Facebook Twitter

საქმე №ას-1162-2021 11 მარტი, 2022 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - სს "ს.ბ–ი" (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ბ–ი (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება, თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილებით სს „ს.ბ–ის“ (შემდეგში: მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე, პირველი აპელანტი, კასატორი, ბანკი ან დამსაქმებელი) სარჩელი ნ.ბ–ის (შემდეგში: მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე, მეორე აპელანტი ან დასაქმებული) წინააღმდეგ თანხის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 1 090,40 ლარისა და პირგასამტეხლოს - 3 000 ლარის გადახდა დაეკისრა; დანარჩენ ნაწილში მოსარჩელეს უარი ეთქვა (ბანკის სასარჩელო მოთხოვნები იყო: პირგასამტეხლო - 12 358.14 ლარი და გადახდილი ხელფასი - 2 890. 91 ლარი); მოპასუხის შეგებებული სარჩელი, შრომითი ხელშეკრულების დამატებითი პირობების ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

2. პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც მხარეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით გაუქმდა და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოპასუხის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა; ბანკის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 1 090.40 ლარის გადახდა დაეკისრა; დანარჩენ ნაწილში ბანკის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები და განმარტა შემდეგი სამართლებრივი საკითხები:

3.1. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის, 16.07.2018 წელს, დაიდო 6-თვიანი შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით, რომლითაც მოპასუხე დასაქმდა მოსარჩელესთან ადმინისტრატორის პოზიციაზე, მისი შრომის ანაზღაურება დასაბეგრი 400 ლარით განისაზღვრა;

3.2. მხარეთა შორის 16.01.2019 წელს, დაიდო შრომითი ხელშეკრულება 12 თვის ვადით. 29.01.2019 წლის შრომითი ხელშეკრულების დამატებითი პირობებით N 1 მოპასუხის თანამდებობად მოლარე-ოპერატორი, ხოლო ხელფასი დასაბეგრი 553 ლარით განისაზღვრა;

3.3. მხარეთა შორის, 15.06.2019 წელს, დაიდო შრომითი ხელშეკრულების დამატებითი პირობები N1, რომლითაც მოპასუხის თანამდებობად - მიკრო საკრედიტო ექსპერტი, ხოლო მისი ხელფასი დასაბეგრი 600 ლარით განისაზღვრა;

3.4. ორივე შრომითი ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ დასაქმების შეზღუდვის სპეციალურ პირობებზე, რაც ასახულია შრომითი ხელშეკრულებების Nვ დანართში.

3.5. Nვ დანართის პირველი პუნქტის შესაბამისად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ შესრულების ნებისმიერი მიზეზით შეწყვეტის, მათ შორის ვადის გასვლის შემთხვევაში, დამსაქმებელს აქვს უფლება, საკუთარი გადაწყვეტილებით და დასაქმებულისათვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე, შეუზღუდოს დასაქმებულს უფლება იმუშაოს ფინანსურ სფეროში და/ან გაუწიოს საკონსულტაციო ან მსგავსი სერვისები (უშუალოდ ან მასთან დაკავშირებული პირების მეშვეობით) კონკურენტულ ფინანსურ ინსტიტუტებს იმ ქვეყანაში/ებში, სადაც ოპერირებს დამსაქმებელი და/ან მისი შვილობილი კომპანიები, შემდეგი პირობებით (შემდგომში - დასაქმების სპეციალური პირობები): 1.1 დასაქმების სპეციალური პირობების მოქმედების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 6 (ექვს) თვეს ხელშეკრულების შეწყვეტის დღიდან; 1.3 პუნქტის თანახმად, დასაქმებულის სპეციალური პირობების შესაბამისად დასაქმებულის კომპენსაციის მიზნით, დასაქმების სპეციალური პირობების მოქმედების პერიოდის ამოწურვამდე, დამსაქმებელი ყოველთვიურად გადაუხდის დასაქმებულს თანხას მისი ყოველთვიური შრომის ანაზღაურების ოდენობით. ამასთან, ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად, დასაქმებულზე არ გავრცელდება დამატებითი შეღავათები, ბონუსები, კომპენსაციები და დამსაქმებელი არ განახორციელებს დასაქმებულის ხარჯების ანაზღაურებას. დანართის 1.5 პუნქტის თანახმად, ამასთან, ხელშეკრულების ნებისმიერი მიზეზით შეწყვეტის შემთხვევაში დასაქმებულმა უნდა შეატყობინოს დამსაქმებელს თავისი დასაქმების გეგმების და მათი ცვლილებების შესახებ მომდევნო 6 თვის განმავლობაში (მათ შორის მესამე პირის წინაშე არსებული ნებისმიერი ვალდებულებების ჩათვლით);

3.6. დანართის მე-3 პუნქტის თანახმად კი, დასაქმებულის მიერ წინამდებარე დანართით გათვალისწინებული ნებისმიერი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში იგი ვალდებული იქნება გადაუხადოს დამსაქმებელს პირგასამტეხლო იმ ოდენობით, რაც ტოლია ხელშეკრულების შეწყვეტამდე 12 თვის განმავლობაში დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისათვის გადახდილი ნებისმიერი სახის ანაზღაურების (შრომის ანაზღაურების და სხვა კომპენსაციის ჩათვლით). ამასთან, აღნიშნული პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებს დასაქმებულს წინამდებარე დანართით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისაგან და არ ართმევს დამსაქმებელს უფლებას მოითხოვოს ზიანის (ზარალის) ანაზღაურება;

3.7. მოპასუხემ მოსარჩელის მიმართ წერილობით ნება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ 16.09.2019 წელს გამოხატა;

3.8. საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის 16.09.2019 წლის ბრძანებით, შეწყდა ბანკსა და საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის მიკრო საკრედიტო ექსპერტს (მოპასუხეს) შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება, საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ) 37.1-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე (პირადი განცხადება) 15.09.2019 წლიდან;

3.9. მოპასუხემ გათავისუფლებიდან 3 კვირაში, 07.10.2019 წლიდან, მუშაობა სს „ლ.ბ–ში“ დაიწყო;

3.10. დასაქმების შეზღუდვის უფლების გამოყენების თაობაზე მოსარჩელის 24.10.2019 წლის შეტყობინება მოპასუხეს 30.10.2019 წელს ჩაჰბარდა;

3.11. მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის 15.09.2018 წლიდან 27.09.2019 წლამდე გადახდილი შრომის ანაზღაურება და სხვა კომპენსაციები 12 358.14 ლარს შეადგენდა;

3.12. მოპასუხეს მოსარჩელისათვის/შესაბამისი უფლებამოსილი პირისათვის წერილობითი სახით მისი სხვა საბანკო დაწესებულებაში დასაქმების შესახებ მხარეთა შორის გაფორმებული დანართის 1.5 პუნქტის შესაბამისად არ უცნობებია;

3.13. მოპასუხემ აღიარა დასაქმების შეზღუდვის საკომპენსაციო თანხის სახით 1 090.40 ლარის მიღების ფაქტი და ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა ცნო;

3.14. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხისათვის ვალდებულების დარღვევისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სშკ-ის მე-60.1 (სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი კოდექსის 46.3-ე) /შრომითი ხელშეკრულებით შეიძლება, დადგინდეს დასაქმებულის ვალდებულება, შრომითი ხელშეკრულების პირობების შესრულებისას მიღებული ცოდნა და კვალიფიკაცია არ გამოიყენოს სხვა, კონკურენტი დამსაქმებლის სასარგებლოდ. ეს შეზღუდვა შესაძლებელია გამოყენებული იქნეს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან 6 თვის განმავლობაში, იმ პირობით, რომ ამგვარი შეზღუდვის მოქმედების პერიოდში დამსაქმებელი დასაქმებულს გადაუხდის ანაზღაურებას არანაკლებ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას არსებული ოდენობით/ და მე-60.3 (სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი კოდექსის 46.5-ე) /ამ მუხლის მოთხოვნების დარღვევით მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით) მუხლები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 394.1-ე /მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება/ და 408.1-ე /იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება/ მუხლები.

3.15. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საკასაციო სასამართლოს განმარტებაზე, რომლის თანახმადაც, სშკ-ის 46.3-ე (საქმის განხილვის დროს მოქმედი სშკ-ის მე-60.1 მუხლი) მუხლის მიზანია დამსაქმებლის ინტერესებისა და სამეწარმეო რისკების დაცვა, რომელიც შრომითი უფლების შეზღუდვის ლეგიტიმური საფუძველი შეიძლება გახდეს მხარეთა ორმხრივი შეთანხმების პირობებში, თუმცა გასათვალისწინებელია დასაქმებულის ინტერესებიც და მოლოდინი შრომის უფლების რეალიზაციასთან მიმართებით, რომელსაც მათ შორის სოციალური ბუნება აქვს და, ამ უფლების შეზღუდვისას, საჭიროა მხარეთა ინტერესების გონივრული დაბალანსება. დასაქმებულის სახელშეკრულებო თვითბოჭვა სასყიდლიანი ხასიათისაა, შესაბამისად, მსგავს შემთხვევაში კომპენსაციის მოთხოვნის უფლება დასაქმებულის მხრიდან გამართლებული და კანონიერია. შრომითი ხელშეკრულებით შეიძლება დადგინდეს დასაქმებულის ვალდებულება, შრომითი ხელშეკრულების პირობების შესრულებისას მიღებული ცოდნა და კვალიფიკაცია არ გამოიყენოს სხვა, კონკურენტი დამსაქმებლის სასარგებლოდ. ეს შეზღუდვა შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან 6 თვის განმავლობაში, იმ პირობით, რომ ამგვარი შეზღუდვის მოქმედების პერიოდში დამსაქმებელი დასაქმებულს წინასწარ სრულად გადაუხდის ანაზღაურებას არანაკლებ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას არსებული ოდენობით. სამართლიანი კონკურენციის მიზნებიდან გამომდინარე, კანონით დასაშვებია დასაქმებულისათვის კონკურენტთან დასაქმების შეზღუდვის დაწესება და ასეთზე მხარეთა შეთანხმება. ამასთან, დასაქმების უფლების შეზღუდვისათვის, დასაქმებულს წარმოეშობა კომპენსაციის მიღების მოთხოვნის უფლება, ხოლო დამსაქმებელს - დაწესებული შეზღუდვისათვის თანხის ანაზღაურების ვალდებულება. სშკ-ის 46.3-ე მუხლით გათვალისწინებული თანხა არ წარმოადგენს შრომის ანაზღაურებას, არამედ ეს არის კომპენსაცია თავდაპირველი დამსაქმებლის მსგავს სამეწარმეო სუბიექტებში კონკურენციის პირობების შენარჩუნებისათვის და შეთანხმება ამ კონკურენციაზე ლეგიტიმურს ხდის პირის შრომითი უფლების შეთანხმებული ვადით შეზღუდვას. კომპენსაციის ხსენებული ბუნება კი, განსხვავდება შრომის ანაზღაურებისაგან და იგი დასაქმებულს უნდა მიეცეს წინასწარ, ერთიანი ანაზღაურების სახით და არა ყოველთვიურად, როგორც ამას მოსარჩელე ანუ კასატორი განმარტავს (შეად. სუსგ Nას-1041-2019, 12.02.2020 წ.; იხ. Nას-646-2020, 29.09.2020 წ.).

3.16. შრომითი ხელშეკრულების ფარგლებში მხარეთა შორის გაფორმებული Nვ დანართის პირველი პუნქტით დასაქმებულს დაუდგინდა კონკურენციის შეზღუდვა, კერძოდ, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში და მისი შეწყვეტიდან ექვსი თვის განმავლობაში ეს უკანასკნელი იღებდა ვალდებულებას, ბანკში მუშაობისას მიღებული ცოდნა და კვალიფიკაცია არ გამოეყენებინა კონკურენტი ფინანსური ინსტიტუტების ან სხვა პირთა სასარგებლოდ იმ პირობით, რომ ამგვარი შეზღუდვის მოქმედების პერიოდში დამსაქმებელი მას 6 თვის განმავლობაში გადაუხდიდა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას არსებული ერთი თვის ოდენობით ანაზღაურებას. აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დასაქმებულს, დამსაქმებლის სასარგებლოდ, ეკისრებოდა პირგასამტეხლო, ხელშეკრულების შეწყვეტამდე 12 თვის განმავლობაში დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისათვის გადახდილი ნებისმიერი სახის ანაზღაურების ოდენობით, ამასთან, პირგასამტეხლოს გადახდა დასაქმებულს არ ათავისუფლებდა ვალდებულების შესრულებისა და ზიანის ანაზღაურებისაგან.

3.17. სააპელაციო სასამართლომ უდავოდ მიიჩნია ის გარემოება, რომ მხარეთა შორის შრომითი ხელშერულება შეწყდა მოპასუხის ინიციატივით, რის შემდეგაც მოპასუხე, 07.10.2019 წლიდან, დასაქმდა მოსარჩელის კონკურენტ საწარმოში - სს „ლ.ბ–ში“. დასაქმების შეზღუდვის უფლების გამოყენების თაობაზე 24.10.2019 წლის შეტყობინება მოპასუხეს 30.10.2019 წელს ჩაჰბარდა. შეზღუდვის ამოქმედებასთან ერთად, მოსარჩელემ მოპასუხეს ჯამში 1 090.40 ლარის კომპენსაცია ჩაურიცხა.

3.18. მოდავე მხარეთა მიერ დაყენებული სასარჩელო მოთხოვნების გაცნობის შედეგად, სააპელაციო სასამართლომ შეგებებული სარჩელის ნაწილში აღნიშნა, რომ შეგებებული სარჩელით ინიცირებული მოთხოვნის დაკმაყოფილება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 189-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამორიცხავს პირვანდელი სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. ამასთანავე, თავისი არსით წარმოდგენილი შეგებებული სარჩელი წარმოადგენს შედავებას, ერთგვარ შესაგებელს, რომელიც მიმართულია თავდაპირველი სარჩელის დაკმაყოფილების გამორიცხვისაკენ, კერძოდ კი, შეგებებული სარჩელით შედავებულია სახელშეკრულებო დათქმის ნამდვილობა მისი კანონშეუსაბამობის საფუძვლით.

