Facebook Twitter

01 აპრილი 2022 წელი

საქმე №ას-233-2022 ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები _ მ.ტ–ი, ქ.ნ–ძე (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე _ ვ.ტ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 02 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ვ.ტ–მა სარჩელი აღძრა მ.ტ–ისა და ქ.ნ–ძის მიმართ მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთების გამოთხოვის (მდებარე: ქ. თბილისი, ....., ....., არსებული საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე, ფართი 30.85 კვ.მ., სარდაფის სართულზე მდებარე 28.45 კვ.მ., ასევე ამავე შენობაში სახლის ქვეშ განთავსებული 39.70 კვ.მ. ფართი, საკადასტრო კოდი N ......, მიწის ნაკვეთი 540 კვ.მ. საკადასტრო კოდი N ......) და თავისუფალ მდგომარეობაში მოსარჩელე ვ.ტ–ისთვის გადაცემის შესახებ.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა.

3. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეეებმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 02 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 04 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორებს დაევალათ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინება გაეგზავნათ კასატორებს და 2022 წლის 11 მარტს ჩაბარდა ერთ-ერთ მათგანს _ ქ.ნ–ძეს.

7. 2022 წლის 23 მარტს (ფოსტით გამოგზავნის თარიღი 2022 წლის 22 მარტი) საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა კასატორების _ მ.ტ–ისა და ქ.ნ–ძის განცხადება, რომლითაც ისინი განმარტავენ, რომ ხარვეზის შევსების მიზნით წარმოადგენენ სახელმწიფო ბაჟის _ 150 ლარის გადახდის დამადასტურებელ ქვითარს. განცხადებას ერთვის კასატორების სახელით 2022 წლის 22 მარტს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დედანი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საკასაციო საჩივარს და საქმეში არსებულ მასალებს, მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 04 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კასატორებს დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრა. ამავე განჩინებით კასატორებს განემარტათ, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.

10. ზემოაღნიშნული განჩინება კასატორებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, ჩაბარდათ საქმეში არსებულ მისამართზე (იხ.ჩაბარების დასტური).

11. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებზე, რომლებიც განსაზღვრავს სასამართლო უწყების მხარისათვის ჩაბარების წესს. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით.

12. ვინაიდან, საქმეში არსებული მასალებით დასტურდება გზავნილის ჩაბარება მხარეებისთვის 2022 წლის 11 მარტს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხარვეზის შესავსებად სასამართლოს განჩინებით განსაზღვრული 10-დღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2022 წლის 12 მარტს და ამოიწურა 2022 წლის 21 მარტს. როგორც ზემოთ აღინიშნა, კასატორებმა ხარვეზის შევსების მიზნით, დაგვიანებით _ 2022 წლის 22 მარტს ფოსტის საშუალებით მომართეს სასამართლოს. აქვე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კასატორებს სახელმწიფო ბაჟიც 2022 წლის 22 მარტს აქვთ გადახდილი (იხ. საგადასახადო დავალება).

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება.

14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორებმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსეს დადგენილი ხარვეზი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

15. ვინაიდან, მ.ტ–ისა და ქ.ნ–ძის საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბაჟის სახით 2022 წლის 22 მარტს გადახდილი 150 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 274-ე მუხლის მესამე ნაწილით, 63-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ.ტ–ისა და ქ.ნ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. მ.ტ–სა (პ/ნ ......) და ქ.ნ–ძეს (პ/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე მ.ტ–ის (პ/ნ ......) მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარი (საგადასახადო მოთხოვნა #0, გადახდის თარიღი 22.03.2021, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150).

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი