საქმე №ას-1175-2021 11 ნოემბერი, 2021 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
საჩივრის ავტორი (მოპასუხე) - შპს „ა.გ–ი“
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ.მ–ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ივლისის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
საჩივრის დავის საგანი - სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. მ.მ–მა (შემდეგში: მოსარჩელე, დასაქმებული, მოწინააღმდეგე მხარე) სასამართლოში სარჩელი აღძრა შპს „ა.გ–ის“ (შემდეგში: მოპასუხე, დამსაქმებელი, საწარმო, განმცხადებელი, საჩივრის ავტორი) მიმართ და მოითხოვა: სამუშაოდან განთავისუფლების შესახებ დამსაქმებლის 2020 წლის 10 იანვრის ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, 2020 წლის 10 იანვრიდან, სამსახურში აღდგენის დღემდე, ყოველთვიურად 1 500 ლარის ოდენობით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით:
2.1. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
2.2. ბათილად იქნა ცნობილი, მოსარჩელის სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ, მოპასუხის 2020 წლის 10 იანვრის ბრძანება;
2.3. დამსაქმებულს, დასაქმებულის სასარგებლოდ, დაეკისრა კომპენსაციის - 15 000 ლარის გადახდა (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით);
2.4. სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნათა ნაწილში, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ (დამსაქმებელი).
4. მოსარჩელემ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა, რომლითაც გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა მოითხოვა შემდეგი სახით: ა). ყადაღა დადებოდა, საქართველოს ყველა საბანკო დაწესებულებაში არსებულ მოპასუხის საბანკო ანგარიშებს, მათ შორის, სს „თ.ბ–ში“ არსებულ ანგარიშს - 15 000 ლარის ფარგლებში; ბ). ყადაღა დადებოდა, მოპასუხის ბალანსზე რიცხულ ყველა მოძრავ ნივთს.
4.1. დასაქმებულის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მოპასუხეს, შესაბამისი ბარ-რესტორნიდან, საწარმოს ქონება (შენობაში განლაგებული მოძრავი ნივთები) გაჰქონდა. დამსაქმებელი, სამოქალაქო პასუხისმგებლობისგან თავის ასარიდებლად ცდილობდა, რომ მის ბალანსზე რიცხული ქონება ფიქტიურად გაესხვისებინა. ამისათვის, იგი, ყოველდღიურად, ბარ-რესტორანს მოძრავი ქონებისგან ათავისუფლებდა. საწარმოს უძრავი ქონება არ გააჩნდა, შესაბამისად, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გარეშე, გადაწყვეტილება აღუსრულებელი დარჩებოდა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 26 ივლისის განჩინებით, მოსარჩელის შუამდგომლობა, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
ა). მოპასუხეს აეკრძალა (დალუქვის გარეშე) მის ბალანსზე რიცხული მოძრავი ნივთების (ინდუქციური ქურა; კოქტეილ სადგური (ბარის ორგანაიზერი მაგიდა); სალარო მონიტორი (2 ცალი); ღვინის მაცივრები (5 ცალი); ღუმელი; მიკროტალღური ღუმელი; ტოსტერი; ბლენდერი; მაგიდა მაცივარი (პლიუსი) 3 კარიანი; მაგიდა მაცივარი (პლიუსი) 2 კარიანი; მაცივარი ვერტიკალური (პატარა); მაცივარი ვერტიკალური (დიდი); სლაისერი; ფრიწური (6 ლიტრიანი); გრილი კომბინირებული; უჟანგავი ფოლადის სამუშაო მაგიდა) ნებისმიერი ფორმით გასხვისება, დაგირავება, მათზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადება, შესანახად გადაცემა.
ბ). ყადაღა დაედო, საქართველოს ყველა საბანკო დაწესებულებაში არსებულ მოპასუხის საბანკო ანგარიშებს, მათ შორის, სს „თ.ბ–ში“ არსებულ ანგარიშს, ჯამურად, 5 000 ლარის ფარგლებში.
5.1. თავდაპირველად, სააპელაციო სასამართლომ განმარტა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის არსი და მიზანი, კერძოდ, სასამართლომ აღნიშნა შემდეგი: კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელეს, საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს, ჯერ კიდევ აღუსრულებელი გადაწყვეტილების უზრუნველყოფა. ამისათვის, მოსარჩელემ, სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა კონკრეტული გარემოებების საფუძველზე, სასამართლოს რწმენა შეუქმნას - გადაწყვეტილების უზრუნელყოფის აუცილებლობის თაობაზე (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში - სსსკ-ის 271-ე, 191.1 მუხლები).
5.2. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხე წარმოადგენდა მაღაზია-ბარს, რომლის მიზანია, ალკოჰოლური სასმელების გაყიდვა და კლიენტებისათვის სხვადასხვა სახეობის საჭმლის შეთავაზება. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის შუამდგომლობაში ჩამოთვლილ ქონებაზე ყადაღის იმგვარად დადებას, რომელსაც მოძრავი ნივთების დალუქვა მოჰყვებოდა, შესაძლოა, საწარმოს საქმიანობის შეჩერება გამოეწვია, რადგან მოხდებოდა სამეწარმეო საქმიანობისათვის საჭირო ნივთების დალუქვა. იმის გათვალისწინებით, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 40.4 მუხლი სავალდებულო წესით არ ადგენდა ყადაღადადებული ნივთების დალუქვას და მხოლოდ შესაძლებლობაზე მიუთითებდა, სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფისათვის პროპორციული ღონისძიება იქნებოდა, თუკი მოპასუხეს აეკრძალებოდა შუამდგომლობაში მითითებული მოძრავი ნივთების ნებისმიერი ფორმით გასხვისება, დაგირავება, მათზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადება, ქონების შესანახად გადაცემა, აღნიშნულ ნივთებზე ლუქის დადების გარეშე. ამით მოპასუხეს შესაძლებლობა მიეცემოდა, რომ შესაბამისი ნივთები სამეწარმეო საქმიანობის მიზნით გამოეყენებინა.
5.3. რაც შეეხებოდა გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად მოპასუხის საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადებას, სააპელაციო სასამართლომ შუამდგომლობა ხსენებულ ნაწილშიც ნაწილობრივ გაიზიარა. სასამართლომ ყურადღება იმ გარემოებაზე მიაქცია, რომ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ მოსარჩელის შუამდგომლობაში მითითებული მოძრავი ნივთები, რომლებზეც წინამდებარე განჩინებით შეზღუდვა უნდა გავრცელებულიყო, მოსარჩელემ 11 450 ლარად შეაფასა. აქედან გამომდინარე, სასამართლომ ჩათვალა, რომ 5 000 ლარის ოდენობით მოპასუხის საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადებით უზრუნველყოფილი იქნებოდა გადაწყვეტილების აღსრულებაც და ამავდროულად დაცული იქნებოდა მოპასუხის ინტერესიც, არ დაბრკოლებულიყო მისი სამეწარმეო საქმიანობა.
6. დასახელებული განჩინება საჩივრით გაასაჩივრა დამსაქმებელმა იმ ნაწილში, რომლითაც სასამართლომ საპროცესო უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება დაადგინა მოძრავ ნივთებთან მიმართებით.
საჩივრის ავტორმა მოითხოვა, ამ განჩინების გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმება შემდეგი მოტივაციით:
6.1. უსაფუძვლოა მოსარჩელის მიერ იმ გარემოებაზე მითითება, რომ, მოპასუხეს, შესაბამისი ობიექტიდან გააქვს კუთვნილი ნივთები, რათა სამოქალაქო პასუხისმგებლობისგან თავი აირიდოს.
6.2. მოსარჩელის მიერ მითითებული ყველა ნივთის ფასი, ორჯერაა შემცირებული. გარდა ამისა, მოსარჩელის სიაში ისეთი ნივთებია დასახელებული, რომლებიც საწარმოს საკუთრებაში არ არის.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და იგი საქმის მასალებთან ერთად საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადმოიგზავნა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ განმცხადებლის მოთხოვნის საფუძვლიანობა.
9. სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის საკითხი საკასაციო პალატის არაერთ განჩინებაშია განმარტებული.
სსსკ-ის 271-ე მუხლით დადგენილია, რომ სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად. დასახელებული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მისი მოგვარების ფარგლებშია გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის საკითხის გამორკვევაც. ამავდროულად, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხის გადაწყვეტა დამოკიდებულია მხარის მიერ იმ შესაძლო რისკის გონივრულ დასაბუთებაზე, ამ ღონისძიების გაუტარებლობა, თუ რამდენად შეუშლის ხელს მართლმსაჯულების მიზნების განხორციელებას - საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების შემდგომ აღსრულებას.
სსსკ-ის 271-ე მუხლის სიტყვასიტყვითი ანალიზით ირკვევა კანონმდებლის ნება - უზრუნველყოფილ იქნეს გადაწყვეტილება, რომელიც დაუყოვნებლივ აღსასრულებლად არ არის მიქცეული, ანუ შესაბამისი წინაპირობების არსებობისას, დასაშვებია ნებისმიერი გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა, გამონაკლისია მხოლოდ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული გადაწყვეტილება. კანონის ამგვარი განმარტება დასახელებული ნორმის მიზნებიდან გამომდინარეობს, რამდენადაც სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი მართლწესრიგის აღსრულებამდე, სავალდებულოა კრედიტორის ინტერესების გონივრულ ფარგლებში დაცვა, რათა სამართალწარმოება ფორმალური არ გახდეს (შდრ. იხ. სუსგ №ას-69-63-2015, 19.03.2015; №ას-1249-2018, 30.11.2018; №ას-1580-2019, 19.12.2019).
სსსკ-ის XXIII თავით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სწრაფი და ეფექტური საპროცესოსამართლებრივ გარანტიაა. სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენებას საფუძვლად უდევს ვარაუდი, რომ მომავალში მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება, შესაძლოა, ვერ აღსრულდეს ან აღსრულება მნიშვნელოვნად დაბრკოლდეს. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანია, მოსარჩელის მატერიალური უფლებების რეალური განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა და სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა. სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი კონცენტრირებულია სსსკ-ის 191-ე მუხლში, კერძოდ კი, იმ წინადადებაში, რომლის თანახმად, თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინებას. ყველა საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე მსჯელობისას, სასამართლომ, პირველ რიგში, ყურადღება უნდა გაამახვილოს სარჩელის უზრუნველყოფის საფუძველზე, კერძოდ, სამომავლოდ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების ან აღუსრულებლობის საშიშროებაზე. მოსარჩელემ უნდა მიუთითოს იმ კონკრეტული გარემოებების არსებობა, რომლებიც ადასტურებს ვარაუდს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას (შდრ. იხ. სუსგ №ას-467-2019, 28.02.2020; №ას-1302-2019, 26.12.2019).
10. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალების ერთობლიობაში შეფასება ქმნის საფუძველს დასკვნისათვის, რომ, მოპასუხის ქონებაზე საპროცესო უზრუნველყოფის ღონისძიების დაწესება, სასამართლო გადაწყვეტილების ეფექტური და დაუბრკოლებელი აღსრულების აუცილებელი საშუალებაა.
10.1. აღნიშნული თვალსაზრისით, საყურადღებოა, შემდეგი გარემოებები:
1). თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით, რომლის აღსრულების უზრუნველყოფასაც განმცხადებელი ითხოვს: მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი, მოსარჩელის სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ, მოპასუხის 2020 წლის 10 იანვრის ბრძანება და მოპასუხეს დასაქმებულის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის - 15 000 ლარის გადახდა (ტომი 2, ს.ფ. 50-76).
2). მოსარჩელემ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ზემომითითებული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად, ითხოვა:
ა). საქართველოს ყველა საბანკო დაწესებულებაში არსებულ მოპასუხის საბანკო ანგარიშებზე, მათ შორის, სს „თ.ბ–ში“ არსებულ ანგარიშზე, 15 000 ლარის ფარგლებში - ყადაღის დადება;
ბ). მოპასუხის ბალანსზე რიცხულ ყველა მოძრავ ნივთზე, ყადაღის დადება (ტომი 2, ს.ფ. 108-109).
3). გასაჩივრებული განჩინებით, მოსარჩელის განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:
ა). მოპასუხეს აეკრძალა (დალუქვის გარეშე) მის ბალანსზე რიცხული მოძრავი ნივთების (ინდუქციური ქურა; კოქტეილ სადგური (ბარის ორგანაიზერი მაგიდა); სალარო მონიტორი (2 ცალი); ღვინის მაცივრები (5 ცალი); ღუმელი; მიკროტალღური ღუმელი; ტოსტერი; ბლენდერი; მაგიდა მაცივარი (პლიუსი) 3 კარიანი; მაგიდა მაცივარი (პლიუსი) 2 კარიანი; მაცივარი ვერტიკალური (პატარა); მაცივარი ვერტიკალური (დიდი); სლაისერი; ფრიწური (6 ლიტრიანი); გრილი კომბინირებული; უჟანგავი ფოლადის სამუშაო მაგიდა) ნებისმიერი ფორმით გასხვისება, დაგირავება, მათზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადება, შესანახად გადაცემა.
ბ). ყადაღა დაედო, საქართველოს ყველა საბანკო დაწესებულებაში არსებულ მოპასუხის საბანკო ანგარიშებს, მათ შორის, სს „თ.ბ–ში“ არსებულ ანგარიშს, ჯამურად, 5 000 ლარის ფარგლებში.
10.2. ზემოთ მოყვანილი გარემოებები ცხადყოფს, რომ გასაჩივრებული განჩინებით, საბანკო ანგარიშებთან მიმართებით განმცხადებლის მოთხოვნა სრულად არ დაკმაყოფილებულა და მოპასუხის საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედო მხოლოდ 5 000 ლარის ფარგლებში, მაშინ როდესაც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით (რომლის აღსრულების უზრუნველყოფასაც განმცხადებელი ითხოვს), მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ 15 000 ლარის გადახდა დაეკისრა. პალატის მოსაზრებით, ასეთ პირობებში, სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ არსებობდა მოპასუხის მოძრავ ნივთებზე საპროცესო უზრუნველყოფის დამატებითი ღონისძიების გამოყენების მიზანშეწონილობა, რასაც განმცხადებელი მოითხოვდა.
11. სადავო საკითხის შეფასებისას, კიდეც ერთი გარემოებაა საგულისხმო: გასაჩივრებული განჩინებით, მოპასუხის მოძრავი ნივთების მიმართ გამოყენებული საპროცესო უზრუნველყოფის ღონისძიება შესაძლებელს ხდის, რომ ამ უკანასკნელმა ხსენებული ნივთებით ისარგებლოს, ვინაიდან ეს ნივთები არ დალუქულა და დამსაქმებელს მხოლოდ მათი ნებისმიერი ფორმით გასხვისება, დაგირავება, მათზე ქირავნობისა ან იჯარის ხელშეკრულებების დადება და შესანახად გადაცემა აეკრძალა. ეს იმაზე მიუთითებს, რომ სადავო საპროცესო უზრუნველყოფის ღონისძიების არსებობის პირობებში, მოპასუხეს, როგორც მეწარმე სუბიექტს, ხელი არ შეეშლება სამეწარმეო საქმიანობის შესრულებაში. ამავდროულად, მითითებული ღონისძიების არსებობის პირობებში, შესაძლებელი გახდება იმ მიზნის მიღწევა, რაც სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფაში მდგომარეობს.
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება საფუძვლიანი იყო და განცხადება სწორად დაკმაყოფილდა. ამდენად, პალატა არ აკმაყოფილებს წარმოდგენილ საჩივარს და გასაჩივრებულ განჩინებას უცვლელად ტოვებს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 1971 მუხლის მე-4 ნაწილით, 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ა.გ–ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ივლისის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე