Facebook Twitter

¹3გ-ად-11გ-02 22 მაისი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ბ. კობერიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განიხილა ჯ. ფ-შვილის სააპელაციო საჩივრის განსჯადობის თაობაზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო, გაკოტრების საქმეთა და ადმინისტრაციული სამართლის, საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატებს შორის დავა.

აღწერილობითი ნაწილი:

ფიზიკურმა პირმა მ. ბ-ევამ სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს და მის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართის პრივატიზების ნებართვა მოითხოვა იმ მოტივით, რომ ქ. გორში, ... მდებარე ფეიქართა დასახლების საერთო საცხოვრებლის 10 მ2 ¹7 ბინაში ინვალიდ შვილთან ერთად ცხოვრობს 1982 წლიდან. აღნიშნული საერთო საცხოვრებლები ირიცხებოდა ს.ს. «ლ-ის» ბალანსზე. გორის რაიონის გამგეობის 1999 წლის 22 სექტემბრის ¹156 დადგენილებით მითითებული ბინები საკუთრებაში გადაეცათ მობინადრეებს. დადგენილების საფუძველზე ბინების პრივატიზაცია მოახდინა საბინაო ტრესტის მმართველმა, მაგრამ სახლმმართველობამ არ დააკმაყოფილა მისი თხოვნა დაკავებული ფართის საკუთრებაში გადაცემის შესახებ. გარდა ამისა, საერთო საცხოვრებელში შესახლებულმა ლტოლვილმა ჯ. ფ-შვილმა ოჯახთან ერთად დაიკავა საერთო სარგებლობის სამზარეულო, რითაც მოსარჩელეს ფაქტობრივად წაერთვა სამზარეულოთი სარგებლობის შესაძლებლობა.

ამდენად, სასარჩელო განცხადებით მ. ბ-ევამ მოითხოვა დაკავებული ფართის პრივატიზაციის ნებართვა და ჯ. ფ-შვილის გამოსახლება სამზარეულოდან, შემდეგ მან გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა დამატებითი საცხოვრებელი ფართის გამოყოფა.

გორის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით მ. ბ-ევას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; განუხილველად იქნა დატოვებული მოსარჩელის მოთხოვნა დამატებითი საცხოვრებელი ფართის გამოყოფის თაობაზე. მ. ბ-ევას ნება დაერთო დაკავებული ფართის პრივატიზაციაზე, ჯ. ფ-შვილს დაევალა დაკავებული სამზარეულოს გამოთავისუფლება და სამზარეულო დარჩა საერთო სარგებლობაში, რომლის სარგებლობის უფლება მიეცა ნ. ბ-ევასაც.

გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრა საქმეში დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირად ჩაბმულმა ჯ. ფ-შვილმა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის «გ» პუნქტის თანახმად, აღნიშნული დავა არის ადმინისტრაციული ხასიათის დავა, რის გამოც სააპელაციო საჩივარი საქმესთან ერთად განსჯადობით გადაეცა იმავე სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.

აღნიშნულ მსჯელობას არ დაეთანხმა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატა და მიუთითა, რომ მოსარჩელის ორივე მოთხოვნა – სამზარეულოდან გამოსახლება და დაკავებული ფართის პრივატიზაცია არის სამოქალაქო სამართლებრივი ხასიათის მოთხოვნა. პირველი მოთხოვნის სამართლებრივი ხასიათი ეჭვს არ იწვევს, კერძო სამართლებრივია მეორე მოთხოვნაც, რადგან მოცემული დავის მხარეები არიან კერძო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტები – ფიზიკური პირი მ. ბ-ევა და სააქციო საზოგადოება «ლ-ი»; ხოლო დავის ადმინისტრაციულ სამართლებრივად მიჩნევისათვის სავალდებულოა რომ ერთ-ერთ მხარეს მაინც წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ორგანო.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლისა და განსჯადობის შესახებ სააპელაციო პალატების განჩინებათა გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ განსახილველი დავის განსჯადობის შესახებ საკითხი სწორად არის გადაწყვეტილი თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ, ხოლო სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის მოსაზრება არასწორია და დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირის ჯ. ფ-შვილის სააპელაციო საჩივარი განსჯადობით განსახილველად ექვემდებარება თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლი განსაზღვრავს სასამართლოს უწყებრივად დაქვემდებარებულ სამოქალაქო საქმეებს, შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლიც იძლევა სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეების რეგლამენტაციას, რომლის მიხედვითაც განსახილველი დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისათვის საჭიროა სამი პირობის არსებობა:

1. სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, თანახმად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილისა;

2. სადავო სამართალურთიერთობაში მონაწილე ერთ-ერთი მხარე მაინც უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო;

3. ადმინისტრაციული დავის საგანს უნდა წარმოადგენდეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევები.

კონკრეტული დავის შემთხვევაში მოსარჩელე მ. ბ-ევა მოპასუხე – სს «ლ-ის» საბინაო განყოფილებისაგან და მესამე პირი – ჯ. ფ-შვილისაგან ითხოვდა ფეიქართა დასახლების საერთო საცხოვრებელში მის მიერ დაკავებული ფართის პრივატიზებას, ჯ. ფ-შვილის ოჯახის მიერ უკანონოდ დაკავებული სამზარეულოს გამოთავისუფლებას და საერთო სარგებლობაში გადაცემას მის გვერდით მდებარე აწ გარდაცვლილი ნ. ც-შვილის ფართის გადაცემას, რისი მოთხოვნაც შემდეგ მოხსნა. ამდენად, განსახილველი დავის პროცესუალური სუბიექტები არიან ფიზიკური პირები: მ. ბ-ევა – მოსარჩელე, ჯ. ფ-შვილი – მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე და სააქციო საზოგადება «ლ-ი» _ მოპასუხე, რომელიც სამოქალაქო კოდექსის 1509-ე მუხლის თანახმად, კერძო სამართლის იურიდიული პირია, ხოლო რომელიმე ადმინისტრაციული ორგანო განსახილველ დავაში ჩაბმული არ არის, რაც დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისათვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა.

გორის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით მ. ბ-ევას ნება დაერთო დაკავებული ფართის პრივატიზებაზე, ხოლო ჯ. ფ-შვილს დაევალა უკანონოდ დაკავებული სამზარეულოს გამოთავისუფლება და სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და 161-ე მუხლის საფუძველზე, მ. ბ-ევა ცნობილი იქნა თანამფლობელად და სადავო სამზარეულო გადაეცათ საერთო მფლობელობაში, რაც დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირმა – ჯ. ფ-შვილმა ნაწილობრივ გაასაჩივრა სააპელაციო წესით, კერძოდ, გადაწყვეტილება გაასაჩივრა არა პრივატიზების, არამედ სადავო სამზარეულოს საერთო ფლობა – სარგებლობაში გადაცემის ნაწილში, რაც ასევე დაადასტურა აპელანტის წარმომადგენელმა მ. ლ-შვილ-ტ-ძემ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 10 იანვრის სხდომაზე.

სააპელაციო საჩივრის მიხედვით, სააპელაციო ინსტანციაში დავის საგანს წარმოადგენს სადავო სამზარეულოს საერთო ფლობა – სარგებლობაში გადაცემა, სადაც აპელანტია ფიზიკური პირი – ჯ. ფ-შვილი, ხოლო მოწინააღმდეგე მხარეა, ასევე ფიზიკური პირი – მ. ბ-ევა. ამრიგად, სააპელაციო სასამართლოში, ისევე როგორც რაიონულ სასამართლოში, პროცესუალურ სუბიექტს არ წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო ურთიერთობა კერძო სამართლებრივი ხასიათისაა და დავის საგანს არ წარმოადგენს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ურთიერთობები, ამიტომ დავა განსჯადობის შესახებ სწორად იქნა გადაწყვეტილი ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ და დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირის ჯ. ფ-შვილის სააპელაციო საჩივარი, (რომელიც, მართალია, თავს თანამოპასუხეს უწოდებს, მაგრამ გორის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 6 თებერვლის მოსამზადებელ სხდომაზე დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირად არის ჩაბმული განსჯადობით განსახილველად ექვემდებარება თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას.

სარეზოლუციო ნაწილი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2, 26-ე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ჯ. ფ-შვილის სააპელაციო საჩივარი განსახილველად განსჯადობით დაექვემდებაროს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას;

2. ჯ. ფ-შვილის სააპელაციო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეცეს განსჯად სასამართლოს;

3. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 9 ნოემბრის განჩინება;

4. განჩინების ასლები მხარეებს დაეგზავნოთ დადგენილი წესით.

5. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.