Facebook Twitter

საქმე №ას-762-2021 31 იანვარი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლაშა ქოჩიაშვილი,

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ე.ჯ–ა“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ.გ–ვი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 19.04.2021წ. განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, თანამდებობაზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 23.07.2020 წლის გადაწყვეტილებით გ.გ–ვის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, ან „დასაქმებული“) სარჩელი შპს „ე.ჯ–ას“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „დამსაქმებელი“ ან „კასატორი“) მიმართ დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი 30.01.2020 წლის ,,თანამდებობიდან დაქვეითების შესახებ“ N01/02-27 ბრძანება. მოსარჩელე აღდგენილ იქნა მოპასუხის რბილი ავეჯის საამქაროში ნორმადირის თანამდებობაზე. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ოთხი თვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ჯამში - 1020 ლარის ოდენობით. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:

1.1. მოსარჩელე 2012 წელს მუშაობდა ხარისხის კონტროლის განყოფილებაში კონტროლიორად და მისი ყოველთვიური ხელფასი შეადგენდა 500 ლარს. მოპასუხის 18.02.2013 წლის ბრძანებით, მოსარჩელე ხარისხის კონტროლის განყოფილებიდან გადაიყვანეს რბილი ავეჯის საამქროს ლეიბების უბნის უფროსად, 03.01.2014 წლიდან - ცვლის ოსტატად, ხოლო 09.01.2015 წლის ბრძანებით - რბილი ავეჯის საამქროში ნორმადირის მოვალეობის შემსრულებლად, მისი ყოველთვიური ხელფასი შეადგენდა 850 ლარს საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით.

1.2. წარმოების დირექტორს და მოსარჩელეს შორის 29.01.2020 წელს სამუშაო საათებში და საამქროს თანამშრომლების თანდასწრებით, რბილი ავეჯის წარმოების საამქროში მოხდა ინციდენტი (ორივე მაღალი ტონით ლაპარაკობდა). აღნიშნულ ფაქტზე 30.01.2020 წელს მოპასუხის ადამიანური რესურსების სამმართველოს განყოფილების უფროსმა გენერალური დირექტორის და უსაფრთხოების ტექნიკის ინჟინრის თანდასწრებით შეადგინა აქტი. აქტის მიხედვით, წარმოების დირექტორს და მოსარჩელეს შორის მომხდარი ინციდენტით დაირღვა შინაგანაწესის მე-7 მუხლის 5, 9 და 16 პუნქტები.

1.3. მოსარჩელე 31.01.2020 წლიდან შინაგანაწესის მე-7 მუხლის 5, 9 და 16 პუნქტების დარღვევის გამო ნორმადირის თანამდებობიდან დაქვეითდა 6 თვის ვადით, გადაყვანილ იქნა მზა პროდუქციის საწყობში მუშად და ფიქსირებული ხელფასი შეუმცირდა 30%-ით. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის ყოველთვიური ხელფასი ნორმადირის თანამდებობაზე მუშაობისას იყო 850 ლარი, მზა პროდუქტების საწყობში გადაყვანისას მოსარჩელის შრომითი გასამრჯელო შეადგენდა 595 ლარს.

1.4. ნორმადირის თანამდებობაზე მუშაობისას მოსარჩელის მოვალეობაში შედიოდა საწარმოში რბილი ავეჯის დასამზადებლად მასალის რაოდენობის განსაზღვრა ტექნიკური ნახაზების შესაბამისად და ავეჯის დამზადების პროცესში შესრულებული სამუშაოს კონტროლი. მოსარჩელემ სტანდარტების შესაბამისობის დასადგენად განხორციელებული შემოწმების დროს გადაიღო რბილი ავეჯის დამზადებისას ,,სავარაუდო ტექნოლოგიური დარღვევის“ ამსახველი ფოტოსურათები და შეატყობინა წარმოების დირექტორს.

1.5. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 29.01.2020 წელს მოსარჩელესა და წარმოების დირექტორს შორის მომხდარი კონფლიქტით დაირღვა მოპასუხის შინაგანაწესით დადგენილი წესები და პირობები, რომლის დაცვაც კომპანიის თანამშრომლების ვალდებულებაში შედიოდა. სასამართლომ განმარტა, რომ სამუშაო პროცესთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი, რაოდენ მწვავედაც არ უნდა აღიქმებოდეს, მშვიდობიანი და თავაზიანი მოლაპარაკებების გზით უნდა გადაწყდეს. სასამართლომ უნდა შეამოწმოს დამსაქმებლის მიერ მიღებული ღონისძიება - ნორმადირის თანამდებობიდან დაქვეითება და სხვა თანამდებობაზე გადაყვანა, ფიქსირებული ხელფასის 30%-მდე შემცირებით იყო თუ არა კანონის შესაბამისი და თანაზომიერი ჩადენილი გადაცდომის ხარისხთან. სასამართლომ მიუთითა შრომის სამართალში მოქმედ მტკიცების ტვირთის განაწილების წესზე და განმარტა, რომ დამსაქმებელმა უნდა ამტკიცოს სადავო ბრძანების კანონიერება და დაასაბუთოს მოსარჩელის მუშად გადაყვანის საკანონმდებლო საფუძველი, გამოყენებული დისციპლინური სახდელის რელევანტურობა და პროპორციულობა, აგრეთვე, დასაქმებულის უნარებისა და შესაძლებლობების შესაბამისობა განსახორციელებელ სამუშაოსთან.

1.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. სასამართლომ უნდა შეაფასოს დამსაქმებლის მხრიდან სამოქალაქო უფლების განხორციელების მართლზომიერება. მოქმედი შრომის კოდექსი დამსაქმებლის ძალაუფლებისა თუ დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების გამოსარიცხად საკანონმდებლო ჩარჩოებს ადგენს. დამსაქმებელს კანონმდებელი დისციპლინური ღონისძიების სახის განსაზღვრისას შეუზღუდავ დისკრეციას არ ანიჭებს და ავალდებულებს, იმ შემთხვევაში დაადგინოს შრომის კოდექსისგან განსხვავებული წესები თუ ისინი არ აუარესებენ დასაქმებულის სამართლებრივ მდგომარეობას. მოპასუხემ სადავო ბრძანების გამოცემისას ცალმხრივად, სადამსჯელო ღონისძიების ფარგლებში შეცვალა დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის ორი არსებითი პირობა - ნორმადირის თანამდებობიდან მოსარჩელე გადაიყვანა მზა პროდუქციის საწყობში მუშად და შრომის ანაზღაურების ოდენობა - ფიქსირებული ხელფასი შეუმცირა 30%-ით. საფუძვლიანია მოთხოვნა ბრძანების ბათილად ცნობისა და მოსარჩელის რბილი ავეჯის საამქროში ნორმადირის თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე. ასევე უნდა დაკმაყოფილდეს მოთხოვნა იძულებით განაცდურის ანაზღაურების ნაწილშიც და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 4 თვის განაცდური ხელფასი, რაც ხელფასის სხვაობის გათვალისწინებით შეადგენს 1020 ლარს.

2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 19.04.2021 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნია, რომ არსებობდა ბრძანების ბათილად ცნობის, თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების საფუძველი.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

8. წინამდებარე საკასაციო საჩივრის ფარგლებში სასამართლოს მსჯელობის საგანია შრომითი ურთიერთობის ფარგლებში დასაქმებულის მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენების მართლზომიერება, რა დროსაც უნდა შეფასდეს დასაქმებულის ქცევა და გამოყენებული სახდელის პროპორციულობა. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ შრომითსამართლებრივი ურთიერთობა ეფუძნება მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეულ შეთანხმებას (საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში სშკ) მე-2 მუხლის მე-2 ნაწილი) (წინამდებარე განჩინებაში მითითებულია და შეფასებულია სშკ-ის ნორმები დასაქმებულისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრების მომენტში მოქმედი რედაქციით). შრომითი ურთიერთობისას მხარეებმა უნდა დაიცვან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები (სშკ-ის მე-2 მუხლის მე-6 ნაწილი). შრომითი ურთიერთობებისადმი წმინდა სახელშეკრულებო მიდგომის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი, რადგან კლასიკურად ასეთი ურთიერთობა მოიცავს მის მონაწილეთა შეთანხმებას თანაბარ საწყისებზე, მაშინ, როდესაც შრომით ურთიერთობაში ერთი პირი ნებაყოფლობით თანხმდება მეორის დაქვემდებარებაში ყოფნას (სუსგ Nას-98-94-2016, 26.07.2016წ.; სუსგ №ას-368-2019, 31.07.2019წ.). ამასთან, შრომითსამართლებრივ დავებში მნიშვნელოვანია გამოირიცხოს დამსაქმებლის მიერ უფლების ბოროტად გამოყენება. სსკ-ის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ფუნქციაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაა. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი, აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა (სუსგ Nას-1350-2019, 27.11.2019წ.).

9. შრომითი მოვალეობის დარღვევისათვის დასაქმებულის პასუხისმგებლობის საფუძვლებს ადგენს თავად შრომის კოდექსი. პასუხისმგებლობის ფორმად კი, კანონმდებლობა განიხილავს, როგორც შრომითი ვალდებულების დარღვევიდან ნაწარმოებ მეორად მოთხოვნებს (ზიანის ანაზღაურება), ისე - დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების შესაძლებლობას. დისციპლინური პასუხისმგებლობის რეგულაციას კანონმდებელი მთლიანად შრომის შინაგანაწესს უკავშირებს (სშკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზიანის ანაზღაურებასთან ერთად დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი მთლიანად დამსაქმებლის დისკრეციულ უფლებათა სპექტრს განეკუთვნება, თუმცა, იგი არ შეიძლება გაგებულ იქნას დამსაქმებლის აბსოლუტურ უფლებად, რამეთუ ე.წ დასაქმებულის დასჯის მექანიზმი შრომის კოდექსით განსაზღვრული თავისებურებების გათვალისწინებით, მეტ-ნაკლებად უნდა იცავდეს სშკ-ის მე-2 მუხლით აღიარებულ თანასწორობის პრინციპს და არ უნდა იქცეს დამსაქმებლისთვის თვითნებობის საფუძვლად (შდრ. №ას-344-322-2017, 11.10.2017წ.; სუსგ Nას-57-2020, 05.06.2020წ.).

10. მოსარჩელის მოვალეობაში შედიოდა საწარმოში ტექნიკური ნახაზების შესაბამისად რბილი ავეჯის დასამზადებლად მასალის რაოდენობის განსაზღვრა და ავეჯის დამზადების პროცესში შესრულებული სამუშაოს კონტროლი. სასამართლოების მიერ დადგენილია და საკასაციო საჩივრით შედავებული არ არის, რომ მოსარჩელესა და წარმოების დირექტორს შორის მოხდა ინციდენტი (მაღალი ტონით საუბარი), რაც შინაგანაწესის დარღვევას წარმოადგენდა.

11. მნიშვნელოვანია მსგავს ვითარებაში მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესის სწორად განსაზღვრა. როდესაც დამსაქმებელი განკარგავს უფლებას დასაქმებულის მიმართ პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო დასაქმებული შეედავება მას, ბუნებრივია, მოსარჩელეს ეკისრება პასუხისმგებლობის გამომრიცხავი ფაქტების მითითება, თუმცა, გამოყენებული ღონისძიების კანონიერების, მათ შორის, პროპორციულობის მტკიცება ეკისრება დამსაქმებელს (სუსგ №ას-344-322-2017, 11.10.2017წ.). საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დამსაქმებლის მიერ დარღვევის (გადაცდომის) ჩადენისას გამოყენებულ უნდა იქნეს ისეთი ზომები, რომელიც არსებულ ვითარებას გამოასწორებს, გააუმჯობესებს, დასაქმებულ მუშაკს უკეთესს გახდის, კვალიფიკაციას აუმაღლებს, უფრო წინდახედულად და გულისხმიერად მოქცევას აიძულებს. შესაბამისად, მიზანშეწონილობის კუთხით, გადაცდომის დროს არჩეულ უნდა იქნეს პროპორციული დასჯის მექანიზმი, რაც, შედეგობრივად, გარდა იმისა, რომ დამრღვევს დასჯის, მას და სხვა დასაქმებულებს უფრო ეფექტური შრომის მოტივაციას შეუქმნის. საკასაციო პალატა ერთმნიშვნელოვნად უსვამს ხაზს ზომიერი ბალანსის დაცულობის აუცილებლობას დისციპლინური ღონისძიების გამოყენებასა და მუშაკის მიერ განხორციელებულ დარღვევას შორის (შდრ. სუსგ N ას- 536-2021, 21.09.2021წ.).

