საქმე №ას-1280-2021 11 მარტი, 2022 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
I კასატორი - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შ.გ–ი (მოსარჩელე)
II კასატორი - შ.გ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილება
I კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
II კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენის თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შ.გ–ის (შემდეგში: მოსარჩელე, დასაქმებული ან II კასატორი ) სარჩელი:
1.1. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდეგში: მოპასუხე, სააგენტო, დამსაქმებელი, აპელანტი ან II კასატორი) 2020 წლის 27 თებერვლის №2192/კ ბრძანება და მოსარჩელე აღდგენილ იქნა სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე. მოპასუხეს იძულებითი მოცდენის ანაზღაურება - ყოველთვიურად ხელზე ასაღები 508.60 ლარი, გათავისუფლების მომენტიდან სამსახურში აღდგენის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა.
2. მოპასუხემ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილებით - სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში გაუქმდა და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება - სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3.1. მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, კომპენსაციის სახით - 10 000 ლარის გადახდა დაეკისრა; სხვა ნაწილში რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
4. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მიუთითა მათზე:
4.1. მოსარჩელე 2013 წლის 18 თებერვლიდან 2020 წლის 27 თებერვლამდე სააგენტოს ახალციხის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის სპეციალისტის თანამდებობაზე მუშაობდა.
4.2. სააგენტოს 2019 წლის 29 ნოემბრის ბრძანების შესაბამისად, სააგენტოში 2019 წლის 29 ნოემბრიდან 2020 წლის 27 თებერვლამდე რეორგანიზაცია დაიწყო. სააგენტოს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში/ერთეულებში და ტერიტორიულ სამსახურებში დასანიშნი/გადასაყვანი/ გასათავისუფლებელი თანამშრომლების შესაბამისობის/კვალიფიკაციის ობიექტური კრიტერიუმებით შეფასების უზრუნველყოფა, თანამშრომლის კვალიფიკაციის გათვალისწინებასთან ერთად, წარიმართა ტესტირების, სახელმწიფო ენის მართლწერის, ზოგადი უნარების ან/და პროფესიული ტესტის ან/და გასაუბრების შედეგად თანამდებობების სპეციფიკის გათვალისწინებით.
4.3. რეორგანიზაციის გამო თანამდებობიდან შესაძლო გათავისუფლებაზე მოსარჩელე 2019 წლის 2 დეკემბერს გაფრთხილებულ იქნა სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 28 ნოემბრის N462 ბრძანების საფუძველზე.
4.4. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფის დასანიშნი/გადასაყვანი/ გასათავისუფლებელი თანამშრომლების კვალიფიკაციის შეფასების კრიტერიუმად უნარ-ჩვევები და გასაუბრება განისაზღვრა.
4.5. მოსარჩელემ სსიპ ,,საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის’’ ორგანიზებით 2019 წლის 5 და 13 იანვარს სააგენტოს შესარჩევი კონკურსის ფარგლებში გამართულ ზოგადი უნარების გამოცდაზე მაქსიმალური 80 ქულიდან 50 ქულა აიღო, ქართული ენის გამოცდაზე მაქსიმალური 80 ქულიდან 56 ქულა, პროფესიულ გამოცდაზე მაქსიმალური 50 ქულიდან 46 ქულა მიიღო.
4.6. მოსარჩელე 2020 წლის 27 თებერვლიდან გათავისუფლდა სააგენტოს ახალციხის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის სპეციალისტის დაკავებული თანამდებობიდან და მიეცა კომპენსაცია - 1 თვის თანამდებობრივი სარგო (იხ. ტ.1, ს.ფ. 64-65).
4.7. მოსარჩელის თანამდებობრივი სარგო თვეში 650 ლარს შეადგენდა.
4.8. რეორგანიზაციამდე სააგენტოს საშტატო განრიგით დამტკიცებული საშტატო რაოდენობა - 615 ერთეული, თვის ფონდი 813200 ლარი და წლიური ფონდი 9758000 ლარი იყო. რეორგანიზაციის შემდეგ საშტატო რაოდენობა 530 ერთეულით, თვის ფონდი 749900 ლარითა და წლიური ფონდი 9000000 ლარით განისაზღვრა.
4.9. რეორგანიზაციის შემდეგ ახლად ჩამოყალიბებულ სამცხე-ჯავახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახური სულ განისაზღვრა 16 საშტატო ერთეულით, აქედან - 1 სამსახურის უფროსის, ხოლო 15 მთავარი სპეციალისტის ადგილით. ვაკანტურია სამცხე-ჯავახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის უფროსის 1 საშტატო ერთეული.
4.10. სააგენტოში რეორგანიზაციის შედეგად მოსარჩელის შტატი გაუქმდა.
5. სააპელაციო სასამართლომ დამატებით მიუთითა:
5.1. სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 23 თებერვლის №1931/კ ბრძანებით დამტკიცებული იყო სსიპ სახელმწიფო სერვისების სააგენტოს ახალციხის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობები, მათ შორის - სპეციალისტის ფუნქციები განსაზღვრული იყო შემდეგნაირად: ა) საქმისწარმოების მასალების დაარქივება კანონით დადგენილი წესის შესაბამისად; ბ) პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადებისა და გარდაცვალების, ასევე- დაბადებისა და გარდაცვალების რეგისტრაციის იურიდიული მნიშვნელობის მოქნე ფაქტების დადგენის შესახებ განცხადებების შესწავლა, შესაბამისი საქმისწარმოება და სხდომის ოქმის შედგენა. გ) უფლებამოსილი პირის მოთხოვნის საფუძველზე სამოქალაქო აქტის ჩანაწერის დიგიტალიზაცია, ასევე - სამოქალაქო აქტების დიგიტალიზაცია/სკანირება, რედაქტირება სხვა ტერიტორიული სამსახურების მოთხოვნის საფუძველზე. დ) სხვადასხვა უწყებიდან, ასევე - სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებიდან დოკუმენტ ბრუნვის ელექტრონული სისტემით შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება. ე) სააგენტოს ტერიტორიული სამსახურებიდან შესწორება/დამატება ცვლილებასთან დაკავშირებით შემოსული შეტყობინებების საფუძველზე სამოქალაქო აქტის ჩანაწერებში შესწორებების შეტანა. საქმისწარმოების პროცესში გამოვლენილი უზუსტობის შემთხვევაში საკუთარი ინიციატივით შესწორება/დამატება/ცვლილება საქმისწარმოების დაწყება. სხვა ტერიტორიული სამსახურებიდან შემოსული მოთხოვნების შესრულება (აქტების კუთხით). ვ) პირის გარდაცვალებისა და დაბადების შესახებ სამედიცინო დაწესებულებიდან მიღებულ სამედიცინო შეტყობინებებზე რეაგირება, შესაბამისი აქტების რეგისტრაცია. ზ) სამოქალაქო აქტის ჩანაწერებისა და საქმისწარმოების მასალების დაარქივება დადგენილი წესის შესაბამისად. თ) სამსახურის მიმდინარე და ძველი შეცდომების გასწორება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის კუთხით (რედაქტირება, სკანერი). (dqms.sda.gov.ge), ი) სამსახურის უფროსისა და მოადგილის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.
5.2. მოსარჩელემ ახალციხის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის თანამშრომელთა შორის 2019 წლის 5 და 13 იანვარს შესარჩევ კონკურსში მეოთხე შედეგი აჩვენა.
5.3. სააგენტოს ახალციხის სამსახურმა 2019 წლის 9 იანვარს თანამშრომლების შეფასებისას მოსარჩელეს მაქსიმალური 40 ქულიდან მიანიჭა 32 ქულა.
5.4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში მიმდინარე რეორგანიზაციიდან გამომდინარე მისი ტერიტორიული სამსახურების და ზოგიერთ სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლებთან 2020 წლის 17-18 იანვრის გასაუბრების შესახებ შედგენილია ოქმი №19, რომლის თანახმად გასაუბრების მსვლელობისას მოსამსახურეებს დაესვათ საქმიანობასთან დაკავშირებული შემდეგი კითხვები: ,,რა არის მათი ფუნქცია-მოვალეობანი? როგორია მათი სამუშაო გამოცდილება? როგორია მათი სამუშაო დატვირთვა? რა ცვლილებებია განსახორციელებელი სამსახურის უკეთ ფუნქციონირებისათვის?“ აგრეთვე - პროფესიული კითხვები თავიანთი ფუნქცია-მოვალეობებისა და თანამდებობების გათვალისწინებით. ოქმის მიხედვით, მოსამსახურეებს ნაწილს ზემოხსენებულ კითხვებზე გაუჭირდათ არგუმენტირებული პასუხის გაცემა, შესაბამისად, დაესვათ დამატებითი შეკითხვები. მოსარჩელეს ჰკითხეს რეორგანიზაციის ფარგლებში ტესტირებაში სხვა თანამშრომლებთან შედარებით მიღებულ საშუალოზე დაბალ შეფასებასთან დაკავშირებით, რაზეც ამ უკანასკნელმა უპასუხა, რომ ვირუსის გამო ვერ შეძლო გამოცდისათვის სათანადოდ მომზადება. კომისიის კითხვას, ითხოვა თუ არა გამოცდის გადადება ადამიანური რესურსების მართვის სამსახურისგან, რადგან ვერ მოახერხა სათანადოდ მომზადება, მოსარჩელემ უპასუხა, რომ ამ თხოვნით არ მიუმართავს შესაბამისი სამსახურისთვის, მიუხედავად იმისა, რომ გამოცდის გადადების პრობლემა არ იქნებოდა. ვინაიდან რეორგანიზაციის შედეგად სააგენტოს ახალციხის სამოქალაქო რეესტრის სამსახური შეუერთდება სამცხე-ჯავახეთის სამსახურს, დღის წესრიგში დადგა თანამშრომელთა რიცხოვნობის შემცირება, რის ფონზეც თითოეულ თანამშრომელს მოეთხოვება უფრო მაღალ პროფესიულ სტანდარტებთან შესაბამისობა, ვიდრე ეს რეორგანიზაციამდე იყო საჭირო, კომისიის მოსაზრებით, მოსარჩელე ტესტირებაში აღებული ქულებისა და გასაუბრებაზე ჩამოყალიბებული შთაბეჭდილების გათვალისწინებით, ვერ გაართმევდა თავს დაკისრებულ ამოცანას და მისი შემდგომი დასაქმება სააგენტოში არ არის მიზანშეწონილი.
5.5. რეორგანიზაციის შემდეგ სამცხე–ჯავახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახური ჩამოყალიბდა ახალციხის, ახალქალაქის, ნინოწმინდის, ასპინძისა და ბორჯომის სამოქალაქო რეესტრის სამსახურების გაერთიანების შედეგად. გაერთიანებამდე ახალციხის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში - 8 საშტატო ერთეული იყო, მათ შორის: 1 - სამსახურის უფროსის, 1 - სამსახურის უფროსის მოადგილის, 5 - მთავარი სპეციალისტის (მათ შორის ერთი ვაკანტური) და 1- სპეციალისტის. ახალქალაქის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში - 6 შტატი: 1 – სამსახურის უფროსის, 1 - სამსახურის უფროსის მოადგილის, 4 - მთავარი სპეციალისტის. ნინოწმინდის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში - 3 შტატი : 1 - სამსახურის უფროსის, 2 - მთავარი სპეციალისტის. ბორჯომის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში - 3 საშტატო ერთეული : 1 – სამსახურის უფროსის, 1 – სამსახურის უფროსის მოადგილის, 1 - მთავარი სპეციალისტის. ასპინძის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის – 2 საშტატო პოზიციის, მათ შორის: 1 - სამსახურის უფროსის, 1- სამსახურის უფროსის მოადგილის.
6. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, საყურადღებოა, რომ დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნის სამართლებრივი საფუძველი - სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ) 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტია (მოქმედი კოდექსის 47.1 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტი), თუმცა კონკრეტულად, რა ობიექტურ გარემოებას ეყრდნობოდა დამსაქმებელი ორგანიზაცია მაშინ, როდესაც დასაქმებული თანამშრომლებიდან მოსარჩელის დათხოვნაზე შეაჩერა არჩევანი, 2020 წლის 27 თებერვლის №2192/კ ბრძანებაში აღნიშნული არ არის. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა კონკურსანტების გასაუბრების ოქმზეც, რომელიც ზოგადი ხასიათისაა და მასში არ არის აღნიშნული არც ერთი პასუხი, რაც თანამშრომლებმადასმულ შეკითხვებზე გასცეს, მათ შორის აღნიშნული არ არის არა მხოლოდ ის პასუხები, რაც კომისიამ არ ჩათვალა დამაკმაყოფილებლად, არამედ არც ის პასუხებია მითითებული, რაც, კომისიის აზრით, არგუმენტირებული და ამომწურავად ჩამოყალიბებული იყო. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე სადავოს ხდის კომისიის შეფასებას, სწორედ დამსაქმებელია ვალდებული, წარადგინოს დასაკავებელი თანამდებობის დასაქმებულის კვალიფიკაცისთან შესაბამობის მტკიცებულება, რაც გამოვლინდა გასაუბრების შედეგად.
7. სააპელაციო სასამართლომ დამკვიდრებულ სასამართლო პრაქტიკაზე მიუთითა (იხ. სუსგ. №ას-665-636-2016, 9.12.2016წ) და დაასკვნა, რომ მოპასუხემ ვერ დაადასტურა მოსარჩელის გათავისუფლების გონივრული საფუძვლის არსებობა, რადგან დამსაქმებელმა ვერ წარადგინა რეორგანიზაციის შედეგად შექმნილი სამსახურისათვის დასაქმებულის არასაკმარისი კვალიფიკაციის მტკიცებულება .
8. სააპელაციო სასამართლომ დამატებით მიუთითა, რომ რეორგანიზაციისას, დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის პირობებშიც კი, დამსაქმებელი ორგანიზაცია ვალდებული იყო, დაესაბუთებინა, თუ რატომ მიანიჭა უპირატესობა სხვა თანამშრომელს და არა მოსარჩელეს, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა. შესაბამისად, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან და წარდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, მოპასუხის მიერ მოსარჩელესთან შრომით ურთიერთობის შეწყვეტა ეწინააღმდეგება სშკ-ის მოთხოვნებს. საყურადღებოა, რომ საწარმოს ან მისი სტრუქტურული ერთეულის რეორგანიზაცია უკანონოა, როდესაც რეალურად არ მომხდარა ცვლილება, ფორმალური ნიშნების მიხედვით დარჩა იგივე სტრუქტურული ერთეული (ერთეულები) ან, ცვლილებით გაუქმებული სტრუქტურების ნაცვლად, ჩამოყალიბდა ახალი სტრუქტურული ერთეულები, რომლებიც ფორმალური ნიშნით განსხვავდება, მაგრამ შინაარსობრივად იმავე ფუნქციისაა, ყოველივე ზემოაღნიშნულთან ერთად, რეორგანიზაციის შედეგად პირთა გათავისუფლების უკანონობაზე უნდა უთითებდეს აგრეთვე სამუშაო ძალის შემცირების არარსებობა. რეორგანიზაციის პირობებში, მაშინაც კი, როდესაც მას შტატების შემცირება მოსდევს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს დამსაქმებლის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე გამოვლენილი ცალმხრივი ნება შეესაბამება თუ არა ამ ნების საკანონმდებლო რეგლამენტაციას.
9. სასამართლოს განსჯით, ვინაიდან დადგინდა გასაჩივრებული ბრძანების არაკანონიერება, გასაზიარებელია პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ სადავო ბრძანება, რომლითაც მოსარჩელე გათავისუფლდა თანამდებობიდან და შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, კანონსაწინააღმდეგოა, რის გამოც იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
10. სასამართლომ სშკ-ის 48-ე მუხლის მე-8 ნაწილზე (სასამართლოს მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით) მიუთითა და აღნიშნა, რომ რეორგანიზაციის შემდეგ სამცხე–ჯავახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში სულ 16 შტატია, აქედან – 1 სამსახურის უფროსის, 15 მთავარი სპეციალისტის, რაც 6 ერთეულით ნაკლებია რეორგანიზაციამდე არსებულ ვითარებაზე. ამასთან, დადგენილია, რომ 2020 წლის 16 აპრილის მონაცემებით, ვაკანტური იყო მხოლოდ 1 საშტატო ადგილი - სამცხე-ჯავახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის უფროსის. შესაბამისად, გამოვლენილია მოსარჩელის სამსახურში აღდგენის დამაბრკოლებელი გარემოება. აღნიშნულის გათვალისწინებით გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელე აღდგენილ იქნა სააგენტოში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება - მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ კომპენსაციის გადახდა დაეკისრა. კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას კი სასამართლომ დამკვიდრებული პრაქტიკით იხელმძღვანელა და აღნიშნა, რომ მოსარჩელის ანაზღაურება 650 ლარს შეადგენდა. დადგენილია, რომ მას ანაზღაურებული აქვს კომპენსაცია 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. შესაბამისად, კომპანსაციის მოცულობად 10 000 ლარი განსაზღვრა (ხელზე მისაღები თანხა).
11. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
11.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს როგორც დასაქმებულმა, ისე დამსაქმებელმა. მოსარჩელემ (დასაქმებულმა) მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში და, ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღების გზით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხემ (დამსაქმებელმა) - სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებითა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
11.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 იანვრის განჩინებით მოსარჩელის, ხოლო 2021 წლის 13 დეკემბრის განჩინებით - მოპასუხის საკასაციო საჩივრები წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ მოპასუხისა (დამსაქმებლის) და მოსარჩელის (დასაქმებულის) საკასაციო განაცხადები არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ ისინი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
13. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორებს არ წარმოუდგენიათ დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადები.
14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
15. საკასაციო პრეტენზიების მართებულობის საკითხის შემოწმებამდე საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.
16. პირველი კასატორის მტკიცებით, სადავო ბრძანებაში მითითებულია ის ობიექტური გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები, რაც დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი გახდა. რეორგანიზაციის შედეგად სააგენტოს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში/ ერთეულებსა და ტერიტორიულ სამსახურებში თანამშრომლები შესაბამისობის/ კვალიფიკაციის ობიექტური კრიტერიუმებით შეფასდნენ. მოსარჩელემ ტესტირებაში სხვა თანამშრომლებთან შედარებით საშუალოზე დაბალი შეფასება მიიღო, ხოლო გასაუბრებაზე აღნიშნა, რომ ვირუსის გამო ვერ შეძლო გამოცდისთვის მომზადება და არც გამოცდის გადადების თხოვნით მიუმართავს სააგენტოსთვის. სააგენტომ მიიჩნია, რომ რეორგანიზაციის შედეგად შექმნილი ახალი სამსახურისთვის მოსარჩელეს საკმარისი კვალიფიკაცია არ გააჩნდა. სააგენტოში მიმდინარე ორგანიზაციული/სტრუქტურული ცვლილებებიდან გამომდინარე რეორგანიზაციის ძირითად მიზანს ეფექტური საჯარო მმართველობა, შტატების მაქსიმალური ოპტიმიზაცია და სახელფასო ფონდის შემცირება წარმოადგენდა. რეორგანიზაციის პროცესში აუცილებელი გახდა კონკრეტული კრიტერიუმების შემოღება, რათა ობიექტურად და სამართლიანად შერჩეულიყო გასათავისუფლებელი კადრები. ამ პროცესში ობიექტურ კრიტერიუმად გასაუბრება ან/და ტესტირება განისაზღვრა. რეორგანიზაცია გულისხმობდა ყველა თანამშრომლის შედეგების, მათ შორის - გასაუბრების ეტაპზე ჩამოყალიბებული პოზიციის ურთიერთშეჯერებას, რაც არ გამოიხატებოდა რომელიმე კანდიდატის არაკვალიფიციურად ცნობაში. შესაბამისად, სადავო ბრძანება გამოცემულია კანონმდებლობის შესაბამისად. ვინაიდან არ არსებობს ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი, არ არსებობს მოსარჩელის სასარგებლოდ კომპენსაციის დაკისრების წინაპირობებიც.
17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დამსაქმებლის საკასაციო საჩივრის ფარგლებში, სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების ბათილობის საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით, უნდა შეფასდეს სააგენტოში რეორგანიზაციისაა და მოსარჩელის მიმართ რეორგანიზაციის შედეგების მართლზომიერება, კერძოდ, რეორგანიზაციის (შტატების შემცირების) მოტივით კანონიერად გათავისუფლდა თუ არა მოსარჩელე დაკავებული თანამდებობიდან, დამსაქმებელმა უფლება ბოროტად ხომ არ გამოიყენა, რაც ეწინააღმდეგება სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტს (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით), საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 115-ე, მე-8 მუხლებსა და საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ შრომის უფლებას, ვინაიდან რეორგანიზაცია მუშაკთან ხელშეკრულების შეწყვეტის ფორმალური საფუძველი არ არის და ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებები არ უნდა იქცეს უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად (შდრ.სუსგ №ას-115-111-2016, 8.04.2016წ).
18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები შეიძლება არსებობდეს დამოუკიდებლად, თუმცა იმისათვის, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა საფუძვლიანად იქნეს მიჩნეული, აუცილებელია, ნებისმიერ აღნიშნულ გარემოებას შედეგად მოჰყვებოდეს სამუშაო ძალის შემცირება. როდესაც დამსაქმებელი რეორგანიზაციის გადაწყვეტილებას იღებს, უნდა დარწმუნდეს, რომ აღნიშნული ნაბიჯი შეესაბამება ორგანიზაციის ინტერესებს და, ამავე დროს, გაუმართლებლად არ ხელყოფს დასაქმებულთა კანონიერ უფლებებს.
19. საკასაციო სასამართლოს არაერთ განჩინებასა თუ გადაწყვეტილებაში აქვს განმარტებული, რომ რეორგანიზაცია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ფორმალურსამართლებრივი საფუძველი ვერ გახდება, „ვინაიდან რეორგანიზაცია მუშაკთან ხელშეკრულების შეწყვეტის ფორმალური საფუძველი არ არის და ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებები არ უნდა იქცეს უმართებულო გადაწყვეტილების, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება დასაქმებულთა უფლებებს, მიღების კანონისმიერ საფუძვლად. დასაქმებულის სამუშაო ადგილიდან დათხოვნისას, სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინაპირობების განხორციელების შემთხვევაშიც, უნდა არსებობდეს გათავისუფლების გონივრული საფუძველი. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ დასაქმებულთა სამუშაოდან გათავისუფლების საფუძველი შეიძლება გახდეს საწარმოში განხორციელებული არა ყოველგვარი, არამედ ისეთი რეორგანიზაცია, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება ან ახალი საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამდებობებისათვის დაწესებული ისეთი ფუნქციები, რომლებიც არსებითად განსხვავდება რეორგანიზაციამდე არსებული შესაბამისი თანამდებობებისათვის დაწესებული ფუნქციებისგან“ (იხ. სუსგ. №ას-665-636-2016, 9.12.2016)“.
20. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც, მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე უთითებს, ვერ დაადასტურებს სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. მოსარჩელის მტკიცება, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას. დამსაქმებელს მტკიცებითი უპირატესობა აქვს, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ მისმა თანამშრომელმა არაჯეროვნად შეასრულა დაკისრებული მოვალეობები ან მას არ გააჩნია საკმარისი კვალიფიკაცია, ან არ ფლობს შესაბამის უნარ-ჩვევებს, რაც კონკრეტული ქმედებებით გამოიხატა, ვიდრე დასაქმებულს, რომელიც ობიექტურად ვერ შეძლებს მტკიცებულებების წარდგენას მასზე, რომ იგი ვალდებულებას ჯეროვნად ასრულებდა ან რომელ უნარ-ჩვევებს არ ფლობს, მით უფრო, რომ ამა თუ იმ საქმიანობისათვის საჭირო უნარ-ჩვევების ფლობის საკითხი შეფასებით კატეგორიას განეკუთვნება. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ ვერ დაადასტურა მოსარჩელის გათავისუფლების გონივრული საფუძვლის არსებობა, რადგან დამსაქმებელმა ვერ წარადგინა რეორგანიზაციის შედეგად შექმნილი სამსახურისათვის დასაქმებულის არასაკმარისი კვალიფიკაციის მტკიცებულება.
21. დამსაქმებელმა სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით საფუძვლით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროს კუმულაციურად უნდა დაასაბუთოს და დაამტკიცოს შემდეგი წინაპირობები: 1) საწარმოო აუცილებლობა, რომელიც შესაძლოა ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენდეს რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებისათვის; 2) შტატების რეალურად და კანონთან შესაბამისად შემცირების ფაქტი - კერძოდ, რეორგანიზაციის ფაქტობრივად განხორციელება კანონის შესაბამისად ისე, რომ პროცესში არ მოხდეს თვალთმაქცურად არასასურველი მუშაკების გათავისუფლება (შდრ. სუსგ №ას-1440-2020, 28.04.2021წ). ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ განმარტა: „სასამართლოს კვლევისა და შეფასების საგანია დამსაქმებელ კომპანიაში განხორციელებული რეორგანიზაციის საფუძვლით მოსარჩელეთა სამუშაო ადგილების შემცირების აუცილებლობა, სადავო სამართალურთიერთობის წარმოშობის დროისათვის მოქმედი ორგანული კანონის - სშკ-ის 37.1-ე მუხლის "ა" ქვეპუნქტის თანახმად, რაც შეეხება დასაქმებულის კვალიფიკაციისა ან პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობას მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან -ეს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ერთ-ერთი და დამოუკიდებელი საფუძველი იყო ადრე მოქმედი სშკ-ის 37.1-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, რაც მოქმედი რედაქციის ორგანული კანონის 47.1-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვითაც დამოუკიდებელი საფუძველია შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისათვის. ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების წინააღმდეგობრიობა სწორედ იმაში ვლინდება, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა და მათ გასაბათილებლად მოპასუხე კომპანიის მიერ წარდგენილი შესაგებლის ფარგლებში, შესაფასებელია, განხორციელებული რეორგანიზაციის საფუძველზე რამდენად აუცილებელი იყო მოსარჩელეთა სამუშაო ადგილების შემცირება და არა მოსარჩელეთა საკვალიფიკაციო უნარების შესაბამისობა მათ მიერ დაკავებულ თანამდებობეთან“ (იხ. სუსგ N ას-952-2020, 05.03.2021წ; შეად. სუსგ N ას-190-2021, 15.10.2021წ.). პირველი კასატორის პრეტენზიის პასუხად საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმაზე, რომ სშკ-ის 37-ე მუხლით (მოქმედი რედაქციით 47-ე მუხლი) განსაზღვრულია შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლები, რომლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს „ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას“, ხოლო „ვ“ ქვეპუნქტი შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ერთ-ერთ კანონიერ საფუძვლად ადგენს „დასაქმებულის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან შეუსაბამობას“. შესაბამისად, მითითებული ორი საფუძველი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელია, რაც იმას ნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის ფარგლებში დამსაქმებელმა უნდა დაამტკიცოს, რა საფუძვლით შეწყვიტა დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა და შეწყვეტის მართლზომიერება. მოცემულ შემთხვევაში დამსაქმებელმა გამოიყენა სშკ-ის იმხანად მოქმედი 37.1-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის იურიდიულ საფუძვლად, თუმცა, ხელშეკრულების შეწყვეტის ფაქტობრივი გარემოებების ნაწილში მტკიცება წარმართა დასაქმებულის არასაკმარისი კვალიფიკაციის მიმართულებით, რაც იმხანად მოქმედი სშკ-ის 37.1-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტია (მოქმედი კოდექსის 47.1-ე მუხლის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტები), რაც, სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოკვლეული და დადგენილი გარემოებებთან ერთად, დამატებით ასაბუთებს დამსაქმებლის მხრიდან შრომითი ურთიერთბის შეწყვეტის არამართლზომიერებას და მხარის ურთიერთგამომრიცხავ პოზიციას შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონიერ საფუძველთან მიმართებით.
22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, დასაქმებულის სამსახურიდან ნებისმიერი, მათ შორის რეორგანიზაციის, საფუძვლით დათხოვნის საკითხის გადაწყვეტისას, დამსაქმებელმა უნდა იხელმძღვანელოს გონივრული და დასაბუთებული კრიტერიუმით, რაც გამორიცხავს ეჭვის საფუძველს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და დაუსაბუთებლად არ ხელყოფს დასაქმებულის კანონიერ ინტერესს, მის შრომით უფლებებს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთ განჩინებაში განმარტებულია შემდეგი: საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო, ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპი, რაც დასაქმებულისათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში. დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლების კვლევისას მნიშვნელოვანია, დადგინდეს, რა ღონისძიებები გაატარა დამსაქმებელმა, რათა უზრუნველეყო დასაქმებულისათვის დაკავებული პოზიციის შენარჩუნება, ცხადია, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მომწესრიგებელი თითოეული საფუძვლის გამოყენებამდე, დასაბუთებული უნდა იყოს მისი გამოყენების წინაპირობა (სუსგ Nას-224-224-2018, 18.05.2018წ.; Nას-941-891-2015, 29.01.2016 წ).
23. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ასახულ ფაქტობრივ და სამართლებრივ მსჯელობას და დასკვნას, რომ კასატორმა არამართლზომიერად გაათავისუფლა მოსარჩელე სამსახურიდან, დამსაქმებელმა ვერ დაადასტურა რეორგანიზაციის შედეგად მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა, ვერ წარმოადგინა სათანადო არგუმენტები, რომლითაც ის ხელმძღვანელობდა გადაწყვეტილების მიღებისას. საქმეში წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება, თუ რამდენად ობიექტურ და სამართლიან კრიტერიუმებს ემყარებოდა სამსახურიდან მოსარჩელის გათავისუფლების თაობაზე დამსაქმებლის გადაწყვეტილება. მოპასუხემ ვერც იმ გარემოების დამტკიცება შეძლო, რეორგანიზაციის შემდეგ რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით მიანიჭა მოსარჩელესთან შედარებით, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა, უპირატესობა სხვა თანამშრომელს,. აგრეთვე, დამსაქმებელმა ვერ წარადგინა მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ რეორგანიზაციის შედეგად შექმნილი სამსახურისათვის დასაქმებულის უკვე არასაკმარისი კვალიფიკაცია გააჩნია.
24.საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამსახურიდან დასაქმებულის არამართლზომიერად გათავისუფლების თაობაზე სასამართლოს მიერ გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის დროს, როდესაც არ კმაყოფილდება მოსარჩელის მოთხოვნა სამსახურში აღდგენის ან მისი ტოლფასი თანამდებობით უზრუნველყოფაზე, სასამართლო მოსარჩელისათვის კომპენსაციის ოდენობას განსაზღვრავს. მოსარჩელეს უნდა მიეკუთვნოს კომპენსაცია იმ კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე, რაც თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოს მსჯელობის საგანია. ორგანული კანონის ნორმატრიული დანაწესი არ ადგენს შრომით დავებზე კომპენსაციის მიკუთვნების კრიტერიუმებს, თუმცა, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, მხარეთა მიერ დაძლეული მტკიცების ტვირთის ფარგლებში, მხედველობაში მიიღება დასაქმებულთან არამართლზომიერად შეწყვეტილი შრომითი ურთიერთობის ვადა, შრომის ანაზღაურების (ხელფასის) ოდენობა, პირის დასაქმების პერსპეტივა, მისი უნარები, ასაკი, ოჯახური და სოციალური მდომარეობა და სხვა ფაქტორები, რაც ერთობლივად უნდა გაანალიზდეს და შეფასდეს კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის დროს. „დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ (ბათილად) ცნობის შემთხვევაში, დამსაქმებლის ვალდებულება რამდენიმე შესაძლებლობას მოიცავს, თუმცა, კანონმდებლის მიერ დადგენილი წესი არ შეიძლება იმგვარად განიმარტოს, რომ სასამართლოს, დისკრეციული უფლებამოსილებით, შეუძლია მოხმობილი ნორმის დანაწესის საკუთარი შეხედულებისამებრ გამოყენება. სშკ დამსაქმებელს ავალდებულებს პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. მითითებული რეგულაციით დამსაქმებლისათვის დადგენილია უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ხოლო თუკი აღნიშნული შეუძლებელია, მაშინ მომდევნო რიგითობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება“ (იხ. სუსგ №ას-1210-2018, 15 თებერვალი, 2019 წელი).
25. რაც შეეხება მოსარჩელის უფლებრივი რესტიტუციის საშუალებას, დადგენილი იქნა, რომ დავის განხილვის დროისათვის სააგენტოში ის თანამდებობა, რომელიც მოსარჩელეს გათავისუფლებამდე ეკავა რეორგანიზაციის შედეგად გაუქმდა, შესაბამისად, მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა ერთჯერადი კომპენსაციის ანაზღაურება. საკასაციო სასამართლოს განსჯით, სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის გათვალისწინებით გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით, მოსარჩელეს მართებულად განესაზღვრა კომპანსაციის ოდენობა 10 000 ლარი (ხელზე მისაღები თანხა). ამრიგად, პირველი კასატორის (დამსაქმებლის) პრეტენზიები (იხ. წინამდებარე განჩინების მე-16 პუნქტი) არ არის გაზიარებული უსაფუძვლობის გამო.
26. მეორე კასატორის (ყოფილი დასაქმებულის) მტკიცებით კი, წინამდებარე სარჩელის განხილვისას ასპინძის სარეგისტრაციო სამსახურში ორი ადგილი ვაკანტური იყო, რომელიც იმ დროისათვის სამცხე-ჯავახეთის სამოქალაქო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურში შედიოდა, ამასთან, ამავე სამსახურში კონკურსი გამოცხადდა სტაჟიორის ორ ანაზღაურებად ვაკანსიაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოპასუხემ (დამსაქმებელმა) სასამართლოს არასწორი ინფორმაცია მიაწოდა, რამაც არასწორი გადაწყვეტილება განაპირობა. ამ მიმართებით სასამართლო არ იმსჯელებს საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე ყოფილი დასაქმებულის მიერ წარდგენილი ახალი მტკიცებულების თაობაზე, რადგან სსსკ-ის 407-ე მუხლი მკაფიოდ განსაზღვრავს, რომ საკასაციო სასამართლო მსჯელობს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე და საკასაციო საჩივრის ფარგლებში გასაჩივრებული გადაწყვეტილების/განჩინების კანონიერების შეფასებისას, რაც იმას ნიშნავს, რომ საკასაციო სასამართლო არ განიხილავს რომელიმე მხარის მიერ წარდგენილ ახალ მტკიცებულებას, ისევე, როგორც არ იმსჯელებს ისეთ გარემოებაზე, რომელიც მხარეებს არ ჰქონდათ მითითებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მთავარ სხდომამდე.
27. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს, რომ მტკიცების ტვირთის განაწილება სპეციფიკურია შრომითსამართლებრივ დავებში (იხ. სუსგ-ები: N ას-641-2020, 18.09.2020წ; N ას-1746-2019, 09.10.2020წ N ას-259-2020, 29.12.2020წ; N ას-1726-2018, 05.02.2021წ; N ას-1208-2018, 18.02.2021წ.), რაც იმას ნიშნავს, რომ დამსაქმებელს ევალება გათავისუფლების მართლზომიერების საფუძვლის დამტკიცება, თუმცა, რაც შეეხება სამუშაოზე ან ადრე დაკავებული თანამდებობის ტოლფას ვაკანსიაზე აღდგენის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნას, ამ მოთხოვნის ფაქტობრივი წინაპირობების, მათ შორის, ტოლფასი თანამდებობის არსებობის, რომელიც ფასდება სამუშაოს აღწერილობის, დასაქმებულის მიერ შესასრულებელ მოვალეობათა, შრომის ანაზღაურების ოდენობის და სხვა კომპონენტების, როგორც ტოლფასი ვაკანსიის დასაბუთების შემადგენელი ელემენტების ერთობლივი კვლევისა და შეჯერების მიხედვით, ასეთი ადგილის არსებობის დეტალურად აღწერის, დახასიათებისა და მითითების ვალდებულება აქვს მოსარჩელეს და მხოლოდ მისი შუამდგომლობის საფუძველზე შეიძლება წარმოიშვას მოპასუხის ვალდებულება, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, წარადგინოს საშტატო ნუსხა, სამუშაო აღწერილობები და სხვა მონაცემები, რაც მოსარჩელის მტკიცებას გაამყარებს. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის, ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან). მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება დავას. იმავდროულად, ახსნა-განმარტება უნდა დასტურდებოდეს შესატყვისი მტკიცებულებებით, თანახმად, სსსკ-ის 102.3 მუხლისა (იხ. სუსგ. საქმე Nას-147-139-2017, 18.12.2017წ).
28. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას - დადგენილია, რომ რეორგანიზაციის შემდეგ სამცხე–ჯავახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში სულ 16 შტატია, აქედან – 1 სამსახურის უფროსის, 15 მთავარი სპეციალისტის, რაც 6 ერთეულით ნაკლებია რეორგანიზაციამდე არსებულ ვითარებაზე. ამასთან, დადგენილია, რომ 2020 წლის 16 აპრილის მონაცემებით, ვაკანტური იყო მხოლოდ 1 საშტატო ადგილი - სამცხე-ჯავახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის უფროსის. რეორგანიზაციის შედეგად კი, მოსარჩელის თანამდებობა გაუქმდა. შესაბამისად, გამოიკვეთა მოსარჩელის სამსახურში აღდგენის დამაბრკოლებელი გარემოება. მოსარჩელემ დადგენილი გარემოების საწინააღმდეგოდ მხოლოდ ზეპირი განმარტება წარმოადგინა, რაც მის მიერ დასახელებული გარემოების დასადგენად საკმარისი არ არის. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი საკასაციო პრეტენზია უსაფუძვლოა და არ არის გაზიარებული.
29. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. მსგავს საკითხებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა არსებობს, რომელსაც წინამდებარე განჩინება არ ეწინააღმდეგება.
30. ზემოხსენებული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორებს არ წარმოუდგენიათ არც ერთი არგუმენტი, დასაბუთებული შედავება, თუ რა საფუძვლით უნდა იქნეს ცნობილი დასაშვებად საკასაციო საჩივრები. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება დასაბუთებული და კანონიერია, შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო განაცხადების არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
31. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შ.გ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
3. შ.გ–ს (პ/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო დავალება N0, გადახდის თარიღი 2022 წლის 10 იანვარი), 70% – 210 ლარი;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური