საქმე № ას-1175-2021 17 მარტი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - მ.მ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ა.გ–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 10 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება
დავის საგანი - სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 2020 წლის 12 თებერვალს მ.მ–მა (შემდეგში - მოსარჩელე, შეგებებული სააპელაციო საჩივრის ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი აღძრა შპს „ა.გ–ის“ (შემდეგში - მოპასუხე, აპელანტი ან მოწინააღმდეგე მხარე) წინააღმდეგ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის 2020 წლის 10 იანვრის ბრძანება; მოპასუხეს კომპენსაციის - 15 000 ლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ; სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა უარყოფილ იქნა.
3. გადაწყვეტილება მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის სრულად უარყოფის მოთხოვნით.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 20 ივლისის განჩინებით ზემოაღნიშნული სააპელაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.
5. სააპელაციო საჩივრისა და თანდართული მასალების ასლები, მოსარჩელის წარმომადგენელს 2021 წლის 4 აგვისტოს ჩაბარდა.
6. 2021 წლის 9 აგვისტოს მოსარჩელის წარმომადგენელმა სააპელაციო სასამართლოში შეგებებული სააპელაციო საჩივარი შეიტანა, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 10 სექტემბრის განჩინებით, მოსარჩელის მიერ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დარღვევის გამო, სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.
8. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ მისი გაუქმებისა და ქვემდგომი სასამართლოსთვის შეგებებული სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
8.1. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივრის მისთვის ჩაბარების შემდეგ, სააპელაციო სასამართლოში ერთსა და იმავე დღეს წარადგინა განცხადება, სააპელაციო საჩივარზე შესაგებლის წარდგენისთვის განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელების მოთხოვნით და შეგებებული სააპელაციო საჩივარი. ეს უკანასკნელი სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია დამოუკიდებელ სააპელაციო საჩივრად. შეგებებული სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადას ადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში: სსსკ-ის, 379-ე მუხლი და ეს ვადა აპელანტს არ დაურღვევია.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 9 დეკემბრის განჩინებით, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
კერძო საჩივარი დასაბუთებულია, შესაბამისად, იგი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს შეგებებული სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი.
10. სსსკ-ის 379-ე მუხლის თანახმად, მოწინააღმდეგე მხარეს შეუძლია სააპელაციო საჩივრის გადაცემიდან 10 დღის ვადაში წარადგინოს შეგებებული სააპელაციო საჩივარი, მიუხედავად იმისა, განცხადებული აქვს თუ არა უარი სააპელაციო საჩივრის შეტანაზე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის ან მისი განუხილველად დატოვების შემთხვევაში შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ განიხილება.
10.1. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ კანონით გათვალისწინებულ სუბიექტებს უფლება აქვთ, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შეიტანონ სააპელაციო საჩივარი, თუმცა მოწინააღმდეგე მხარისთვის, რომელსაც ამა თუ იმ მიზეზით არ სურდა გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრება (აღარ უნდოდა დავის გაგრძელება), ან კანონის მოთხოვნათა დარღვევის (სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის გასვლის) გამო, არ წარადგინა ძირითადი სააპელაციო პრეტენზია, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სააპელაციო საჩივრის შეტანის შემდეგ კანონით კონკრეტულად განსაზღვრულ ვადაში შეგებებული სააპელაციო საჩივრის შეტანის შესაძლებლობას, რაც შეიძლება განხილულ იქნას ასევე ე.წ დაგვიანებულ სააპელაციო საჩივრად.
შეგებებული სააპელაციო საჩივრის ინსტიტუტთან მიმართებით, უნდა აღინიშნოს, რომ სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე იგი საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტური მნიშვნელობის მქონე პრინციპის - დისპოზიციურობის კლასიკური გამოხატულებაა და მოიცავს მხარის ისეთ შესაძლებლობას, გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება მაშინაც, თუ მას წერილობით აქვს უარი ნათქვამი სააპელაციო საჩივრის წარდგენაზე (სსსკ 370-ე მუხლი). შეგებებული სააპელაციო საჩივრის მიმართ სრულად ვრცელდება მხოლოდ და მხოლოდ ის მოთხოვნები, რომლებსაც კანონმდებელი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლით უდგენს ძირითად სააპელაციო საჩივარს, ასევე, სასამართლოს დამატებით ევალება მხარის მიერ 10-დღიანი საპროცესო ვადის დაცვის უტყუარად გამორკვევა.
10.2. სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე ძირითადი და შეგებებული სააპელაციო საჩივრების ურთიერთკავშირის ფარგლებს თავად კანონი განსაზღვრავს: ძირითად სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით საქმისწარმოების შეწყვეტისა თუ მისი განუხილველად დატოვების შემთხვევაში, შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ განიხილება. კანონის ამ დათქმის უფრო ფართოდ განმარტება ეწინააღმდეგება თავად შეგებებული სააპელაციო საჩივრის სამართლებრივ ბუნებას, რამდენადაც შეგებებული სააპელაციო საჩივარი წარმოადგენს მოწინააღმდეგე მხარის თავდაცვის დამატებით და ქმედით საპროცესო საშუალებას. თუ სააპელაციო საჩივარზე წარდგენილი შესაგებლით მხარე უარყოფს პროცესუალური ოპონენტის მოსაზრებებს, შეგებებული სააპელაციო საჩივარი მიზნად ისახავს როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილის გაუქმებას, რომელიც მის ინტერესებს ეწინააღმდეგება, ასევე მის სასარგებლოდ მიღებული და ძირითადი სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილის უცვლელად დატოვებას.
10.3. ამდენად, ნორმიდან გამომდინარეობს, რომ შეგებებული სააპელაციო საჩივარი ორგანულადაა დაკავშირებული ძირითად სააპელაციო საჩივართან. თავისი ხასიათით, შეგებებული სააპელაციო საჩივარი ძირითადი სააპელაციო საჩივრის გამო და მის წინააღმდეგ მიმართული საჩივარია, მისი მიზანია ამ ძირითადი სააპელაციო საჩივრის პარალიზება და გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა მეორე მხარის მოთხოვნა.
11. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დგინდება შემდეგი:
11.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის 2020 წლის 10 იანვრის ბრძანება; მოპასუხეს კომპესაციის - 15 000 ლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ; სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა უარყოფილ იქნა.
11.2 პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად უარყოფა.
11.3. თბილისის სააპელაციო სასამართლომ, 2021 წლის 20 ივლისის განჩინებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო ამასთან, 2021 წლის 4 აგვისტოს სასამართლომ აღნიშნული სააპელაციო საჩივრის ასლი და თანდართული დოკუმენტები მოსარჩელის წარმომადგენელს (იხ. მინდობილობა) ჩააბარა.
11.4. 2021 წლის 9 აგვისტოს მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლოში წარადგინა განცხადება სააპელაციო საჩივარზე შესაგებლის წარდგენისთვის განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელების მოთხოვნით და სააპელაციო საჩივარი, რომელიც საკასაციო პალატის მოსაზრებით არსობრივად შეგებებული სააპელაციო საჩივარია.
12. საკასაციო პალატა, უპირველესად, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ არ არსებობს შეგებებული სააპელაციო საჩივრის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული სპეციალური ფორმა, შესაბამისად, არც მისი რაიმე ფორმით შედგენის იმპერატიული დანაწესი.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ საპროცესო დოკუმენტი, მოსარჩელემ განცხადებასთან ერთად, სსსკ-ის 379-ე მუხლით დადგენილ ვადაში წარადგინა და მოითხოვა სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, ასევე ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
საკასაციო პალატა, უპირველესად, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ აპელანტმა სააპელაციო საჩივარი სსსკ-ის 379-ე მუხლით დადგენილ ვადაში, წარადგინა და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
ეს კი სხვა არაფერია, თუ არა ძირითადი სააპელაციო საჩივრის უარყოფის მცდელობა და მიზანი იმისა, რომ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილშიც სააპელაციო სასამართლომ ახალი გადაწყვეტილება მიიღოს. შესაბამისად, ყველა ფაქტორის ერთობლივი ანალიზის შედეგად უნდა დავასკვნათ, რომ მ.მ–ის მიერ 2021 წლის 09 აგვისტოს შეტანილი დოკუმენტი შეგებებული სააპელაციო საჩივარია.
მართალია, მოპასუხემ თავის დროზე არ ისარგებლა სსსკ-ის 364-ე მუხლით და დამოუკიდებელი სააპელაციო საჩივარი არ წარადგინა, მაგრამ მას დარჩა შეგებებული სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლება, რომელიც გათვალისწინებულია სსსკ-ის 379-ე მუხლით. შეგებებულ სააპელაციო საჩივარზე არ ვრცელდება კანონის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ სააპელაციო საჩივრის წარდგენა უნდა მოხდეს 14 დღეში (სსსკ-ის 369-ე მუხლი). იგი შეიძლება წარდგენილ იქნეს სააპელაციო საჩივრის მოწინააღმდეგე მხარისათვის გადაცემიდან 10 დღის ვადაში (სსსკ-ის 379-ე მუხლი).
13. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ გამოიყენა კანონით მისთვის მინიჭებული უფლება - ძირითადი სააპელაციო საჩივრის წინააღმდეგ შეგებებული სააპელაციო საჩივარი შეეტანა. კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოპასუხემ შეგებებული სააპელაციო საჩივარი სასამართლოს, სსსკ-ის 379-ე მუხლით დადგენილ ვადაში წარუდგინა, თუმცა, შეგებებული სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის სხვა კრიტერიუმები შემოწმებას საჭიროებს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მათი შემოწმების ეტაპიდან საქმე განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
14. სსსკ-ის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა და ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. ზემოხსენებული მოტივაციით, საკასაციო სასამართლო აუქმებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 10 სექტემბრის განჩინებას და საქმე უბრუნდება იმავე სასამართლოს მოპასუხის შეგებებული სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.მ–ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 10 სექტემბრის განჩინება და საქმე შეგებებული სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე