3 თებერვალი, 2022 წელი,
საქმე №ას-1467-2020 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - მ.კ–ვი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „კ–ია“
მესამე პირი - სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მ.კ–ვი (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) ასაჩივრებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ოქტომბრის განჩინებას ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ამ გადაწყვეტილებით, შპს „კ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) მოთხოვნა უძრავი ნივთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის თაობაზე დაკმაყოფილდა. კასატორი მიიჩნევდა, რომ განჩინება არ იყო დასაბუთებული მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, მისი მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა უსაფუძვლოდ დააკმაყოფილეს სასარჩელო მოთხოვნა. მათ არ გაითვალისწინეს ის გარემოება, რომ სადავო მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები სატყეო ფონდის საკუთრება არ იყო.
1.1. გარდა ამისა, კასატორის მტკიცებით, ბოლნისის სატყეო მეურნეობის დირექტორის 1970 წლის 10 თებერვლის #52 ბრძანების საფუძველზე, მის მამას გამოეყო 14 კვ.მ ნაკვეთი ..... მდებარე #.. (ამჟამად #..) კვარტალში, ბინისა და ნორმით გათვალისწინებული პირუტყვის დასაყენებელი სპეციალური გომურის ასაშენებლად. შესაბამისად სადავო ქონება უკანონოდ არ დაუკავებია და მისი მფლობელობაც მართლზომიერია.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 11 თებერვლის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
4.3. ბოლნისის სატყეო მეურნეობის დირექტორის 1970 წლის 10 თებერვლის #52 ბრძანებით, სატყეო მეურნეობის დირექტორმა .... სატყეოს უფროსს, ნ.კ–ათვის (მოპასუხის მამა) 14 კვ.მ ბინისა და ნორმით გათვალისწინებული პირუტყვის დასაყენებელი გომურის ასაშენებლად, ნაკვეთის გამოყოფა დაავალა.
4.3.1. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ბინა და გომური არ იქნება ნ.კ– საკუთრება და მისი განთავისუფლების შემთხვევაში მას უფლება მიეცემა აიღოს შენობა ან გადასცეს სატყეო მეურნეობას.
4.3.2. მოპასუხის მამა სამსახურიდან 2000 წლის 28 დეკემბერს გათავისუფლდა.
4.4. 2003 წელს მოსარჩელესა და საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელეს 2023 წლის 10 დეკემბრამდე სამართავად გადაეცა სახელმწიფო ტყის ფონდის, მათ შორის, ბოლნისის რაიონის სოფელ ........... სატყეოს 33-38 კვარტალში მდებარე ტერიტორია.
4.5. სახელმწიფო ტყის ფონდის კუთვნილი 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სადავო მიწის ნაკვეთი), სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შემოღობა მოპასუხემ და იქ პირუტყვი განათავსა.
4.6. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მარეგისტრირებელი ორგანო) 2019 წლის 26 აგვისტოს #299256 წერილის მიხედვით, სადავო ტერიტორიაზე უძრავი ნივთი საკუთრების უფლებით არ არის რეგისტრირებული, ხოლო მარეგისტრირებელი ორგანოს ელექტრონული საკადასტრო რუკის მიხედვით, უძრავი ნივთი ნაწილობრივ მოქცეულია „სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს #299 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებში.
4.7. სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს 2019 წლის 12 ივლისის სამსახურებრივი ბარათის თანახმად კი, მოპასუხის მიერ დაკავებული 1000 კვ.მ-დან, 600 კვ.მ სახელმწიფო სატყეო ფონდშია მოქცეული.
5. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მოთხოვნა, სსკ-ის 160-ე (თუ კეთილსინდისიერ მფლობელს ჩამოერთმევა მფლობელობა, მას სამი წლის განმავლობაში შეუძლია ახალ მფლობელს ნივთის უკან დაბრუნება მოსთხოვოს. ეს წესი არ გამოიყენება მაშინ, როცა ახალ მფლობელს აქვს მფლობელობის უკეთესი უფლება. მფლობელობის უკან დაბრუნების მოთხოვნა შეიძლება გამოყენებულ იქნეს უკეთესი უფლების მქონე პირის მიმართაც, თუკი მან ნივთი მოიპოვა ძალადობის ან მოტყუების გზით) მუხლიდან გამომდინარეობს. აღნიშნული მოთხოვნა განხორციელებადია შემდეგი წინაპირობების არსებობისას, სახელდობრ: მოსარჩელე უნდა იყოს სადავო ნივთის კეთილსინდისიერი მფლობელი; მას სხვა პირის მხრიდან სადავო ნივთზე ჩამორთმეული უნდა ჰქონდეს მფლობელობა და ახალ მფლობელს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უკეთესი უფლება.
6. საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რომ განსახილველ შემთხვევაში, დასტურდება ქონების მესაკუთრის - სახელმწიფო ტყის ფონდის ნებით მოსარჩელის მიერ სადავო მიწის ნაკვეთის ფლობა. კერძოდ, დადგენილია, რომ საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსარჩელეს 2023 წლის 10 დეკემბრამდე სამართავად გადასცა მესაკუთრის/სახელმწიფო ტყის ფონდის, მათ შორის ბოლნისის რაიონის სოფელ ........... სატყეოს 33-38 კვარტალში მდებარე ტერიტორია. ასევე დადგენილია, რომ სახელმწიფო ტყის ფონდის კუთვნილი 600 კვ.მ მიწის ნაკვეთს მოპასუხე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს.
ამდენად, საქმეზე ერთმნიშვნელოვნად დადგენილია, რომ ქონების მესაკუთრე სახელმწიფო ტყის ფონდია, რომელმაც ეს ქონება სარგებლობის უფლებით მოსარჩელეს გადასცა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელე სადავო ქონების მართლზომიერი მფლობელია და კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში აღჭურვილია მესაკუთრის ტოლფასი უფლებით, უკანონო მფლობელისგან გამოითხოვოს სადავო ნივთი.
7. კასატორის პრეტენზია ისიცაა, რომ, ვინაიდან სადავო ქონება უკანონოდ არ დაუკავებია, მისი მფლობელობა მართლზომიერია. კასატორი უძრავი ქონების მართლზომიერად ფლობის ფაქტს უკავშირებს 1970 წლის 10 თებერვლის დოკუმენტს, რომლითაც 14 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ნ.კ–ს (მოპასუხის მამა) გამოეყო.
7.1. კასატორის ამ პრეტენზიას საკასაციო სასამართლო უარყოფს და განმარტავს შემდეგს: მართლზომიერ მფლობელად ითვლება პირი, რომელიც სამართლებრივი საფუძვლით ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას. მაშასადამე, მართლზომიერი მფლობელობა მიუთითებს ობიექტურად არსებულ ფაქტორებზე, რაც ვლინდება მფლობელობის სამართლებრივი საფუძვლით არსებობაში. მართლზომიერი მფლობელია მესაკუთრე და ის პირები, რომელთა მფლობელობა მესაკუთრის მფლობელობიდანაა წარმოქმნილი. ნივთის მართლზომიერი მფლობელობა ვრცელდება მანამ, სანამ არსებობს მართლზომიერების სამართლებრივი საფუძველი. განსახილველ შემთხვევაში, მართალია, ბოლნისის სატყეო მეურნეობის დირექტორის 1970 წლის 10 თებერვლის #52 ბრძანების საფუძველზე, კასატორის მამას გამოეყო 14 კვ.მ ნაკვეთი უბან ....ში მდებარე #.. (ამჟამად #..) კვარტალში, ბინისა და ნორმით გათვალისწინებული პირუტყვის დასაყენებელი გომურის ასაშენებლად, მაგრამ ბრძანების საფუძველზე ნივთის ფლობის უფლება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან იყო დაკავშირებული. #52 ბრძანების ტექსტის ანალიზის საფუძველზე ერთმნიშვნელოვნად უნდა დავასკვნათ, რომ ნ.კ– მფლობელობა ამ უკანასკნელის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთანაა დაკავშირებული და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შედეგად ნივთის მფლობელობაც შეწყვეტილად ითვლება.
მოპასუხის მამა სამსახურიდან 2000 წლის 28 დეკემბერს გათავისუფლდა, შესაბამისად, მიწის ნაკვეთით სარგებლობის უფლებაც ამავე პერიოდიდან შეწყდა; აშკარაა, რომ სარგებლობის უფლება მ.კ–ვს ვერ გადაეცემოდა და მოპასუხე სადავო ნივთის არაკეთილსინდისიერი მფლობელია, რაც მას ავალდებულებს ეს ნივთი დაუბრუნოს უფლებამოსილ პირს, ამ შემთხვევაში - მოსარჩელეს.
9. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
10. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
12. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. განსახილველ შემთხვევაში, რაკი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზემის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის (საგადასახადო დავალება 10419416395, გადახდის თარიღი - 02.02.2021), 70% - 105 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.კ–ვის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. მ.კ–ს (პ/ნ ....) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის (საგადასახადო დავალება 10419416395, გადახდის თარიღი - 02.02.2021), 70% - 105 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
მირანდა ერემაძე
ლევან მიქაბერიძე