11 მარტი, 2022 წელი,
საქმე №ას-536-2020 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ნ.ბ–ა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 მარტის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდურისა და მორალური ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია გადაწყვეტილება - საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება
აღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ნ.ბ–ა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან დასაქმებული) 2011 წლიდან დასაქმებული იყო ა(ა)იპ #155 საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორის თანამდებობაზე (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 709-ე მუხლი). მისი ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება 800 ლარს (ხელზე ასაღები) შეადგენდა.
2. ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, დამსაქმებელი ან სააგენტო) მონიტორინგის სამსახურის ჯგუფის მიერ 2015 წლის 11 დეკემბერს ბაგა-ბაღი (ვიდეოკამერები, კვების ბლოკი და საწყობი, სოციალური და სააღმზრდელო გარემო, ჯანმრთელობის დაცვა/უსაფრთხოება, სველი წერტილები, ეზო და შენობის ინფრასტრუქტურა) შემოწმდა. სამზარეულოსა და მშრალი პროდუქტების საწყობის შემოწმებისას დადგინდა სამზარეულოს თანამშრომლების მიერ რამდენიმე დასახელების პროდუქტისა და სამეურნეო საქონლის გადამალვა, ესენია: 2,100 კგ ბანანი; 0,410 კგ ყველი; 1 „დომესტოსი“; 1 „აცე“; 1 „ფეირი“; 1 სახეხი ბურთულა და 1 ტუალეტის ქაღალდი (იხ. 2015 წლის 21 დეკემბრის დასკვნა).
3. აღნიშნულ ფაქტზე ახსნა-განმარტება ჩამოერთვათ სამეურნეო ნაწილის კოორდინატორს, მზარეულსა და მის თანაშემწეს, ჯანმრთელობისა და ჰიგიენური უზრუნველყოფის კოორდინატორსა და დირექტორს. ახსნა-განმარტებებში ბანანისა და ყველის გადანახვა კვირის სხვა დღეებთან შედარებით ბავშვთა რაოდენობის ნაკლებობით განიმარტა.
4. ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მონიტორინგის სამსახურმა მიიჩნია, რომ, დირექტორმა მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობები არაჯეროვნად შეასრულა, შესაბამისად, ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს 2015 წლის 24 დეკემბრის #2/242 ბრძანებით (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი სადავო ბრძანება), მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების გამო, მოსარჩელის მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - სასტიკი საყვედურის გამოცხადების სახით. ამავე ბრძანებით მოსარჩელეს განემარტა, რომ დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვანი შესრულებისა და შრომის დისციპლინის განმეორებით დარღვევისას მის მიმართ გამოყენებული იქნებოდა უფრო მკაცრი დისციპლინური სასაჯელის ზომა.
5. ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის ჯგუფმა 2016 წლის 10 მარტს კვლავ შეამოწმა ბაგა-ბაღი. დათვალიერებისას დადგინდა ერთი ვიდეოკამერის გაუმართაობა (საერთო რაოდენობა 25); კვების ბლოკის შემოწმებისას აღმოჩნდა გადამალული 2.600 გრ ვაშლი და ერთი ლიტრი წვენით ნაკლები; მშრალი პროდუქტის საწყობში ასევე გამოვლინდა ნედლი ქათმის და ხორბლის ფქვილის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სტანდარტებისა და პირობების დარღვევით მიიღება (იხ. 2016 წლის 15 მარტის დასკვნა).
6. ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს 2016 წლის 16 მარტის #2/052 ბრძანებით (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე სადავო ბრძანება), ვალდებულების განმეორებით დარღვევის გამო, მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. გათავისუფლებას სშკ-ის, 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ”თ” ქვეპუნქტი და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დაფუძნების შესახებ თბილისის მთავრობის 2011 წლის 27 იანვრის #16.67.710 დადგენილებაში ცვლილების შეტანაზე თბილისის მთავრობის 2015 წლის 8 ივლისის #27.25.838 განკარგულებით დამტკიცებული, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს წესდების მე-6 მუხლის, მე-5 პუნქტის „ნ“ და „ს“ ქვეპუნქტები, ბაგა-ბაღის წესდება და მონიტორინგის შედეგები დაედო საფუძვლად.
