Facebook Twitter

საქმე №ას-59-2022 30 მარტი 2022 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – მ.დ–ი, ი.დ–ი

მოწინააღმდეგე მხარე – შ.ჯ.შ–ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 24 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შარდი ქ.შ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი ნ.ნ–ის, მ.დ–ისა და ი.დ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“) მიმართ დაკმაყოფილდა. მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ნივთი, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ....., საკადასტრო კოდი N ..... და აღნიშნული უძრავი ნივთის, თავისუფალ მდგომარეობაში, შარდი ქ.შ–ისთვის გადაცემა დადგინდა (ს.ფ. 270-273).

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 14 სექტემბრის განჩინებით, მ.დ–ის და ი.დ–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 24 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება (ს.ფ. 326-330).

3. 2021 წლის 26 ოქტომბერს, მ.დ–მა და ი.დ–მა, სააპელაციო საჩივრის წარდგენის გზით, გაასაჩივრეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 24 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2021 წლის 14 სექტემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ (ს.ფ. 332-342).

4. 2021 წლის 15 დეკემბერს, შარდი ქ.შ–ისა და შ.ჯ.შ–ის წარმომადგენელმა თ.ც–მა, განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, რომლითაც მოითხოვა სადავო უძრავ ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისა და სადავო ქონების მესაკუთრედ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, შ.ჯ.შ–ის გახდომის გამო, საქმეზე უფლებამონაცვლეობის დადგენა (ს.ფ. 366-383).

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 დეკემბრის განჩინებით შარდი ქ.შ–ის და შ.ჯ.შ–ის წარმომადგენელის - თ.ც–ის განცხადება დაკმაყოფილდა. შ.ჯ.შ–ი შარდი ქ.შ–ის უფლებამონაცვლედ იქნა ცნობილი (ს.ფ. 383-387).

6. სააპელაციო პალატამ სადავო საკითხის გადასაწყვეტად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გაედაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა,ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე.

7. პალატის განმარტებით, საქმის განხილვისას, ისევე, როგორც მისი დასრულების შემდეგ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზეც დასაშვებია კანონით დადგენილ შემთხვევაში ერთ-ერთი მხარის შეცვლა სხვა პირით. მოდავე მხარის ნაცვლად მისი უფლებამონაცვლის ჩაბმა დაკავშირებულია ამა თუ იმ საფუძვლით მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობიდან მის გასვლასთან, რა დროსაც მხარე კარგავს და სხვა პირს გადასცემს თავის საპროცესო სტატუსს. ამგვარი საპროცესო უფლებამონაცვლეობა მჭიდროდაა დაკავშირებული მატერიალურ-სამართლებრივ ურთიერთობებში შესაძლო უფლებამონაცვლეობასთან, კერძოდ, თუ უფლებამონაცვლეობა დასაშვებია მატერიალურ-სამართლებრივი კუთხით, იგი დასაშვებია პროცესუალურადაც. ამდენად, პალატამ დაასკვნა, რომ საპროცესო უფლემონაცვლეობა შეუზღუდავი არ არის და ხორციელდება კანონით დადგენილ ფარგლებში.

8. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, საპროცესო უფლებამონაცვლეობა ზემოაღნიშნულ კანონის დანაწესს შეესაბამებოდა და მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით დასაშვები იყო, რადგან განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდებოდა, რომ სადავო უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ........, საკადასტრო კოდი N ....... მესაკუთრე იყო შეცვლილი. კერძოდ, შ.შ–ის პ/ნ ...... ნაცვლად მიეთითა შ.ჯ.შ–ი პ/ნ ....... ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ შარდი ქ.შ–ის უფლებამონაცვლედ ცნობილი უნდა ყოფილიყო შ.ჯ.შ–ი.

9. 2022 წლის 10 იანვარს, მ.დ–მა და ი.დ–მა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 დეკემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს, სადაც სადავოდ გახადეს შ.ჯ.შ–ის უფლებამონაცვლედ ცნობის საკითხი. მხარეთა მტკიცებით, საქმეზე არ არსებობდა უფლებამონაცვლეობის დადგენის საფუძველი, ვინაიდან ადგილი არ ჰქონდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის დისპოზიციით გათვალისწინებულ არცერთ წინაპირობას, კერძოდ, არ არსებობდა პირის გარდაცვალების, რეორგანიზაციის, ვალის გადაცემის, მოთხოვნის დათმობის ან/და სხვა რელევანტური წინაპირობები (ს.ფ. 404-405).

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 31 იანვრის განჩინებით მ.დ–ს და ი.დ–ს დაევალათ კერძო საჩივარზე ხარვეზის შევსება და განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში, სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდა.

11. განმცხადებლის მიერ ხარვეზის შევსების შედეგად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 15 თებერვალის განჩინებით, კერძო საჩივარი განსახილველად იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

12. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი, უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

14. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო პალატა მსჯელობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების მართლზომიერების საკითხზე, რომლითაც ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, სადავო უძრავი ქონების გამყიდველის (შარდი ქ.შ–ი - თავდაპირველი მოსარჩელე) უფლებამონაცვლედ უძრავი ქონების ახალი მესაკუთრე (შ.ჯ.შ–ი - მყიდველი) იქნა მიჩნეული.

15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, უფლებამონაცვლისათვის პროცესში მის დაშვებამდე შესასრულებელი ყველა მოქმედება სავალდებულოა იმ ოდენობით, რაც სავალდებულო იქნებოდა იმ პირისათვის, რომელიც მან შეცვალა.

კანონის ზემოთ მითითებული ნორმიდან გამომდინარე, საპროცესო უფლებამონაცვლეობა არ დაიშვება, თუ დაუშვებელია მატერიალურ-სამართლებრივი უფლებებისა და ვალდებულებების გადასვლა ერთი პირიდან მეორე პირზე. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე.

16. საპროცესო უფლებამონაცვლეობა – ესაა მხარეების და მესამე პირების შეცვლა იმ პირებით, რომლებზეც მათი უფლებები და მოვალეობები გადავიდა. უფლებამონაცვლეობა მთლიანად ეფუძნება უფლებამონაცვლეობას მატერიალურ სამართალში. უფლებამონაცვლეობის საფუძველია არა საქმიდან ერთ-ერთი მხარის გასვლა, არამედ სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლა (იხ.: დამატებით: თ. ლილუაშვილი, გ. ლილუაშვილი, ვ. ხრუსტალი, ზ. ძლიერიშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, I ნაწილი, 2014წ., გვ. 166; სუსგ №ას-1050-2019, 09.09.2019 წ). უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, მხარის საპროცესო უფლებამონაცვლეზე ამ მხარის საპროცესო უფლება-მოვალეობანი გადადის იმავე მოცულობითა და პირობებით, რაც ეს თავად მხარეს გააჩნდა(იხ.სუსგ №ას-27-2019, 15.11.2019 წ.)

17. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელის საგანს წარმოადგენს მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა, ხოლო საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძველია დავის საგანზე (უძრავი ქონება) ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება. შესაბამისად, უნდა დადგინდეს მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, რამდენადაა დასაშვები უფლებამონაცვლეობა.

18. საქმეზე წარმოდგენილი შეუცილებადი მტკიცებულებით - საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ იმ ქონების მესაკუთრე, რომლის კერძო საჩივრის ავტორების (მოპასუხეების) უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვაც წინამდებარე საქმეზე აღძრული სარჩელითაა მოთხოვნილი, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, გახდა შ.ჯ.შ–ი (ს.ფ. 368-370). შესაბამისად, ახალმა მესაკუთრემ, უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვებისას, მიიღო მითითებული ქონების საკუთრების შინაარსიდან გამომდინარე ყველა უფლება, მათ შორის - უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის უფლება (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება). კანონის დასახელებული ნორმებით გათვალისწინებულია მესაკუთრის მიერ არამართლზომიერი მფლობელისაგან ნივთის გამოთხოვის შესაძლებლობა. ამასთან, ნორმის შინაარსიდან სრულიად ცხადია, რომ ასეთი შესაძლებლობით აღჭურვილია უძრავი ნივთის ის მესაკუთრე, რომელიც სასამართლოში შესაბამისი ვინდიკაციური სარჩელის განხილვისას ამ ნივთის მესაკუთრედაა დარეგისტრირებული.

19. ამგვარად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საპროცესო უფლებამონაცვლეობა დასაშვებია, ვინაიდან უფლებამონაცვლეობა დასაშვებია მატერიალური სამართლის მიხედვით. მართალია, სსსკ-ის 92-ე მუხლის მიხედვით, ნორმაში პირდაპირ არაა მითითებული, რომ უძრავი ქონების გასხვისება საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძველია, მაგრამ იგი წარმოადგენს ამ ნორმით გათვალისწინებულ „სხვა“ საფუძველს. შესაბამისად, სრულიად მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, უძრავი ნივთის მესაკუთრის შეცვლა საპროცესო უფლებამონაცვლეობის წარმოშობის საფუძველია.

20. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძელი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.დ–ის და ი.დ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ძალაში დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე