16 მარტი, 2022 წელი,
საქმე №ას-241-2021 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - შპს „ე.ბ.ს.“
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ნ.ა–ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ნ.ა–ი (შემდეგში: მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, დასაქმებული) 2017 წლის 6 ივნისიდან - 2018 წლის 8 აგვისტოს ჩათვლით, დასაქმებული იყო შპს „ე.ბ.ს–ს“ (შემდეგში: მოპასუხე, კასატორი, დამსაქმებელი, კომპანია) მაღაზიაში (მდებარე: ქ.თბილისი, ...... N7), მენეჯერად და, მისი ყოველთვიური შრომის ანაზღაურება 1 300 ლარს შეადგენდა.
2. 2018 წლის 8 აგვისტოს მოსარჩელეს ეცნობა, რომ, მასთან შრომითი ხელშეკრულება შეწყდა. დამსაქმებელს, დასაქმებულისათვის, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი არ განუმარტავს.
3. 2018 წლის 13 აგვისტოს, დასაქმებულმა მოპასუხეს მიმართა და, სამუშაოდან მისი განთავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების წერილობით დასაბუთება მოითხოვა, თუმცა მოპასუხეს ასეთი დასაბუთება არ გაუცია.
4. მხარეთა შორის შრომითი ხელშეკრულება დადებული იყო, ზეპირი ფორმით, განუსაზღვრელი ვადით.
5. დასაქმებულმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა დამსაქმებლის წინააღმდეგ და მოითხოვა: ა). სამსახურიდან მისი განთავისუფლების შესახებ კომპანიის 2018 წლის 1 აგვისტოს ბრძანების (შემდეგში - სადავო ბრძანება ან გასაჩივრებული ბრძანება) ბათილად ცნობა; ბ). სამუშაოზე აღდგენა; გ). იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, 2018 წლის 1 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად დასაბეგრი 1 625 ლარის გადახდა.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
7. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით: ა). მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბ). გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და, მისი შეცვლით ახალი გადაწყვეტილება იქნა მიღებული; გ). სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; დ). სადავო ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი; ე). დამსაქმებელს, მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის - 23 400 ლარის გადახდა; ვ). სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნათა ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
8.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-4 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და დამატებით დასძინა, რომ სასამართლო განხილვის ეტაპზე, მოპასუხემ, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად მიუთითა - ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლაზე და, აღნიშნული პოზიციის დასამტკიცებლად წარადგინა ბრძანებები, მოსარჩელის დანიშვნის, ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელებისა და ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის თაობაზე.
სააპელაციო სასამართლომ, ზემოხსენებული მტკიცებულებების საფუძველზე დადასტურებულად არ ჩათვალა ის გარემოება, რომ მხარეთა შორის შრომითი ხელშეკრულება განსაზღვრული ვადით იყო დადებული, რაზეც ხელშეკრულების მონაწილე ორივე მხარეს ნება ჰქონდა გამოვლენილი. სასამართლოს შეფასებით, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა, რომ მოსარჩელისათვის ცნობილი იყო არსებული ბრძანებების თაობაზე, რაც გამორიცხავდა დამსაქმებლის მხრიდან ცალმხრივად გამოვლენილი ნების ნამდვილად მიჩნევის საფუძველს, რამეთუ მისი ნამდვილობა დამოკიდებულია მეორე მხარის მხრიდან მიღებაზე (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის 51-ე მუხლის მიხედვით, ნების გამოვლენა, რომელიც მოითხოვს მეორე მხარის მიერ მის მიღებას, ნამვილად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა იგი მეორე მხარეს მიუვა).
8.2. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში - სშკ) 47.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე (სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი კოდექსის 37.1 მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტი, რომლითაც დადგენილია, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა) და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, გამოსაკვლევი იყო შემდეგი საკითხი: შესრულდა თუ არა მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა ხსენებული ნორმის დაცვით. უფრო კონკრეტულად კი, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებისათვის საკვანძო საკითხი იყო იმ გარემოების დადგენა, არსებობდა თუ არა მხარეთა შორის უვადო შრომითი ხელშეკრულება, რაც გამორიცხავდა გასაჩივრებული ბრძანების კანონიერებას, ხელშეკრულების ვადის გასვლის საფუძვლით შეწყვეტასთან მიმართებით.
