Facebook Twitter

3გ-ად-11-კ-03 6 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

ნ. ქადაგიძე

დავის საგანი: სასამართლოთა შორის განსჯადობა.

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 7 სექტემბერს ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა შპს “ს-ის” გენერალურმა დირექტორმა ა. წ-მა მოპასუხე საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ.

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ვ. ბ-ის შუამდგომლობის საფუძველზე ისანი-სამგორის რაიონულმა სასამართლომ 2001წ. 27 თებერვლის ბრძანებით ყადაღა დაადო შპს “ს-ის” ფაბრიკის შენობას, მოწყობილობებსა და სხვა ძირითად საშუალებებს მათი გასხვისების აკრძალვით და წარმოების შეჩერების გარეშე. იმავე ბრძანებით ყადაღა დაედო საწარმოს საერთაშორისო ანგარიშს ახალ “გ-ში”.

მოსარჩელის განმარტებით, ყადაღის დადების მოთხოვნას საფუძვლად დაედო კომპანია “ე-ოს” მფლობელ ნ. ნ-ის განცხადების საფუძველზე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ა. ნ-ის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე.

მოსარჩელე სარჩელში აღნიშნავდა, რომ ყადაღის დადების მომენტში და არც შემდგომ ა. ნ-ი არ წარმოადგენდა შპს “ს-ის” პარტნიორს და მას არ ეკუთვნოდა შპს “ს-ის" საწესდებო კაპიტალის არც ერთი პროცენტი.

მოსარჩელე სარჩელში მიუთითებდა, რომ იხელმძღვანელა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 31 ივლისის განჩინებით, რომლის სამოტივაციო ნაწილში აღნიშნულია, რომ სსკ-ს 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ე" პუნქტის თანახმად შპს “ს-ის” გენერალურ დირექტორ ა. წ-ს უფლება ჰქონდა მოეთხოვა საწარმოს ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება არა უდავო, არამედ საერთო სასარჩელო წარმოების წესით, რის შემდეგაც აღიძრა კიდეც სარჩელი ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ.

მოსარჩელე სარჩელის საფუძვლად მიუთითებდა იმ გარემოებებზე, რომ შპს “ს-ის” ქონება არ ეკუთვნოდა ა. ნ-ს, იგი არ წარმოადგენდა საწარმოს პარტნიორს, მესაკუთრეს და ამდენად, საწარმო პასუხისმგებელი არ იყო ა. ნ-ის ვალდებულებებზე. ამასთან, ყადაღის დადებით ილახებოდა საწარმოს პრესტიჟი, ფერხდებოდა ურთიერთობები პარტნიორებთან, ვერ ფორმდებოდა კონტრაქტები მიმწოდებლებსა და მყიდველებთან, რადგანაც საწარმო ითვლებოდა არაკეთილსაიმედო პარტნიორად. გარდა ამისა, მოსარჩელე განმარტავდა, რომ ვერ იყენებდა საერთაშორისო ანგარიშზე არსებულ თანხებს, რის გამოც საწარმოს შეფერხებები ჰქონდა ნედლეულით, დამხმარე მასალებითა და სათადარიგო ნაწილებით მომარაგებაში, რაც თავისთავად აფერხებდა გადასახადების დროულად გადახდას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სარჩელით ითხოვა შპს “ს-ის” ფაბრიკის შენობის, მოწყობილობებისა და სხვა ძირითადი საშუალებების, აგრეთვე, ახალ “გ-ში” არსებული შპს “ს-ის” საერთაშორისო ანგარიშის გათავისუფლება ყადაღისაგან.

2001წ. 25 სექტემბერს ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს მესამე პირად ჩართვის შესახებ განცხადებით მიმართა შპს “ს-ის” დროებითი ადმინისტრაციის დირექტორის ვ. ა-ას წარმომადგენელმა ა. კ-მა იმ საფუძვლით, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას შეიძლებოდა გავლენა მოეხდინა ვ. ა-აზე.

აღნიშნულ შუამდგომლობას არ დაეთანხმა შპს “ს-ა” იმ საფუძლით, რომ საწარმოში არ არსებობდა დროებითი ადმინისტრაცია, რომლის ერთ-ერთ დირექტორსაც წარმოადგენდა ვ. ა-ა.

თავის მხრივ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ იშუამდგომლა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პროკურატურის, ფიზიკური პირი ნ. ნ-ისა და შპს “ს-ის" დროებითი ადმინისტრაციის წევრის _ ვ. ა-ას მესამე პირებად ჩართვა მოცემულ საქმეში.

ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 1 ოქტომბრის სხდომაზე გენერალური პროკურატურის აღნიშნულ შუამდგომლობას დაეთანხმა ვ. ა-ას წარმომადგენელი ა. კ-ი და თავადაც ითხოვა მოცემულ საქმეში ფიზიკური პირის, ნ. ნ-ის, მესამე პირად ჩართვა.

საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობას, საქმეში მესამე პირად აზერბაიჯანის რესპუბლიკის პროკურატურის ჩაბმის შესახებ, მოსარჩელე დაეთანხმა, ხოლო შუამდგომლობას, ფიზიკური პირების: ნ. ნ-ისა და ვ. ა-ას საქმეში მესამე პირებად ჩართვის თაობაზე, მოსარჩელე შპს “ს-ის" წარმომადგენელი არ დაეთანხმა.

ისანი-სამგორის რაიონულმა სასამართლომ 2001წ. 1 ოქტომბერს მიიღო სამი განჩინება:

პირველი განჩინებით დაკმაყოფილდა ა. კ-ის შუამდგომლობა და ნ. ნ-ი მოცემულ საქმეში ჩაება მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე.

მეორე განჩინებით არ დაკმაყოფილდა საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პროკურატურის მოცემულ საქმეში დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირად ჩაბმის თაობაზე.

მესამე განჩინებით ა. კ-ს უარი ეთქვა შუამდგომლობაზე მოცემულ საქმეში დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირად ვ. ა-ას ჩაბმის შესახებ.

იმავე დღეს, 2001წ. 1 ოქტომბერს ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოში დამოუკიდებელი სარჩელები აღძრეს ფიზიკურმა პირებმა: ა. წ-მა და ჰ. ა-იმ მოპასუხე საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ. მათ პირველ რიგში ითხოვეს მოცემულ საქმეში დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის მქონე მესამე პირებად ჩაბმა, ხოლო შემდეგ შპს “ს-ის" ფაბრიკის შენობის, მოწყობილობების, სხვა ძირითადი საშუალებებისა და ახალ “გ-ში” არსებული მოსარჩელის საერთაშორისო ანგარიშის ყადაღისაგან გათავისუფლება.

დამოუკიდებელი სარჩელების ავტორები მიუთითებდნენ, რომ შპს “ს-ის" საწესდებო კაპიტალის 10%-ის მესაკუთრე იყო ა. წ-ი, ხოლო 90%-ის მესაკუთრე – ჰ. ა-ი.

ისანი-სამგორის რაიონულმა სასამართლომ 2001წ. 3 ოქტომბერს მიიღო ორი განჩინება, რომლებითაც წარმოებაში მიიღო მესამე პირების^ ა. წ-ისა და ჰ. ა-ის სარჩელები თავდაპირველ სარჩელთან ერთად განსახილველად.

შპს “ს-ის" დროებითი ადმინისტრაციის დირექტორ ვ. ა-ას წარმომადგენელმა ა. კ-მა 2001წ. 25 ოქტომბერს კერძო საჩივარი შეიტანა ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 1 ოქტომბრის იმ განჩინებაზე, რომლითაც უარი ეთქვა შუამდგომლობას საქმეში მესამე პირად შპს “ს-ის" დროებითი ადმინისტრაციის დირექტორ ვ. ა-ას ჩაბმაზე. კერძო საჩივრის ავტორმა ითხოვა აღნიშნული განჩინების გაუქმება და საქმეში მესამე პირად შპს “ს-ის” ადმინისტრაციის დირექტორ ვ. ა-ას ჩაბმა.

ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 5 დეკემბრის განჩინებით კერძო საჩივარი, როგორც დაუსაბუთებელი, საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 27 მაისის განჩინებით ვ. ა-ას წარმომადგენელ ა. კ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

ისანი-სამგორის რაიონულმა სასამართლომ 2002წ. 10 ოქტომბერს განიხილა შპს “ს-ის" სარჩელი მოპასუხე საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ და გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა: ქ. თბილისში, ..... მდებარე შპს “ს-ის” ფაბრიკის შენობას, მოწყობილობებს, სხვა ძირითად საშუალებებს, აგრეთვე, ახალ “გ-ში” მოსარჩელის საერთაშორისო ანგარიშს მოეხსნა ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 27 თებერვლის ბრძანებით დადებული ყადაღა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მესამე პირი ნ. ნ-ის წარმომადგენელმა ა. კ-მა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ 2002წ. 30 დეკემბრის განჩინებით წარმოებაში მიიღო ნ. ნ-ის წარმომადგენელ ა. კ-ის სააპელაციო საჩივარი.

2003წ. 10 თებერვალს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას შუამდგომლობით მიმართა შპს “ს-ის" წარმომადგენელმა დ. ლ-ამ.

შუამდგომლობაში აღნიშნული იყო, რომ ნ. ნ-ის წარმომადგენელი ა. კ-ი ისანი-სამგორის რაიონულმა სასამართლომ მოცემულ საქმეში დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მესამე პირად ჩართო არა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის, არამედ სსკ-ს მიხედვით, რის გამოც მას ერთმეოდა ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 10 ოქტომბრის გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების უფლება.

შპს “ს-ის" წარმომადგენლის განმარტებით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილი მიუთითებს, რომ პირს უფლება აქვს მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება სსკ-ს 198-ე მუხლის შესაბამისად, ანუ მხარეს უფლება აქვს მოითხოვოს საქმის განხილვა სსკ-ს მოთხოვნათა შესაბამისად, რაც ნიშნავს, რომ აღნიშნული კატეგორიის საქმეები არის არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი, არამედ – სამოქალაქო-სამართლებრივი წარმოების.

შპს “ს-ის" წარმომადგენელი მიუთითებდა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსმა არ გაითვალისწინა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით ყადაღის მოხსნა. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით ზუსტად არის განსაზღვრული, რომელი სამართალწარმოებით უნდა გათავისუფლდეს ქონება ყადაღისაგან, ამიტომ გაუგებარი იყო, რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე უნდა განეხილა ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას სააპელაციო საჩივარი.

შპს “ს-ის" წარმომადგენელმა ითხოვა მოცემული საქმის იმავე სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატისათვის განსჯადობით გადაცემა.

ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ, მოცემული დავა განხილულ უნდა ყოფილიყო სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, ვინაიდან არ არსებობდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული დავა, რაც მოცემულ საქმეს განაკუთვნებდა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ დავათა კატეგორიას, ხოლო ის ფაქტი, რომ სარჩელში მოპასუხედ მითითებული იყო საჯარო დაწესებულება საქართველოს გენერალური პროკურატურა, ვერ გახდებოდა დავის ადმინისტრაციული კატეგორიისათვის მიკუთვნების საფუძველი.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 19 თებერვლის განჩინებით შპს “ს-ის" წარმომადგენელ დ. ლ-ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მოცემული საქმე განსჯადობით გადაეცა იმავე სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2003წ. 10 მარტის განჩინებით მოცემული საქმე განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაუგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს შემდეგი საფუძვლებით:

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ საქმეში დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს გენერალური პროკურატურის ქმედება, რაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის “გ" პუნქტის თანახმად ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვას ექვემდებარება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის, სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ მიღებული განჩინებების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემული საქმე თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის განსჯადია.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ მოცემული დავა განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით და, რომ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ელემენტი _ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი დავა.

საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მოცემული დავა იმ სამართალურთიერთობასთან არის დაკავშირებული, რომელიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. კერძოდ, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ განსახილველ საქმეში დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს გენერალური პროკურატურის ქმედების კანონიერება, რაც საკასაციო სასამართლოს აზრით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის “გ" პუნქტის თანახმად მოცემული საქმის ადმინისტრაციული სამართალწარმოებით განხილვას ექვემდებარება.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული დავა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით უნდა განიხილოს თბილისის საოლქო სასამართლის ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მესამე პირის, ნ. ნ-ის წარმომადგენელ ა. კ-ის სააპელაციო საჩივარი საქმეზე _ შპს “ს-ის" სარჩელის გამო მოპასუხე საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ, ყადაღის მოხსნის შესახებ განსახილველად განსჯადობით დაექვემდებაროს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.

2. მოცემული საქმე გადაეცეს განსჯად სასამართლოს.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.