Facebook Twitter

საქმე №ას-331-2021 15 თებერვალი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „კ.ბ–ნი ..“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ს.ს–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 10.02.2021წ. განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ს.ს–ძემ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „კ.ბ–ნი …“-ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე", „კასატორი“) მიმართ გათავისუფლების თაობაზე ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით.

პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 12.06.2020 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის დირექტორის 05.12.2019 წლის ბრძანება 09.12.2019 წლიდან მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ და მოსარჩელე აღდგენილ იქნა ხელშეკრულების შეწყვეტამდე არსებულ - იურისტის თანამდებობაზე. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 05.02.2020 წლიდან სამსახურში აღდგენამდე, ყოველთვიურად 3100 ლარის ოდენობით, შემდეგ გარემოებათა გამო:

2.1. 12.06.2020 წელს დანიშნულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე, რომელსაც სხდომის შესახებ ეცნობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

2.2. სსსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

2.3. სარჩელში მითითებული გარემოებები საქართველოს შრომის კოდექსის ((შემდეგში სშკ) (წინამდებარე განჩინებაში მითითებულია და შეფასებულია სშკ-ის ნორმები დასაქმებულის გათავისუფლების მომენტში მოქმედი რედაქციით) 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის, 44-ე მუხლის, ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 408-ე მუხლის შესაბამისად, იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.

3. დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხემ გაასაჩივრა საჩივრით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 24.07.2020 წლის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ამავე სასამართლოს 12.06.2020 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

4. დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მისი უცვლელად დატოვების თაობაზე სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 10.02.2021 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ასევე განჩინება მისი ძალაში დატოვების თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

5.1. სარჩელში მოსარჩელე მიუთითებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

5.1.1. 01.07.2008 წლიდან მოსარჩელე დასაქმდა მოპასუხის იურისტის პოზიციაზე და სამსახურიდან გათავისუფლებამდე - 11 წლისა და 4 თვის განმავლობაში უწყვეტად ასრულებდა ამავე უფლებამოსილებას. 01.03.2019 წელს მხარეთა შორის დაიდო უვადო შრომითი ხელშეკრულება. მოსარჩელის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება შეადგენდა 3100 ლარს.

5.1.2. მოსარჩელეს 09.12.2019 წლიდან შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე (ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას). დასაქმებულმა მიმართა მოპასუხეს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების წერილობით დასაბუთების მოთხოვნით, თუმცა მოთხოვნას რეაგირება არ მოჰყოლია.

5.1.3. დამსაქმებელს არასდროს ჰქონია განზრახვა გაეუქმებინა საწარმოს იურისტის ერთადერთი შტატი. მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლებამდე დირექტორის მრჩევლის თანამდებობაზე დასაქმდა მოქმედი ადვოკატი. ორგანიზაციულ ცვლილებებზე მითითებით ფორმალურად გაუქმდა იურისტის თანამდებობა, თუმცა დირექტორის მრჩევლის სტატუსით შენიღბულ პოზიციაზე, რეალურად იურისტის უფლებამოსილებებით, მოსარჩელის ნაცვლად განწესდა სხვა იურისტი.

5.2. 12.06.2020 წელს დანიშნულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხის არცერთი წარმომადგენელი. მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

5.3. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შემდგომ, იმავე დღეს, სასამართლოს განცხადებით მიმართა მოპასუხის წარმომადგენელმა გ.ნ–მა და განმარტა, რომ სხდომაზე ვერ გამოცხადდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, რის შესახებაც სასამართლოს წინასწარი გაფრთხილების შესაძლებლობა არ გააჩნდა. განცხადებას ერთვის 12.06.2020 წლით დათარიღებული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ტ.1, ს.ფ 193-195). ცნობაში აღნიშნულია, რომ გ.ნ–მა 12.06.2020 წელს 10:10 საათზე მიმართა შპს „4 ს.ც–ს“ ტკივილით გულ-მკერდის არეში და არტერიული ჰიპერტენზიით. პაციენტი კლინიკაში შესვლისას უჩიოდა მოჭერითი ხასიათის ტკივილს გულ-მკერდის არეში, რომელიც გადაეცემა მარცხენა ბეჭის და ზემო კიდურის არეში, ტკივილი დაეწყო დილით გაღვიძებისთანავე, უჩივის სისუსტეს, გულის ფრიალს, ჰაერის უკმარისობას, არტერიული წნევის ცვალებადობას, პირის სიმშრალეს, თავის ტკივილს, კანკალს, აფორიაქებას, რასაც უკავშირებს ნერვიულობასა და სტრესს. პაციენტის მიერ სამკურნალო დაწესებულების დატოვების დროდ მითითებულია 12.06.2020 წლის 12:45 საათი. ცნობას ხელს აწერს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელი ლ.გოგლიძე, ხოლო მკურნალ ექიმად მითითებულია სხვა პირი - თ. ჭ–ა. დამატებით, ამავე სამედიცინო ცნობის შემდგენის მიერ 26.06.2020 წლით დათარიღებული ცნობა მიუთითებს, რომ ზემოჩამოთვლილი სიმპტომების ერთობლიობიდან გამომდინარე, პაციენტს არ შეეძლო გადაადგილება ტკივილის მოხნამდე.

5.4. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 03.01.2019 წლის ბრძანების მეოთხე მუხლის თანახმად, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების მიმწოდებელი ყველა ამბულატორიული სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია, სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გადასცეს ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების (EHR) სისტემაში, ამ ბრძანების №1 დანართის მოთხოვნათა შესაბამისად. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მომართვებით დგინდება, რომ ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში პაციენტ გ.ნ–ისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევის შესახებ ინფორმაცია არ ასახულა, რაც გამორიცხავს სახელმწიფო თანადაფინანსების არსებობას 12.06.2020 წელს მიღებულ სამედიცინო მომსახურებებში.

5.5. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 09.08.2007 წლის ბრძანების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემულ ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა), ხელს აწერს მკურნალი ექიმი და დაწესებულების პასუხისმგებელი პირი (ხელმძღვანელი/მისი მოადგილე) და იგი უნდა დამოწმდეს დაწესებულების ბეჭდით. მესამე პუნქტის თანახმად, სამედიცინო დაწესებულება უზრუნველყოფს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობების აღრიცხვას სპეციალურ ჟურნალში, რიგითი ნომრის მინიჭებით. 12.06.2020 წლით დათარიღებული ფორმა N100-ზე არ არის მკურნალი ექიმის ხელმოწერა. სასამართლო დადასტურებულად ვერ მიიჩნევს, რომ 12.06.2020 წელს გ.ნ–ის ჯანმრთელობის გართულებული მდგომარეობის სახით არსებობდა საპატიო გარემოება სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობისთვის.

5.6. სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის 93-ე და ამავე კოდექსის 99-ე მუხლებზე და განმარტა, რომ შესაგებელთან ერთად წარდგენილი მინდობილობა ა.ნ–ისა და მ.ე–ისთვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ, დათარიღებულია 22.11.2019 წლით. 10.03.2020 წლის გ.ნ–ის მიერ წარდგენილი განცხადებით ირკვევა, რომ მას საქმის წარმოების უფლებამოსილება მიენიჭა 04.03.2020 წლიდან, თუმცა არც განცხადება და არც მასზე თანდართული მინდობილობა არ შეიცავს მითითებას სხვა წარმომადგენელთათვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ. მოგვიანებით, საჩივრის ავტორის მიერ წარდგენილია 04.03.2020 წლის ბრძანება ა.ნ–ისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ (ტ.1, ს.ფ 337). ამრიგად, გ.ნ–ის მიერ საქმეში ჩართვის მოთხოვნით განცხადების წარდგენისას ა.ნ–ის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული უნდა ყოფილიყო, თუმცა მითითებული ბრძანების არსებობა სასამართლოსთვის არავის შეუტყობინებია.

5.7. პალატამ მიუთითა, რომ უფლებამოსილების შეწყვეტის წესს, რომელიც შემოთავაზებულია სსსკ-ის 99-ე მუხლით, პრაქტიკული მნიშვნელობა გააჩნია. საქმეში არსებული რწმუნებულება ითვლება ნამდვილად და იურიდიული ძალის მქონედ, ვიდრე ასეთი რწმუნებულების მოქმედების შეწყვეტის შესახებ მხარის ნება არ გაცხადდება სასამართლოს წინაშე ობიექტური ფორმით. ბრძანება ისახავდა კონკრეტულ მიზანს - წარმომადგენლებისთვის უშუალოდ წინამდებარე სარჩელზე მიმდინარე საქმის წარმოების პროცესში მინიჭებული რწმუნებულებების გაუქმებას, ამდენად, მარწმუნებლის ნების მთავარი ადრესატი სწორედ სასამართლო იყო. მხარეს, შესაძლოა, ჰქონდა სუბიექტური ნება ამავე მინდობილობის გასაუქმებლად და კიდეც მისცა მას წერილობითი ფორმა, მაგრამ ნება ადრესატის მიმართ ობიექტური ფორმით გამოვლინდა და სამართლებრივი შედეგი წარმოშვა მხოლოდ 21.07.2020 წელს, ბრძანებების სასამართლო სხდომაზე წარდგენით.

5.8. მ.ე–ისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ გამოცემულ ბრძანებასთან მიმართებით სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ მოპასუხე ბრძანების თარიღს და ბრძანების გამომცემი პირის დასახელებაში დაშვებულ შეცდომას (ბრძანებაში მისი გამოცემის თარიღის, 16.02.2019-ის ნაცვლად მითითებული უნდა იყოს 16.02.2020; ხელმომწერ პირად მითითებული თ.ა–ვის ნაცვლად, მითითებული უნდა იყოს თ.ა–ვი) უკავშირებს ტექნიკურ უზუსტობას, თუმცა დოკუმენტის გაცემის თარიღი და ბრძანების ნომრები ემთხვევა ერთმანეთს. მოპასუხეს შეეძლო სასამართლოსთვის წარმოედგინა ბრძანებების წიგნი ან მისი ტოლფასი შიდაორგანიზაციული დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა, რომ ბრძანება №16-03-2019 გამოიცა სწორედ 2020 წელს და არა 2019 წელს. მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს მითითებული ბრძანების 2020 წელს გამოცემას და ბრძანების თარიღის ტექნიკურ უზუსტობას, საქმეში წარმოდგენილი არ არის.

5.9. სასამართლოს განმარტებით, საკმარისი არ არის მარტოოდენ მითითება დავის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობის შესახებ, თუ საქმის მასალებით არ დგინდება მხარის სურვილი, მიიღოს მონაწილეობა საქმის განხილვაში. ასეთი ნება უნდა ვლინდებოდეს წინასწარ, გონივრულ ვადაში, განხორციელებული შეტყობინებით სასამართლოს სხდომაზე გამოუცხადებლობის შეუძლებლობის თაობაზე. მხარემ სასამართლოს უნდა შეუქმნას რწმენა, რომ პასუხისმგებლობით ეკიდება სხდომაზე მონაწილეობისა და საქმის განხილვის საკითხს, შენარჩუნებული აქვს იურიდიული ინტერესი დავის მიმართ, სურს, დროულად შეატყობინოს სასამართლოს ობიექტური გარემოება. სწორედ ასეთი გარემოების არსებობისას უნდა ჩაითვალოს გამოუცხადებლობა საპატიოდ. წარსულში განხორციელებულ საპროცესო მოქმედებებზე მითითებით იურიდიული ინტერესის დასაბუთება გაუმართლებელია, რამდენადაც იგი შეიძლება გაქარწყლებულიყო მოგვიანებითაც. მოპასუხეს შეეძლო პირველი ინსტანციის სასამართლოში წარმოდგენილი ყოფილიყო უშუალოდ დირექტორის ან სხვა რწმუნებული პირების მეშვეობით. მოპასუხემ ვერ დაძლია სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიოობის მტკიცების ტვირთი.

5.10. სარჩელში მითითებული გარემოებები, რომელიც დამტკიცებულად მიიჩნევა მოპასუხე მხარის სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო, იურიდიულად ამართლებს მოთხოვნას სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, ამავე კოდექსის 31-ე, 32-ე, 38-ე, 44-ე, სსკ-ის 54-ე და 408-ე მუხლების შესაბამისად.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება, საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

8. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

9. საკასაციო საჩივრის ობიექტია სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომლითაც უცვლელი დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი უცვლელად დატოვების თაობაზე განჩინება.

10. გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია და საკასაციო საჩივრით შედავებული არ არის, რომ მოპასუხეს 12.06.2020 წელს დანიშნული სხდომის შესახებ ეცნობა სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

11. სსსკ-ის 241-ე მუხლით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს სსსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

12. სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველ ნაწილში მოცემულია იმ შემთხვევების ჩამონათვალი, რომელთა არსებობის დროს დაუშვებელია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, კერძოდ, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.

13. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს უწყება ჩაჰბარდა კანონით გათვალისწინებული წესების დაცვით, თუმცა იგი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ უცნობებია.

14. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველ ნაწილში მოცემული ჩამონათვალის გარდა მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობის და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა (სუსგ Nას-1410-1330-2017, 30.01.2018წ.).

15. სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად. აღნიშნული ნორმის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

16. იმისათვის, რომ სასამართლომ პროცესზე მხარის გამოუცხადებლობა საპატიოდ მიიჩნიოს, უნდა არსებობდეს ორი წინაპირობა: 1. გამოუცხადებლობა გამოწვეული უნდა იყოს განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით; და 2. აღნიშნული განსაკუთრებული ობიექტური გარემოება მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს უნდა ხდიდეს მხარის პროცესზე გამოცხადებას ან/და გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ სასამართლოსთვის შეტყობინებას. სასამართლომ რომ მხარის მიერ მითითებული მიზეზი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიიჩნიოს, უნდა შეექმნას მხარის გამოცხადების ობიექტური შეუძლებლობის მყარი შინაგანი რწმენა (სუსგ Nას-780-780-2018, 22.10.2019წ.).

17. მოპასუხე სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიოობის დასტურად მიუთითებს 12.06.2020 წლით დათარიღებულ ცნობაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ტ.1, ს.ფ.194,195), რომლის თანახმად, გ.ნ–მა იმავე დღეს, 10:10 საათზე მიმართა შპს „4 ს.ც–ს“ ტკივილით გულ-მკერდის არეში და არტერიული ჰიპერტენზიით. პაციენტის მიერ სამკურნალო დაწესებულების დატოვების დროდ მითითებულია 12.06.2020 წელი, 12:45 საათი. დამატებით, ამავე სამედიცინო ცნობის შემდგენის მიერ 26.06.2020 წლით დათარიღებული ცნობა მიუთითებს, რომ ზემოჩამოთვლილი სიმპტომების ერთობლიობიდან გამომდინარე, პაციენტს არ შეეძლო გადაადგილება ტკივილის მოხსნამდე (ტ.1, ს.ფ. 210).

18. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ავადმყოფობის გამო სასამართლო პროცესზე წარმომადგენლის გამოუცხადებლობა, იურიდიული პირისთვის სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად ვერ ჩაითვლება, რადგან ამ უკანასკნელს შესაძლებლობა აქვს უზრუნველყოს სასამართლო პროცესზე სხვა წარმომადგენლის (თანამშრომლის) გამოცხადება. მოპასუხეს სარწმუნოდ არ დაუსაბუთებია, რატომ არ ჰქონდა შესაძლებლობა უზრუნველეყო გამოცხადება სასამართლო სხდომაზე სხვა უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით ან ეცნობებინა სასამართლოსთვის მხარის პროცესზე გამოუცხადებლობის ობიექტური, საპატიო მიზეზის თაობაზე (სუსგ Nას-780-780-2018, 22.10.2019წ.). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ იურიდიული პირის წარმომადგენლის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას დაუსწრებელი გადაწყვეტილების ყველა შემთხვევაში გაუქმება დაუშვებელია, რადგანაც კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა ისე უნდა უზრუნველყოს თავისი საქმიანობა, რომ ამა თუ იმ თანამშრომლის მივლინებაში ან შვებულებაში ყოფნამ/ავადმყოფობამ არ შეაფერხოს იურიდიული პირის ნორმალური ფუნქციონირება. სათანადო მენეჯმენტის არქონა, საკასაციო პალატის მოსაზრებით, განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებად ვერ მიიჩნევა და, ცხადია, არ ათავისუფლებს იურიდიულ პირს კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო მოქმედების შესრულების ვალდებულებისგან (სუსგ Nას-152-148-2016, 03.06.2016 წ.; სუსგ Nას-780-780-2018, 22.10.2019წ., სუსგ Nას-274-2021, 07.07.2021წ.).

19. პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების მომენტში მოპასუხეს, გ.ნ–ის გარდა, წარმოადგენდა კიდევ ორი წარმომადგენელი. კერძოდ, შესაგებელს ერთვოდა მოპასუხის მიერ 22.11.2019 წელს განუსაზღვრელი ვადით გაცემული მინდობილობა ა.ნ–ისა და მ.ე–ისათვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭების შესახებ (ტ.1, ს.ფ.126). 10.03.2020 წელს გ.ნ–მა მიმართა სასამართლოს განცხადებით, წარუდგინა მოპასუხის მიერ მის სახელზე გაცემული მინდობილობა, თუმცა განცხადება და მასზე დართული მინდობილობა არ შეიცავს მითითებას სხვა წარმომადგენელთათვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ (ტ.1, ს.ფ. 135,136). სსსკ-ის 99-ე მუხლის თანახმად, მარწმუნებელს უფლება აქვს საქმის წარმოების ყველა სტადიაზე გააუქმოს თავის მიერ გაცემული მინდობილობა და შეწყვიტოს წარმომადგენლის უფლებამოსილება, რის შესახებაც იგი წერილობით აცნობებს სასამართლოსა და წარმომადგენელს. მხარის წინადადებით წარმომადგენლის უფლებამოსილების შეწყვეტა არ წარმოადგენს საქმის წარმოების შეჩერებისა თუ საქმის განხილვის გადადების საფუძველს. უფლებამოსილებაშეწყვეტილი წარმომადგენლის მიერ კანონის შესაბამისად შესრულებული ყველა საპროცესო მოქმედება ინარჩუნებს მნიშვნელობას. უტყუარადაა დადგენილი, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე მოპასუხეს რწმუნებულის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე არ უცნობებია სასამართლოსათვის სსსკ-ის 99-ე მუხლით დადგენილი წესით და ამის თაობაზე ბრძანებები მხოლოდ მოგვიანებით, საჩივრის განხილვის ეტაპზე წარადგინა (ტ.1, ს.ფ. 337,338), რაც მოცემულ საქმეზე სამართლებრივ სურათს ვერ შეცვლის. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ მ.ე–ისთვის 22.11.2019 წელს მინიჭებული წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გაუქმების თაობაზე ბრძანება დათარიღებულია 16.02.2019 წლით, რასაც კასატორი ტექნიკური ხასიათის შეცდომას უკავშირებს, თუმცა ამ არგუმენტის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება. ამდენად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების მომენტში არ დასტურდებოდა მოპასუხესა და მის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის ვადამდე შეწყვეტის ფაქტი (შდრ. სუსგ №ას-376-350-2017, 02.05.2017წ.).

20. მოპასუხეს უნდა დაესაბუთებინა, რატომ იყო შეუძლებელი პროცესზე გამოუცხადებლობის თაობაზე სასამართლოს ინფორმირება, თუმცა მოპასუხემ აღნიშნული ტვირთი სათანადოდ ვერ გასწია. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებას, რომ მან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლო დადგენილი წესით შეეტყობინებინა სასამართლოსთვის ან მარწმუნებლისათვის სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, თუ წარმომადგენლისთვის რთული იყო მოსამართლის აპარატთან სატელეფონო კომუნიკაციის დამყარება (ტელეფონის ნომრის მოძიება და ა.შ.), მისთვის შეუძლებელი არ უნდა ყოფილიყო საკუთარი მარწმუნებლის გაფრთხილება პროცესზე გამოუცხადებლობის შესახებ (შდრ. სუსგ Nას-780-780-2018, 22.10.2019წ.). მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ, როგორც თავად კასატორის მიერ წარმოდგენილი ცნობით ირკვევა, გ.ნ–მა თავი შეუძლოდ იგრძნო დილითვე/გაღვიძებისთანავე (ტ.1, ს.ფ.195,210). შესაბამისად, წარმომადგენელს ჰქონდა შესაძლებლობა შეეფასებინა ჯანმრთელობის მდგომარეობა და დაეჭირა თადარიგი მარწმუნებელთან დასაკავშირებლად. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ, მართალია, 12.06.2020 წლის სასამართლო სხდომა გაიხსნა 11:01 საათზე, თუმცა სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიიღო მხოლოდ 11:33 საათზე, რაც მოპასუხე მხარეს აძლევდა დამატებით დროს, მიეღო ზომები და რაიმე ფორმით ეცნობებინა სასამართლოსთვის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ, რაც შეფასდებოდა მხარის პროცესზე გამოუცხადებლობის შესახებ სასამართლოს დროულ ინფორმირებად და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელ გარემოებად (შდრ. სუსგ Nას-374-348-2017, 01.05.2017წ.).

21. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტიან საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (სსსკ-ის 229-ე, 230-ე, 231-ე, 232-ე მუხლები) ანდა არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (სსსკ-ის 2321 მუხლი), რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი, შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს (პრეზუმფცია). ასეთ შემთხვევაში მტკიცებულებათა გამოკვლევა არ ხდება, არამედ, კანონის ძალით სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები უპირობოდ დადასტურებულად მიიჩნევა და თუ მათი ერთობლიობა ქმნის სამართლებრივი შედეგის დადგომის შესაძლებლობას, საქმის განმხილველი მოსამართლე გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 17.03.2016წ. განჩინება საქმეზე Nას-121-117-2016).

22. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა მოიაზრებს სასამართლოს მხრიდან დამფუძნებელი ნორმების სწორად მოძიებას, რომლებიც დავის გადაწყვეტის ფუნდამენტს წარმოადგენენ და იძლევიან ამა თუ იმ ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგების აბსტრაქტულ შემადგენლობას. ნორმ(ებ)ის მოძიების შემდეგ სასამართლო ადგენს, სარჩელში მითითებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები დამფუძნებელი ნორმ(ებ)ის აბსტრაქტულ აღწერილობას აკმაყოფილებენ თუ არა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის წარმატების საფუძველია (სუსგ №ას-2-2-2017, 14.07.2017წ.). ანუ მოთხოვნის იურიდიული მართებულობა უნდა შემოწმდეს იმის მიხედვით, არის თუ არა იგი კანონიერი, შეიძლება თუ არა სასამართლოში ასეთი სასარჩელო მოთხოვნა წარდგენილ იქნეს და იგი დაკმაყოფილდეს კანონმდებლობის შესაბამისად (იხ.: ქურდაძე შ., ხუნაშვილი ნ., საქართველოს სამოქალაქო საპროცესო სამართალი, მეორე გამოცემა (შევსებული და გადამუშავებული), გამომცემლობა „მერიდიანი“, თბილისი 2015, გვ. 637).

23. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს სასამართლოს მსჯელობას, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული და სასამართლო სხდომაზე მოპასუხის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო დამტკიცებულად მიჩნეული გარემოებები დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის არამართლზომიერად შეწყვეტის თაობაზე 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, 38-ე, 44-ე მუხლების, სსკ-ის 408-ე მუხლის საფუძველზე იურიდიულად ამართლებს მოთხოვნას გათავისუფლების თაობაზე ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ.

24. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

25. რაც შეეხება საქმეზე ახალი მტკიცებულებების დართვის თაობაზე კასატორის შუამდგომლობას, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს მტკიცებულებების წარდგენის საკმაოდ მკაცრად გაწერილ პროცედურას და საქმის საკასაციო სასამართლოში განხილვისას, განსხვავებით პირველი და სააპელაციო ინსტანციების სასამართლოებისაგან, კანონმდებლობით მხარე ასეთ შესაძლებლობას მოკლებულია - საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ სასამართლოს. შესაბამისად, არ არსებობს შუამდგომლობის საკასაციო სასამართლოს მიერ დაკმაყოფილების საფუძველი (სუსგ №ას-48-2020, 17.09.2020წ.). შუამდგომლობა საქმეზე მტკიცებულების დართვის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს და შუამდგომლობის ავტორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დართული მტკიცებულება.

26. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 2170 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 1519 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს „კ.ბ–ნი 2007“-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. შპს „კ.ბ–ნი …“-ის შუამდგომლობა საქმეზე მტკიცებულების დართვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს და კასატორს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დართული მტკიცებულება (ტ.2, ს.ფ. 64).

3. შპს „კ.ბ–ნი …“-ს (ს/ნ: ….) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 2170 ლარის (საგადასახადო დავალება №0, გადახდის თარიღი 05.05.2021წ.) 70% – 1519 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

ზურაბ ძლიერიშვილი