№ას-1058-2021
25 მარტი, 2022 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე - რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი – ი.თ–ი (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ.ჩ–ი“ (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება
შეგებებული საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ი.თ–ის სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „ნ -ის“ სარჩელი შპს „მ.ჩ–ის“ მიმართ თანხის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა; ი.თ–ის სარჩელი შპს „მ.ჩ–ის“ მიმართ თანხის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა; დ.დ–ის სარჩელი შპს „მ.ჩ–ის“ მიმართ თანხის დაკისრების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: შპს „მ.ჩ–ს“ დ.დ–ის სასარგებლოდ დაეკისრა 2 700 ლარის ანაზღაურება; შპს „მ.ჩ–ის“ შეგებებული სარჩელი შპს „ნ-ის“ მიმართ დაკმაყოფილდა: შპს „ნ-ს“ შპს „მ.ჩ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 5 905.6 ლარის ანაზღაურება; შპს „მ.ჩ–ის“ შეგებებული სარჩელი ი.თ–ისა და დ.დ–ის მიმართ არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ი.თ–მა და შპს „მ.ჩ–მა“. ი.თ–ის მოთხოვნას წარმოადგენდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მისი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტლების მიღებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება. შპს „მ.ჩ–მა“ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა შპს „ნ-ის“, ი.თ–ისა და დ.დ–ის სარჩელი და არ დაკმაყოფილდა შპს „მ.ჩ–ის" შეგებებული სარჩელი და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შპს „ნ-ის“, ი.თ–ისა და დ.დ–ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და მისი შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „მ.ჩ–ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ი.თ–ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: შპს „მ.ჩ–ს“ ი.თ–ის სასარგებლოდ დაეკისრა 39 085 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელე ი.თ–მა და მოპასუხე შპს „მ.ჩ–მა“. შპს „მ.ჩ–მა“ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება ი.თ–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და მისი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შპს „მ.ჩ–ის" შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება და ი.თ–ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. ი.თ–მა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 დეკემბრის განჩინებით ი.თ–ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი ბაჟზე დადგენილი ხარვეზის სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეუვსებლობის გამო. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ნოემბრის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული შპს „მ.ჩ–ის“ საკასაციო საჩივარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად. აღნიშნული განჩინება 2021 წლის 02 დეკემბერს გაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარეს - ი.თ–ს შპს „მ.ჩ–ის“ საკასაციო საჩივრის ასლთან ერთად და განემარტა, რომ მას უფლება ჰქონდა ამ განჩინების გადაცემიდან 5 დღის ვადაში წერილობითი პასუხი წარმოედგინა საკასაციო საჩივარზე. საქმეში წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ აღნიშნული გზავნილი მოწინააღმდეგე მხარის - ი.თ–ის წარმომადგენელს - ლ.ჩ–ძეს ჩაბარდა 2021 წლის 13 დეკემბერს.
2021 წლის 21 დეკემბერს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა ი.თ–ის წარმომადგენელმა ლ.ჩ–ძემ. განცხადებაში წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მას ჩაბარდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ნოემბრის განჩინება შპს „მ.ჩ–ის“ საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ, თუმცა სასამართლოს გზავნილით მიიღო არა შპს „მ.ჩ–ის“ საკასაციო საჩივარი, არამედ მის მიერ სასამართლოში წარდგენილი იმ საკასაციო საჩივრის ასლი, რომელიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 15 დეკემბრის განჩინებით დარჩა განუხილველი.
2022 წლის 11 მარტს საქართველოს უზენაეს სასამართლოში გამოცხადდა შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი - ლ.ჩ–ძე და მოითხოვა შპს „მ.ჩ–ის“ საკასაციო საჩივრის ჩაბარება. შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორს მისი თხოვნის შესაბამისად გადაეცა შპს „მ.ჩ–ის“ საკასაციო საჩივრის ასლი.
2022 წლის 15 მარტს საქართველოს უზენაეს სასამართლში შეგებებული საკასაციო საჩივარი წარმოადგინა მოსარჩელე - ი.თ–ის წარმომადგენელმა - ლ.ჩ–ძემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ი.თ–ის შეგებებული საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
განსახილველ შემთხვევაში, როგორც სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი 2021 წლის 02 დეკემბრის გზავნილით ირკვევა, შპს „მ.ჩ–ის“ საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ განჩინება, შპს „მ.ჩ–ის“ საკასაციო საჩივრის ასლთან ერთად მოწინააღმდეგე მხარის - ი.თ–ის წარმომადგენელს - ლ.ჩ–ძეს გადაეგზავნა 2021 წლის 02 დეკემბერს და პირადად ჩაბარდა 2021 წლის 13 დეკემბერს. 2021 წლის 21 დეკემბერს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა ი.თ–ის წარმომადგენელმა ლ.ჩ–ძემ და აღნიშნა, რომ მას სასამართლოს გზავნილით ჩაბარდა არა შპს „მ.ჩ–ის“ საკასაციო საჩივრის ასლი, არამედ მისივე საკასაციო საჩივარი, რომელიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 15 დეკემბრის განჩინებით განუხილველად იქნა დატოვებული. როგორც უკვე აღინიშნა, 2022 წლის 11 მარტს საქართველოს უზენაეს სასამართლოში გამოცხადდა ი.თ–ის წარმომადგენელი ლ.ჩ–ძე და მოითხოვა შპს „მ.ჩ–ის“ საკასაციო საჩივრის ჩაბარება, რომელიც მას გადაეცა იმავე დღეს, ხოლო 2022 წლის 15 მარტს საქართველოს უზენაეს სასამართლში წარმოადგინა შეგებებული საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება. შესაბამისად, შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორმა ჩათვალა, რომ მას შპს „მ.ჩ–ის“ საკასაციო საჩივრის ასლი ჩაბარებულად უნდა ჩაეთვალოს 2022 წლის 11 მარტს, რასაც საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 405-ე მუხლის თანახმად, მოწინააღმდეგე მხარეს შეუძლია საკასაციო საჩივრის გადაცემიდან 10 დღის განმავლობაში წარადგინოს შეგებებული საკასაციო საჩივარი, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა ნათქვამი უარი საკასაციო საჩივრის შეტანაზე. მხარე, მის მიერ წარმოდგენილ 2021 წლის 21 დეკემბრის განცხადებაში აღნიშნავს, რომ მას არ ჩაბარებია სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი 2021 წლის 02 დეკემბრის გზავნილით განსაზღვრული შპს „მ.ჩ–ის“ საკასაციო საჩივარი, მიუხედავად იმისა, რომ ამ გზავნილში მითითებული იყო მისთვის შპს "მ.ჩ–ის" საკასაციო საჩივრის გაგზავნის შესახებ. განსახილველ შემთხვევაში შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორის მიერ არ არის ეჭვქვეშ დაყენებული სასამართლო გზავნილის მისთვის ჩაბარების ფაქტი, რაც იმას ნიშნავს, რომ გზავნილი მას ჩაბარდა სსსკ-ის 70-ე მუხლის მიხედვით, ამასთან, შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი უარყოფს მისთვის იმ დოკუმენტის გაგზავნას, რაც მითითებული იყო სასამართლოს 2021 წლის 02 დეკემბრის გზავნილში, კერძოდ, შპს „მ.ჩ–ის“ საკასაციო საჩივრის გაგზავნას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელე ი.თ–ის წარმომადგენლმა ლ.ჩ–ძემ საკასაციო სასამართლოში 2021 წლის 21 დეკემბერს წარმოდგენილ განცხადებას დაურთო მისი, როგორც ლ.თ–ის წარმომადგენლის საკასაციო საჩივარი დედანი ხელმოწერით, იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ მას 2021 წლის 02 დეკემბრის გზავნილით ჩაბარდა არა შპს „მ.ჩ–ის“ საკასაციო საჩივრის ასლი, არამედ მისივე საკასაციო საჩივრის ასლი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ წარმომადგენლის მიერ მის 2021 წლის 21 დეკემბრის წერილზე დართული საკასაციო საჩივარი არ წარმოადგენს რელევანტურ მტკიცებულებას იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ სასამართლომ მას შპს „მ.ჩ–ის“ საკასაციო საჩივრის ნაცვლად, მართლაც შეცდომით გაუგზავნა მისივე საკასაციო საჩივარი. ამდენად, მოსარჩელე ლ.თ–ის წარმომადგენელმა ვერ დაადასტურა მისი 2021 წლის 21 დეკემბრის განცხადებაში მითითებული გარემოებები იმის შესახებ, რომ მას 2021 წლის 02 დეკემბრის გზავნილით ჩაბარდა არა შპს „მ.ჩ–ის“ საკასაციო საჩივრის ასლი, არამედ მისივე საკასაციო საჩივრის ასლი.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, გამომდინარე იქიდან, რომ სასამართლო მოხელის მიერ ი.თ–ის წარმომადგენლისთვის გაგზავნილ 2021 წლის 02 დეკემბრის გზავნილში მითითებული იყო ამ უკანასკნელისათვის შპს „მ.ჩ–ის“ საკასაციო საჩივრის გაგზავნის შესახებ (რაც ჩაიბარა ი.თ–ის წარმომადგენელმა ლ.ჩ–ძემ პირადად), მისი მხრიდან საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე მოქმედებს პრეზუმფცია იმის შესახებ, რომ მას ჩაბარდა სწორედ ის დოკუმენტი, რომელიც მითითებული იყო გზავნილში, კერძოდ შპს „მ.ჩ–ის“ საკასაციო საჩივარი. ამდენად, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე მოქმედებს პრეზუმფცია, მისთვის შპს „მ.ჩ–ის“ საკასაციო საჩივრის ჩაბარების შესახებ, რადგან აღნიშნული პრეზუმფციის არარსებობა სასამართლოს ყოველგვარი დაცვის გარეშე დატოვებდა პროცესის მონაწილეთა მხრიდან მოსალოდნელი დაუსაბუთებელი პრეტენზიების პირისპირ. როგორც უკვე აღინიშნა ი.თ–ის წარმომადგენელს მისი პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია.
პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოსა და მხარეთა შორის საპროცესო ურთიერთობები კეთილსინდისიერების მაღალი სტანდარტით უნდა ხასიათდებოდეს. თუკი მხარე მიუთითებს იმგვარ გარემოებაზე, რამაც შესაძლოა ეჭვქვეშ დააყენოს სასამართლოს მიერ საქმის წარმოების მიმდინარეობისას განხორციელებული რაიმე მოქმედების მართებულობა, იგი მოვალეა ან უტყუარი მტკიცებულებით დაასაბუთოს ამგვარი გარემოების არსებობა, ანდაც, თუ ამის დადასტურება მხარისთვის სირთულეს წარმოადგენს, აქტიურად ეცადოს იმგვარი მოქმედებების განხორციელება, რომელიც დაეხმარება მას საპროცესო მოქმედება შეასრულოს კანონით დადგენილ ვადაში.
მხარის წარმომადგენელმა ლ.ჩ–ძემ საკასაციო სასამართლოს განცხდებით მომართა სასამართლოს მოხელის მიერ გაგზავნილი გზავნილის მისთვის ჩაბარებიდან - 2021 წლის 13 დეკემბრიდან რვა დღის შემდეგ, 2021 წლის 21 დეკემბერს, პრაქტიკულად მისთვის შეგებებული საჩივრის შეტანის კანონით განსაზღვრული ათდღიანი ვადის მიწურულს.
ვინაიდან, სასამართლო მოხელის მიერ ი.თ–ის წარმომადგენლისთვის გაგზავნილ 2021 წლის 02 დეკემბრის გზავნილში მითითებული იყო ამ უკანასკნელისათვის შპს „მ.ჩ–ის“ საკასაციო საჩივრის გაგზავნის შესახებ, ხოლო თუ მხარისათვის შეუძლებელი იყო აღნიშნულის საწინააღმდეგოს დამადასტურებელი რელევანტური და უტყუარი მტკიცებულების წარმოდგენა, მას დაუყოვლებლივ უნდა მოემართა სასამართლოსათავის გზავნილში მითითებული საკასაციო საჩივრის ასლის მისთვის გადაცემის მოთხოვნით და მისი აქტიური მოქმედებით უნდა მიეცა სასამართლოსთვის შესაძლებლობა სათანადო საკასაციო საჩივრის მისთვის ჩასაბარებლად (თუნდაც ისე, როგორც ეს განახორციელა 2022 წლის 11 მარტს), იმისათვის, რომ თავიდან აერიდებინა შეგებებული საკასაციო საჩივრის შემოტანა საქართველოს სსსკ-ის 405-ე მუხლით გათვალისწინებული ვადის დარღვევით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარის მიერ მისთვის გზავნილის ჩაბარებიდან მერვე დღეს, შეგებებული საკასაციო საჩივრის შესატანად კანონით განსაზღვრული ათდღიანი ვადის მიწურულს სასამართლოსათვის მომართვით, არ განხორციელებულა ის მყისიერი და აქტიური მოქმედებები, რაც მას მისცემდა შესაძლებლობას შეგებებული საკასაციო საჩივარი წარმოედგინა კანონით დადგენილ 10 დღიან ვადაში. ამასთან, აღსანიშნავია მომართვის შემდეგაც მხარის უმოქმედობა სათანადო საკასაციო საჩივრის მისაღებად, იმისათვის, რომ თავიდან აეცილებინა შეგებებული საკასაციო საჩირის ვადის დარღვევით შემოტანა. პალატა აქვე აღნიშნავს, რომ მხარეს მისთვის კანონით მინიჭებული ვადის დაცვის მიზნით, მისი გულისხმიერი მოქმედების პირობებში სსსკ-ის 405-ე მუხლით განსაზღვრულ 10 დღიანი ვადის განმავლობაში შეეძლო წარმოედგინა თუნდაც ფორმალური შეგებებული საკასაციო საჩივარი (როგორც ეს ხშირ შემთხვევაში გვხვდება პრაქტიკაში), შემდეგ კი მიეღო ზომები სათანადო საკასაციო საჩივრის მისაღებად და სრულყოფილი საკასაციო საჩივრის შემოსატანად.
სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 51-ე მუხლის 1-ლი ნაწილზე, რომლის თანახმად, ნების გამოვლენა, რომელიც მოითხოვს მეორე მხარის მიერ მის მიღებას, ნამდვილად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა იგი მეორე მხარეს მიუვა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ნების გამოვლენა არ ჩაითვლება ნამდვილად, თუ მეორე მხარე წინასწარ ან მაშინვე განაცხადებს უარს. ამასთან, 51-ე მუხლი გამოიყენება გარიგების მსგავსი ნების გამოვლინებების მიმართაც, მაგალითად, შეტყობინება, გაფრთხილება, ვადის დანიშვნა და ა.შ. თუკი მათი ნამდვილობისათვის აუცილებელია მეორე მხარის მიერ ნების გამოვლენის მიღება (იხ.: ლადო ჭანტურია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, მუხლი 51, გვ.296, თბილისი, 2017). ამასთან, გამგზავნისა და მიმღების ინტერესების დაბალანსების გათვალისწინებით ნება მისულად ჩაითვლება, თუკი ნების მატარებელი საშუალება (მაგალითად, გზავნილი) ადრესატის ზემოქმედების სფეროში მოექცევა და მას აქვს ნორმალურ ვითარებაში ამ ნების გაცნობის შესაძლებლობა (იხ. ბესარიონ ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, 2002, მუხ. 51, გვ. 171; ასევე დავით კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, 2009, გვ. 247).
ამდენად, თუ მხარე არ ეთანხმებოდა გზავნილის შინაარს მისთვის შპს „მ.ჩ–ის“ საკასაციო საჩივრის გაგზავნის შესახებ, აღნიშნული საკითხის სსკ-ის 51-ე მუხლით შეფასების შემთხვევაშიც, ამავე მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, ის ვალდებული იყო, მაშინვე, დაუყოვნებლივ და არა რვა დღის შემდეგ ეცნობებინა სასამართლოსათვის სათანადო გზავნილის მიუღებლობაზე, რაც მას არ განუხორციელებია, შესაბამისად მან გზავნილი მიიღო/მოიწონა მასში ასახული შინაარსით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი.თ–ის წარმომადგენელს ლ.ჩ–ძეს კასატორის - შპს „მ.ჩ–ის“ საკასაციო საჩივარი ჩაბარდა სასამართლოს მოხელის 2021 წლის 02 დეკემბრის გზავნილის მისთვის ჩაბარების დღეს - 2021 წლის 13 დეკემბერს და არა 2022 წლის 11 მარტს, როგორც ეს მან მიიჩნია.
სსსკ-ის მე-60 მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს, ან დროის მონაკვეთით. უკანასკნელ შემთხვევაში მოქმედება შეიძლება შესრულდეს დროის მთელი მონაკვეთის განმავლობაში. წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის თანახმად, წლებით გამოსათვლელი ვადა დამთავრდება ვადის უკანასკნელი წლის შესაბამის თვესა და რიცხვში. თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. თუ თვეებით გამოსათვლელი ვადის უკანასკნელ თვეს სათანადო რიცხვი არა აქვს, მაშინ ვადა დამთავრებულად ჩაითვლება ამ თვის უკანასკნელ დღეს. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
ზემოაღნიშნული მუხლების მიხედვით, მოსარჩელე – ი.თ–ისთვის შეგებებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენის 10 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2021 წლის 13 დეკემბრის მომდევნო დღეს - 2021 წლის 14 დეკემბერს და მას შეგებებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენის ვადა ჰქონდა 2021 წლის 23 დეკემბრის ჩათვლით, რომელიც იყო სამუშაო დღე - ხუთშაბათი, თუმცა მან შეგებებული საკასაციო საჩივარი წარმოადგინა ვადის დარღვევით - 2022 წლის 15 მარტს.
სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
უზენაესი სასამართლო ერთ-ერთ განჩინებაში აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. ის განამტკიცებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი, განახორციელონ მართლმსაჯულება. კონვენციის მე-6 მუხლი უზრუნველყოფს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უფლებას - უფლებას სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით შექმნილი პრეცედენტული სამართლიდან შესაძლებელია შემდეგი დასკვნის გაკეთება: „უფლება სასამართლოზე“ არ არის აბსოლუტური უფლება, იგი შეიძლება სახელმწიფოს მიერ შეიზღუდოს. თუ საქმე არა ერთმა, არამედ ორმა ინსტანციამ არსებითად განიხილა, ხოლო საკასაციო ინსტანციის სასამართლომ იგი დასაშვებობის პირობების დაუკმაყოფილებლობის გამო განუხილველად დატოვა, აღნიშნული არ შეიძლება ჩაითვალოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლების ხელყოფად. ამდენად, მართალია, სახელმწიფოს მხრიდან დაწესებულია სასამართლო ხელმისაწვდომობის შეზღუდვის გარკვეული სტანდარტი, თუმცა, კანონმდებლობა შეზღუდვიდან გამონაკლისს უშვებს, ხოლო გამონაკლისით სარგებლობის უფლება მხარის განსაკუთრებული უფლებაა, რომლის გამოყენება მას მის მიერვე წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეუძლია. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 9 ოქტომბრის განჩინება Nას-1220-2018).
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს სსსკ-ის 59-ე, 63-ე და 405-ე მუხლების შესაბამისად, ვინაიდან შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორმა შეგებებული საკასაციო საჩივარი არ წარმოადგინა კანონით დადგენილ 10 დღიან ვადაში.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 374-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. შესაბამისად ი.თ–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 5046 ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე და 405-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი.თ–ის შეგებებული საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. ი.თ–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს 15.03.2022წ. №12833435053 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 5046 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე რევაზ ნადარაია