საქმე №ას-219-2021 9 დეკემბერი, 2021 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი,
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ჩ–ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 24.12.2020წ. განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „დამსაქმებელი“ , „სამინისტრო“ ან „კასატორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ.ჩ–ძის მიმართ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“ ან „დასაქმებული“) ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ წარდგენილი წერილობითი შესაგებლით სასარჩელო მოთხოვნა არ ცნო და მიუთითა მის ხანდაზმულობაზე.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 28.01.2020 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:
3.1. მოპასუხე 10.07.1994 წლიდან 01.11.2012 წლამდე დასაქმებული იყო სამინისტროში.
3.2. სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში შეიარაღების, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის ინვენტარიზაციის შედეგებზე შედგენილი დასკვნის თანახმად, მინისტრის 31.12.2013 წლის №1013 ბრძანების საფუძველზე ლოჯისტიკის შეიარაღების სამმართველოს პირველი განყოფილების განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორების მიერ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში ჩატარებული იქნა შეიარაღების, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის ინვენტარიზაცია, რის შედეგადაც გამოვლინდა სხვადასხვა სახის დანაკლისი და ზედმეტობა, მათ შორის, ერთი ცალი ელექტროშოკის პისტოლეტი ,,სტინგერ შ-200’’ და ამავე პისტოლეტის 12 ცალი კარტრიჯი. სამსახურებრივი შემოწმების დროს გამოკითხული მატერიალურად პასუხისმგებელი პირის - მოპასუხის განმარტებით, ხსენებული აღჭურვილობა 2009 წელს მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე მიიღო სამსახურებრივი საჭიროებისათვის, ხოლო 2012 წელს შს სამინისტროდან დათხოვნისას გადასცა სხვა თანამშრომლებს, თუმცა კონკრეტულად ვის და შედგა თუ არა აღნიშნულზე შესაბამისი დოკუმენტი, ვერ განმარტა.
3.3. მოპასუხეს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ელექტროშოკის პისტოლეტი ,,სტინგერ შ-200’’ და ამავე პისტოლეტის 12 ცალი კატრიჯი მოსარჩელისგან მიღებული აქვს 19.06.2009 წელს.
3.4. ერთი ცალი ელექტროშოკის პისტოლეტი ,,სტინგერ შ-200’’-ის ღირებულებაა 1 557.10 ლარი, ხოლო ამავე პისტოლეტის 12 ცალი კატრიჯის ღირებულებაა 865.08 ლარი.
3.5. მხარეთა შორის სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის და მოპასუხის მიერ მოსარჩელის მიმართ რაიმე სახის დანაკლისის არარსებობის თაობაზე 01.11.2012 წელს შედგენილია შემოვლის ფურცელი №711.
3.6. შესაგებლით მოპასუხემ სადავო გადახადა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხი და მიუთითა, რომ გასულია სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა, რაც გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილებას. მოსარჩელე ითხოვს შრომითი ურთიერთობის განმავლობაში მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. სასამართლომ მიუთითა საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში სშკ) 44-ე მუხლზე, ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგეში სსკ) 128-ე, 129-ე, 144-ე მუხლებზე და განმარტა, რომ ხანდაზმულობის ინსტიტუტი კრედიტორის უფლების იძულებით განხორციელებაზე ან დაცვაზე ზემოქმედების ძლიერი მატერიალურ-სამართლებრივი საშუალებაა, რამდენადაც, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. ასეთ შემთხვევაში, მოთხოვნა მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით კვლავ განაგრძობს არსებობას, თუმცა შეუძლებელია სასამართლო წესით ამ მოთხოვნის იძულებით განხორციელება.
3.7. სსკ-ის 130-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. აღნიშნული მუხლის თანახმად, ყურადღება უნდა მიექცეს ორ ელემენტს, რომლებსაც უკავშირდება მოთხოვნის წარმოშობის დრო: პირმა შეიტყო უფლების დარღვევის შესახებ და/ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. პირველ შემთხვევაში, არსებობს ფაქტები, რომლებიც პირდაპირ მიუთითებენ მისი უფლების დარღვევის ცოდნაზე, ხოლო, მეორე შემთხვევაში, არ არსებობს ასეთი ფაქტები, მაგრამ არსებობს გარემოებები, რომლებიც მიუთითებს, რომ პირს უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ, მაგრამ, თავისი დაუდევრობის გამო ვერ შეიტყო.
3.8. მხარეთა შორის სამსახურებრივი ურთიერთობა შეწყდა 01.11.2012 წელს და ამ დროისათვის მოსარჩელის მიმართ მოპასუხის ვალდებულების არარსებობის ფაქტი დადასტურებულია 01.11.2012 წლის შემოვლის ფურცლით. შესაბამისად, სასამართლომ არ გაიზიარა პოზიცია, რომ ხანდაზმულობის ვადის ათვლის თარიღად მიჩნეულ უნდა იქნეს 23.03.2017 წლის დასკვნა, ვინაიდან მოსარჩელისთვის ამ დროს გახდა ცნობილი დანაკლისის არსებობის თაობაზე. 01.11.2012 წლის შემოვლის ფურცლით დამსაქმებელს - მოსარჩელეს აღიარებული აქვს ის ფაქტი, რომ მოპასუხეს მის მიმართ არ გააჩნდა რაიმე ვალდებულება შესასრულებელი. შესაბამისად, სარჩელი აღძრულია სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ - 17.10.2019 წელს. ამასთან, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ შემოვლის ფურცლის შესაბამისად, სხვადასხვა დეპარტამენტს მოპასუხის პასუხისმგებლობის არარსებობის ფაქტი დადასტურებელი აქვს სხვადასხვა თარიღში. მათ შორის ყველაზე გვიანი ხელმოწერა დაფიქსირებულია 28.01.2015 წელს. ხანდაზმულობის ვადის საწყისად ამ თარიღის მიჩნევის შემთხვევაშიც კი, უდავოა, რომ სარჩელი წარდგენილია ხანდაზმულობისთვის დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
4. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 24.12.2020 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნია, რომ სარჩელი წარდგენილი იყო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გასვლის შემდეგ, რაც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
საკასაციო საჩივარი აგებულია შემდეგ მოსაზრებებსა და სავარაუდო დარღვევებზე:
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
6.1. სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ის 130-ე მუხლი.
6.2. მინისტრის 31.12.2013 წლის №1013 ბრძანების საფუძველზე ლოჯისტიკის შეიარაღების სამმართველოს პირველი განყოფილების განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორების მიერ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში ჩატარებული იქნა შეიარაღების, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის ინვენტარიზაცია, რის შედეგადაც გამოვლინდა სხვადასხვა სახის დანაკლისი. კერძოდ, გამოვლინდა ელექტროშოკის პისტოლეტის, ,,სტინგერ შ-200’’-ის და ამავე პისტოლეტის 12 ცალი კარტრიჯის დანაკლისი, რომლებზეც მატერიალურად პასუხისმგებელი პირი იყო მოპასუხე. სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ვალდებული იყო სცოდნოდა დანაკლისის შესახებ 01.11.2012 წლიდან. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ მოსარჩელემ ზიანის მიყენების შესახებ გაიგო 2017 წელს და მას ეს არ შეიძლება სცოდნოდა მოპასუხის სამსახურიდან წასვლის დროს.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
8. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
9. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
10. წინამდებარე საქმეში მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეს, როგორც მატერიალური პასუხისმგებლობის მქონე თანამშრომელს, დაეკისროს ზიანის (ნივთების დანაკლისის ღირებულების) ანაზღაურება. აღნიშნულს მოპასუხემ დაუპირისპირა მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი და მიუთითა სარჩელის ხანდაზმულობაზე (სსკ-ის 144-ე მუხლის პირველი ნაწილი), რაც გაიზიარა სასამართლომ და ამ საფუძლით სარჩელი არ დააკმაყოფილა.
11. სსკ-ის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროს, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია, საკუთარი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა ისაა, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იძულებით ვერ განხორციელდება, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე (სსკ-ის 144-ე მუხლის პირველი ნაწილი). სსკ-ის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე (სუსგ №ას-1191-2019 , 04.12.2019წ.).
12. ხანდაზმულობის ვადების დაწესებით, კანონმდებლის მიზანია გამორიცხოს კრედიტორის უფლების განხორციელების არათანაზომიერად ან ბოროტად გამოყენების საფრთხე. გარდა ამისა: ა) ხანდაზმულობის ვადა სასამართლოს უმსუბუქებს ფაქტების დადგენისა და შესწავლის პროცესს და ამ გზით ხელს უწყობს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას; ბ) ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილიზაციას; გ) აძლიერებს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტების ურთიერთკონტროლსა და იძლევა დარღვეული უფლების დაუყონებლივ აღდგენის სტიმულირებას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები სამოქალაქო სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემატურ საკითხებზე, თბილისი, 2007, გვ.63; სუსგ №ას-986-2019, 16.10.2019წ.). სსკ-ის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს.
13. დადგენილია და საკასაციო საჩივრით შედავებული არ არის, რომ მოპასუხე 01.11.2012 წლამდე დასაქმებული იყო მოპასუხე სამინისტროში, რომელიც დაინტერესებული უნდა ყოფილიყო მატერიალური პასუხისმგებლობის მქონე თანამშრომლისაგან დაებრუნებინა სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების მიზნით გადაცემული ნივთები.
14. 01.11.2012 წლით დათარიღებული შემოვლის ფურცლით, რომელსაც ხელს აწერს სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელი, დადასტურებულია მოსარჩელის მიმართ მოპასუხის ვალდებულების არარსებობის ფაქტი (ს.ფ. 55). შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სსკ-ის 130-ე მუხლზე დაყრდნობით მართებულად დაუკავშირეს ხანდაზმულობის ვადის ათვლის თარიღი ზემოაღნიშნულ შემოვლის ფურცელს და არა 23.03.2017 წლის დასკვნას დანაკლისის გამოვლენის თაობაზე. საგულისხმოა, რომ შემოვლის ფურცელზე მოპასუხის პასუხისმგებლობის არარსებობის ფაქტი სხვადასხვა დეპარტამენტს დადასტურებელი აქვს სხვადასხვა დროს, მათ შორის, ყველაზე გვიანი ხელმოწერა დაფიქსირებულია 28.01.2015 წელს. ხანდაზმულობის ვადის საწყისად ამ თარიღის მიჩნევის შემთხვევაშიც, უდავოა, რომ სარჩელი წარდგენილია ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გასვლის შემდეგ - 17.10.2019 წელს.
15. სსკ-ის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. ამდენად, მოთხოვნა ხანდაზმულობის გამო მართებულად არ დაკმაყოფილდა.
16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
17. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
18. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
19. კასატორი სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
რევაზ ნადარაია