3.19. სახელშეკრულებო დათქმის ნამდვილობასთან მიმართებით სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო სამართლებრივი აქტით (ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი) ყოველ ფიზიკურ ანდა იურიდიულ პირს ენიჭება შრომითი საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების უფლება. კანონმდებლობით დასაშვებია ამ უფლების განხორციელების დროს გარკვეული შეზღუდვის დაწესება, გარკვეული ლეგიტიმური მიზნის მიღწევისათვის. სშკ-ის მე-60 მუხლი (სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი 46.3-ე მუხლი) უშვებს შრომითი უფლების შეზღუდვას, რაც განპირობებულია დამსაქმებლის ინტერესით, კერძოდ კი მისი სამეწარმეო რისკის დაცვის მიზნით, რომელიც შრომითი უფლების შეზღუდვის ლეგიტიმური საფუძველი შეიძლება გახდეს მხარეთა ორმხრივი შეთანხმების პირობებში. ამასთან დაწესებული შეზღუდვა უნდა იყოს გონივრული და პროპორციული, რადგან დამსაქმებლის ინტერესს უპირისპირდება დასაქმებულის უმნიშვნელოვანესი - შრომის უფლების რეალიზაციის მოლოდინი. საგულისხმოა, რომ კანონმდებელმა შრომის უფლების შეზღუდვა დაუკავშირა გარკვეულ კომპენსაციას და დასაქმებულის სახელშეკრულებო თვითბოჭვა სასყიდლიანი ხასიათისაა, შესაბამისად, მსგავს შემთხვევაში კომპენსაციის მოთხოვნის უფლება დასაქმებულის მხრიდან გამართლებული და კანონიერია.

3.20. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით განსახილველ შემთხვევაში, სადავოდ გამხდარი შრომითი ხელშეკრულების Nვ დანართით შეთანხმებული სახელშეკრულებო დათქმა შესაბამისობაშია ზემოაღნიშნულ საკანონმდებლო დანაწესთან და იგი არ აუარესებს დასაქმებულის სამართლებრივ მდგომარეობას. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კონკრეტული პუნქტით არ არის დაწესებული დასაქმებულისათვის დამატებითი, კანონისაგან გაუთვალისწინებელი პასუხისმგებლობა და ამგვარად არ არის შეზღუდული დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობა, რაც შესაძლოა გამხდარიყო შრომითი ურთიერთობის პირობებში სახელშეკრულებო დათქმის ბათილობის საფუძველი, თანახმად სშკ-ის 1.3 მუხლისა (შრომითი ხელშეკრულებით არ შეიძლება განისაზღვროს ამ კანონით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ნორმები, რომლებიც აუარესებს დასაქმებულის მდგომარეობას). მეორე აპელანტის/შეგებებული სარჩელის ავტორის მითითება, რომ ხელშეკრულებით არ შეიძლება გათვალისწინებულიყო პირგასამტეხლო, ვერ იქნება გაზიარებული და აღნიშნულ ნაწილშიც ვერ მიიჩნევა ბათილობის საფუძვლად, რადგან სშკ-ის მე-60.3 მუხლის (სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი კოდექსის 46.5-ე მუხლი) შესაბამისად, ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევით მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3.21. სშკ-ის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება სსკ-ის ნორმებით. სსკ-ის 319-ე მუხლით განმტკიცებულია ხელშეკრულების თავისუფლების/“ნების ავტონომიის“ პრინციპი, რომელიც, თავის მხრივ, მოიაზრებს კერძო სამართლის ურთიერთობის მონაწილეთა შესაძლებლობას, თავისი შეხედულებისამებრ დაარეგულირონ სახელშეკრულებო ურთიერთობა და სშკ-ით დადგენილ ფარგლებში შეათანხმონ სახელშეკრულებო პირობები, მათ შორის პასუხისმგებლობის ზომა, რომელიც მე-60 მუხლით დაწესებული შეზღუდვის უზრუნველყოფისათვის შესაძლოა ითვალისწინებდეს პირგასამტეხლოს დაკისრებას.

3.22. მოპასუხის პასუხისმგებლობის განსაზღვრის კუთხით სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 318-ე მუხლზე გაამახვილა ყურადღება, რომლის შესაბამისადაც, ვალდებულებიდან შეიძლება გამომდინარეობდეს ამა თუ იმ ინფორმაციის მიღების უფლება. ინფორმაციის გაცემა უზრუნველყოფილი უნდა იყოს მაშინ, როცა მას მნიშვნელობა აქვს ვალდებულების შინაარსის განსაზღვრისათვის და კონტრაჰენტს შეუძლია საკუთარი უფლების შელახვის გარეშე გასცეს ეს ინფორმაცია.

3.23. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის აუცილებელია დგინდებოდეს მოვალის მხრიდან ვალდებულების დარღვევის ფაქტი, რაც მოცემული დავის ფარგლებში სადავოა.

3.24. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს განმარტება, რომ მართალია შრომითი ურთიერთობის დროს დამსაქმებელმა შესაძლოა ინვესტიცია ჩადოს დასაქმებულში და უზრუნველყოს მისი პროფესიული განვითარება, რის გამოც ამის საპასუხოდ შეუძლია მოსთხოვოს მას, არ გამოიყენოს დასაქმების დროს მიღებული ცოდნა და გამოცდილება სხვა კონკურენტ დამსაქმებელთან და ამის უფლებას სწორედ სშკ-ის მე-60 მუხლი ადგენს, თუმცა ამავე ნორმით ვიწროდაა განმარტებული ასეთი აკრძალვის ფარგლები და იმავდროულად ავალდებულებს დამსაქმებელს, აუნაზღაუროს დასაქმებულს შეზღუდვის შედეგად მიღებული დანაკლისი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ კანონმდებელი განსაზღვრავს ვადას, რა ვადაშიც შესაძლებელია შეეზღუდოს დასაქმებულს დასაქმების უფლება. ასევე ყურადსაღებია ის გარემოებაც, რომ მითითებული ნორმის შინაარსიდან და მიზნებიდან გამომდინარე, როდესაც მხარეებს შორის არსებობს შეთანხმება დასაქმების შეზღუდვის შესახებ, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას დამსაქმებელმა იმავდროულად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და გააკეთოს არჩევანი, შეუძლია თუ არა ყოფილ დასაქმებულს კონკურენტ ორგანიზაციაში დასაქმებისას მიაყენოს მას ზიანი და იყენებს თუ არა დასაქმების შეზღუდვის უფლებას, რა დროსაც შეზღუდვის პერიოდში ასევე უნდა გადაუხადოს ანაზღაურება არანაკლებ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას არსებული ოდენობით. მოსარჩელეს (დამსაქმებელს) შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის დროს უნდა ეცნობებინა მოპასუხისათვის, რომ იყენებდა მისთვის მინიჭებულ უფლებას და უზღუდავდა დასაქმების უფლებას, რის ასანაზღაურებლადაც მას განსაზღვრულ ვადაში გადაუხდიდა კომპენსაციას, ამ უფლების გამოუყენებლობის შემთხვევაში კი მას წაერთვა შესაძლებლობა, შეთანხმების პირობები აამუშავოს მხოლოდ მაშინ, როცა რეალურად დადგება ფაქტის წინაშე, ანუ როდესაც ყოფილი დასაქმებული დასაქმდება სხვა კონკურენტ ორგანიზაციაში. მოსარჩელემ „დასაქმების შეზღუდვის“ აკრძალვის შესახებ მოპასუხესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემდგომ განაცხადა, შესაბამისად, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ დასაქმების შეზღუდვის შესახებ წერილობითი შეტყობინების გაგზავნა და ყოველთვიურად თანხის („ხელფასის“) ჩარიცხვა ვერ იქნება საკმარისი იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ შრომითი ხელშეკრულების Nვ დანართით გათვალისწინებული სპეციალური პირობებით გათვალისწინებული დასაქმების შეზღუდვის მიზნით შეთანხმებული დათქმა დამსაქმებლის მხრიდან სრულად იყო დაცული და სწორად ამოქმედებული. მხოლოდ დასაქმების შეზღუდვა იმ გარემოების გაანალიზებისა და დასაბუთების გარეშე, თუ რა ფორმით და რა სახის ზიანი შეიძლება მიაყენოს დასაქმებულმა დამსაქმებელს, დაუსაბუთებელია და ცალკე აღებული უფლების გამოყენება ისე, რომ არ იქნეს გათვალისწინებული დასაქმებულისათვის მიყენებული შესაძლო ზიანი, უფლების ბოროტად გამოყენებას ემსახურება (სსკ-ის 115-ე მუხლი), ვინაიდან თუ გავითვალისწინებთ იმ გარემობას, რომ დასაქმების შეზღუდვის ამოქმედების შემთხვევაში დამსაქმებელი დასაქმებულს უხდის მხოლოდ ხელფასის სახით მისაღებ თანხას, ხოლო დასაქმების შემთხვევაში იგი მიიღებდა დამატებით შემოსავალს (მაგალითად ბონუსის სახით), ან უფრო მაღალ ხელფასს, დასაქმების შეზღუდვის გამოყენება დაუსაბუთებლად და მისი ძირითადი მიზნის გარეშე, ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას (მუხლი 26), ისე ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საყოველთაო დეკლარაციით, ასევე სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტით დაცულ სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების, სამართლიანი ხელფასის, დამაკმაყოფილებელი გასამრჯელოს არჩევის უფლებას.

3.25. სააპელაციო სასამართლომ ამოქმედებულად არ მიიჩნია ხელშეკრულების Nვ დანართით გათვალისწინებული დასაქმების შეზღუდვა და მასთან დაკავშირებულ პირგასამტეხლოზე შეთანხმება, რის გამოც არამართებულად შეაფასა მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრებასთან მიმართებით.

3.26. სააპელაციო სასამარტლომ დაასკვნა, რომ კომპენსაციის სახით გადახდილი თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით, მოსარჩელის მოთხოვნა გამართლებულია, რადგან კომპენსაციის გადახდა დაკავშირებული იყო კონკურენტ საწარმოში დაუსაქმებლობასთან. მოცემულ შემთხვევაში კი, იმ პირობებში, როდესაც მოპასუხე დასაქმებულია კონკურენტ საწარმოში, მას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი სახელშეკრულებო შეთანხმების შესაბამისად მიიღოს კომპენსაცია, რის გამოც იგი ვალდებულია სრულად დააბრუნოს მიღებული კომპენსაცია 1 090.40 ლარი, რასაც ცნობს კიდეც მოპასუხე (დასაქმებული). ამასთან, საყურადღებოა ის გარემოება, რომ მოსარჩელე მოითხოვდა კომპენსაციის სახით მის მიერ გაწეული ხარჯის, დაუბეგრავი თანხის მოპასუხისთვის დაკისრებას, რაც არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლომ, რადგან მოპასუხის პასუხისმგებლობა შემოიფარგლებოდა იმ თანხით, რომელიც მას ჩაერიცხა და უსაფუძვლო გამდიდრების წესებიდან გამომდინარე, მოვალე პასუხისმგებელია სწორედ მიღებული გამდიდრების ფარგლებში, შესაბამისად სააპელაციო საჩივრით სადავოდ გამხდარი დაუკისრებელი კომპენსაცია - 1 800.51 ლარი, სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია და არ დააკმაყოფილა.

3.27. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, განმარტა, რომ პირს, რომელსაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოშობილა ან შეწყდა შემდგომში. უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ინსტიტუტის მიზანი არის უსაფუძვლოდ და გაუმართლებლად შეძენილი ქონების ამოღება და ამგვარად ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობისა და სამართლიანობის აღდგენა. ამ მიზნით ქონებრივი შეღავათი იმ პირს უნდა დაუბრუნდეს, რომლის ხარჯზეც მოხდა სხვა პირის ქონების გაზრდა, ანუ მისი უსაფუძვლო გამდიდრება. ამ ინსტიტუტის უმთავრესი დანიშნულება არის არა ქონებრივი დანაკლისის შევსება, მაგ. ზიანის ანაზღაურება, არამედ ქონებრივი ნამატის ამოღება, პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა, ანუ გამდიდრების გათანაბრება.

3.28. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეზღუდვის საკომპენსაციოდ ჯამში 1 090.40 ლარი ჩაურიცხა. აღნიშნული თანხის ჩარიცხვას არ გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან მოპასუხე ამ პერიოდში დასაქმებული იყო კონკურენტ საწარმოში, შესაბამისად არ არსებობდა კომპენსაციის გაცემის სამართლებრივი საფუძველი. ამდენად, აღნიშნული კომპენსაციის ჩარიცხვას, რამაც გამოიწვია მოპასუხისთვის ქონებრივი სარგებლის მიღება, არ გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად, მოპასუხე ამ თანხით უსაფუძვლოდ გამდიდრდა, ქონებრივი ბალანსის აღსადგენად კი მოპასუხეს აქვს ვალდებულება, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე მიღებული სარგებელი უკან დააბრუნოს.

4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ (დამსაქმებელმა), რომელმაც მიღებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით თავდაპირველი სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

5. კასატორის განმარტებით, სშკ-ის მე-60 და სსკ-ის 976-ე მუხლები საქართველოს საგადასახადო კოდექსთან ერთობლიობაში უნდა იქნეს განხილული, რაც განსხვავებულ სურათს ქმნის. ერთ შემთხვევაში, საერთო სასამართლოები მიიჩნევენ, რომ დასაქმებულმა უნდა დააბრუნოს უსაფუძვლოდ მიღებული ხელფასი სრული დასაბეგრი ოდენობით, ხოლო მეორე შემთხვევაში, სასამართლოები დასაქმებულებს ავალდებულებენ დამსაქმებელს აუნაზღაურდეს მის მიერ უსაფუძვლოდ ჩარიცხული ხელფასი ნაწილობრივ - დასაბეგრი ოდენობით, რითაც არსებითად მცდარი გადაწყვეტილებით გაუმართლებელ ზიანს აყენებს დამსაქმებელს.

6. კასატორის მითითებით, იგი მოითხოვდა კომპენსაციის სახით მის მიერ გაწეული ხარჯის, დაუბეგრავი თანხის მოპასუხისათვის დაკისრებას, რაც არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლომ, იმ არგუმენტით, რომ მოპასუხე შემოიფარგლებოდა თანხით, რომელიც მას ჩაერიცხა უსაფუძვლო გამდიდრების წესიდან გამომდინარე. კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ მოპასუხეს ჯამში, კანონით გათვალისწინებული წესით მიღებული აქვს შრომის ანაზღაურება კომპენსაციის სახით - 3000 ლარი, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილებით მას დაეკისრა მხოლოდ დასაბეგრი თანხის ანაზღაურება - 1 090 ლარი, რაც არსებითად მცდარია.

7. საგადასახადო კოდექსის ნორმებზე მითითებით, კასატორი ასკვნის, რომ გადასახადის გადამხდელს ის ფიზიკური პირი წარმოადგენს, რომელიც ხელფასის სახით იღებს შემოსავალს. შესაბამისად ფიზიკური პირის შემოსავალს განეკუთვნება დარიცხული ხელფასის სრული მოცულობა და არა უშუალოდ დაქირავებულისათვის ხელზე გადასაცემი თანხა. შესაბამისად იგი მიიჩნევს, რომ სრულად უნდა დაუბრუნდეს მოპასუხისათვის დასაქმების შეზღუდვის პერიოდში უსაფუძვლოდ მიღებული ხელფასის სრული ოდენობა.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მოპასუხეების საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, მოსარჩელის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დამსაქმებლის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

11. ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორის პრეტენზია მოპასუხე დასაქმებულისათვის კომპენსაციის სახით გადახდილი თანხის დაუბეგრავი ოდენობით დაბრუნებას შეეხება. ბანკი მიიჩნევს, რომ სშკ-ისა და სსკ-ის, ამ განჩინების 3.14 პუნქტში დასახელებული ნორმების, საგადასახადო კოდექსით დადგენილ მოწესრიგებასთან ერთობლიობაში უნდა განხილულიყო და მოპასუხეს ხელზე აღებული თანხის ნაცვლად სრულად უნდა დაჰკისრებოდა ის საზღაური, რასაც მოსარჩელე ითხოვდა (იხ. ამ განჩინების პირველ პუნქტი). რაც შეეხება პირგასამტეხლოს მოპასუხისათვის დაკისრებაზე უარის თქმას, ამ ნაწილში ბანკს საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია.

13. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ფაქტობრივ-სამართლებრივ მსჯელობასა და დასკვნას, რომ დამსაქმებლის მხრიდან მხარეთა შეთანხმებით დადგენილი შეზღუდვა არ ამოქმედებულა, რადგან Nვ დანართის პირველი პუნქტის თანახმად დამსაქმებელს დასაქმებულისათვის წერილობითი შეტყობინება უნდა გაეგზავნა იმ შემთხვევაში თუკი იგი შეზღუდვის ამოქმედებას აპირებდა (ს/ფ 33). ამდენად მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა და შეფასება ასახული წინამდებარე განჩინების 3.22, 3.25, 3.26 ქვეპუნქტებში.

14. შრომითი ხელშეკრულებით შეიძლება, დადგინდეს დასაქმებულის ვალდებულება, შრომითი ხელშეკრულების პირობების შესრულებისას მიღებული ცოდნა და კვალიფიკაცია არ გამოიყენოს სხვა, კონკურენტი დამსაქმებლის სასარგებლოდ. ეს შეზღუდვა შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან 6 თვის განმავლობაში, იმ პირობით, რომ ამგვარი შეზღუდვის მოქმედების პერიოდში დამსაქმებელი დასაქმებულს წინასწარ სრულად გადაუხდის ანაზღაურებას არანაკლებ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას არსებული ოდენობით. სამართლიანი კონკურენციის მიზნებიდან გამომდინარე, კანონით დასაშვებია დასაქმებულისათვის კონკურენტთან დასაქმების შეზღუდვის დაწესება და ასეთზე მხარეთა შეთანხმება. ამასთან, დასაქმების უფლების შეზღუდვისათვის, დასაქმებულს წარმოეშობა კომპენსაციის მიღების მოთხოვნის უფლება, ხოლო დამსაქმებელს – დაწესებული შეზღუდვისათვის თანხის ანაზღაურების ვალდებულება. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სშკ-ის 46.3 (დავის წარმოშობის დროს მოქმედი რედაქციით) მუხლით გათვალისწინებული თანხა არ წარმოადგენს შრომის ანაზღაურებას, არამედ ეს არის კომპენსაცია თავდაპირველი დამსაქმებლის მსგავს სამეწარმეო სუბიექტებში კონკურენციის პირობების შენარჩუნებისათვის და შეთანხმება ამ კონკურენციაზე ლეგიტიმურს ხდის პირის შრომითი უფლების შეთანხმებული ვადით შეზღუდვას. კომპენსაციის ხსენებული ბუნება კი, განსხვავდება შრომის ანაზღაურებისაგან და იგი დასაქმებულს უნდა მიეცეს წინასწარ, ერთიანი ანაზღაურების სახით (შეად. სუსგ-ებს: N ას-1112-2020, 18.11.2021წ; N ას-343-2020, 10.02.2021წ; N ას-198-2020, 18.11.2020წ; N ას-686-2020, 29.09.2020წ; N ას-646-2020, 29.09.2020წ; Nას-1041-2019, 12.02.2020 წ; N ას-1194-2018, 26.10.2018წ.).

15. განსახილველ შემთხვევაში, მართალია, მხარეთა შეთანხმება ითვალისწინებდა დასაქმებულისათვის გარკვეული ვადით შრომითი საქმიანობის შეზღუდვას, მაგრამ რადგანაც მოსარჩელემ დაარღვია ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, შრომითი საქმიანობის შეზღუდვისათვის საკომპენსაციო თანხა დასაქმებულს წინასწარ არ აუნაზღაურა, მოპასუხეს შეეძლო უარი ეთქვა ვალდებულების შესრულებაზე და თავისუფლად განეკარგა თავისი შრომითი უფლება. შესაბამისად, იმ პირობებში, როცა მოპასუხის მხრიდან ვალდებულების დაარღვევა არ ვლინდება, საფუძველს მოკლებულია მისთვის ფინანსური სანქციის/პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე მოთხოვნაც (შეად. სუსგ N ას-1112-2020, 18.11.2021 წ.).

16. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, განმარტა, რომ პირს, რომელსაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოშობილა ან შეწყდა შემდგომში. უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ინსტიტუტის მიზანი არის უსაფუძვლოდ და გაუმართლებლად შეძენილი ქონების ამოღება და ამგვარად ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობისა და სამართლიანობის აღდგენა. ამ განმარტებას საკასაციო სასამართლო იზიარებს და დამატებით განმარტავს, რომ მოპასუხე ვალდებულია მოსარჩელეს დაუბრუნოს ის თანხა, რაც მან მისგან მიიღო. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მართებულად დაადგინა სახელშერულებო პირობა თვითონ დამსაქმებელმა არ აამოქმედა (იხ. წინამდებარე განჩინების 3.24 ქვეპუნქტი), შესაბამისად, ხელშეკრულების გარეშე გადახდილი თანხა კონდიქციური ნორმების საფუძველზე უნდა დაბრუნდეს.

17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სშკ-ის მე-60.1 /სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი კოდექსის 46.3-ე) მუხლის მიზანია დამსაქმებლის ინტერესებისა და სამეწარმეო რისკების დაცვა, რომელიც შრომითი უფლების შეზღუდვის ლეგიტიმური საფუძველი შეიძლება გახდეს მხარეთა ორმხრივი შეთანხმების პირობებში, თუმცა, გასათვალისწინებელია დასაქმებულის ინტერესიც და მოლოდინი შრომის უფლების რეალიზაციასთან მიმართებით, რომელსაც მათ შორის სოციალური ბუნება აქვს და, ამ უფლების შეზღუდვისას, საჭიროა მხარეთა ინტერესების გონივრული დაბალანსება. დასაქმებულის სახელშეკრულებო თვითბოჭვა სასყიდლიანი ხასიათისაა, შესაბამისად, მსგავს შემთხვევაში, კომპენსაციის მოთხოვნის უფლება დასაქმებულის მხრიდან გამართლებული და კანონიერია (იხ. სუსგ N ას-1112-2020, 18.11.2021წ.).

18. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მხრიდან დასაქმების შეზღუდვის უფლების გამოყენება არ იქნა სათანადო წესით რეალიზებული ან სწორად ამოქმედებული და აღნიშნული უფლების გამოყენებად, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ, შესაბამისი წერილობითი შეტყობინების გაგზავნა და ყოველთვიურად თანხის („ხელფასის“) ჩარიცხვა, ვერ იქნება მიჩნეული. დასაქმების შეზღუდვის უფლების გამოყენებისას, დამსაქმებელმა უნდა შეაფასოს, თუ რა სახის ზიანი შეიძლება მიაყენოს დასაქმებულის სხვაგან დასაქმებამ და დასაქმების უფლების შეზღუდვა პროპორციული ზომა უნდა იყოს მოსალოდნელი რისკების თავიდან აცილების. იმავდროულად გასათვალისწინებელია, რომ დასაქმების შეზღუდვის გზით უფლებაშეზღუდულ პირს სამუშაოს შესრულება ეკრძალება, რის სანაცვლოდაც მას ერთიანად უნდა მიეცეს შესაბამისი საკომპენსაციო თანხა, რაც თანასწორად აზღვევს, ერთი მხრივ, დამსაქმებლის ინტერესს, რომ ხელშეკრულებით შეთანხმებულ ვადაში პირი არ დასაქმდეს კონკურენტ საწარმოში, ხოლო, მეორე მხრივ, ავალდებულებს დროებით უფლებაშეზღუდულ პირს, შეასრულოს სახელშეკრულებო პირობა, რადგან ის უზრუნველყოფილია დასაქმების შეზღუდვის მთელი პერიოდისათვის ერთიანად გადახდილი თანხით.

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.

20. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს "ს.ბ–ის" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. სს "ს.ბ–ს" (ს/კ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის (საგადახდო დავალება N38571, გადახდის თარიღი 2021 წლის 28 დეკემბერი; საგადახდო დავალება N38134, გადახდის თარიღი 2021 წლის 11 ოქტომბერი; ), 70% – 105 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური