელი - დირექტორი, რაც გამორიცხავს მისთვის კომპანიის ნაცვლად პასუხისმგებლობის დაკისრებას. საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ვინაიდან მოსარჩელემ სადავო თანხა გადასცა კომპანიას და არა ფიზიკურ პირს - მოპასუხეს, სარჩელზე პასუხი არა ამ უკანასკნელმა, არამედ კომპანიამ უნდა აგოს). საკასაციო საქმისწარმოებისას კი, მოპასუხის შეცვლა დაუშვებელია. სწორედ ამიტომაა მართებული გასაჩივრებული განჩინების მსჯელობა, რომ ხანდაზმულობის ვადის დენა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შემდეგ თავიდან დაიწყო.

27. ამდენად, პალატა ასკვნის, რომ ხანდაზმულობის ვადის დენა, სსკ-ის 138-ე მუხლის შესაბამისად, შეწყდა მოსარჩელის მიერ თავდაპირველი სარჩელის წარდგენით 2016 წლის 12 დეკემბერს. ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა, სსკ-ის 139.1 მუხლის შესაბამისად, გაგრძელდა 2018 წლის 27 ნოემბრამდე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის ათვლა, სსკ-ის 141-ე მუხლიდან გამომდინარე, თავიდან დაიწყო ამ თარიღის მომდევნო დღიდან. რაკი სარჩელი აღძრულია 2019 წლის 28 მაისს, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ სარჩელი წარდგენილია სსკ-ის 129.1 მუხლით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის დაცვით.

28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის შედეგადაც მიიღო კანონიერი და უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისი გადაწყვეტილება.

29. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

30. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

31. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ: საქმე №ას-260-2020, 13 ოქტომბერი, 2021 წელი, №ას-522-496-2013, 25 დეკემბერი, 2014 წელი; №ას-825-791-2016, 12 ივნისი, 2017 წელი).

32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

33. სსსკ-ის 401.4-ე მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით (საქმე №ას-1180-2020) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე კასატორს სახელმწიფო ბაჟი გადაუვადდა. შესაბამისად, მას უნდა დაეკისროს გადავადებული სახელმწიფო ბაჟის, 1300 ლარის, 30% - 390 ლარის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „კ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. შპს „კ–ს“ (ს/კ ......) დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით (საქმე №ას-1180-2020) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გადავადებული სახელმწიფო ბაჟის 1300 ლარის 30% - 390 ლარის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე