საქმე №ას-142-2022 5 აპრილი, 2022 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - მ.ჭ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „მ.რ.ე–სი“
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
აღწერილობითი ნაწილი:
შპს „მ.რ.ე–სმა“ 2020 წლის 22 ივნისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - მ.ჭ–ძის მიმართ და მოითხოვა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „მ.რ.ე–სის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; მ.ჭ–ძის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა თბილისში, ....... მდებარე №104 ბინა (ს/კ ......); დადგინდა, რომ უძრავი ნივთი შპს „მ.რ.ე–სს“ გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში უნდა გადაეცეს. მითითებული გადაწყვეტილება მ.ჭ–ძემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ნოემბრის განჩინებით მ.ჭ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილება. მითითებული განჩინება მ.ჭ–ძემ საკასაციო წესით გაასაჩივრა.
კასატორი აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განჩინება ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილ პრაქტიკას, რომლის მიხედვითაც, ბანკმა არ უნდა დაუშვას მსესხებლის ქონების გაყიდვა, თუ არსებობს მოთხოვნის დაკმაყოფილების სხვა ალტერნატიული საშუალება. ამდენად, კასატორის მოსაზრებით, მოსარჩელეს არ უნდა გაესხვისებინა მ.ჭ–ძის ქონება და სასარჩელო მოთხოვნა ნივთის მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ უსაფუძვლოა.
კასატორი, ასევე, მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა, რითაც მოპასუხეს წაერთვა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების თაობაზე განმარტებების გაკეთების შესაძლებლობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ მ.ჭ–ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს მოპასუხის მფლობელობაში არსებული უძრავი ნივთის გამოთხოვა წარმოადგენს.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ უკანასკნელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. ამრიგად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 თებერვლის №ას-577-2019 და 2018 წლის 20 მარტის №ას-246-246-2018 განჩინებები).
სადავო შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს „მ.რ.ე–სმა“ იძულებით აუქციონზე შეიძინა მ.ჭ–ძის საკუთრებაში არსებული, თბილისში, ........ მდებარე №104 ბინა (ს/კ ...........), რომელიც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში კომპანიის საკუთრებად აღირიცხა.
საქმეზე, ასევე, დადგენილია, რომ ზემოაღნიშნულ უძრავ ნივთს ფაქტობრივად ფლობს მ.ჭ–ძე, რომელმაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ უზრუნველყო სასამართლოსთვის სადავო ქონებაზე მისი მფლობელობის მართლზომიერების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა.
რაც შეეხება კასატორის მითითებას, რომ სესხის დასაფარად არ უნდა მომხდარიყო ქონების აუქციონზე გაყიდვა, რადგან არსებობდა სესხის დაფარვის სხვა ალტერნატიული საშუალება, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ნივთის გასხვისების კანონიერება შესაძლებელია დამოუკიდებელი დავის საგანი იყოს, თუმცა წარმოდგენილი სარჩელის ფარგლებში, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს ხსენებულ საკითხზე.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვასთან დაკავშირებით კი, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3761 მუხლის მესამე ნაწილიდან გამომდინარე, დავის საგნის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო, სააპელაციო საჩივარი მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე განეხილა და გადაეწყვიტა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის წინაპირობების არსებობას, რაც მართებულად გახდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი. ამდენად, განსახილველი დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა.
ამასთანავე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 39-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განსახილველ დავაზე შეადგენს 150 ლარს. იმავე კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, ვინაიდან კასატორს საკასაციო საჩივარზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ზედმეტად გადახდილი 150 ლარი და დარჩენილი თანხის (150 ლარის) 70% - 105 ლარი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.ჭ–ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ნოემბრის განჩინება;
3. მ.ჭ–ძეს (პ/ნ ......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ 2022 წლის 10 იანვრის №0 საგადასახადო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 150 ლარი და დარჩენილი 150 ლარის 70% - 105 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
გ. მიქაუტაძე