7. 2016 წლის 24 მარტს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის მიმართ სადავო ბრძანებების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენის, იძულებითი განაცდურისა და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
8. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი და მოითხოვა სარჩელის უარყოფა უსაფუძვლობის მოტივით.
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების - სასტიკი საყვედურის გამოცხადების შესახებ დამსაქმებლის 2015 წლის 25 დეკემბრის #2/242 ბრძანება; ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის 2016 წლის 16 მარტის #2/052 ბრძანება და იგი აღდგენილ იქნა ა(ა)იპ თბილისის #155 საბავშვო ბაგა-ბაღების დირექტორის თანამდებობაზე; 2016 წლის 16 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე მოპასუხეს ყოველთვიურად განაცდურის - 800 ლარის (ხელზე ასაღები) გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ. დისკრიმინაციის გამო მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში მოთხოვნა უარყოფილ იქნა.
10. გადაწყვეტილება მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 12 მარტის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი უარყოფილ იქნა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა იმგვარი ქმედების ჩადენა, რაც ობიექტურად გაამართლებდა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას და დაასაბუთებდა მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების მიზანშეწონილობას.
12. განჩინება მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა და მოითხოვა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის უარყოფა შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
12.1. კასატორის მტკიცებით, დაკისრებული მოვალეობების არაჯეროვანი შესრულებისა და მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით, მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს. ამ შემთხვევაში, ბავშვთა უფლებებისა და მათი საუკეთესო ინტერესების დაცვა უპირატესია. დასაქმებულის გათავისუფლებისას სააგენტო სწორედ აღსაზრდელთა საუკეთესო ინტერესებისა და საბავშვო ბაგა-ბაღში დარღვევების პრევენციის მიზნით მოქმედებდა, რადგან დირექტორის მხრიდან ნაკისრი უფლება-მოვალეობების არაერთგზის შეუსრულებლობა გამოვლინდა.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 2 მარტის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელი უარყოფილ იქნეს.
14. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მოცემულ შემთხვევაში, კასატორის პრეტენზიები, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეზე დადგენილი ფაქტები და არასწორად განმარტა კანონი, რასაც შედეგად მოჰყვა სამართლებრივად დაუსაბუთებელი დასკვნები სარჩელის საფუძვლიანობასთან დაკავშირებით, დასაბუთებულია.
15. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დირექტორის გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, მისი სამუშაოზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების კანონიერების შემოწმება წარმოადგენს.
16. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სამართლებრივი დასკვნები ეწინააღმდეგება ამ სახის დავებთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს მიერ მყარად დადგენილ პრაქტიკას (შდრ. საქმე სუსგ #ას-1203-2018, 25.04.2019, #ას-838-784-2017, 31.07.2017, # ას-379-363-2016, 30.06.2016). სახელდობრ,
16.1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ცნებას სამოქალაქო კოდექსი დამოუკიდებლად არ გვთავაზობს და მისი არსი ასახულია იურიდიული პირის განმსაზღვრელ ზოგად დეფინიციაში, რომელიც არის შესაბამისი მიზნის მისაღწევად შექმნილი, საკუთარი ქონების მქონე, ორგანიზებული წარმონაქმნი, იგი თავისი ქონებით დამოუკიდებლად აგებს პასუხს და საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია, სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ (სკ-ის 24.1 მუხლი).
სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმები ადგენს იურიდიული პირის რეგისტრაციის წესსა და პირობებს და მიუთითებს მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციისათვის სპეციალური კანონით („მეწარმეთა შესახებ“) განსაზღვრულ მოთხოვნებზე, თუმცა, ამავე კოდექსის 24.6. მუხლი იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ იურიდიული პირი, რომლის მიზანია არასამეწარმეო საქმიანობა, უნდა დარეგისტრირდეს ამ კოდექსით დადგენილი წესით.
არასამეწარმეო იურიდიული პირის ორგანიზაციული მოწყობის დეტალური პირობები არ არის კოდექსში მოცემული და ის მთლიანად დისპოზიციურ მოწესრიგებას ექვემდებარება, რამდენადაც კანონის 35.3 მუხლი ამ საკითხის რეგულაციას დამფუძნებელთა/წევრთა შეთანხმებას/წესდებას უკავშირებს, თავის მხრივ, ბუნებრივია, დაცულია იურიდიული პირის რეალური ფუნქციონირებისათვის სავალდებულო ნიშანიც, ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე სუბიექტის არსებობა.
დამფუძნებელს (წევრს) შეუძლია, ერთ პირს მიანიჭოს საქმეების ერთპიროვნულად გაძღოლის უფლებამოსილება ან/და დააწესოს ორი ან ორზე მეტი პირის ერთობლივი ხელმძღვანელობა ან/და წარმომადგენლობა (სკ-ის 35.1 მუხლი), რომლის ნამდვილობაც დამოკიდებულია იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციაზე, ანუ ამ შემთხვევაშიც, რეგისტრაცია კონსტიტუციური მნიშვნელობისაა და წარმოადგენს მესამე პირთა უფლებადამცავ დანაწესს.
16.2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის სამართლებრივ საკითხებს კი, აწესრიგებს სსკ-ის 35.4 მუხლი, რომლის თანახმად, ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების წარმოშობისა და შეწყვეტის მიმართ ვრცელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით მეწარმე სუბიექტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირისთვის განსაზღვრული წესები.
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით მოწესრიგებულია სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის საკითხები. ნორმის მე-7 პუნქტი ადგენს ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირსა და საზოგადოებას შორის ურთიერთობის მოწესრიგების სამართლებრივ საფუძვლებს, კერძოდ, ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთან (პირებთან), ასევე, სამეთვალყურეო საბჭოსა და საწარმოს სხვა ორგანოების წევრებთან ურთიერთობები გვარდება ამ კანონით, საზოგადოების წესდებითა და მათთან დადებული ხელშეკრულებებით.
16.3. საკორპორაციო სამართალი ერთმანეთისაგან განასხვავებს საწარმოს დირექტორის დანიშვნასა და მის შრომით თანამდებობაზე განწესებას. პირის დანიშვნის ცნება გულისხმობს დირექტორის დანიშვნას მის ორგანულ თანამდებობაზე, რაც ამ აქტის კორპორაციულსამართლებრივ და ცალმხრივ ხასიათზე მიუთითებს. იგი დირექტორის დანიშვნის ფაქტის მარეგისტრირებელი ორგანოს მეშვეობით გასაჯაროებისა და, შესაბამისად, დანიშვნაზე უფლებამოსილი პირის ნების აღსრულების საფუძველია. სწორედ რეგისტრაციის მომენტიდან ხდება დირექტორი უფლებამოსილი, განახორციელოს მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებანი, რაც შეეხება შრომით თანამდებობაზე გამწესების აქტს, იგი წარმოადგენს იურიდიულ პირსა და დირექტორს შორის დადებულ ხელშეკრულებას, რომლითაც მხარეებს შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშობა და რომლის თაობაზეც ქვემოთ იმსჯელებს სასამართლო.
17. მოცემულ შემთხვევაში, სააგენტოს დირექტორის ბრძანების საფუძველზე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი, ბაგა-ბაღის დირექტორი, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის 71 მუხლი აზუსტებს უფლებამოსილების შეწყვეტის პირობებს, რომლებიც უკავშირდება ამ ნების მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციას.
კანონი ადგენს სამ შემთხვევას: ა) დანიშვნაზე უფლებამოსილი პირის მიერ ნების გამოვლენა; ბ) თავად რეგისტრირებული პირის მიერ ნების გამოვლენა; გ) რეგისტრირებული პირის გარდაცვალება, სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება, გარდაცვლილად გამოცხადება, მხარდაჭერის დანიშვნა. პირველ ორ შემთხვევასთან მიმართებით (მარეგისტრირებელი ორგანოს მიმართ ცალმხრივი ნების გამოვლენა) კანონი მოითხოვს შრომის კოდექსის 38-ე მუხლით (შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის წესი) დადგენილი წესით შეტყობინების გაგზავნის აუცილებლობას (კანონის მე-9 მუხლის 72 პუნქტი).
საკასაციო პალატის განსჯით, მიუხედავად „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში შრომითსამართლებრივი ელემენტების შემოღებისა, ა(ა)იპ-ის დირექტორთან დადებული ხელშეკრულება არ უნდა დაკვალიფიცირდეს შრომითსამართლებრივ ხელშეკრულებად, არამედ, პირობითად შეიძლება მოვიხსენიოთ „სასამსახურო ხელშეკრულებად“, რომელიც მომსახურების ხელშეკრულების ნაირსახეობაა და განსხვავდება შრომის სამართლისათვის დამახასიათებელი პრინციპებისაგან.
სამოქალაქო კოდექსის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილით მოწესრიგებულია ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების საკითხი და დადგენილია, რომ ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება − არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში. თუ სარეგისტრაციო დოკუმენტაციით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებასაც.
18. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საწარმოს ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობა ორმხრივი სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებაა, რომლის ერთი მხარე - მომსახურების გამწევი ვალდებულია, გაწიოს შეპირებული მომსახურება, ხოლო მეორე მხარე - გადაიხადოს საზღაური. ამ ტიპის შეთანხმება, როგორც უკვე აღინიშნა, დამყარებულია განსაკუთრებულ ნდობაზე და უფლებით აღჭურვილ პირს, ფიდუციური ვალდებულების ფარგლებში, აძლევს სრულ დამოუკიდებლობას, იურიდიული პირის სახელითა და ხარჯზე განახორციელოს ყველა ის მოქმედება, რაც წესდებით გათვალისწინებული მიზნის მიღწევას შეუწყობს ხელს. რაც შეეხება შრომით ურთიერთობას, მის ზუსტ განსაზღვრას იძლევა საქართველოს შრომის კოდექსის 2.1 მუხლი და შეიძლება, დავასკვნათ, რომ ამ ურთიერთობის ფარგლებში ვალდებული პირი ეწევა დამსაქმებლის მიერ განსაზღვრულ, არადამოუკიდებელ და სოციალურად დამოკიდებულ საქმიანობას, რაც განასხვავებს შრომით ხელშეკრულებას ა(ა)იპ-ის დირექტორთან დადებული სასამსახურო ხელშეკრულებისაგან.
19. საკასაციო სასამართლოს დასკვნით, განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს შორის სსკ-ის 709-ე (დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია, შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე) მუხლის საფუძველზე, დაიდო დავალების ხელშეკრულება, რაც დაკავშირებულია სამუშაოს შესრულებასთან, მისი საგანია რწმუნებული პირის მიერ ერთი ან რამდენიმე იმგვარი მოქმედების შესრულება, რომელიც იწვევს ამა თუ იმ შედეგს და, როგორც წესი, ეფუძნება ურთიერთნდობას, რწმუნებულის ვალდებულებას წარმოადგენს დავალებული მოქმედების მმართველის გულისხმიერებით შესრულება და მიღწეული შედეგის ადრესატი ხდება წარმოდგენილი პირი. ამასთან, საკასაციო პალატა მოსარჩელის ყურადღებას მიაქცევს სსკ-ის 720.1 მუხლის შინაარსზე, რომლის თანახმად, დავალების ხელშეკრულების შეწყვეტა მხარეებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ და სხვაგვარი შეთანხმება ამ უფლებაზე უარის შესახებ ბათილია.
ამდენად, ა(ა)იპ-ის დამფუძნებელს (წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამის უფლებამოსილ პირსა თუ ორგანოს) შეუძლია, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ხელშეკრულება ხელმძღვანელთან და გამოვლენილი ნება მესამე პირების მიმართ ნამდვილი ხდება მისი მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან.
20. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
წინამდებარე გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების კანონით გათვალისწინებული წინაპირობები, რამდენადაც კასატორის ნება, ა(ა)იპ-ის დირექტორის თანამდებობიდან განთავისუფლების თაობაზე კანონშესაბამისია (სსკ-ის 720.1 მუხლი), რაც თავისთავად გამორიცხავს მოსარჩელის იმ მოთხოვნათა დაკმაყოფილებასაც, რომლებიც მის დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენას, იძულებითი განაცდურისა და მორალური ზიანის ანაზღაურებას შეეხება.
21. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. ამდენად, მოპასუხის სასარგებლოდ მოსარჩელეს უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო და საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 408.3, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 მარტის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ნ.ბ–ას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. ნ.ბ–ას, ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს სასარგებლოდ, დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო და საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 3 695 (1152+2543) ლარი;
5. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე