საქმე №ას-1046-2021 11 მარტი, 2022 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - შპს „დ–ე“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ბ.ქ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - მეწარმე სუბიექტიდან დოკუმენტაციის გამოთხოვა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ბ.ქ–ის (შემდეგში - მოსარჩელე) სარჩელი:
1.1. შპს „დ–ე“-ს (შემდეგში - მოპასუხე, საწარმო, კომპანია, აპელანტი ან კასატორი) დაევალა 2014 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 28 იანვრამდე პერიოდზე, 2014, 2015, 2016, 2017, 2018 წლების ჩათვლით, ინფორმაციის/დოკუმენტაციის, კერძოდ, ფინანსური ანგარიშგებების მოსარჩელისთვის მიწოდება.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მაისის განჩინებით.
3. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მიუთითა მათზე:
3.1. ისანი-სამგორის სასამართლოში 2000 წლის 12 იანვარს ნომრით: 7/4-1353, რეგისტრირებულია მოპასუხე (საწარმო), რომლის პარტნიორებად : მოსარჩელე - 50%-იანი წილის, ხოლო ა.გ–ი -50%-იანი წილის მესაკუთრედ აღირიცხა. საწარმოს ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს დირექტორი - ა.გ–ი.
3.2. შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველომ 2018 წლის 11 ივნისის ამოღების ოქმით საწარმოს დოკუმენტაცია ამოიღო.
3.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით საწარმოს სარჩელი დაკმაყოფილდა და მის სასარგებლოდ ბ. ქ–ს, რომელიც განსახილველი დავის მოსარჩელეა, ზიანის ანაზღაურების მიზნით 188 584 ლარი დაეკისრა; მოსარჩელე გათავისუფლდა საწარმოს დირექტორის თანამდებობიდან და გაირიცხა როგორც პარტნიორი.
3.4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით - მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება და მოსარჩელის (აპელანტის) კომპანიის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე საწარმოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
3.5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 აპრილის განჩინებით საწარმოს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო მოსარჩელის (ბ.ქ–ი) საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებით, საქმე ხელხლა განსახილველად დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს საწარმოს პარტნიორის ბ.ქ–ის გარიცხვისა და საწარმოსათვის ბ.ქ–ის, როგორც საზოგადოების დირექტორის, მიერ მიყენებული ზიანის საკითხების დამატებითი გამოკვლევისათვის; საკასაციო სასამართლოს იმავე განჩინებით უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება საწარმოს დირექტორის თანამდებობიდან ბ.ქ–ის გათავისუფლების თაობაზე მოთხოვნის უარყოფის ნაწილში (იხ, სუსგ N ას-1203-2018, 25.04.2019წ.).
4. წინამდებარე განჩინების 3.1-3.5 ქვეპუნქტებში ასახული საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს 2019 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებას ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, იხელმძღვანელა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-10 პუნქტით (ყოველ პარტნიორს აქვს წლიური ანგარიშის ასლისა და საზოგადოების ყველა პუბლიკაციის მიღების უფლება. გარდა ამისა, მას უფლება აქვს, შეამოწმოს წლიური ანგარიშის სისწორე და ამ მიზნით გაეცნოს საზოგადოების დოკუმენტაციას უშუალოდ ან აუდიტორის მეშვეობით და საწარმოს ორგანოებს მოსთხოვოს განმარტებები წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ, მაგრამ ამ ანგარიშის დამტკიცებამდე. თუ აღმოჩნდება, რომ ანგარიშში არსებითი შეცდომაა, ამ ანგარიშის შემოწმების ხარჯები ეკისრება საწარმოს. კონტროლისა და შემოწმების ეს უფლებები შეიძლება, შეიზღუდოს მხოლოდ ამ კანონით, გაფართოება კი შესაძლებელია წესდებით) და 46-ე მუხლის მე-4 პუნქტით (დირექტორებმა პარტნიორის მოთხოვნის საფუძველზე დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდონ მას ინფორმაცია საზოგადოების საქმიანობის შესახებ და ნება დართონ, გაეცნოს საზოგადოების წიგნებსა და ჩანაწერებს) და ყურადღება გაამახვილა საქმეში წარდგენილ განცხადებებსა და ფაქტების კონსტატაციის ოქმზე, რომლითაც დასტურდება, რომ მოსარჩელემ რამდენჯერმე (07.11.2017; 04.04.2018; 15.05.2018) მიმართა საწარმოს დოკუმენტაციის გადაცემის თაობაზე განცხადებით, თუმცა დოკუმენტაცია მისთვის არ გადაუციათ, რაც სარჩელის აღძვრის საფუძველი გახდა.
5. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, კონტროლისა და შემოწმების, საზოგადოების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება პარტნიორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლებაა. სწორედ ამიტომ, კანონმდებელი ადგენს მისი დაცვის ფარგლების სავალდებულო მინიმუმს, რაც ნიშნავს, რომ კანონით გათვალისწინებული პარტნიორის უფლებების შეზღუდვა დაუშვებელია, შიდაკორპორაციული რეგულაციის ფარგლებში საზოგადოების წესდებით, მხოლოდ მათი გაზრდაა შესაძლებელი. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორებს აქვთ როგორც ქონებრივი, ისე - არაქონებრივი უფლებები. არაქონებრივი უფლება კონტროლისა და შემოწმების, საზოგადოების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიღების უფლებაა. ამდენად, საზოგადოების პარტნიორებს უფლება აქვთ, კონტროლი გაუწიონ საზოგადოების ხელმძღვანელობას. მეთვალყურეობა შესაძლებელია თითოეული პარტნიორის მიერ როგორც ინდივიდუალურად, ისე - პარტნიორთა კრების მეშვეობით. სწორედ პარტნიორის მიერ ინდივიდუალური კონტროლის ფორმას წარმოადგენს საზოგადოების პარტნიორის უფლება, თავისუფლად მიუწვდებოდეს ხელი საზოგადოების საქმიანობის ამსახველ დოკუმენტაციაზე.
6. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელისთვის, როგორც ერთ-ერთი პარტნიორისთვის, საზოგადოების საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაციის გადაცემაზე სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის თაობაზე საქალაქო სასამართლოს დასკვნა.
7. სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტი საწარმოს მტკიცება პარტნიორის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაციის საზოგადოებაში არარსებობის თაობაზე, მიუთითა შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მიერ 2018 წლის 11 ივნისის დოკუმენტაციის ამოღების ოქმზე და აღნიშნა, რომ პარტნიორისათვის საზოგადოების დოკუმენტაციის გაცნობის შესაძლებლობის მიცემა როგორც დოკუმენტაციის ადგილზე გაცნობის, ისე მათი ასლების (მატერიალური თუ ელექტრონული სახით) გადაღების შესაძლებლობასაც გულისხმობს, შესაბამისად, აპელანტის ეს არგუმენტიც უსაფუძვლოა.
8. სააპელაციო სასამართლომ აპელანტის არც ის მტკიცება გაიზიარა, რომ მოსარჩელე საზოგადოების არაკეთილსინდისიერი პარტნიორია და იგი სასამართლო გადაწყვეტილებით გარიცხულია საზოგადოებიდან, ამასთან მისთვის დოკუმენტაციის გადაცემის შემთხვევაში იგი იმოქმედეს საზოგადოების ინტერესების საზიანოდ და გააგრძელებს საზოგადოებისათვის ზიანის მიყენებას. სასამართლომ წინამდებარე განჩინების 3.3-3.5 ქვეპუნქტებში ასახულ გარემოებებზე მიუთითა და აღნიშნა, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებები კანონიერ ძალაში არ არის შესული და, შესაბამისად, არ იკვეთება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 106-ე მუხლის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა, რომლის თანახმად, „მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია: ბ) ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ“. ამრიგად, მოსარჩელეს, რომელიც კომპანიის 50%-იანი წილის მესაკუთრეა, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი ანიჭებს უფლებამოსილებას, ჰქონდეს თავისუფალი წვდომა მეწარმე სუბიექტის დოკუმენტაციაზე, ხოლო საწარმოს დირექტორს იმპერატიულად ავალდებულებს, მოთხოვნისთანავე უზრუნველყოს დოკუმენტაციის პარტნიორზე გადაცემა დამაბრკოლებელი გარემოებების გარეშე.
9. სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის კერძო საჩივარზეც იმსჯელა, რომლითაც, სსსკ-ის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემას მოითხოვდა, მიიჩნია უსაფუძვლოდ და სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთება.
10. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
10.1 მოპასუხემ (საწარმომ) საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
10.2 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 იანვრის განჩინებით სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლოს საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად გამოაქვს დასკვნა, რომ მოპასუხის (საწარმოს) საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
12. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადი.
13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.
15. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-10 პუნქტი და ამავე კანონის 46-ე მუხლის მე-4 პუნქტი. ეს ნორმები არ უნდა განიმარტოს ისე, თითქოს დირექტორს ევალება არაკეთილსინდისიერ პარტნიორს, რომელიც ორი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებით გარიცხულია საზოგადოებიდან, გადასცეს საწარმოს დოკუმენტაცია, რომელიც საწარმოს საზიანოდ იყენებს მიღებულ ინფორმაციას.
16. კასატორის პრეტენზიების განხილვამდე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დავის სამართლებრივად შეფასებისას ხელმძღვანელობს სადავო პერიოდში მოქმედი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით.
17. დადგენილია, რომ მოსარჩელე (კასატორის მოწინააღმდეგე მხარე) საწარმოს 50% წილის მფლობელი პარტნიორია, რომელმაც 2017-2018 წლებში სამჯერ მიმართა საწარმოს გარკვეული დოკუმენტების გაცემის მოთხოვნით, თუმცა, აღნიშნულის მიუხედავად, მას არ მიეცა შესაძლებლობა, გასცნობოდა და წერილობით მიეღო მისთვის საინტერესო დოკუმენტები.
18. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს სასამართლოს გადაწყვეტილებით, როგორც კომპანიის 50% წილის მქონე პარტნიორს მიეცეს უფლება საწარმოში წარადგინოს მის მიერ შერჩეული (მოწვეული) აუდიტორი და ბუღალტერი - საწარმოში აკუმულირებული გასანაწილებელი და განაწილებული დივიდენდების დასადგენად, აგრეთვე კომპანიის მიერ გაწეული ხარჯების მიზანშეწონილობის შესამოწმებლად.
19. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ,,მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონი აღიარებს პარტნიორის უფლებას, ინფორმირებული იყოს საზოგადოების საქმიანობის თაობაზე და დაუბრკოლებლად მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ამ საქმიანობის შედეგს უკავშირდება. მეწარმე სუბიექტის (ამ შემთხვევაში, საწარმოს პარტნიორის) ამგვარი მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა ზემოაღნიშნული კანონის 3.10 მუხლია, ხოლო 46.4 მუხლით აღიარებულია დირექტორის, როგორც ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მოვალეობა, ხელი შეუწყოს პარტნიორს სპეციალური კანონით (მათ შორის 3.10 მუხლით) გათვალისწინებული უფლების განხორციელებაში (იხ. სუსგ Nას-1571-2018, 2.08.2018წ) (ნორმების დეფინიცია იხ. წინამდებარე განჩინების მე-4 პუნქტში). მოცემულ შემთხვევაში, კანონის აღნიშნული დანაწესები სწორად განმარტეს ქვემდგომმა სასამართლოებმა და კასატორის პრეტენზია ნორმის არასწორად განმარტების ნაწილში უარყოფილია.
20. კასატორის მსჯელობას, რომ პარტნიორი არ არის უფლებამოსილი, მოითხოვოს საწარმოსთან დაკავშირებული სრული დოკუმენტაციის ასლების გადაღება და მიწოდება, ვინაიდან სასამართლოს გადაწყვეტილებების საფუძველზე საწარმოდან გარიცხულია, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულ პრეტენზიასთან დაკავშირებით სწორადგანმარტა, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებები (იხ. 3.3-3.5 ქვეპუნქტები) კანონიერ ძალაში არ არის შესული და შესაბამისად, სსსკ 106-ე მუხლის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა არ გამოვლენილა. ამრიგად, სასამართლომ მართებულად დაავალა მოპასუხე კომპანიას მოსარჩელისთვის მოთხოვნილი დოკუმენტაციის გადაცემა, რადგან საწარმოს პარტნიორი ასეთი დოკუმენტაციის მიღებაზე უფლებამოსილი პირია. კანონმდებელმა დაადგინა პარტნიორის დაცვის ფარგლების სავალდებულო მინიმუმი, რაც ნიშნავს, რომ კანონით გათვალისწინებული პარტნიორის უფლებების შეზღუდვა დაუშვებელია, შიდაკორპორაციული რეგულაციის ფარგლებში, საზოგადოების წესდებით, მხოლოდ მათი გაზრდაა შესაძლებელი. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორებს აქვთ როგორც ქონებრივი, ისე არაქონებრივი უფლებები, ხოლო არაქონებრივი უფლების რეალიზაციის ერთ-ერთი საშუალებაა კონტროლისა და შემოწმების მიზნით, საზოგადოების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს კასატორის არც ეს პრეტენზია არ გაუზიარებია უსაფუძვლობის გამო.
21. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
22. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
23. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. მსგავს საკითხებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა არსებობს, რომელსაც წინამდებარე განჩინება არ ეწინააღმდეგება (იხ. სუსგ-ები: Nას-255-243-2017, 19.05.2017წ; N ას-1571-2018, 02.08.2019წ.).
24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.
25. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს "დ"-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს "დ"-ს (ს/კ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო დავალება N7100, გადახდის თარიღი 2021 წლის 17 აგვისტო), 70% – 210 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური