საქმე №ას-1366-2021 5 აპრილი, 2022 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - შპს „ჩ.რ. №?-ე ბ.ჯ–ი“
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ე.ჩ–ძე
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
აღწერილობითი ნაწილი:
ე.ჩ–ძემ 2020 წლის 20 იანვარს სარჩელით მიმართა ხაშურის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - შპს „ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–ის“ მიმართ და მოითხოვა მოპასუხისთვის 22501,89 ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურების დაკისრება.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ შპს „ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–ი“ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ....... აწარმოებს სარკინიგზო გვირაბის მშენებლობას, რომლის დროს განხორციელებულმა აფეთქებებმაც მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის დაზიანება გამოიწვია.
მოსარჩელემ მოთხოვნის დასადასტურებლად წარადგინა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 16 აპრილის დასკვნა და ი/მ ზ.გ–ძის მიერ შედგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია.
მოპასუხემ - შპს „ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–მა“ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელის სახლის დაზიანება არ არის გამოწვეული კომპანიის ბრალით. მოპასუხემ წარადგინა აფეთქებების მონიტორინგის საერთაშორისო კომპანია „ე–სის“ და შპს „ა -ს-ც–ის“ დასკვნები.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 21 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; შპს „ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–ს“ ე.ჩ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის - 15000 ლარის, ექსპერტიზის ჩატარებისთვის გაწეული ხარჯის - 599,95 ლარის, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისათვის გაწეული ხარჯის - 499,95 ლარისა და წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის - 166,65 ლარის ანაზღაურება.
პირველი ინსტანციის სასამართლომ, მხარეთა მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნების შესწავლის შედეგად, დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის კუთვნილი სახლი დაზიანებულია, რაც გამოწვეულია მოპასუხის მიერ განხორციელებული აფეთქებითი სამუშაოებით. ამასთან, მიყენებული ზიანის ოდენობის დასადგენად, სასამართლომ შეადარა მოსარჩელის მიერ წარდგენილ ექსპერტიზის დასკვნაში აღწერილი დაზიანებები საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში მითითებულ დაზიანებებთან და მიიჩნია, რომ სახლის რეაბილიტაციისათვის საჭირო თანხა 15000 ლარს შეადგენს.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 21 აგვისტოს გადაწყვეტილება მხარეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით ე.ჩ–ძისა და შპს „ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–ის“ სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 21 აგვისტოს გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 16 აპრილის დასკვნაზე, რომლის თანახმად, ე.ჩ–ძის კუთვნილი საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე ნაგებობის უკანა კედლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. შენობის შემდგომი ხანგრძლივი ექსპლუატაციისათვის აუცილებელია, ჩატარდეს შენობის ტექნიკური მდგომარეობის დეტალური გამოკვლევა და მიღებული ანალიზის შემდეგ - აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოები ამ მიზნით სპეციალურად დამუშავებული გამაგრების პროექტის მიხედვით. შენობაზე არსებული დაზიანებები მიეკუთვნება მე-2 ხარისხს. საცხოვრებელ სახლსა და დამხმარე ნაგებობაზე არსებული დაზიანებები და არსებული დაზიანებების დამძიმება (თუ ასეთი დაზიანებები არსებობდა №9 სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის დაწყებამდე) გამოწვეულია №9 სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში წარმოებული სამუშაოების შედეგად.
სააპელაციო სასამართლომ, ასევე, ყურადღება გაამახვილა მოპასუხის მიერ წარდგენილ, შპს „ა-ს-ც–ის“ 2020 წლის 9 ივნისის დასკვნაზეც, რომელშიც აღწერილია სახლის დაზიანებები და მხოლოდ შენობის გარე პერიმეტრზე თავდაპირველად და მოგვიანებით მიშენებულ ნაწილებს შორის არსებულ ვერტიკალურ ბზარებთან მიმართებით წერია, რომ ექსპერტის აზრით, დაზიანება გამოწვეულია მშენებლობის ნორმების დარღვევით. აფეთქებითი სამუშაოების მონიტორინგის საერთაშორისო კომპანია „ე–სის“ 2020 წლის 11 მარტის დასკვნის მიხედვით კი, შენობა-ნაგებობებზე, რომლებიც მდებარეობენ ზემოქმედების ზონის ფარგლებს გარეთ, არ არის მოსალოდნელი რაიმე დაზიანება ან სხვა სახის ზემოქმედება და აფეთქებითი სამუშაოები წარმოებდა დადგენილი ნორმის ფარგლებში.
ზემოაღნიშნული დასკვნების შეფასებისას, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ კომპანია „ე–სის“ დასკვნა ზოგადი ხასიათისაა და არ უნდა იქნეს გაზიარებული, რადგან არ შესწავლილა მოსარჩელის კუთვნილი შენობა-ნაგებობის მდგომარეობა, არ განხორციელებულა მასზე ფაქტობრივი ზემოქმედების დაკვირვება და არ განსაზღვრულა დამდგარ ზიანთან აფეთქებების მიზეზ-შედეგობრივი კავშირი. შპს „ა-ს-ც–ის“ დასკვნასთან დაკავშირებით კი, სასამართლომ აღნიშნა, რომ დასკვნა არ შეიცავს სათანადო დასაბუთებას დაზიანებების გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით. ამასთან, ვინაიდან სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა მომზადდა უშუალოდ მოსარჩელის კუთვნილი ნაგებობის დაზიანებების შესწავლის შედეგად, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა დასახელებული დასკვნა და მიიჩნია, რომ დადასტურებულია მოპასუხის მიერ წარმოებული სარკინიგზო გვირაბის მშენებლობით ე.ჩ–ძის კუთვნილი შენობის დაზიანება, რაც წარმოშობს ზიანის ანაზღაურების დაკისრების წინაპირობებს.
ზიანის ანაზღაურების ოდენობის დადგენისას, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ი/მ ზ.გ–ძის მიერ შედგენილ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაზე, რომლის მიხედვით, მოსარჩელის სახლის რეაბილიტაციისათვის საჭიროა 22501,89 ლარი. სააპელაციო სასამართლომ, მოსარჩელის მიერ წარდგენილ ექსპერტიზის დასკვნაში აღწერილი დაზიანებების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში მითითებულ დაზიანებებთან შედარების შედეგად, მართებულად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ზიანის ოდენობის (სახლის რეაბილიტაციისათვის საჭირო თანხის) 15000 ლარით განსაზღვრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მხოლოდ შპს „ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–მა“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელის სახლის დაზიანებები არ არის გამოწვეული მოპასუხის მიერ გვირაბში წარმოებული აფეთქებითი სამუშაოებით, რასაც ადასტურებს საერთაშორისო კომპანია „ე–სის“ და შპს „ა-ს-ც–ის“ დასკვნები. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დასკვნები კი, საკასაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, არ არის სარწმუნო და დამაჯერებელი. ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ არ არსებობს მისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების წინაპირობები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 იანვრის განჩინებით შპს „ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ შპს „ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს ზიანის ანაზღაურების წინაპირობების არსებობა წარმოადგენს.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, დელიქტური ვალდებულების წარმოშობისთვის კუმულატიურად უნდა არსებობდეს შემდეგი ელემენტები: 1. ზიანი; 2. მართლსაწინააღმდეგო ქმედება; 3. მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა და ქმედებას შორის; 4. ბრალეულობა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 თებერვლის №ას-1005-2020 განჩინება და 2021 წლის 21 აპრილის №ას-473-2020 გადაწყვეტილება).
საკასაციო პალატა, ზიანის ანაზღაურების წინაპირობების არსებობის საკითხის შეფასებისას, ასევე, ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია კი „გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ოქტომბრის №ას-1048-2021 განჩინება).
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის კუთვნილი, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ....... მდებარე საცხოვრებელი სახლი დაზიანებულია, რაც მოპასუხის მიერ მშენებლობის პროცესში აფეთქებითი სამუშაოების განხორციელებით არის გამოწვეული. დასახელებული ფაქტი კი სააპელაციო სასამართლომ დაადგინა საქმეში წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნების, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე, 172-ე მუხლების დაცვით, შეფასების, დეტალური შესწავლისა და გაანალიზების შედეგად. კერძოდ, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 16 აპრილის დასკვნაში პირდაპირ არის მითითებული, რომ საცხოვრებელ სახლსა და დამხმარე ნაგებობაზე არსებული დაზიანებები და არსებული დაზიანებების დამძიმება (თუ ასეთი დაზიანებები არსებობდა №9 სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის დაწყებამდე) გამოწვეულია №9 სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში წარმოებული სამუშაოების შედეგად. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი დასკვნები კი, კვლევის საგნისა და მათში ასახული მსჯელობის მხედველობაში მიღებით, უშუალოდ სადავო ნაგებობის დაზიანებასთან დაკავშირებით სარწმუნო და ამომწურავ ინფორმაციას არ შეიცავს. ამდენად, მართალია, კასატორი სადავოდ ხდის შენობის დაზიანების მის მიერ განხორციელებული სამუშაოებით გამოწვევის ფაქტს, მაგრამ დასახელებული დასკვნების მხედველობაში მიღებით, ასევე, ვინაიდან საკასაციო საჩივრის ავტორს სადავო ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეზე დადგენილია ზიანის ანაზღაურების ყველა წინაპირობის არსებობა.
რაც შეეხება ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება, ხოლო იმავე კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.
სადავო შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი, ი/მ ზ.გ–ძის მიერ შედგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, მოსარჩელის სახლის რეაბილიტაციისათვის საჭიროა 22501,89 ლარი. ამასთან, ვინაიდან სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაში ჩამოთვლილია ნაგებობის დაზიანებები, სასამართლოთა მიერ მართებულად მოხდა მათი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან შედარება და სახლის რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხის ოდენობის გამოანგარიშება, რამაც 15000 ლარი შეადგინა.
საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ იდენტურ საკითხზე უკვე არსებობს მყარად ჩამოყალიბებული სასამართლო პრაქტიკა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ივლისის №ას-280-280-2018, 2019 წლის 31 მაისის №ას-482-2019, 2020 წლის 24 ივნისის №ას-204-2020, 2021 წლის 21 დეკემბრის №ას-1070-2021 განჩინებები).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა.
რაც შეეხება სახელმწიფო ბაჟის საკითხს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის საფუძველზე, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ოქტომბრის განჩინება;
3. შპს „ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–ის მუდმივმოქმედ ფილიალს“ (ს/კ ?????) უკან დაუბრუნდეს 2021 წლის 30 დეკემბრის №503 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 750 ლარის 70% - 525 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
გ. მიქაუტაძე