23 თებერვალი 2022 წელი
საქმე №ას-1023-2021 ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ე.კ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ჯ.გ–ვა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - საზიარო უფლების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ჯ.გ–ვამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ე.კ–ძის მიმართ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ...... მდებარე უძრავი ქონების (400 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე ფართით 334.10 კვ.მ, ს/კ N .....) საჯარო აუქციონზე რეალიზაციის გზით საზიარო უფლების გაუქმების და ამონაგები თანხის წილების შესაბამისად განაწილების შესახებ.
2. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. გაუქმდა მხარეთა საზიარო უფლება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ..... მდებარე უძრავ ნივთზე - 400 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე ფართით 334,10 კვ.მ. ს/კ N ......, აღნიშნული უძრავი ნივთის საჯარო აუქციონზე რეალიზაციის გზით და მისი გაყიდვის შედეგად ამონაგები თანხა მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის თანაბრად (1/2-1/2 წილების შესაბამისად) განაწილდა.
4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, შემდეგ ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით:
5.1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში მდებარე სახლთმფლობელობა - 400 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა ფართით 334,10კვ.მ (ს/კ N .....), საჯარო რეესტრში აღრიცხულია მოსარჩელისა (1/2 წილი) და მოპასუხის (1/2 წილი) თანასაკუთრებად.
5.2. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის 06.06.2017წ. N 003146917 დასკვნის (შემდეგში - „ექსპერტიზის დასკვნა“) თანახმად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ..... მდებარე უძრავი ნივთის, ს/კ № ....., გამიჯვნა (გაყოფა) ორ თანაბარ ნაწილად, ღირებულების შემცირების გარეშე, ისე რომ აღნიშნულ ნაკვეთზე განთავსებულ შენობას არ ჩაუტარდეს სამშენებლო სარეკონსტრუქციო სამუშაოები, არ არის შესაძლებელი.
5.3. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, საძინებელი ოთახების, სანკვანძების, აივნების, ჰოლის, კორიდორების სართულებზე ურთიერთ განლაგების, შენობაში სართულებზე ასასვლელად არსებული მხოლოდ ერთი ცალი კიბის უჯრედის, ასევე თვით მოცემული შენობის № ..... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ნაკვეთზე განლაგების (იხ. დანართი №1) გათვალისწინებითა და მათი გაანალიზების შედეგებიდან გამომდინარე ექსპერტიზით დადგინდა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, დაბა ურეკში მდებარე (საკადასტრო კოდი № .....) მოსარჩელისა და მოპასუხის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გამიჯვნა (გაყოფა) ორ თანაბარ ნაწილად (საჯარო რეესტრით დარეგისტრირებული წილების თანახმად), ღირებულების შემცირების გარეშე, ისე რომ აღნიშნულ ნაკვეთზე განთავსებულ შენობას არ ჩაუტარდეს სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები არ არის შესაძლებელი.
5.4. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, განსახილველ სარჩელზე დავის საგანია საზიარო უფლების გაუქმება იძულებითი რეალიზაციის გზით, აღნიშნული მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებს კი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 953-ე, 954-ე, 961-ე, 964-ე მუხლები წარმოადგენს.
5.5. სააპელაციო პალატამ სამოქალაქო კოდექსის 173.1 მუხლზე მიუთითა და განმარტა, რომ საზიარო უფლების მოწილეებს უფლებები და ვალდებულებები კანონიდან წარმოეშობათ და მათ შორის ურთიერთობები კანონით წესრიგდება. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დგინდებოდა, რომ მოდავე მხარეები იმ უძრავი ქონების თანამესაკუთრეები არიან, რომელიც საზიარო უფლების ობიექტს წარმოადგენს და მხარეები ერთმანეთთან კანონისმიერ ვალდებულებითსამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებიან.
5.6. სამოქალაქო კოდექსის 953-ე მუხლისა და 961-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საზიარო უფლების მქონე პირს ნებისმიერ დროს შეუძლია, მოითხოვოს თავისი იდეალური წილის რეალურად გამოყოფა. ერთადერთი შეზღუდვა, რასაც კანონმდებელი აღნიშნული უფლების რეალიზაციის მიზნებისათვის აწესებს არის ის, რომ საზიარო უფლების მქონე პირის უფლებით, გააუქმოს საზიარო საკუთრება, სხვა თანაზიარი მესაკუთრის საკუთრების უფლების ხელშეუვალობა არ უნდა შეილახოს. სწორედ ამიტომ, ამავე კოდექსის 963-ე მუხლი, ნატურით გაყოფის გზით, საზიარო უფლების გაუქმებას დასაშვებად მიიჩნევს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საზიარო საგანი შეიძლება, დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე. სამოქალაქო კოდექსი იცნობს საზიარო უფლების გაუქმების ორ შესაძლებლობას, საზიარო უფლების გაუქმებას ნატურით გაყოფის გზით (963-ე მუხლი) და საზიარო უფლების გაუქმებას საზიარო საგნის გაყიდვის გზით (964-ე მუხლი). ეს უკანასკნელი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია.
5.7. საზიარო უფლების გაუქმება, როდესაც ეს ხდება ნატურით გაყოფის გზით, ნიშნავს თანასაკუთრების რეჟიმიდან ინდივიდუალური საკუთრების რეჟიმზე გადასვლას, ანუ დაუშვებელია საზიარო საგანი ისე გაიყოს, რომ ნივთის გარკვეულ ნაწილზე ინდივიდუალური საკუთრება, ხოლო სხვა ნაწილზე საერთო საკუთრება ვრცელდებოდეს. განსახილველ შემთხვევაში, ექსპერტიზის დასკვნით დგინდებოდა, რომ მოსარჩელისა და მოპასუხის თანასაკუთრებაში არსებული სადავო უძრავი ქონების გამიჯვნა (გაყოფა) ორ თანაბარ ნაწილად (საჯარო რეესტრით დარეგისტრირებული წილების თანახმად), ღირებულების შემცირების გარეშე, ისე რომ აღნიშნულ ნაკვეთზე განთავსებულ შენობას არ ჩატარებოდა სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები არ იყო შესაძლებელი. ამდენად, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საზიარო უფლების გაუქმება ნატურით ნაკვეთის ფუნქციური დანიშნულების შემცირების გარეშე შეუძლებელი იყო. ამასთან, მოპასუხემ საქმეში დაცული ვერცერთი მტკიცებულებით, მათ შორის, ვერც საკუთარი ახსნა-განმარტებით, ვერ გააქარწყლა სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი (სამოქალაქო კოდექსის 961-ე, 964-ე მუხლები).
5.8. მოსარჩელემ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, წარმოადინა თავისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება, ხოლო მტკიცების ტვირთის შებრუნების პირობებში პალატამ მიუთითა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების გაქარწყლების თაობაზე მოპასუხის ვალდებულებაზე და აღნიშნა, რომ ამ უკანასკნელმა ვერ გაართვა თავი მითითებული ვალდებულების შესრულებას, კერძოდ, მოპასუხემ ვერ წარადგინა მტკიცებულება, რომ სადავო უძრავ ქონებაზე (ს/კ N .....), საზიარო უფლების გაუქმება ნატურით, ნაკვეთის ფუნქციური დანიშნულების შემცირების გარეშე შესაძლებელი იყო.
6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, იმ საფუძვლით, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა უსაფუძვლოდ დაადგინეს, რომ სადავო უძრავი ქონების ორ თანაბარ ნაწილად გაყოფა, მისი ფუნქციური დანიშნულებისა და ღირებულების შემცირების გარეშე შეუძლებელია. ქონების გამიჯვნასთან დაკავშირებით უნდა ჩატარებულიყო ექსპერტიზა, რაც ცხადყოფდა სადავო უძრავი ნივთის ორ ნაწილად გამიჯვნის შესაძლებლობას.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებული იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
11. განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის საგანია საზიარო უფლების გაუქმება საზიარო საგნის რეალიზაციის გზით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 953-ე მუხლის თანახმად, თუ უფლება რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის, მაშინ გამოიყენება სამოქალაქო კოდექსის 953-968-ე მუხლები, თუკი კანონიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. ამავე კოდექსის 961-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულ მოწილეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება.
12. სამოქალაქო კოდექსი იცნობს საზიარო უფლების გაუქმების ორ შესაძლებლობას: საზიარო უფლების გაუქმებას ნატურით გაყოფის გზით (სსკ-ის 963-ე მუხლი) და საზიარო უფლების გაუქმებას საზიარო საგნის რეალიზაციის გზით (სსკ-ის 964-ე მუხლი). ეს უკანასკნელი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია (სუსგ. Nას-1441-2018, 08.05.2020წ.).
13. სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლის საფუძველზე, საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე. ამდენად, საზიარო უფლების ნატურით გაყოფისათვის აუცილებელი წინაპირობა არის ის, რომ საგანი უნდა იყოფოდეს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე. დასახელებული ნორმა მიუთითებს ორ აუცილებელ პირობაზე, კერძოდ, საზიარო უფლება უქმდება საზიარო საგნის (საგნების) ნატურით გაყოფისას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ: 1. საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად; 2. ამგვარი დაყოფის შედეგად არ მცირდება ნივთის ღირებულება. როგორც პირველი, ასევე მეორე ელემენტი უნდა არსებობდეს ერთდროულად იმისათვის, რომ დადგეს ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი, ამასთან, ორივე შემთხვევაში ნატურით გამოყოფილმა საგანმა არ უნდა დაკარგოს ის დანიშნულება, რასაც ასრულებდა გაყოფამდე (სუსგ. Nას-1217-2018, 13.12.2018წ.; Nას-1389-1309-2017, 30.04.2018წ.).
14. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნით დადენილია, რომ მოსარჩელისა და მოპასუხის თანასაკუთრებაში არსებული სადავო უძრავი ქონების (ს/კ №......) გამიჯვნა ორ თანაბარ ნაწილად (საჯარო რეესტრით დარეგისტრირებული წილების თანახმად), ღირებულების შემცირების გარეშე, ისე რომ აღნიშნულ ნაკვეთზე განთავსებულ შენობას არ ჩაუტარდეს სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები, შეუძლებელია. საქმეში საწინააღმდეგო მტკიცებულების არ არსებობის პირობებში, საკასაციო პალატა ხსენებულ დასკვნაზე დაყრდნობით იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მხარეთა თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფის გზით შეუძლებელია, შესაბამისად, სახეზეა საგნის რეალიზაციის გზით საზიარო უფლების გაუქმების ყველა წინაპირობა.
15. აქვე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლისა და 173-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, მესაკუთრე თავის ქონებასთან მიმართებით თავისუფალია, მაგრამ მისი უფლებამოსილებანი შესაძლოა შეზღუდული იყოს კანონით ან ხელშეკრულებით. მესაკუთრის მოქმედებით არ უნდა ილახებოდეს მეზობლების ან მესამე პირთა უფლებები. მოცემულ შემთხვევაში, საკუთრების ბუნებიდან (საზიარო საკუთრებიდან) გამომდინარე, ნივთით სარგებლობის თავისუფლება გარკვეულწილად იზღუდება, რაც სხვა თანამესაკუთრის არსებობით და მათი ინტერესების გათვალისწინებითაა გამოწვეული. საზიარო საგნის გაყოფა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ იგი გაყოფის შედეგად არ დაკარგავს თავის ფუნქციონალურ და სამომხმარებლო დანიშნულებას, რაშიც იგულისხმება ობიექტის გაყოფამდე არსებული საყოფაცხოვრებო დანიშნულება (სუსგ.№ას-1148-1094-2014, 19.03.2015 წელი). ამასთან, მესაკუთრის უფლების - ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება - რეალიზების საშუალება მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 964-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციაში, რომლის თანახმად, თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია, მაშინ საზიარო უფლება გაუქმდება საზიარო საგნის გაყიდვითა და ამონაგების განაწილებით (სუსგ № ას-331-331-2018, 15.07.2019წ.).
16. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე.კ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. ე.კ–ძეს (პ/ნ .....) დაუბრუნდეს ზ.ბ–ძის (პ/ნ ........) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 150 ლარის (საგადასახადო დავალება №0, გადახდის თარიღი 18.11.2021წ.) 70% – 105 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები : ლაშა ქოჩიაშვილი
თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია