28 თებერვალი, 2022 წელი,
საქმე №ას-415-2020 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხეები) - ი.გ–ი, ბ.ს–ი, ე.ყ–ი, ლ.ჯ–ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - სს „ს.ბ–ი“
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2014 წლის 12 დეკემბერს, სს „ს.ბ–სა“ (შემდეგში: მოსარჩელე, ბანკი, კრედიტორი) და ი.გ–ს (შემდეგში: პირველი მოპასუხე, მოვალე, მსესხებელი) შორის დაიდო საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება, რომლითაც ბანკმა მოვალეზე დაუშვა საკრედიტო ლიმიტი, 500 000 აშშ დოლარი ან მისი ეკვივალენტი ლარი.
2. საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2014 წლის 12 დეკემბერს, კრედიტორსა და მოვალეს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლითაც ბანკმა მსესხებელს მისცა კრედიტი, 11 000 ლარი, 23 თვის ვადით, წლიური 17% განაკვეთით, სადაც გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო - 0.5%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
3. საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, კრედიტორს, ბ.ს–ს (შემდეგში - მეორე მოპასუხე ან პირველი თავდები), ე.ყ–სა (შემდეგში - მესამე მოპასუხე ან მეორე თავდები) და ლ.ჯ–ს (შემდეგში - მეოთხე მოპასუხე ან მესამე თავდები) შორის, 2014 წლის 12 დეკემბერს დაიდო სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები, რომლითაც თავდებებმა ვალდებულება იკისრეს - სოლიდარული თავდებობით უზრუნველეყოთ, ბანკსა და მოვალეს შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. თითოეული თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ზღვარი განისაზღვრა, 50 000 აშშ დოლარით.
4. 2014 წლის 12 დეკემბერს, საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, იპოთეკით დაიტვირთა მოვალის საკუთრებაში არსებული - გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში მდებარე უძრავი ქონება. იპოთეკის ხელშეკრულების 8.4 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუკი უძრავი ქონების რეალიზაციის გზით მიღებული თანხა საკმარისი არ იქნებოდა ვალდებულებების სრულად დასაფარად, აღსრულება მიექცეოდა მოვალის სხვა ქონებებზე.
5. 2016 წლის 21 ოქტომბერს, მსესხებელმა დაარღვია საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება.
6. 2017 წლის 13 აპრილის მდგომარეობით, კრედიტორის წინაშე მოპასუხეთა სოლიდარული დავალიანება შეადგენდა 10 951.09 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა იყო - 5 500 ლარი, პროცენტი - 833.95 ლარი, ჯარიმა - 4 140.14 ლარი, საკომისიო 477 ლარი.
7. სასამართლოში სარჩელი აღძრა კრედიტორმა, მოპასუხეთა წინააღმდეგ, რომლითაც მოითხოვა: ა). საბანკო კრედიტისა და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანების მოპასუხეთათვის სოლიდარულად დაკისრება; ბ). საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიმართ არსებული ფულადი ვალდებულების დასაფარად, იპოთეკით დატვირთული, მსესხებლის კუთვნილი უძრავი ქონების სარეალიზაციოდ მიქცევა; გ). იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად კრედიტორის მოთხოვნის სრულად დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, მსესხებლის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი სხვა ქონების სარეალიზაციოდ მიქცევა; დ). გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება.
8. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
- მოპასუხეებს, მოსარჩელის სასარგებლოდ, საბანკო კრედიტისა და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სოლიდარულად დაეკისრათ სესხის ძირითადი თანხა - 5 500 ლარი, პროცენტი - 833.95 ლარი, ჯარიმა - 414 ლარი და საკომისიო - 477 ლარი, ჯამურად 7 224.95 ლარი;
- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორის მიმართ არსებული ფულადი ვალდებულების დასაფარად, სარეალიზაციოდ მიექცა, იპოთეკით დატვირთული, მსესხებლის კუთვნილი უძრავი ქონება;
- დადგინდა, რომ თუკი იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად კრედიტორის მოთხოვნა სრულად ვერ დაკმაყოფილდებოდა, სარეალიზაციოდ მიექცეოდა პირველი მოპასუხის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი სხვა ქონება;
- არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მოთხოვნა - საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხეთათვის, სოლიდარულად, 3 726.14 ლარის დაკისრების შესახებ.
- გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
9. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის (833.95 ლარი), პირგასამტეხლოსა (414 ლარი) და საკომისიოს (477 ლარი) დაკისრების, ასევე, მოსარჩელესთან დადებული საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ნაწილში და იმ ნაწილში, რომლითაც გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა. სააპელაციო საჩივრით მოთხოვნილ იქნა, დასახელებულ ნაწილებში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწუვეტილებით, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 13 დეკემბრის განჩინებით მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
10.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და აღნიშნა, რომ, მოპასუხეები სააპელაციო სასამართლოში პრეტენზიას აცხადებდნენ - საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე დარიცხული პროცენტის, პირგასამტეხლოსა და საკომისიოს შესახებ.
10.2. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საბანკო კრედიტის საფუძველზე, მოსარჩელის სასარგებლოდ, მოპასუხეთათვის, ძირი თანხისა (5 500 ლარი) და პროცენტის (833.95 ლარი) დაკისრების შესახებ სარჩელის დაკმაყოფილებას საფუძვლად დაედო მოპასუხეთა წარმომადგენლის მიერ ხსენებული მოთხოვნების ნაწილში სარჩელის ცნობა. სარჩელის ცნობის საკითხი, მოპასუხეებს სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ გაუხდიათ, კერძოდ, სააპელაციო საჩივარი სარჩელის ცნობასთან დაკავშირებით პრეტენზიას არ შეიცავდა.
10.3. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით, მოპასუხეები ნაწილობრივ დაეთანხმნენ სარჩელში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს. ამასთან, სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე, მოპასუხეებმა დააზუსტეს სარჩელთან მიმართებით მათი პრეტენზია და პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება მოითხოვეს. პირველი ინსტანციის სასამართლომ, პირგასამტეხლო ათჯერ შეამცირა, კერძოდ, 4 140.14 ლარის ნაცვლად, მოპასუხეებს იგი 414 ლარის ოდენობით დააკისრა.
აქვე სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ პირგასამტეხლოს შემცირების კანონისმიერი შესაძლებლობა ემსახურება სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმ სუსტი მხარის ინტერესების დაცვას, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსსა და მის თანმდევ სამართლებრივ თუ ეკონომიკურ შედეგებს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, რაც პირგასამტეხლოს პრაქტიკული შეფასების მიზნებს ემსახურება, ისაა, რომ პირგასამტეხლოს შემცირებაზე უფლებამოსილი სუბიექტი - სასამართლო, პირგასამტეხლოს მართლზომიერებისა და ლეგიტიმურობის შეფასებას იწყებს მხოლოდ მხარეთა მიერ შეჯიბრებითობის ფარგლებში პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის პირობებში. ვინაიდან მოპასუხეებს იმთავითვე არ მიუთითებიათ, თუ რა ოდენობით უნდა შემცირებულიყო პირგასამტეხლო, არც პირგასამტეხლოს შემცირების ფაქტობრივი წინაპირობები არ უმტკიცებიათ და არც განსაზღვრული ოდენობით პირგასამტეხლოს შემცირების მიზანშეწონილობაზე არ უმსჯელიათ, ამიტომ სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ 10-ჯერ პირგასამტეხლო მართლზომიერად შეამცირა, ხოლო უფრო მეტჯერ მისი შემცირება მოპასუხეთა სპეციალურ მტკიცებას ექვემდებარებოდა, რაც მათ არ შეუსრულებიათ.
10.4. სააპელაციო სასამართლოს განსჯით, არ არსებობდა მოპასუხეთა პრეტენზიის გაზიარების საფუძველი არც საკომისიოს დაკისრებასთან დაკავშირებით. ამ მიმართებით სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაპყრო საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაზე, სადაც კრედიტის თანხის ათვისებისთვის გათვალისწინებული იყო საკომისიო, 0.5%-ის ოდენობით. დავალიანების შესახებ ცნობით ირკვეოდა, რომ მსესხებელს საკომისიოს სახით 477 ლარი ერიცხებოდა, ხოლო მოპასუხეს არ მიუთითებია მტკიცებულებაზე, რაც მის მიერ აღნიშნული თანხის გადახდას ან ამ თანხის გადახდის ვალდებულებისგან მის განთავისუფლებას დაადასტურებდა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საკომისიოს მოთხოვნის ნაწილშიც, სარჩელი სწორად დაკმაყოფილდა.
10.5. რაც შეეხებოდა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის მოთხოვნას, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეზე წარმოდგენილი ხელშეკრულებებით უტყუარად დადასტურდა შემდეგი გარემოება - მოპასუხეები, მოსარჩელესთან დადებული ხელშეკრულებებით, შეთანხმდნენ, გადაწყვეტილების დაუყოვნებლის აღსრულების პირობაზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 268-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად,
ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება, ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზეც.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ზემომითითებული მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ მუხლის სხვა ნაწილებისგან განსხვავებით, 11 ნაწილით გათვალისწინებულია ისეთი შემთხვევა, როდესაც კანონი უპირობოდ ადგენს რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაში, არ ვრცელდება არავითარი საგამონაკლისო შემთხვევა, როდესაც მხარეს შეიძლება უარი ეთქვას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რაკი საქმეზე დადგინდა, რომ კრედიტორის მოთხოვნა აკმაყოფილებდა სსსკ-ის 268-ე მუხლის 11 ნაწილის მთავარ მოთხოვნას, კერძოდ, მხარეებმა, მათ შორის დადებული ხელშეკრულებით, პირდაპირ გაითვალისწინეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაწყვეტილების მიქცევის პირობა, ამიტომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მოცემულ ნაწილშიც ძალაში დარჩა.
10.6. სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა მოპასუხეთა სააპელაციო საჩივრის იმ მოთხოვნაზეც, რომელიც შეეხებოდა საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმებას და ყურადღება მიაპყრო სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 13 დეკემბრის საოქმო განჩინებაზე. ხსენებული განჩინებით, საქმის წარმოება შეწყდა მოსარჩელის მოთხოვნაზე, საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, პირველი მოპასუხის მიმართ. შესაბამისად, გაუქმდა მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ის პუნქტი, რომლითაც პირველ მოპასუხეს კრედიტორის სასარგებლოდ დაეკისრა, საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხა - 1 938.40 ლარი, პროცენტი - 899.98 ლარი და პირგასამტეხლო - 90 ლარი.
11. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შემოიტანეს მოპასუხეებმა, რომლებმაც მოითხოვეს ამ განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება, შემდეგი დასაბუთებით:
11.1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, პირველ მოპასუხეს დაეკისრა საკრედიტო ბარათის დავალიანების გადახდა, რაც ბანკი „ქ–უს“ მიერ სრულადაა ანაზღაურებული.
11.2. გასაჩივრებული განჩინებით, ძალაში დარჩა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც ეს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა. ამის შედეგად ირღვევა, კონსტიტუციით აღიარებული საკუთრების უფლება.
11.3. მცდარია გადაწყვეტილების ის ნაწილიც, რომელიც ითვალისწინებს მოვალის სხვა ქონებაზე აღსრულების მიქცევას. მოცემულ შემთხვევაში, ბანკი არ სჯერდება იპოთეკის საგნის რეალიზაციას და მოვალის სხვა ქონებაზე აღსრულების მიქცევასაც მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ, შესაძლოა, იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხით სრულად ვერ დაიფაროს დავალიანება. სასამართლოებს არ გამოუკვლევიათ, თუ რამდენია კრედიტორისათვის მისაღები თანხის ოდენობა და რას შეადგენს უძრავი ქონების რეალური ღირებულება.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ივლისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
13. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
15. კონკრეტულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია, თუ რამდენად სწორად დაკმაყოფილდა სარჩელი, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის (833.95 ლარი), პირგასამტეხლოს (414 ლარი), საკომისიოს (477 ლარი) დაკისრებისა და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ მოთხოვნათა ნაწილში. სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი სააპელაციო საჩივრით მოპასუხეებმა მოითხოვეს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, სწორედ აღნიშნული მოთხოვნების ნაწილში გაუქმებულიყო.
16. საკასაციო პალატის განსჯით, ზემოაღნიშნული თითოეული მოთხოვნა მართებულად დაკმაყოფილდა.
16.1. პროცენტის შესახებ სარჩელის დაკმაყოფილების პროცესუალური საფუძველი შექმნა იმ გარემოებამ, რომ, პირველი ინსტანციის სასამართლოში, მოპასუხეთა წარმომადგენელმა, სარჩელის მითითებული მოთხოვნა ცნო, კერძოდ, ამ უკანასკნელმა სარჩელი ცნო, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე არა მარტო პროცენტის (833.95 ლარი), არამედ, ასევე, სესხის ძირი თანხის (5 500 ლარი) ნაწილში (სსსკ-ის მე-3, 131-ე მუხლები). მათი წარმომადგენლის მიერ სარჩელის ცნობასთან დაკავშირებით პრეტენზია, მოპასუხეებს, არც სააპელაციო საჩივარში არ დაუყენებიათ და მოცემული საკითხი სადავოდ არც განსახილველი საკასაციო საჩივრით არ გაუხდიათ. ეს გარემოებები იმის მაუწყებელია, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხეთათვის პროცენტის დაკისრება, მართლზომიერია.
16.2. საკომისიოს ანაზღაურების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობა გამომდინარეობს, თავად საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილია, რომ ხსენებული ხელშეკრულებით მხარეებმა (მოსარჩელე და მსესხებელი, იგივე პირველი მოპასუხე) გაითვალისწინეს საკომისიო, კრედიტის თანხის ათვისებისათვის, ხოლო დავალიანების შესახებ ცნობით, 2017 წლის 13 აპრილის მდგომარეობით, მოსარჩელეს, საკომისიოს სახით ერიცხებოდა 477 ლარის ოდენობით დავალიანება. მითითებული გარემოებები საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა, რადგან მოპასუხეებს მათი უარმყოფელი რაიმე მტკიცებულება არც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოში არ წარუდგენიათ და ამ გარემოებებს არც საკასაციო საჩივრით არ შედავებიან. ამდენად, სარჩელის ხსენებული მოთხოვნა კანონიერად დაკმაყოფილდა (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში - სსკ-ის 867-ე, 316-ე, 361.2 მუხლები).
16.3. სწორი დასკვნაა წარმოდგენილი გასაჩივრებული განჩინების იმ ნაწილში, რომელიც შეეხება პირგასამტეხლოს მოთხოვნას. ამ კუთხით, საკასაციო პალატა დამატებით დასძენს შემდეგს:
პირგასამტეხლოს ანაზღაურების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა სსკ-ის 623-ე (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი) და 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლებიდან გამომდინარეობს.
პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული, კერძოდ, საკასაციო სასამართლოს განმარტების მიხედვით, პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის აქვს, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი (შდრ. იხ. სუსგ: №ას-1373-2018, 17.01.2019; №ას 848-814-2016, 28.12.2016; №ას-816-767-2015, 19.11.2015).
სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლოს უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით: პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება, ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. სუსგ №ას-176-157-2014, 8.05.2014.).
კანონმდებლის მიერ ხელშეკრულების მხარეთათვის პირგასამტეხლოს თავისუფლად განსაზღვრის უფლების მინიჭება იმას არ ნიშნავს, რომ ეს თავისუფლება ხელშეუხებელია. მოვალის შესაგებლის არსებობისას, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს გონივრულობა და საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამ მიზანს ემსახურება სსკ-ის 420-ე მუხლი.
ამრიგად, სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლოს უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება.
მოცემულ საქმეზე, პირველი ინსტანციის სასამართლომ, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო (4 140.14 ლარი) შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად შეაფასა, რაც სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება. მოპასუხეთათვის, აღნიშნული ოდენობით პირგასამტეხლოს დაწესება, არაგონივრული იყო, გამომდინარე ვალდებულების დარღვევის შინაარსიიდან, დარღვევის ხარისხიდან და დარღვევით გამოწვეული სამართლებრივი შედეგებიდან. ამავდროულად, გონივრულია პირგასამტეხლოს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობა (414 ლარი), რადგან იგი სესხის ძირითადი (5 500 ლარი) და საპროცენტო (833.95 ლარი) დავალიანების მთლიან ოდენობასთან შესაბამისია.
16.4. რაც შეეხება მოთხოვნას, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე, ამასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ, ყურადღება სწორად მიაპყრო საქმის მასალებით დადგენილ შემდეგ გარემოებებზე:
1). კრედიტორსა და პირველ მოპასუხეს შორის, 2014 წლის 12 დეკემბერს დადებული საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავასთან დაკავშირებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცეოდა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;
2). მოსარჩელესა და მოვალეს შორის, 2014 წლის 12 დეკემბერს დადებული იპოთეკის ხელშეკრულების 15.2 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავასთან დაკავშირებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცეოდა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
3). ერთი მხრივ, მოსარჩელეს და მეორე მხრივ, თავდებ პირებს (მეორე მოპასუხე, მესამე მოპასუხე, მეოთხე მოპასუხე) შორის, 2014 წლის 12 დეკემბერს, საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად დადებული სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულებებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ დავასთან დაკავშირებული ბანკის სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცეოდა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
შექმნილი ფაქტობრივი მოცემულობა იმის მაუწყებელია, რომ, მხარეებმა, ხელშეკრულებებით პირდაპირ გაითვალისწინეს - პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა. ასეთ შემთხვევაში, კანონი უპირობოდ ადგენს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად უნდა მიექცეს, პალატას მხედველობაში აქვს სსსკ-ის 268.1 მუხლის 11 პუნქტის შემდეგი დანაწესი: ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზეც.
შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ ზემომითითებულ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა სამართლებრივად ვარგისი იყო და სწორად დაკმაყოფილდა.
17. კასატორები სადავოდ ხდიან გადაწყვეტილებას საკრედიტო ბარათის დავალიანების დაკისრების ნაწილშიც, რასაც იმით ასაბუთებენ, რომ ეს დავალიანება სრულადაა ანაზღაურებული. აღნიშნულს საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, შემდეგი მიზეზის გამო:
საქმის მასალების მიხედვით, მართალია, საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნა მოსარჩელეს აღძრული ჰქონდა (იხ. სარჩელი, ტომი 1, ს.ფ. 6), თუმცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 13 დეკემბრის საოქმო განჩინებით, აღნიშნულ მოთხოვნაზე საქმის წარმოება შეწყდა, დავის საგნის არარსებობის გამო (იხ. ტომი 2, ს.ფ. 89). ამის შედეგად გაუქმდა, მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ის პუნქტი, რომლითაც პირველ მოპასუხეს, კრედიტორის სასარგებლოდ დაეკისრა, საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება, მათ შორის, ძირი თანხა - 1 938.40 ლარი, პროცენტი - 899.98 ლარი და პირგასამტეხლო - 90 ლარი (ტომი 2, ს.ფ. 89-90).
ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, მოპასუხისათვის საკრედიტო ბარათის დავალიანების დაკისრების თაობაზე, სააპელაციო სასამართლოს მიერ გაუქმებულია, ხოლო მისი გაუქმებისა და მითითებულ ნაწილში საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე თავად სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება - კანონიერია. შესაბამისად, კასატორის ზემოხსენებული პრეტენზია უსაფუძვლოა.
18. საკასაციო საჩივარში, კასატორები პრეტენზიას გამოთქვამენ გადაწყვეტილების იმ ნაწილზეც, რომლითაც დადგინდა მსესხებლის (პირველი მოპასუხე) სხვა ქონებაზე აღსრულების მიქცევის შესაძლებლობა, რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს. საქმე ისაა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც დადგინდა პირველი მოპასუხის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი სხვა ქონების სარეალიზაციოდ მიქცევა (თუკი იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად კრედიტორის მოთხოვნა სრულად ვერ დაკმაყოფილდებოდა), მოპასუხეებს სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებიათ. ეს გარემოება იმაზე მიუთითებს, რომ დასახელებულ მოთხოვნის განხილვის პროცესუალური უფლებამოსილება, საკასაციო სასამართლოს არ აქვს (სსსკ-ის 264.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი). მიუხედავად ამისა, ასეც რომ არ იყოს, მითითებული მოთხოვნა სამართლებრივად ვარგისია, რადგან 2014 წლის 12 დეკემბრის იპოთეკის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ უძრავი ქონების რეალიზაციის გზით მიღებული თანხა საკმარისი არ იქნებოდა ვალდებულებების დასაფარად, აღსრულება, შესაძლებელია, მოვალის სხვა ქონებებზეც მიქცეულიყო (იხ. ტომი 1, ს.ფ. 42), ხოლო სსკ-ის 301-ე მუხლით დადგენილია, რომ თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
19. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
20. არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
22. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი.გ–ის, ბ.ს–ის, ე.ყ–ისა და ლ.ჯ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ი.გ–ს (პ/ნ .....), ბ.ს–ს (პ/ნ .....), ე.ყ–სა (პ/ნ .....) და ლ.ჯ–ს (პ/ნ .....) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე ლ.ჯ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადასახადო დავალება 9595975860, გადახდის თარიღი - 20.07.2020) 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
მირანდა ერემაძე
ლევან მიქაბერიძე