8.3. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, დამსაქმებლის მტკიცების საგანში შედიოდა იმ გარემოების დადასტურება, რომ მხარეთა შორის არსებობდა განსაზღვრული ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულება, რადგან აღნიშნული ხელშეკრულება მხარეებმა ზეპირი ფორმით დადეს, ხოლო, მოპასუხემ, სშკ-ის 48-ე მუხლის (სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი კოდექსის 38-ე მუხლი) მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, მოსარჩელეს კანონით დადგენილ ვადაში არ განუმარტა სამუშაოდან მისი განთავისუფლების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დამსაქმებლის მხოლოდ ზეპირი განმარტებითა და მის მიერ ცალმხრივად შედგენილი დოკუმენტებით ვერ დადასტურდებოდა, რომ მას მოსარჩელესთან განსაზღვრული ვადით ჰქონდა დადებული შრომითი ხელშეკრულება. მართალია, მოპასუხემ წარმოადგინა 2017-2018 წლის ბრძანებები, თუმცა იმ პირობებში, როცა მითითებული ბრძანებები მოსარჩელეს კანონით დადგენილი წესით არ გაცნობია, ისინი სამართლებრივი ძალის მქონედ ვერ მიიჩნეოდა. შრომის კანონმდებლობის თანახმად, ბრძანება თუ სხვა აქტი, შრომის ხელშეკრულების ტოლფასი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებელი შესაბამისი აქტის შესახებ დასაქმებულს ეცნობება. რაკი დამსაქმებელს არ წარმოუდგენია სადავო ბრძანების შინაარსის მოსარჩელისათვის გაცნობის შესახებ რაიმე მტკიცებულება, ამიტომ ხსენებულ აქტებს რაიმე იურიდიული მნიშვნელობა არ უნდა მინიჭებოდა. აქვე ისიც საყურადღებო იყო, რომ მოსარჩელე შრომით უფლება-მოვალეობებს 2018 წლის 8 აგვისტოს ჩათვლით ასრულებდა და კომპანიაში დასაქმებული იყო. ამდენად, დასახელებული ბრძანებების ნამდვილობის პირობებშიც კი, მოსარჩელეს კონკრეტული პოზიცია დაკავებული ჰქონდა მოპასუხის მიერ შეთავაზებული ვადის გასვლის შემდეგაც.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ გაუმართლებლად მიიჩნია, მოპასუხის მიერ წარმოდგენილ ბრძანებებზე დაყრდნობით სახელშეკრულებო ურთიერთობის ვადის განსაზღვრის შესაძლებლობა, მით უფრო იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ მოპასუხე კომპანიაში მოსარჩელე დასაქმებული იყო 2017 წლის 1 ივნისიდან 2018 წლის 8 აგვისტოს ჩათვლით. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მხარეთა შორის არსებობდა სწორედ უვადო შრომითი ხელშეკრულება, რის გამოც სშკ-ის 37.1 მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის (მოქმედი კოდექსის 47.1 მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტი) საფუძვლზე შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა არამართლზომიერი იყო და დამსაქმებლის მიერ გამოხატული ცალმხრივი ნება ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი (სსკ-ის 54-ე მუხლი).
8.4. სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო მოპასუხის წარმომადგენლის განმარტება იმის შესახებ, რომ: კომპანია გაკოტრების პირასაა; ყველა დაქირავებული მუშაკი განთავისუფლებულია, მხოლოდ დირექტორია დარჩენილი; კომპანია აქტიურ სამეწარმეო საქმიანობას არ ეწევა; კომპანია ძირითადად დაკავებული იყო საბითუმო ვაჭრობით, პანდემიის პირობებში კი, სამეწარმეო საქმიანობა შეჩერდა. აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, უნდა დაჰკისრებოდა, შრომის კოდექსის 38.8 მუხლით გათვალისწინებული კომპენსაციის, კერძოდ, 18 თვის სახელფასო ანაზღაურების ჯამური ოდენობის (1 300X18 თვეზე=23 400-ს) გადახდა.
9. სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, ამ გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით, შემდეგი დასაბუთებით:
9.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელე სადავო პოზიციაზე 2017 წლის 1 ივნისიდან დაინიშნა, 1 წლის ვადით. 2018 წლის 1 ივნისის ბრძანებით, მასთან შრომითსახელშეკრულებო ურთიერთობა ერთი-ორი თვით გაგრძელდა. ხსენებული ბრძანება მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია. დასაქმებული არ უარყოფს, რომ მითითებულ პერიოდში მოპასუხესთან მუშაობდა. შრომის კოდექსში მოცემულია გარკვეული ჩამონათვალი, რა დროსაც შესაძლებელია, რომ 1 წლამდე შრომითი ხელშეკრულება დაიდოს გარკვეული ვადით, მათ შორისაა ვითარება, როდესაც არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების განსაზღვრული ვადით დადებას. შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში, ობიექტური გარემოების გამო, ვადიანი შრომითი ხელშეკრულება მხარეთა შორის დამატებით 2 თვით გაგრძელდა.
9.2. მოსარჩელემ გაასაჩივრა, 2018 წლის 1 აგვისტოს მოპასუხის მიერ გამოვლენილი ნება, ვადიანი შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე, ხოლო 2018 წლის 8 აგვისტოს გამოვლენილი ნება, მას არ გაუსაჩივრებია. ამდენად, 2018 წლის 8 აგვისტოს მოპასუხის მიერ გამოვლენილი ნების არამართლზომიერებაზე სასამართლო ვერ იმსჯელებდა, მოთხოვნის არარსებობის გამო.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 2 აპრილის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
11. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
13. კონკრეტულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია, თუ რამდენად სწორად დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა, სადავო ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე და, რამდენად კანონიერია, კასატორისათვის მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის გამო კომპენსაციის ანაზღაურების დაკისრება.
13.1. პალატის განსჯით, განსახილველი საკითხის სწორად გადასაწყვეტად, საყურადღებოა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილად ცნობილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1). მოსარჩელე, 2017 წლის 6 ივნისიდან - 2018 წლის 8 აგვისტოს ჩათვლით, დასაქმებული იყო მოპასუხე კომპანიის მაღაზიაში (მდებარე: ქ.თბილისი, ......), მენეჯერად.
2). მხარეთა შორის შრომითი ხელშეკრულება დადებული იყო ზეპირი ფორმით.
3). 2018 წლის 8 აგვისტოს მოსარჩელეს ეცნობა, რომ მასთან შრომითი ხელშეკრულება შეწყდა. დამსაქმებელს, დასაქმებულისათვის, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი არ განუმარტავს.
3). 2018 წლის 13 აგვისტოს, დასაქმებულმა მოპასუხეს მიმართა და, სამუშაოდან მისი განთავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების წერილობით დასაბუთება მოითხოვა, თუმცა მოპასუხეს ასეთი დასაბუთება არ გაუცია.
4). სასამართლო განხილვის ეტაპზე, მოპასუხემ, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად მიუთითა - ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლაზე და, აღნიშნული პოზიციის დასამტკიცებლად წარადგინა ბრძანებები, მოსარჩელის დანიშვნის, ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელებისა და ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის თაობაზე.
ზემომითითებული გარემოებები კასატორს დასაბუთებული შედავების (პრეტენზია) გზით არ გაუქარწყლებია, ამიტომ ისინი სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407.2 მუხლი).
ამდენად, ნათელია, რომ, მოპასუხეს, მოსარჩელისათვის არ განუმარტავს, მასთან შრომითსამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის მოტივები, ხოლო სასამართლო განხილვის ეტაპზე, დამსაქმებელმა შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლა დაასახელა.
13.2. შექმნილ ფაქტობრივ მოცემულობაში სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოცემული დავის საკვანძო საკითხი - არსებობდა თუ არა მხარეთა შორის უვადო შრომითი ხელშეკრულება.
გასაჩივრებული ბრძანების კანონიერების შემოწმებისას, აღნიშნულს არსებითი მნიშვნელობა გააჩნია, რამდენადაც უვადო შრომითი ხელშეკრულების პირობებში, მოპასუხის მიერ მითითებული საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი არ იარსებებდა, რაც, თავის მხრივ, სარჩელის წარმატებას განაპირობებდა. გარდა ამისა, ამავე ფაქტობრივი მოცემულობის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ შრომით ხელშეკრულებაში ასახული ვადის მტკიცების ტვირთი დამსაქმებელს ეკისრებოდა.
13.3. საკასაციო პალატის შეფასებით, მხარეთა შორის ვადიანი შრომითი ხელშეკრულების არსებობის ფაქტის დასასაბუთებულად, დამსაქმებლის მიერ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისია.
თანამდებობაზე მოსარჩელის დანიშვნის, მასთან შრომითი ხელშეკრულების ვადის გაგრძელებისა და ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის შესახებ ბრძანებები, მოპასუხის პოზიციის (შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა) დასასაბუთებლად მაშინ გამოდგებოდა, თუკი კასატორი, სადავო ბრძანების შინაარსის მოსარჩელისათვის გაცნობის მტკიცებულებასაც წარმოადგენდა.
მოცემულ შემთხვევაში, კიდევ ერთი გარემოებაა საყურადღებო: როგორც სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დაადგინა, დასახელებული ბრძანებების ნამდვილობის პირობებშიც, მოსარჩელეს, შესაბამისი პოზიცია, დამსაქმებლის მიერ შეთავაზებული ვადის გასვლის შემდეგაც ჰქონდა დაკავებული, კერძოდ, მოპასუხე კომპანიაში მოსარჩელე დასაქმებული იყო 2017 წლის 1 ივნისიდან 2018 წლის 8 აგვისტოს ჩათვლით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, მხარეთა შორის უვადო შრომითი ხელშეკრულების არსებობის თაობაზე, რის გამოც სშკ-ის 37.1 მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის (მოქმედი კოდექსის 47.1 მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტი - შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია, შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა) საფუძველზე შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა სამართლებრივ დასაბუთებას ერთმნიშვნელოვნადაა მოკლებული და დამსაქმებლის მიერ გამოხატული ცალმხრივი ნების ბათილად ცნობის საკანონმდებლო საფუძველს ქმნის (სსკ-ის 54-ე მუხლი - ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს).
13.4. საკასაციო პალატის დასკვნით, გასაზიარებელია გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობის ის ნაწილიც, სადაც სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ არსებობს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის გამო მოსარჩელისათვის კომპენსაციის ანაზღაურების საფუძველი. კერძოდ: სშკ-ის 38.8-ე მუხლის გამოყენების სპეციფიკასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ „დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ (ბათილად) ცნობის შემთხვევაში, დასახელებულ ნორმაში მითითებულია დამსაქმებლის ვალდებულება, რომელიც რამდენიმე შესაძლებლობას მოიცავს, თუმცა, კანონმდებლის მიერ დადგენილი წესი არ შეიძლება იმგვარად განიმარტოს, რომ სასამართლოს, დისკრეციული უფლებამოსილებით, შეუძლია მოხმობილი ნორმის დანაწესის საკუთარი შეხედულებისამებრ გამოყენება. სშკ დამსაქმებელს ავალდებულებს პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. მითითებული რეგულაციით დამსაქმებლისათვის დადგენილია უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ხოლო თუკი აღნიშნული შეუძლებელია, მაშინ მომდევნო რიგითობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება“ (იხ. სუსგ Nას-951-901-2015, 29.01.2016წ.; ას-931-881-2015.
13.5 გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობიდან გამომდინარე, რომ დასაქმებულის თანამდებობაზე აღდგენა შეუძლებელია, დამსაქმებელი ვალდებულია, გადაუხადოს მოსარჩელეს კომპენსაცია.
სშკ არ აწესებს კომპენსაციის მინიმალურ ან მაქსიმალურ ოდენობას, აგრეთვე არ განსაზღვრავს კომპენსაციის გამოანგარიშების წესსა და კრიტერიუმებს. შესაბამისად, სასამართლომ შრომის სამართლებრივი იმ „კარგი პრაქტიკით“ უნდა იხელმძღვანელოს, რაც დამკვიდრებულია სასამართლო პრაქტიკითა და არ ეწინააღმდეგება შრომის დაცვის ძირითად საერთაშორისო პრინციპებს (იხ. სუსგ №ას-787-736-2017).
13.6 დაკისრებული კომპენსაციის ოდენობასთან დაკავშრებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კომპენსაცია შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოფდეს იმ ზიანის ანაზღაურებას, რომელიც გათავისუფლების შესახებ ბათილი ბრძანების შედეგად წარმოეშვა დასაქმებულს, ამავდროულად, მისი ოდენობა უნდა იყოს გონივრული და არ უნდა ქმნიდეს არც ერთი მხარისათვის უსაფუძვლო გამდიდრების ობიექტურ წინაპირობებს (სსკ-ის 976-991-ე მუხლები).
კომპენსაციის საკითხი ლოგიკურად წყდება იმ შემთხვევებში, როდესაც დასაქმებული ვადიანი შრომითი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში უკანონოდ გათავისუფლდა. ასეთ ვითარებაში მას კომპენსაცია მიეცემა იძულებითი მოცდენის მთელი იმ პერიოდისთვის, რომელსაც დასაქმებული ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე მიიღებდა, მაგრამ დამსაქმებლის ბრალეული ქმედების გამო ვერ მიიღო (იხ. სუსგ: # ას-1327-1265-2017, # ას-1276-1216-2014).
კომპენსაციის ოდენობის ამგვარად გამოთვლა პრაქტიკულად შეუძლებელია იმ შემთხვევებში, როდესაც დასაქმებული დამსაქმებელთან უვადო შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა. ასეთ ვითარებაში სასამართლომ კომპენსაციის ოდენობა თავად უნდა განსაზღვროს გონივრულობის ფარგლებში, ისე, რომ აღნიშნულმა რომელიმე მხარის უსაფუძვლო გამდიდრება არ გამოიწვიოს და ამავდროულად, ზიანის ანაზღაურების მიზნით დასაქმებულისთვის ღირსეულ პირობასაც ქმნიდეს.
13.7 განსახილველ შემთხვევაში მოპასუხის შრომითი ანაზღაურება შეადგენდა 1300 ლარს, ხოლო კომპენსაცია, რომელიც მას მიაკუთვნა სააპელაციო სასამართლომ - 23400 ლარია, ანუ იგი ამ ოდენობის სახელფასო სარგოს მიიღებდა 18 თვის განმავლობაში.
მოსარჩელეს სააპელაციო სასამართლოს მიერ დაკისრებული კომპენსაციის მოცულობა სადავოდ არ გაუხდია.
ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხისთვის კომპენსაციის სახით 18 თვის თანამდებობრივი სარგოს დაკისრება გონივრულია ვინაიდან ერთის მხრივ დროის აღნიშნულ მონაკვეთში შესაძლებელია დასაქმებულის პროფესიული უნარ ჩვევების შენარჩუნება და მეორეს მხრივ თვრამეტთვიანი პერიოდის განმავლობაში მოსარჩელე შეძლებდა თავისი პროფესიით დასაქმებას.
14. საყურადღებოა, რომ მოსარჩელისთვის მიკუთვნებული კომპენსაციის მოცულობის გამაქარწყლებელი საკასაციო პრეტენზია კასატორს არ წარმოუდგენია. ამდენად, დადგენილი სასამართლო პრაქტიკისა და მოცემულ საქმეში არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს გონივრულად მიაჩნია უკანონოდ გათავისუფლებული მოსარჩელისათვის კომპენსაციის სახით 23400 ლარის მიკუთვნება.
15. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
16. არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
18. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 819 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ე.ბ.ს–ს“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს „ე.ბ.ს–ს“ (ს/კ .....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ინდმეწარმე ლ.წ–ის (პ/ნ ......) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1 170 ლარის (საგადასახადო დავალება - # 0, გადახდის თარიღი - 29.03.2021) 70% - 819 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
მირანდა ერემაძე
ლევან მიქაბერიძე