12. საკასაციო საჩივრის ფარგლებში სადავოა გამოყენებული დისციპლინური სახდელის მართლზომიერება დარღვევასთან მისი თანაზომიერების და პროპორციულობის ჭრილში. დისციპლინური პასუხისმგებლობის პროპორციულობის შეფასების მიზნებისთვის უნდა აღინიშნოს, რომ სადავო ინციდენტი გამოიწვია არა პირადი ხასიათის პრობლემამ, არამედ საწარმოო პროცესთან დაკავშირებულმა საკითხმა, კერძოდ, მოსარჩელეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების (კონტროლის) პროცესში გაუჩნდა ეჭვი, რომ ირღვეოდა ტექნოლოგიური პროცესი, რის თაობაზეც ფოტომასალით მიმართა წარმოების დირექტორს, რასაც ამ უკანასკნელის აღელვება, შემდეგ კი შელაპარაკება მოჰყვა. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ იმისაგან დამოუკიდებლად, დარღვევა დადგინდებოდა თუ არა, დასაქმებულის ქცევა (ეჭვის თაობაზე უფლებამოსილი პირისათვის მიმართვა) შრომითი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებას გულისხმობდა, თუმცა არ ათავისუფლებდა შინაგანაწესის დაცვის ვალდებულებისაგან. დამსაქმებელი დაინტერესებული უნდა იყოს დარღვევის ნებისმიერი სავარაუდო ფაქტის მოკვლევით. გასათვალისწინებელია ისიც, რომ დადგენილი არ არის ინციდენტით დაწესებულებაში ნორმალური სამუშაო პროცესის შეფერხების ან/და მოპასუხისთვის რაიმე ზიანის მიყენების ფაქტი, რაც შეიძლება საფუძვლად დადებოდა დისციპლინური სახდელის სახით თანამდებობრივი დაქვეითების და ხელფასის შემცირების გამოყენებას. მოპასუხის შესაგებელი არ შეიცავს რაიმე მითითებას გამოყენებული სახდელის პროპორციულობის თაობაზე. შესაგებელი ძირითადად აგებულია მასზე, რომ მოსარჩელის ეჭვი ტექნოლოგიური პროცესის დარღვევასთან დაკავშირებით, იყო უსაფუძვლო და წუნდებული ავეჯის დამზადება უნდა დადასტურებულიყო ექსპერტის დასკვნით ან სპეციალისტის ცნობით (იხ. შესაგებელი, ს.ფ.40-49). ყოველივე ზემოაღნიშნულზე დაყრდნობით საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დაუსაბუთებელია მოპასუხის პოზიცია უფრო მსუბუქი სახდელის შეფარდების მიზანშეუწონლობაზე. დამსაქმებელმა მოსარჩელის მიმართ გამოიყენა არაპროპორციული მექანიზმი, რაც შრომითი უფლებების ხელყოფად უნდა შეფასდეს. სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა სარჩელი ბრძანების ბათილად ცნობის, თანამდებობაზე აღდგენის და განაცდური ხელფასის სახით თანამდებობრივ სარგოებს შორის სხვაობის მოპასუხისთვის დაკისრების თაობაზე.

13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

14. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

15. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ე.ჯ–ას“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. შპს „ე.ჯ–ას“ (ს/ნ: .....) უკან დაუბრუნდეს მ.ი–ის (პ/ნ: .....) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადასახადო დავალება №0, გადახდის თარიღი 18.09.2021წ.) 70% – 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

რევაზ ნადარაია