Facebook Twitter

24 იანვარი, 2022 წელი,

საქმე №ას-452-2020 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ა.ნ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) - ზ.ზ–ძე, მ.ლ–ძე, ე.კ–ნა

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 17 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - ქონების ყადაღისგან განთავისუფლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული 2/5331-15 სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, მ.ლ–ძეს (შემდეგში - პირველი მოპასუხე ან პირველი მოვალე) და ე.კ–ნას (შემდეგში - მეორე მოპასუხე ან მეორე მოვალე) ზ.ზ–ძის (შემდეგში - მესამე მოპასუხე ან კრედიტორი) სასარგებლოდ დაეკისრა 15 000 აშშ დოლარის გადახდა. სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაიწყო სააღსრულებო წარმოება.

2. 2017 წლის 28 ივლისს, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა შეადგინა აქტი მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ, კერძოდ, საცხოვრებელ სახლში, სადაც პირველი და მეორე მოპასუხე იყო რეგისტრირებული (ბაღდათი, სოფელი ......., ), ყადაღა დაედო შემდეგ ნივთებს: „სამსუნგის“ ფირმის, პლაზმური, შავი ფერის ტელევიზორი - 1 ცალი; შავი ფერის ჟურნალის მაგიდა - 1 ცალი; ყავისფერი კუთხის დივანი, ნაჭრის ზედაპირით - 1 ცალი; ყავისფერი დივანი, ნაჭრის ზედაპირით - 1 ცალი; ვერცხლისფერი კონდიციონერი, შავ-თეთრ ფერებში - 1 ცალი; „მოდულის“ ფირმის, თეთრი ფერის კარმა - 1 ცალი; მინის სამზარეულოს მაგიდა - 1 ცალი; სკამი, ტყავის ზედაპირით, წითელი და შავ ფერებში - 4 ცალი; ბარის სკამი, ტყავის ზედაპირით, შავი და წითელი ფერის - 2 ცალი; შავი ფერის პლაზმური ტელევიზორი - 1 ცალი; „კონვექტორის“ ფირმის თეთრი ფერის „კარმა“- 1 ცალი; „ელჯის“ ფირმის, რუხი ფერის ორკამერიანი მაცივარი - 1 ცალი; სამზარეულო ბარით, წითელ და შავ ფერებში - 1 ცალი; ჰაერის გამწოვი, შავ და რუხ ფერებში - 1 ცალი; ღუმელი, შავ და რუხ ფერებში - 2 ცალი; ბლენდერი - 1 ცალი; გაზქურა - 1 ცალი; „სამსუნგის“ ფირმის მუსიკალური ცენტრი, შავ და რუხ ფერებში - 1 ცალი; „სამსუნგის“ ფირმის, შავი ფერის სარეცხი მანქანა - 1 ცალი; სამეული, ნაჭრის რბილი ზედაპირით, ყავისფერ და ოქროსფერ ფერებში - 1 ცალი; ხის სკამი, ნაჭრის ზედაპირით - 1 ცალი; „ელჯის“ ფირმის, შავი ფერის ტელევიზორი - 1 ცალი; ტელევიზორის დასადგამი, ხის, შავი ფერის - 1 ცალი (შემდეგში - სადავო ნივთები ან მოძრავი ნივთები).

3. ზემოხსენებული აქტის შედგენას ესწრებოდა პირველი მოპასუხის მამა, ა.ლ–ძე, რომელსაც ნივთების კუთვნილების შესახებ პრეტენზია არ განუცხადებია და არც იმაზე მიუთითებია, რომ საცხოვრებელი სახლი ა.ნ–ძეს (შემდეგში: მოსარჩელე, მესაკუთრე, კასატორი) ეკუთვნოდა.

4. მოვალეები (პირველი და მეორე მოპასუხე) რეგისტრირებულები იყვნენ მისამართზე: ბაღდათი, სოფელი ......., ..

5. 2017 წლის 3 აგვისტოს (აღმასრულებლის ვიზიტის შემდეგ) ისინი დარეგისტრირდნენ მისამართზე: ქ.ქუთაისი, .......... რეგისტრაციის საფუძველი გახდა უძრავი ქონების (ს.კ. ......) მესაკუთრის, თ:ხ–ძის თანხმობა.

6. მოსარჩელემ, სარჩელსა და სააპელაციო საჩივარში მის საცხოვრებელ მისამართად მიუთითა - ქ.ქუთაისი, ........ აღნიშნულ მისამართზე მას ჩაბარდა სასამართლოს გზავნილები. ამასთან, მოსარჩელემ, სარჩელში მოვალეების მისამართად მიუთითა - ბაღდათი, სოფელი ........

7. სასამართლომ, პირველ და მეორე მოპასუხეს, სარჩელი და თანდართული მასალები გაუგზავნა სარჩელში მითითებულ შემდეგ მისამართზე - ბაღდათი, სოფელი ......., რაც 2017 წლის 12 აგვისტოს ჩაჰბარდა - ა.ლ–ძეს (მამას).

8. 2019 წლის 18 იანვარსა და 2019 წლის 29 აგვისტოს, პირველი მოპასუხისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება და შუამდგომლობა, სარჩელში მითითებულ მისამართზე (ბაღდათი, სოფელი .......) ჩაჰბარდა მის ძმას, უ.ლ–ძეს, ხოლო მეორე მოპასუხისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება (მისამართზე - ბაღდათი, სოფელი .......) ჩაჰბარდა მის მაზლს/ოჯახის წევრს - უ.ლ–ძეს.

9. 2019 წლის 18 თებერვალს, 2019 წლის 17 სექტემბერს და 2019 წლის 6 ნოემბერს, მოვალეთათვის გაგზავნილი სასამართლო უწყებები და სასამართლოს დასაბუთებული შემაჯამებელი გადაწყვეტილება, სარჩელში მითითებულ მისამართზე (ბაღდათი, სოფელი .......) ჩაჰბარდა დედას, ლ.ლ–ძეს.

10. 2019 წლის 19 მარტს, 2019 წლის 26 მარტს, 2019 წლის 26 ივნისსა და 2019 წლის 20 ივლისს, პირველი და მეორე მოპასუხისათვის სასამართლოს მიერ გაგზავნილი დამატებითი მტკიცებულებები (სასამართლო უწყებები), სარჩელში მითითებულ მისამართზე (ბაღდათი, სოფელი .......) ჩაიბარა ერთი მხრივ, მეორე მოპასუხის დედამთილმა/ოჯახის წევრმა - ლ.ლ–ძემ და მეორე მხრივ, პირველი მოპასუხის დედამ - ლ.ლ–ძემ.

11. პირველი მოვალისათვის სასამართლოს მიერ გაგზავნილი შუამდგომლობა (განცხადება), სარჩელში მითითებულ მისამართზე (ბაღდათი, სოფელი .......), 2019 წლის 23 სექტემბერსა და 2019 წლის 24 სექტემბერს ჩაიბარა პირადად პირველმა მოპასუხემ. მეორე მოვალისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება (მისამართზე - ბაღდათი, სოფელი .......) 2019 წლის 23 სექტემბერს ჩაიბარა მისმა მეუღლემ, მეორე მოპასუხემ.

12. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გაგზავნილი სააპელაციო საჩივარი და უწყებები, მისამართზე - ბაღდათი, სოფელი ......., 2019 წლის 31 დეკემბერს ჩაჰბარდა ერთი მხრივ, პირველი მოპასუხის მამას - ა.ლ–ძეს და მეორე მხრივ, მეორე მოპასუხის მამამთილს/ოჯახის წევრს - ა.ლ–ძეს.

13. მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელი აღძრა მოპასუხეთა წინააღმდეგ, რომლითაც მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ ზემოხსენებულ აქტში მითითებული მოძრავი ნივთების ყადაღისგან განთავისუფლება მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ ისინი მის უძრავ ქონებაში იყო განლაგებული და თავის საკუთრებას წარმოადგენდა.

14. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

15. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, ამ გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

16. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 17 თებერვლის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

16.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-12 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ მათი ერთობლიობაში შეფასება შემდეგი დასკვნის საფუძველს ქმნიდა: მოვალეთა ოჯახი (მათ შორის: პირველი მოპასუხე და მეორე მოპასუხე) ცხოვრობდა მოსარჩელის საკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ქონებაში. ამასთან, სადავო ნივთები მესაკუთრის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში იყო განლაგებული, მაგრამ მასში ის ფაქტობრივად არ ცხოვრობდა. ასე რომ არ ყოფილიყო, შესაძლებლობა შეიქმნებოდა, რომ აღნიშნული ნივთების მესაკუთრედ მოსარჩელე მიჩნეულიყო. კონკრეტულ შემთხვევაში, იმის შესაძლებლობა გამოირიცხებოდა, რომ მოსარჩელე დასახელებულ უძრავ ქონებაში განლაგებული მოძრავი ნივთების მესაკუთრეს წარმოადგენდა.

16.2. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა სარჩელის მოთხოვნის დასადასტურებლად წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებები, რადგან ისინი წინააღმდეგობაში მოდიოდა თავად მოსარჩელის განმარტებასთან. სასამართლოს დასკვნით, მოსარჩელემ ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლებითაც სარწმუნოდ დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მისი საკუთრება.

16.3. სააპელაციო სასამართლომ, საქმის განხილვისას იხელმძღვანელა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ) 158.1 მუხლებით და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა.

17. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შემოიტანა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საკასაციო საჩივრის დასაბუთება შემდეგნაირია:

17.1. გასაჩივრებული განჩინება ფაქტობრივადაც და სამართლებრივადაც უსაფუძვლოა, იგი აბსოლუტურად დაუსაბუთებელია. სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთ-ერთი საფუძველი ის გარემოება გახდა, რომ სასამართლო გზავნილი ჩაიბარა პირველი მოპასუხის ძმამ, დედამ და მამამ. ეს ფაქტი მოვალეებს სადავოდ არ გაუხდიათ. საქმე ისაა, რომ კრედიტორმა სასამართლო პროცესზე წარადგინა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში პირველი მოპასუხის მამის, ა.ლ–ძის მიერ შეტანილი სამოქალაქო სარჩელი. ამ მტკიცებულებით დგინდება, რომ ეს უკანასკნელი, მეუღლესთან ერთად, ცხოვრობს ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ .........., ე.ი. მოსარჩელის საკუთრებაში არსებული სახლის (ბაღდათი, სოფელი .......,) მეზობლად. აქედან გამომდინარე, ზემოაღნიშნულ პირებს სასამართლო გზავნილი ბარდებოდათ სწორედ ა.ლ–ძის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლში, მოსარჩელის უძრავი ქონების მეზობლად.

17.2. სააპელაციო სასამართლომ არასწორად არ გაიზიარა მოსარჩელის (მესაკუთრე) მითითება იმის შესახებ, რომ პირველი მოპასუხის მამა, ა.ლ–ძე, ცხოვრობს მისი საცხოვრებელი სახლის გვერდით. თავად ა.ლ–ძის მიერ წარმოდგენილი სარჩელის ასლით ირკვევა, რომ 2017 წლის 29 სექტემბერს, სააღსრულებო ბიურომ ყადაღა დაადო მის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლში (ბაღდათი, სოფელი .......,) განლაგებულ ნივთებს. რაც შეეხება მოსარჩელის უძრავ ქონებაში (ბაღდათი, სოფელი .......,) განლაგებული მოძრავი ნივთების დაყადაღებას, აღნიშნული 2017 წლის 28 ივლისს განხორციელდა.

17.3. სასამართლომ უგულებელყო საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნა, რომლის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. სსკ-ის 151.1 მუხლის მიხედვით, საკუთვნებელი მოძრავი ნივთია, რომელიც, თუმცა არ არის მთავარი ნივთის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისთვის, დაკავშირებულია მასთან საერთო-სამეურნეო დანიშნულებით, რის გამოც იგი სივრცობრივ კავშირშია მთავარ ნივთთან და დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით, ითვლება საკუთვნებლად. საცხოვრებელ ბინაში არსებული ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა განკუთვნილია მისი სამსახურისთვის და დაკავშირებულია მასთან საერთო-სამეურნეო დანიშნულებით. კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეზე დადასტურდა, რომ უძრავი ქონების მესაკუთრე მოსარჩელეა. შესაბამისად, ამ ქონებაში განლაგებული ნივთების მესაკუთრედ და კეთილსინდისიერ მფლობელად სწორედ მოსარჩელე მიიჩნევა.

18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ივლისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად. 2021 წლის 10 ნოემბრის განჩინებით, საკასაციო სასამართლომ, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნო და დაადგინა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

19. საკასაციო პალატის მიერ განსახილველი მთავარი საკითხი შემდეგია: არსებობს თუ არა მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ 2017 წლის 28 ივლისის აქტში მითითებული მოძრავი ნივთების ყადაღისგან განთავისუფლების საფუძველი.

20. სადავო საკითხის სწორად გადასაწყვეტად, საყურადღებოა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილად ცნობილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1). თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული 2/5331-15 სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, პირველ მოპასუხესა და მეორე მოპასუხეს, მესამე მოპასუხის სასარგებლოდ, დაეკისრა, 15 000 აშშ დოლარის გადახდა. ხსენებული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაიწყო სააღსრულებო წარმოება.

2). 2017 წლის 28 ივლისს, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა შეადგინა აქტი მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ, კერძოდ, საცხოვრებელ სახლში, სადაც პირველი და მეორე მოპასუხე იყო რეგისტრირებული (ბაღდათი, სოფელი .......,), სადავო ნივთებს ყადაღა დაედო.

3). ბაღდათში, სოფელ .......ში, მდებარე საცხოვრებელი სახლი, სადაც მოძრავი ნივთები იყო განლაგებული - მოსარჩელის საკუთრებაში ირიცხება.

ზემომითითებული გარემოებანი დასაბუთებული შედავების (პრეტენზია) გზით გაქარწყლებული არაა, ამიტომ საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა (სსსკ-ის 407.2 მუხლი).

21. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32.1 და 32.2 მუხლების თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების განთავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების განთავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს).

სადავო საკითხზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი პრაქტიკა, კერძოდ, ამ კატეგორიის დავებზე სასამართლომ არაერთხელ განმარტა შემდეგი: „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის ანალიზი ცხადყოფს, რომ ყადაღა შეიძლება, დაედოს მხოლოდ მოვალის კუთვნილ მოძრავ ქონებას. ამავე კანონის 32.1 და 32.2 მუხლების დანაწესი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში, აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება.

სსკ-ის 158.1 და 158.2 მუხლებით თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე; ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. საკუთრების პრეზუმფცია არ გამოიყენება არც ძველი მფლობელის მიმართ, თუ მან ეს ნივთი დაკარგა, მოჰპარეს ან სხვაგვარად გავიდა იგი მისი მფლობელობიდან. საკუთრების პრეზუმფცია მოქმედებს ძველი მფლობელის სასარგებლოდ მხოლოდ მისი მფლობელობის პერიოდში. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ვარაუდი (პრეზუმფცია) ასახავს იმ შემთხვევებს, როდესაც ბრუნვის მონაწილეთათვის უცნობია მფლობელობის უკან არსებული უფლება, ხშირ შემთხვევაში - მფლობელის უფლებები, მაგრამ სამართლებრივი წესრიგი მოითხოვს, დავეყრდნოთ მფლობელის კეთილსინდისიერებას და იგი, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, ნივთის მესაკუთრედ მივიჩნიოთ (შდრ. სუსგ: №ას-1777-1755-2011, 04.06.2012; №ას-1107-1027-2017, 23.02.2018).

ამავდროულად, სსკ-ის 151.1 მუხლით დადგენილია, რომ საკუთვნებელი არის მოძრავი ნივთი, რომელიც, თუმცა არ არის მთავარი ნივთის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისთვის, დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რის გამოც, იგი სივრცობრივად მთავარ ნივთს უკავშირდება და, დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით, ითვლება საკუთვნებლად. საკუთვნებლის თვისებას შეადგენს ის, რომ იგი მთავარ ნივთთან დაკავშირებულია საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რაც გამოიხატება იმაში, რომ საკუთვნებელი განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისათვის. საკუთვნებელი სივრცობრივად უკავშირდება მთავარ ნივთს, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე. მთავარი ნივთის მესაკუთრე, იმავდროულად, საკუთვნებლის მესაკუთრედ მიიჩნევა. საცხოვრებელ ბინაში არსებული ავეჯი განკუთვნილია მისი სამსახურისათვის და დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით. თუ საქმის მასალებით დასტურდება და სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ საცხოვრებელი ბინა რეგისტრირებულია კონკრეტული პირის სახელზე, შესაბამისად, ივარაუდება, რომ ამ ბინაში განთავსებული ნივთების მესაკუთრე და კეთილსინდისიერი მფლობელიც აღნიშნული პირია (იხ. სუსგ: №ას-598-2020, 27.10.2021).

22. მოცემულ შემთხვევაში, სადავო ნივთებზე საკუთრების უფლების დასადასტურებლად, მოსარჩელემ, ამავე ნივთების განთავსების ადგილზე, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების დოკუმენტზე მიუთითა, რომლის მიხედვითაც, სწორედ მოსარჩელე წარმოადგენდა იმ საცხოვრებელი სახლის მესაკუთრეს, სადაც დაყადაღებული მოძრავი ნივთები იყო განლაგებული.

სააპელაციო სასამართლომ, მოსარჩელის ზემოხსენებული არგუმენტი არ გაიზიარა და უძრავ ქონებაში არსებულ მოძრავ ნივთებზე ა.ნ–ძის საკუთრების არარსებობის შესახებ მოსაზრება, შემდეგ გარემოებაზე დააფუძნა: მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებაში, ფაქტობრივად, ცხოვრობდა არა თავად მოსარჩელე, არამედ პირველი მოპასუხისა და მეორე მოპასუხის ოჯახი. აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო პალატა არ იზიარებს, შემდეგი მოტივების გამო:

22.1. მოქმედი სამოქალაქო კანონმდებლობით, საკუთრების უფლების შინაარსი შემდეგნაირადაა განსაზღვრული: მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის პირველი წინადადებით, კანონი ადგენს, რომ სარგებლობის უფლება მოიცავს ასევე შესაძლებლობას, არ ისარგებლოს პირმა თავისი ნივთით. ამდენად, საკუთრების შინაარსიდან გამომდინარეობს პირის უფლება - არ ისარგებლოს საკუთრებით. შესაბამისად, საკუთრება არ გულისხმობს, აუცილებლად ნივთით სარგებლობას, მის პყრობას (მაგალითად, ბინაში ცხოვრება).

22.2. საკასაციო სასამართლო, სსკ-ის 151.1 (საკუთვნებელი არის მოძრავი ნივთი, რომელიც, თუმცა არ არის მთავარი ნივთის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისთვის, დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რის გამოც იგი სივრცობრივ კავშირშია მთავარ ნივთთან და დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით, ითვლება საკუთვნებლად) და 158.1 (ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე) მუხლების მოხმობით განმარტავს, რომ მოსარჩელე უძრავი ქონების მესაკუთრეა, რის გამოც ივარაუდება, რომ საკუთვნებლის პრინციპიდან გამომდინარე, დაყადაღებული მოძრავი ქონება წარმოადგენს მის საკუთრებას, რომელიც, თავის მხრივ, არ არის მესამე მოპასუხის (კრედიტორი) მოვალე. კრედიტორის მოვალეები არიან პირველი მოპასუხე და მეორე მოპასუხე. აღნიშნული ვალდებულების თაობაზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის უზრუნველსაყოფად კი, დაყადაღებულია მოძრავი ნივთები, რომელიც განლაგებულია მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლში.

ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ დაყადაღებული მოძრავი ნივთები სწორედ იმ ბინაში იყო განლაგებული, რომელიც მოსარჩელის (და, არა მოვალეების) საკუთრებაში ირიცხება.

ვინაიდან დასახელებული უძრავი ქონება არა მოვალეთა, არამედ მოსარჩელის საკუთრებას წარმოადგენს, ივარაუდება, რომ დაყადაღებული ნივთების მესაკუთრეც მოსარჩელეა.

შესაძლებელია, საკუთვნებელის სახით არსებული გარკვეული ნივთი წარმოადგენდეს ცალკე სანივთო უფლების ობიექტს, თუმცა, ის, რომ, წინამდებარე შემთხვევაში, მოსარჩელის საკუთრებად რიცხულ ბინაში განლაგებული სადავო მოძრავი ქონება წარმოადგენდა არა მოსარჩელის, არამედ - მოვალეების საკუთრებას, სათანადო მტკიცებულებებით უნდა დასტურდებოდეს, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია (შდრ. იხ. სუსგ: №ას-1158-2018, 14.12.2018).

22.3. საკასაციო პალატა არ იზიარებს გასაჩივრებული განჩინების იმ ნაწილისაც, სადაც მიჩნეულია, რომ პირველი მოპასუხე და მეორე მოპასუხე, ოჯახთან ერთად, მოსარჩელის საკუთრებაში რეგისტრირებულ ბინაში ცხოვრობს. ამ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს ხსენებული დასკვნის ერთ-ერთ ძირითადი საფუძველი იმ გარემოებამ შექმნა, რომ, მოცემულ საქმეზე, სასამართლოს მიერ გაგზავნილი კორესპონდენცია (გზავნილები), პირველ მოპასუხეს და მეორე მოპასუხეს, ბაღდათში, სოფელ .......ში არსებულ მისამართზე ჩაჰბარდათ; კერძოდ, გზავნილები სხვადასხვა დროს ჩაიბარეს მათმა ოჯახის წევრებმა.

სააპელაციო სასამართლოს განსჯით, რაკი სასამართლო გზავნილების ჩაბარებისას, ოჯახის წევრებს რაიმე შენიშვნა არ გაუკეთებიათ იმის შესახებ, რომ ადრესატები ამ მისამართზე არ ცხოვრობდნენ, აღნიშნული გარემოება გამოსადეგი მტკიცებულება იყო - მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ სახლში (რომლის მისამართია: ბაღდათი, სოფელი .......,) პირველი მოპასუხისა და მეორე მოპასუხის ცხოვრების ფაქტის დასადასტურებლად.

მოცემული საკითხის შეფასებისას, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს ს.ფ. 88-89-ზე (ტომი 2) არსებულ საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათებზე, სადაც აღნიშნულია, რომ, პირველი მოპასუხისა და მეორე მოპასუხისათვის განკუთვნილი სასამართლო გზავნილები, მათმა ოჯახის წევრმა, ლ.ლ–ძემ (დედა/დედამთილი) ჩაიბარა მისამართზე - ბაღდათი, სოფელი ......., .... სხვა შემთხვევებში, პირველი და მეორე მოპასუხისათვის განკუთვნილი სასამართლო გზავნილების ჩაბარებისას, მითითებულია მისამართი - ბაღდათი, სოფელი ....... (ტომი 1, ს.ფ. 59-62, 101-102, 110-113, 152-155, 191, 197-201, 235-238; ტომი 2, ს.ფ. 34, 41, 43), სხვა კონკრეტული მაიდენტიფიცირებელი ნიშნის გარეშე. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია დავასკვნათ, თუ სად მოხდა მოპასუხეთა ოჯახის წევრებისათვის იმ სასამართლო გზავნილების ჩაბარება, რომელზეც სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, კერძოდ: პირველი და მეორე მოპასუხის ოჯახის წევრებმა, სასამართლო გზავნილები ჩაიბარეს - ბაღდათში, სოფელი .......ში, მდებარე საცხოვრებელ სახლში, რომლის მესაკუთრეც მოსარჩელეა თუ, - ბაღდათში, სოფელი .......ში, მდებარე მისამართზე.

შექმნილ ფაქტობრივ მოცემულობაში, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ სასამართლო გზავნილები პირველი და მეორე მოპასუხისათვის ჩაბარებისას - ადრესატთა ოჯახის წევრებს ა.ნ–ძის საკუთრებაში რიცხულ საცხოვრებელ სახლში (რომლის მისამართია - ბაღდათი, სოფელი .......,) ბარდებოდა.

23. სადავო ნივთების მოსარჩელის საკუთრებაში არსებობის პრეზუმფციას დამატებით ისიც ამყარებს, რომ ამ უკანასკნელის კუთვნილი საცხოვრებელი სახლი, სადაც 2017 წლის 28 ივლისს, მოძრავი ნივთები დააყადაღეს, 2015 და 2016 წლებში ორჯერ გასხვისდა.

2015 წლის 20 მარტს, ხსენებული უძრავი ქონება მეორე მოპასუხემ მიჰყიდა თ.ხ–ძეს (ტომი 1, ს.ფ. 25-26), ხოლო 2016 წლის 11 თებერვლის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებით, თ.ხ–ძისგან, ეს ქონება, მოსარჩელემ შეიძინა (ტომი 1, ს.ფ. 23-24).

აღნიშნული გარემოება საკასაციო პალატის დასკვნით დამატებით ამყარებს პრეზუმფციას, რომ მითითებულ სახლში განლაგებული ქონება, 2017 წლის 28 ივლისის მდგომარეობით (სადავო ნივთების დაყადაღების შესახებ აქტის შედგენის თარიღი), თავდაპირველი მესაკუთრის (მეორე მოპასუხე) და, შესაბამისად, მისი ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული ნივთები ყოფილიყო.

24. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე.

სსსკ-ის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

ამდენად, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ, ამ უკანასკნელის მიერ სამივე ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 480 ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 1991, 399-ე, 372-ე, 264.3, 404-ე, 408.3, 409-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ა.ნ–ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 17 თებერვლის განჩინება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;

3. ა.ნ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

4. ყადაღისგან გათავისუფლდეს, მოვალის ქონების აღწერის და დაყადაღების შესახებ 2017 წლის 28 ივლისის აქტში მითითებული შემდეგი მოძრავი ნივთები:

„სამსუნგის“ ფირმის, პლაზმური, შავი ფერის ტელევიზორი - 1 ცალი;

შავი ფერის ჟურნალის მაგიდა - 1 ცალი;

ყავისფერი კუთხის დივანი, ნაჭრის ზედაპირით - 1 ცალი; ყავისფერი დივანი, ნაჭრის ზედაპირით - 1 ცალი; ვერცხლისფერი კონდიციონერი, შავ-თეთრ ფერებში - 1 ცალი;

„მოდულის“ ფირმის, თეთრი ფერის კარმა - 1 ცალი;

მინის სამზარეულოს მაგიდა - 1 ცალი;

სკამი, ტყავის ზედაპირით, წითელი და შავ ფერებში - 4 ცალი;

ბარის სკამი, ტყავის ზედაპირით, შავი და წითელი ფერის - 2 ცალი;

შავი ფერის პლაზმური ტელევიზორი - 1 ცალი;

„კონვექტორის“ ფირმის თეთრი ფერის „კარმა“- 1 ცალი;

„ელჯის“ ფირმის, რუხი ფერის ორკამერიანი მაცივარი - 1 ცალი;

სამზარეულო ბარით, წითელ და შავ ფერებში - 1 ცალი;

ჰაერის გამწოვი, შავ და რუხ ფერებში - 1 ცალი;

ღუმელი, შავ და რუხ ფერებში - 2 ცალი;

ბლენდერი - 1 ცალი;

გაზქურა - 1 ცალი;

„სამსუნგის“ ფირმის მუსიკალური ცენტრი, შავ და რუხ ფერებში - 1 ცალი;

„სამსუნგის“ ფირმის, შავი ფერის სარეცხი მანქანა - 1 ცალი; სამეული, ნაჭრის რბილი ზედაპირით, ყავისფერ და ოქროსფერ ფერებში - 1 ცალი;

ხის სკამი, ნაჭრის ზედაპირით - 1 ცალი;

„ელჯის“ ფირმის, შავი ფერის ტელევიზორი - 1 ცალი;

ტელევიზორის დასადგამი, ხის, შავი ფერის - 1 ცალი.

5. ზ.ზ–ძეს, მ.ლ–ძესა და ე.კ–ნას, ა.ნ–ძის სასარგებლოდ, დაეკისროთ, ამ უკანასკნელის მიერ სამივე ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 480 ლარის გადახდა;

6. გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდა იმერეთის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 28 ივლისს მოვალეების - მ.ლ–ძისა და ე.კ–ნას ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტებში აღწერილი მოძრავი ქონების რეალიზაცია.

7. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე: ვლადიმერ კაკაბაძე

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე